დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.32.057.016405 |
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-12 და 24-ე მუხლების შესაბამისად,
|
1.
დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს თანდართული დებულება.
|
2.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 58 (ორმოცდათვრამეტი) საშტატო ერთეულით.
|
3.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 30 ივნისის №21 დადგენილება („საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდი, 30/06/2017, ს/კ 430210000.32.057.016256).
|
4.
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 მარტიდან.
|
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს დებულება
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი
|
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად მოქმედებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, განათლებისა და სპორტის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად.
2. სამინისტრო თავისი ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას. 3. სამინისტრო ანგარიშვალდებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის (შემდგომში – მთავრობა) წინაშე და ასრულებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ ამოცანებს. 4. სამინისტროს დაფინანსების წყაროა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი. 5. სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის. 6. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხაზინაში, ხარჯთაღრიცხვა, ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოსახულებით, საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით. 7. სამინისტროს სახელწოდებაა ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო”. 8. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა №4. |
მუხლი 2.
სამინისტროს საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია
|
1. სამინისტრო არის ერთმმართველობის პრინციპზე დაფუძნებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება და შედის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა სისტემაში.
2. სამინისტრო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში ერთიანი სამთავრობო პოლიტიკის გამტარებელი ორგანო. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტრო ახორციელებს თავის სისტემაში შემავალი ყოველი რგოლის საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს. 3. კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში სამინისტრო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს: ა) განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროების მართვას; ბ) განათლების სისტემის ინსტიტუციურ და პროგრამულ რეფორმირებას; გ) სკოლამდელი აღზრდისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ხარისხიანი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, საგანმანათლებლო რესურსების, პროგრამების შემუშავებასა და მათი დანერგვის ხელშეწყობას; დ) სოციალურ-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობას; ე) ეკონომიკური განვითარების მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული განათლების ფორმირების ხელშეწყობას; ვ) ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ორგანიზებას; ზ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმატივებთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების შესაბამისობას; თ) განათლებისა და სპორტის ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობას; ი) საჯარო სკოლების მიერ მათთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული სახელმწიფო ქონების განკარგვის თაობაზე თანხმობის გაცემას; კ) სპორტის სფეროს ინსტიტუციური მართვის გაუმჯობესებას; ლ) მასობრივი და პროფესიული სპორტის ხელშემწყობი პროგრამების შემუშავება-დანერგვას; მ) განათლებისა და სპორტის სფეროების პროგრამულ დაფინანსებას; ნ) უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ხელშეწყობას; ო) განათლებისა და სპორტის სფეროებში დამტკიცებული პროგრამების მართვას, განხორციელებასა და კონტროლს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; პ) განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროებში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღებას; ჟ) თავისი საქმიანობის სფეროში საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების აღსრულებას; რ) სამინისტროს პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მექანიზმების განვითარებას; ს) კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას. 4. დაკისრებულ ამოცანათა შესასრულებლად თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტრო: ა) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს/კოორდინაციას უწევს მის სისტემაში შემავალ დაწესებულებებზე; ბ) ახორციელებს მის დაქვემდებარებაში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შეფასებებს დადგენილი წესით; გ) გამოითხოვს მასალებს ან/და ადგილზე შეისწავლის სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებში საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, აგრეთვე მათი შესრულების მიზნით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა განხორციელებას; დ) უფლებამოსილია სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მისცეს წერილობითი გაფრთხილება მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობისა და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დარღვევის შემთხვევაში. წერილობითი გაფრთხილება ფორმდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; ე) უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება მის დაქვემდებარებაში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელს კანონით დადგენილი წესით; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პროცედურების დაცვით იბარებს საჯარო სკოლებისა და სისტემაში შემავალი სხვა დაწესებულებების მიერ გასული წლის საქმიანობის ანგარიშს საქართველოს კანონმდებლობის შესრულების, სასწავლო პროცესისა და ფინანსური მდგომარეობის შესახებ; ზ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმნის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, ითანხმებს აღნიშნული დაწესებულებების საშტატო განრიგს, სახელფასო ფონდსა და ბიუჯეტს; ი) აწარმოებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო სკოლების რეესტრს. რეგისტრაციაში ატარებს საჯარო სკოლის დირექტორს, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში − სკოლის სხვა თანამშრომლის, სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილებასა და უფლებამოსილების შეწყვეტას და აღნიშნულ მონაცემებს სარეგისტრაციოდ წარუდგენს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. მონაცემთა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაცია იწვევს მათ ძალაში შესვლას; კ) ატარებს საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევ კონკურსს; ლ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დასანიშნად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს წევრის კანდიდატურას. ასევე, აყენებს წინადადებას მისი სამეურვეო საბჭოდან გამოწვევის თაობაზე; მ) გასცემს თანხმობას „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ შესაბამისად, სამუშაო დატვირთვასთან დაკავშირებით გათვალისწინებული შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვებაზე; ნ) გასცემს თანხმობას საჯარო სკოლაში პარალელური კლასების არსებობისათვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი, კლასში მოსწავლეთა მინიმალური რაოდენობიდან გამონაკლისის დაშვებაზე; ო) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით დადგენილი რეგისტრაციის ვადების გასვლის შემდეგ, ობიექტური გარემოების არსებობის შემთხვევაში, გასცემს თანხმობას/უარს საჯარო და კერძო სკოლების პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვის თაობაზე; პ) უფლებამოსილია გაფრთხილების გარეშე დაითხოვოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო, თუ ის უკანონოდ გაათავისუფლებს დირექტორს, რაც დადასტურებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული შესაბამისი გადაწყვეტილებით; ჟ) უფლებამოსილია საჯარო სკოლის პედაგოგიური საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, დირექციის, მოსწავლეთა თვითმმართველობისა და დისციპლინური კომიტეტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დარღვევის შემთხვევაში აღნიშნულ საჯარო სკოლას მისცეს წერილობითი გაფრთხილება ან/და საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართოს შესაბამისი დასაბუთებული წარდგინებით დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე; რ) უფლებამოსილია, დაითხოვოს სამეურვეო საბჭო, თუ საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს საქმიანობის გამო დაირღვევა საქართველოს კანონმდებლობა; ს) ვადამდე შეუწყვეტს უფლებამოსილებას დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის საქმიანობის გამო 1 წლის განმავლობაში ორ წერილობით გაფრთხილებას მიიღებს; ტ) დაითხოვს სამეურვეო საბჭოს ან/და ვადამდე შეუწყვეტს უფლებამოსილებას დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრის დარღვევას; უ) უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების დაფინანსებას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ფ) მონაწილეობს განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროებში სამეცნიერო კონფერენციების, გამოფენების, მასობრივი ღონისძიებების, სპორტული შეჯიბრებებისა და სხვა სახის ღონისძიებების გამართვაში; ქ) ახორციელებს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. |
მუხლი 3.
სამინისტროს ხელმძღვანელობა
|
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), რომელიც თანამდებობაზე ინიშნება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით დადგენილი წესით.
2. მინისტრი კანონმდებლობის შესაბამისად, ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში, ახორციელებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის, ტერიტორიული ორგანოების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინიტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მართვასა და კოორდინაციას. 3. მინისტრი: ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) ზედამხედველობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას, საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, დებს ადმინისტრაციულ და შრომით ხელშეკრულებებს; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს დასანიშნად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს; ე) მთავრობას დასანიშნად წარუდგენს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს. თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების მოადგილეებს; ვ) ამტკიცებს სამინისტროს საშტატო ნუსხას და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს; ზ) მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების დებულებასა და სტრუქტურას; კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამტკიცებს ან მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებებს და სტრუქტურას; თ) ითანხმებს სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების ხარჯთა ნუსხას, ამტკიცებს მათ საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს; ი) განსაზღვრავს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – რესურსცენტრების სტრუქტურას, ამტკიცებს მათ დებულებას, საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, ითანხმებს ტერიტორიული ორგანოების ხარჯთა ნუსხას; კ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს მოთხოვნისამებრ, აგრეთვე წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და იღებს გადაწყვეტილებას საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ; ლ) პასუხისმგებელია სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით; მ) თავის კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების შესწავლისა და მომზადების მიზნით ქმნის სათათბირო-საკონსულტაციო ორგანოებს – კომისიებსა და საბჭოებს, განსაზღვრავს მათ ამოცანებს, აგრეთვე დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესს; ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში, კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს; ო) ამტკიცებს სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის ფორმასა და მისი გაცემის წესს; პ) წარმოადგენს სამინისტროს სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობაში; ჟ) ანაწილებს ფუნქციებს მინისტრის მოადგილეებსა და სხვა საჯარო მოსამსახურეებს შორის; რ) ასრულებს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. მინისტრს ჰყავს 5 მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი მოადგილე. მინისტრის მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. 5. მინისტრის პირველი მოადგილე მინისტრის არყოფნისას ან მინისტრის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას, აგრეთვე მინისტრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, დროებით ასრულებს მინისტრის მოვალეობას, ხოლო მინისტრის პირველი მოადგილის არყოფნის ან მის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მინისტრის მოვალეობას ასრულებს მინისტრის მიერ წინასწარ განსაზღვრული მისი ერთ-ერთი მოადგილე. |
მუხლი 4.
სამინისტროს სისტემა
|
1. სამინისტროს სისტემა მოიცავს:
ა) ცენტრალურ აპარატს, რომლის შემადგენლობაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა.ა) განათლების დეპარტამენტი; ა.ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ა.გ) იურიდიული დეპარტამენტი; ა.დ) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი; ა.ე) ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტი; ა.ვ) შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტი; ა.ზ) საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტი; ბ) ტერიტორიულ ორგანოებს: ბ.ა) ბათუმის რესურსცენტრი; ბ.ბ) ქობულეთის რესურსცენტრი; ბ.გ) ხელვაჩაურის რესურსცენტრი; ბ.დ) ქედის რესურსცენტრი; ბ.ე) შუახევის რესურსცენტრი; ბ.ვ) ხულოს რესურსცენტრი; გ) საქვეუწყებო დაწესებულებას – სპორტის დეპარტამენტს; დ) საქვეუწყებო დაწესებულებას – საარქივო სამმართველოს; ე) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომელთა სახელმწიფო კონტროლს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტრო; ვ) სამინისტროს მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს. 2. განათლების დეპარტამენტი: ა) წარმოადგენს წინადადებებს საგანმანათლებლო და სააღმზრდელო სფეროში მოქმედი დაწესებულებების რეორგანიზაციისა და ოპტიმალური ინსტიტუციური მოწყობის შესახებ; ბ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს განათლების სისტემის რეფორმირების თაობაზე; გ) შეიმუშავებს და მინისტრს წარუდგენს წინადადებებს განათლების სფეროში სამინისტროს ერთიანი პოლიტიკისა და სტრატეგიის შესახებ; დ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს სამთავრობო პოლიტიკის განხორციელებას სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროში; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იკვლევს და აფასებს განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებს, ახორციელებს მათი განვითარების პროგნოზირებას; ვ) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს განათლების სფეროში ეროვნული პროგრამების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებას; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ორგანიზებას უწევს საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას; თ) წარმართავს და კოორდინაციას უწევს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას და ხელს უწყობს მათ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების განხორციელებაში; ი) უზრუნველყოფს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მონაწილეობას განათლების სფეროში არსებული პროგრამების განხორციელებაში; კ) განათლების სფეროში სამინისტროს საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრის მიზნით უზრუნველყოფს კვლევების ჩატარებას და მათ საფუძველზე შესაბამისი წინადადებებისა და პროექტების შემუშავებას; ლ) უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ განათლების სფეროში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელებას დადგენილი წესის შესაბამისად; მ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს პროფესიული განათლების ხელშეწყობას; ნ) შეიმუშავებს წინადადებებს უმაღლესი განათლების დაფინანსების შესახებ; ო) უზრუნველყოფს ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას; პ) ხელს უწყობს არაფორმალური განათლების განვითარებას და ამ მიზნით უზრუნველყოფს სხვადასხვა პროგრამის ინიცირებასა და განხორციელებას; ჟ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. ადმინისტრაციული დეპარტამენტი: ა) ორგანიზებას უწევს მინისტრსა და მინისტრის მოადგილეებთან მოქალაქეთა მიღებას; ბ) ახორციელებს სამინისტროს სამოქმედო გეგმის შემუშავების, სამოქმედო გეგმის თვეების, კვარტალებისა და კალენდარული წლების მიხედვით განწერის ორგანიზებას; გ) უზრუნველყოფს სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-განახლებას; დ) ახორციელებს სამინისტროს მფლობელობაში არსებული ტექნიკური აღჭურვილობის მომსახურებას, თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი; ე) შეიმუშავებს სამინისტროს ბიუჯეტის პროექტს; ვ) სამინისტროს პროგრამების შემუშავებისას ახორციელებს შესაბამის ფინანსურ გაანგარიშებებს; ზ) ახორციელებს საბიუჯეტო სახსრების, აგრეთვე სპეციალური პროგრამების ფინანსურ მართვას, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადებას; თ) განიხილავს სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების ბიუჯეტის პროექტებს; ი) ახორციელებს სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან შემოსული საფინანსო ანგარიშგების დოკუმენტაციის შემოწმებას; კ) კოორდინაციას უწევს საჯარო სკოლების მიერ საშტატო განრიგის კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმების პროცესს; ლ) ამზადებს დასკვნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მიერ მათთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული სახელმწიფო ქონების განკარგვის თაობაზე თანხმობის გაცემის ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ; მ) შეიმუშავებს წინადადებებს სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ; ნ) უზრუნველყოფს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საორგანიზაციო ტექნიკა-მოწყობილობებით, ტრანსპორტით, საკანცელარიო და სხვა აუცილებელი ინვენტარითა და ნივთებით მომარაგება-განაწილებას; ო) პასუხისმგებელია სამინისტროს სამეურნეო ინფრასტრუქტურის გამართულ და შეუფერხებელ ფუნქციონირებაზე და უზრუნველყოფს სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის კომუნალურ-საყოფაცხოვრებო პირობებით (გათბობა, კონდიცირება, წყალი, ელექტროენერგია, დასუფთავება და ა. შ.); პ) უზრუნველყოფს სამინისტროს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების კანონმდებლობით დადგენილი წესით დაცვას; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და შესაბამისი მოწყობილობის გამართულობას; რ) უზრუნველყოფს სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის, ეზოს მოვლა-პატრონობასა და მოწესრიგებას; ს) საჭიროებისამებრ უზრუნველყოფს სამინისტროს ადმინისტრაციული შენობისათვის აუცილებელი კაპიტალური, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრის, შესაბამისი პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვების განხილვასა და წინადადებების წარმოდგენას, სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მცირე სარემონტო სამუშაოების ჩატარებას (ხარჯთაღრიცხვის შედგენა, საჭიროების შემთხვევაში სამშენებლო მასალების შეძენა, სამუშაოთა მიმდინარეობისა და მასალების ნორმირებული ხარჯვის კონტროლი); ტ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცენტრალიზებულ აღრიცხვას; უ) კოორდინაციას უწევს სამინისტროს სასაწყობე მეურნეობის სწორად წარმართვას; ფ) უზრუნველყოფს სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრასპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის შემოწმებას და შეკეთებას ავტომეურნეობის საჭირო სათადარიგო ნაწილებითა და საწვავ-საპოხი მასალებით; ქ) უზრუნველყოფს სამინისტროს საქმიანობასა და უფლებამოსილებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოებას, სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამების საჭიროებების განსაზღვრის მიზნით ანალიტიკური საქმიანობის განხორციელებას; ღ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. იურიდიული დეპარტამენტი: ა) ახორციელებს სამინისტროს ხელმძღვანელობისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნებს სხვადასხვა უწყებიდან შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტებზე; გ) უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობას უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან; დ) ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებას ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით და წარმოადგენს სამინისტროს ყველა ინსტანციის სასამართლოში; ე) შეიმუშავებს სამართლებრივი აქტების პროექტებს; ვ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემას; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის სამინისტროში შემოსულ განცხადებებს, რომელთა განხილვის შედეგად ამზადებს შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტებს; თ) ხელს უწყობს მინისტრის, მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო საინფორმაციო, ორგანიზაციული და სხვა სახის საქმიანობის ეფექტურად წარმართვას; ი) უზრუნველყოფს სამინისტროს ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზებას; კ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის ორგანიზებას; ლ) ახორციელებს სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენასა და წარმოებას, მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის, მობილობის, მოხელის კარიერული განვითარების, მოხელის შეფასების, რეზერვში ჩარიცხვის პროცესის ორგანიზებას, მოხელისათვის რანგის/კლასის მინიჭების პროცესში მონაწილეობას; მ) უზრუნველყოფს სამინისტროს საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის შესახებ ანალიტიკური და სტატისტიკური მონაცემების მომზადებას; ნ) უზრუნველყოფს სამინისტროს საარქივო საქმის წარმოებას; ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 5. სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი: ა) უზრუნველყოფს სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ორგანიზებას; ბ) ხელს უწყობს სახელმწიფო შესყიდვების ეფექტიანობის ზრდას; გ) უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებში ჯანსაღი კონკურენციისა და საჯაროობის დამკვიდრებას; დ) ახდენს სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის მომზადებას, მასში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას, ერთიან ელექტრონულ სისტემაში მონაცემების შეტანასა და გეგმის შესრულების კონტროლის წარმოებას; ე) ამზადებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებისა და საჭიროების შემთხვევაში მათში შესატანი ცვლილებების პროექტებს; ვ) სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელებას სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად; ზ) უზრუნველყოფს შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის აღრიცხვას, მათ რეგისტრაციას, სისტემატიზაციასა და არქივის წარმოებას; თ) ადგენს სატენდერო დოკუმენტაციას, განიხილავს სატენდერო წინადადებებს, ამზადებს ოქმებისა და წერილების პროექტებს; ი) ორგანიზებას უწევს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობით გათვალისწინებული კონკურსების განხორციელებას; კ) შეისწავლის შესყიდვებში მონაწილე პირების მიერ სამინისტროში წარმოდგენილ განცხადებებს, რომელთა განხილვის შედეგად ამზადებს შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტებს; ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 6. ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტი: ა) უზრუნველყოფს წინასწარი კონტროლის განხორციელებას საბუთების დროულ გაფორმებასა და მომხდარი ოპერაციების განხორციელებაზე, სახსრების სწორად გამოყენებასა და ხარჯვაზე; ბ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების წყაროების მიხედვით მიღებული სახსრების (მათ შორის სამინისტროს პროგრამების) და ამ სახსრებით განხორციელებული ოპერაციების განცალკევებულ აღრიცხვას; გ) უზრუნველყოფს თანამშრომელთა ხელფასების დროულ დარიცხვას, სახელფასო უწყისების შედგენას, ხარჯთა ნუსხის შესრულების პროცესში საწარმოებთან, ორგანიზაციებსა და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა დროულ წარმოებას; დ) მონაწილეობს ფულადი სახსრების ანგარიშსწორებების და მატერიალურ ფასეულობათა შეფასებაში, ინვენტარიზაციის შედეგების განსაზღვრასა და აღრიცხვაში; ე) უზრუნველყოფს ბუღალტრული ანგარიშგების შედგენასა და დაწესებულ ვადაში წარდგენას; ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 7. შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია: ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება; ბ) სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; გ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; დ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; ე) სამინისტროს სისტემაში (სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, საქვეუწყებო დაწესებულებები, ტერიტორიული ორგანოები – რესურსცენტრები, სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები) შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელება, მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელების მიზნით, აუდიტის შემდეგი სახეების გამოყენებით: სისტემური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი; ვ) დაწესებულების საქმიანობის პოლიტიკასთან, გეგმებთან, პროცედურებთან, კანონებსა და სხვა მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შემოწმება და შეფასება; ზ) შიდა აუდიტის ობიექტის მიერ განხორციელებული ღონისძიებების, ოპერაციების, პროგრამების, დაწესებულების ორგანიზაციული მოწყობისა და სისტემების ობიექტური და საიმედო შეფასება მათი ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის პრინციპებთან შესაბამისობის დადგენისა და გაუმჯობესების პოტენციალის გამოვლენის მიზნით; თ) შიდა აუდიტის ობიექტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასა და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით; ი) ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით; კ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოების (რესურსცენტრები), სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ების, ა(ა)იპ-ებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო სკოლების მიერ სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; ლ) სამინისტროს სისტემაში ხარვეზების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; მ) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით ინსპექტირების ჩატარება, ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა; ნ) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებების ან/და კორესპონდენციების განხილვა, შესწავლის შედეგად დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა; ო) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი; პ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით დისციპლინური წარმოების ჩატარება; ჟ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეების ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება; რ) სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; ს) სამინისტროს „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ტ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 8. საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტი: ა) განსაზღვრავს სამინისტროს პრიორიტეტებს საერთაშორისო ხასიათის ურთიერთობებში; ბ) შეიმუშავებს უცხო ქვეყნების რეგიონალურ ინსტიტუციებთან, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სტრატეგიას და წარმართავს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში; გ) ახორციელებს სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების საერთაშორისო ურთიერთობათა მხარდაჭერასა და კოორდინაციას, სამინისტროს საქმიანობის ეფექტურ პოზიციონირებას; დ) ახდენს სამინისტროს საერთაშორისო პარტნიორების მოძიებას და მათთან კომუნიკაციის დამყარებას; ე) უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი/ორგანიზებული საერთაშორისო ღონისძიებების დაგეგმვას, განხორციელებას, მონიტორინგისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას; ვ) ახდენს სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სფეროების/დარგების ინტერნაციონალიზაციის, საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას; ზ) ხელს უწყობს მინისტრის, მინისტრის მოადგილეების საერთაშორისო ურთიერთობების განხორციელებას; თ) ახდენს მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების უცხო სახელმწიფოს საელჩოებსა და საკონსულოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა ოფიციალურ პირებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობას; ი) ახდენს სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელებული სხვადასხვა ღონისძიების მოწყობის ორგანიზებას და შესაბამისი საპროტოკოლო-ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფას; კ) ახდენს საზოგადოების ინფორმირებას სამინისტროს საქმიანობის შესახებ; ლ) ახორციელებს მედიასაშუალებებთან ურთიერთობას, საინფორმაციო მასალების მომზადებას, პრესრელიზების გავრცელებას, ინტერვიუების, პრესკონფერენციებისა და მედიაბრიფინგების ორგანიზებას; მ) ახდენს სამინისტროს ვებგვერდის საინფორმაციო უზრუნველყოფას, ინფორმაციის განახლებასა და ვებგვერდის მართვას; ნ)ახორციელებს სამინისტროში თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ინფორმაციის დამუშავებისათვის საჭირო პირობების შექმნას; ო) უზრუნველყოფს სამინისტროს სახელით განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტების მომზადება-გავრცელებას; პ) ახორციელებს ფოტო-ვიდეო მასალის არქივის წარმოებას; ჟ) ახდენს საზოგადოებრივი აზრისა და მოსახლეობის საჭიროების კვლევას, საქმიანობის გამჭვირვალობასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; რ) ახდენს სამინისტროს საქმიანობის პიარს; ს) უზრუნველყოფს ინფორმაციის გავრცელებას სამინისტროს საქმიანობის შესახებ და ამ მიზნით თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტენსიურ გამოყენებას; ტ) ახორციელებს შიდა კომუნიკაციის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის გაცვლას; უ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. |
მუხლი 5.
სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები
|
1. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია რესურსცენტრები.
2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანო წარმოადგენს სამინისტროს შესაბამის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე. 3. რესურსცენტრების მმართველობის სფერო, უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება რესურსცენტრის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. |
მუხლი 6.
სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება
|
1. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებია: სპორტის დეპარტამენტი და საარქივო სამმართველო.
2. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – სპორტის დეპარტამენტი უზრუნველყოფს სპორტის სფეროში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებული უფლებამოსილებების განხორციელებას. 3. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – საარქივო სამმართველო ახორციელებს საარქივო საქმის მართვას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. 4. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებება – საარქივო სამმართველოს გააჩნია ტერიტორიული ორგანოები, რომლებიც წარმოადგენენ ამ დაწესებულებას შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში. საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოების დებულებას და სტრუქტურას ამტკიცებს მინისტრი. 5. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების სტრუქტურა, საქმიანობის სფერო, ძირითადი მიმართულებები და უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საქვეუწყებო დაწესებულების დებულებით, რომელსაც მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. |
მუხლი 7.
დასკვნითი დებულებები
|
1. სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები