შპს „სთარინგ ჯორჯიას“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

შპს „სთარინგ ჯორჯიას“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 408
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.024803
408
10/12/2024
ვებგვერდი, 11/12/2024
040170020.10.003.024803
შპს „სთარინგ ჯორჯიას“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №408

2024 წლის 10 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

შპს „სთარინგ ჯორჯიას“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „შპს „სთარინგ ჯორჯიას“ (ს/ნ: 404747743) მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მოქმედებს 1 წლის განმავლობაში.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



შპს „სთარინგ ჯორჯიას“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. შპს „სთარინგ ჯორჯიას“ (ს/ნ: 404747743) მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „სთარინგ ჯორჯიას“ მიერ ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესს.

2. ამ წესის მიზანია შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა.

3. ამ წესის მიხედვით, საქონლისა და მომსახურების შესყიდვების განხორციელებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს   მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული შესყიდვის პროცედურები.

4. შესყიდვა, რომელზეც არ ვრცელდება ეს წესი, რეგულირდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა)  შემსყიდველი – შპს „სთარინგ ჯორჯია“ (ს/ნ: 404747743);

ბ) შესყიდვა – შპს „სთარინგ ჯორჯიას“ მიერ ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა;

გ) ერთ პირთან მოლაპარაკება – შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

დ) სისტემა – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა;

ე) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა – ამ წესის დანართით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვების საშუალება, რომლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება ამ წესით (ამ წესით განსაზღვრული წინადადებისა და ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიების მიზნებისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ტერმინი „ტენდერი“);

ვ) წინადადების უზრუნველყოფის გარანტია – წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, პრეტენდენტის მიერ შემსყიდველისათვის წარდგენილი გარანტირების მექანიზმი, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 5 (ხუთი) პროცენტის ოდენობით (შემდგომში – გარანტია);

ზ) პრეტენდენტი – პირი, რომელმაც შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური;

თ) მიმწოდებელი – პირი, რომელთანაც შემსყიდველის მიერ შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის შედეგად ან ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით დადებულ იქნა ხელშეკრულება (გარიგება) შესყიდვის შესახებ;

ი) წინადადების ფასის კლების ბიჯი – შემსყიდველის მიერ განცხადებაში მითითებული თანხა, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 0.4 პროცენტიდან 2 პროცენტამდე ოდენობით (შემდგომში – ბიჯი);

კ) წინადადება – ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, სისტემის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და სისტემის შესაბამის ველში მითითებული პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული ფასი;

ლ) ტექნიკური დოკუმენტაცია – პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილია შემსყიდველის მიერ, განცხადებითა და დოკუმენტაციით;

მ) ელექტრონული ვაჭრობა – ამ წესით განსაზღვრული ელექტრონული შესყიდვის შემადგენელი პროცედურა, რომლის დროსაც პრეტენდენტს სისტემის საშუალებით შეუძლია, შეამციროს მის მიერ წარდგენილი წინადადების ფასი, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გამარჯვების მოპოვების მიზნით;

ნ) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები – შემსყიდველის მიერ დადგენილი, პრეტენდენტის მიერ წარსადგენი დოკუმენტები;

ო) კომისია – შემსყიდველის გადაწყვეტილებით, შემსყიდველის თანამშრომლებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც უფლებამოსილია, განახორციელოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

პ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა დასრულებულია უარყოფითი შედეგით – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა მიიჩნევა უარყოფითი შედეგით დასრულებულად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში აიტვირთება კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი, რითაც დასტურდება, რომ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა მიიღო დისკვალიფიკაცია;

ჟ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა არ შედგა – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა მიიჩნევა არშემდგარად, როდესაც არცერთმა პირმა არ მიიღო მონაწილეობა შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში;

რ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა შეწყვეტილია – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა მიიჩნევა შეწყვეტილად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ აიტვირთება კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი, რომელშიც მოცემული იქნება ტენდერის შეწყვეტის საფუძველი;

ს) პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება – შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ჯამური ღირებულება;

ტ) პრეისკურანტის საბოლოო ღირებულება – გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული შესყიდვის ობიექტის საბოლოო ჯამური ღირებულება;

უ) შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება – ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებულ პრეტენდენტთან დასადები ხელშეკრულების ღირებულება.

მუხლი 3. შემსყიდველის უფლება-მოვალეობები

1. შემსყიდველი უფლებამოსილია:

ა) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება);

ბ) ამ წესის შესაბამისად, მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია;

გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა;

დ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა;

ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ მიმწოდებლის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ყალბი აღმოჩნდება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების არსებობისას.

2. შემსყიდველი ვალდებულია:

ა) რაციონალურად განახორციელოს შესყიდვები, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით;

ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, აუნაზღაუროს მიმწოდებელს მიწოდებული საქონლის ან/და მომსახურების ღირებულება;

გ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, სისტემაში ატვირთოს შესაბამისი გადაწყვეტილების ამსახველი სხდომის ოქმი, რაც უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ ოქმის დადგენილი წესით შედგენისთანავე, არაუგვიანეს იმავე დღისა. შემსყიდველი არ არის ვალდებული, პრეტენდენტებს წარუდგინოს რაიმე მტკიცებულება ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მიიღო ეს გადაწყვეტილება. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი არ არის ვალდებული, პრეტენდენტებს აუნაზღაუროს შესყიდვაში მონაწილეობასთან ან/და ხელშეკრულების მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯები.

3. თუ ამ წესით განსაზღვრული შესყიდვის შესახებ ერთჯერადად დასადები გარიგების ღირებულება აღემატება 20 000 (ოცი ათასი) ლარს, შემსყიდველი შესყიდვის პროცესს ახორციელებს მხოლოდ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან წინასწარი შეთანხმებით.

მუხლი 4. შესყიდვის საშუალებები

1. ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საშუალებით.

2. შემსყიდველის მიერ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვა შესაძლებელია,  განხორციელდეს:

ა) თუ შესყიდვის შესახებ ერთჯერადად დასადები გარიგების ღირებულება არ აღემატება 200 000 (ორასი ათასი) ლარს;

ბ) არტისტებისა და მუსიკალური ჯგუფების მომსახურების შესყიდვისას;

გ) არტისტებისა და მუსიკალური ჯგუფების მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებული  დაზღვევის მომსახურების შესყიდვისას;

დ) კომპანიის სპეციფიკური საქმიანობისთვის საჭირო სპეციალური ტექნიკის, დანადგარების, აპარატურისა და აღჭურვილობის შესყიდვისას.

მუხლი 5. კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი

1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას ატარებს კომისია, რომელსაც არანაკლებ სამი წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყიდველის დირექტორი.

2. კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველის დირექტორი ან მის მიერ დანიშნული კომისიის ერთ-ერთი წევრი.

3. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება, მიწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.

4. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

5. კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს კომისიის შესაბამის სხდომის ოქმში. გადაწყვეტილება მიღებულად მიიჩნევა კომისიის ყველა დამსწრე წევრის მიერ ოქმზე ხელმოწერის შემდეგ. ყველა ის სხდომის ოქმი, რომელიც შეიქმნება ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შემდეგ, ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში, რაც უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ ოქმის დადგენილი წესით შედგენისთანავე, არაუგვიანეს იმავე დღისა. სისტემაში ატვირთული ოქმის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ სისტემაში უკვე ატვირთული ოქმის გაუქმებითა და შეცვლილი ოქმის სისტემაში ატვირთვის გზით.

6. შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა/წერილობითი შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/წერილობითი შეტყობინების გაგზავნა სავალდებულო არ არის. მიმოწერა/წერილობითი შეტყობინება მიღებულად მიიჩნევა მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.

მუხლი 6. კომისიის აპარატი

1. კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შემსყიდველის დირექტორის ბრძანებით, შემსყიდველის თანამშრომელთა შემადგენლობით იქმნება კომისიის აპარატი (შემდგომში – აპარატი), რომელსაც ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.

2. აპარატის ფუნქცია არის შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადებასთან, დოკუმენტაციასა და შესყიდვის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ორგანიზაციული საკითხის მოგვარების უზრუნველყოფა.

3. აპარატს უფლება აქვს, მიაწოდოს პრეტენდენტებს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონულ პროცედურებთან დაკავშირებით.

4. აპარატი ვალდებულია, ყოველი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაციული მასალა აკინძოს ერთ საქმედ და უზრუნველყოს მისი შენახვა შესაბამისი ხელშეკრულების დადებიდან 3 წლის განმავლობაში.

მუხლი 7. განცხადება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ

1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების (შემდგომში – განცხადება) შევსება და განთავსება ხდება სისტემის მეშვეობით. წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების ვადის ათვლა იწყება განცხადების სისტემაში განთავსებიდან.

2. განცხადებისა და დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 (სამი) კალენდარულ დღეს განცხადებისა და დოკუმენტაციის სისტემაში განთავსების მომენტიდან. ამ ვადის დასრულებიდან არანაკლებ 2 დღის განმავლობაში პრეტენდენტს შეუძლია, სისტემის საშუალებით წარადგინოს წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარდგენილი წინადადების ფასი კლებადობის პრინციპით და ბიჯის გათვალისწინებით.

3. განცხადებაში უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) განცხადების ნომერი;

ბ) შემსყიდველის დასახელება;

გ) გამოცხადების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით;

დ) წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით;

ე) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება;

ვ) შესყიდვის ობიექტის ერთეულის ღირებულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) მითითება იმის შესახებ, რომ წინადადება წარდგენილი უნდა იქნეს დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში – დღგ) გათვალისწინებით, თუ – მის გარეშე;

თ) შესყიდვის ობიექტის რაოდენობა ან მოცულობა;

ი) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ან შესრულების ვადა;

კ) ბიჯის ოდენობა;

ლ) მითითება პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

4.  განცხადებაში შესაბამისი მითითების საფუძველზე, პრეტენდენტთა მიერ წინადადების ფასის წარდგენა ხდება დღგ-ის გათვალისწინებით ან მის გარეშე.

5. განცხადებას აქვს დამატებითი ინფორმაციის ველი, რომელიც შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შესყიდვის ობიექტის დამატებითი აღწერის მიზნით.

6. განცხადების სისტემაში განთავსებისათვის აუცილებელია დოკუმენტაციის ატვირთვა სისტემაში.

მუხლი 8. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციის სისტემაში განთავსება და დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა

1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:

ა) იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი;

ბ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას, მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას;

გ) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების სრულ აღწერას, მათ შორის, შესაბამის ტექნიკურ სპეციფიკაციებს, გეგმებს, ნახაზებსა და ესკიზებს (მათი არსებობის შემთხვევაში);

დ) მეთოდებს, რომლებითაც უნდა იყოს გაანგარიშებული წინადადების ღირებულება, იმის მითითებით, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი საქონლის ან მომსახურების ღირებულების გარდა სხვა ხარჯებსაც (ტრანსპორტირება, დაზღვევა, გადასახადები და სხვა);

ე) კომისიის ან აპარატის იმ წევრის ვინაობასა და საკონტაქტო ინფორმაციას, რომელსაც უფლება აქვს, გასცეს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შესახებ;

ვ) მითითებას შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარდგენის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. კომისიას უფლება აქვს, წინადადების მიღების დროის დაწყებამდე შეიტანოს ცვლილება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მონაცემებში. დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია დოკუმენტაციის გაუქმებითა და შეცვლილი დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვის გზით. დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის ცვლილება.

მუხლი 9. წინადადების წარდგენა

1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტს შეუძლია, წარადგინოს წინადადება წინადადების მიღების ვადის დაწყების ეტაპიდან წინადადების მიღების ვადის დასრულებამდე.

2. წინადადების წარდგენამდე ნებისმიერ პირს აქვს უფლება, სისტემაში გაეცნოს განცხადებასა და დოკუმენტაციას.

3. წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით. პრეტენდენტის შეთავაზება, გარდა ტექნიკური დოკუმენტაციით მოთხოვნილი მასალისა, უნდა შეიცავდეს ამ წესით გათვალისწინებულ გარანტიას.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ატვირთვის შემდგომ, პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს წინადადების ფასი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას, ან/და უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სულ მცირე, ერთი ბიჯით ნაკლები. ტექნიკური დოკუმენტაციის ატვირთვისა და წინადადების ფასის მითითების შემდეგ დაუშვებელია ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის შეცვლა, დამატება, გაუქმება ან წაშლა.

5. იმ შემთხვევაში, თუ განცხადებით გათვალისწინებულია წინადადების ფასის დღგ-ის გარეშე წარდგენა, პრეტენდენტი წინადადების ფასში არ ითვალისწინებს დღგ-ს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ის გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, შერჩევა-შეფასება ხორციელდება წარდგენილი წინადადების ფასების მიხედვით. შემსყიდველი ვალდებულია, ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინოს წინადადების ფასის დღგ-ის შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის პრეტენდენტი არის დღგ-ის გადამხდელი, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

6. ელექტრონული ვაჭრობის წესი და პირობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.

მუხლი 10. ტექნიკური და საკვალიფიკაციო მოთხოვნები პრეტენდენტის მიმართ და შესყიდვის ობიექტის აღწერის წესი

1. შემსყიდველი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უფლებამოსილია, განსაზღვროს მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტთა ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები.

2. საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის ელექტრონული პროცედურით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 (ორასი ათასი) ლარს.

3. ტექნიკური მოთხოვნები შეიძლება, დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა პროფესიული კვალიფიკაციის, ფინანსური რესურსების, გამოცდილებისა და რეპუტაციის, ტექნიკური აღჭურვილობისა და სხვა საკითხების მიმართ.

4. შემსყიდველი შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარდგენის ვალდებულებას განსაზღვრავს დოკუმენტაციაში. პრეტენდენტის მიერ ნიმუშის წარუდგენლობა ან მისი შეუსაბამობა განცხადების ან/და დოკუმენტაციის მოთხოვნებთან ან სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას, ამ წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი შეუსაბამობა გამოწვეულია პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერი ქმედებით. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუში დაზუსტებას არ ექვემდებარება. პრეტენდენტს შესყიდვის ობიექტის ნიმუში უბრუნდება გონივრულ ვადაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნიმუში მალფუჭებადი ნივთია და/ან, მისი ბუნებიდან გამომდინარე, დაბრუნება შეუძლებელია.

5. საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნები შეიძლება დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა მდგომარეობასთან/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები და სხვ.).

მუხლი 11. შერჩევა/შეფასება

1. კომისიის მიერ პრეტენდენტები ფასდებიან წინადადების ფასის, მათ მიერ სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიხედვით (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში), ამ პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობით.

2. პრეტენდენტის წინადადების ფასი ფასდება ელექტრონული ვაჭრობის ეტაპის დასრულების შემდგომ. შემსყიდველი შერჩევის პირველ ეტაპზე ადგენს დაბალფასიანი პრეტენდენტის მიერ ატვირთული გარანტიის შესაბამისობას ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, ხოლო, თავის მხრივ, პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველის მიერ წინასწარ ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოს გარანტიის დედნის წარდგენა.

3. იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი პრეტენდენტის მიერ სისტემაში მითითებულია თანაბარი ფასი, უპირატესობა ენიჭება იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა მიუთითა წინადადების აღნიშნული ფასი.

4. კომისიამ უნდა იმსჯელოს, შეესაბამება თუ არა წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სისტემაში განთავსებულ ტექნიკურ დოკუმენტაციას. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, კომისიის გადაწყვეტილებით ხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემებს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს; ასევე პრეტენდენტის მიერ დაშვებული მექანიკური შეცდომებისას, როგორებიცაა: არასწორი ჯამის ან ნამრავლის მითითება, სიტყვიერი და ციფრობრივი გამოსახულების შეუსაბამობა, რომლებიც შესაძლებელია შესწორდეს დაზუსტების გარეშე, ერთეულის ფასის უპირატესობის პრინციპის გათვალისწინებით.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შემსყიდველი მიმართავს პრეტენდენტს მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 3 სამუშაო დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა წარდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება, კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. იმ შემთხვევაში, თუ სისტემაში მთლიანი ტექნიკური დოკუმენტაცია ატვირთულია ხარვეზის მქონე ელექტრონული დოკუმენტის სახით (რომელიც არ იკითხება), შემსყიდველს უფლება არ აქვს, პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხარვეზიანია ტექნიკური დოკუმენტაციის ისეთი ნაწილი, რომლის წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნა დასაშვებია საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნამდე.

7. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, კომისია მიმართავს მას საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა.

8. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემები შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, შემსყიდველის მიერ ხარჯთაღრიცხვის ან/და ფასების ცხრილის მოთხოვნა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარდგენის მოთხოვნასა და ხელშეკრულების დასადებად მოწვევასთან ერთად.

9. პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლების წარდგენა შემსყიდველისათვის ხდება სისტემის მეშვეობით.

10. თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებას ან/და დოკუმენტაციას, ან მის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლობის ან/და ხარვეზის მქონე მონაცემების წარდგენის შემთხვევაში კომისია ვალდებულია, მოახდინოს ამ პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია. ასეთ დროს შემსყიდველს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნით მიმართოს წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტს, თუ ამ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს. თუ წინადადების მომდევნო ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის წინადადების ფასი, ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად, მნიშვნელოვნად აღემატება ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას, კომისიას უფლება აქვს, შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა.

მუხლი 12. დისკვალიფიკაცია

1. კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ ოქმი ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში.

2. პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, ამ წესის მე-11 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების გათვალისწინებით, არ შეესაბამება განცხადებას ან/და დოკუმენტაციას;

ბ) საკვალიფიკაციო მონაცემები არ შეესაბამება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

გ) თუ პრეტენდენტი უარს იტყვის თავის წინადადებაზე;

დ) თუ ის არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას ამ წესის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ ვადაში;

ე) თუ ის, ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არ წარადგენს შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გარანტიის დედანს ან წარადგენს დაგვიანებით;

ვ) თუ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას;

ზ) თუ გამარჯვებული პრეტენდენტი არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას და/ან ფასების ცხრილს/ხარჯთაღრიცხვას, უარს აცხადებს ხელშეკრულების დადებაზე ან/და სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე.

3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს წინადადების ვადის დასრულების დროისთვის არ ექნება ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა სრული დაცვით ატვირთული გარანტია, პრეტენდენტის შეთავაზება არ განიხილება და კომისიას შეუძლია, მიმართოს წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტს.

მუხლი 13. წინადადების უზრუნველყოფის გარანტია

1. პრეტენდენტი ვალდებულია, წინადადების უზრუნველყოფის მიზნით წარადგინოს წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, ამ წესით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.

2. გარანტიის ოდენობა შეადგენს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 5 (ხუთი) პროცენტს.

3. გარანტია დაბრუნებას ექვემდებარება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების ან შესყიდვის ელექტრონული პროცედურის უარყოფითი შედეგით დასრულების ან შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებლისგან/პრეტენდენტისგან შესაბამისი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) დღის ვადაში.

4. გარანტია პრეტენდენტს არ დაუბრუნდება, თუ:

ა) გამარჯვების შემდეგ უარს იტყვის ან სხვაგვარი ქმედებით უარს განაცხადებს შემსყიდველთან ხელშეკრულების გაფორმებაზე;

ბ) პრეტენდენტი, გამარჯვების შემთხვევაში, არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას;

გ) მოხდება მისი დისკვალიფიკაცია შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დროს არაკეთილსინდისიერი ქმედების  ჩადენის გამო;

დ) პრეტენდენტი უარს იტყვის თავის სატენდერო წინადადებაზე;

ე) პრეტენდენტი არ წარადგენს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს ან/და წარადგენს ხარვეზის მქონე საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს.

მუხლი 14. ხელშეკრულების დადება და სისტემაში ატვირთვა

1. ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადებით განსაზღვრული პირობებისა და დოკუმენტაციის საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველს შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში.

2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ შეიძლება, აღემატებოდეს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით დაფიქსირებულ საბოლოო ფასს.

3. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კომისიას უფლება აქვს, განიხილოს საუკეთესო ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტის წინადადება ან შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, ამ წესის შესაბამისად.

4. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, თუ წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა აღემატება 5 000 ლარს, მიმწოდებელი ვალდებულია, წარუდგინოს შემსყიდველს წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობის გარანტია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, გარდა ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა და იმ შემთხვევისას, როდესაც მიმწოდებელი წარმოადგენს უცხოურ საწარმოს, რომელსაც არ აქვს მუდმივი დაწესებულება საქართველოში.

5. ხელშეკრულების შესრულების გარანტიის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს, გარდა ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა და იმ შემთხვევისა, როდესაც მიმწოდებელი წარმოადგენს უცხოურ საწარმოს, რომელსაც არ აქვს მუდმივი დაწესებულება საქართველოში. ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ზე მეტით დაბალია შესაბამისი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ოდენობა განისაზღვრება 10%-ის ოდენობით. შემსყიდველის კომისიის გადაწყვეტილებით, ამ პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარდგენისაგან შესაძლებელია, გათავისუფლდეს პოტენციური მიმწოდებელი, მისი საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლის/მომსახურების ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით.

6. ხელშეკრულების შესრულების გარანტია, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შესყიდვის შემთხვევაში, შესაძლებელია წარედგინოს შემსყიდველს ხელშეკრულების დადების შემდგომ, ხოლო შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საშუალებით შესყიდვის შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარდგენილი უნდა იქნეს ხელშეკრულების დადებამდე.

7. შესყიდვის განხორციელება დასაშვებია წერილობითი ხელშეკრულების გარეშე, ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე განხორციელებული შესყიდვისას. ასეთ შემთხვევებში, ხელშეკრულება შესაძლებელია ჩანაცვლდეს შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტით, რომელიც უნდა შეიცავდეს შესყიდვის ობიექტის დასახელებას, შესყიდვის ობიექტის ღირებულებას, შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დადასტურებას, მიმწოდებლის დასახელებასა და საიდენტიფიკაციო ნომერს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი/სახელწოდება, იურიდიული მისამართი).

8. ინტერნეტით გამოწერის გზით განსახორციელებელი შესყიდვის შემთხვევაში, ხელშეკრულება შესაძლებელია ჩანაცვლდეს ინტერნეტის საშუალებით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით.

9. მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

10. შემსყიდველს არ აქვს ვალდებულება, ამ წესით განხორციელებულ შესყიდვებზე უზრუნველყოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გეგმის, ხელშეკრულების, ფაქტობრივი გადახდებისა და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშების წარდგენა/ატვირთვა, გარდა ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული პროცედურის საშუალებით განხორციელებული შესყიდვებისა.

მუხლი 15. ელექტრონული პროცედურის მეშვეობით შესყიდვის განსაკუთრებული შემთხვევა

1. ელექტრონული პროცედურის მეშვეობით შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს პრეისკურანტის საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემსყიდველი ელექტრონული პროცედურის განცხადების პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების ველში უთითებს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას, ხოლო შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულების ველში – შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულებას, რომელიც შესაძლებელია განსხვავდებოდეს პრეისკურანტის ღირებულებისაგან.

3. პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების ფასი არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას და ელექტრონული ვაჭრობის შედეგად წინადადების ფასის კლება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებით.

4. პრეისკურანტის საფუძველზე ელექტრონული პროცედურის ჩატარებისას შემსყიდველი ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციაში თვითონ განსაზღვრავს პრეისკურანტში მოცემული შესყიდვის ობიექტის ერთეულების ღირებულების დადგენის წესს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების საბოლოო ფასთან მიმართებით.

5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადების შემდეგ პრეისკურანტში შესყიდვის ობიექტის რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას დგინდება შემსყიდველისა და მიმწოდებლის შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში შესაბამისი ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.

დანართი

შპს „სთარინგ ჯორჯიას“  მიერ ამ წესის შესაბამისად შესასყიდი საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი

 

 

საქონელი

1

ორგანიზაციის სპეციფიკური საქმიანობიდან გამომდინარე, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები, საკვები პროდუქტები, ჭურჭელი და სხვა

2

სპეციფიკური ჰიგიენური და სადეზინფექციო საშუალებები, პირადი მოხმარების სააბაზანო ნივთები და ტექსტილი

3

ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული სპეციფიკური ელექტრომოწყობილობების/ დანადგარების ფუნქციონირებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილები

4

ორგანიზაციის სპეციფიკური საქმიანობიდან გამომდინარე, საჭირო კონსტრუქციული  მასალები და ქსოვილის ნივთები

5

ორგანიზაციის სპეციფიკური საქმიანობიდან გამომდინარე, სანტექნიკური მოწყობილობები

6

ღონისძიების ორგანიზებასთან დაკავშირებული საგზაო ნიშნები, საგზაო/ნაკადის მართვის ზღუდარები და მათი ცალკეული ელემენტები, გამაფრთხილებელი  ნიშნები, უსაფრთხოების ლენტები, საინფორმაციო ფირნიშები და ბანერები

7

სამშენებლო და ელექტრომასალები, მილები, ჯაჭვები, ბაგირები, გვარლები, თოკები, ტროსები, ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობები და  აქსესუარები

8

სხვადასხვა სპეციფიკაციისა და დანიშნულების საღებავები

9

ორგანიზაციის სპეციფიკურ საქმიანობასთან დაკაშირებული სპეციფიკური კომპიუტერული ტექნიკა, მისი  ნაწილები და აქსესუარები

10

მუსიკალური ინსტრუმენტები და აქსესუარები

11

ორგანიზაციის სპეციფიკური საქმიანობიდან გამომდინარე, ავეჯი და ავეჯის აქსესუარები, მცენარეები.

12

აუდიო-ვიდეოაპარატურა, რადიო-ტელემაუწყებლობის აპარატურა და მათი სათადარიგო ნაწილები და აქსესუარები

13

კომპანიის სპეციფიკური საქმიანობისთვის საჭირო სპეციალური ტექნიკა, დანადგარები, აპარატურა და აღჭურვილობა და მათი სათადარიგო და მალცვეთადი ნაწილები

14

გათბობისა და კონდიცირების სპეციალური ტექნიკა და სათადარიგო ნაწილები

15

სცენის აღჭურვილობა

16

სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები და აქსესუარები

17

გასანათებელი მოწყობილობები და სათადარიგო ნაწილები

18

კომპანიის სპეციფიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები

 

მომსახურება

1

 სპეცტექნიკისა და დანადგარების ტექნიკური მომსახურება

2

არტისტებისა და მუსიკალური ჯგუფების დაცვის მომსახურება

3

ღონისძიებასთან დაკავშირებული სამედიცინო დახმარების მომსახურება

4

ღონისძიების ორგანიზებასთან დაკავშირებული გენერატორების ტექნიკური მომსახურება და გენერატორების დაქირავება

5

ღონისძიების ორგანიზებასთან დაკავშირებული ვიდეოკონტროლისა და დაცვის სისტემების ტექნიკური მომსახურება

6

არტისტებისა და მუსიკალური ჯგუფების სარესტორნო მომსახურება (მათ შორის, ქეითერინგი)

7

ორგანიზაციის სპეციფიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ტრანსპორტის,  სპეცტექნიკისა და სხვა სპეციფიკური მოწყობილობების, ტვირთის ტრანსპორტირების/გადაზიდვის   მომსახურება

8

ინფრასტრუქტურის გამოკვლევა, აზომვა, დაპროექტება, ხარჯთაღრიცხვის შედგენა

9

ბილეთების რეალიზაციის და მასთან დაკავშირებული მონაცემთა შენახვის პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურება

10

ბანერებისა და ბილბორდების შეკეთების მომსახურება

11

ღონისძიების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურება

12

პრომოაქციების მოწყობა

13

არტისტებისა და მუსიკალური ჯგუფების მოთხოვნის სპეციფიკით გათვალისწინებული სასტუმროების მომსახურება

14

მოძრავი სატელევიზიო სადგურის მომსახურება

15

განათების მართვის, გახმოვანებისა და სცენის მექანიზაციის  სპეციალისტის მომსახურება

16

რეჟისორის მომსახურება

17

ოპერატორის მომსახურება

18

სპეციფიკური მუსიკალური ინსტრუმენტების დაქირავების მომსახურება

19

ხელოვნების მოღვაწეების, არტისტების და მუსიკალური შემსრულებლების მომსახურება

20

 სხვადასხვა სახის სარეკლამო მასალის, ბანერების, ბეიჯების, კატალოგების ბეჭდვითი მომსახურება

21

სარეკლამო და მარკეტინგული მომსახურება

22

დიზაინის შექმნის, ინტერიერისა და ექსტერიერის გაფორმებასთან დაკავშირებული მომსახურება

23

ღონისძიებებისა და ფესტივალების ორგანიზებასთან დაკავშირებული მომსახურება

24

ფოტო და ვიდეოგადაღების, ვიდეორგოლების დამონტაჟების მომსახურება

25

სასცენო ფარდების შეკერვის, რეცხვის, ქიმწმენდის მომსახურება და სპეციალური ხსნარებით დამუშავების მომსახურება

26

ღონისძიების ფარგლებში სახანძრო მომსახურება, სახანძრო სისტემების ინსპექტირება  და ტექნიკური მომსახურება

27

არტისტებისა და მუსიკალური ჯგუფების მოთხოვნის შესაბამისი დაზღვევის მომსახურება

28

სცენის აღჭურვილობისა და მექანიზაციის მომსახურება და დაქირავება

29

სატელევიზიო და რადიომომსახურებები

30

გასანათებელი მოწყობილობების მომსახურება

31

პროგრამული პაკეტების განახლების მომსახურება

32

კომპანიის სპეციფიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სატრენინგო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი მომსახურება