„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №131/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №131/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 200/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 02/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018619
200/ნ
02/12/2024
ვებგვერდი, 03/12/2024
430210000.22.022.018619
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №131/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №200/ნ 

2024 წლის 2 დეკემბერი

ქ.თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №131/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N3822-XIIIმს-Xმპ; 30/11/2023) და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (4298-XIVმს-Xმპ; 27/06/2024) შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს  განათლებისა და   მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №131/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 09/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016651) და ბრძანების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1

დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.“;

გ) პირველი მუხლით დამტკიცებული წესდება ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.                                                    

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიალექსანდრე წულაძე




დანართი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო

უნივერსიტეტის წესდება

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1.  უნივერსიტეტის საქმიანობის საფუძვლები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი (შემდგომ − უნივერსიტეტი)  ავტონომიური დაწესებულებაა,  რომელიც ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევებს, აგრეთვე პროფესიულ საგანმანათლებლო  და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებს.

2. უნივერსიტეტის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს, ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებსა და ამ წესდებას.

3. უნივერსიტეტის სრული სახელწოდებაა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი; უნივერსიტეტის სახელწოდების აბრევიატურაა: ზსუ; ინგლისური სახელწოდებაა: LEPL Shota Meskhia Zugdidi State University, აბრევიატურა კი − ZSU; უნივერსიტეტის ოფიციალური ვებგვერდია− www.zsu.ge.

4. უნივერსიტეტს აქვს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით საბანკო ანგარიშები, გახსნილი სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში და საბანკო ანგარიშები კომერციულ ბანკებში, ჰიმნი, დროშა, კანონმდებლობით დადგენილი ფორმის მრგვალი ბეჭედი, შტამპი და იურიდიული პირისათვის დადგენილი სხვა ატრიბუტიკა.

5. უნივერსიტეტში სწავლების ენა არის ქართული (სხვა ენაზე სწავლება, გარდა ინდივიდუალური სასწავლო კურსებისა, დაშვებულია, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებულია საქართველოს განათლების,   მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან (შემდგომ – სამინისტრო)).

6. უნივერსიტეტი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

7. უნივერსიტეტი, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ.

8. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის იურიდიული მისამართია: ზუგდიდი, ჯანაშიას ქ.№14.

მუხლი 2. უნივერსიტეტის მიზნები და საქმიანობა

1.  უნივერსიტეტის ძირითადი მიზნებია:

ა) ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტირება;

ბ) პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება;

გ) პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი და პროფესიული განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, სტუდენტთა, პროფესიულ სტუდენტთა და ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი  და პროფესიული განათლების შეთავაზება დაინტერესებული პირებისათვის;

დ) საუნივერსიტეტო განათლების განვითარება;

ე) უნივერსიტეტში აკადემიური უმაღლესი განათლების – ბაკალავრიატის,  მაგისტრატურის, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების, მაღალი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე ექსპერიმენტების განხორციელება, ინოვაციური სწავლებით საუნივერსიტეტო ტრადიციების განვითარება;

ვ) უნივერსიტეტში პროფესიული განათლების განხორციელება ინოვაციური სწავლებით და საუნივერსიტეტო ტრადიციების განვითარება;

ზ) უნივერსიტეტის ინტეგრაცია ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში;

თ) საქართველოსა და უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივი და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება;

ი) სტუდენტზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო გარემოს შექმნა;

კ) აკადემიური თავისუფლების დაცვა;

ლ) სტუდენტისა და აკადემიური პერსონალის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;

მ) ცოდნის გენერირება და გადაცემა, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება;

ნ) უნივერსიტეტის სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად უნივერსიტეტი:

ა) ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევებს, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებს;

ბ) ახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს;

გ) ახორციელებს მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამებს, სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამას, პროფესიული მომზადების პროგრამებს ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამებს;

დ)   ახორციელებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში განათლების პრინციპს;

ე) ახორციელებს  დისტანციურ/ელექტრონულ სწავლებას კანონმდებლობის შესაბამისად;

ვ) ამზადებს პიროვნებას ისეთი პროფესიული მოღვაწეობისათვის, რომელიც მოითხოვს აკადემიური და სამეცნიერო ცოდნის გამოყენებას;

ზ) ზრუნავს თავისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე;

თ) ხელს უწყობს თავის ფარგლებში სპორტის განვითარებას;

ი) ხელს უწყობს სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას;

კ) ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის, პროფესიული სტუდენტებისთვის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სწავლის პირობების შესაქმნელად;

ლ) თანამშრომლობს საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;

მ) ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სტუდენტთა და პროფესორთა ურთიერთგაცვლას;

ნ) დადგენილი წესით მონაწილეობს სახელმწიფო ან/და სხვა სახის პროგრამების განხორციელებაში;

ო) უზრუნველყოფს სწავლას, სწავლებასა და პროფესიული განვითარებას თავისუფალ, დემოკრატიულ და სოციალურ-სამართლებრივ გარემოში;

პ) უზრუნველყოფს სწავლების ხარისხის მაღალ დონეს სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და სხვა) დანერგვისა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებით;

ჟ) ანიჭებს შესაბამის აკადემიურ ხარისხს (ხარისხებს) და კვალიფიკაციას;

რ) ხელს უწყობს თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების  გავრცელებას;

ს) უზრუნველყოფს უმაღლესი და პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობასა და ღიაობას, სწავლის და სწავლების აკადემიურ თავისუფლებას, უმაღლესი და პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში, აკადემიური პერსონალის,  სტუდენტთა, პროფესიულ სტუდენტთა, მსმენელთა, პროფესიული განათლების მასწავლებელთა და სოციალური პარტნიორების  მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებისა და მათი შესრულების კონტროლის პროცესში,  უნივერსიტეტის მართვისა და ამ დაწესებულებაში კონკურსების საჯაროობასა და გამჭვირვალობას, უმაღლესი და პროფესიული განათლების სფეროში ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვას, მათ შორის აკადემიური, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილების ან/და შეხედულების, სქესის, სოციალური წარმოშობისა და სხვა ნიშნით;

ტ) უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას;

უ) უზრუნველყოფს კვლევის ხარისხის მაღალ დონეს კვლევის თანამედროვე მეთოდების დანერგვით;

ფ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 3.  უნივერსიტეტის სტატუსი და სახელმწიფო კონტროლი

უნივერსიტეტი დაფუძნებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით, რომლის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს, ამ წესდებითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს  სამინისტრო.

თავი II

სტრუქტურა და მართვა

მუხლი 4.  უნივერსიტეტის სტრუქტურა

1. უნივერსიტეტი შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის – ფაკულტეტისგან (საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი), ბიბლიოთეკისა და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან: რექტორის აპარატის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატის, კანცელარიის, აკადემიური საბჭოს სამდივნოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოსაგან.

2. გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის – ფაკულტეტის (შემდგომ – ფაკულტეტი) შექმნის ან გაუქმების შესახებ იღებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ წესდებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

მუხლი 5.  უნივერსიტეტის მართვა

1. უნივერსიტეტის მართვის ორგანოებია (მმართველი სუბიექტებია):

ა) აკადემიური საბჭო;

ბ) წარმომადგენლობითი საბჭო;

გ) რექტორი;

დ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;

ე) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

2. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია:

ა) ფაკულტეტის საბჭო;

ბ) დეკანი;

გ) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

მუხლი 6. უნივერსიტეტის მართვის პრინციპები

1. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს:

ა) უნივერსიტეტის გადაწყვეტილებების, რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანგარიშებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროობას;

ბ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას;

გ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებასა და მათი შესრულების კონტროლის პროცესში;

დ) თანასწორ მოპყრობას, განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებებისა და სხვა;

ე) უნივერსიტეტში არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, კონკურსების საჯაროობას;

ვ) უნივერსიტეტის განვითარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში პროფესიულ სტუდენტთა, მსმენელთა, პროფესიული განათლების მასწავლებელთა და სოციალური პარტნიორების მონაწილეობას.

2. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები.

მუხლი 7. აკადემიური საბჭო

1. უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა აკადემიური საბჭო, რომლის წევრებიც აირჩევიან ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ  უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.

2. აკადემიური საბჭო აირჩევა ოთხი წლის ვადით.

3. აკადემიურ საბჭოში ფაკულტეტს ჰყავს სამი წარმომადგენელი.

4. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

5. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) უნივერსიტეტთან მისი შესაბამისი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა;

ბ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

გ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

დ) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება;

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.

6. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება ერთი მესამედით ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის დადგენილი ხანგრძლივობის ნახევრის (ორი წელი) გასვლის შემდეგ.

მუხლი 8.  უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება

1. კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ამ წესდებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად, აკადემიური საბჭო:

ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას;

ბ) ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებს ფაკულტეტის წარდგინებით,  აგრეთვე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამებს, სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამას, პროფესიული მომზადების პროგრამას ან/და პროფესიული გადამზადების   პროგრამას;

გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების შექმნას;

დ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას;    

ე) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს;

ვ) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატურას;

ზ) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოტივირებულ წინადადებას;

თ) წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში;

ი) მონაწილეობს უნივერსიტეტის წესდების, სტრუქტურული ერთეულების დებულებების, ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიური ანგარიშის წარმომადგენლობით საბჭოში განხილვაში;

კ) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს ფაკულტეტის მიერ წარდგენილ კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცალკეული საგნისთვის, აგრეთვე ფაკულტეტზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ   მინისტრი) ბრძანებით დადგენილი წესით, ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით;

მ) ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში, რომლის გადალახვის შემთხვევაშიც პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს  უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში;

ნ) ადგენს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარების წესს;

ო) ადგენს უნივერსიტეტის რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, ფაკულტეტის დეკანის, აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების არჩევნების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

პ) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურას;

ჟ) ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

რ) წლიურ ანგარიშს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ს) ირჩევს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის/ბიბლიოთეკების ხელმძღვანელს/ ხელმძღვანელებს;

ტ)  უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო  პროცესის შეფასების წესს;

უ) ამ წესდებით გათვალისწინებული და სხვა გადაუდებელი საკითხის გადაწყვეტის მიზნით წევრებისგან ხმათა უმრავლესობით  ამზადებს საკითხს  და განსახილველად გამოაქვს აკადემიური საბჭოს სხდომაზე;

ფ) საჭიროების შემთხვევაში იწვევს ექსპერტს;

ქ) შეიმუშავებს მასწავლებელთა პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს  წარმომადგენლობით საბჭოს;

ღ) გადაუდებელი სამსახურებრივი აუცილებლობის შემთხვევაში შვებულებიდან იძახებს რექტორს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს;

ყ) ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას;

შ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

2. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, რექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, რექტორისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და რექტორისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. რექტორი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.

3. აკადემიური საბჭოს სხდომა მოიწვევა რექტორის ინიციატივით ან აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ.

4. რექტორს აკადემიური საბჭოს წევრობა უწყდება რექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში.

5. აკადემიური საბჭო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს დადგენილებებს.

მუხლი 9. აკადემიური საბჭოს სხდომების ჩატარების წესი

1. ახლად არჩეული აკადემიური საბჭოს პირველ სხდომაზე არჩეულ წევრთა უფლებამოსილების დადასტურება ხდება იმავე მოთხოვნების დაცვით, რაც დადგენილია  უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის.

2. აკადემიური საბჭოს მდივანი აირჩევა საბჭოს წევრთა შემადგენლობიდან, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კენჭისყრით.

3. აკადემიური საბჭოს თითოეული წევრი სარგებლობს ერთი ხმის უფლებით. სხდომაზე დაუსწრებლობის მიზეზი ეცნობება სხდომის თავმჯდომარეს წერილობით. საბჭოს წევრები სხდომაზე ცხადდებიან სპეციალური მოწვევის გარეშე. აკადემიური საბჭოს მუშაობის პერიოდში აკადემიური საბჭოს წევრს უფლება აქვს დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ საკითხის განხილვაში, რომელიც აკადემიური საბჭოს განხილვის საგანია, გამოთქვას თავისი აზრი, დასვას შეკითხვები, ისარგებლოს კანონმდებლობითი და ამ წესდებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებით.

4. სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, აკადემიური საბჭოს წევრთა მონაწილეობით შექმნას კონკრეტული საკითხების შემსწავლელი კომისიები, სამუშაო ჯგუფები. შესაძლებელია კომისიები და სამუშაო ჯგუფები შეიქმნას აკადემიური საბჭოს მიერ მოწვეული სპეციალისტების, ექსპერტების, საზოგადოების წარმომადგენლების,  უნივერსიტეტის თანამშრომლების და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით.

5. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება აკადემიური საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სხდომის გახსნისა და გადაწყვეტილებების მიღების წინ ხდება წევრთა რეგისტრაცია აკადემიური საბჭოს მდივანთან (რეგისტრაციის მონაცემები თან ერთვის სხდომის ოქმს და წარმოადგენს ოქმის განუყოფელ ნაწილს).

6. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის 2/3. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა,  თუ  მოქმედი კანონმდებლობით სხვა  რამ არ არის გათვალისწინებული.

7. აკადემიური საბჭოს სხდომები შეიძლება იყოს დახურული.

8. აკადემიური საბჭოს მდივანი აკადემიური საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ სამი დღით ადრე (გარდა რიგგარეშე სხდომისა), ადგენს სხდომის დღის წესრიგს. დღის წესრიგს მიკუთვნებულ საკითხებთან ერთად მიეთითება მომხსენებელი პირი.

9. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია სხდომის მიმდინარეობის პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღოს ღია კენჭისყრით ან კენჭისყრის სხვა ფორმით, დამსწრეთა უმრავლესობით.

10. აკადემიური საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმით, რომლის რეგისტრაციის უწყვეტობას უზრუნველყოფს აკადემიური საბჭოს მდივანი. ოქმს თან ერთვის ყველა ის მასალა, რაც ამ სხდომის დღის წესრიგის მიხედვით განხილვის საგანს უკავშირდება. ოქმის ნამდვილობას ხელმოწერით ადასტურებენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. ოქმის ბოლო გვერდზე დაისმება  აკადემიური საბჭოს ბეჭედი.

11. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია დადგენილების ფორმით მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომელიც აკადემიური საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება.

მუხლი 10. წარმომადგენლობითი საბჭო

1. უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა წარმომადგენლობითი საბჭო, რომელიც აირჩევა უნივერსიტეტის ფაკულტეტიდან წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ფაკულტეტზე მათი რაოდენობის პროპორციულად.

2. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა ხდება საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე 4 წლის ვადით.

3. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს შემადგენლობის არანაკლებ ორმაგი ოდენობით. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. ასისტენტი არჩევნებში მონაწილეობს როგორც სტუდენტი. სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად დამრგვალება ხორციელდება სტუდენტთა სასარგებლოდ.

4. წარმომადგენლობით საბჭოში შედის  უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წარმომადგენელი.

5. პროფესორისა და სტუდენტისთვის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია ამ უნივერსიტეტთან პროფესორის შესაბამისი აკადემიური ან/და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა და სტუდენტის სტატუსის შეჩერება/შეწყვეტა.

6. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად იმავე ვადით.

7. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრები.

მუხლი 11. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილება

1. წარმომადგენლობითი საბჭო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ამ წესდებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად:

 ა) შეიმუშავებს უნივერსიტეტის წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს  სამინისტროს;

ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის შინაგანაწესს, ეთიკის კოდექსსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს;

გ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესსა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

დ) ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს;

ე) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას აკადემიური საბჭოს წარდგინებით;

ვ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით;

ზ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე;

თ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს;

ი) აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს;

კ) ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით;

ლ) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით;

მ) ამტკიცებს  უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს აკადემიური საბჭოს წარდგინებით;

ნ) აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების წესს;

ო) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. წარმომადგენლობითი საბჭო გამოსცემს წარმომადგენლობითი საბჭოს დადგენილებებს.

3. წარმომადგენლობითი საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს წარმომადგენლობითი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

მუხლი 12. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი

1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს სპიკერი, რომელსაც ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო თავისი რიგებიდან ოთხი წლის ვადით, ამ წესდებით დადგენილი წესით.

2. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი სურვილი;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

გ) გარდაცვალება;

დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ე) უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება.

მუხლი 13. წარმომადგენლობითი საბჭოს მუშაობის წესი

1. ახლად არჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომას თავმჯდომარეობს სხდომის უხუცესი წევრი. 

2. ახლად არჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომაზე უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საბჭოს მოახსენებს არჩევნების შედეგებს და სხდომის თავმჯდომარეს გადასცემს საბჭოს წევრთა უფლებამოსილების დამადასტურებელ საჭირო დოკუმენტაციას (საარჩევნო ოქმები, მასალები არჩევნების შედეგების, მისი მოწყობის სისწორის, შემოსული საჩივრების, განცხადებებისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების და სხვა საარჩევნო ინფორმაციის შესახებ).

3. სხდომის თავმჯდომარე სხდომის მონაწილეებს აცნობს სარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას და დოკუმენტაციას.

4. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების დადასტურების თაობაზე საბჭოს დადგენილებაში შეიტანება ყველა ის პირი, რომლის არჩევა კანონიერად ჩათვალა  უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიამ და დადასტურებულად მიიჩნია სხდომის მონაწილეთა სრული შემადგენლობის უმრავლესობამ.

5. თუ იმ პირთა რაოდენობა, რომლის უფლებამოსილებაც წარმომადგენლობითმა საბჭომ დაადასტურა, სრული შემადგენლობის ნახევარზე ნაკლებია, მაშინ სხდომა წყდება. ახლადარჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს მომდევნო სხდომას იწვევს  უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტის არჩევიდან 10 დღის ვადაში.

6. წარმომადგენლობითი საბჭო თავისი შემადგენლობიდან ხმათა უმრავლესობით, ღია კენჭისყრით ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც მხარს დაუჭერს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი ორზე მეტია და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმავე დღეს ორ საუკეთესო შედეგების მქონე პრეტენდენტს შორის გაიმართება განმეორებითი კენჭისყრა. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, 5 დღის ვადაში იმართება წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა და სპიკერის შერჩევის პროცედურა იმართება ხელახლა.

7. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა მოიწვევა სპიკერის ინიციატივით ან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ.

8. წარმომადგენლობითი საბჭოს თითოეული წევრი სარგებლობს ერთი ხმით. სხდომაზე დაუსწრებლობის მიზეზი ეცნობება სხდომის თავმჯდომარეს წერილობით. საბჭოს წევრები სდომაზე ცხადდებიან სპეციალური მოწვევის გარეშე. წარმომადგენლობითი საბჭოს მუშაობის პერიოდში წევრს უფლება აქვს დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ საკითხის განხილვაში, რომელიც წარმომადგენლობითი საბჭოს განხილვის საგანია, წამოაყენოს წინადადებები, შენიშვნები და შესწორებები განსახილველ საკითხზე. შესთავაზოს კანდიდატურები და გამოთქვას თავისი აზრი ასარჩევი, დასანიშნი ან წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დასამტკიცებელი კანდიდატურების მიმართ, დასვას შეკითხვები, ისარგებლოს კანონმდებლობითი და ამ წესდებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებით.

9. სრული შემადგენლობის უმრავლესობით წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია შექმნას კონკრეტული საკითხების შემსწავლელი კომისიები და/ან სამუშაო ჯგუფები, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მონაწილეობით. შესაძლებელია კომისიები და სამუშაო ჯგუფები შეიქმნას წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მოწვეული სპეციალისტების, ექსპერტების, საზოგადოების წარმომადგენლების, უნივერსიტეტის თანამშრომელთა და სხვა დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით.

10. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების მოწვევას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანი, რომელიც აირჩევა საბჭოს წევრთა შემადგენლობიდან.

11. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სხდომის გახსნისა და გადაწყვეტილებების მიღების წინ ხდება წევრთა რეგისტრაცია წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანთან, (რეგისტრაციის მონაცემები თან ერთვის სხდომის ოქმს და წარმოადგენს ოქმის განუყოფელ ნაწილს).

12. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები შეიძლება იყოს დახურული.

13. საკითხები, რომლებიც საიდუმლოების დაცვას საჭიროებენ, დამსწრეთა უმრავლესობით ცხადდება მთლიანად ან ნაწილობრივ დახურულად. დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს განსაზღვრავს საბჭოს სპიკერი.

14. სხდომის დროს წევრები, მოწვეული პირები ვალდებული არიან დაიცვან დადგენილი ეთიკის ნორმები და სხვა მოთხოვნები.

15. სხდომაზე განსახილველი საკითხები დგინდება არანაკლებ სამი დღით ადრე (გარდა რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგისა) დღის წესრიგს მიკუთვნებულ საკითხებთან ერთად მიეთითება მომხსენებელი პირი.

16. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია სხდომის მიმდინარეობის პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღოს ღია კენჭისყრით დამსწრეთა უმრავლესობით.

17. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმით, რომლის რეგისტრაციის უწყვეტობას უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნო. ოქმს თან ერთვის ყველა ის მასალა, რაც ამ სხდომის დღის წესრიგის მიხედვით განხილვის საგანს უკავშირდება. ოქმის ნამდვილობას ხელმოწერით ადასტურებენ წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი და მდივანი.

18. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია დადგენილების ფორმით მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომელიც წარმომადგენლობითი საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება.  

მუხლი 14. რექტორი

1. რექტორი არის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი, უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს უნივერსიტეტს ქვეყნის შიგნითა და გარეთ − აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილია,  უნივერსიტეტის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები. გარიგებებს და შეთანხმებებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, რექტორთან ერთად ხელს აწერს აგრეთვე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

2. რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ოთხი წლის ვადით. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 10 წლის სტაჟი.

3. რექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

4. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ ერთი და არა უმეტეს ორი კვირისა. არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში.

5. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას.

6. კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მოწესრიგების მიზნით, რექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

7. რექტორი უფლებამოსილია მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად სათათბირო ორგანოს სახით შექმნას საკონსულტაციო საბჭოები და კომისიები, რომელთა საქმიანობა რეგულირდება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

8. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებებს აკადემიური პერსონალის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ და დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.

9. რექტორი ნიშნავს აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებს, რის თაობაზეც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამ წესდებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

10. რექტორის მიერ თავისი უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი  მოადგილე, რაც განისაზღვრება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ეზღუდება აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეობის უფლებამოსილება, ასევე უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტებზე – დიპლომსა და პროფესიულ დიპლომზე ხელმოწერის უფლებამოსილება.

11. აკადემიური/დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესაბამისად, სამსახურში იღებს და სამსახურიდან ათავისუფლებს უნივერსიტეტის აკადემიურ/ დამხმარე პერსონალს. დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღება და გათავისუფლება ხდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით.

12. ნიშნავს და  ათავისუფლებს აკადემიურ, ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალს.

13. რექტორი ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ წესდებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

14. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე რექტორის ვერარჩევის შემთხვევაში აკადემიური საბჭო 14 დღის ვადაში, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს არაუმეტეს 6 თვის ვადით. ერთი და იგივე პირი რექტორის მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.  

15. რექტორს ჰყავს მოადგილე/მოადგილეები, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება უნივერსიტეტის საშტატო განრიგით და უფლებამოსილება რეგულირდება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

16. უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე რექტორის შვებულება და სამუშაო ადგილის დროებით შეცვლა (მივლინება) ფორმდება რექტორის ბრძანებით.

მუხლი 15. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი 

1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არის  უნივერსიტეტის უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი ფინანსური, მატერიალური და ადმინისტრაციული რესურსების სფეროში, რომელიც წარმოადგენს  უნივერსიტეტს საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში.

2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარმომადგენლობითი საბჭო ამტკიცებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით ფარული კენჭისყრით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ერთი და იგივე პირი აკადემიურმა საბჭომ წარმომადგენლობით საბჭოს შეიძლება წარუდგინოს მხოლოდ ორჯერ. წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში აკადემიური საბჭო წარადგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას.

3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადაა ოთხი წელი.

4. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

მუხლი 16. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილება

1. კანონმდებლობითა და წესდებით დადგენილი წესით ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:

ა) ხელმძღვანელობს  უნივერსიტეტის ადმინისტრაციას;

ბ) უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით  უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები;

გ) ადგენს  უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

დ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის პროექტს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ე) ხელმძღვანელობს ფაკულტეტის მიერ საკუთარი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენას, წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ უნივერსიტეტის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის ფორმირებასა და დამტკიცებას;

ვ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

თ) პასუხისმგებელია უნივერსიტეტის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე;

ი) უფლებამოსილია ამ წესდებით გათვალისწინებული აკადემიური/დამხმარე პერსონალის კანდიდატურები წარუდგინოს რექტორს მათი სამსახურში მიღების ან გათავისუფლების მიზნით;

კ) ასრულებს ამ წესდებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე.

3. გარდა ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების ზოგადი საფუძვლებისა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე;

ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილება;

გ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების  შეწყვეტის  საფუძვლები.

4. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ თავის უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე, რაც განისაზღვრება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით.

მუხლი 17.  უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

1. სწავლების ხარისხი, აგრეთვე, უნივერსიტეტის პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ აგრეთვე უნივერსიტეტის სტუდენტები და რომლის შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.

2. უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის, აგრეთვე პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

3. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისათვის წასაყენებელ მოთხოვნებს განსაზღვრავს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი მტკიცდება ოთხი წლის ვადით.

4. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.

5. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უზრუნველყოფს სწავლების ხარისხის მაღალ დონეს სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და სხვა) დანერგვისა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებით. აგრეთვე უზრუნველყოფს კვლევის ხარისხის მაღალ დონეს კვლევის თანამედროვე მეთოდების დანერგვით.

6. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი კოორდინაციას უწევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის საქმიანობას.

7. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უზრუნველყოფს:

ა) შეფასების შიდა და გარე პროცედურებს, რომელთა მიზანია  უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;

ბ) დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის მაჩვენებელთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას;

გ) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისათვის ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ნორმატიული მოთხოვნების, ასევე, მასში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას;

დ) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურიდან ამ სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღებას შემდგომი დამუშავებისა და მონაცემთა ბაზაში მათი ასახვის მიზნით.

8. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოს და წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე.

თავი III

ფაკულტეტი

მუხლი 18. ფაკულტეტის სტრუქტურა და ფაკულტეტის მართვის ორგანოები

1. ფაკულტეტი არის  უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას.

2. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია: ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

3. ფაკულტეტის დებულებით დადგენილი წესით, ფაკულტეტის შემადგენლობაში სტრუქტურული ერთეულის სახით შეიძლება შევიდეს სასწავლო და დამხმარე (ბიბლიოთეკა და სხვა) სტრუქტურული ერთეულები.

მუხლი 19. ფაკულტეტის საბჭო

1. ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები. ფაკულტეტის საბჭოს წევრთა ოდენობა და ფაკულტეტის საბჭოში მათი წარმომადგენლობის ვადა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით.

2. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები.

მუხლი 20. ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილება

1.  ფაკულტეტის საბჭო:

ა) განსაზღვრავს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტის პროექტს;

ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს დეკანს;

გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო პროგრამებს;

დ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ე)  ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს;

ვ) უფლებამოსილია, დეკანის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, დეკანისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, ფაკულტეტის საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3 -ის მოთხოვნით განიხილოს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. დეკანი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას;

ზ) დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ნიშნავს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს;

თ) ფაკულტეტის დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე დეკანის ვერარჩევის შემთხვევაში ირჩევს დეკანის მოვალეობის  შემსრულებელს;  

ი) შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;

კ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

2. ფაკულტეტის საბჭოს წევრთა მუშაობის ორგანიზაციულ, იურიდიულ და საინფორმაციო მომსახურებას უზრუნველყოფს ფაკულტეტის საბჭოს მდივანი.

3. ფაკულტეტის საბჭოს სხდომები მოიწვევა დეკანის მიერ თვეში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში მოიწვევა რიგგარეშე სხდომა (სხდომები).

4. ფაკულტეტის საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს  დეკანს, ფაკულტეტის საბჭოს წევრთა 1/3-ის, აკადემიური საბჭოს წევრთა 1/3-ის, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა 1/3-ის და რექტორის მოთხოვნით.

5. ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს წარმართავს ფაკულტეტის დეკანი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – დროებით უფლებამოსილი საბჭოს წევრი. ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ჩატარების დროისა და დღის წესრიგის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს საბჭოს წევრებს.

6. ფაკულტეტის საბჭოს თითოეული სხდომა აისახება ოქმში. ოქმს ხელს აწერს დეკანი (ან სხდომის წარმმართველი საბჭოს წევრი) და სხდომის მდივანი. ოქმის ბოლო გვერდზე დაისმება ფაკულტეტის საბჭოს ბეჭედი.

მუხლი 21. სადისერტაციო საბჭო

1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც იქმნება შესაბამისი დარგის/სპეციალობის მიხედვით ფაკულტეტზე. სადისერტაციო საბჭოს/საბჭოების შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.

2. სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და საბჭოს თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს აკადემიური საბჭო ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით.  

3. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო შედგება ფაკულტეტის შესაბამისი დარგის/სპეციალობის ყველა პროფესორისა და ასოცირებული პროფესორისაგან.

4. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ ასევე შესაბამისი დარგის /სპეციალობის დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე მოწვეული  პირები საქართველოდან და უცხოეთიდან უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და წესის შესაბამისად.

მუხლი 22. დეკანი

1. ფაკულტეტის საბჭო ფაკულტეტის დეკანს ირჩევს ოთხი წლის ვადით. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ ერთი და არა უმეტეს ორი კვირისა. არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში.

2. დეკანობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) არის აკადემიური პერსონალი (პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი);

ბ) აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 5 წლის სტაჟი.

3. დეკანი:

ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტის სასწავლო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას;

ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო პროგრამებს;

გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებისთვის;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ვ)  თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს;

ზ) ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესდების შესაბამისად პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივი გამოყენებისთვის;

თ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

4. დეკანის მიერ თავის უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში დეკანის მოვალეობის შესრულებას რექტორი ბრძანებით აკისრებს დეკანის მოადგილეს.

5. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე დეკანის ვერარჩევის შემთხვევაში ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო 14 დღის ვადაში, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს არაუმეტეს 6 თვის ვადით. ერთი და იგივე პირი დეკანის მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ. 

მუხლი 23. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

1. ფაკულტეტზე სწავლების, აგრეთვე, აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად.

2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წინაშე.

3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ირჩევს ფაკულტეტის საბჭო ოთხი წლის ვადით.

4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი ასოცირებული პროფესორი ან პროფესორი.

5. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ამოცანაა, ხელი შეუწყოს სწავლების ხარისხის მაღალ დონეს სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და სხვა) დანერგვისა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებით.

6. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისათვის წასაყენებელ მოთხოვნებს განსაზღვრავს ფაკულტეტის საბჭო. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევნები რეგულირდება უნივერსიტეტში მოქმედი წესით.

თავი IV

უნივერსიტეტის პერსონალი

მუხლი 24.  უნივერსიტეტის პერსონალი

1. უნივერსიტეტის პერსონალია: აკადემიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი. 

2. აკადემიური პერსონალის დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

3. უნივერსიტეტში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება.

მუხლი 25. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი

1. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორისაგან, ასოცირებული პროფესორისაგან, ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტისაგან.

2. პროფესორები მონაწილეობენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებში ან/და წარმართავენ მათ.

3. ასისტენტი − პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ − პროფესორის ხელმძღვანელობით ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში.

მუხლი 26. აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი

1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.

2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით, საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე. საბუთების მიღება გრძელდება არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ორი კვირისა, კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში.

3. განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და განთავსდეს უნივერსიტეტში ყველასთვის თვალსაჩინო ადგილებზე, მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.

4. განცხადებაში აღინიშნება კონკურსანტების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, განცხადებების მიღების ბოლო ვადა და წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა.

5. კონკურსის ჩატარების წესს განსაზღვრავს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

მუხლი 27. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები

1. პროფესორის თანამდებობაზე 5 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, და რომელიც აკმაყოფილებს  უნივერსიტეტში მოქმედი „აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების, შრომის ანაზღაურების ოდენობისა და შრომის პირობების განსაზღვრის შესახებ წესით დადგენილ პირობებს.

2. უვადოდ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს განსაკუთრებული პროფესიული მიღწევები ან/და სამეცნიერო მიღწევები (მაგალითად, აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა).

3. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

4. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 3 წლის ვადით.

5. ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 3 წლის ვადით.

6. კვალიფიციური პერსონალის მიერ შესაძლებელია პროფესორის/ასოცირებული პროფესორის/ასისტენტ პროფესორის/ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დაკავება პროფესიული ნიშნით, რაც უნდა დადასტურდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით და სხვა. პროფესიული ნიშნით აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი და პირობები განისაზღვრება „აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების, შრომის ანაზღაურების ოდენობისა და შრომის პირობების განსაზღვრის შესახებ“ წესით.

7. პროფესორის თანამდებობაზე 5 წელზე მეტი ვადით არჩევის შემთხვევაში პროფესორი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციის გავლას. ატესტაციის გავლას არ ექვემდებარება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ თანამდებობაზე არჩეული პროფესორი, რომელიც პროფესორის თანამდებობაზე არჩეულია 5 წელზე მეტი ვადით, მაგრამ პროფესორის თანამდებობაზე არჩევიდან 5 წლის შემდეგ დარჩენილი აქვს უფლებამოსილების 5 წელზე ნაკლები ვადა.

8. ატესტაციის ჩატარების ერთიან წესსა და პირობებს შეიმუშავებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

მუხლი 28. აკადემიური პერსონალის უფლებები

1. აკადემიურ პერსონალს, კომპეტენციის შესაბამისად, უფლება აქვს:

ა) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მართვაში, მათ შორის მართვის ორგანოების არჩევნებში;

ბ) ჩარევის გარეშე განახორციელოს სწავლება, კვლევა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება;

გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო კურსის პროგრამების (სილაბუსების) შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები.

2. აკადემიური პერსონალი ვალდებულია:

ა) დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები;

ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები;

გ) კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული სამუშაოების შესახებ;

დ) სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების დასრულების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ;

ე)    ვალდებულია პოლიციას ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს მიაწოდოს ამ წესდების 34-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირადი ინფორმაცია, რომელიც ეხება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტს, თუ არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება;

ვ) დაიცვას წინამდებარე წესდებითა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

3. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალის სწავლების თავისუფლებას და ქმნის მისი საქმიანობისათვის შესაბამის პირობებს.

მუხლი 29. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლება

აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;

გ) ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა;

დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა;

ე)  ემერიტუსის წოდების მინიჭება;

ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.

მუხლი 30. აკადემიური წოდებების მინიჭების წესი და პირობები

1. უნივერსიტეტს უფლება აქვს, მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისთვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის ან ემერიტუსის წოდება.

2. საპატიო დოქტორისა და ემერიტუსის  წოდების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას აკადემიური საბჭო იღებს რექტორის ან ფაკულტეტის საბჭოს წარდგინების საფუძველზე. 

3. საპატიო დოქტორის წოდების მისანიჭებლად  პროფესორის განსაკუთრებული პროფესიული ან/და სამეცნიერო მიღწევების შეფასების კრიტერიუმები განსაზღვრულია აკადემიური  საბჭოს დადგენილებით.

4. ემერიტუსის აკადემიური წოდება ენიჭება პირს, რომელიც ამ წოდების მინიჭების შესახებ განაცხადის გაკეთების მომენტისათვის:

ა) არის 65 წლის ან მეტი ასაკის;

ბ) უკავია უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობა;

გ) ორჯერ მაინც იყო არჩეული  უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობაზე;

დ) აქვს უნივერსიტეტში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 20 წლის გამოცდილება.

5. ემერიტუსის წოდება პირს ენიჭება შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლისთანავე.  პირს, მისი შრომითი ხელშეკრულების ვადის ნახევრის გასვლის შემდგომ, მაგრამ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე, აქვს უფლება მოითხოვს მისთვის ემერიტუსის წოდების მინიჭება, პროფესორის თანამდებობიდან გათავისუფლების პირობით. ემერიტუსის წოდების მინიჭებისთანავე იგი თავისუფლდება უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობიდან.

6. ემერიტუსის წოდების მქონე პირს უნივერსიტეტის მიერ მიეცემა ყოველთვიური ანაზღაურება. ანაზღაურების ოდენობა და გაცემის პირობები დგინდება აკადემიური საბჭოს დადგენილებით.

7. ემერიტუსის წოდების მქონე პირს უნივერსიტეტში იმავდროულად არ შეიძლება ეკავოს აკადემიური ან/და ადმინისტრაციული თანამდებობა.

8. ემერიტუსის წოდების მქონე პირმა შესაძლებელია მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობაში, შეასრულოს როგორც ანაზღაურებადი, ისე არაანაზღაურებადი სამუშაო, აკადემიური და ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების გარეშე.

9. ემერიტუსის წოდების მქონე პირმა,  უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ისარგებლოს დამატებითი სოციალური გარანტიებით, ისარგებლოს უნივერსიტეტის რესურსებით და  უნივერსიტეტის მიერ დაწესებული სხვა შეღავათებით.

10. უნივერსიტეტის ემერიტუსის წოდების მქონე პირს მის მიერ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების შემთხვევაში უწყდება ემერიტუსის წოდება და უნივერსიტეტის მიერ გასაცემი ყოველთვიური ანაზღაურება.

მუხლი 31. ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი

1. უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, რექტორის მოადგილე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე,  დეკანი, დეკანის მოადგილე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

2. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე  შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი.        

3. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი და უფროსი მასწავლებელი. მასწავლებელთა პერსონალთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით.

4. მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს სასემინარო, პრაქტიკულ და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობების დაკავების გარეშე.

5. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული უნივერსიტეტის საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა პერსონალი. დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღება ხორციელდება ,,დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ შესაბამისად.

6. უნივერსიტეტი უფლებამოსილია აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით. მოწვეულ სპეციალისტთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით.

7. უნივერსიტეტში ადმინისტრაციული თანამდებობების დაკავების წინაპირობაა ამავე  უნივერსიტეტში დაკავებული პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა.

მუხლი 32. ადმინისტრაციული თანამდებობიდან გათავისუფლება

უნივერსიტეტის ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია:

ა) პირადი სურვილი;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

გ) გარდაცვალება;

დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ე) ამ  უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება, თუ ამ აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა შესაბამისი ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების წინაპირობაა;

ვ) უნივერსიტეტის შინაგანაწესის ან/და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების დარღვევა.

მუხლი 33. თანამდებობრივი შეუთავსებლობა

1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება  უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა, ან იყოს უნივერსიტეტში დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

2. თუ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების ან მართვის ორგანოს წევრობის წინაპირობაა აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა, აკადემიურ თანამდებობაზე, ყოფნის ვადის გასვლა იწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე, ან მართვის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტას აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცებისთანავე, თუ პირი არ აირჩა შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე.

3. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება  უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, გარდა რექტორისა, ან იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი.

4. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს არ შეიძლება ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა.

5. აკადემიური, მასწავლებელთა და დამხმარე პერსონალის სამსახურებრივი შეუთავსებლობა, ასევე შეუთავსებლობის სხვა შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

თავი V

სტუდენტი

მუხლი 34. სტუდენტის სტატუსი და უფლებები

1. პირს უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსი ენიჭება  უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ რექტორის ბრძანების საფუძველზე და მოქმედებს უნივერსიტეტთან სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტამდე.

2. სტუდენტის სტატუსი სტუდენტს უფლებას აძლევს ისარგებლოს სტუდენტისათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით.

3. სტუდენტს უფლება აქვს:

ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;

ბ) მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევაში;

გ) ამ წესდებით, შინაგანაწესითა და დებულებებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;

დ) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტურ თვითმმართველობაში, ასევე  უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოებში ამ წესდების შესაბამისად;

ე) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად;

ვ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;

ზ) საქართველოს კანონმდებლობითა და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ხოლო სახელმწიფო დაფინანსების გადატანის წესს  განსაზღვრავს მინისტრი;

თ) მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გადავიდეს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე; საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გადაიტანოს მაგისტრატურის სხვა აკრედიტებულ  საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლისას, თუ სწავლას გააგრძელებს იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე ან პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით გაერთიანებულია ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში;

ი) საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად სახელმწიფოსგან,  უნივერსიტეტისაგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება (სოციალური პროგრამის ფარგლებში), სხვა სახის შეღავათები;     

კ) აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა;

ლ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში;

მ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება;

ნ) განახორციელოს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.

4. უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისათვის აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტს უნივერსიტეტი უქმნის ყველა პირობას სწავლისათვის, რაც გამოიხატება მისთვის ჰუმანური და თბილი გარემოს შექმნით, სრული ხელმისაწვდომობით უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ფონდისადმი (ბეჭდვითი და ელექტრონული გამოცემები), ინტერნეტ-საშუალებებისადმი სრული წვდომით, ყოველწლიური ფინანსური შეღავათებით (ასეთის საჭიროების შემთხვევაში).

5. სტუდენტის მიერ აკადემიური პერსონალის თანდასწრებით გამოთქმული პირადი ინფორმაცია, ასევე, ინფორმაცია საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და პოლიტიკური მრწამსის შესახებ, რომელიც ამ უკანასკნელისათვის ცნობილი გახდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, აგრეთვე, ინფორმაცია სტუდენტის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გატარების შესახებ კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სტუდენტის ნებართვა, ან ადმინისტრაციის კანონიერი ინტერესი დაიცვას სხვისი უსაფრთხოება და კანონით დაცული უფლებები. ინფორმაცია სტუდენტის აკადემიური მოსწრებისა და მის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების შესახებ უნდა ინახებოდეს განცალკევებულად. სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შენახვისას ადმინისტრაცია ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

6. უნივერსიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სტუდენტის ცოდნის სამართლიანი შეფასება, რისთვისაც შეიმუშავებს სათანადო პროცედურებს.

7. სწავლის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, სტუდენტის სტატუსის შეჩერება სტუდენტს არ ათავისუფლებს სწავლის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.

8. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:

ა) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება;

ბ) პირადი განცხადება;

გ) ჯამში 5 წლის განმავლობაში სტუდენტის სტატუსის შეჩერება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამით/პროგრამებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შეუძლებლობას ან სტუდენტის სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების განხორციელებას;

დ) ,,სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით“ გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

9. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია:

ა)  პირადი განცხადება (მიზეზის მითითების გარეშე);

ბ) უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, გარდა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა;

გ) ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება; ფინანსური დავალიანება;

დ) უნივერსიტეტის ,,სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით“ გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

მუხლი 35. სტუდენტის ვალდებულებები

სტუდენტი ვალდებულია უნივერსიტეტის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა დაიცვას ეს წესდება, ეთიკის კოდექსი, შინაგანაწესი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები.

მუხლი 36. სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობა

1. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხს წყვეტს ფაკულტეტის საბჭო. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოება უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული და შეიძლება განხორციელდეს შინაგანაწესით, დისციპლინარული პასუხისმგებლობის ნორმების  და ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით და სამართლიანი პროცედურის გზით.

2. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყება არ უნდა ზღუდავდეს სტუდენტის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში.  სტუდენტს უფლება აქვს, დაესწროს თავისი საქმის განხილვას.

3. დისციპლინური წარმოების განხორციელებისას სტუდენტს უფლება აქვს:

ა) წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;

ბ) დაესწროს დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის უფლებით;

გ) მიაწოდოს უნივერსიტეტის შესაბამის ორგანოს თავის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები;

დ) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევაში;

ე) მოითხოვოს, მის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხი განხილულ იქნეს საჯარო სხდომაზე.

4. დისციპლინური წარმოების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ემყარებოდეს საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული წესით მოპოვებულ მტკიცებულებებს. ყველა მტკიცებულება, რომლებიც დისციპლინური წარმოების საფუძველია, უნდა გამოიკვლიოს ფაკულტეტის საბჭომ.

5. სტუდენტს უფლება აქვს, სასამართლოში გაასაჩივროს უნივერსიტეტის მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.

მუხლი 37. სტუდენტთა თვითმმართველობა

1. უნივერსიტეტში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა.

2. ფაკულტეტზე არჩეული სტუდენტური თვითმმართველობა წარმოადგენს უნივერსიტეტის თვითმმართველობას, რომელიც შეიმუშავებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებას.

3. სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად:

ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უნივერსიტეტის მართვაში;

ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას;

გ) ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში;

დ) უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები უნივერსიტეტის მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს  აკადემიურ საბჭოს;

ე) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში.

თავი VI

უნივერსიტეტის ბიუჯეტი, ქონება და სახელმწიფო კონტროლი

მუხლი 38.  უნივერსიტეტის ბიუჯეტი

1. უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას კოორდინაციას უწევს  უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

2. უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი შემუშავდება ფაკულტეტთან და  უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კონსულტაციით.

3. უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით, დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.

4. წარმომადგენლობითი საბჭო განიხილავს წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს და ამტკიცებს მას ან შესაბამისი შენიშვნებით უბრუნებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს. 

5. თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დაეთანხმება წარმოდგენილ შენიშვნებს, ბიუჯეტს შენიშვნების გათვალისწინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

6. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არ ეთანხმება წარმომადგენლობითი საბჭოს შენიშვნებს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უფლება აქვს ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტი სათანადო დასაბუთებით დასამტკიცებლად დაუბრუნოს წარმომადგენლობით საბჭოს. წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენილ დასაბუთებას უნდა ერთოდეს აკადემიური საბჭოს წინადადებები.

7. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ბიუჯეტის განმეორებით დაუმტკიცებლობა იწვევს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტას და ბიუჯეტის დამტკიცება მოხდება ახალშერჩეული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით.

მუხლი 39.  უნივერსიტეტის ეკონომიკური საქმიანობა

1. უნივერსიტეტი შეიძლება ეწეოდეს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის, სასწავლო პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზაცია/ანაზღაურებადი მომსახურების გაწევა, აგრეთვე მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ფინანსური სახსრები, მათ შორის, მიიღოს შემოსავალი ისეთი ეკონომიკური საქმიანობიდან, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო არ არის და სწავლების ხარისხზე უარყოფითად არ მოქმედებს.

2. უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის მიზანია   ეკონომიკური მდგრადობა, სასწავლო პროცესის განვითარება, სასწავლო პროცესის დასაფინანსებლად დამატებითი სახსრების მოპოვება და შექმნილი პროდუქციის/გაწეული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.

3. სასწავლო პროცესში შექმნილი საქონლის/გაწეული მომსახურების რეალიზაციიდან და დამხმარე ხასიათის ეკონომიკური საქმიანობიდან მოზიდული სახსრები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოხმარდება  უნივერსიტეტის  მიზნების მიღწევას და ფუნქციების შესრულებას.

4. უნივერსიტეტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია დააფუძნოს კერძო სამართლის სამეწარმეო (კომერციული) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები.

მუხლი 40.  უნივერსიტეტის დაფინანსება

1. უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროებია:

ა) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტითა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით (მხოლოდ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე);

ბ) გრანტის, შემოწირულების სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები;

გ) სამინისტროების მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება;

დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

ე)   პროფესიულ   საგანმანათლებლო პროგრამებზე, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამებზე, პროფესიული მომზადების  ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამებზე, სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამაზე  სწავლის საფასური;

ვ) საკონკურსო შერჩევის საფუძველზე გაცემული სამეცნიერო-კვლევითი გრანტები;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალები.

3. უნივერსიტეტის ბიუჯეტი ყალიბდება დაფინანსების ყველა წყაროს გათვალისწინებით.

მუხლი 41.  უნივერსიტეტის ქონება და სახელმწიფო კონტროლი

1. უნივერსიტეტის ქონება შედგება მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს, კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გადაცემული ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.

2. სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რომელიც ახორციელებს უნივერსიტეტის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს  უნივერსიტეტს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარმოდგენა.

3. სამინისტროს თანხმობით, უნივერსიტეტს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) სხვა გადაწყვეტილებები უნივერსიტეტის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

4. სამინისტროს  უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.

5. უნივერსიტეტის უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა, ასევე ქონებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. უნივერსიტეტის მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო- კვლევითი საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

მუხლი 42.  უნივერსიტეტის ბალანსის შედგენა და შემოწმება

უნივერსიტეტი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. 

თავი VII

რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია

მუხლი 43. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. უნივერსიტეტის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს მთავრობა სამინისტროს  წარდგინებით.

თავი VIII

წესდებაში ცვლილების შეტანა

მუხლი 44. წესდებაში ცვლილების შეტანის წესი

1. წესდებაში ცვლილების პროექტს შეიმუშავებს და სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობითი საბჭო.

2. წარმომადგენლობით საბჭოსთან ერთად წესდებაში ცვლილების პროექტის განხილვაში მონაწილეობს აკადემიური საბჭო.