დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 269-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 06/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 10/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010020000.05.001.102488 |
|
„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.03.2019, სარეგისტრაციო კოდი: 010020000.05.001.019433) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს და მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესს ამტკიცებს საჯარო დაწესებულება ან მისი ხელმძღვანელი. მუნიციპალიტეტის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს შესაბამისი სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, ხოლო მისი გამოყენების წესი დგინდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. ამასთანავე, აღნიშნული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები და წესები მტკიცდება (დგინდება) საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტთან (შემდგომ − დეპარტამენტი) წინასწარი კონსულტაციებისა და დეპარტამენტის დადებითი დასკვნის საფუძველზე. 2. საქართველოს სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს და მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ამტკიცებს შესაბამისი მინისტრი. საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დამტკიცების, აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესი დეპარტამენტთან შეთანხმების საფუძველზე დგინდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფორმის ტანსაცმლის (უნიფორმების) ნიმუშები დადგენილი წესით თანხმდება დეპარტამენტთან.“. 2. მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4 1. საჯარო დაწესებულების სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დეპარტამენტთან შეთანხმების მიზნით საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი, ხოლო მუნიციპალიტეტის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დეპარტამენტთან შეთანხმების მიზნით − მუნიციპალიტეტის მერი წერილობით მიმართავს დეპარტამენტს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი მიმართვა უნდა შეიცავდეს: ა) შესაბამისი საჯარო დაწესებულების სრულ სახელწოდებას, ხოლო თუ იგი სხვა დაწესებულების სისტემაში შემავალი საჯარო დაწესებულებაა, − აგრეთვე ამ დაწესებულების სრულ სახელწოდებას; ბ) დეპარტამენტისთვის მიმართვის საფუძველს; გ) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს გამოსახულების პროექტს; დ) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს აღწერილობას. 3. დეპარტამენტი უფლებამოსილია საჯარო დაწესებულებას დამატებითი დასაბუთება მოსთხოვოს. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს გამოსახულების პროექტის განხილვაში და მისი განხილვისას დეპარტამენტს საკუთარი ინიციატივით წარუდგინოს დამატებითი მონაცემები. 4. დეპარტამენტი შესათანხმებლად წარდგენილ სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს აფასებს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად. 5. დეპარტამენტი წარდგენილი პროექტის შეთანხმების შესახებ დასკვნას გასცემს ამ პროექტის წარდგენიდან 1 თვეში. თუ დეპარტამენტი ამ ვადაში დასკვნას არ გასცემს, აღნიშნული პროექტი შეთანხმებულად ითვლება. პროექტის შეთანხმების შემდეგ ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ხელმძღვანელი პირი ან ორგანო უფლებამოსილია დაამტკიცოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო. 6. საჯარო დაწესებულების მოქმედი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს ცვლილება დეპარტამენტთან თანხმდება ამ მუხლის პირველი−მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით. ამასთანავე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების გარდა, წარდგენილი უნდა იქნეს აღნიშნული ცვლილების დასაბუთება.
მუხლი 5 „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან ერთად სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესი“ თანხმდება დეპარტამენტთან.“. 3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჯარო დაწესებულება სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დამტკიცებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დამტკიცების შესახებ ნორმატიულ აქტს უგზავნის დეპარტამენტს. დეპარტამენტი ამ ნორმატიულ აქტს 3 სამუშაო დღის ვადაში აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე.“. 4. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დაუშვებელია დადგენილი წესით დეპარტამენტთან შეთანხმებული და საჯარო დაწესებულების მიერ დამტკიცებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს ნიმუშისა და მისი ნებისმიერი პარამეტრის ცვლილება, აგრეთვე დაზიანებული, სახეცვლილი (შესაბამისი ნიმუშისგან განსხვავებული) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს გამოსახვა, აღმართვა, გამოფენა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 10 მარტიდან. |
თბილისი, 6 თებერვალი 2025 წ. N269-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები