საპენსიო კომპანიის საოპერაციო გეგმის ძირითადი მონაცემების განსაზღვრის წესის დადგენის შესახებ

საპენსიო კომპანიის საოპერაციო გეგმის ძირითადი მონაცემების განსაზღვრის წესის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 85
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 24/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016092
85
24/12/2024
ვებგვერდი, 25/12/2024
290160000.60.072.016092
საპენსიო კომპანიის საოპერაციო გეგმის ძირითადი მონაცემების განსაზღვრის წესის დადგენის შესახებ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
 

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №85

2024 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საპენსიო კომპანიის საოპერაციო გეგმის ძირითადი მონაცემების განსაზღვრის წესის დადგენის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 58-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დადგინდეს „საპენსიო კომპანიის საოპერაციო გეგმის ძირითადი მონაცემების განსაზღვრის წესი“ თანდართული სახით.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით ონოფრიშვილი



საპენსიო კომპანიის საოპერაციო გეგმის ძირითადი მონაცემების განსაზღვრის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. „საპენსიო კომპანიის საოპერაციო გეგმის ძირითადი მონაცემების განსაზღვრის წესი“ (შემდგომ – წესი) ადგენს საპენსიო კომპანიის მიერ ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში (შემდგომ – სამსახური) წარსადგენი საოპერაციო გეგმის ძირითად მონაცემებს, მასში ცვლილებების შეტანის და სამსახურში მისი წარდგენის ფორმასა და წესს.  

2. წინამდებარე წესი მიზნად ისახავს საპენსიო კომპანიის მიერ საქმიანობის დაწყებიდან მომდევნო 2 წლის განმავლობაში ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის ძირითადი ასპექტების განსაზღვრას შესაბამისი ფინანსური გათვლების ჩათვლით, რაც უზრუნველყოფს საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე საპენსიო კომპანიის განვითარებისა და ეფექტურობის შეფასების შესაძლებლობას. 

3. უცხოური საპენსიო ორგანიზაციის მიერ აღიარების მოსაპოვებლად სამსახურში წარდგენილი საოპერაციო გეგმა სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.

4. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ და „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და მათგან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობები.

მუხლი 2. პერიოდები საოპერაციო გეგმაში
1. ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის ლიცენზიის მოსაპოვებლად სამსახურში წარსადგენი საოპერაციო გეგმა უნდა მოიცავდეს საპენსიო კომპანიის მიერ საქმიანობის დაწყებიდან არანაკლებ 24 (ოცდაოთხი) თვიან პერიოდს.

2. საოპერაციო გეგმით გათვალისწინებული მონაცემები აღწერილი და გამიჯნული უნდა იყოს კალენდარული წლების მიხედვით, რომლის ათვლა იწყება საპენსიო კომპანიის საქმიანობის დაწყებიდან. 

მუხლი 3. საოპერაციო გეგმის ძირითადი  მონაცემები
1. საპენსიო კომპანიის საოპერაციო გეგმა უნდა ასახავდეს საპენსიო კომპანიის საქმიანობის ძირითად ასპექტებს, მიზნებს, ამ მიზნების მიღწევის გზებსა და ინსტრუმენტებს იმგვარად, რომ ერთი მხრივ, მკაფიოდ აღქმადი იყოს საპენსიო კომპანიის საქმიანობის თავისებურებები და განვითარების პერსპექტივები და მეორე მხრივ, იძლეოდეს საპენსიო კომპანიის ეფექტურობის შეფასების შესაძლებლობას საქმიანობის განხორციელებისას. 

2. სამსახურში წარდგენილ საპენსიო კომპანიის საოპერაციო გეგმაში ასახული უნდა იყოს, სულ მცირე, შემდეგი ძირითადი მონაცემები:

ა) ინფორმაცია საპენსიო კომპანიის შესახებ, კერძოდ, საპენსიო კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო მონაცემები, აქციონერის/პარტნიორის დასახელება და მათი საქმიანობის მოკლე აღწერილობა, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართ(ებ)ი; 

ბ) საპენსიო კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიზნების და ამოცანების აღწერა, მათ შორის, საპენსიო სქემის მონაწილეთა სეგმენტური ჯგუფის, მონაწილეთა რაოდენობის და საოპერაციო გეგმის პერიოდის განმავლობაში ამ რაოდენობის ცვლილების საპროგნოზო მაჩვენებლ(ებ)ის მითითებით;

გ) ინფორმაცია საპენსიო კომპანიის კაპიტალის მინიმალური და საკუთარი კაპიტალის ოდენობის შესახებ, სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;

დ) საპენსიო კომპანიის მიერ სარეგისტრაციო საპენსიო სქემის აღწერა, მათ შორის, საპენსიო სქემის ფორმა, საპენსიო შენატანების სტრუქტურა (შენატანის ფორმა საპენსიო შენატანების განმახორციელებელი პირების გათვალისწინებით) და მონაწილეთა გაწევრებისა და წევრობის შეწყვეტის პრინციპები, საინვესტიციო მიდგომები და სტრატეგია, აქტივების მმართველის შერჩევის კრიტერიუმები და პროცედურები, შესაბამისი საპენსიო სქემის აქტივების მმართველი პოტენციური სუბიექტის ვინაობა და მათთან მჭიდრო კავშირში მყოფი პირები, კავშირების ხასიათის ჩათვლით, ინფორმაცია საპენსიო სქემის შესაბამისი საპენსიო ფონდის/ფონდების შესახებ, საპენსიო სქემის ფარგლებში გათვალისწინებული პენსიის გაცემის ფორმა/ფორმები, პენსიის გაცემასთან დაკავშირებული ძირითადი პირობები. იმ შემთხვევაში, თუ საოპერაციო გეგმის პერიოდის ჭრილში საპენსიო კომპანიის მიერ პროგნოზირებულია ერთზე მეტი საპენსიო სქემის რეგისტრაცია, ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ასახული უნდა იყოს თითოეული სქემისათვის ცალ-ცალკე;

ე) ინფორმაცია საპენსიო კომპანიის მართვისა და ორგანიზაციული სტრუქტურის შესახებ, კერძოდ, საპენსიო კომპანიის მართვის ორგანოების აღწერა, სამეთვალყურეო საბჭოს და ხელმძღვანელი ორგანოს წევრების შერჩევის პრინციპები და კრიტერიუმები, ორგანიზაციული სტრუქტურის აღწერა, სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ამოცანების მითითებით, ადამიანური რესურსის აღწერა და ანაზღაურების პოლიტიკა საქმიანობის საწყისი ეტაპისა და საოპერაციო პერიოდში განვითარების გათვალისწინებით, მართვის შიდა სტანდარტები, პროცედურები, მომსახურების ხარისხის მართვისა და კონტროლის სისტემა;

ვ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების თავიდან აცილების სტანდარტები და პროცედურები;

ზ) ინფორმაცია საპენსიო სქემის აქტივების მმართველი სუბიექტ(ებ)ის შესახებ, მათ შორის, საპენსიო კომპანიას, შესაბამის აქტივების მმართველსა და მზღვეველთან მჭიდრო კავშირში მყოფი ყველა პირის სია და მათი კავშირების ხასიათი; 

თ) ინფორმაცია მმართველობითი სისტემის საკვანძო ფუნქციების შესახებ, კერძოდ, თითოეული ფუნქციის აღწერა და განხორციელების ასპექტები, საკვანძო ფუნქციების მქონე უფლებამოსილი პირების შერჩევის კრიტერიუმები და ამ პირების საპენსიო კომპანიის სხვა რგოლებთან ურთიერთობის ასპექტები უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, ანაზღაურების პოლიტიკა ყველა იმ პირისთვის, რომლებიც ეფექტიანად მართავენ საპენსიო სქემებს, ასრულებენ საკვანძო ფუნქციებს და რომელთა საქმიანობები არსებით ზეგავლენას ახდენს საპენსიო სქემის რისკის პროფილზე;

ი) ინფორმაცია რისკის მართვის სისტემის შესახებ, კერძოდ, საპენსიო კომპანიის რისკის მართვის ფუნქციის ორგანიზების სისტემა, სტრატეგია და პროცედურები, რომლებიც საპენსიო კომპანიის საქმიანობისა და მისი საპენსიო სქემ(ებ)ის ზომის, ბუნების, მასშტაბის პროპორციულია;

კ) ინფორმაცია შიდა კონტროლის სისტემისა და მართვის სისტემის სხვა ელემენტების სათანადოობისა და ეფექტიანობის შეფასების მექანიზმის შესახებ, კერძოდ, შიდა აუდიტის ფუნქციის ორგანიზების სისტემა, სტრატეგია და პროცედურები, რომლებიც საპენსიო კომპანიის საქმიანობის და მისი საპენსიო სქემ(ებ)ის ზომის, ბუნების, მასშტაბის პროპორციულია;

ლ) ინფორმაცია აუტსორსინგული მომსახურების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), კერძოდ, აუტსორსინგულ მომსახურებას დაქვემდებარებული მომსახურების აღწერა, ფარგლები, მომსახურების მიმწოდებლების აღწერა/შერჩევის კრიტერიუმები, პასუხისმგებლობის განაწილების პრინციპები, საპენსიო კომპანიის მიერ აუტსორსინგული მომსახურების მიმწოდებლების შესაბამისი მონიტორინგის განხორციელების სისტემა და პროცედურები;

მ) ინფორმაცია მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკასთან დაკავშრებით, მათ შორის პრეტენზიების განხილვის და გადაწყვეტის სისტემა და მექნიზმები, პროცედურები (შიდა ინსტრუქციები, წესები, სახელმძღვანელოები), მომხმარებელთა ინფორმირების და მათ მიერ ინფორმაციაზე წვდომის მექანიზმები და სისტემები, მომსახურების გაწევის პროცესის აღწერილობა ტექნიკური საშუალებებისა თუ სტრუქტურულად ორგანიზებული ადამიანური რესურსის ჩათვლით; 

ნ) ინფორმაცია საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემ(ებ)ის შესახებ, რომლებიც გამოყენებული იქნება საპენსიო სქემის ადმინისტრირების პროცესში, მათ შორის, საინფორმაციო ტექნოლოგიების საწყის ეტაპზე დასანერგი მინიმუმი და მომდევნო საოპერაციო პერიოდში განვითარების/დანერგვის გეგმა, მონაწილეების მიერ საინფორმაციო ტექნოლოგიური სისტემის წვდომის და გამოყენების არეალი (სქემის წესებზე, პირად ანგარიშებზე წვდომა და ა.შ.), სისტემის მონიტორინგის და უსაფრთხოების მექანიზმები, შიდა კონტროლის განხორციელებაში სისტემის გამოყენების თავისებურებები;

ო) ფინანსური გეგმა და ფინანსური პარამეტრები ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად;

პ) საპენსიო კომპანიის საქმიანობისა და საპენსიო სქემის რისკების შეფასება, ანალიზი და მართვის მექანიზმები; 

ჟ) საოპერაციო გეგმის შესრულების მონიტორინგის პროცედურები და მონიტორინგის შედეგებზე რეაგირებისა და კონტროლის სისტემა. 

მუხლი 4. საოპერაციო გეგმის ფინანსური პარამეტრები
1. საპენსიო კომპანიის საოპერაციო გეგმის ფინანსური ნაწილი უნდა ასახავდეს საპროგნოზო გათვლებსა და მაჩვენებლებს საოპერაციო გეგმით გათვალისწინებული პერიოდის მანძილზე კალენდარული წლების ჭრილში, განცალკევებულად საპენსიო კომპანიისა და მისი საპენსიო სქემ(ებ)ისთვის.

2. საპენსიო კომპანიის საოპერაციო გეგმა უნდა ასახავდეს/მოიცავდეს ამ საპენსიო კომპანიის:

ა) ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებას (დანართი №1-ით განსაზღვრული ფორმით);

ბ) სრული შემოსავლის ანგარიშგება (მოგება-ზარალის უწყისი) (დანართი №2-ით განსაზღვრული ფორმით);  

გ) ფულადი ნაკადების ანგარიშგებას (დანართი №3-ით განსაზღვრული ფორმით);

დ) საოპერაციო გეგმის განმარტებით შენიშვნებს.

3. საპენსიო კომპანია ვალდებულია, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განმარტებით შენიშვნებში სულ მცირე გაამჟღავნოს:

ა) ინფორმაცია ფინანსური ანგარიშგების მომზადების საფუძვლისა და საპენსიო კომპანიის მიერ გამოყენებული სააღრიცხვო პოლიტიკების შესახებ;

ბ) დეტალური ინფორმაცია საპენსიო კომპანიის აქტივების მოსალოდნელი ამონაგების მაჩვენებლის/განაკვეთის თაობაზე;

გ) ადმინისტრაციული ხარჯების პროგნოზირებისათვის გამოყენებული პრინციპები და დაშვებები, ნებისმიერი აუტსორსინგული მომსახურების მოსალოდნელი ხარჯების დეტალების ჩათვლით;  

დ) კალენდარული წლების მიხედვით დასაქმებულთა (პერსონალის) რაოდენობა, პოზიციების კატეგორიების მიხედვით (აღმასრულებელი, მმართველობითი, დამხმარე პერსონალი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი და ა.შ.) და საშუალო თანამდებობრივ სარგოს კატეგორიების მიხედვით;

ე) ცვეთის/ამორტიზაციის (გაუფასურების) ხარჯების პროგნოზირებისათვის  გამოყენებული პრინციპები და დაშვებები თითოეული ტიპის მატერიალური და არამატერიალური აქტივების მიხედვით;

ვ) ფინანსური ანგარიშგებაში წარდგენილი თითოეული არსებითი მუხლის დამხმარე (დამადასტურებელი) ინფორმაცია.

4. საპენსიო კომპანიის ანგარიშგება არ უნდა მოიცავდეს საპენსიო სქემის არცერთ აქტივს ან ვალდებულებას.

5. საპენსიო სქემასთან დაკავშირებით საოპერაციო გეგმა უნდა ასახავდეს/მოიცავდეს:

ა) მონაწილეთათვის განკუთვნილი წმინდა საპენსიო აქტივების ცვლილებების ანგარიშგებას (დანართი №4-ით განსაზღვრული ფორმით). ამასთან, გამჟღავნებული უნდა იქნას: 

ა.ა) მონაწილისა და დამსაქმებლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შენატანების საპროგნოზო მაჩვენებლების შესაფასებლად გამოყენებული დაშვებები და ამ დაშვებების საფუძვლები, რაც, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს:

- საპენსიო შენატანების განმახორციელებელი მონაწილეების საპროგნოზო რაოდენობას;

- მონაწილის მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანების საპროგნოზო საშუალო ოდენობას;

- მონაწილის სასარგებლოდ, დამსაქმებლის მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანების საპროგნოზო საშუალო ოდენობას;

ა.ბ) მონაწილეთა პირადი საპენსიო ანგარიშებიდან, საპენსიო სქემის წესებით გათვალისწინებული დასაკავებელი გადასახდელების და საკომისიოების გაანგარიშება; 

ა.გ) მონაწილეთა პირადი საპენსიო ანგარიშებიდან საპროგნოზო განსაკარგი ოდენობის (პენსიის გაცემა, საპენსიო აქტივის გატანა/გადატანა) შესაფასებლად გამოყენებული პრინციპები;

ა.დ) საპენსიო სქემის აქტივების ინვესტირებიდან მოსალოდნელი ამონაგების მაჩვენებელი/განაკვეთი. იმ შემთხვევაში, თუ სქემა ითვალისწინებს ერთზე მეტ საინვესტიციო არჩევანს, მაჩვენებელი/განაკვეთი მთლიან საინვესტიციო პორტფელში უნდა წარმოადგენდეს მოსალოდნელი ამონაგების საშუალო მაჩვენებელს/განაკვეთს; 

ა.ე) საპენსიო აქტივების რეალური ღირებულების მოსალოდნელი ცვლილების შეფასების საფუძვლები;  

ბ) მონაწილეთათვის განკუთვნილი წმინდა საპენსიო აქტივების ანგარიშგებას ამ წესის დანართი №5-ით განსაზღვრული ფორმით. ამასთან, თუ სქემა ითვალისწინებს ერთზე მეტ საინვესტიციო არჩევანს, წმინდა საპენსიო აქტივების ანგარიშგება ყველა საინვესტიციო პორტფელისთვის უნდა მომზადდეს კონსოლიდირებულად (შეჯამებულად) და ახსნილი უნდა იქნეს ნებისმიერი არსებული მოკლევადიანი აქტივების ან/და ვალდებულებების შესახებ დეტალები. 

6. თუ საპენსიო კომპანიის მიერ დაგეგმილია ერთზე მეტი საპენსიო სქემის ადმინისტრირება, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგება წარმოდგენილი უნდა იყოს თითოეული საპენსიო სქემისათვის ცალ-ცალკე.

მუხლი 5. დამატებითი მოთხოვნები
1. სამსახურში წარდგენილი უნდა იყოს საპენსიო კომპანიის/უცხოური საპენსიო ორგანიზაციის ფილიალის შესაბამისი მმართველი ორგანოს მიერ შესაბამისი წესით დამტკიცებული საოპერაციო გეგმა, დედნის ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლის სახით.

2. საოპერაციო გეგმის ძირითად მონაცემებში განხორციელებული ცვლილებები უნდა აისახოს საოპერაციო გეგმაში შესაბამისი ეკონომიკური და ფინანსური გაანგარიშებით. ამასთან, საოპერაციო გეგმის რედაქტირებული ვერსია შესაბამისი დასაბუთებით სამსახურს უნდა წარედგინოს აღნიშნული ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში. 

3. იმ შემთხვევაში, თუ საოპერაციო გეგმაში ცვლილებები განხორციელებულია სამსახურის მიერ ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების შესახებ სალიცენზიო განაცხადის განხილვის პროცესში.