საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 81-Iმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/12/2024
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016114
81-Iმს-XIმპ
12/12/2024
ვებგვერდი, 12/12/2024
010190030.06.001.016114
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 49-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ფრაქციის ხელმძღვანელია ფრაქციის თავმჯდომარე. ფრაქციის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს ფრაქციის ყოველ 7  წევრზე არაუმეტეს ერთი მოადგილისა. თუ ფრაქციის თავმჯდომარეს ერთზე მეტი მოადგილე ჰყავს, ერთ-ერთ მათგანს შეიძლება მიენიჭოს ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილის სტატუსი. ფრაქციის თავმჯდომარის, ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილებანი და არჩევის, გადაყენებისა და გადადგომის წესები განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.“.

2. 2281 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 228​1. 2028 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნა, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის უფლებები და საქმიანობის წესი

1. 2028 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე 1 პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ არანაკლებ 7 პარლამენტის წევრს შეუძლია რეგლამენტით ფრაქციის შექმნისთვის დადგენილი  მოთხოვნების შესაბამისად შექმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი (შემდგომ − პოლიტიკური ჯგუფი), თუ იგი პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი იყო, როგორც პარლამენტის წევრობის უპარტიო კანდიდატი. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრების 1 პოლიტიკურ ჯგუფში გაერთიანება დაუშვებელია.

2. პოლიტიკური ჯგუფი იქმნება ფრაქციის შექმნისთვის რეგლამენტით დადგენილი წესით. პოლიტიკური ჯგუფი უქმდება ფრაქციის გაუქმებისთვის რეგლამენტით დადგენილი წესით იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური ჯგუფის შემადგენლობაში 7-ზე ნაკლები პარლამენტის წევრი დარჩა. პარლამენტის წევრის პოლიტიკურ ჯგუფში გაერთიანება და პოლიტიკური ჯგუფის წევრის პოლიტიკური ჯგუფიდან გასვლა ან გარიცხვა ხდება, შესაბამისად, პარლამენტის წევრის ფრაქციაში გაერთიანებისა და ფრაქციის წევრის ფრაქციიდან გასვლისთვის ან გარიცხვისთვის რეგლამენტით დადგენილი წესებით.

3. პოლიტიკური ჯგუფი სარგებლობს იმავე უფლებებით, რომლებიც აქვს ფრაქციას, გარდა საქართველოს კონსტიტუციით ფრაქციისთვის განსაზღვრული უფლებებისა. პოლიტიკური ჯგუფის საქმიანობაზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობის ის ნორმები, რომლებითაც წესრიგდება ფრაქციის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები (მათ შორის, რეგლამენტის 54-ე მუხლი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ნორმები იმავდროულად კონსტიტუციური ნორმებია. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს უფლება აქვს, სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს პარლამენტის ბიუროს სხდომას.

4. პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელია პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე და პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე არიან პარლამენტის თანამდებობის პირები და სარგებლობენ იმავე უფლებებით, რომლებიც აქვს, შესაბამისად, ფრაქციის თავმჯდომარეს (მათ შორის, რეგლამენტის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით), გარდა საქართველოს კონსტიტუციით ფრაქციის თავმჯდომარისთვის განსაზღვრული უფლებებისა, და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს, პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილეს არ აქვს უფლება, ეკავოს სხვა საპარლამენტო თანამდებობა. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს უფლება აქვს, არ იყოს პარლამენტის კომიტეტის წევრი. თუ პოლიტიკური ჯგუფის შემადგენლობაში 7-ზე მეტი პარლამენტის წევრია, პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს 2 მოადგილე.

5. 2028 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე პარლამენტის წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ 1 პოლიტიკურ ჯგუფში. ამასთანავე, პოლიტიკური ჯგუფის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს ფრაქციის წევრი.

6. 2028 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, თუ პოლიტიკური ჯგუფი არ აკმაყოფილებს რეგლამენტის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 49-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და ამ  მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს, მას რეგისტრაციაზე უარი ეთქმება. პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს, პარლამენტის ბიუროს შესაბამისი გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დასვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

7. 2028 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული ფრაქციაში ან პოლიტიკურ ჯგუფში, იწოდება უფრაქციო პარლამენტის წევრად.“.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი

 

 

თბილისი,

12 დეკემბერი 2024 წ.

N81-Iმს-XIმპ