„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 23/12/2024
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 010200000.32.061.016414
37
23/12/2024
ვებგვერდი, 25/12/2024
010200000.32.061.016414
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №37

2024 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის 11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებით („აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე“, №5, 24.02.2005წ., მუხლი 15)  დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ს1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს1) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის განსაზღვრული ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის საკითხებთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარისათვის წარმოდგენა;“.

2. დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„მუხლი 3. აპარატის სტრუქტურა

აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი;

ბ) იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი:

გ.ა) ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური;

გ.ბ) საქმისწარმოების სამსახური;

გ.გ) მოქალაქეებთან ურთიერთობის სამსახური;

დ) საფინანსო-ლოჯისტიკური უზრუნველყოფის   დეპარტამენტი:

დ.ა) საფინანსო-ლოჯისტიკური უზრუნველყოფის  დეპარტამენტის საფინანსო უზრუნველყოფის სამსახური;

დ.ბ) საფინანსო-ლოჯისტიკური უზრუნველყოფის  დეპარტამენტის შესყიდვებისა და ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სამსახური.

ე) შიდა აუდიტის და მონიტორინგის დეპარტამენტი:

ე.ა) შიდა აუდიტის სამსახური;

ე.ბ) მონიტორინგის სამსახური.“.

3. დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. აპარატის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები

  1.    სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ფუნქციებია:  

1.1. საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით:  

ა) აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებების, ასევე სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და აღნიშნულთან დაკავშირებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან სათანადო კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ფოტო, ვიდეო და ტექნიკური მასალის შექმნა, გავრცელება და დაარქივება;

ბ) საზოგადოების ინფორმირება აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის საქმიანობის შესახებ; ერთიანი შეტყობინებებისა და მედიაკალენდრის შექმნა და მართვა;

გ) ოფიციალური ვებგვერდებისა და სოციალური ქსელებისთვის შესაბამისი კონტენტის შექმნა და ადმინისტრირება, ინტერაქციის უზრუნველყოფა;

დ) პრესის, სატელევიზიო, საერთაშორისო, რეგიონული მედიის მონიტორინგი; ძირითადი საკომუნიკაციო პროდუქტების გაცნობა, დაგეგმილი პროექტებისა და აქტივობების მიმდინარეობის მონიტორინგი; მედიის ძირითადი ტენდენციების ანალიზი;

ე) საზოგადოებრივი აზრის შესწავლა და ანალიზი, სამიზნე აუდიტორიის შესწავლა, საკომუნიკაციო მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა, ღონისძიებებისა და პროექტების, საკომუნიკაციო პროდუქტების შექმნა, პრაქტიკული რეალიზაცია და მონიტორინგი; მედიაში გააქტიურებულ თემებზე რეაგირება;

ვ) ერთიანი სამთავრობო საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება, სინქრონიზება, განახლება, კორექტირება და მისი შესრულების მონიტორინგის შედეგების ანალიზი;

ზ) მთავრობის გრძელვადიანი მიზნების მხარდაჭერა, წინასწარ დაგეგმილი, სამიზნე აუდიტორიებზე მორგებული კოორდინირებული სტრატეგიული კომუნიკაცია;

თ) ეფექტიანი კომუნიკაციის განხორციელების მიზნით, დაინტერესებულ მხარეებთან (სახელმწიფო/საერთაშორისო/არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო სექტორი, თანამშრომლები) კომუნიკაციის უზრუნველყოფა;

ი) მასშტაბური საკომუნიკაციო კამპანიების განსაზღვრა საერთო საკომუნიკაციო სტრატეგიის ჭრილში: აღნიშნული კამპანიების დაგეგმვა, მართვა და მონიტორინგი;

კ) ღონისძიების შესაბამისი კონცეფციის შექმნა და ფორმატის განსაზღვრა; ღონისძიების შესაძლო რისკების განსაზღვრა და მათი მართვა; აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

ლ) აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის სტრატეგიული კომუნიკაციის უზრუნველყოფა არასამთავრობო სექტორთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და საზოგადოების სხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან;

მ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის ორგანიზება;

ნ) მთავრობის წევრებთან მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა ურთიერთობის ხელშეწყობა, აგრეთვე, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურებთან თანამშრომლობა და მათი საქმიანობის კოორდინაცია;

ო) მოქალაქეებთან ურთიერთობა, საზოგადოებრივი აზრისა და აფხაზეთიდან დევნილი, მათ შორის, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემური საკითხების კვლევა და ანალიზი, საქმიანობის გამჭვირვალობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;

პ) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან ერთად ღონისძიებათა, მათ შორის, სახალხო თუ სხვა სახის დღესასწაულების  განრიგის შემუშავება, შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფა და კონტროლი;

ჟ) სამთავრობო ვებგვერდისა და ფეისბუკგვერდის საინფორმაციო უზრუნველყოფა, ინფორმაციის განახლება, მართვა და ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფა; ბლოგების მართვა;

რ) აფხაზეთის მთავრობის წევრების, აფხაზეთის მთავრობის აპარატის ხელმძღვანელობისა და აფხაზეთის სხვა სახელმწიფო დაწესებულებების ხელმძღვანელების,  მთავრობის აპარატის სტრუქტურული ერთეულების უფროსების ინფორმირება შიდა ქსელში მედიამონიტორინგის შედეგებისა და დაგეგმილი ღონისძიების შესახებ;

ს) შემოსულ სატელეფონო და ელექტრონულ შეტყობინებათა რეგისტრაცია და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა;

ტ) შიდა კომუნიკაციის უზრუნველყოფა და ინფორმაციის გაცვლა;

უ) მთავრობის ვებგვერდის ინტერნეტტექნოლოგიებითა და ინოვაციებით უზრუნველყოფა;

ფ) მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის სათარჯიმნო მომსახურება.

 

1.2. საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის მიმართულებით :  

ა) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის საერთაშორისო ურთიერთობების განხორციელების ხელშეწყობა;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის წევრების უცხო სახელმწიფოს საელჩოებსა და საკონსულოებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ოფიციალურ პირებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა;

გ) საქართველოსა და უცხოეთის მაღალი თანამდებობის პირებთან, ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სხვა საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეებთან მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის წევრების სამუშაო და ოფიციალური შეხვედრების მოწყობა-ორგანიზება;

დ) სამუშაო, არაოფიციალური და სხვა კატეგორიის ვიზიტების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ე) აფხაზეთში კონფლიქტის საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის აკუმულირება, სისტემატიზაცია, კვლევა, საინფორმაციო-ანალიტიკური მასალის მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ვ) აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით მომუშავე კონფლიქტოლოგთა, პოლიტიკურ მიმომხილველთა, ექსპერტთა მონაწილეობითა და საზოგადოების ჩართულობით შეხვედრების მოწყობა;

ზ) აფხაზეთში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების კუთხით, არსებული და შესაძლო საფრთხეების იდენტიფიცირება, შესწავლა, შეფასება, პროგნოზირება და საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისათვის საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადება, რჩევებისა და რეკომენდაციების შემუშავება და სამიზნე აუდიტორიასთან აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის წარმომადგენლობა;

თ) საერთაშორისო გამცდილების შესწავლა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების კუთხით და ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, კონცეფციის პროექტის შემუშავება;

ი) აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით საერთაშორისო შეთანხმებების, საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტებისა და პროექტების შესწავლა და შესაბამისი წინადადებების მთავრობის თავმჯდომარისათვის წარდგენა;

კ) მთავრობის თავმჯდომარის საზღვარგარეთ ვიზიტებისა და მთავრობის თავმჯდომარის სტუმრების ვიზიტების მაღალ დონეზე ჩატარების, აგრეთვე, მთავრობის თავმჯდომარესთან უცხოელი სტუმრების აუდიენციების უზრუნველყოფა;

ლ) სხვადასხვა სადღესასწაულო და ოფიციალური ღონისძიების ორგანიზება;

მ) კანონმდებლობის შესაბამისად სხვა საპროტოკოლო ღონისძიებათა განხორციელება;

1.3. მთავრობის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და მთავრობის აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

1.4. ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.

 

2. იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ფუნქციებია:  

ა) აფხაზეთის მთავრობის დადგენილების, განკარგულების, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის ბრძანების პროექტების შემუშავება;

ბ) მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების გაფორმება და აღრიცხვა;

გ) აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ წარმოდგენილი მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის პროექტის შესწავლა და მათი მიღების მიზანშეწონილობის თაობაზე სამართლებრივი ხასიათის დასკვნების მომზადება;

დ) მთავრობის თავმჯდომარის ან/და მთავრობის აპარატის უფროსის დავალებით, მთავრობის თავმჯდომარის, მთავრობისა და მთავრობის აპარატის უფროსის სახელზე შემოსული მასალების (წერილი, განცხადება, მომართვა, საჩივარი და სხვა) განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;

ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის დაგეგმვის კოორდინაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, უმაღლეს საბჭოში მთავრობის წარმომადგენელთან ერთად, მთავრობის თავმჯდომარის მოთხოვნით, უმაღლეს საბჭოს წინაშე საკითხის დაყენება მთავრობის თავმჯდომარის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების რიგგარეშე განხილვის ან მთავრობის თავმჯდომარის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ;

ზ) მთავრობის თავმჯდომარისათვის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონპროექტების ხელმოსაწერად წარდგენა, აგრეთვე, მთავრობის თავმჯდომარის მოტივირებული შენიშვნებით, უმაღლესი საბჭოსათვის კანონპროექტის დაბრუნება;

თ) მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციულ-ანალიტიკური უზრუნველყოფა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზის განვითარებისა და სრულყოფის შესახებ;

ი) საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის თავმჯდომარის ან მთავრობის სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელებზე წინადადებების მომზადება და ასეთ საქმეებზე წარმომადგენლობის განხორციელება სასამართლოში;

კ) საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზი, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებისა და მეთოდური უზრუნველყოფისათვის წინადადებების მომზადება;

ლ)  ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზება;

მ) სახელმწიფო სამსახურის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულების შესახებ მოხსენების წარდგენა მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსისათვის;

ნ) სახელმწიფო სამსახურის სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების შემუშავება და მათი წარდგენა მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარისათვის;

ო) სახელმწიფო სამსახურის სფეროში სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და ანალიზი;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების, შვებულების, უფლებამოსილების შეჩერების, მივლინებისა და სხვა საკითხთა შესახებ აქტების პროექტების მომზადება, საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა;

ჟ) მოსამსახურეთა სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვებისა და საჯარო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ კონსულტაციების  გაწევა;

რ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობის ორგანოების საკადრო და იურიდიული სამსახურების  მუშაობის კოორდინაცია, კონსულტირება და მეთოდური დახმარების გაწევა;

ს) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოწმობების გაცემა და აღრიცხვა;

ტ) აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლის განხორციელება;

უ) აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;

ფ) აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომელთა მიერ სამართალდარღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა ჩადენის ფაქტების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა;

ქ) აპარატში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლის განხორციელება;

ღ) აპარატის მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;

ყ) აპარატის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და აფხაზეთის მთავრობის აპარატის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

შ) აპარატის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშეწყობის მიზეზების დადგენისა და პრევენციის, აპარატის საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით აფხაზეთის მთავრობის აპარატის ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;

ჩ) აპარატის მოსამსახურეების ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;

ც) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი ფუნქციების შესრულების მიზნით დოკუმენტებისა და ინფორმაციის აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებიდან, საქვეუწყებო დაწესებულებებიდან და სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან გამოთხოვა;

ძ) მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.

 

3.  ადმინისტრაციულ ორგანოებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:  

ა) აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მიერ აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სხვა დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაციისა და კონტროლის ორგანიზება;

ბ) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან მთავრობის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, მთავრობის აპარატის უფროსის ურთიერთობის ხელშეწყობა და, საჭიროების შემთხვევაში, თათბირებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;

გ) აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობების მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების მიზნით ინფორმაციის გამოთხოვა, შესწავლა და შესაბამისი დასკვნების ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

დ) ადგილობრივი თვითმმართველობის და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა;

ე) აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებიდან მათ მიერ დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის (ნუსხის) გამოთხოვა და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მთავრობის ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება, აფხაზეთის მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა და მისი შესრულების კონტროლი;

ვ) აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების და მათ სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, საქვეუწყებო დაწესებულებების, აფხაზეთის მთავრობის ან/და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა დაწესებულებების, ასევე, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ანგარიშების, მოხსენებების გამოთხოვა მათი საქმიანობის ანალიზის, შეფასებისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით;

ზ) აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების და მათ სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, საქვეუწყებო დაწესებულებების, აფხაზეთის მთავრობისა ან/და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა დაწესებულებების განვითარების გეგმების გამოთხოვა, ანალიზი, დასკვნისა და რეკომენდაციების შემუშავება და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისათვის წარდგენა;

თ) მიზნობრივი პროგრამების (ქვეპროგრამების) და პროექტების შემუშავებასა და განხილვაში მონაწილეობა;

ი) მიზნობრივი პროგრამების (ქვეპროგრამების) და პროექტების შესრულების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი წინადადებების მომზადება;

კ) აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ნორმატიული აქტების პროექტების საფინანსო-ეკონომიკური ანალიზი და მათი ამოქმედებით მოსალოდნელ სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებზე დასკვნების მომზადება;

ლ) იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური მდგომარეობის ამსახველი ფაქტობრივი, ანალიტიკური და პროგნოზული ინფორმაციის მიწოდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარისათვის;

მ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან, ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებთან მიმართებით ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების, ჯანმრთელობის დაცვის, სპორტისა და სხვა დარგებში, ასევე, სოციალურ და ახალგაზრდობის სფეროებში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის მოძიება და მთავრობისათვის, მთავრობის თავმჯდომარისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;

ნ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადებასა და განხილვაში მონაწილეობის მიღება, ასევე, ბიუჯეტის შესრულების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;

ო) აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების საქმიანობის ანალიზი,  განსახორციელებელი ინსტიტუციური რეფორმის თაობაზე წინადადებების შემუშავება;

პ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გამგებლობას მიკუთვნებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით სათანადო წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

ჟ) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;

რ)  კომპეტენციის ფარგლებში მთავრობის და ზემდგომი ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესრულებაზე სისტემატური კონტროლის განხორციელება და, საჭიროების შემთხვევაში სათანადო წინადადებების წარმოდგენა;

ს) სარეზერვო ფონდის ათვისებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და შესაბამისი დასკვნისა და სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;

ტ) აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დავალებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი მითითებების მიცემა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოებისა და უწყებებისათვის, მათგან სათანადო ინფორმაციის მოთხოვნა კანონით გათვალისწინებული წესით;

უ) კომპეტენციის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლი; აფხაზეთის მთავრობის, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ან აფხაზეთის მთავრობის აპარატის სახელზე შემოსული კორესპონდენციის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში გადაგზავნის შემთხვევაში უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსაგან განხორციელებული რეაგირების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა, ანალიზი და შესაბამისი დასკვნის მომზადება;

ფ) აფხაზეთის მთავრობის აპარატში ერთიანი საქმისწარმოების (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოების) უზრუნველყოფა; მთავრობის აპარატის საუწყებო არქივის წარმოება; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოება;

ქ) აფხაზეთის მთავრობის სხდომებისა და თათბირების მომზადება, განსახილველ საკითხებზე დღის წესრიგის პროექტის შემუშავება;

ღ) აფხაზეთის მთავრობის, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისა  და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შემსრულებლებამდე დაყვანა და,  კომპეტენციის ფარგლებში, შესრულების კონტროლი;

ყ) აფხაზეთის მთავრობის სამართლებრივი აქტების აღრიცხვა და შენახვა;

შ) მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრების, წინადადებების განხილვა და მათზე რეაგირება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში;

ჩ) შემოსულ სატელეფონო და ელექტრონულ შეტყობინებათა რეგისტრაცია და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა;

ძ) მთავრობის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და მთავრობის აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

წ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.

 

3.1. ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია:

 

ა) ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“-,,უ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ფუნქციების განხორციელება;

ბ) ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

გ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.

 

3.2. საქმისწარმოების სამსახურის ფუნქციებია:  

ა) აფხაზეთის მთავრობის აპარატში ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა;

ბ) აფხაზეთის მთავრობის სხდომებისა და თათბირების მომზადება, განსახილველ საკითხებზე დღის წესრიგის პროექტის შემუშავება; მთავრობის სხდომების, მთავრობის თავმჯდომარესთან და მთავრობის აპარატის უფროსთან თათბირების ოქმების შედგენა, გაფორმება და აღრიცხვა;

გ) კორესპონდენციის ცენტრალიზებული დოკუმენტბრუნვის, აღრიცხვისა და ანალიზის უზრუნველყოფა;

დ) აფხაზეთის მთავრობის, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შემსრულებლებამდე დაყვანა;

ე) მთავრობის თავმჯდომარის, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილისა და მთავრობის აპარატის უფროსის მიერ ხელმოსაწერი დოკუმენტაციის რედაქტირება;

ვ) აფხაზეთის მთავრობის სამართლებრივი აქტების გაფორმება, აღრიცხვა და შენახვა;

ზ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოება;

თ) საიდუმლო საქმისწარმოების (საიდუმლოების რეჟიმის დაცვის) უზრუნველყოფა;

ი) მთავრობის აპარატის საუწყებო არქივის წარმოება;

კ) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის, მთავრობის აპარატის სატიტულო ბლანკების, საქმისწარმოებისათვის საჭირო ბეჭდებისა და შტამპების გამოყენების კონტროლი;

ლ) მთავრობის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და მთავრობის აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

მ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.

 

3.3. მოქალაქეებთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია:  

ა)    ცხელი ხაზის მეშვეობით მოქალაქეთა დროული, კვალიფიციური და სრულყოფილი მომსახურება, გამჭვირვალობისა და ნდობის ფაქტორის გაზრდის უზრუნველყოფა;

ბ) ცხელი ხაზით შემომავალი ზარების მიღება, პრობლემის იდენტიფიცირება და კვალიფიციური პასუხის გაცემა;

გ)    შემომავალი ზარების რეგისტრაცია, მათი დახარისხება, აღრიცხვა და მართვა;

დ) თემატიკიდან გამომდინარე შემომავალი ზარების გადამისამართება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას დაქვემდებარებულ უწყებებეში;

ე) გადამისამართებული ზარების შესახებ უკუკავშირი და მიღებული გადაწყვეტილებების  კონტროლის უზრუნველყოფა;

ვ)  უწყებების ცხელი ხაზის თანამშრომლებთან  საქმიანობის კოორდინაცია;

ზ) ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

თ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება

 

4. საფინანსო - ლოჯისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:  

ა) აფხაზეთის მთავრობის აპარატის საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება, კვარტალური და წლიური ანგარიშების (ბალანსების) შედგენა, წლიური ბიუჯეტის პროექტის მომზადება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადებასა და განხილვაში მონაწილეობა;

ბ) აფხაზეთის მთავრობის აპარატის ფინანსური რესურსების ეკონომიური ხარჯვისა და მატერიალურ ფასეულობათა დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;

გ) აფხაზეთის მთავრობის აპარატის საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის ანალიზი, მათი სრულყოფისა და გაუმჯობესების ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება;

დ) შემოსული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა, შესაბამისი დასკვნების, მოხსენებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

ე) აფხაზეთის მთავრობის აპარატის თანამშრომლებისათვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნა, სამუშაოს განხორციელებისათვის საჭირო საშუალებებით მათი დროული უზრუნველყოფა და გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

ვ) აფხაზეთის მთავრობის აპარატის ბალანსზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვა, ძირითადი საშუალებების, მატერიალური ფასეულობების პერიოდული ინვენტარიზაციის ორგანიზება, აუცილებელი კაპიტალური და მიმდინარე სარემონტო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრა და განხორციელების ხელშეწყობა, საჭიროების შემთხვევაში სათანადო დეფექტური აქტების, ხარჯთა ნუსხების, პროექტების განხილვა და დასამტკიცებლად მომზადება;

ზ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით, აფხაზეთის მთავრობის აპარატის მიერ დაგეგმილი და მიმდინარე სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება, შესყიდვების კოორდინაციისა და შესაბამისი საკონტრაქტო პირობების შესრულების ინსპექტირების ღონისძიებების განხორციელება;

თ) აფხაზეთის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და აფხაზეთის მთავრობის აპარატის საქმიანობისათვის სათანადო ღონისძიებების განხორციელება;

ი) აფხაზეთის მთავრობის აპარატის ბალანსზე რიცხული სამსახურებრივი ავტომანქანების გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

კ) მთავრობის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და მთავრობის აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

ლ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.

 

4.1. საფინანსო - ლოჯისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციებია:  

ა) მთავრობის აპარატის საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;

ბ) მთავრობის აპარატის კვარტალური და წლიური ანგარიშების (ბალანსების) შედგენა;

გ) საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზაციის უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) აფხაზეთის მთავრობის აპარატის ბალანსზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვა, ძირითადი საშუალებების, მატერიალური ფასეულობების პერიოდული ინვენტარიზაციის ორგანიზება, აუცილებელი კაპიტალური და მიმდინარე სარემონტო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრა და განხორციელების ხელშეწყობა, საჭიროების შემთხვევაში სათანადო დეფექტური აქტების, ხარჯთა ნუსხების, პროექტების განხილვა და დასამტკიცებლად მომზადება;

ე) კონტროლი ფულადი სახსრებისა და მატერიალური ფასეულობათა მიზნობრივ გამოყენებაზე, ასევე, მთავრობის აპარატის მატერიალურ ფასეულობათა დაცვის უზრუნველყოფა;

ვ) მთავრობის აპარატში საბუღალტრო და საფინანსო საქმიანობის ანალიზი, საბუღალტრო და საფინანსო საქმიანობის სრულყოფა;

ზ) ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების აღრიცხვა;

თ) მომუშავეთა შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემლების დროული დარიცხვა და კონტროლი გაცემაზე;

ი) იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან სამეურნეო მოვლენის შედეგად ანგარიშსწორება და სრული და დროული აღრიცხვა;

კ) დამტკიცებული ფორმით ფინანსური ანგარიშების დადგენილ ვადებში შედგენა და დასამტკიცებლად წარდგენა;

ლ) ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების დადგენილი წესით შენახვა და არქივში ჩაბარება;

მ) საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტაციის მიმოხილვა, მომზადება, საფინანსო-საბუღალტრო საკითხებთან დაკავშირებული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა და შესაბამისი დასკვნების, საპასუხო წერილების ან/და წინადადებების მომზადება;

ნ) მთავრობის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და მთავრობის აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

ო) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.

 

4.2. საფინანსო - ლოჯისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის შესყიდვებისა და ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციებია:  

ა) აფხაზეთის მთავრობის აპარატის, როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის, ფუნქციონირების ეფექტიანი უზრუნველყოფა;

ბ) აფხაზეთის მთავრობის აპარატის სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა და კორექტირება;

გ) აფხაზეთის მთავრობის აპარატის მიერ დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი;

დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირისსახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ ვებგვერდზე წლიური გეგმის განთავსება, ასევე სატენდერო და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ტიპის დოკუმენტაციის განთავსება;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში სატენდერო პროცედურების წარმართვა, სატენდერო დოკუმენტაციისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის მიღება-გაცემა და აღრიცხვა;

ზ) სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული საკითხების შეთანხმება საჯარო სამართლის იურიდიულ პირთანსახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან;

თ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება;

ი) უფლებამოსილი სუბიექტის მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევის შეფასება და ანალიზი;

კ) აფხაზეთის მთავრობის აპარატის ფინანსური რესურსების ეკონომიური ხარჯვისა და მატერიალურ ფასეულობათა დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;

ლ) შემოსული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა, შესაბამისი დასკვნების, მოხსენებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

მ) აფხაზეთის მთავრობის აპარატის თანამშრომლებისათვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნა, სამუშაოს განხორციელებისათვის საჭირო საშუალებებით მათი დროული უზრუნველყოფა და გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

ნ) აუცილებელი კაპიტალური და მიმდინარე სარემონტო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრა და განხორციელების ხელშეწყობა, საჭიროების შემთხვევაში სათანადო დეფექტური აქტების, ხარჯთა ნუსხების, პროექტების განხილვა და დასამტკიცებლად მომზადება;

ო) აფხაზეთის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობაში დაწესებული რეჟიმის კონტროლი, შენობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და აფხაზეთის მთავრობის აპარატის საქმიანობისათვის სათანადო ღონისძიებების განხორციელება;

პ) აფხაზეთის მთავრობის აპარატის ბალანსზე რიცხული სამსახურებრივი ავტომანქანების გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

ჟ) საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონული რესურსების ფუნქციონირების ეფექტიანი უზრუნველყოფა და მათი შეუფერხებელი წვდომისათვის აუცილებელ ღონისძიებათა განხორციელება;

რ) ინტერნეტთან კავშირის უზრუნველყოფა და აფხაზეთის მთავრობის აპარატის მოსამსახურეთა ინტერნეტრესურსებზე დაშვების უფლების განსაზღვრა;

ს) აფხაზეთის მთავრობის აპარატის სისტემაში კომპიუტერული ქსელების გამართული მუშაობის, კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მდგომარეობაში ყოფნისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ტ) აფხაზეთის მთავრობის აპარატის სისტემის თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა;

უ) აფხაზეთის მთავრობის აპარატის მონაცემთა ელექტრონული ბაზების ოპერირება, მათზე დაშვების ტექნიკური უზრუნველყოფა და კონტროლი;

ფ) აფხაზეთის მთავრობის აპარატის სისტემაში პროგრამული საშუალებების პერიოდული შემოწმება მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით;

ქ) მთავრობის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და მთავრობის აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

ღ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.

 

5. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სისტემური, კომპლექსური შესწავლისა და რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების შეფასების გზით დაწესებულების საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა, დაწესებულების ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია;

ბ) აფხაზეთის მთავრობის აპარატის ღირებულების გაზრდა და დაცვა ობიექტური და რისკზე დაფუძნებული რწმუნების, კონსულტაციისა და პროფესიული გამოცდილების შედეგად მიღებული ცოდნისა და ხედვების გაზიარების გზით. აღნიშნულის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის აპარატისათვის დამოუკიდებელი, ობიექტური, მარწმუნებელი და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა ოპერაციების გაუმჯობესებისა და დამატებითი ღირებულების შექმნის მიზნით. დახმარების გაწევა აფხაზეთის მთავრობის აპარატის დასახული მიზნებისა და ამოცანების მიღწევაში, რისთვისაც ის სისტემატიზებული, დისციპლინირებული და ორგანიზებული მიდგომით აფასებს და აუმჯობესებს რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების ეფექტიანობას;

გ)  აფხაზეთის მთავრობის აპარატის პოლიტიკისა და პროცედურების შესრულების, საკანონმდებლო მოთხოვნებისა და დადგენილი სტანდარტების დაცვის, რესურსების ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად გამოყენების, ამოცანების შესრულებისა და დასახული მიზნების მიღწევის შეფასება, ეფექტიანობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების გაცემა და მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის ინფორმირება აფხაზეთის მთავრობის სისტემაში რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებსა და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ;

დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სექტორში შიდა აუდიტის საქმიანობისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის ინფორმირების მიზნით, თანამშრომლობა სხვა უწყებების შიდა აუდიტის სუბიექტებთან და ამ მიზნით მათი საქმიანობის წლიური ანგარიშების, სტრატეგიული და წლიური გეგმების, აუდიტორული შემოწმებისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ანგარიშების გამოთხოვა;

ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო ორგანიზაციების მიმართ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შემუშავებული ანგარიშების შესწავლა და შესაბამისი ინფორმაციის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ვ)  მთავრობის აპარატის წინაშე არსებული პოტენციური რისკების დადგენა და მათ სამართვად დანერგილი კონტროლის სისტემის ხარისხის შეფასება; დაწესებულების სისტემის საქმიანობის გაუმჯობესება და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა შემდეგი საქმიანობების განხორციელებით;

ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;

კ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;

ლ) აფხაზეთის მთავრობის აპარატის მოსამსახურეთა მიერ მოქმედი კანონმდებლობის, კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების, ამ დებულების, მთავრობის აპარატის შინაგანაწესის, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის ბრძანებების შესრულებაზე დანერგილი კონტროლების შემოწმება და შეფასება;

მ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს მთავრობის ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებსაქართველოს კანონის მიზნებსა და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;

ნ) აფხაზეთის მთავრობის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ აფხაზეთის მთავრობის აპარატში შემოსული და გასული კორესპოდენციის შესრულების ან/და რეაგირების მონიტორინგი;

ო) მიზნობრივი პროგრამების (ქვეპროგრამების) და პროექტების შესრულების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი წინადადებების მომზადება;

  პ)  კომპეტენციის ფარგლებში მთავრობის და ზემდგომი ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესრულებაზე სისტემატური კონტროლის განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში სათანადო წინადადებების წარმოდგენა;

  ჟ) აფხაზეთის მთავრობის, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილისა და მთავრობის აპარატის უფროსის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლის განხორციელება;

  რ) აფხაზეთის მთავრობის, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ან აფხაზეთის მთავრობის აპარატის სახელზე შემოსული კორესპონდენციის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში გადაგზავნის შემთხვევაში უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსაგან განხორციელებული რეაგირების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა, ანალიზი და შესაბამისი დასკვნის მომზადება.

 

5.1. შიდა აუდიტის სამსახურის ფუნქციებია:  

ა) ამ მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“-,,მ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ფუნქციების განხორციელება;

ბ) ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

გ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.

 

5.2. მონიტორინგის სამსახურის ფუნქციებია:  

ა) ამ მუხლის მე-5 პუნქტის ,,ნ“-,,რ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ფუნქციების განხორციელება;

ბ) ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

გ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია 2025 წლის  1 იანვრიდან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარელევან მგალობლიშვილი