დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4/2025 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 17/01/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/01/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 20/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010210010.15.008.016776 |
|
„საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 05/03/2012, 010210010.15.008.016026) დამტკიცებული ინსტრუქციის:
1. მე-6 მუხლის ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურების დარღვევის შესახებ განცხადება/საჩივარი შედგენილი უნდა იქნეს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს სარჩევნო კოდექსი” დარღვევის შემჩნევისთანავე, ამავე კოდექსის 72-ე მუხლით დადგენილი წესით, კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნის გახსნიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე. განცხადებაში/საჩივარში აღინიშნება: ა) განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღი და დრო; ბ) განმცხადებლის/მომჩივნის სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი; გ) საარჩევნო უბნის ნომერი; დ) მოწმის არსებობის შემთხვევაში მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი; ე) დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო; ვ) დამრღვევის დადგენის შემთხვევაში ის მონაცემები, რომელთა დადგენა შესაძლებელი გახდა; ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში); თ) სხვა დამატებითი ინფორმაცია.”; ბ) მე-9 პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) განცხადება/საჩივარი საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურების დარღვევის შესახებ არ არის შედგენილი საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შემჩნევისთანავე, კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნის გახსნიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე;”. 2. მე-7 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 79-ე მუხლის პირველი პუნქტის, 81-ე, 86-ე-92-ე მუხლებით, 83-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებითა და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 1742 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.”; ბ) მე-4 პუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 79-ე მუხლის პირველი პუნქტით, 81-ე, 86-ე-92-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენის თაობაზე ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები გადაწყვეტილებებს იღებენ 10 დღის ვადაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო/თანამდებობის პირი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 88-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის თაობაზე გადაწყვეტილებას არასაარჩევნო პერიოდში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა შესაბამისი არჩევნების დანიშვნამდეა ჩადენილი, იღებს 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო 83-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმის შედგენის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ცესკოს თავმჯდომარე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შესაბამისი დასაბუთებული მიმართვისა და მიწოდებული მასალების მიღებიდან 2 დღის ვადაში. განცხადების/საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში დგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება რაიონულ/საქალაქო სასამართლოს (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლი). სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1742 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს იხილავს 3 დღის ვადაში (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილი). საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 79-ე მუხლის პირველი პუნქტით, 81-ე და 86-ე-92-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის დადგენის/გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სასამართლოსათვის შესაბამისი ოქმის წარდგენიდან 10 დღეს, ხოლო 83-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმის შედგენის თაობაზე სასამართლოსათვის შესაბამისი ოქმის წარდგენიდან 2 დღეს. სასამართლოს დადგენილება დაჯარიმების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლი), რომელიც საჩივარს იხილავს 30 დღის ვადაში (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი). სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილი).“. 3. მე-11 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ცესკოში შემოსული საჩივრები (გარდა შიდა აუდიტისა და მანდატურის განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებული საჩივრებისა) და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია;”; ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ვებგვერდზე განთავსებული საჩივრების რეესტრის ადმინისტრირებას ახორციელებს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება (გარდა შიდა აუდიტისა და მანდატურის განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებული საჩივრებისა), საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის საარჩევნო კომისიების მართვის განყოფილებასთან ერთად.”. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 20 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები