ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი ვალდებულების რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე

ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი ვალდებულების რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/02/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/02/2025
სარეგისტრაციო კოდი 360160000.10.003.024935
44
21/02/2025
ვებგვერდი, 24/02/2025
360160000.10.003.024935
ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი ვალდებულების რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №44

2025 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

 

ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი ვალდებულების რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
ნარჩენების მართვის კოდექსის 48-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი ვალდებულების რეგულირების წესი“.  
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი ვალდებულების რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №661 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
მუხლი 4
დადგენილება ძალაშია 2028 წლის 1 იანვრამდე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებულ ზოგიერთ ვალდებულების რეგულირების წესი

მუხლი 1. „ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი ვალდებულების რეგულირების წესი“ (შემდგომში − წესი)  შემუშავებულია ნარჩენების მართვის კოდექსის 49-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად და ადგენს 2028 წლის 1 იანვრამდე ნარჩენების მართვის კოდექსის მე-14 და მე-15 მუხლებითა და 29-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებების რეგულირების წესს.

მუხლი 2. ამ წესში გამოყენებული ტერმინები განიმარტება ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად.

მუხლი 3

1. ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში 200 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენი ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენი (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა) ან ფიზიკური პირის შემთხვევაში − 1 000 ტონაზე მეტი ინერტული ნარჩენი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში − 400 ტონაზე მეტი ინერტული ნარჩენი წარმოიქმნება, ვალდებულია, შეიმუშაოს კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმა.

2. 2028 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური ან იურიდიული პირი თავისუფლდება კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავების ვალდებულებისაგან, თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც განსაზღვრულია სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის სახეებით და წლის განმავლობაში წარმოქმნის 120 კგ ან ნაკლები ოდენობის სახიფათო ნარჩენს.

მუხლი 4

1. ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში 200 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენი ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენი (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა) ან ფიზიკური პირის შემთხვევაში − 1 000 ტონაზე მეტი ინერტული ნარჩენი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში − 400 ტონაზე მეტი ინერტული ნარჩენი წარმოიქმნება, ვალდებულია, განსაზღვროს გარემოსდაცვითი მმართველი, რომლის ნარჩენებთან დაკავშირებული მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 

2. 2028 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური ან იურიდიული პირი თავისუფლდება გარემოსდაცვითი მმართველის განსაზღვრის ვალდებულებისაგან, თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც განსაზღვრულია სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის სახეებით და წლის განმავლობაში წარმოქმნის 120 კგ ან ნაკლები ოდენობის სახიფათო ნარჩენს.

მუხლი 5

1. ნარჩენების აღრიცხვისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინაშე შესაბამისი ანგარიშგების ვალდებულება ეკისრებათ ნარჩენების მართვის კოდექსის 24-ე და 26-ე მუხლებით გათვალისწინებული საქმიანობების განმახორციელებელ პირებს, აგრეთვე ნარჩენების წარმომქმნელს, რომლის სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში 2 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენი (გარდა მუნიციპალური ნარჩენისა) ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა).

2. 2028 წლის 1 იანვრამდე ნარჩენების მართვის კოდექსის 24-ე და 26-ე მუხლებით გათვალისწინებული საქმიანობების განმახორციელებელი პირები, რომლებიც წარმოქმნიან 120 კგ ან ნაკლები ოდენობის სახიფათო ნარჩენს, აგრეთვე ნარჩენების წარმომქმნელი, რომლის სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში 120 კგ ან ნაკლები ოდენობის სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება, თავისუფლდებიან ნარჩენების აღრიცხვისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინაშე ანგარიშგების ვალდებულებისაგან.