საპენსიო კომპანიისა და მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისა და დაკისრების წესის დადგენის თაობაზე

საპენსიო კომპანიისა და მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისა და დაკისრების წესის დადგენის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 86
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 24/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016093
86
24/12/2024
ვებგვერდი, 25/12/2024
290160000.60.072.016093
საპენსიო კომპანიისა და მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისა და დაკისრების წესის დადგენის თაობაზე
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
 

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №86

2024 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საპენსიო კომპანიისა და მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისა და დაკისრების წესის დადგენის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და 58-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დადგინდეს „საპენსიო კომპანიისა და მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისა და დაკისრების წესი” თანდართული სახით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით ონოფრიშვილი



საპენსიო კომპანიისა და მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისა და დაკისრების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. „საპენსიო კომპანიისა და მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისა და დაკისრების წესი“ (შემდგომ – წესი) ადგენს, სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომ – სამსახური) მიერ „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, მზღვეველის და საპენსიო კომპანიის, ან/და მათი სამეთვალყურეო საბჭოს წევრების/ხელმძღვანელი ორგანოს წევრების მიმართ გამოსაყენებელი ფულადი ჯარიმის ოდენობებს, მათ დაკისრებასა და აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. ამ წესის მოქმედება ასევე ვრცელდება უცხოური საპენსიო ორგანიზაციის ფილიალზეც.

3. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით, „დაზღვევის შესახებ" საქართველოს კანონითა და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები.

მუხლი 2. სამსახურის უფლებამოსილება

1. სამსახური უფლებამოსილია, საპენსიო კომპანიის/მზღვეველის ან/და მათი სამეთვალყურეო საბჭოს წევრების/ხელმძღვანელი ორგანოს წევრების მიმართ გამოიყენოს ამ წესით დადგენილი ფულადი ჯარიმა, თუ დარღვეულია:

ა) „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის ერთ-ერთი დებულება, ამავე კანონის საფუძველზე სამსახურის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნები, სამსახურის ინსტრუქციები და წერილობითი მითითებები;

ბ) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის ერთ-ერთი დებულება, ან/და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნები, სამსახურის მითითებები;

გ) „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე სამსახურის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის მოთხოვნები;

2. სამსახური გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საპენსიო კომპანიის/მზღვეველის ან/და მისი სამეთვალყურეო საბჭოს წევრების/ხელმძღვანელი ორგანოს წევრების მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა სამსახურის უფროსის ბრძანების სახით, რომელშიც მითითებულია მისი აღსრულების წესი.

3. ამ წესით დაკისრებული ფულადი ჯარიმის შესახებ სამსახურის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ძალაში შედის საპენსიო კომპანიის/მზღვეველისთვის მისი გაცნობისთანავე.

4. სამსახური უფლებამოსილია ამ წესის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის აღსრულება უზრუნველყოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული გასაჩივრების ვადის უშედეგოდ გასვლის შემდგომ.

5. მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული ფულადი ჯარიმის იძულებით აღსასრულებლად მიქცევა ხდება კანონიერ ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

6. ამ წესის შესაბამისად დაკისრებული და გადახდილი ფულადი ჯარიმის თანხა მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

მუხლი 3. ფულადი ჯარიმის ოდენობა

1. საპენსიო კომპანიის მიერ, ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე, საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობის მიმართ სამსახურის მიერ განსაზღვრული მოთხოვნების (მათ შორის კაპიტალის მინიმალური ოდენობის ფულადი ფორმით განთავსების მოთხოვნის) დარღვევის გამოვლენისას, საპენსიო კომპანია ჯარიმდება 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

2. საპენსიო კომპანიის მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგებების ამავე კანონით დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით წარუდგენლობის შემთხვევაში საპენსიო კომპანია ჯარიმდება 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

3. საპენსიო კომპანიის/მზღვეველის მიერ ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განხორციელების თაობაზე წლიური და ნახევარი წლის ანგარიშის შედგენის და/ან საჯაროდ გამოქვეყნების ვალდებულების დარღვევისთვის საპენსიო კომპანია/მზღვეველი ჯარიმდება 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

4. სამსახურის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ანგარიშგებ(ებ)ის ან/და სხვა ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციის დადგენილი წესით ან/და დადგენილ ვადებში სამსახურში წარუდგენლობის შემთხვევაში, საპენსიო კომპანია/მზღვეველი ჯარიმდება დარღვევის თითოეულ ფაქტზე 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. ამ პუნქტის მიზნებისათვის დარღვევის თითოეულ ფაქტად მიიჩნევა დადგენილი წესით ან/და დადგენილ ვადებში გათვალისწინებული ანგარიშგების ფორმების და ინფორმაციის ერთობლიობის დამტკიცებული ფორმით წარუდგენლობა.

5. სამსახურის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ანგარიშგებ(ებ)ის ან/და სხვა ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციის დადგენილი წესით ან/და დადგენილ ვადებში სამსახურში არასრულად წარდგენის შემთხვევაში, საპენსიო კომპანია/მზღვეველი  ჯარიმდება 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

6. სამსახურის ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ანგარიშგებ(ებ)ის ფორმაში არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, მზღვეველი/საპენსიო კომპანია ჯარიმდება დარღვევის თითოეულ ფაქტზე 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

7. მზღვეველის/საპენსიო კომპანიის ადგილზე შემოწმების პროცესში სამსახურისათვის არაზუსტი ან/და არასრული ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, ან შემოწმების ჯგუფის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, მზღვეველი/საპენსიო კომპანია ჯარიმდება დარღვევის თითოეულ ფაქტზე 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

8. სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შემოწმების ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, მზღვეველი/საპენსიო კომპანია ჯარიმდება დარღვევის თითოეულ ფაქტზე 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

9. სამსახურში წარმოდგენილ ანგარიშგებებთან დაკავშირებით, სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციის ან/და დაზუსტებული ანგარიშგების მითითებულ ვადაში წარუდგენლობა გამოიწვევს მზღვეველის/საპენსიო კომპანიის დაჯარიმებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

10. მონაწილის პირადი საპენსიო ანგარიშის შექმნისა და წარმოების „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, მზღვეველი/საპენსიო კომპანია ჯარიმდება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

11. საპენსიო სქემის მონაწილეთა წმინდა აქტივების ღირებულების გამოთვლისათვის  სამსახურის მიერ დადგენილი წესის დარღვევის შემთხვევაში, მზღვეველი/საპენსიო კომპანია ჯარიმდება 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

12. მზღვეველში/საპენსიო კომპანიაში რისკის მართვის სისტემის სამსახურის მიერ დადგენილი წესის მოთხოვნებთან შეუსაბამობის ან/და რისკების მართვის სისტემის არასათანადოდ ფუნქციონირების შემთხვევაში, მზღვეველი/საპენსიო კომპანია ჯარიმდება 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

13. მზღვეველის/საპენსიო კომპანიის მიერ რისკების მართვის დეკლარაციის დადგენილი ფორმით ან/და დადგენილ ვადაში სამსახურში წარუდგენლობის შემთხვევაში, მზღვეველი/საპენსიო კომპანია ჯარიმდება 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

14. საპენსიო კომპანიის/მზღვეველის მიერ საპენსიო აქტივების ინვესტირების მიმართ სამსახურის მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, საპენსიო კომპანია/მზღვეველი ჯარიმდება, დარღვევის თითოეული ფაქტისათვის, დარღვეული პარამეტრის 2%-ით, მაგრამ არანაკლებ 5 000 (ხუთი ათასი) ლარისა და არაუმეტეს 50,000 (ორმოცდაათი ათასი) ლარისა.

15. კანონმდებლობით, სამსახურის მიერ დადგენილი წესებით, ინსტრუქციებით, მოთხოვნებით, წერილობითი მითითებებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის ან/და სამსახურის მიერ კომპეტენციის ფარგლებში მოთხოვნილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობის ან/და არაზუსტად/არასრულად წარმოდგენის თითოეულ ფაქტზე, მზღვეველი/საპენსიო კომპანია ჯარიმდება 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
 

მუხლი 4. მომხმარებლის უფლებების დარღვევისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობა

1. საპენსიო სქემის პოტენციური მონაწილისთვის საპენსიო სქემის შეთავაზებისას, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით და მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, მისაწოდებელი ინფორმაციის/დოკუმენტების მიმართ დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – საპენსიო კომპანია/მზღვეველი ჯარიმდება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

2. კერძო პენსიის ხელშეკრულების გაფორმებასთან და ამ ხელშეკრულების პირობების მიმართ დადგენილი მოთხოვნების დარღვევისას, საპენსიო კომპანია/მზღვეველი ჯარიმდება 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

3. საპენსიო კომპანიის/მზღვეველის მიერ საპენსიო სქემის მონაწილეთათვის არასრული, შეცდომაში შემყვანი ან/და არასწორი/არაზუსტი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში საპენსიო კომპანია/მზღვეველი ჯარიმდება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

4. საპენსიო სქემის მონაწილეების/ბენეფიციარების პრეტენზიების განხილვასთან და გადაწყვეტასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევისთვის საპენსიო კომპანია/მზღვეველი ჯარიმდება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

მუხლი 5.  „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და მის შესაბამისად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და მითითებების დარღვევასთან დაკავშირებული ფულადი ჯარიმის ოდენობა

1. საპენსიო კომპანიები ან/და მათი სამეთვალყურეო საბჭოს წევრები/ხელმძღვანელი ორგანოს წევრები ჯარიმდებიან:

ა) კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარუდგენლობის შემთხვევაში – 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) საეჭვო ან/და უჩვეულო გარიგებასთან (ოპერაციასთან) დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ღონისძიებების არასათანადოდ განხორციელების/ განუხორციელებლობის შემთხვევაში – 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

გ) მფლობელობის და კონტროლის (მმართველობის) განმახორციელებელი სტრუქტურის დადგენის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე ან/და კანონმდებლობით დადგენილი იდენტიფიკაციის ან/და ვერიფიკაციის წესის დაუცველად კლიენტთან (მისი სახელით მოქმედ პირთან) საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემთხვევაში – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში;

დ) საპენსიო სქემის მონაწილის/კლიენტის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი პრევენციული ღონისძიებების არასათანადოდ განხორციელების/განუხორციელებლობის შემთხვევაში – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ მონაწილესთან მიმართებაში;

ე) მომეტებული რისკის დონისთვის მიკუთვნებული კლიენტის/მონაწილის მიმართ, კანონმდებლობით გათვალისწინებული გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებების არასათანადოდ განხორციელების/განუხორციელებლობის შემთხვევაში – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ კლიენტთან/მონაწილესთან მიმართებაში;

ვ) პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში – 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ პირთან მიმართებაში;

ზ) გარიგების შეჩერების თაობაზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შეუსრულებლობისთვის – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

თ) ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში – 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ი) გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთან განხორციელებული ოპერაციების (გარიგების) გამოვლენის შემთხვევაში – 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

კ) ადგილზე შემოწმების დაწყების თარიღისთვის კლიენტს/მონაწილეს არ აქვს მინიჭებული რისკის დონე – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ კლიენტთან/მონაწილესთან მიმართებაში;

ლ) ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტების დაგვიანებით წარდგენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე:

ლ.ა) 5 სამუშაო დღემდე დაგვიანებისათვის – 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

ლ.ბ) 5 და მეტი სამუშაო დღით დაგვიანებისთვის – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

მ) ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტების წარუდგენლობის გამოვლენის ან არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ნ) ადგილზე შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტების სამსახურისათვის დადგენილი წესით და/ან დადგენილ ვადაში წარუდგენლობის ან არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; იმავე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში – 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ო) შემოწმების შედეგად გაცემული წერილობითი მითითების არაჯეროვანი შესრულების/შეუსრულებლობის შემთხვევაში – 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

პ) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაციის აღრიცხვისა და/ან შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ჟ) შესაბამისობის კონტროლის სისტემის არქონის, შიდა კონტროლის არასათანადოდ განხორციელების/განუხორციელებლობის ან/და შესაბამისი პროცედურებისა და წესების მიღების ან/და დაცვის ვალდებულების სისტემატური დარღვევის შემთხვევაში - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

რ) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მონაცემთა აღრიცხვისა და დამუშავების სათანადო ელექტრონული სისტემის არქონის შემთხვევაში – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

2. მზღვეველის ან/და მისი სამეთვალყურეო საბჭოს/ხელმძღვანელი ორგანოს წევრ(ებ)ის მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრება ხორციელდება „მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 17 მარტის №02 ბრძანების  მე-3 მუხლისა (გარდა „დ“, „ე“, „კ“ ქვეპუნტებისა) და ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „დ”, „ე” და „კ” ქვეპუნქტების შესაბამისად.
მუხლი 6. ფულადი ჯარიმისგან გათავისუფლება

1. სამსახური უფლებამოსილია გაათავისუფლოს საპენსიო კომპანია უკვე დაკისრებული ფულადი ჯარიმისგან, ან არ დააკისროს ფულადი ჯარიმა იმ შემთხვევაში, თუ:

ა) საპენსიო კომპანიაში მიმდინარეობს ლიკვიდაციის პროცესი;

ბ) ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის ლიცენზია გაუქმდა.

2. განსაკუთრებულ შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია გაათავისუფლოს საპენსიო კომპანია ფულადი ჯარიმის დაკისრებისაგან, თუ:

ა) საპენსიო კომპანიის ფინანსური მდგომარეობა შეიძლება ისე გაუარესდეს, რომ საფრთხე შეექმნას მის მომავალ ფუნქციონირებას და დაზიანდეს მონაწილეთა ინტერესები;

ბ) საპენსიო კომპანია შეიძლება გახდეს გადახდისუუნარო.

3. ფულადი ჯარიმის დაკისრებისგან და დაკისრებული ფულადი ჯარიმის გადახდისაგან საპენსიო კომპანიის გათავისუფლების შესახებ სამსახური გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს,  სამსახურის უფროსის ბრძანების სახით.

4. მზღვეველის ფულადი ჯარიმისგან გათავისუფლება ხორციელდება საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 17 მარტის №02 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“  მე-4 მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისად.