დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ გაწეული ზოგიერთი ანაზღაურებადი მომსახურების სახისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 448 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 27/12/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2024 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.024843 |
|
მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის (შემდგომში − სამსახური) მიერ გაწეული ზოგიერთი ანაზღაურებადი მომსახურების სახისა და საფასურის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, დამტკიცდეს:
1. სამსახურის მიერ გაწეული ზოგიერთი ანაზღაურებადი მომსახურების სახეები: ა) საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის (eDocument) მომსახურება; ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კონსულტაციის (მათ შორის, ინფრასტრუქტურის სფეროში) მომსახურება; გ) გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით, შესაბამისი ტექნიკური დავალების შექმნის, სისტემური და ბიზნესპროცესების ანალიზის გაწევის მომსახურება; დ) ელექტრონული ფოსტის მომსახურება; ე) ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების შემუშავების, მხარდაჭერის ან/და განვითარების მომსახურება; ვ) ვებგვერდის შექმნის ან/და მისი განვითარების მომსახურება; ზ) ვებგვერდის სამსახურის სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსების მომსახურება; თ) ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების სამსახურის სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსების მიზნით, შესაბამისი გამოთვლითი რესურსების (vcpu, RAM, HDD) მიწოდების მომსახურება; ი) ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) ინფრასტრუქტურის (სამსახურის სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსებული შემსყიდველი ორგანიზაციის სერვერების, მონაცემთა შენახვის სისტემების, ვებგვერდების ან/და ქსელური აპარატურის) ადმინისტრირების მომსახურება; კ) საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის (eDocument) არქივაციის მომსახურება; ლ) ვიზიტორთა მართვის ელექტრონული სისტემის (eVms) მომსახურება. 2. სამსახურის მიერ გაწეული ზოგიერთი მომსახურების პირობები, საფასურის ოდენობები და მათი დაანგარიშების წესი: ა) „საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის (eDocument) მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები“ (დანართი №1); ბ) „ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კონსულტაციის (მათ შორის, ინფრასტრუქტურის სფეროში) მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები“ (დანართი №2); გ) „გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით შესაბამისი ტექნიკური დავალების შექმნის, სისტემური და ბიზნესპროცესების ანალიზის გაწევის მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები“ (დანართი №3); დ) „ელექტრონული ფოსტის მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები“ (დანართი №4); ე) „ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების შემუშავების, მხარდაჭერის ან/და განვითარების მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები“ (დანართი №5); ვ) „ვებგვერდის შექმნის ან/და მისი განვითარების მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები“ (დანართი №6); ზ) „ვებგვერდის სამსახურის სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსების მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები“ (დანართი №7); თ) „ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების სამსახურის სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსების მიზნით, შესაბამისი გამოთვლითი რესურსების (vcpu, RAM, HDD) მიწოდების მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები“ (დანართი №8); ი) „ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) ინფრასტრუქტურის (სამსახურის სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსებული შემსყიდველი ორგანიზაციის სერვერების, მონაცემთა შენახვის სისტემების, ვებგვერდების ან/და ქსელური აპარატურის) ადმინისტრირების მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები“ (დანართი №9); კ) „საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის (eDocument) არქივაციის მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები“ (დანართი №10); ლ) „ვიზიტორთა მართვის ელექტრონული სისტემის (eVms) მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები“ (დანართი №11). |
მუხლი 2 |
ორგანიზაციები, რომლებიც გადაწყვეტენ, შეისყიდონ სამსახურისგან ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურებები, უნდა იყვნენ აღჭურვილნი შესაბამისი IT ინფრასტრუქტურით, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსახურს უფლება აქვს, უარი თქვას ასეთი ორგანიზაციების მომსახურებაზე და, ამავე დადგენილების მე-4 მუხლით განსაზღვრული წესით, დაუბრუნოს გადახდილი მომსახურების საფასური (ასეთის არსებობის შემთხვევაში). |
მუხლი 3 |
ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდა (ანგარიშსწორება) წარმოებს ამავე დადგენილების დანართებით განსაზღვრული წესის გათვალისწინებით ან/და წინასწარი ანგარიშსწორების გზით. |
მუხლი 4 |
1. გადახდილი საფასური უბრუნდება განმცხადებელს, თუ:
ა) საფასური გადახდილია ამ დადგენილებით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და ამავე დადგენილებით განსაზღვრულ განაკვეთს შორის; ბ) განმცხადებელმა ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების მიღებამდე უარი განაცხადა მომსახურების მიღებაზე და მოითხოვა გადახდილი თანხის დაბრუნება. 2. საფასური ბრუნდება მოთხოვნიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილ უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 1 (ერთი) თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია. |
მუხლი 5 |
ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული მომსახურებების შესყიდვას, შესაძლებელია, გათავისუფლდეს საფასურის გადახდისაგან, სამსახურის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე. |
მუხლი 6 |
„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, სამსახურში დანერგილია ინფორმაციის უსაფრთხოებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკები, აღნიშნული დოკუმენტაცია განთავსებულია სამსახურის ვებგვერდზე (www.fas.ge). შესაბამისად, ორგანიზაცია, რომელიც ამ დადგენილების საფუძველზე შეისყიდის სამსახურიდან ამავე დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მომსახურებებს, ეთანხმება ზემოაღნიშნული პოლიტიკ(ებ)ით განსაზღვრულ წესებს, ასევე მონაცემთა დამუშავების შესაძლო და თანმდევი საფრთხეების შესაბამის ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს (მათ შორის, მონაცემთა ფსევდონიმიზაციას, მონაცემებზე წვდომის აღრიცხვას, ინფორმაციული უსაფრთხოების მექანიზმებს (კონფიდენციალურობა, მთლიანობა, ხელმისაწვდომობა) და სხვა), რომლებიც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას მონაცემთა დაკარგვისგან, უკანონო დამუშავებისგან, მათ შორის, განადგურებისგან, წაშლისგან, შეცვლისგან, გამჟღავნებისგან ან გამოყენებისგან. |
მუხლი 7 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ გაწეული ზოგიერთი ანაზღაურებადი მომსახურების სახისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 25 მარტის №148 დადგენილება. |
მუხლი 8 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები