არაავტომატური აწონის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

არაავტომატური აწონის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 481
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.024876
481
31/12/2024
ვებგვერდი, 31/12/2024
240110000.10.003.024876
არაავტომატური აწონის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №481

2024 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

არაავტომატური აწონის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − არაავტომატური აწონის საშუალებების შესახებ“ (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი).
მუხლი 2
სსიპ – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო აქვეყნებს სტანდარტ(ებ)ს (სტანდარტების დასახელებას), რომელიც უზრუნველყოფს ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებას.
მუხლი 3
ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოდ განისაზღვროს სსიპ – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
მუხლი 4
1. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია, შეამოწმოს საქართველოს ბაზარზე განთავსებული არაავტომატური აწონის საშუალებების შესაბამისობა ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან და, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები არაავტომატური აწონის საშუალებების შესაბამისობაში მოსაყვანად.

2. შესაბამისი ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, ითანამშრომლოს სააგენტოსთან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად და უზრუნველყოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს წარმომადგენლის დაშვება პროდუქტის რეალიზაციის ადგილებში, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს მას პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტები.

მუხლი 5
1. სსიპ – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) უფლებამოსილია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკების მართვის სისტემაზე დაყრდნობით, შეაჩეროს პროდუქტი და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განხორციელების მიზნით. ამავე მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკის ანალიზზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიმართოს პროდუქტის შეჩერების თაობაზე. ასეთ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახური ვალდებულია, შეაჩეროს პროდუქტი ამ მუხლით გათვალისწინებული, პროდუქტის შემოწმებისათვის განსაზღვრული ვადით და არ დაუშვას იმპორტის გზით ასეთი პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსება.

2. სააგენტო უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით, საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობა, შემოსავლების სამსახურიდან ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელია ლაბორატორიული კვლევა.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში აიღოს პროდუქტის ნიმუში, მისი შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოცდის მიზნით.

4. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელია ნიმუშის ლაბორატორიული კვლევა, სააგენტო პროდუქტის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობას ადგენს პროდუქტის ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შესაბამისი საექსპერტო დასკვნის სააგენტოში წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლით გათვალისწინებულ ვადაში დადგინდება, რომ პროდუქტი არ შეესაბამება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ან/და ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს ან/და შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს, შემოსავლების სამსახური ვალდებულია, არ დაუშვას ასეთი პროდუქტის იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსება.

6. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ვერ ხორციელდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) ან სხვა საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრა, საქონლის მიმართ, საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით, ხორციელდება საქართველოს საბაჟო კოდექსის XV თავით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებები, საქონლის მფლობელის/იმპორტიორის ხარჯით.

მუხლი 6
ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს მიიჩნევა, რომ ასევე აკმაყოფილებს „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებული ქვეყნების მოთხოვნებთან შესაბამისობა, რომელიც დასტურდება ამავე ქვეყნებში შესაბამისობის შეფასებისთვის დადგენილი წესით, მათ შორის, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტებით. აღნიშნული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.

 

მუხლი 7
1. დადგენილება, გარდა დადგენილების მე-3, მე-4 მუხლებისა და ამ მუხლისა, ამოქმედდეს 2028 წლის 1 დეკემბრიდან.

2. დადგენილების მე-3, მე-4 მუხლები და ეს მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. დადგენილების მე-4 მუხლი ძალაშია 2028 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



ტექნიკური რეგლამენტი − არაავტომატური აწონის საშუალებების შესახებ

მუხლი 1. მოქმედების სფერო

1 . ეს ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს ბაზარზე ხელმისაწვდომი არაავტომატური აწონის საშუალების დაპროექტებისა და წარმოების მოთხოვნებს მომხმარებელთა ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და უფლებების უზრუნველყოფის მიზნით. ეს ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება არაავტომატური აწონის საშუალებებზე.

 2. ამ რეგლამენტის მიზნებისათვის არაავტომატური აწონის საშუალებები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) პროდუქტის მასის დადგენა კომერციული ოპერაციებისთვის;

ბ) მასის დადგენა საბაჟო, საგამოძიებო და სასამართლო მიზნებისთვის;

გ) მასის დადგენა სამედიცინო სფეროში პაციენტის აწონისთვის მისი მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიზნით;

დ) ნივთიერებების მასის დადგენა აფთიაქში რეცეპტით მედიკამენტების დასამზადებლად და  მასის დადგენა სამედიცინო ან/და ფარმაცევტულ ლაბორატორიებში ჩატარებულ ანალიზებში;

ე) ყველა სხვა მიზნით, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის  მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებში.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სხეულის მასა – პროდუქტის, პაციენტის ან/და ნივთიერების მასა;

 ბ)  აწონის საშუალება - გაზომვის საშუალება, რომელიც გამოიყენება სხეულის მასის განსაზღვრისათვის ამ სხეულზე გრავიტაციის მოქმედებით. აწონის საშუალება ასევე შეიძლება გამოიყენებოდეს მასასთან დაკავშირებული სხვა სიდიდეების, რაოდენობების, პარამეტრების ან მახასიათებლების განსაზღვრისათვის;

გ)  არაავტომატური აწონის საშუალება (არაავტომატური სასწორი) – აწონის საშუალება, რომელიც საჭიროებს ოპერატორის ჩარევას აწონის დროს;

დ) ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა – არაავტომატური აწონის საშუალების ნებისმიერი მიწოდება დისტრიბუციისათვის ან მოხმარებისათვის  კომერციული აქტივობის ფარგლებში, სასყიდლის მიღების მიზნით ან უსასყიდლოდ;

ე)  ბაზარზე განთავსება – საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, არაავტომატური აწონის საშუალების ბაზარზე პირველად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

 ვ) ბაზრიდან გამოთხოვა – ქმედება, რომელიც მიმართულია არაავტომატური აწონის საშუალების დაბრუნებისკენ, რომელიც მწარმოებლის ან დისტრიბუტორის მიერ უკვე მიწოდებულია ან სხვაგვარად არის ხელმისაწვდომი მომხმარებლისათვის;

ზ) ბაზრიდან ამოღება – ქმედება, რომელიც მიმართულია არაავტომატური აწონის საშუალების დისტრიბუციის, მომხმარებლისათვის შეთავაზების ან მიწოდების შეწყვეტისაკენ;

თ)  მწარმოებელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აპროექტებს და აწარმოებს არაავტომატური აწონის საშუალებას და საკუთარი სახელით ან სავაჭრო ნიშნით ახდენს მის რეალიზებას;

ი) ავტორიზებული წარმომადგენელი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც წერილობით ავტორიზებულია მწარმოებლის მიერ მისი სახელით ან/და სავაჭრო ნიშნით განახორციელოს განსაზღვრული ფუნქციები;

კ)   იმპორტიორი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს ბაზარზე განათავსებს სხვა ქვეყანაში წარმოებულ არაავტომატურ აწონის საშუალებას;

ლ) დისტრიბუტორი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი (გარდა მწარმოებლისა და იმპორტიორისა), რომელიც უზრუნველყოფს არაავტომატური აწონის საშუალების ბაზარზე ხელმისაწვდომობას;

მ) ეკონომიკური ოპერატორი – მწარმოებელი, ავტორიზებული წარმომადგენელი, იმპორტიორი და დისტრიბუტორი;

ნ) ტექნიკური სპეციფიკაცია – დოკუმენტი, რომელიც შეიცავს იმ ტექნიკურ მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს  არაავტომატური აწონის საშუალება;

ო) ნოტიფიცირებული ორგანო – კანონმდებლობით უფლებამოსილი ან შესაბამისი ფორმით აკრედიტებული ორგანო, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის მიერ (ან სხვა ქვეყნის, რომელსაც ევროკავშირთან გააჩნია სპეციფიკური შეთანხმება) მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, განახორციელოს პროდუქტის ევროკავშირის ჰარმონიზებულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა, მისი ბაზარზე განთავსებამდე. ნოტიფიცირებული ორგანოების ჩამონათვალს აქვეყნებს ევროკომისია.

2. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებზე, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტერმინებისა, ვრცელდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ტერმინთა განმარტებები.

მუხლი 3. ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

1.   ბაზარზე ხელმისაწვდომი არაავტომატური აწონის საშუალებები დანიშნულებისამებრ გამოყენებისას, სათანადო შენახვისა და გამოყენების პირობებში უნდა აკმაყოფილებდნენ ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.

2. არაავტომატური აწონის საშუალებები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს არ დაიშვება ბაზარზე ამ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიზნობრიობით.

მუხლი 4. ძირითადი მოთხოვნები

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი  მუხლის  მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებში მითითებული მიზნობრიობით გამოყენებული ან გამოსაყენებლად გამიზნული არაავტომატური აწონის საშუალება უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით დადგენილ ძირითად მოთხოვნებს.

2. თუ არაავტომატური აწონის საშუალება მოიცავს ან მიერთებულია მოწყობილობასთან,  რომელიც არ გამოიყენება ან არ არის გამიზნული გამოსაყენებლად  რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-დ“ ქვეპუნქტებში მითითებული მიზნობრიობით, ასეთ მოწყობილობაზე არ ვრცელდება ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით დადგენილი ძირითადი მოთხოვნები.

მუხლი 5. მწარმოებლის ვალდებულებები

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„დ“  ქვეპუნქტებში მითითებული მიზნობრიობით არაავტომატური აწონის საშუალების ბაზარზე განთავსებისას მწარმოებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ ისინი დაპროექტებული და წარმოებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებში მითითებული მიზნობრიობით გამოყენებისათვის განკუთვნილი არაავტომატური აწონის საშუალებებისათვის მწარმოებელმა უნდა შეადგინოს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით განსაზღვრული ტექნიკური დოკუმენტაცია და განახორციელოს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-12 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისობის შეფასების პროცედურა. თუ შესაბამისობის შეფასების პროცედურის შედეგად დადასტურებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიზნობრიობისათვის განკუთვნილი არაავტომატური აწონის საშუალებების შესაბამისობა სათანადო მოთხოვნებთან, მწარმოებელმა უნდა შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია და  დაიტანოს  ნიშანდება და დამატებითი მეტროლოგიური ნიშანდება.

3. ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული  მიზნობირიობისათვის განკუთვნილი არაავტომატური აწონის საშუალებების ტექნიკური დოკუმენტაცია და შესაბამისობის დეკლარაცია მწარმოებელმა უნდა შეინახოს არაავტომატური აწონის საშუალებების ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში.

4.  მწარმოებელი ვალდებულია სერიული წარმოებისას დანერგოს ყველა აუცილებელი პროცედურა რათა არაავტომატური აწონის საშუალება აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მწარმოებელმა უნდა გაითვალისწინოს არაავტომატური აწონის საშუალებების პროექტის ან მახასიათებლების ცვლილებები, ასევე იმ სტანდარტების ან სხვა ტექნიკური სპეციფიკაციების ცვლილებები, რომელთა გათვალისწინებითაც შედგა შესაბამისობის დეკლარაცია.

5. საჭიროების შემთხვევაში, ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის  მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული  მიზნობრიობისათვის განკუთვნილი არაავტომატური აწონის საშუალების რისკებთან მიმართებით, მწარმოებელი ვალდებულია განახორციელოს ბაზარზე ხელმისაწვდომი არაავტომატური აწონის საშუალების ნიმუშების გამოცდა, კვლევა და საჭიროების შემთხვევაში აწარმოოს საჩივრებისა და შეუსაბამო და გამოთხოვილი არაავტომატური აწონის საშუალებების  შესახებ რეესტრი.   აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობოს დისტრიბუტორებს.

6. მწარმოებელი ვალდებულია არაავტომატური აწონის საშუალებებზე იდენტიფიცირების მიზნით, უზურნველყოს მასზე შესაბამისი ტიპის, პარტიის ან სერიული ნომრების ან სხვა ელემენტების დატანა, რაც ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართის შესაბამისად, იძლევა მათი იდენტიფიკაციის საშუალებას.

7. ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიზნობრიობისათვის განკუთვნილი არაავტომატური აწონის საშუალებისათვის მწარმოებელმა უნდა დაიტანოს აღნიშვნები ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართის პირველი პუნქტის შესაბამისად.

8. არაავტომატური აწონის საშუალებისათვის, რომლებიც არ არის განკუთვნილი ამ რეგლამენტის პირველი მუხლის  მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული  მიზნობრიობისათვის  მწარმოებელმა უნდა დაიტანოს აღნიშვნები ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

9. თუ ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის  მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული  მიზნობრიობისათვის განკუთვნილი არაავტომატური აწონის საშუალებები მოიცავს ან მიერთებულია მოწყობილობებთან, რომლებიც არ გამოიყენება ან არ არის გამიზნული ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის  მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიზნობრიობით გამოსაყენებლად, მწარმოებელმა თითოეულ ასეთ მოწყობილობაზე უნდა დაიტანოს შეზღუდული გამოყენების სიმბოლო, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-17 მუხლისა და III დანართის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

10. მწარმოებელი ვალდებულია არაავტომატურ აწონის საშუალებაზე დაიტანოს საკუთარი სახელი, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და მისამართი. მისამართი უნდა შეიცავდეს საკონტაქტო მისამართს, რომელზეც შესაძლებელი იქნება მწარმოებელთან დაკავშირება. საკონტაქტო ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

11. მწარმოებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის  მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული  მიზნობრიობისათვის განკუთვნილი არაავტომატური აწონის საშუალებებს თან ახლდეს შესაბამისი ინსტრუქციები და ინფორმაცია ქართულ ენაზე. აღნიშნული ინსტრუქციები და ინფორმაცია, ისევე როგორც ყველა სახის ნიშანდება უნდა იყოს ცხადი, მკაფიო და გასაგები.

12. მწარმოებელი, რომელსაც აქვს ინფორმაცია ან/და საფუძვლიანი ეჭვი  რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული არაავტომატური აწონის საშუალება არ შეესაბამება ამ ტექნიკურ რეგლამენტის მოთხოვნებს, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ გაატაროს საჭირო მაკორექტირებელი ზომები პროდუქტის ამ ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობაში მოსაყვანად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს რეალიზაციის შეჩერება, პროდუქტის ბაზრიდან ამოღება ან ბაზრიდან გამოთხოვა. გარდა ამისა, თუ არაავტომატური აწონის საშუალება წარმოადგენს რისკს, მწარმოებელი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს  და მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია სააგენტოს კერძოდ, შეუსაბამობისა და გატარებული მაკორექტირებელი ზომების შესახებ. 

13. მწარმოებელი ვალდებულია, სააგენტოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე მატერიალური ან ელექტრონული ფორმით მიაწოდოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ ენაზე შევსებული ყველა ის ინფორმაცია და დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია პროდუქტის ამ ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის დასადასტურებლად. მწარმოებელი ვალდებულია მოთხოვნის საფუძველზე ითანამშრომლოს სააგენტოსთან იმ ზომებთან დაკავშირებით, რომლებიც მიღებულ იქნა მათ მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტისგან წარმოშობილი რისკების თავიდან ასარიდებლად.

მუხლი 6. ავტორიზებული წარმომადგენელი

1. მწარმოებელს შეუძლია წერილობითი მანდატის საფუძველზე დანიშნოს ავტორიზებული წარმომადგენელი.

2. ავტორიზებულ წარმომადგენელზე არ ვრცელდება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოქმედება.

3. ავტორიზებული წარმომადგენელი ვალდებულია განახორციელოს მწარმოებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით გათვალისწინებული ფუნქციები. უფლებამოსილება ავტორიზებულ წარმომადგენელს უნდა აძლევდეს შესაძლებლობას განახორციელოს არანაკლებ შემდეგი ფუნქციები:

ა) ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთვის წარსადგენად შეინახოს შესაბამისობის დეკლარაცია და ტექნიკური დოკუმენტაცია პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში;

ბ) ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე წარუდგინოს პროდუქტის შესაბამისობის დამადასტურებელი საჭირო ყველა დოკუმენტაცია და ინფორმაცია;

გ) შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, ითანამშრომლოს სააგენტოსთან არაავტომატური აწონის საშუალებიდან გამოწვეული რისკების აღმოფხვრის მიზნით განხორციელებული/ განსახორციელებელი  ნებისმიერი ღონისძიების ფარგლებში.

მუხლი 7. იმპორტიორის ვალდებულებები

1. იმპორტიორი ვალდებულია ბაზარზე განათავსოს მხოლოდ ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისი არაავტომატური აწონის საშუალებები.

2. ამ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული  მიზნობრიობისათვის განკუთვნილი არაავტომატური აწონის საშუალებების ბაზარზე განთავსებამდე, იმპორტიორი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ მწარმოებლის მიერ განხორციელებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-12 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისობის შეფასების პროცედურა. იმპორტიორი ასევე ვალდებულია, დარწმუნდეს, რომ მწარმოებლის მიერ შედგენილია შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია, არაავტომატური აწონის საშუალებაზე დატანილია  ნიშანდება და დამატებითი მეტროლოგიური ნიშანდება, აწონის საშუალებას თან ახლავს საჭირო დოკუმენტაცია და მწარმოებელის მიერ შესრულებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-6-მე-10  პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები.

3. თუ  იმპორტიორს აქვს ინფორმაცია ან/და საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული  მიზნობრიობით გამოყენებისთვის განკუთვნილი არაავტომატური აწონის საშუალება არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით დადგენილ მოთხოვნებს, იგი ვალდებულია არ განათავსოს არაავტომატური აწონის საშუალება ბაზარზე სანამ იგი არ იქნება მოყვანილი შესაბამისობაში. ამასთანავე, თუ არაავტომატური აწონის საშუალება რისკის შემცველია, იმპორტიორი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს მწარმოებელს და ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს. იმ არაავტომატური აწონის საშუალებების ბაზარზე განთავსების შემთხვევაში, რომლებიც არ გამოიყენება ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის  მე-2 პუნქტის ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიზნობრიობით, იმპორტიორი უნდა დარწმუნდეს, რომ მწარმოებლის მიერ დაცულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-6-მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

4. იმპორტიორმა არაავტომატური აწონის საშუალებაზე უნდა დაიტანოს საკუთარი სახელი, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და საფოსტო მისამართი, რომელზეც შესაძლებელი იქნება მასთან დაკავშირება, ხოლო თუ ამისათვის საჭიროა შეფუთვის გახსნა,   მაშინ დატანილი უნდა იქნეს შეფუთვაზე და თანმხლებ დოკუმენტაციაში. საკონტაქტო ინფორმაცია მოცემული უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

5. იმპორტიორმა უნდა უზრუნველყოს, რომ ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის  მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული  მიზნობრიობით  გამოყენებისათვის განკუთვნილ არაავტომატურ აწონის საშუალებებს თან ახლდეს ინსტრუქციები და უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია ქართულ ენაზე.

6. იმპორტიორი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის  მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული  მიზნობრიობით  გამოყენებისათვის განკუთვნილი არაავტომატური აწონის საშუალების მისი პასუხისმგებლობის ქვეშ ყოფნის პერიოდში, დასაწყობებისა და ტრანსპორტირების პირობები საფრთხეს არ შეუქმნის მის შესაბამისობას ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით გათვალისწინებულ  მოთხოვნებთან.

7. საჭიროების შემთხვევაში, როდესაც ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიზნობრიობით გამოყენებისათვის განკუთვნილი არაავტომატური აწონის საშუალება შეიცავს რისკს, იმპოტიორი ვალდებულია განახორციელოს ბაზარზე განთავსებული არაავტომატური აწონის საშუალებების ნიმუშების შემოწმება, გამოიკვლიოს  და საჭიროების შემთხვევაში, აწარმოოს საჩივრების, შეუსაბამო და ამოღებული არაავტომატური აწონის საშუალებების რეესტრი და  ამგვარი მონიტორინგის შესახებ აცნობოს დისტრიბუტორებს.

8. იმპორტიორი, რომელიც მიიჩნევს, ან აქვს მიზეზი ჩათვალოს, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული არაავტომატური აწონის საშუალება  არ შეესაბამება ამ ტექნიკურ რეგლამენტს, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ გაატაროს ყველა აუცილებელი  მაკორექტირებელი ზომა პროდუქტის  შესაბამისობაში მოსაყვანად, მოახდინოს არაავტომატური აწონის საშუალების ბაზრიდან ამოღება ან გამოთხოვა, იმ შემთხვევაში, როდესაც არაავტომატური აწონის საშუალება რისკის შემცველია, იმპორტიორი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს, მიაწოდოს შესაბამისი  ინფორმაცია შეუსაბამობისა და გატარებული მაკორექტირებელი ზომების შესახებ. 

9. ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის  მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული  მიზნობრიობით გამოყენებისათვის განკუთვნილი არაავტომატური აწონის საშუალების შემთხვევაში  იმპორტიორი ვალდებულია არაავტომატური საშუალებების ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში შეინახოს შესაბამისობის დეკლარაციის ასლი ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთვის წარსადგენად და უზრუნველყოს, რომ სათანადო მოთხოვნის შემთხვევაში ტექნიკური დოკუმენტაცია მიეწოდოს ამ ორგანოს.

10. იმპორტიორი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე მატერიალური ან ელექტრონული ფორმით წარუდგინოს ქართულ ენაზე ყველა ის ინფორმაცია და დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია არაავტომატური აწონის საშუალების ამ ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის დასადასტურებლად. იმპორტიორი ვალდებულია მოთხოვნის საფუძველზე ითანამშრომლოს სააგენტოსთან  იმ ზომებთან დაკავშირებით, რომლებიც მიღებულ იქნა მათ მიერ ბაზარზე განთავსებული არაავტომატური აწონის საშუალებებისგან წარმოშობილი რისკების თავიდან ასარიდებლად.

მუხლი 8.დისტრიბუტორის ვალდებულებები

1. არაავტომატური აწონის საშუალების ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისას  დისტრიბუტორი ვალდებულია დაიცვას ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის  მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული  მიზნობრიობით გამოყენებისათვის განკუთვნილი არაავტომატური აწონის საშუალებების ბაზარზე განთავსებამდე, დისტრიბუტორი ვალდებულია დარწმუნდეს,  რომ არაავტომატურ აწონის საშუალებაზე დატანილია  ნიშანდება და დამატებითი მეტროლოგიური ნიშანდება, არავტომატურ აწონის საშუალებასთან ახლავს საჭირო დოკუმენტაცია, ინსტრუქციები და ინფორმაცია ქართულ ენაზე და მწარმოებელის და იმპორტიორის მიერ შესრულებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-6 -მე-10 და მე-7 მუხლის მე-4 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები.

3. თუ დისტრიბუტორს აქვს ინფორმაცია ან/და საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის  მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული  მიზნობრიობით გამოყენებისათვის განკუთვნილი არაავტომატური აწონის საშუალება არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით დადგენილ მოთხოვნებს, იგი ვალდებულია არ განათავსოს არაავტომატური აწონის საშუალება ბაზარზე, სანამ იგი არ იქნება მოყვანილი შესაბამისობაში. ამასთანავე, თუ არაავტომატური აწონის საშუალება შეიცავს რისკს, დისტრიბუტორი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს მწარმოებელს ან იმპორტიორს და ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს.

4. იმ არაავტომატური აწონის საშუალების ბაზარზე განთავსებამდე, რომელიც არ არის განკუთვნილი ამ  რეგლამენტის პირველი მუხლის  მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული  მიზნობრიობით გამოყენებისათვის, დისტრიბუტორი უნდა დარწმუნდეს, რომ მწარმოებელის და იმპორტიორის მიერ შესრულებულია ამ ტექნიკური რეგლამნეტის  მე-5  მუხლის მე-6-მე-10 პუნქტებით და მე-7  მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.

5. დისტრიბუტორი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ რეგლამენტის პირველი მუხლის  მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული  მიზნობრიობით  გამოყენებისათვის განკუთვნილი არაავტომატური აწონის საშუალების მისი პასუხისმგებლობის ქვეშ ყოფნის პერიოდში, დასაწყობებისა და ტრანსპორტირების პირობები საფრთხეს არ შეუქმნის მის შესაბამისობას I დანართით გათვალისწინებულ ძირითად მოთხოვნებთან.

6. დისტრიბუტორს, რომელსაც აქვს ინფორმაცია ან/და საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული არაავტომატური აწონის საშუალება არ შეესაბამება ამ ტექნიკურ რეგლამენტს, ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა საჭირო მაკორექტირებელი ზომა არაავტომატური აწონის საშუალების შესაბამისობაში მოსაყვანად, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, გამოითხოვოს ან ამოიღოს ბაზრიდან. იმ შემთხვევაში, როდესაც არაავტომატური აწონის საშუალება რისკის შემცველია, დისტრიბუტორმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს, მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია შეუსაბამობისა და გატარებული მაკორექტირებელი ზომების შესახებ.

7. დისტრიბუტორი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, ქართულ ენაზე მიაწოდოს ყველა ის ინფორმაცია და დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია არაავტომატური აწონის საშუალების შესაბამისობის დასადასტურებლად. დისტრიბუტორი ვალდებულია მოთხოვნის საფუძველზე ითანამშრომლოს სააგენტოსთან იმ ზომებთან დაკავშირებით, რომლებიც მიღებულ იქნა მათ მიერ ბაზარზე განთავსებული არაავტომატური აწონის საშუალებებისგან წარმოშობილი რისკების თავიდან ასარიდებლად.

მუხლი 9. იმპორტიორსა და დისტრიბუტორზე მწარმოებლის ვალდებულებების გავრცელების შემთხვევები

ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის, იმპორტიორი ან დისტრიბუტორი უნდა ჩაითვალოს მწარმოებლად და მასზე უნდა გავრცელდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლით განსაზღვრული მწარმოებლის ვალდებულებები, როდესაც ისინი არაავტომატურ აწონის საშუალებას ბაზარზე განათავსებენ თავისი სახელით ან სავაჭრო ნიშნით ან განახორციელებენ ბაზარზე უკვე განთავსებული არაავტომატური აწონის საშუალების იმგვარ გადაკეთებას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ რეგლამენტით მისთვის გათვალისწინებულ მოთხოვნებთან  შესაბამისობაზე.

მუხლი 10. ეკონომიკური ოპერატორების იდენტიფიკაცია

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის  მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული  მიზნობრიობით გამოყენებისათვის განკუთვნილი არაავტომატური აწონის საშუალებისათვის ეკონომიკურმა ოპერატორმა მოთხოვნის საფუძველზე ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს უნდა მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ინფორმაცია ნებისმიერი ეკონომიკური ოპერატორის შესახებ, რომელმაც მას მიაწოდა არაავტომატური აწონის საშუალება;

ბ) ინფორმაცია ნებისმიერი ეკონომიკური ოპერატორის შესახებ, რომელსაც მან მიაწოდა არაავტომატური აწონის საშუალება.

2. ეკონომიკურ ოპერატორს უნდა შეეძლოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფრომაციის წარდგენა 10 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მას მიაწოდეს ან თვითონ მიაწოდა სხვა პირს არაავტომატური აწონის საშუალება.

მუხლი 11. არაავტომატური აწონის საშუალების შესაბამისობის პრეზუმფცია

არაავტომატური აწონის საშუალება, რომელიც შესაბამისობაშია სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნების შესრულებისათვის გამოქვეყნებულ სტანდარტებთან ან მათი ნაწილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, მიიჩნევა, რომ ასევე შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით განსაზღვრულ ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც ფარავს აღნიშნული სტანდარტები ან მათი ნაწილები.

მუხლი 12. შესაბამისობის შეფასების პროცედურები

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით  განსაზღვრულ  მოთხოვნებთან შესაბამისობა შეიძლება მიღწეულ იქნეს ქვემოთ მოცემული შესაბამისობის შეფასების პროცედურებიდან მწარმოებლის მიერ შერჩეული ერთ-ერთი პროცედურის გამოყენებით:

ა) მოდული B, ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის  პირველი პუნქტის შესაბამისად, რომელსაც თან მოჰყვება მოდული D, ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად ან მოდული F, ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისად. არაავტომატური აწონის საშუალებებისათვის, რომლებიც არ იყენებს ელექტრონულ მოწყობილობებს და რომლის ტვირთის საზომი მოწყობილობა არ იყენებს ზამბარას ტვირთის დაბალანსებისთვის, მოდული B არ არის სავალდებულო. არაავტომატური აწონის საშუალებებისათვის, რომლებიც არ დაექვემდებარება B მოდულს, უნდა იქნეს გამოყენებული მოდული D1, ამ ტექნიკური რეგლამენტის II  დანართის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ან მოდული F1, ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის მე-5 პუნქტის შესაბამისად;

ბ) მოდული G, ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის მე-6 პუნქტის შესაბამისად.

2. შესაბამისობის შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტები და კორესპონდენცია  უნდა იყოს შედგენილი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ  ენაზე.

მუხლი 13. შესაბამისობის დეკლარაცია

1. შესაბამისობის დეკლარაცია უნდა შეიცავდეს განაცხადს იმის შესახებ, რომ შესრულებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართის დადგენილი  მოთხოვნები.

2. შესაბამისობის დეკლარაციას უნდა ჰქონდეს ამ ტექნიური რეგლამენტის IV დანართით გათვალისწინებული ფორმა, უნდა შეიცავდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით განსაზღვრული შესაბამისი მოდულებით გათვალისწინებულ ელემენტებს და ექვემდებარებოდეს მუდმივ განახლებას. შესაბამისობის დეკლარაცია შედგენილი უნდა იყოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ ენაზე.

3. თუ არაავტომატურ აწონის საშუალებაზე ვრცელდება რამდენიმე ნორმატიული აქტი, რომლებიც მოითხოვს შესაბამისობის დეკლარაციის შედგენას, ამ შემთხვევაში უნდა შედგეს  ერთი შესაბამისობის დეკლარაცია  ყველა ამ აქტის გათვალისწინებით. აღნიშნული დეკლარაცია უნდა შეიცავდეს ზემოხსენებული აქტების შესახებ ინფორმაციას, მათი რეკვიზიტების ჩათვლით.

4. შესაბამისობის დეკლარაციის შედგენით, მწარმოებელი იღებს პასუხისმგებლობას არაავტომატური აწონის საშუალების შესაბამისობაზე ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან.

მუხლი 14.  ნიშანდება

ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის  მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული  მიზნობრიობით გამოყენებისათვის განკუთვნილი არაავტომატური აწონის საშუალების მოცემულ ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობა დგინდება მოცემულ ინსტრუმენტზე მეტროლოგიური ნიშანდების დატანით, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-15 მუხლის შესაბამისად. მეტროლოგიურ ნიშანდებასთან ერთად გაზომვის საშუალებაზე  დაიტანება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნიშანდება ასეთის არსებობის შემთხვევაში ან CE ნიშანდება.

მუხლი 15. დამატებითი მეტროლოგიური ნიშანდება

დამატებითი მეტროლოგიური ნიშანდება უნდა შედგებოდეს მთავრული ასოსგან «M» და ამ ნიშანდების დატანის წლის ბოლო ორი რიცხვისგან, რომლებიც ჩასმული უნდა იყოს მართკუთხედში.

მუხლი 16. ნიშანდების და დამატებითი მეტროლოგიური ნიშანდების დატანის წესი და პირობები

1. ამ მუხლით გათვალისწინებული ნიშანდება და დამატებითი მეტროლოგიური ნიშანდება არაავტომატურ აწონის საშუალებაზე ან მის ეტიკეტზე (შილდიკზე) დატანილ უნდა იქნეს ადვილად აღსაქმელი ფორმით, მკაფიოდ და წაუშლელად. აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში ნიშანდება დატანილ უნდა იქნეს შეფუთვაზე ან არაავტომატური აწონის საშუალების თანმხლებ დოკუმენტაციაზე.

2. ნიშანდება და დამატებითი მეტროლოგიური ნიშანდება დატანილი უნდა იქნეს არაავტომატურ აწონის საშუალებაზე მის ბაზარზე განთავსებამდე.

3. დამატებითი მეტროლოგიური ნიშანდება უწყვეტად უნდა მოჰყვებოდეს ნიშანდებას.

4. ნიშანდებას და დამატებით მეტროლოგიურ ნიშანდებას უწყვეტად უნდა მოჰყვებოდეს შესაბამისობის შემფასებელი ან/და ნოტიფიცირებული ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერ(ებ)ი, რომლებიც ჩართული იყვნენ წარმოების კონტროლის ეტაპზე, ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის შესაბამისად. საიდენტიფიკაციო ნომერი დატანილი უნდა იქნეს უშუალოდ ამ ორგანოს მიერ ან მისი ინსტრუქციით, მწარმოებლის ან ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ. საიდენტიფიკაციო ნომერს/ნომრებს შესაძლოა მოსდევდეს სხვა ნიშანი, რომელიც მიუთითებს სპეციალურ რისკზე ან გამოყენებაზე.

მუხლი 17. შეზღუდული გამოყენების აღნიშვნები

არაავტომატურ აწონის საშუალებაზე შეზღუდული გამოყენების აღნიშვნები დატანილი უნდა იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-9 პუნქტისა  და ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მკაფიოდ, ხილული და წაუშლელი ფორმით.

მუხლი 18. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს ან/და ნოტიფიცირებული ორგანოს ვალდებულებები

1. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ან/და ნოტიფიცრებული ორგანო ვალდებულია განახორციელოს შესაბამისობის შეფასება ამ ტექნიკური რეგლამენტისა და ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით განსაზღვრული შესაბამისობის შეფასების პროცედურების შესაბამისად.

2. შესაბამისობის შეფასება უნდა განხორციელდეს თანაზომიერად, ეკონომიკური ოპერატორებისთვის არაშეუსაბამო  ტვირთის დაკისრების გარეშე. შესაბამისობის შემფასებელმა ორგანომ ან/და ნოტიფიცრებულმა ორგანომ თავისი საქმიანობის განხორციელებისას უნდა გაითვალისწინონ საწარმოს ზომა, სექტორი, რომელშიც ის ოპერირებს და მისი სტრუქტურა, განსახილველი საშუალების ტექნოლოგიური სირთულის დონე და წარმოების პროცესის მასობრივი ან სერიული ხასიათი. ზემოაღნიშნულის განხორციელებისას ორგანო ვალდებულია დაიცვას ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან პროდუქტის შესაბამისობისათვის მოთხოვნილი უსაფრთხოებისა და სიზუსტის ხარისხი.

3. თუ შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ან/და ნოტიფიცირებული ორგანო აღმოაჩენს, რომ ამ რეგლამენტის I დანართის ან სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნების შესარულებისათვის გამოქვეყნებული სტანდარტებით განსაზღვრული ძირითადი მოთხოვნები არ არის დაკმაყოფილებული მწარმოებლის მიერ, იგი ვალდებულია  მოსთხოვოს მწარმოებელს სათანადო მაკორექტირებელი ზომების გატარება და არ გასცეს  სერტიფიკატი.

4. თუ შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ან/და ნოტიფიცირებული ორგანო, სერტიფიკატის გაცემის შემდეგ, შესაბამისობის მონიტორინგის პროცესში აღმოაჩენს, რომ არაავტომატური აწონის საშუალება აღარ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, იგი ვალდებულია მოსთხოვოს  მწარმოებელს სათანადო მაკორექტირებელი ზომების გატარება და, საჭიროების შემთხვევაში, შეაჩეროს ან გააუქმოს სერტიფიკატი.

5. თუ მწარმოებლის მიერ არ იქნა მიღებული სათანადო მაკორექტირებელი ზომები ან მიღებულ ზომებს არ აქვს საჭირო ეფექტი, შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ან/და ნოტიფიცირებული ორგანო ვალდებულია შესაბამისად შეზღუდოს, შეაჩეროს ან გააუქმოს სერტიფიკატი.

მუხლი 19. ბაზარზე ზედამხედველობის პროცედურები

1. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის პროცესში ხელმძღვანელობს ამავე ტექნიკური რეგლამენტითა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრული საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობის პროცედურებით.

2. იმ შემთხვევაში, თუ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ტექნიკური რეგლამენტით დაფარული არაავტომატური აწონის საშუალება შეიცავს რისკს ადამიანის ჯანმრთელობის ან უსაფრთხოებისთვის, იგი ვალდებულია, განახორციელოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებები და ამის შესახებ აცნობოს სათანადო შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს ან/და ნოტიფიცირებულ ორგანოს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. შესაბამისი ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, ითანამშრომლოს სააგენტოსთან.

3. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია გაატაროს ყველა აუცილებელი მაკორექტირებელი ზომა ყველა შესაბამისი არაავტომატური აწონის საშუალების მიმართ, რომელიც მან გახადა ხელმისაწვდომი ბაზარზე.

მუხლი 20. შესაბამისობაში მყოფი არაავტომატური აწონის საშუალებები, რომლებიც წარმოადგენს რისკს

1. თუ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-19 მუხლის მე-2  პუნქტის შესაბამისად გატარებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების შედეგად, გამოვლინდება, რომ არაავტომატური აწონის საშუალება არის ამ რეგლამენტის შესაბამისი და  მიუხედავად ამისა, წარმოადგენს რისკს ადამიანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისათვის იგი ვალდებულია მოსთხოვოს შესაბამის ეკონომიკურ ოპერატორს ყველა სათანადო ღონისძიებების  გატარება, რომ  არაავტომატური აწონის საშუალება ბაზარზე განთავსებისას აღარ  წარმოადგენდეს რისკს, ან ამოიღებულ იქნეს ბაზრიდან  ან მოხდეს მისი გამოითხოვა გონივრულ ვადაში, რისკის თანაზომიერად.

2. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია  უზრუნველყოს, რომ მაკორექტირებელი ღონისძიება  განხორციელებული იყოს ყველა შესაბამის არაავტომატური აწონის საშუალებასთან მიმართებით, რომელიც მან ხელმისაწვდომი გახადა ბაზარზე.

მუხლი 21. დოკუმენტური შეუსაბამობა

1. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შესაბამის ეკონომიკურ ოპერატორს მოსთხოვოს შეუსაბამობების გამოსწორება, ქვემოთ მოცემული  ერთ-ერთი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში:

ა)  ნიშანდება და/ან დამატებითი მეტროლოგიური ნიშანდება დატანილია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-15 და მე-16 მუხლების მოთხოვნების დარღვევებით;

ბ) ნიშანდება და/ან დამატებითი მეტროლოგიური ნიშანდება არ არის დატანილი;

გ) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული აღნიშვნები/წარწერები არ არის დატანილი ან დატანილია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების დარღვევით;

დ) შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს ან/და ნოტიფიცირებული ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი დატანილ იქნა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-16 მუხლის მოთხოვნების დარღვევით ან არ იქნა დატანილი;

ე) შესაბამისობის დეკლარაცია  არ არის შედგენილი;

ვ) შესაბამისობის დეკლარაცია შედგენილი არ  იქნა სწორად;

ზ) ტექნიკური დოკუმენტაცია არ არის ხელმისაწვდომი ან არასრულია;

თ) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-10 პუნქტში ან მე-7  მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ინფორმაცია არ იქნა წარმოდგენილი, მცდარია ან არასრულია;

ი) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 ან მე-7 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე სხვა მოთხოვნა არ არის შესრულებული.

2. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული შეუსაბამობები არ იქნა აღმოფხვრილი, სააგენტო ვალდებულია, განახორცილოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებები.