„საინფორმაციო სისტემის მართვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

„საინფორმაციო სისტემის მართვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი № 1-1/54
დოკუმენტის მიმღები სსიპ − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი 19/12/2024
დოკუმენტის ტიპი სსიპ − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 31/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 330090000.80.093.016019
№ 1-1/54
19/12/2024
ვებგვერდი, 25/12/2024
330090000.80.093.016019
„საინფორმაციო სისტემის მართვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
სსიპ − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსი
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსის

ბრძანება №1-1/54

2024 წლის 19 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საინფორმაციო სისტემის მართვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

სივრცის დაგეგმარების საინფორმაციო სისტემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის №72 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „საინფორმაციო სისტემის მართვის შესახებ“  თანდართული ინსტრუქცია.
მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 31 დეკემბრიდან.


სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსიიოანე მენაბდე




დანართი

ინსტრუქცია საინფორმაციო სისტემის მართვის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. ინსტრუქციის რეგულირების სფერო

წინამდებარე ინსტრუქციით რეგულირდება საინფორმაციო სისტემის მართვის სახელმძღვანელო პრინციპები და წესები.

მუხლი 2. ინსტრუქციის  მიზანი

ინსტრუქციის მიზანია საინფორმაციო სისტემის მართვის სახელმძღვანელო პრინციპებისა და წესების განსაზღვრა.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

1. ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს ამ ინსტრუქციის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ააგენტო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო; 

ბ) საინფორმაციო სისტემა − სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის საინფორმაციო სისტემა ცენტრალურ დონეზე;

გ) სივრცის დაგეგმარების გეგმა − საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის (შემდგომში − კოდექსი) შესაბამისად დამტკიცებული საქართველოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის ან/და მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმა;

დ) ქალაქთმშენებლობითი გეგმა − კოდექსის შესაბამისად დამტკიცებული გენერალური გეგმა, განაშენიანების გეგმა ან/და განაშენიანების დეტალური გეგმა.

თავი II. საინფორმაციო სისტემა ცენტრალურ დონეზე

მუხლი 3. ცენტრალურ დონეზე საინფორმაციო სისტემის მიზანი

საინფორმაციო სისტემის მიზანია სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმებისა და მათთან დაკავშირებული დოკუმენტაციის/ინფორმაციის შეგროვების, დამუშავების, სისტემატიზაციისა და საჯაროდ ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

მუხლი 4. საინფორმაციო სისტემის შემადგენლობა

1. საინფორმაციო სისტემა წარმოადგენს ტექნოლოგიებისა და მონაცემთა ბაზების ერთობლიობას, რომელიც ემსახურება სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავებისა და განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციის დაგროვებას, დამუშავებას, სისტემატიზაციასა და გამოყენებას.

2. საინფორმაციო სისტემაში აისახება:

ა) სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის საბაზისო მონაცემთა ინდიკატორები;

ბ) სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმები და მათთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია;

გ) სივრცის დაგეგმარებასა და ქალაქთმშენებლობით დაგეგმვასთან დაკავშირებული დარგობრივი გეგმები;

დ) მიმდინარე ან/და დაგეგმილი პროექტები (მათ შორის, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები);

ე) მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ინფორმაცია;

ვ) სხვა ინფორმაცია, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს სივრცით და ქალაქთმშენებლობით დაგეგმვასთან, ასევე მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურების სხვადასხვა სტადიასთან.

მუხლი 5. ცენტრალურ დონეზე სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმებისა და მათთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაზე/ინფორმაციაზე ინტერაქტიული წვდომა

ცენტრალურ დონეზე სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმებისა და მათთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაზე/ინფორმაციაზე ინტერაქტიული წვდომის პროგრამული უზრუნველყოფა ხორციელდება ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ მართვაში არსებული საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის სტანდარტის შესაბამისი პროგრამის მეშვეობით (https://www.msda.ge/).

თავი III. საინფორმაციო სისტემის მართვა ცენტრალურ დონეზე

მუხლი 6. ცენტრალურ დონეზე საინფორმაციო სისტემის მართვაზე უფლებამოსილი ორგანო

სააგენტო ახორციელებს დაგეგმვის უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ორგანოს ან/და სხვა ორგანოს მიერ მიწოდებული მონაცემების ან/და საკუთარი ინიციატივით მოპოვებული ინფორმაციის სისტემატიზაციას ან/და დამუშავებას.

მუხლი 7. სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმებისა და მათთან დაკავშირებული დოკუმენტაციის/ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და სისტემატიზაცი

სააგენტო ახორციელებს დაგეგმვის უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ორგანოს ან/და სხვა ორგანოს მიერ ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით ფარგლებში მიწოდებული მონაცემების ან/და საკუთარი ინიციატივით მოპოვებული ინფორმაციის სისტემატიზაციას ან/და დამუშავებას.

მუხლი 8. სააგენტოს სერვისები

სააგენტო ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, შესაბამისი საფასურების განაკვეთების, საფასურების გადახდის, მათი გადახდისაგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურების დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 ივნისის №280 დადგენილებით განსაზღვრული სერვისების, მათ შორის ფასიან მომსახურებას.

მუხლი 9. სააგენტოს დოკუმენტბრუნვა და კანცელარია

1. დოკუმენტბრუნვა უზრუნველყოფს კანცელარიასა და ონლაინ განცხადებების პორტალში რეგისტრირებული განცხადებების საქმისწარმოების ელექტრონულად მართვას.

2. კანცელარიის მოდული უზრუნველყოფს ელექტრონულ საქმისწარმოებას, ასევე კანცელარიაში შემოსული დოკუმენტების ელექტრონულ რეგისტრაციას/გაგზავნას. კანცელარიის მოდულში რეგისტრირდება ფიზიკური პირის, იურიდიული პირისა და სახელმწიფო სტრუქტურის მიერ წარმოდგენილი განცხადებებები.

3. ინტერაქტიური რუკა უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტების საზღვრებში არსებული გეოსივრცითი ობიექტების განთავსებასა და მათზე მუნიციპალიტეტების, სამსახურების მიხედვით მიმდინარე ელექტრონული განცხადებებისა და ინფორმაციის ასახვას.

4. ონლაინ განცხადებების პორტალი უზრუნველყოფს ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის ელექტრონული პირადობის მოწმობის გამოყენებით განცხადებების შეტანას, სერვისების გაცნობასა და ინფრომაციის მიღებას მათ მიერ შემოტანილი განცხადებების საქმისწარმოების თაობაზე.

მუხლი 10. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და საჯაროობა

საინფორმაციო სისტემაში თავმოყრილი ინფორმაცია უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი, გარდა იმ მონაცემებისა, რომლებიც განეკუთვნება საიდუმლო ინფორმაციას. ამასთან, გარკვეული კატეგორიის სერვისების და ინფორმაციის მიღება შესაძლებელია დაექვემდებაროს ფასიან მომსახურებას.