დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წესის, წარმოშობის სერტიფიკატების ფორმის, მისი გაცემისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის №256 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 136 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/06/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 85, 17/06/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/12/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.210.000.10.003.001.081 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №136
2008 წლის 11 ივნისი
ქ. თბილისი
„საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წესის, წარმოშობის სერტიფიკატების ფორმის, მისი გაცემისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის №256 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
1. საქართველოს საბაჟო კოდექსის 29-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 30-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წესის, წარმოშობის სერტიფიკატების ფორმის, მისი გაცემისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის №256 დადგენილებით (სსმ III, 2006 წ., №176, მუხლი 2391) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი სამი სახისაა:
ა) არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი (დანართი №1);
ბ) პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი – ფორმა „A“ (დანართი №2);
გ) პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი CT–1.“;
ბ) ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა ყველა სხვა დანარჩენ ქვეყანაში საქონლის ექსპორტის (რეექსპორტის) დროს (გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ (ყურძნისეულ ნედლეულზე დამზადებულ ალკოჰოლიან სასმელებზე).
9. საქონლის წარმოშობის CT–1 სერტიფიკატს გასცემს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო „საქონლის წარმოშობის სახელმწიფოს განსაზღვრის წესის შესახებ“ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა საბჭოს 2000 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად.“;
გ) ინსტრუქციის პირველ მუხლს დაემატოს მე-10 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„10. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულ საქონელზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით გასცემს საქონლის წარმოშობის დამადასტურებელ შესაბამისი ფორმის სერტიფიკატს.“;
დ) ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. წარმოშობის სერტიფიკატი ივსება 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი არის ფერადი, ხოლო დანარჩენი – თეთრი.
10. ფერადი და ორი თეთრი ეგზემპლარი გადაეცემა ექსპორტიორს, ხოლო ერთი თეთრი ეგზემპლარი რჩება გამცემ ორგანოს.“;
ე) მე-8 მუხლის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. წარმოშობის სერტიფიკატის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტებია:
ა) განცხადება (იგი უნდა შეიცავდეს საქონლის დასახელებას სასაქონლო კოდის ოთხნიშნა დონეზე მითითებით, საქონლის ოდენობას, ექსპორტიორისა და იმპორტიორის დასახელებას, მისამართსა და ქვეყანას);
ბ) დეკლარაცია საქონლის კუთვნილებისა და კრიტერიუმების შესახებ, რომლის ფორმა მტკიცდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებით (გარდა ყურძნისეულ ნედლეულზე დამზადებული ალკოჰოლიანი სასმელებისა);
გ) კონტრაქტი;
დ) ანგარიშ-ფაქტურა;
ე) ყურძნისეულ ნედლეულზე დამზადებული ალკოჰოლიანი სასმელების შემთხვევაში – ექსპერტიზის აქტი და თითოეული დასახელების ნიმუშის თითო ბოთლი.“;
ვ) ინსტრუქციას დაემატოს მე-12 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის CT– 1 ფორმის შევსების ენა და გაცემა
1. წარმოშობის სერტიფიკატი არის საქონლის აღწერის განსაზღვრული ფორმის დოკუმენტი, რომლითაც მისი გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანო ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქონელი, რომელზეც გაცემულია ეს სერტიფიკატი, წარმოშობილია მოცემული ქვეყნიდან.
2. წარმოშობის სერტიფიკატის ბლანკები უნდა იყოს დაბეჭდილი რუსულ ენაზე.
3. საქართველოში წარმოშობის სერტიფიკატის გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანოები ვალდებული არიან შეინახონ სულ ცოტა 3 წლის განმავლობაში განცხადებები ან საკონტროლო ეგზემპლარები, რომლებიც ეხება მათ მიერ გაცემულ წარმოშობის სერტიფიკატებს.
4. სერტიფიკატი უნდა გაფორმდეს A4 ფორმატის (210X297 მმ) საერთაშორისო ნიმუშის ბლანკზე, რომელიც შემუშავებულია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ (სსო).
5. წარმოშობის სერტიფიკატი ივსება 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი არის ფერადი, ხოლო დანარჩენი – თეთრი.
6. ფერადი და ორი თეთრი ეგზემპლარი გადაეცემა ექსპორტიორს, ხოლო ერთი თეთრი ეგზემპლარი რჩება გამცემ ორგანოს.
7. წარმოშობის სერტიფიკატის ფერადი და თეთრი ეგზემპლარები წარმოადგენს ორიგინალს. საბაჟო ორგანოში საქონლის ექსპორტისას თეთრი ფერის ეგზემპლარის წარდგენა ნებაყოფლობითია.
8. წარმოშობის სერტიფიკატის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში ექსპორტიორის განაცხადის საფუძველზე დამატებით შეიძლება გაიცეს წარმოშობის სერტიფიკატის დუბლიკატი.
9. წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირი ექსპორტიორს გადასცემს დადგენილი წესით გაფორმებულ წარმოშობის სერტიფიკატის ეგზემპლარებს და შესაბამის ჩანაწერს აკეთებს რეესტრში.
10. განმცხადებლის მიერ შესაბამისი რაოდენობის წარმოშობის სერტიფიკატის მიღება დასტურდება რეესტრში მისი ხელმოწერით.
11. წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა ექსპორტიორის განცხადების რეგისტრაციიდან სულ ცოტა 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
12. წარმოშობის სერტიფიკატის გაცემაზე უარყოფითი გადაწყვეტილება უნდა იყოს მოტივირებული, რის შესახებაც ჩანაწერი კეთდება რეესტრში. განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ გამცემი ორგანო მას აცნობებს წერილობით.
13. წარმოშობის სერტიფიკატის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტებია:
ა) განცხადება (იგი უნდა შეიცავდეს საქონლის დასახელებას სასაქონლო კოდის ოთხნიშნა დონეზე მითითებით, საქონლის ოდენობას, ექსპორტიორისა და იმპორტიორის დასახელებას, მისამართსა და ქვეყანას);
ბ) დეკლარაცია საქონლის კუთვნილებისა და კრიტერიუმების შესახებ, რომლის ფორმა მტკიცდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებით;
გ) კონტრაქტი;
დ) ანგარიშ-ფაქტურა.
14. სერტიფიკატის გამცემი ორგანო იტოვებს და ინახავს განცხადებას და ამ მუხლის მე-13 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტების ასლებს დადგენილი წესით.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს 2008 წლის 1 აგვისტოდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები