დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 427 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/03/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 50, 12/04/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.130.000.22.034.008.402 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.008.402
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №427
2006 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებაში (სსმ III, 25.03.2005 წ., №34, მუხ.344) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სამმართველოების, სამსახურების, განყოფილებების, ქვეგანყოფილებების და ჯგუფების მეშვეობით.“.
ბ) დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2
1. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონების, კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.
2. ამ ამოცანების განხორციელების მიზნით დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების საფუძველზე:
ა) ახორციელებს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) დაცვას;
ბ) ახორციელებს დიპლომატიური მისიებისა და მათი ხელმძღვანელების რეზიდენციების, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო ობიექტების, ეროვნული საგანძურის, მნიშვნელოვანი ობიექტების, სატრანსპორტო საშუალებებისა და კომუნიკაციების, ენერგეტიკისა და სხვა ობიექტების დაცვას, ფულადი სახსრებისა და მოძრავი ტვირთების დაცვა-გაცილებას;
გ) ახორციელებს დასაცავი ობიექტების დაცვითი-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვას.“.
გ) დებულების მესამე თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი III
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურა და მათი კომპეტენცია
მუხლი 4.
1. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შემადგენლობაშია:
ა) ადმინისტრაცია (სამმართველო);
ბ) კადრების სამმართველო;
გ) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფისა და საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველო;
დ) დაცვის ორგანიზაციის სამმართველო.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის კომპეტენციაა: დეპარტამენტის საქმიანობის კოორდინაცია, დეპარტამენტის საქმისწარმოების მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა, დანაყოფებიდან მიღებული ინფორმაციების ანალიზის საფუძველზე ანალიტიკური მასალების მომზადება, ოპერატიული ინფორმაციის მიღება და გადაცემა, დეპარტამენტის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება, დეპარტამენტის თავმჯდომარის ოპერატიული თათბირის ორგანიზება და თათბირის ოქმების შედგენა, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების ზომების გამოყენებისთვის სათანადო მასალების მომზადების უზრუნველყოფა, დეპარტამენტის თავმჯდომარის ცალკეული დავალებების შესრულება.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კადრების სამმართველოს კომპეტენციაა: დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული დანაყოფების დაკომპლექტება კვალიფიციური კადრებით, თანამშრომელთა საბრძოლო ფიზიკური მომზადების განხორციელება, საშტატო მუშაობა, სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გაცემა, რიგითი შემადგენლობისათვის მორიგი და პირველადი სპეციალური წოდებების მინიჭების თაობაზე სათანადო მასალების შესწავლა-მომზადება.
4. საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფისა და საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს კომპეტენციაა: დეპარტამენტის საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა, დეპარტამენტისა და მისი დანაყოფების ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა, საბუღალტრო აღრიცხვის პოლიტიკის განსაზღვრა და მისი სწორი ორგანიზაცია, დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფისა და განვითარების ღონისძიებათა განხორციელება და მისი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5. დაცვის ორგანიზაციის სამმართველო-ორგანიზაციას უკეთებს ობიექტების დაცვას საპოლიციო ძალებისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, შეიმუშავებს დაცვითი საქმიანობის რეკომენდაციებს, ახორციელებს მათ დანერგვას პრაქტიკულ საქმიანობაში და კონტროლის შესრულებაზე, ახორციელებს დაცვის ტექნიკური მეთოდების სრულყოფას, არსებული დაცვითი-სახანძრო სიგნალიზაციის საშუალებების ტაქტიკურ-ტექნიკური შესაძლებლობების სრულად გამოყენებასა და უახლესი ტექნოლოგიის აპარატურის დანერგვასა და მონტაჟს. ობიექტის მოზიდვის მიზნით ატარებს შესაბამის სამუშაოებს.
6. დაცვის პოლიციის დეპარტამენტში შეიძლება შეიქმნას ტერიტორიული და სხვა დანაყოფები.
მუხლი 5.
1. დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
2. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე წარმართავს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საქმიანობას, საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების ფარგლებში. მასვე ეკისრება დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლობა და პირადად აგებს პასუხს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საქმიანობის სწორად წარმართვაზე.
3. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარეს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკუთრებაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე.
4. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია:
ა) გამოსცეს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა დეპარტამენტის ყველა თანამშრომლისთვის;
ბ) დეპარტამენტის სახელით გახსნას და დახუროს ანგარიშები ბანკში;
გ) პირადი ხელმოწერით დაადასტუროს სამსახურებრივი დოკუმენტაცია;
დ) დაამტკიცოს საშტატო ნუსხა და განსაზღვროს სახელფასო განაკვეთები;
ე) დანიშნოს და გაათავისუფლოს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, გარდა ამ დებულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიანიჭოს მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდებები;
თ) შექმნას ტერიტორიული და სხვა დანაყოფები;
ი) დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საფინანსო-სამეურნეო და სახელშეკრულებო საქმიანობის საკითხები.
5. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალდებულია:
ა) დაიცვას ეს დებულება და მოქმედი კანონმდებლობა;
ბ) გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ჩააბაროს შინაგან საქმეთა მინისტრს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) უზრუნველყოს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა.
მუხლი 6.
1. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
2. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები ასრულებენ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის დავალებებს, ორგანიზაციას უწევენ თავიანთ საკურატორო დანაყოფების საქმიანობას, რისთვისაც პასუხს აგებენ დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.“.
დ) დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები ხმარდება დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის განვითარებას. სახსრების გამოყენება რაიმე სხვა მიზნით აკრძალულია.“.
2. ბრძანება გაეცნოს დაინტერესებულ პირებს.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები