„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 85-Iმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 140120000.05.001.102403
85-Iმს-XIმპ
12/12/2024
ვებგვერდი, 28/12/2024
140120000.05.001.102403
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით საქართველოს სპორტის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული სპეციალური ნუსხით/სიით გათვალისწინებული ცეცხლსასროლი იარაღი; “.

2. მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სპორტული ცეცხლსასროლი იარაღების ნუსხა/სია მტკიცდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით საქართველოს სპორტის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

3. სპორტული პნევმატური იარაღების ნუსხა/სია შეიძლება დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით საქართველოს სპორტის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.

3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. საკოლექციო იარაღი

იარაღის საკოლექციო იარაღად მიჩნევის, საკოლექციო იარაღის შეძენის, შენახვისა და ექსპონირების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს კულტურის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.

4. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ სროლის სახეობის ეროვნულ სპორტულ ფედერაციას/ორგანიზაციას (შემდგომ − ფედერაცია) ან/და მის წევრ იურიდიულ პირს/ინდივიდუალურ მეწარმეს (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი), აგრეთვე იმავე წესით აღიარებულ ეროვნულ სპორტულ ორგანიზაციას (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) (შემდგომ − სპორტული ორგანიზაცია) − სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღებისა, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღებისა და მათი ძირითადი ელემენტებისა.“.

5. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 23. იარაღის კოლექციონირება და ექსპონირება

იარაღის კოლექციონირება და ექსპონირება საჭიროებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს კულტურის სამინისტროს დასკვნების საფუძველზე გაცემულ ნებართვას.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე                                                                 შალვა პაპუაშვილი

თბილისი,

12 დეკემბერი 2024 წ.

№85-Iმს-XIმპ