„სააგენტო კომპანიების აღიარების და გემის აგენტების სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ

„სააგენტო კომპანიების აღიარების და გემის აგენტების სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 65
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 29/11/2024
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016191
65
29/11/2024
ვებგვერდი, 02/12/2024
310020000.55.067.016191
„სააგენტო კომპანიების აღიარების და გემის აგენტების სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №65

2024 წლის 29 ნოემბერი

ქ. ბათუმი

 

„სააგენტო კომპანიების აღიარების და გემის აგენტების სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 28 ოქტომბრის №371 დადგენილების „საქართველოს ნავსადგურებში საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის ფუნქციონირებისა და მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ მე-13 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „სააგენტო კომპანიების აღიარების და გემის აგენტების სერტიფიცირების წესი“.
მუხლი 2
ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს ბრძანების გამოქვეყნებიდან 6 თვის ვადაში.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიალექსი ახვლედიანი




სააგენტო კომპანიების აღიარების და გემის აგენტების სერტიფიცირების წესი

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. „სააგენტო კომპანიების აღიარების და გემის აგენტების სერტიფიცირების წესი“ (შემდეგში – წესი) არეგულირებს სააგენტო კომპანიების აღიარებისა და გემის აგენტების სერტიფიცირების წესსა და პირობებს.

2. წინამდებარე წესის მიზანია სააგენტო კომპანიების მიერ ნავსადგურში გემის სააგენტო მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგება.

3. სააგენტო კომპანია შეიძლება შეიქმნას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დამოუკიდებელი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. სააგენტო კომპანია თავის საქმიანობას ახორციელებს ნავსადგურთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

4. პირს არ აქვს უფლება საქართველოს ნავსადგურებში განახორციელოს გემის სააგენტო მომსახურება, თუ მას არ გააჩნია ამ წესის შესაბამისად გაცემული და მოქმედი სააგენტო კომპანიის აღიარების სერტიფიკატი.

5. გემის აგენტს არ აქვს უფლება საზღვაო ნავსადგურებში განახორციელოს გემის აგენტის მომსახურება, თუ მას არ გააჩნია ამ წესის შესაბამისად გაცემული და მოქმედი გემის აგენტის სერტიფიკატი.

6. სააგენტო კომპანიის აღიარების სერტიფიკატის, გემის აგენტის სერტიფიკატის გაცემას, გაცემაზე უარის თქმას, მოქმედების ვადის შეჩერებას, განახლებასა და გაგრძელებას, გაუქმებას, სააგენტო კომპანიების მომსახურებაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

7. სააგენტო კომპანიის აღიარების სერტიფიკატისა და გემის აგენტის სერტიფიკატის გაცემა, გაცემაზე უარის თქმა, მოქმედების ვადის შეჩერება, განახლება, გაგრძელება და გაუქმება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. განცხადება სააგენტო კომპანიის აღიარების სერტიფიკატისა და გემის აგენტის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეტანილ უნდა იქნეს სააგენტოში სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე. ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება მისი განუხილველად დატოვების შესახებ.

8. სააგენტო კომპანიის აღიარების სერტიფიკატის ან გემის აგენტის სერტიფიკატის გაცემის, ან გაცემაზე უარის თქმის, მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განცხადებისა და თანდართული საბუთების წარდგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის გაგრძელება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესითა და პირობებით.

9. სააგენტო კომპანიის აღიარების/გემის აგენტის სერტიფიკატი ადასტურებს, რომ მისი საქმიანობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და ბაზარზე არსებულ საუკეთესო საზღვაო პრაქტიკას.

10. გემის აგენტის სერტიფიკატის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირი და რომელიც აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

მუხლი 2. ტერმინები

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ საქართველოს კანონით „საქართველოს საზღვაო კოდექსით“ განსაზღვრული მნიშვნელობა.

თავი  II

სააგენტო კომპანიების სერტიფიცირება

მუხლი 3. სააგენტო კომპანიის აღიარების განცხადება და მისი განხილვის წესი

1. სააგენტო კომპანიამ აღიარების სერტიფიკატის მოსაპოვებლად სააგენტოს უნდა წარუდგინოს წერილობითი განცხადება (შემდეგში – განცხადება), რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს. განცხადებას ხელს აწერს განმცხადებლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი.

2. განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც ასახავს სააგენტოსთვის განცხადების წარდგენის მომენტისთვის არსებულ ყველა ცვლილებას;

ბ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ, რომელიც ადასტურებს, რომ მისი მმართველი ორგანოს არცერთი წევრი და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი არ ყოფილა ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის, ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის, მისი მმართველი ორგანოს არცერთ წევრს ჩამორთმეული არა აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება და ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის უხეში დარღვევისათვის;

გ) ნავსადგურთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი სააგენტო საქმიანობის განხორციელების შესახებ;

დ) სააგენტო კომპანიაში დასაქმებული გემის აგენტების სია და მოქმედი სერტიფიკატის ასლი/ები.

მუხლი 4. განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების წინასწარი განხილვა და შეფასება

1. ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების განხილვის მიზანია დადგინდეს განცხადების, მასზე თანდართული დოკუმენტებისა და წარმოდგენილი ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასა და ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

2. განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ წესთან და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის (არასრულად, არაზუსტად) შემთხვევაში, სააგენტო განმცხადებელს წერილობით მიუთითებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და კანონმდებლობით დადგენილი წესით განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წერილობით წარმოადგინოს მათი გამოსწორებისათვის აუცილებელი სათანადო დოკუმენტ(ებ)ი ან ინფორმაცია.

3. სააგენტო გადაწყვეტილებას სააგენტო კომპანიის აღიარების სერტიფიკატის გაცემის შესახებ იღებს ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

4. აღიარების სერტიფიკატის მოქმედების ვადა არის 5 წელი.

5. თუ აღიარების სერტიფიკატის მქონე სააგენტო კომპანია აღიარების სერტიფიკატის ვადის გასვლამდე სულ მცირე 3 (სამი) თვით ადრე მიმართავს სააგენტოს აღიარების სერტიფიკატის მისაღებად, სააგენტო უფლებამოსილია განაახლოს სერტიფიკატი მისი მოქმედების ვადის ამოწურვიდან 5 წლის ვადით. საქმიანობის გაგრძელების შესახებ განაცხადის გაკეთების დროისათვის სააგენტო კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს წინამდებარე წესის მოთხოვნებს.

6. სააგენტო კომპანიის აღიარების სერტიფიკატის ფორმა განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

მუხლი 5. აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლები

1. სააგენტო კომპანიის აღიარებაზე სააგენტო უარს აცხადებს, თუ:

ა) წარმოდგენილი განცხადება ან/და მასზე თანდართული დოკუმენტები არ აკმაყოფილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ან/და ამ წესის მოთხოვნებს და ეს ხარვეზ(ებ)ი დადგენილ ვადაში არ იქნა გამოსწორებული;

ბ) წარმოდგენილი დოკუმენტები ყალბია;

გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უარის თქმის სხვა საფუძველი.

2. თუ განმცხადებელი სააგენტოს არ წარუდგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რომელიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია განცხადების განხილვისათვის, სააგენტო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ამასთან, აღნიშნული დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენისათვის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები.

3. სააგენტოს მიერ აღიარების სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 6. სააგენტო კომპანიის აღიარების სერტიფიკატის შეჩერება და შეწყვეტა

1. სააგენტო კომპანიის აღიარების სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ:

ა) აღიარების სერტიფიკატის მფლობელი არღვევს საქართველოს საზღვაო კოდექსით, ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) მონიტორინგის დროს გამოვლენილი ხარვეზი არ გამოსწორდება დადგენილ ვადაში;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.

2. აღიარების სერტიფიკატის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. აღიარების სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადით იმ დრომდე, ვიდრე არ აღმოიფხვრება აღიარების სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების მიზეზი.

3. თუ სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დადგენილ ვადაში აღიარების სერტიფიკატის მფლობელი წარადგენს წერილობით განცხადებას თანდართული მტკიცებულებით, რომ აღმოფხვრილია სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების მიზეზები, მას შეუძლია განაახლოს საქმიანობა სააგენტოს თანხმობის შემთხვევაში. სააგენტო ვალდებულია შეამოწმოს წარდგენილი მტკიცებულების ნამდვილობა არაგეგმური შემოწმებით ან მის გარეშე.

4. სააგენტო კომპანიის აღიარების სერტიფიკატის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს:

ა) სააგენტო კომპანიის აღიარების სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა, თუ ამ ვადის განმავლობაში არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების საფუძველი;

ბ) სააგენტო კომპანიის აღიარების სერტიფიკატის მფლობელი პირის ლიკვიდაცია;

გ) სააგენტო კომპანიის აღიარების სერტიფიკატის მფლობელი პირის მოთხოვნა;

დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

5. სააგენტო კომპანია უფლებამოსილია ხელახლა შეიტანოს განაცხადი აღიარების სერტიფიკატის მოთხოვნით, აღიარების სერტიფიკატის მოქმედების შეწყვეტიდან 6 თვის ვადის გასვლის შემდეგ.

6. სააგენტო ოფიციალურად აქვეყნებს აღიარების სერტიფიკატის მოქმედების შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას საკუთარ ვებგვერდზე.

მუხლი 7. სააგენტო კომპანიის აღიარების სერტიფიკატში ცვლილებების შეტანა

1. სააგენტო კოპანიის აღიარების სერტიფიკატის მფლობელი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მიმართავს სააგენტოს წერილობითი განცხადებით, რომელშიც აღინიშნება სააგენტო კომპანიის აღიარების სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ის შეტანის მიზეზ(ებ)ი. განცხადებას უნდა ერთვოდეს სააგენტო კომპანიის აღიარების სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ის შეტანის მიზეზ(ებ)ის დამამტკიცებელი საბუთ(ებ)ი.

2. სააგენტოს შეაქვს სააგენტო კოპანიის აღიარების სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ი, თუ:

ა) შეიცვალა სააგენტო კომპანიის აღიარების სერტიფიკატის მფლობელის დასახელება ან ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა;   

ბ)  სააგენტო კომპანიის აღიარების სერტიფიკატის მფლობელი, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საფუძვლით, ითხოვს სააგენტო კომპანიის აღიარების სერტიფიკატში ცვლილებების შეტანას.

3. სააგენტო განცხადებასა და თანდართულ საბუთებს იხილავს სააგენტოში განცხადების რეგისტრაციიდან 1 (ერთი) თვის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას სააგენტო კომპანიის აღიარების სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ის შეტანის ან ცვლილებ(ებ)ის შეტანაზე უარის თქმის შესახებ.

4. სააგენტო ახალ სააგენტო კომპანიის აღიარების სერტიფიკატს გასცემს გადაწყვეტილების მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. ძველი სერტიფიკატი ახლის გაცემიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში უბრუნდება სააგენტოს.

მუხლი 8. პერსონალურ მონაცემთა დაცვა

სააგენტო კომპანია მის მიერ დასაქმებულ გემის აგენტებთან ერთად ვალდებულია მონაცემთა ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემების დამუშავება და დაცვა მოახდინოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

თავი III

გემის აგენტების სერტიფიცირება

მუხლი 9. გემის აგენტის სერტიფიკატის გაცემა

1. გემის აგენტის სერტიფიკატის მისაღებად განმცხადებელი სააგენტოს წარუდგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს და მას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) საქართველოს პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) სააგენტოს მიერ აღიარებულ საზღვაო საწვრთნელ დაწესებულებაში გადამზადების პროგრამის გავლის დამადასტურებელი საბუთი;

გ) ნასამართლობის შესახებ ცნობა, გაცემული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იმაზედ, რომ აღნიშნული პირი არ არის ნასამართლევი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ, ოფიციალური დოკუმენტაციის გაყალბების, ბლანკის, ბეჭდის ნიმუშის ან ყალბი დოკუმენტების დამზადება-გავრცელების, ან ფინანსური დანაშაულების კუთხით;

დ) შრომითი ხელშეკრულების ასლი/ცნობა შესაბამის სააგენტო კომპანიაში დასაქმების შესახებ.

2. სააგენტო განცხადების წარდგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში იხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განცხადებისა და საბუთების შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან და შესაბამისად გასცემს გემის აგენტის სერტიფიკატს.

3. გემის აგენტის სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 5 (ხუთი) წელი.

მუხლი 10. გემის აგენტის სერტიფიკატის ვადის შეჩერება და გაუქმება

1. სააგენტო საკუთარი ინიციატივით ან/და სააგენტო კომპანიის წერილობითი მიმართვის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას  აგენტის სერტიფიკატის ვადის შეჩერების თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ:  

ა) გემის აგენტის სერტიფიკატის მფლობელი არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და ზიანს აყენებს გემების შეუფერხებელ მოძრაობას საქართველოს ნავსაგდურებში;

ბ) გემის აგენტის სერტიფიკატის მფლობელმა შეაჩერა საქმიანობა 4 თვის განმავლობაში, გარდა ობიექტური მიზეზით საქმიანობის შეჩერებისა;

გ) კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.

2. გემის აგენტის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილება ეგზავნება გემის აგენტს, სააგენტო კომპანიასა და შესაბამის ნავსადგურს, რომელშიც უნდა აისახოს გემის აგენტის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების მიზეზ(ებ)ი.

3. თუ სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დადგენილ ვადაში გემის აგენტის სერტიფიკატის მფლობელი სააგენტოში წარადგენს წერილობით მტკიცებულებას, რომ აღმოფხვრილია სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების მიზეზები, მას შეუძლია განაახლოს საქმიანობა სააგენტოს თანხმობის შემთხვევაში.

4. გემის აგენტის სერტიფიკატის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს:

ა) გემის აგენტის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა, თუ ამ ვადის განმავლობაში არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების საფუძველი;

ბ) გემის აგენტის გარდაცვალება;

გ) გემის აგენტის სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნა;

დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

მუხლი 11. გემის აგენტის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება

1. თუ განმცხადებელი ითხოვს მოქმედი გემის აგენტის სერტიფიკატის ვადის გაგრძელებას იმავე პირობებით, რა პირობებითაც გაცემული იყო სერტიფიკატი, მაშინ მის განცხადებას უნდა დაერთოს სააგენტოს მიერ აღიარებულ საზღვაო საწვრთნელ დაწესებულებაში „გემის აგენტების გადამზადების “ პროგრამის გავლის დამადასტურებელი განახლებული საბუთი.

2. განცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება იმავე წესით, როგორც სერტიფიკატის მინიჭების საკითხი.

მუხლი 12. გემის აგენტის სერტიფიკატში ცვლილებების შეტანა

1. გემის აგენტის სერტიფიკატის მფლობელი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მიმართავს სააგენტოს წერილობითი განცხადებით, რომელშიც აღინიშნება გემის აგენტის სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ის შეტანის მიზეზ(ებ)ი. განცხადებას უნდა ერთოდეს გემის აგენტის სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ის შეტანის მიზეზ(ებ)ის დამამტკიცებელი საბუთ(ებ)ი.

2. სააგენტოს შეაქვს გემის აგენტის სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ი, თუ:

ა) შეიცვალა გემის აგენტის ის პირადი მონაცემი/ები, რომლებიც ასახული იყო გემის აგენტის სერტიფიკატში; 

ბ) გემის აგენტის სერტიფიკატის მფლობელი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საფუძველზე ითხოვს ცვლილებების შეტანას.

3. სააგენტო განცხადებას და თანდართულ საბუთებს იხილავს სააგენტოში განცხადების რეგისტრაციიდან 1 (ერთი) თვის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას გემის აგენტის სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ის შეტანის ან ცვლილებ(ებ)ის შეტანაზე უარის თქმის შესახებ.

4. სააგენტო ახალ გემის აგენტის სერტიფიკატს გასცემს გადაწყვეტილების მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. ძველი სერტიფიკატი ახლის გაცემიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში უბრუნდება სააგენტოს.

მუხლი  13. გემის აგენტის სერტიფიკატი

გემის აგენტის სერტიფიკატის ფორმა და შინაარსი მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით.

თავი IV

ზედამხედველობა და კონტროლი

მუხლი 14. სააგენტო კომპანიის და გემის აგენტის საქმიანობაზე ზედამხედველობა და კონტროლი

1. აღიარებული სააგენტო კომპანიისა და სერტიფიცირებული გემის აგენტის საქმიანობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფარგლებში.

2. სააგენტო კომპანიის/გემის აგენტის საქმიანობაზე ზედამხედველობა და კონტროლი ითვალისწინებს სააგენტო კომპანიის/გემის აგენტის სერტიფიკატით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობის შემოწმებას.

თავი V

სააგენტო კომპანიების აღიარების სერტიფიკატის და გემის აგენტების სერტიფიკატის გამცემის და მფლობელის უფლება-მოვალეობანი, პასუხისმგებლობა

მუხლი 15. სააგენტო კომპანიების აღიარების სერტიფიკატის მფლობელის უფლება-მოვალეობანი

სააგენტო კომპანიის აღიარების სერტიფიკატის მფლობელი ვალდებულია:

ა) განახორციელოს საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) უზრუნველყოს საერთაშორისო საზღვაო ნორმებით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებული პირობების დაცვა;

გ) უზრუნველყოს სააგენტო კომპანიის უზრუნველმყოფი პერსონალის, მათ შორის გემის აგენტების, კანონმდებლობით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაცვა და მათი სისტემატური შემოწმება;

დ) დასაქმებული ჰყავდეს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული გემის აგენტები;

ე) გააჩნდეს შესაბამისი პროცედურა საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის, დოკუმენტაციისა და მონაცემების შენახვასთან დაკავშირებით;

ვ) უზრუნველყოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის, დოკუმენტაციისა და მონაცემების 7 (შვიდი) წლით შენახვა;

ზ) ამ წესის  მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საბუთებში მითითებული მონაცემების ცვლილების შესახებ  დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს სააგენტოს;

თ) წერილობით აცნობოს სააგენტოს ამ წესის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოებები;

ი) მუდმივად ეცნობოდეს საერთაშორისო სტანდარტებსა და ეროვნულ კანონმდებლობას მისი საქმიანობის სფეროში;

კ) გააჩნდეს მუდმივი შესაბამისი ადმინისტრაციული შენობა და შესაბამისი აღჭურვილობა/ტექნიკა საქმიანობის ეფექტურად წარმართვისთვის;

ლ) უფლებამოსილია განახორციელოს ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობანი.

მუხლი 16. გემის აგენტის სერტიფიკატის მფლობელის უფლება-მოვალეობანი

გემის აგენტის სერტიფიკატის მფლობელი ვალდებულია:

ა) საქმიანობა განახორციელოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად;

ბ) დაიცვას და არ გაამჟღავნოს კომერციული საიდუმლოება და პერსონალური მონაცემები;

გ) ამ წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბუთებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში წერილობით აცნობოს სააგენტოს დაუყოვნებლივ;

დ) სამსახურებრივი მოვალეობები შეასრულოს კეთილსინდისიერების, მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვით;

ე) განახორციელოს ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობანი;

ვ) მუდმივად ეცნობოდეს საერთაშორისო სტანდარტებსა და ეროვნულ კანონმდებლობას მისი საქმიანობის სფეროში;

ზ) განახორციელოს ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობანი;

მუხლი 17. სააგენტოს უფლება-მოვალეობები

სააგენტო:

ა)   გასცემს სააგენტო კომპანიის აღიარების/გემის აგენტის სერტიფიკატს, შეაჩერებს ან განაახლებს მისი მოქმედების ვადას, აგრძელებს მისი მოქმედების ვადას, აუქმებს მას, ზღუდავს სააგენტო კომპანიის სერტიფიკატით გათვალისწინებულ უფლებებს, უარს აცხადებს სააგენტო კომპანიის აღიარების/გემის აგენტის სერტიფიკატის გაცემაზე, მოქმედების ვადის გაგრძელებაზე;

ბ)  შეაქვს ცვლილებები სააგენტო კომპანიის აღიარების/გემის აგენტის სერტიფიკატში;

გ)  კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს ზედამხედველობასა და კონტროლს სააგენტო კომპანიის აღიარების სერტიფიკატის მფლობელისა და გემის აგენტის საქმიანობაზე;

დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

მუხლი 18. პასუხისმგებლობა

ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის საკითხები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 19.  გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

1. სააგენტო კომპანიები ვალდებულნი არიან ამ წესის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში მოიპოვონ სააგენტოს აღიარების სერტიფიკატი.

2. გემის აგენტები ვალდებულნი არიან ამ წესის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში მოიპოვონ გემის აგენტის სერტიფიკატი.