დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „მამულაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15355/15 |
| დოკუმენტის მიმღები | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო |
| მიღების თარიღი | 04/07/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს მეხუთე სექციის გადაწყვეტილება საქმეზე
„მამულაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“
(საჩივარი N 15355/15)
სტრასბურგი
04.07.2024
ეს გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა ის შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებას.
საქმეზე „მამულაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მეხუთე სექცია), შემდეგი შემადგენლობით:
კარლო რანზონი, თავმჯდომარე,
ლადო ჭანტურია,
მარია ელოსეგუი, მოსამართლეები,
და მარტინა კელერი, სექციის განმწესრიგებლის მოადგილე,
გაითვალისწინა რა:
საჩივარი (N 15355/15) საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2015 წლის 11 მარტს სასამართლოში შეიტანა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მოქალაქემ ბ-ნმა ზაზა მამულაშვილმა (შემდგომში „მომჩივანი“), დაბადებული 1970 წელს, მცხოვრები თბილისში, რომელსაც წარმოადგენდნენ ქ-ნი თ. დეკანოსიძე და რვა სხვა ადვოკატი, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ თბილისში ან გაერთიანებულ სამეფოში;
გადაწყვეტილება, ეცნობოს საქართველოს მთავრობას (შემდგომში „მთავრობა“), რომელსაც წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან ბ-ნი ბ. ძამაშვილი, საჩივრის შესახებ კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად და გამოცხადდეს საჩივრის დანარჩენი ნაწილი მიუღებლად;
მხარეთა მოსაზრებები;
გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობის პრეტენზიის უარყოფასთან დაკავშირებით, კომიტეტის მიერ საჩივრის განხილვის შესახებ;
2024 წლის 13 ივნისის დახურული თათბირის შემდეგ,
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს იქნა მიღებული:
საქმის არსი
1. საქმე ეხება, კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, მომჩივნის მიმართ სავარაუდო ცუდ მოპყრობას ციხეში, რაც, სავარაუდოდ, იყო ციხის ადმინისტრაციის მხრიდან პატიმრების მიმართ გავრცელებული და სისტემატური ცუდი მოპყრობის შემადგენელი ნაწილი იმ დროისათვის, აგრეთვე, კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების წარუმატებლობას, ეფექტურად გამოეძიებინათ მისი ბრალდებები.
2. 2012 წლის სექტემბერში ქართულმა მედიამ გაავრცელა კადრები სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში, მათ შორის, თბილისის N 8 ციხეში (შემდგომში „გლდანის ციხე“) და N 18 დაწესებულების საავადმყოფოში (შემდგომში „ციხის საავადმყოფო“) პატიმართა მიმართ ცუდი მოპყრობის შესახებ (შემდგომში „ციხის სკანდალი“).
3. 2012 წლის 14 ნოემბერს მომჩივანმა, რომელიც იხდიდა პატიმრობის თერთმეტწლიან სასჯელს ნარკოტიკების უკანონო მფლობელობისთვის, სისხლისსამართლებრივი საჩივარი შეიტანა მთავარ პროკურატურაში და მოითხოვა გამოძიების დაწყება მის მიმართ ცუდი მოპყრობის ფაქტზე, რომელსაც ის, სავარაუდოდ, დაექვემდებარა ციხის საავადმყოფოში 2012 წლის 29 აგვისტოს. მან ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა სავარაუდო ქმედებების შესახებ და დაასახელა ხუთი სავარაუდო დამნაშავე. მან დააკონკრეტა, რომ ციხის საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ და ოთხმა ბადრაგმა მას სცემეს დირექტორის მოადგილის კაბინეტში – ურტყამდნენ უმოწყალოდ თავსა და ხერხემალში. როგორც დასტურდება საჩივარზე თანდართული, მისი ყოფილი თანასაკნელების წერილობითი ჩვენებებით, ცემის შემდეგ მომჩივანს უჭირდა სიარული და მას აწუხებდა მწვავე ტკივილი მთელ სხეულში, განსაკუთრებით წელის არეში. მომჩივანმა თავის საჩივარში ასევე აღნიშნა, რომ დაუყოვნებლივი სამედიცინო შემოწმების მისი განმეორებითი მოთხოვნები თავდაპირველად იგნორირებული იყო და მხოლოდ 2012 წლის 5 ოქტომბერს მიეცა საშუალება პირველად, ჩატარებულიყო სამედიცინო სკანირება, რომლის შედეგებმაც (ასევე თან ერთვის საჩივარს) დაადასტურა, რომ მან რამდენიმე თვით ადრე მიიღო ხერხემლის დაზიანება (წელის მეოთხე მალის პროტრუზია).
4. 2012 წლის დეკემბერში, რაიმე რეაგირების არარსებობის გათვალისწინებით, მომჩივანმა გაუგზავნა შეხსენება მთავარ პროკურატურას. ხელისუფლების ორგანოებმა უპასუხეს 2012 წლის 28 დეკემბერს და აღნიშნეს, რომ მომჩივნის 2012 წლის 14 ნოემბრის სისხლის სამართლის საჩივარი შესწავლის პროცესში იყო.
5. 2013 წლის 17 იანვარს მომჩივანი გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან ამნისტიის საფუძველზე. შემდგომ მას ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება, რომლის შედეგებმა კვლავ დაადასტურა ხერხემლის შესაბამისი საზიანება (იხ. პარაგრაფი 3 ზემოთ), რომლის წარმოშობა დროისა და ხასიათის მიხედვით, ემთხვეოდა ცუდი მოპყრობის ბრალდებებს. მომჩივნის ფსიქიკური მდგომარეობის შეფასებისას, სამედიცინო ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ მომჩივანს აწუხებდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.
6. 2013 წლის იანვრიდან 2014 წლის ნოემბრამდე მომჩივნის ადვოკატებმა სისხლისსამართლებრივი საჩივარი ახლად მოპოვებული სამედიცინო მტკიცებულებებით შეავსეს (იხ. წინა პარაგრაფი), მრავალჯერ (რვაჯერ) დაუკავშირდნენ საქმეზე პასუხისმგებელ პროკურორს გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით და მოითხოვეს, რომ მომჩივანს მინიჭებოდა დაზარალებულის სტატუსი. მათ ასევე მოითხოვეს გასაუბრება მომჩივნის ყოფილ თანასაკნელებთან, რომლებსაც შეეძლოთ მისი ამბის დადასტურება. ეს განმეორებითი მოთხოვნები ან უპასუხოდ დარჩა, ან პროკურატურამ აცნობა მომჩივანს, რომ ის უნდა დალოდებოდა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების დასრულებას.
7. 2014 წლის 5 დეკემბერს მთავარმა პროკურატურამ აცნობა მომჩივანს, რომ მისი სისხლისსამართლებრივი საჩივარი გაერთიანებული იქნა ახლახან დაწყებულ ფართომასშტაბიან სისხლის სამართლის გამოძიებასთან, ყველა ციხეში პატიმართა მიმართ სისტემატური ცუდი მოპყრობის შესახებ, რასაც, სავარაუდოდ, ქვეყანაში ადგილი ჰქონდა 2010-2012 წლებში (შემდგომში „ციხეებში ცუდი მოპყრობის ზოგადი საქმე“).
8. 2016 წლის 23 აგვისტოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო მორიგი სისხლის სამართლის გამოძიება პატიმართა მიმართ სისტემური ძალადობის შესახებ, რასაც, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ციხის საავადმყოფოში 2010‑2012 წლებში (შემდგომში „ციხის საავადმყოფოს ცუდი მოპყრობის საქმე“). ამ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, 2022 წლის 13 იანვარს ციხის საავადმყოფოს ბადრაგთა ყოფილი უფროსი გაასამართლეს ციხის საავადმყოფოში პატიმრების მიმართ ცუდი მოპყრობისთვის, ხოლო მომჩივანი მითითებული იყო მრავალ დაზარალებულთა შორის.
9. 2012 წლის 29 აგვისტოს კონკრეტულ ინციდენტთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, ხუთი პირიდან, რომლებიც პასუხისმგებელი არიან მომჩივნის მიმართ სავარაუდო ცუდ მოპყრობაზე, არც ერთისათვის არ წაუყენებიათ ბრალი ან სხვაგვარად გამოუძიებიათ მომჩივნის კონკრეტული ბრალდებები (იხ. პარაგრაფი 3 ზემოთ). გარდა ამისა, მთავარი პროკურატურის 2018 წლის 16 მაისით დათარიღებული შეტყობინების თანახმად, სისხლის სამართლის გამოძიება ციხეებში ცუდი მოპყრობის ზოგადი საქმისა, რომელიც ჩვეულებრივ მოიცავდა 2012 წლის 29 აგვისტოს ინციდენტს, იმ დროს ჯერ კიდევ განხილვის მოლოდინში იყო. იმავე შეტყობინებაში პროკურატურამ აღნიშნა, რომ „საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გათვალისწინებით“ მას არ შეეძლო მიენიჭებინა მომჩივნისთვის დაზარალებულის სტატუსი. ციხეებში ცუდი მოპყრობის ზოგადი საქმის წარმოება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა მისი პროგრესის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია.
სასამართლოს შეფასება
კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა
10. რაც შეეხება საჩივრის მისაღებობას, მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივანს საჩივარი არ წარუდგენია სასამართლოში საკმარისად სწრაფად, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის 35-ე მუხლის 1-ელი პუნქტი, რადგან მომჩივანმა დროულად ვერ გააჟღერა თავისი პრეტენზიები შესაბამის ეროვნული ორგანოებში. მომჩივანი არ დაეთანხმა.
11. სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანი, სავარაუდოდ, ცუდ მოპყრობას დაექვემდებარა 2012 წლის 29 აგვისტოს, მან პირველად 2012 წლის 14 ნოემბერს მიმართა თავისი პრეტენზიებით კომპეტენტურ ეროვნულ ორგანოებს. აღნიშნული პერიოდი, რომელიც სამ თვეზე ნაკლებია, არ არის საკმარისად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ეჭვქვეშ დააყენოს მომჩივნის სათანადო გულისხმიერება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო წარმომადგენლების მხრიდან ცუდი მოპყრობის ფსიქოლოგიურმა შედეგებმა შეიძლება ძირი გამოუთხაროს დაზარალებულის შესაძლებლობას, მიიღოს აუცილებელი ზომები დამნაშავის წინააღმდეგ სამართალწარმოების დროულად დასაწყებად მაშინ, როცა დაზარალებული რჩება იმავე სახელმწიფო წარმომადგენლების კონტროლის ქვეშ (იხ. საქმე Ochigava v. Georgia, no. 14142/15, § 51, 2023 წლის 16 თებერვალი). ამის გათვალისწინებით, სასამართლოსთვის საკმარისია ის, რომ მომჩივანმა დაუყოვნებლივ გააჟღერა თავისი პრეტენზია კომპეტენტურ ეროვნულ ორგანოებში, მის მიმართ სავარაუდო ცუდ მოპყრობასთან დაკავშირებით და, გარდა ამისა, რეგულარულად ცდილობდა გაეგო გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, ეფექტური შედეგის იმედით, ამ საჩივრის წარდგენამდე (იხ. პარაგრაფები 3-7 ზემოთ და შეადარეთ Ochigava-ს საქმე, ციტირებული ზემოთ, § 52, მასში მომდევნო მითითებებით).
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ ხედავს საფუძველს, რომ დაასკვნას, რომ 2015 წლის 11 მარტს, სასამართლოში საჩივრის შეტანის დროს, მომჩივანმა იცოდა, ან მას უნდა სცოდნოდა ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, რომ არ არსებობდა ეფექტური სისხლის სამართლის გამოძიების პერსპექტივა. ამიტომ, მთავრობის პრეტენზია უნდა იქნეს უარყოფილი. ვინაიდან საჩივარი არც აშკარად დაუსაბუთებელია კონვენციის 35-ე მუხლის მე-3(a) პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში და არც მიუღებელია რაიმე სხვა საფუძვლით, ის მისაღებად უნდა გამოცხადდეს.
13. მთავრობას სადავო არ გაუხდია მომჩივნის საჩივრების არსებითი მხარე და უსიტყვოდ მიიღო ამ უკანასკნელის მიერ წარმოდგენილი ფაქტები.
14. შესაბამისი ზოგადი პრინციპები, რომლებიც ეხება პროცედურულ და მატერიალურ ვალდებულებებს კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში, შეჯამებულია სასამართლოს მიერ საქმეში Bouyid v. Belgium ([GC], no. 23380/09, §§ 81-88 და 114‑23, ECHR 2015).
15. რაც შეეხება მე-3 მუხლით გათვალისწინებულ პროცედურულ ვალდებულებებს, სასამართლო იმეორებს, რომ ეფექტური შემაკავებელი ფაქტორი ისეთი სერიოზული ქმედებებისთვის, როგორიცაა პირის ფიზიკურ ხელშეუხებლობაზე განზრახ თავდასხმა, მოითხოვს ეფექტურ სისხლის სამართლის რეაგირებას (შეადარეთ, მაგ., საქმე Pulfer v. Albania, no. 31959/13, § 71, 2018 წლის 20 ნოემბერი). თუმცა, ამ საქმის გარემოებები მიუთითებს მნიშვნელოვან ხარვეზებზე მოპასუხე სახელმწიფოს მიერ მიღებულ სისხლის სამართლის ღონისძიებებში. კერძოდ, სასამართლო აღნიშნავს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანმა ოფიციალურად გააჟღერა ცუდი მოპყრობის შესახებ პრეტენზიები ჯერ კიდევ 2012 წლის ნოემბერში, ყველა დეტალი და სავარაუდო დამნაშავეების ვინაობაც კი, კომპეტენტურმა ეროვნულმა ორგანოებმა მაინც ვერ გამოიძიეს მომჩივნის საქმე მთლიანობაში და ვერ მისცეს დამნაშავე პასუხისგებაში. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა ორგანოებმა გამოიტანეს სისხლის სამართლის სასჯელი ციხის უფროსი თანამშრომლის წინააღმდეგ, ციხის საავადმყოფოში პატიმართა მიმართ ცუდი მოპყრობისთვის, ზოგადად (იხ. პარაგრაფი 8 ზემოთ), რაც მართლაც დადებითი მოვლენა იყო, მათ აშკარად არ გამოიძიეს მომჩივნის კონკრეტული ბრალდებები, ხუთი ადვილად იდენტიფიცირებადი ოფიცრის მიერ 2012 წლის აგვისტოში მის ცემასთან დაკავშირებით (იხ. პარაგრაფები 3და 9 ზემოთ და შეადარეთ მსგავს სიტუაციას, როდესაც ცუდ მოპყრობაში ჩართული ციხის მხოლოდ რამდენიმე თანამშრომლის მსჯავრდება არ ჩაითვალა საკმარისად მე-3 მუხლის მიზნებისათვის ოჩიგავას საქმეში, ციტირებული ზემოთ, § 59). საგამოძიებო ორგანოების მხრიდან იყო აუხსნელი უმოქმედობის პერიოდები და, უფრო მეტიც, მომჩივანს დაუსაბუთებლად ჩამოერთვა დაზარალებული მხარის საპროცესო უფლებაუნარიანობა, რაც საშუალებას მისცემდა, თვალყური ედევნებინა გამოძიების მიმდინარეობისთვის, შეეფასებინა მისი სანდოობა და წვლილი შეეტანა მის სათანადო განხორციელებაში (შეადარეთ, საქმე Mindadze and Nemsitsveridze v. Georgia, no. 21571/05, § 108, 2017 წლის 1 ივნისი). ამასთან დაკავშირებით, სასამართლო იმეორებს, რომ „დაყოვნებული მართლმსაჯულება ხშირად არის მართლმსაჯულების უარყოფა“, ვინაიდან უსაფუძვლო უმოქმედობის პერიოდებმა და ხელისუფლების ორგანოების მხრიდან სამართალწარმოებისას გულმოდგინეობის ნაკლებობამ შესაძლოა, გამოძიება არაეფექტური გახადოს (შეადარეთOchigava-ს საქმე, ციტირებული ზემოთ, §§ 58-59).
16. რაც შეეხება საჩივარს მე-3 მუხლის მატერიალური ასპექტის ფარგლებში, სასამართლო იხსენებს, რომ თითქმის იდენტურ საქმეში მან უკვე დაადგინა, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მოწოდებული შესაბამისი დასკვნების საფუძველზე პატიმრების მიმართ ფიზიკური ძალადობის ენდემური პრობლემის არსებობასთან დაკავშირებით ქვეყნის სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, განსახილველი პერიოდის განმავლობაში მართლაც იყო „სისტემური და სისტემატური ცუდი მოპყრობა“ საქართველოს რიგ ციხეებში პატიმრების მიმართ ციხის თანამშრომლების მხრიდან (შეადარეთ Ochigava-ს საქმე, ციტირებული ზემოთ, §§ 7, 34 და 61). ანიჭებს რა დამატებით მნიშვნელობას იმ ფაქტს, რომ მოცემულ საქმეში არსებობს საკმარისი სამედიცინო მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს მომჩივნის სახეზე დაზიანებების არსებობას, რომელთა წარმოშობა შეესაბამება სავარაუდო მოპყრობას და, რომ საჭირო არასასურველი დასკვნები შეიძლება გამოტანილი იქნეს ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მიერ ეფექტური გამოძიების წარუმატებლობის გამო და, რომ მთავრობას სადავოდაც კი არ გაუხდია მომჩივნის ბრალდებები (იხ. პარაგრაფი 13 ზემოთ და შეადარეთ, იქვე, § 61), სასამართლო იღებს მომჩივნის მიერ წარმოდგენილ შესაბამის ფაქტებს და ადგენს, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა ცუდ მოპყრობას და ეს მიეკუთვნება მოპასუხე სახელმწიფოს.
17. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის მატერიალური და პროცედურული ასპექტების დარღვევას.
კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
18. მომჩივანმა მოითხოვა: ა) 301 ლარი (დაახლოებით 112 ევრო) მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით, განმარტა რა, რომ ეს იყო ცუდი მოპყრობით გამოწვეული ხერხემლის დაზიანების მკურნალობის ღირებულება (იხ. პარაგრაფი 5 ზემოთ); ბ) 5000 ევრო მორალურ ზიანთან დაკავშირებით; და გ) 2,019 გირვანქა სტერლინგი (დაახლოებით 2,350 ევრო) სასამართლოში ბრიტანელი ადვოკატების მიერ მის წარმომადგენლობასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯებისა და დანახარჯებისთვის.
19. მთავრობამ უპასუხა, რომ მოთხოვნები იყო დაუსაბუთებელი და გადაჭარბებული.
20. სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოვლენილ დარღვევასა და მოთხოვნილ მატერიალურ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი (შეადარეთ საქმეMeskhidze v. Georgia [Committee], no. 55506/08, §§ 49-50, 2017 წლის 21 დეკემბერი). შესაბამისად, ის აკუთვნებს მომჩივანს, მის ხელთ არსებული ფინანსური დოკუმენტების გათვალისწინებით, 112 ევროს მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად. სასამართლო აგრეთვე ადგენს, რომ მომჩივანს მიადგა მორალური ზიანი, რომლის კომპენსაციაც ვერ მოხდება მხოლოდ დარღვევის დადგენით. საქმის შესაბამისი გარემოებებისა და non ultra petita პრინციპის გათვალისწინებით, აგრეთვე, სხვადასხვა სამართლიანი მოსაზრებიდან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მომჩივანს მიაკუთვნოს 5 000 ევრო ამ მიმართებით, დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შესაძლოა დაეკისროს მომჩივანს.
21. სასამართლო აგრეთვე აღნიშნავს, რომ მომჩივანს არ წარმოუდგენია ფინანსური დოკუმენტები, რომლებიც საკმარისად ადასტურებს, რომ მან გადაიხადა ან მას ჰქონდა კანონიერი ვალდებულება, რომ გადაეხადა ბრიტანელი წარმომადგენლების მიერ დაკისრებული საფასური ან დაეფარა მათ მიერ გაწეული ხარჯები (მსგავსი სიტუაციისთვის იხ. Ochigava-ის საქმე, ციტირებული ზემოთ, §§ 67-69). აქედან გამომდინარე, ხარჯებისა და დანახარჯების მოთხოვნა უნდა იქნეს უარყოფილი.
ამ მოტივით სასამართლო ერთსულოვნად
- აცხადებს საჩივარს მისაღებად;
- ადგენს, რომ ადგილი აქვს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას მის მატერიალურ და პროცედურულ ასპექტებში;
- ადგენს,
- რომ მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია, სამი თვის ვადაში გადაუხადოს მომჩივანს შემდეგი ფულადი ოდენობები, რომლებიც უნდა დაკონვერტირდეს მოპასუხე სახელმწიფოს ვალუტაში გადახდის დღეს არსებული კურსით:
(i) 112 ევრო (ასთორმეტი ევრო), აღნიშნულ თანხას უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა დაეკისროს მომჩივნებს, მატერიალური ზიანთან დაკავშირებით;
(ii) 5000 ევრო (ხუთი ათასი ევრო), აღნიშნულ თანხას უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა დაეკისროს მომჩივნებს, მორალურ ზიანთან დაკავშირებით;
- რომ ზემოხსენებული სამთვიანი ვადის ამოწურვიდან თანხების სრულად გადახდამდე, ზემოთ აღნიშნულ გადასახდელ თანხას დაერიცხება მარტივი პროცენტი იმ განაკვეთით, რომელიც შეესაბამება საჯარიმო პერიოდში მოქმედ ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრულ სასესხო განაკვეთს, რომელსაც დაემატება სამი საპროცენტო პუნქტი;
- უარყოფს მომჩივნის მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების დანარჩენ ნაწილში.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობათ 2024 წლის 4 ივლისს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
მარტინა კელერი კარლო რანზონი
სექციის განმწესრიგებლის მოადგილე თავმჯდომარე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები