დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 261-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 06/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190030.06.001.016116 |
|
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 144-ე და 145-ე მუხლები ამოღებულ იქნეს. 2. XVIII თავი ამოღებულ იქნეს. 3. 2281 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. 2028 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე 1 პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ არანაკლებ 3 პარლამენტის წევრს შეუძლია რეგლამენტით ფრაქციის შექმნისთვის დადგენილი მოთხოვნების (გარდა პარლამენტის წევრთა მინიმალური რაოდენობის შესახებ მოთხოვნისა) შესაბამისად შექმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი (შემდგომ − პოლიტიკური ჯგუფი), თუ იგი პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი იყო, როგორც პარლამენტის წევრობის უპარტიო კანდიდატი, ან თუ იგი დატოვებს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წევრობას. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრების 1 პოლიტიკურ ჯგუფში გაერთიანება დაუშვებელია. 2. პოლიტიკური ჯგუფი იქმნება ფრაქციის შექმნისთვის რეგლამენტით დადგენილი წესით. პოლიტიკური ჯგუფი უქმდება ფრაქციის გაუქმებისთვის რეგლამენტით დადგენილი წესით იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური ჯგუფის შემადგენლობაში 3-ზე ნაკლები პარლამენტის წევრი დარჩა. პარლამენტის წევრის პოლიტიკურ ჯგუფში გაერთიანება და პოლიტიკური ჯგუფის წევრის პოლიტიკური ჯგუფიდან გასვლა ან გარიცხვა ხდება, შესაბამისად, პარლამენტის წევრის ფრაქციაში გაერთიანებისა და ფრაქციის წევრის ფრაქციიდან გასვლისთვის ან გარიცხვისთვის რეგლამენტით დადგენილი წესებით.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელია პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე და პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე არიან პარლამენტის თანამდებობის პირები და სარგებლობენ იმავე უფლებებით, რომლებიც აქვს, შესაბამისად, ფრაქციის თავმჯდომარეს (მათ შორის, რეგლამენტის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით), გარდა საქართველოს კონსტიტუციით ფრაქციის თავმჯდომარისთვის განსაზღვრული უფლებებისა, და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს, პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილეს არ აქვს უფლება, ეკავოს სხვა საპარლამენტო თანამდებობა. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს უფლება აქვს, არ იყოს პარლამენტის კომიტეტის წევრი. თუ პოლიტიკური ჯგუფის შემადგენლობაში 6-ზე მეტი პარლამენტის წევრია, პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს 2 მოადგილე, ხოლო თუ პოლიტიკური ჯგუფის წევრთა რაოდენობა 7-ზე ნაკლებია − 1 მოადგილე.“. მუხლი 2 1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით 2025 წლის 10 მარტიდან ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის ბალანსზე რიცხული ქონება, აგრეთვე მისი კუთვნილი მატერიალურ-ტექნიკური და სხვა შესაბამისი საინფორმაციო და კვლევითი რესურსები აღირიცხოს საქართველოს პარლამენტის ბალანსზე. 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამული კოდებით გათვალისწინებული სახსრების განკარგვის უფლებამოსილება გადაეცეს საქართველოს პარლამენტს. 4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე დადებული ხელშეკრულებები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. აღნიშნულ ხელშეკრულებებში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის უფლებამონაცვლეა საქართველოს პარლამენტი. 5. საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრიდან ლიკვიდაციის შედეგად გათავისუფლებულ თანამშრომლებს მიეცეთ კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. მუხლი 3 1. ეს რეგლამენტი, გარდა ამ რეგლამენტის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-2 მუხლის მე-2−მე-5 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ რეგლამენტის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და მე-2 მუხლის მე-2−მე-5 პუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 10 მარტიდან. |
თბილისი, 6 თებერვალი 2025 წ. N261-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები