საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 79-Iმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/12/2024
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016113
79-Iმს-XIმპ
12/12/2024
ვებგვერდი, 12/12/2024
010190030.06.001.016113
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომიტეტის სრული შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 9 პარლამენტის წევრით. კომიტეტი მუშაობას შეუდგება, თუ დანიშნულია კომიტეტის არანაკლებ 5 წევრი და არჩეულია კომიტეტის თავმჯდომარე.“.

3. 189-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობა განისაზღვრება პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გათვალისწინებით, ამ რეგლამენტის 28-ე მუხლის პირველი და 6​1 პუნქტებით დადგენილი წესით. ამ კვოტებს განსაზღვრავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი. მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების ხელმძღვანელებსა და შემადგენლობას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.“.

4. 190-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 190. მეგობრობის ჯგუფები

1. სხვა სახელმწიფოების პარლამენტებთან რეგულარული ურთიერთობის დასამყარებლად პარლამენტში დადგენილებით იქმნება მეგობრობის ჯგუფები.

2. მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელებსა და შემადგენლობას  პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.

3. მეგობრობის ჯგუფების საქმიანობას კოორდინაციას უწევს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, რომელიც გაწეული საქმიანობის ანგარიშს ყოველწლიურად წარუდგენს პარლამენტის ბიუროს.

4. მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი მეგობრობის ჯგუფის სხვა სახელმწიფოში ვიზიტისა და ამ სახელმწიფოში გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაციას, ანგარიშს და ვიზიტის თაობაზე მოსაზრებებს ვიზიტის დამთავრებიდან არაუგვიანეს 10 დღისა წარუდგენს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს.“.

5. 202-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 202. ოლქის დელეგატის ბიურო

1. პარლამენტის წევრის მოქალაქეებთან მუშაობის ორგანიზების, შესაბამის საჯარო დაწესებულებებთან კომუნიკაციისა და ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობის მიზნით ადგილზე იქმნება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 115-ე მუხლის 61 პუნქტით განსაზღვრული ოლქის დელეგატის ბიურო.

2. ოლქის დელეგატის ბიუროს ფუნქციები, ორგანიზებისა და საქმიანობის წესი, აგრეთვე დაფინანსების წესი და ოდენობა განისაზღვრება დებულებით, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.

3. ოლქის დელეგატის ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება პარლამენტის ბიუჯეტიდან და ექვემდებარება ჩამოწერას ოლქის დელეგატის ბიუროს საბანკო ანგარიშზე გადარიცხვისთანავე. ოლქის დელეგატი ვალდებულია პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს წელიწადში ერთხელ, 15 დეკემბრიდან 15 იანვრამდე პერიოდში, მიაწოდოს ინფორმაცია ოლქის დელეგატის ბიუროს მიერ გაწეული ხარჯების შესახებ.

4. თუ ოლქის დელეგატს ვადამდე შეუწყდება პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, ოლქის დელეგატის უფლებამონაცვლე პარლამენტის წევრს ფრაქციის წევრთაგან ასახელებს შესაბამისი ოლქის დელეგატის წარმდგენი პოლიტიკური პარტიის მიერ შექმნილი ფრაქცია.“.

6. 228-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.07.2024, სარეგისტრაციო კოდი: 280060000.05.001.102317) მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის 2025 წლის 1 მაისამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს პირველად დაკომპლექტებისთვის შესარჩევი კომისიის წევრებად საქართველოს პარლამენტის 3 წევრის დასანიშნად გამოყენებულ იქნეს ამ რეგლამენტის 210-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრთა კანდიდატურების შესარჩევი კომისიის წევრების დანიშვნის წესი.“.

მუხლი 2

1. ეს რეგლამენტი, გარდა ამ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-5 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი

 

 

თბილისი,

12 დეკემბერი 2024 წ.

N79-Iმს-XIმპ