დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 484 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 31/12/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2024 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 040170020.10.003.024879 |
|
შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
|
მუხლი 1 |
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან და ძალაშია 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
|
|
შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ (შემდგომში – საწარმო ან შემსყიდველი) მიერ ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესს. 2. ამ წესის მიზანია: ა) შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) საწარმოს საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, შესყიდვების სპეციალური წესის დადგენა და საწარმოს ფუნქციონირებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვის განხორციელების უზრუნველყოფა; გ) შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა; დ) შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა. 3. შესყიდვების განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურები შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით. 4. შესყიდვა, რომელზეც არ გამოიყენება ეს წესი, რეგულირდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. მუხლი 2. წესში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) შემსყიდველი – შპს „გარდაბნის თბოსადგური“ (შემდგომში – საწარმო ან შემსყიდველი) (ს/კ: 404428071); ბ) შესყიდვა – შემსყიდველის მიერ ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების ამ წესით გათვალისწინებული შესყიდვა; გ) სისტემა - საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა; დ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა – ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვის საშუალება, რომლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება ამ წესით (ამ წესით განსაზღვრული წინადადებისა და ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიების მიზნებისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ტერმინი - ტენდერი); ე) ერთ პირთან მოლაპარაკება − შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ვ) გადაუდებელი აუცილებლობა − ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველის ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული ან/და რომლის დადგომა არ არის გამოწვეული შემსყიდველის ქმედებით ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს შემსყიდველის ინტერესებს ან მის ქონებას; ზ) წინადადების უზრუნველყოფის გარანტია – წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, პრეტენდენტის მიერ შემსყიდველისათვის წარდგენილი გარანტირების მექანიზმი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 3 (სამი) პროცენტის ოდენობით (შემდგომში – გარანტია); თ) პრეტენდენტი – პირი, რომელმაც შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მიზნით წარადგინა წინადადება ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად; ი) მიმწოდებელი – პირი, რომელთანაც შემსყიდველის მიერ შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის შედეგად დადებულ იქნა ხელშეკრულება (გარიგება) შესყიდვის შესახებ; კ) წინადადების ფასის კლების ბიჯი – შემსყიდველის მიერ განცხადებაში მითითებული თანხა, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 0.4 პროცენტიდან 2 პროცენტამდე ოდენობით (შემდგომში – ბიჯი); ლ) წინადადება – ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, სისტემის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და სისტემის შესაბამის ველში მითითებული პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული ფასი; მ) ტექნიკური დოკუმენტაცია – პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილია შემსყიდველის მიერ განცხადებითა და დოკუმენტაციით; ნ) ელექტრონული ვაჭრობა - „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გასაზღვრული ელექტრონული შესყიდვის შემადგენელი პროცედურა, რომლის დროსაც პრეტენდენტს სისტემის საშუალებით შეუძლია შეამციროს მის მიერ წარდგენილი წინადადების ფასი, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გამარჯვების მოპოვების მიზნით; ო) სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები – შემსყიდველის მიერ დადგენილი, პრეტენდენტის მიერ წარსადგენი დოკუმენტები; პ) შესყიდვების კომისია – შემსყიდველის გადაწყვეტილებით, შემსყიდველის თანამშრომლებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც უფლებამოსილია, განახორციელოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; ჟ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა დასრულებულია უარყოფითი შედეგით – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება უარყოფითი შედეგით დასრულებულად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში აიტვირთება შესყიდვების კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი, რითაც დასტურდება, რომ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა მიიღო დისკვალიფიკაცია; რ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა არ შედგა – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება არშემდგარად, როდესაც არცერთმა პირმა არ მიიღო მონაწილეობა შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში; ს) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა შეწყვეტილია – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება შეწყვეტილად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ აიტვირთება შესყიდვების კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი, რომელშიც მოცემული იქნება ტენდერის შეწყვეტის გადაწყვეტილება; ტ) შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება – ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებულ პრეტენდენტთან დასადები ხელშეკრულების ღირებულება; უ) ხელშეკრულების შესრულების გარანტია – ამ წესის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტია; ფ) ხელმძღვანელი – შემსყიდველის გენერალური დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი; ქ) ურთიერთდამოკიდებული პირები განიმარტება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად. მუხლი 3. შემსყიდველის უფლება-მოვალეობები 1. შემსყიდველი უფლებამოსილია: ა) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება); ბ) ამ წესის შესაბამისად მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია; გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა; დ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა; ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ მიმწოდებლის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები ყალბი აღმოჩნდება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების არსებობისას. 2. შემსყიდველი ვალდებულია: ა) რაციონალურად განახორციელოს შესყიდვები ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით; ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, აუნაზღაუროს მიმწოდებელს მიწოდებული საქონლის ან/და მომსახურების ღირებულება; გ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, სისტემაში ატვირთოს შესაბამისი გადაწყვეტილების ამსახველი სხდომის ოქმი. ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული, მათ შორის, უნდა განიმარტოს ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის მიზეზი და საფუძველი იმ კონკრეტულ გარემოებებზე მითითებით, რომლებმაც განაპირობა ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის აუცილებლობა. ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აიტვირთოს სისტემაში. შემსყიდველი არ არის ვალდებული, პრეტენდენტებს წარუდგინოს რაიმე მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც მიიღო ეს გადაწყვეტილება. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი არ არის ვალდებული, პრეტენდენტებს აუნაზღაუროს შესყიდვაში მონაწილეობასთან ან/და ხელშეკრულების მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯები. მუხლი 4. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები 1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები ეხება შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ შემდეგ საქმიანობას: ა) შესყიდვების კომისიის წევრებისა და შესყიდვების კომისიის აპარატის წევრების მონაწილეობას ცალკეული შესყიდვის პროცედურებში; ბ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურების ჩატარების შესახებ განცხადების, შესყიდვის ელექტრონული პროცედურების დოკუმენტაციის და სხვა მასალების მომზადებას; გ) ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოლაპარაკების გამართვას; დ) ხელშეკრულების შესრულების კონტროლსა და ზედამხედველობას. 2. ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში, შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული პირი (შემსყიდველის თანამშრომელი, კონსულტანტი, მიწვეული სპეციალისტი, ექსპერტი და სხვ.) ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აღნიშნულ შესყიდვების პროცედურაში მონაწილეობა. 3. დაუშვებელია, საწარმომ ცალკეული შესყიდვის მომზადება, განხორციელება ან/და მასზე ზედამხედველობა დააკისროს პირს ან კონსულტანტად (ექსპერტად) მიიწვიოს პირი, თუ იგი: ა) ფიზიკური პირია და არის პრეტენდენტი/მიმწოდებელი რომელიმე იურიდიული პირის ხელმძღვანელის ან უშუალო მონაწილის მიმართ ურთიერთდამოკიდებული პირი; ბ) ბოლო 2 წლის განმავლობაში მუშაობდა პრეტენდენტ/მიმწოდებელ ორგანიზაციაში; გ) ურთიერთდამოკიდებული პირია პრეტენდენტ/მიმწოდებელ იურიდიულ ან ფიზიკურ პირთან. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები ვრცელდება, აგრეთვე: ა) ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებელთა მიმართ; ბ) შერჩევა-შეფასებაში მონაწილე პირთა მიმართ; გ) შესყიდვებთან დაკავშირებულ დავებში მონაწილე პირთა მიმართ. მუხლი 5. სპეციალური წესის გამოყენება და შესყიდვის საშუალებები
მუხლი 6. შესყიდვების კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი 1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას ატარებს შესყიდვების კომისია, რომელსაც არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობოთ ქმნის ხელმძღვანელი. 2. შესყიდვების კომისიას თავმჯდომარეობს ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული შესყიდვების კომისიის ერთ-ერთი წევრი. 3. შესყიდვების კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება მიწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები. 4. შესყიდვების კომისია გადაწყვეტილებებს იღებს შესყიდვების კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. შესყიდვების კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება შესყიდვების კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს შესყიდვების კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია შესყიდვების კომისიის თავმჯდომარის ხმა. 5. შესყიდვების კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს შესყიდვების კომისიის შესაბამის სხდომის ოქმში. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება შესყიდვების კომისიის დამსწრე ყველა წევრის მიერ ოქმზე ხელმოწერის შემდეგ. ყველა ის სხდომის ოქმი, რომელიც შეიქმნება ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შემდეგ, ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში. სისტემაში ატვირთული ოქმის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ სისტემაში უკვე ატვირთული ოქმის გაუქმებითა და შეცვლილი ოქმის სისტემაში ატვირთვის გზით. 6. შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა/წერილობითი შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/წერილობითი შეტყობინების გაგზავნა სავალდებულო არ არის. მიმოწერა/წერილობითი შეტყობინება მიღებულად მიიჩნევა მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან. მუხლი 7. შესყიდვების კომისიის აპარატი 1. შესყიდვების კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, ხელმძღვანელის ბრძანებით, შემსყიდველის თანამშრომელთა შემადგენლობით იქმნება შესყიდვების კომისიის აპარატი (შემდგომში – აპარატი), რომელსაც ხელმძღვანელობს შესყიდვების კომისიის თავმჯდომარე. 2. აპარატის ფუნქცია არის შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების, დოკუმენტაციისა და შესყიდვის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ორგანიზაციული საკითხის მოგვარების უზრუნველყოფა. 3. აპარატს უფლება აქვს, მიაწოდოს პრეტენდენტებს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონულ პროცედურებთან დაკავშირებით. 4. აპარატი ვალდებულია, ყოველი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაციული მასალა აკინძოს ერთ საქმედ და უზრუნველყოს მისი შენახვა ხელშეკრულების დადებიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში. მუხლი 8. განცხადება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ 1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების (შემდგომში – განცხადება) შევსება და განთავსება ხდება სისტემის მეშვეობით. წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების ვადის ათვლა იწყება განცხადების სისტემაში განთავსებიდან. 2. განცხადებისა და დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 7 (შვიდი) კალენდარულ დღეს განცხადებისა და დოკუმენტაციის სისტემაში განთავსების მომენტიდან. ამ ვადის დასრულებიდან არანაკლებ 2 დღის განმავლობაში პრეტენდენტს შეუძლია, სისტემის საშუალებით წარადგინოს წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარდგენილი წინადადების ფასი, კლებადობის პრინციპითა და ბიჯის გათვალისწინებით. 3. განცხადებაში უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია: ა) განცხადების ნომერი; ბ) შემსყიდველის დასახელება; გ) გამოცხადების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით; დ) წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით; ე) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება; ვ) მითითება იმის შესახებ, რომ წინადადება წარდგენილი უნდა იქნეს დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში – დღგ) გათვალისწინებით, თუ – მის გარეშე; ზ) შესყიდვის ობიექტის რაოდენობა ან მოცულობა; თ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ან შესრულების ვადა; ი) ბიჯის ოდენობა, მათ შორის, ელექტრონული ვაჭრობის წესი და პირობები. 4. განცხადებაში, შესაბამისი მითითების საფუძველზე, პრეტენდენტთა მიერ წინადადების ფასის წარდგენა ხდება დღგ-ის გათვალისწინებით ან მის გარეშე. 5. განცხადებას აქვს დამატებითი ინფორმაციის ველი, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შესყიდვის ობიექტის დამატებითი აღწერის მიზნით. 6. განცხადების სისტემაში განთავსებისათვის აუცილებელია დოკუმენტაციის ატვირთვა სისტემაში. მუხლი 9. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციის სისტემაში განთავსება და დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა 1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს: ა) იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი; ბ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას, მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას; გ) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების სრულ აღწერას, მათ შორის, შესაბამის ტექნიკურ სპეციფიკაციებს, გეგმებს, ნახაზებსა და ესკიზებს (მათი არსებობის შემთხვევაში). შემსყიდველი უფლებამოსილია, შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში მიუთითოს კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, შესყიდვის ობიექტის ზუსტი აღწერის სხვა საშუალებები. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია, არ დაუშვას მსგავსი ან/და ეკვივალენტური ან/და ანალოგიური მახასიათებლების მქონე საქონლისა და მომსახურების წინადადების მიღება; დ) მეთოდებს, რომლებითაც უნდა იყოს გაანგარიშებული წინადადების ღირებულება იმის მითითებით, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი საქონლის ან მომსახურების ღირებულების გარდა, სხვა ხარჯებსაც (ტრანსპორტირება, დაზღვევა, გადასახადები და სხვა); ე) შესყიდვების კომისიის ან აპარატის იმ წევრის ვინაობასა და საკონტაქტო ინფორმაციას, რომელსაც უფლება აქვს, გასცეს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შესახებ; ვ) მითითებას შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარდგენის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 2. თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ წესის დანართით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების ტექნიკური დოკუმენტაცია შესაძლებელია სისტემაში განთავსდეს ქართულ ან ინგლისურ ენაზე. 3. შესყიდვების კომისიას უფლება აქვს, წინადადების მიღების დროის დაწყებამდე შეიტანოს ცვლილება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მონაცემებში. დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია დოკუმენტაციის გაუქმებითა და შეცვლილი დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვის გზით. დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის ცვლილება. ასეთ შემთხვევაში განცხადებისა და დოკუმენტაციის გაცნობის ვადა გრძელდება ელექტრონული პროცედურის გამოცხადებიდან შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე გასული ვადით. მუხლი 10. წინადადების წარდგენა 1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტს შეუძლია წარადგინოს წინადადება, წინადადების მიღების ვადის დაწყების ეტაპიდან წინადადების მიღების ვადის დასრულებამდე. 2. წინადადების წარდგენამდე ნებისმიერ პირს უფლება აქვს, სისტემაში გაეცნოს განცხადებასა და დოკუმენტაციას. 3. წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით. პრეტენდენტის შეთავაზება, გარდა ტექნიკური დოკუმენტაციით მოთხოვნილი მასალისა, უნდა შეიცავდეს ამ წესით გათვალისწინებულ გარანტიას. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ატვირთვის შემდგომ პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს წინადადების ფასი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას ან/და უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სულ მცირე, ერთი ბიჯით ნაკლები. ტექნიკური დოკუმენტაციის ატვირთვისა და წინადადების ფასის მითითების შემდეგ დაუშვებელია ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის შეცვლა, დამატება, გაუქმება ან წაშლა. 5. იმ შემთხვევაში, თუ განცხადებით გათვალისწინებულია წინადადების ფასის დღგ-ის გარეშე წარდგენა, პრეტენდენტი წინადადების ფასში არ ითვალისწინებს დღგ-ს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ის გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში შერჩევა-შეფასება ხორციელდება წარდგენილი წინადადების ფასების მიხედვით. შემსყიდველი ვალდებულია, ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინოს წინადადების ფასის დღგ-ის შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის პრეტენდენტი არის დღგ-ის გადამხდელი, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. 6. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს ლარში ან აშშ დოლარში ან ევროში, შესყიდვის ელექტრონული პროცედურის − „წინადადებების მიღება დასრულებულია“ − დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად. რეზიდენტი პირის შემთხვევაში ანგარიშსწორება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში, ანგარიშსწორების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ გადახდის სხვა მექანიზმზე ხელშეკრულების ხელმოწერამდე. 7. ელექტრონული ვაჭრობის წესი და პირობები განისაზღვრება ამ წესით, შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადებითა და მოქმედი კანონმდებლობით. მუხლი 11. ტექნიკური და საკვალიფიკაციო მოთხოვნები პრეტენდენტის მიმართ და შესყიდვის ობიექტის აღწერის წესი 1. შემსყიდველი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უფლებამოსილია, განსაზღვროს მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტთა ტექნიკური დოკუმენტაცია და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები. 2. შესყიდვების დოკუმენტაცია შესაძლებელია შეიცავდეს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნას, თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს. თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ნაკლებია 200 000 ლარზე, სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, რაც უნდა დასაბუთდეს შესყიდვების დოკუმენტაციაში. ასეთ შემთხვევაში, სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების რაოდენობა უნდა იყოს მინიმალური, კონკრეტული შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე. 3. ტექნიკური მოთხოვნები შეიძლება დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა პროფესიული კვალიფიკაციის, ფინანსური რესურსების, გამოცდილებისა და რეპუტაციის, ტექნიკური აღჭურვილობისა და სხვა საკითხების მიმართ. 4. შემსყიდველი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უფლებამოსილია, შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში მიუთითოს კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, შესყიდვის ობიექტის ზუსტი აღწერის სხვა საშუალებები. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია, არ დაუშვას მსგავსი ან/და ეკვივალენტური ან/და ანალოგიური მახასიათებლების მქონე საქონლისა და მომსახურების წინადადების მიღება. 5. შემსყიდველი შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარდგენის ვალდებულებას განსაზღვრავს დოკუმენტაციაში. პრეტენდენტის მიერ ნიმუშის წარუდგენლობა ან მისი შეუსაბამობა განცხადების ან/და დოკუმენტაციის მოთხოვნებთან ან სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი შეუსაბამობა გამოწვეულია პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერი ქმედებით. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუში დაზუსტებას არ ექვემდებარება. პრეტენდენტს შესყიდვის ობიექტის ნიმუში უბრუნდება გონივრულ ვადაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნიმუში მალფუჭებადი ნივთია და/ან მისი ბუნებიდან გამომდინარე დაბრუნება შეუძლებელია. 6. სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნები შეიძლება დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა მდგომარეობასთან/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით. მუხლი 12. შერჩევა/შეფასება 1. შესყიდვების კომისიის მიერ პრეტენდენტები ფასდებიან წინადადების ფასის, მათ მიერ სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიხედვით (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში), ამ პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობით. 2. პრეტენდენტის წინადადების ფასი ფასდება ელექტრონული ვაჭრობის ეტაპის დასრულების შემდგომ. შემსყიდველი შერჩევის პირველ ეტაპზე ადგენს დაბალფასიანი პრეტენდენტის მიერ ატვირთული წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის შესაბამისობას ტექნიკურ დოკუმენტაციასთან. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენი იქნა ამ წესის მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარანტიის ფორმა, პრეტენდენტი ვალდებულია, შემსყიდველის მიერ წინასწარ, ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოს გარანტიის დედნის წარდგენა. 3. იმ შემთხვევაში, თუ 2 ან მეტი პრეტენდენტის მიერ სისტემაში მითითებულია თანაბარი ფასი, უპირატესობა ენიჭება იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა მიუთითა წინადადების აღნიშნული ფასი. 4. შესყიდვების კომისიამ უნდა იმსჯელოს, შეესაბამება თუ არა წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სისტემაში განთავსებულ ტექნიკურ დოკუმენტაციას. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, შესყიდვების კომისიის გადაწყვეტილებით ხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 5. შესყიდვების კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მისი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემ(ებ)ს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობას/უზუსტობებს, რომლის/რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს, ასევე პრეტენდენტის მიერ დაშვებული მექანიკური შეცდომებისას, როგორებიცაა: არასწორი წარმოშობის წყაროს, არასწორი ჯამის ან ნამრავლის მითითება, სიტყვიერი და ციფრობრივი გამოსახულების შეუსაბამობა, რომლებიც შესაძლებელია, შესწორდეს დაზუსტების გარეშე, ერთეულის ფასის უპირატესობის პრინციპის გათვალისწინებით. ამასთან, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის ან მწარმოებლის შესახებ, ასევე არ არის ან განუფასებლადაა წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შემსყიდველი მიმართავს პრეტენდენტს მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს 10 სამუშაო დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა წარდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება, შესყიდვების კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. იმ შემთხვევაში, თუ სისტემაში მთლიანი ტექნიკური დოკუმენტაცია ატვირთულია ხარვეზის მქონე ელექტრონული დოკუმენტის სახით (რომელიც არ იკითხება), შემსყიდველს უფლება არ აქვს, პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხარვეზიანია ტექნიკური დოკუმენტაციის ისეთი ნაწილი, რომლის წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნა დასაშვებია სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნამდე. 7. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, შესყიდვების კომისია მიმართავს მას სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნით (შესყიდვების დოკუმენტაციაში ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 15 სამუშაო დღისა. 8. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, შემსყიდველის მიერ ხარჯთაღრიცხვის ან/და ფასების ცხრილის მოთხოვნა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარდგენის მოთხოვნას ან/და ხელშეკრულების დასადებად მოწვევასთან ერთად. 9. პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლების წარდგენა შემსყიდველისათვის ხდება სისტემის მეშვეობით. 10. თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებას ან/და დოკუმენტაციას ან მის მიერ სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლობის ან/და ხარვეზის მქონე მონაცემების წარდგენის შემთხვევაში ან/და ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში ან/და დადგენილ ვადაში, პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულებაზე ხელმოუწერლობის შემთხვევაში, შესყიდვების კომისია ვალდებულია, მოახდინოს ამ პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი, ამ მუხლით დადგენილი წესით, განიხილავს მომდევნო ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის წინადადებას. მუხლი 13. დისკვალიფიკაცია 1. შესყიდვების კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ ოქმი ატვირთულ უნდა იქნეს სისტემაში. 2. პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, ამ წესის მე-12 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების გათვალისწინებით, არ შეესაბამება განცხადებას ან/და დოკუმენტაციას; ბ) სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები არ შეესაბამება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს; გ) თუ პრეტენდენტი უარს იტყვის თავის წინადადებაზე; დ) თუ ის არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას ამ წესის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ ვადაში; ე) თუ ის, ამ წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არ წარადგენს შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გარანტიის დედანს ან წარადგენს დაგვიანებით; ვ) თუ, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას; ზ) თუ გამარჯვებული პრეტენდენტი არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას (ასეთი მოთხოვნის შესყიდვების დოკუმენტაციაში არსებობის შემთხვევაში) და/ან ფასების ცხრილს/ხარჯთაღრიცხვას, უარს აცხადებს ხელშეკრულების დადებაზე ან/და სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე. 3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს წინადადების ვადის დასრულების დროისთვის არ ექნება ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა სრული დაცვით ატვირთული წინადადების უზრუნველყოფის გარანტია, პრეტენდენტის შეთავაზება არ განიხილება და შესყიდვების კომისიას შეუძლია, მიმართოს წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტს. მუხლი 14. წინადადების უზრუნველყოფის გარანტია 1. პრეტენდენტი ვალდებულია, ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად წარადგინოს წინადადების უზრუნველყოფის გარანტია, ერთ-ერთი ქვემოთ მითითებული წესითა და ფორმით: ა) შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციით განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე თანხის განთავსებითა და აღნიშნულის დამადასტურებელი ქვითრის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენის გზით; ბ) ამ წესით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად, უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის, ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენის გზით. გარანტია გაცემული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული ხელშეკრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია. გარანტია ასევე შეიძლება წარდგენილი იყოს არარეზიდენტი ბანკიდან, ასეთ შემთხვევაში, გარანტიის გამცემი ბანკის რეიტინგი უნდა იყოს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს „Fitch International“-ის არანაკლებ BB- ან სხვა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს S&P, Moody’s ეკვივალენტური რეიტინგი და იგი უნდა იყოს დამოწმებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ. 2. გარანტიის ოდენობა შეადგენს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 3 (სამი) პროცენტს. 3. გარანტია დაბრუნებას ექვემდებარება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების ან შესყიდვის ელექტრონული პროცედურის უარყოფითი შედეგით დასრულების ან შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებლის/პრეტენდენტის შესაბამისი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. 4. გარანტია პრეტენდენტს არ დაუბრუნდება, თუ: ა) გამარჯვების შემდეგ უარს იტყვის ან სხვაგვარი ქმედებით უარს განაცხადებს შემსყიდველთან ხელშეკრულების გაფორმებაზე; ბ) პრეტენდენტი, გამარჯვების შემთხვევაში, არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას; გ) მოხდება მისი დისკვალიფიკაცია, შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დროს არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო; დ) პრეტენდენტი უარს იტყვის თავის სატენდერო წინადადებაზე; ე) პრეტენდენტი არ წარადგენს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს ან/და წარადგენს ხარვეზის მქონე სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს. მუხლი 15. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარებისა და ერთ პირთან მოლაპარაკების შედეგად ხელშეკრულების დადება და სისტემაში ატვირთვა 1. ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადებით განსაზღვრული პირობებისა და დოკუმენტაციის საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველს შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც ატვირთულ უნდა იქნეს სისტემაში. 2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით დაფიქსირებულ საბოლოო ფასს. 3. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში, შესყიდვების კომისიას უფლება აქვს, განიხილოს საუკეთესო ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტის წინადადება ან შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, ამ წესის შესაბამისად. 4. წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, წარუდგინოს შემსყიდველს წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობის გარანტია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ანგარიშსწორება ხორციელდება დოკუმენტური აკრედიტივის ფორმით. გარდა ამისა, წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არ არის საქართველოს რეზიდენტი და შესყიდვის საავანსო ანგარიშსწორების ღირებულება არ აღემატება 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს, მიმწოდებელი შესაძლებელია, გათავისუფლდეს წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან. 5. ხელშეკრულების შესრულების გარანტიის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს. ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%- ზე მეტით დაბალია შესაბამისი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ოდენობა განისაზღვრება 10%- ის ოდენობით. გარანტია გაცემული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული ხელშეკრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია. გარანტია ასევე შეიძლება წარდგენილი იყოს არარეზიდენტი ბანკიდან, ასეთ შემთხვევაში გარანტიის გამცემი ბანკის რეიტინგი უნდა იყოს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს „Fitch International“-ის არანაკლებ BB- ან სხვა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს S&P, Moody’s ეკვივალენტური რეიტინგი და იგი უნდა იყოს დამოწმებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ. შესყიდვების კომისიის გადაწყვეტილებით, ამ პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარდგენისაგან შესაძლებელია გათავისუფლდეს პოტენციური მიმწოდებელი, მისი საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლის/მომსახურების ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით. 6. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს ლარში ან აშშ დოლარში ან ევროში, შესყიდვის ელექტრონული პროცედურის − „წინადადებების მიღება დასრულებულია“ − დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად. რეზიდენტი პირის შემთხვევაში ანგარიშსწორება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში, ანგარიშსწორების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ გადახდის სხვა მექანიზმზე ხელშეკრულების ხელმოწერამდე. 7. ხელშეკრულების შესრულების გარანტია, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შესყიდვის შემთხვევაში, შესაძლებელია წარედგინოს შემსყიდველს ხელშეკრულების დადების შემდგომ, ხოლო შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საშუალებით შესყიდვის შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარდგენილ უნდა იქნეს ხელშეკრულების დადებამდე. 8. მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 9. შემსყიდველს არ აქვს ვალდებულება, ამ წესით განხორციელებულ შესყიდვებზე უზრუნველყოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით შესყიდვების გეგმის წარდგენა. 10. შემსყიდველი უფლებამოსილია, პოტენციურ მიმწოდებელთან აწარმოოს მოლაპარაკებები და ამ წესის მე-5 მუხლის მე-2-4პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დადოს ხელშეკრულება ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით. მუხლი 16. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები 1. თუ შემსყიდველის მიერ სხვა რამ არ არის განსაზღვრული, შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემდეგი აუცილებელი პირობები: ა) ხელშეკრულების მხარეების ზუსტი დასახელება და რეკვიზიტები; ბ) ხელშეკრულების ობიექტის დასახელება, ტექნიკური პარამეტრები, ძირითადი მახასიათებლები და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რაოდენობა, ერთეულის ან/და მთლიანი ღირებულება; გ) შესყიდვის ობიექტის ერთეულის ფასი და ხელშეკრულების ჯამური ღირებულება (ფასნამატების, გადასახადების, ტრანსპორტირების, დაზღვევისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით); დ) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების ხარისხი. საჭიროების შემთხვევაში, არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობა; ე) საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის ვადები ან/და ეტაპობრივი ვადები და ადგილი; ვ) საქონლის ან მომსახურების მიღება-ჩაბარების წესი; ზ) ანგარიშსწორების ფორმა და გრაფიკი (ვადები), მათ შორის, ავანსი; თ) ხელშეკრულების შესრულების გარანტია (ამ მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში); ი) მხარეთა უფლება-მოვალეობანი; კ) მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის; ლ) ფორსმაჟორული სიტუაციები; მ) ხელშეკრულების პირობების, მათ შორის, ფასების გადასინჯვის შესაძლებლობა; ნ) ხელშეკრულების მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების მოგვარების წესი; ო) ხელშეკრულების მოქმედების ვადა; პ) შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ინსპექტირების პირობები (არსებობის შემთხვევაში). 2. შემსყიდველის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების დადება შესაძლებელია როგორც ქართულ ენაზე, ისე ქართულ და უცხოურ ენებზე ერთად. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები შესაძლებელია, არ გავრცელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შერჩეულ მიმწოდებლებთან გასაფორმებელ ხელშეკრულებებზე. მუხლი 17. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი 1. შემსყიდველის მხრიდან შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ საქონლის ან/და მომსახურების მიწოდების დამადასტურებელ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის საფუძველს წარმოადგენს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების ინსპექტირების განმახორციელებელი ჯგუფის მიერ მომზადებული საქონლის ან/და მომსახურების მიწოდების შესახებ შედგენილი დადებითი დასკვნა. 2. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებელი ინსპექტირების ჯგუფის ფუნქციებია: ა) საქონლისა და მომსახურების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების ჯეროვანი შესრულების კონტროლი, უფლებამოსილი პირის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერამდე დადგენილი მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების შესრულებასთან შესაბამისობის დადასტურება; ბ) საქონლის ან/და მომსახურების მიმწოდებელთან ანგარიშსწორების პროცესის რეგულირება; გ) საჭიროების შემთხვევაში, ხელშეკრულების მიმდინარეობის ამსახველი პერიოდული დოკუმენტაციის წარმოება; დ) ხელშეკრულების მიმდინარეობის კონტროლის მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება. 3. უფლებამოსილი პირის მიერ ჩასაბარებელი საქონლის ან/და მომსახურების შესახებ მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, აუცილებლობის შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, შემსყიდველის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (მომთხოვნის) ხელმძღვანელი შესყიდული საქონლის ან/და მომსახურების მოთხოვნასთან შესაბამისობას ადასტურებს ინსპექტირების ჯგუფის მიერ მომზადებულ დასკვნაზე ხელმოწერით. 4. შემსყიდველი უფლებამოსილია, აწარმოოს საქონლის ან მომსახურების ხარისხის ინსპექტირება შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის, ქვეკონტრაქტორების მიერ მიწოდებული საქონლის ან/და მომსახურების ინსპექტირება. 5. ყველა გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრასა და ხელახალ ინსპექტირებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 18. წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დანართი შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ მიერ შესასყიდი საქონლის ჩამონათვალი
შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ მიერ შესასყიდი მომსახურების ჩამონათვალი
|
დოკუმენტის კომენტარები