„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 315-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/02/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/02/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2025
სარეგისტრაციო კოდი 010320000.05.001.102508
315-IIმს-XIმპ
20/02/2025
ვებგვერდი, 21/02/2025
010320000.05.001.102508
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 11.11.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.017921) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მოისმინოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში და ამ ანგარიშში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით შეიმუშაოს რეკომენდაციები;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-20–23-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 20. საჯარო სამსახურის სფეროში საქმიანობის კოორდინაცია

საჯარო სამსახურის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობას, ამ კანონით განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების განხორციელებასა და ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.

მუხლი 21. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფუნქციები საჯარო სამსახურის სფეროში

საჯარო სამსახურის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობისა და ამ კანონით განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ასრულებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს:

ა) შეისწავლის და აანალიზებს საჯარო სამსახურის სფეროში არსებულ მდგომარეობას; მონიტორინგს უწევს საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, მასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების შესრულებას და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;

ბ) შეიმუშავებს საჯარო სამსახურის სფეროში სამოქმედო სტანდარტების, ინსტრუქციების, სხვა მეთოდური აქტების, ნორმატიული აქტებისა და საკანონმდებლო წინადადებების პროექტებს;

გ) მეთოდურ დახმარებას უწევს საჯარო დაწესებულებებს საჯარო სამსახურის სფეროში არსებული სამოქმედო სტანდარტების, ინსტრუქციებისა და ნორმატიული აქტების ერთგვაროვანი შესრულების მიზნით;

დ) აწარმოებს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემას; თანამშრომლობს საჯარო დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულებთან ადამიანური რესურსების მართვის წლიური გეგმის შემუშავების პროცესში;

ე) შეისწავლის და განაზოგადებს მოხელეთა სამსახურში მიღების, შეფასების, კარიერული განვითარების, კარიერის მართვისა და პროფესიული განვითარების, აგრეთვე საჯარო მოსამსახურეთა სამსახურიდან გათავისუფლების არსებულ პრაქტიკას და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;

ვ) თანამშრომლობს შესაბამის საჯარო დაწესებულებებთან მოხელეთა თანამდებობების ერთიანი კლასიფიკაციისა და ანაზღაურების სისტემის შესაქმნელად და მისი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად;

ზ) შეისწავლის საჯარო სამსახურში არსებულ კვალიფიკაციისა და პროფესიული მომზადების დონეს, შეიმუშავებს მოხელეთა პროფესიული განვითარების ერთიან სტანდარტებს და ზედამხედველობს მათ შესრულებას, საჯარო სამსახურში პროფესიონალიზმისა და პროფესიული განვითარების მიზნით უზრუნველყოფს შესაბამის ღონისძიებათა განხორციელებას;

თ) საჯარო სამსახურის მართვის სრულყოფის მიზნით შეისწავლის და განაზოგადებს საჯარო სამსახურის სფეროში სხვა სახელმწიფოთა გამოცდილებას და თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ი) აანალიზებს სამოხელეო სამართლებრივ დავებს და არსებული პრაქტიკის სრულყოფის მიზნით შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;

კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საჯარო სამსახურში დასაქმების მსურველთა სერტიფიცირებას;

ლ) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით უზრუნველყოფს საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირებას;

მ) 6 თვეში ერთხელ საჯარო სამსახურის საბჭოსთვის წარსადგენად ამზადებს ამ კანონით მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების შესახებ ანგარიშს;

ნ) ასრულებს ამ კანონით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის დაკისრებულ ფუნქციებს.

მუხლი 22. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის უფლებამოსილებები საჯარო სამსახურის სფეროში

1. საჯარო სამსახურის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობის, ამ კანონით განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების განხორციელებისა და ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი:

ა) შეიმუშავებს და საჯარო სამსახურის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს წლიურ სამუშაო გეგმას;

ბ) საჯარო სამსახურის საბჭოს წარუდგენს ანგარიშს შესაბამისი მიმართულებით გაწეული საქმიანობის შესახებ;

გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირების სტანდარტებს;

დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე გამოსცემს ბრძანებებს და გასცემს რეკომენდაციებს.

3. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის რეკომენდაციები გაიცემა ამ კანონის 21-ე მუხლის „ა“, „გ“–„ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით.

4. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება გამოიცემა ამ კანონით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის განსაზღვრული უფლებამოსილებებისთვის მიკუთვნებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

მუხლი 23.  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წლიური ანგარიში საჯარო სამსახურის სფეროში

1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ამ კანონით განსაზღვრული საქმიანობის შედეგები აისახება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის დასაბუთებულ წლიურ ანგარიშში, რომელიც წარედგინება საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საჯარო სამსახურის საბჭოს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ქვეყნდება პროაქტიულად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე.“.

3. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ყველა საჯარო დაწესებულებაში იქმნება ადამიანური რესურსების მართვის ერთეული (მას წარმოადგენს დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული (ქვედანაყოფი) ან შესაბამისი საქმიანობის განმახორციელებელი მოხელე). საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულთან თანამშრომლობს და მას მეთოდურ დახმარებას უწევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.“.

4. 28-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადგენს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, თითოეული თანამდებობის სპეციფიკისა და ამ თანამდებობისთვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით.“.

5. 30-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სერტიფიცირებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მოხელის სერტიფიკატის მფლობელთა რეესტრს აწარმოებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.“.

6. 34-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) არსებობს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დასაბუთებული რეკომენდაცია, რომ მოხელის შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით დახურული კონკურსის საფუძველზე შესაფერისი კანდიდატი ვერ შეირჩევა.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეკომენდაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია გასცემს შესაბამისი საჯარო დაწესებულების მიმართვის შემთხვევაში, საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების გადამოწმების საფუძველზე.“.

7. 35-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო დაწესებულება მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.“.

8. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 36. კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის წარდგენა

1. კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონულად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.

2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია საჯარო სექტორში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით უზრუნველყოფს მათთვის ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების უზრუნველმყოფი, თავის მიერ ადმინისტრირებული სერვისების ხელმისაწვდომობას.“.

9. 38-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელს უფლება აქვს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის დავალებით ნებისმიერ საჯარო დაწესებულებაში დაესწროს კონკურსს.“.

10. 41-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკონკურსო კომისია მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადებისას განსაზღვრავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ კანდიდატის შეფასების ფორმებს და მათ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას უთანხმებს.“.

11. 83-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირის შრომითი ხელშეკრულებით საჯარო სამსახურში მიღებისთვის, როგორც წესი, ცხადდება გამარტივებული საჯარო კონკურსი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე. ამ შემთხვევაში განაცხადების წარდგენისთვის განისაზღვრება 10 კალენდარული დღის ვადა, ხოლო გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი პირი მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების საფუძველზე. ამასთანავე, გამარტივებული საჯარო კონკურსის გარეშე გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება ეგზავნება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას.“.

12. 104-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, საჯარო დაწესებულების მოხელეების ინტერესებიდან გამომდინარე.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცესის განხორციელების უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ვალდებულია:

ა) საჯარო დაწესებულებას გაუწიოს მეთოდური დახმარება ინსტიტუციურ მოწყობაში და შეიმუშაოს ამ კანონით გათვალისწინებული რეკომენდაციები;

ბ) საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შემთხვევაში საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით მოიძიოს ინფორმაცია საჯარო სამსახურის სისტემაში არსებული შესაბამისი ვაკანტური თანამდებობების შესახებ;

გ) საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შემთხვევაში შტატების შემცირებისას ხელი შეუწყოს შესაბამისი მოხელეების მობილობას საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული მოხელის მობილობის წესის შესაბამისად.“.

13. 105-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მოხელეთა რეზერვის მართვას ახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.“.

14. 117-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონკურსის მონაწილე კანდიდატს, რომელმაც ვერ გაიარა კონკურსის შესაბამისი ეტაპი, უფლება აქვს, ამ კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მიმართოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის გადამოწმების მოთხოვნით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის შემთხვევაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია გადაწყვეტილებას იღებს 2 სამუშაო დღის ვადაში და დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის საკონკურსო კომისიას და კონკურსის მონაწილე კანდიდატს.“.

15. 118-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – მის ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაზე.“.

16. 124-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურის სტაჟის დამადასტურებელ ცნობას გასცემს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაციის შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 აპრილიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

20 თებერვალი 2025 წ.

N315-IIმს-XIმპ