დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საერთაშორისო სწავლებაში და სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მოსამსახურის მიერ სხვა პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 478 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120000000.10.003.024872 |
|
| მუხლი 1 |
თავდაცვის კოდექსის 124-ე მუხლის პირველი ნაწილის, 131-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 183-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტების თანახმად, დამტკიცდეს თანდართული „საერთაშორისო სწავლებაში და სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მოსამსახურის მიერ სხვა პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
საერთაშორისო სწავლებაში და სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მოსამსახურის მიერ სხვა პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი
|
მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. „საერთაშორისო სწავლებაში და სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მოსამსახურის მიერ სხვა პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი“ (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს საერთაშორისო სწავლებაში და სამშვიდობო ოპერაციის (შემდგომში − სწავლება/ოპერაცია) მონაწილე სუბიექტის მოსამსახურის მიერ სხვა პირისთვის მიყენებული ზიანის დადგენის, მისი ოდენობის განსაზღვრისა და ანაზღაურების სამართლებრივ საფუძვლებს. 2. საერთაშორისო სწავლებაში, რომელსაც საფუძვლად არ უდევს საერთაშორისო ხელშეკრულება, მონაწილე სუბიექტის მოსამსახურის მიერ სხვა პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობა. მუხლი 2. ტერმინების განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ადგილსამყოფელი სახელმწიფო − სახელმწიფო, სადაც საერთაშორისო სწავლებაში/სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სუბიექტი წარგზავნილია მონაწილეობის მისაღებად; ბ) ზიანი − ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი; გ) საერთაშორისო სწავლება − საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) ან/და სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და ერთი ან ერთზე მეტი უცხო ქვეყნის შესაბამისი უწყების ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების, საბრძოლო მომზადების, ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვისუნარიანობის, საქართველოს პარტნიორ ქვეყნებთან თავსებადობის შესაძლებლობებისა და უნარების ამაღლების მიზნით ჩატარებული ერთობლივი სწავლება; დ) სამშვიდობო ოპერაცია − საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულების ფარგლებში განხორციელებული საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაცია, სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობა; ე) მოსამსახურე: ე.ა) სწავლებაში/ოპერაციაში მონაწილე სუბიექტის სამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაში მყოფი სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურე; ე.ბ) სწავლებაში/ოპერაციაში მონაწილე სუბიექტის არასამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაში მყოფი სამინისტროს სისტემის სამოქალაქო მოსამსახურე ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მოსამსახურე; ვ) სხვა პირი − ნებისმიერი პირი, გარდა სწავლების/ოპერაციის მონაწილე მხარეებისა, რომელსაც მიადგა ზიანი სწავლების/ოპერაციის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე; ზ) ადმინისტრაციული ორგანო − ორგანო, რომელშიც დასაქმებულია მოსამსახურე. მუხლი 3. ზიანის ანაზღაურებაზე უფლებამოსილი ორგანო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სხვა პირისთვის მიყენებული ზიანისთვის პასუხისმგებელია ადმინისტრაციული ორგანო, ზიანის მიყენებაში მისი მოსამსახურის ქმედების პროპორციულად. მუხლი 4. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა 1. საქართველოს მხრიდან, ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების უფლებამოსილ მონაწილეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო. 2. საქართველოს მხარე ცნობს: ა) საერთაშორისო ხელშეკრულებით (მათ შორის, „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების წევრ სახელმწიფოთა შორის მათი შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ“ შეთანხმებით) ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ წესებსა და დოკუმენტის ფორმებს; ბ) საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციის, ნეიტრალური არბიტრის ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ დადგენილ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს, გარდა იმ გარემოებებისა, რომლებიც ადასტურებს/უარყოფს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის მიერ ზიანის მიყენების ფაქტს და მიზეზობრივ კავშირს მოსამსახურის ქმედებასა და უშუალო შედეგს შორის, აგრეთვე ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ ზიანის ოდენობას, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაადასტუროს (სერტიფიცირება) ან მოტივირებულად სრულად ან ნაწილობრივ უარყოს საერთაშორისო ხელშეკრულებით (მათ შორის, „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების წევრ სახელმწიფოთა შორის მათი შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ“ შეთანხმებით) განსაზღვრული სხვა სახელმწიფოდან, საერთაშორისო ორგანიზაციიდან, ნეიტრალური არბიტრიდან ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოდან მიღებული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოება, რომელიც ადასტურებს/ უარყოფს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის მიერ ზიანის მიყენების ფაქტს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დადასტურება (სერტიფიცირება) ან მოტივირებული სრული ან ნაწილობრივი უარი შეიძლება, დაეფუძნოს: ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას; ბ) ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის ან ორგანოს მოკვლევას. მუხლი 5. ზიანის ანაზღაურება ანაზღაურებას ექვემდებარება შეუდავებელი ზიანის ოდენობა, თუ ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული ორგანო დაადასტურებს, რომ ზიანი მიყენებულია მისი მოსამსახურის მიერ. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები