დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების რეესტრის წარმოების წესის დადგენის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 84 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური |
მიღების თარიღი | 23/12/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2024 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 290160000.60.072.016091 |
84
23/12/2024
ვებგვერდი, 23/12/2024
290160000.60.072.016091
ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების რეესტრის წარმოების წესის დადგენის თაობაზე
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-14 პუნქტისა და 58-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
დადგინდეს „ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების რეესტრის წარმოების წესი“ თანდართული სახით.
|
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
|
|
ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების რეესტრის წარმოების წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების რეესტრის წარმოების წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომ – სამსახური) მიერ ნებაყოფლობით კერძო საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების (შემდგომ – სუბიექტები) რეესტრის (შემდგომ – რეესტრი) წარმოების წესს და პირობებს.
2. რეესტრი წარმოადგენს მონაცემთა სისტემატიზირებულ ერთობლიობას საქართველოში ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების, მათ მიერ რეგისტრირებული საპენსიო სქემებისა და ამ მონაცემებში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე.
3. რეესტრში შეტანილი ინფორმაციის საფუძველზე, სამსახური თავის ოფიციალურ ვებგვერდზე www.insurance.gov.ge აქვეყნებს მონაცემებს საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელი მოქმედი სუბიექტების და მათ მიერ რეგისტრირებული საპენსიო სქემის შესახებ, ასევე ინფორმაციას იმ სქემის შესახებ, რომელიც შეწყვეტის პროცესშია და იმ სუბიექტების შესახებ, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს ლიკვიდაციის პროცესი.
4. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები.
მუხლი 2. ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების რეესტრი
1. სამსახური ქმნის და აწარმოებს სუბიექტების რეესტრს მატერიალური და არამატერიალური (ელექტრონული) ფორმით.
2. რეესტრში აღირიცხება:
ა) მონაცემები საქართველოში ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელი თითოეული სუბიექტის შესახებ, კერძოდ, მზღვეველის, აქტივების მმართველი კომპანიის, საპენსიო კომპანიის, უცხოური საპენსიო ორგანიზაციის ფილიალის შესახებ;
ბ) მონაცემები ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტებთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი (დაქირავებული) აქტივების მმართველი კომპანიის, მზღვეველისა ან/და სპეციალიზებული დეპოზიტარის შესახებ;
გ) ინფორმაცია ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის მიმართ ლიკვიდაციის ან საქმიანობის შეწყვეტის ნებისმიერი ფორმის მიმდინარეობის თაობაზე;
დ) ინფორმაცია ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის მიერ რეგისტრირებული საპენსიო სქემის შესახებ, ასევე შესაბამისი საპენსიო სქემის რეგისტრაციის გაუქმების და/ან შეწყვეტის შესახებ;
ე) ინფორმაცია ამ პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებში/ინფორმაციაში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე;
ვ) თითოეული ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტისათვის სამსახურის მიერ მინიჭებული უნიკალური სარეგისტრაციო კოდი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები/ინფორმაცია მოიცავს:
ა) სუბიექტის საფირმო სახელწოდებასა და საიდენტიფიკაციო ნომერს, იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართებს, საკონტაქტო ტელეფონს, ელექტრონული ფოსტისა და ვებგვერდის მისამართებს;
ბ) საპენსიო კომპანიის და უცხოური საპენსიო ორგანიზაციის ფილიალის შემთხვევაში, მისი დამფუძნებლ(ებ)ის სახელწოდებას (საფირმო სახელწოდებას) და საიდენტიფიკაციო ნომერს;
გ) სუბიექტის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელებას (ლიცენზია, აღიარება), მისი გაცემის თარიღს, საქმიანობის განხორციელების უფლების გამცემი უფლებამოსილი ორგანოს დასახელებას, საფუძველს;
დ) უცხოური საპენსიო ორგანიზაციის ფილიალის შემთხვევაში, უცხოური საპენსიო ორგანიზაციის სახელზე გაცემული შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელებას, გაცემის თარიღს, გამცემი უფლებამოსილი ორგანოს დასახელებას;
ე) სუბიექტის სამეთვალყურეო საბჭოსა და ხელმძღვანელი ორგანოს წევრების მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს;
ვ) სუბიექტის მიერ სამსახურში რეგისტრირებული თითოეული საპენსიო სქემის დასახელებას, სქემის ფორმას, სქემის რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების და/ან შეწყვეტის შესახებ საფუძველს, თარიღს;
ზ) სუბიექტის მიერ აქტივების სამართავად დაქირავებული შესაბამისი პირ(ებ)ის საფირმო სახელწოდებას და საიდენტიფიკაციო ნომერს;
თ) სუბიექტის მიერ დაქირავებული სპეციალიზებული დეპოზიტარის საფირმო სახელწოდებას და საიდენტიფიკაციო ნომერს;
ი) სუბიექტის მიმართ ლიკვიდაციის დაწყების თარიღსა და საფუძველს, ლიკვიდატორის ვინაობას, ლიკვიდაციის დასრულების თარიღსა და საფუძველს;
კ) სუბიექტის საქმიანობის ნებისმიერი ფორმით შეწყვეტის პროცესის დაწყების თარიღსა და საფუძველს, დასრულების თარიღსა და საფუძველს.
4. ამ მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებში განხორციელებული ცვლილებები რეესტრში აისახება ცვლილების შინაარსის, ცვლილების განხორციელების თარიღის და საფუძვლის მითითებით.
5. ამ მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებში განხორციელებული ცვლილებების რეესტრში ასახვა სამსახურის მიერ ხორციელდება ცვლილების თაობაზე სამსახურის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან და/ან შესაბამისი ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში.
6. რეესტრის განახლებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში, სამსახური უზრუნველყოფს ინფორმაციის განახლებას სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე.
მუხლი 3. ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტებისათვის კოდის მინიჭება
1. ამ წესით გათვალისწინებული რეესტრის მიზნებისთვის სამსახურის მიერ სუბიექტს ენიჭება სპეციალური უნიკალური (სარეგისტრაციო) ხუთი სიმბოლოსგან შემდგარი კოდი, უწყვეტობის პრინციპის გათვალისწინებით. რიგითობა განისაზღვრება სამსახურის მიერ რეესტრში სუბიექტის შესახებ პირველადი ინფორმაციის შეტანის შესაბამისად.
2. სუბიექტს ენიჭება სპეციალური უნიკალური (სარეგისტრაციო) კოდი შემდეგი პრინციპით:
ა) სუბიექტის რიგითი ნომერი სამნიშნა ნუმერაციით: 001, 002 და ა.შ.
ბ) სუბიექტის სპეციფიკის მაიდენტიფიცირებელი ინდექსი დეფისით:
ბ.ა) მზღვეველი: – 1
ბ.ბ) აქტივების მმართველი კომპანია: – 2
ბ.გ) საპენსიო კომპანია: – 3
ბ.დ) უცხოური საპენსიო ორგანიზაციის ფილიალი: – 4
3. სუბიექტის მიერ ერთზე მეტი საპენსიო სქემის რეგისტრაციის შემთხვევაში, მისთვის ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის შესაბამისად მინიჭებული უნიკალური (სარეგისტრაციო) კოდი რჩება უცვლელი.
მუხლი 4. დასკვნითი დებულებები
ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაციის, ხელმისაწვდომობისა და აღრიცხვიანობის ეფექტიანობის მიზნით, სამსახური უფლებამოსილია, ამ წესით გათვალისწინებული მონაცემების გარდა რეესტრში აღრიცხოს სხვა მონაცემებიც.
|
დოკუმენტის კომენტარები