საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების შესახებ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 732
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 31/12/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 2(9), 28/01/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 18/05/1999
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
732
31/12/1998
სსმ, 2(9), 28/01/1999
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/01/1999 - 09/05/1999)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №732

1998 წლის 31 დეკემბერი

. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების შესახებ

 

     „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონის თანახმად:

1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

– „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის № 488 ბრძანებულება;

– „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 21 თებერვლის № 88 ბრძანებულება;

– „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 22 აპრილის № 256 ბრძანებულება;

– „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 14 აგვისტოს № 475 ბრძანებულება;

– „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის № 488 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 აგვისტოს № 499 ბრძანებულება;

– „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 10 ნოემბრის № 639 ბრძანებულება;

– „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 1 დეკემბრის № 672 ბრძანებულება.

. შევარდნაძე

 

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციის 81-ე მუხლისა და „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით შექმნილი სამთავრობო დაწესებულება, რომელიც შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში.

2. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: კომპლექსური მაკროეკონომიკური საფინანსო პროგნოზირება და ანალიზი, საგადასახადო საბაჟო და საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავება, ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისა და შესრულების საქმიანობის ორგანიზება, საბიუჯეტო პროცესის მართვა და კონტროლი, საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის საკითხებზე ნორმატიული აქტების შემუშავება, სახაზინო სამსახურის მეშვეობით სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრების გაცემა, შემოსავლებისა და ხარჯებისადმი ოპერატიული კონტროლის დაწესება, უცხოური საინვესტიციო რესურსების მოზიდვა და ქვეყანაში ინვესტიციური პოლიტიკის ფინანსური მხარდაჭერა, სახელმწიფო ქონების გამოყენებასთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მართვაში მონაწილეობა, სახელმწიფო ვალებთან სახელმწიფო გარანტიებსა და სახელმწიფო სავალო პრეტენზიებთან დაკავშირებული საკითხების მართვა, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობების მართვა და რეგულირება, ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირება და რეგლამენტირება, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებისა და დოკუმენტების დამზადების, შენახვისა და გამოყენების საკითხების მართვა, ქვეყანაში ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა, ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათი გამოყენებით, დამზადებულ ნაწარმთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ერთიანი სახელმწიფო სასინჯი კონტროლი; საქართველოს ეროვნული ზარაფხანის მეშვეობით მონეტების, ორდენების, მედლების, სხვა სახელმწიფო ჯილდოების, საიუბილეო ნიშნების წარმოება ძვირფასი ქვების, ძვირფასი ლითონებისა და შენადნობების გამოყენებით.

3. სამინისტრო ხელმძღვანელობს ქვეყნისათვის საჭირო ფინანსური ბაზის შექმნის სამუშაოებს, შეიმუშავებს ფისკალური პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და შესაბამისი საკანონმდებლო აქტების პროექტებს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად განიხილავს წინადადებებს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების უმაღლესი და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ შემუშავებული ბიუჯეტების პროექტების შეწონასწორების უზრუნველსაყოფად.

4. სამინისტრო, ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროები, მხარეების, რაიონებისა და იმ ქალაქების საფინანსო ორგანოები, რომლებიც არ შედიან რაიონის შემადგენლობაში, აგრეთვე სამინისტროს დაქვემდებარებული სხვა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები და ორგანიზაციები შეადგენენ ქვეყნის ძირითად საფინანსო სისტემას, რომელსაც ხელმძღვანელობს და მართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

5. სამინისტროს სტრუქტურა შედგება სამინისტროს ცენტრალური აპარატისაგან, რომელიც იყოფა ქვედანაყოფებად: სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მის მიერ დაფუძნებული სახაზინო საწარმოებისაგან.

6. სამინისტროს სისტემაში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროები, რაიონებისა და იმ ქალაქების საფინანსო ორგანოები, რომლებიც არ შედიან რაიონის შემადგენლობაში, იმყოფებიან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე, ექვემდებარებიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და მმართველობის შესაბამის აღმასრულებელ ორგანოებს.

7. სამინისტროს დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

8. სამინისტროს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი და ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბითა და წარწერით: „საქართველოს ფინანსთა სამინისტრო”.

9. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, 380062, ი.აბაშიძის ქ.№70.

10. სამინისტროს რეორგანიზაცია და საქმიანობის შეწყვეტა ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 2. სამინისტროს ამოცანები

სამინისტროს ამოცანებია:

ა) საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ქვეყნის საფინანსო სისტემის მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის რეგულირების ღონისძიებების განხორციელება;

ბ) ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის, პერსპექტიული განვითარების ძირითადი მიმართულებებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატური გეგმების ფარგლებში საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრა, აგრეთვე შესაბამისი საფინანსო პროგრამების შემუშავება და შემდეგ მათი განხორციელება;

გ) საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკიდან გამომდინარე საგადასახადო, საბაჟო და საბიუჯეტო პოლიტიკის შესახებ წინადადებათა შემუშავება მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფისათვის;

დ) საქართველოს კონსტიტუციისა და შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე საბიუჯეტო სისტემის ერთიანობის პრინციპებიდან გამომდინარე საბიუჯეტო პროცესის მიმდინარეობის ხელმძღვანელობა და მეთოდოლოგიური საქმიანობის განხორციელება ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების საბიუჯეტო მოწყობის საკითხების მოგვარებისათვის;

ე) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მეშვეობით საფინანსო-საბიუჯეტო სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ნორმების შესრულების კონტროლი;

ვ) სახაზინო სამსახურის მეშვეობით სახელმწიფო სახსრების ნაკადების ოპერატიული მართვის განხორციელება და სახელმწიფო სახსრების ხარჯვის კონტროლი; სახელმწიფო სახსრების ეკონომიური და ეფექტიანი გამოყენებისათვის, ფინანსური რეზერვების შექმნისა და მოქმედი წესების შესაბამისად სარეზერვო სახსრების ხარჯვის ძირითადი და პრიორიტეტული მიმართულებების დაცვისათვის ზრუნვა;

ზ) სახელმწიფო ვალის ფორმირების, მართვისა და მომსახურების ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სათანადო დებულებების შემუშავება სახელმწიფო ვალის რეესტრისა და სახელმწიფო გარანტიების რეესტრის წარმოების შესახებ და მათი წარმოება;

თ) სახელმწიფო საგარეო ვალების ფორმირების, მართვისა და მომსახურების განხორციელება; ამ ვალების დაფარვის საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის მიმართულებების განსაზღვრა და მათი შესრულებისათვის ზომების მიღება;

ი) სახელმწიფო საშინაო ვალის მართვისა და მომსახურების განხორციელება, სხვადასხვა სავალო ვალდებულებათა სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარების საკითხის განსაზღვრა “სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

კ) სახელმწიფოს მიერ გრანტების სახით მიღებული ქონების მიზნობრივი გამოყენებისადმი ოპერატიული მეთვალყურეობის გაწევა და ამ ქონების რეალიზაციის შემთხვევაში ამოღებული სახსრების ბიუჯეტში ჩარიცხვის დროულობისა და სისრულისადმი ოპერატიული კონტროლი;

ლ) ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავებაში და პრიორიტეტული საინვესტიციო მიმართულებების ფორმირებაში მონაწილეობა;

მ) სახელმწიფო ქონებისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენების ფინანსური ასპექტების შესწავლა და არსებული პოტენციალის ეფექტიანი მართვის მიზნით წინადადებებისა და დასკვნების მომზადება;

ნ) რეალური სექტორის განვითარების დარგობრივი და კომპლექსური პროგრამების ფინანსური უზრუნველყოფის ექსპერტიზა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;

ო) საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან, სხვა სამინისტროებსა და უწყებებთან ერთად საბაზრო ურთიერთობათა და სამეწარმეო საქმიანობის განვითარების საფუძველზე ეკონომიკის ცალკეული დარგების რენტაბელობისა და მოგების გადიდების ღონისძიებათა შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა;

პ) სხვადასხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით შექმნილი იურიდიული პირების ფინანსური ურთიერთობის საკითხების სრულყოფისათვის წინადადებების შემუშავება და ქვეყანაში ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიური უზრუნველყოფისა და მონიტორინგის განხორციელება;

ჟ) საფინანსო სისტემის პერსპექტიული განვითარების მეცნიერული კონცეფციების მომზადება, ფინანსებისა და ბუღალტრული აღრიცხვის სფეროს პრობლემატური საკითხების შესახებ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შესრულება და მათი პრაქტიკულ საქმიანობაში დანერგვა;

რ) მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების და დოკუმენტების დამზადების, შენახვისა და გამოყენების შესახებ ნორმატიული აქტების მომზადება, მათი სახეობების და ნუსხის განსაზღვრა-დამტკიცება და პოლიგრაფიული შესრულება;

ს) ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის ფუნქციონირებისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის შექმნისა და სრულყოფისათვის წინადადებების მომზადება; ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის მონაწილეთა საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება და მეთოდური ხელმძღვანელობა;

ტ) სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ფინანსურ საკითხებზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მომზადებაში მონაწილეობა;

უ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან მუშაობის წარმართვა;

ფ) სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში კადრების შერჩევის, განაწილების, მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სამუშაოთა ორგანიზაცია;

ქ) სამინისტროს სისტემის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და სახაზინო საწარმოებში საჭიროების შემთხვევაში საორგანიზაციო საქმიანობისა და საკადრო პოლიტიკის გატარების ღონისძიებათა შესრულების მიმდინარეობის შემოწმება;

ღ) სახელმწიფო ტირაჟიანი და მომენტალური ლატარიების ორგანიზება-ჩატარების უზრუნველყოფა, საქართველოს ტერიტორიაზე აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშებისა და ლატარიების სახელმწიფოებრივი რეგულირება და ლიცენზირება, აგრეთვე ამ სფეროში საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების შემუშავება, მათი დაცვის ზედამხედველობა;

ყ) განაღდებული და გაუქმებული ფასიანი ქაღალდების, ლატარიის ბილეთების, ღირებულების მქონე და მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ექსპერტიზა და უტილიზაცია.

მუხლი 3. სამინისტროს ფუნქციები

სამინისტროს ფუნქციებს განეკუთვნება:

ა) „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე ქვეყნის ეკონომიკის პერსპექტიული განვითარების პროგრამებისა და საქართველოს სოციალური და ეკონომიკური განვითარების წლიური ინდიკატური გეგმების, სამინისტროს ექსპერტული შეფასებების მიხედვით საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკის ძირითადი დებულებებისა და საქართველოს წლიური სახელმწიფო ბიუჯეტების ძირითად მონაცემთა და მიმართულებათა ჩამოყალიბება, აგრეთვე წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტების მომზადება და საქართველოს კონსტიტუციითა და აღნიშნული კანონით დადგენილ ვადებში მისი წარდგენა საქართველოს პრეზიდენტისათვის, აგრეთვე სახელმწიფო გადასახადებიდან ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავება;

ბ) „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად საგანგებო მდგომარეობის შემოღებისა და ამასთან დაკავშირებული ღონისძიებების მიზნობრივი დაფინანსებისათვის საგანგებო ბიუჯეტისა და ამ ბიუჯეტის შევსებისათვის საჭირო ახალი გადასახადებისა და მოსაკრებლების თაობაზე კანონის პროექტის მომზადება და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა;

გ) სახელმწიფო ბიუჯეტის დაბალანსების უზრუნველყოფა; ბიუჯეტის დაბალანსებისათვის საბიუჯეტო დეფიციტის ზღვრული სიდიდის გაანგარიშება და მისი შევსების წყაროების განსაზღვრა სახელმწიფო ვალის ფორმირების ხარჯზე; ბიუჯეტის დეფიციტის ზღვრული სიდიდის გადაჭარბების შემთხვევაში სეკვესტრის მექანიზმის გამოყენება კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ფარგლებში;

დ) საბიუჯეტო რეგულირების განხორციელება სახელმწიფო ბიუჯეტსა და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებს შორის სახელმწიფო შემოსავლების გადანაწილების გზით, რაც გამოიხატება დადგენილი წესით მიზნობრივი ტრანსფერების გადაცემასა და დროებითი სიძნელეების დაძლევისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოკლევადიანი საბიუჯეტო სესხების გამოყოფაში;

ე) საქართველოს პარლამენტის მიერ წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის დამტკიცების შემდეგ ამ ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების კვარტალური განაწესის შედგენა და დამტკიცება; დამტკიცებული წლიური ბიუჯეტის შესრულება დამტკიცებული განწერის მიხედვით;

ვ) “საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად წელიწადში ორჯერ, საბიუჯეტო წლის დამთავრებამდე 3,5 თვით ადრე მომავალი წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში განხილვისათვის და აგრეთვე საბიუჯეტო წლის დამთავრებიდან არა უგვიანეს 2,5 თვისა საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობისა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენა;

ზ) სახაზინო სამსახურის მეშვეობით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულებაში მონაწილეობა და ამ ბიუჯეტის შესრულების ოპერატიული კონტროლი;

თ) საერთაშორისო-საფინანსო სტატისტიკის ნორმების შესაბამისი ბიუჯეტების შემოსავლებისა და ხარჯების ასახვის ერთიანი ფუნქციონალური და ეკონომიკური კლასიფიკაციის გამოყენებით სახელმწიფო და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსავლებისა და ხარჯების ყოველთვიური და ყოველკვარტალური ანგარიშების შედგენა და დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა;

ი) საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტის აღსრულებისას საქართველოს საბანკო დაწესებულებებში ბიუჯეტის საკასო შესრულების კონტროლის დაწესება და საქართველოს ეროვნულ ბანკთან, როგორც აგენტ ბანკთან, ერთად ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი პარამეტრების დაცვაში მონაწილეობა; სახაზინო სამსახურის მეშვეობით კომერციული ბანკების მიმართ დადგენილი წესით ფინანსური სანქციების გამოყენება საბიუჯეტო სახსრების შეჩერების, არამიზნობრივად გამოყენების ან გადარიცხვების ვადების დარღვევისათვის; ასეთი დარღვევების პროფილაქტიკისა და აღმოფხვრის მიზნით შესაბამის საბანკო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე სახაზინო სამსახურის მეშვეობით პერიოდული სააუდიტო შესწავლის მოწყობა;

კ) სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისა და შესრულების წესის შემუშავება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრების ხარჯვის ნორმებისა და ნორმატივების სრულყოფა, სახაზინო სამსახურის მეშვეობით დაწესებული ნორმებისა და ნორმატივების დაცვა, მათი გამოყენების ეფექტიანობის ამაღლება;

ლ) სამინისტროს სისტემის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მეშვეობით ქვეყნის საფინანსო სისტემის განვითარების პერსპექტიულ მიმართულებებზე მუშაობა; საგადასახადო-საბიუჯეტო სფეროს მარეგულირებელი არსებული ნორმატიული აქტების სრულყოფა და ახალი ნორმატიული აქტების შემუშავება;

მ) სახელმწიფო მმართველობის ორგანოების სტრუქტურის სრულყოფისა და მათი შენახვის ხარჯების ოპტიმიზაციისათვის განსახორციელებელ ღონისძიებებში მონაწილეობა და მმართველობის აპარატის დადგენილი რიცხოვნობისა და შესანახი სახსრების ეკონომიური ხარჯვისადმი ოპერატიული კონტროლი;

ნ) საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროსთან ერთად მოსახლეობის სოციალური დაცვის გაუმჯობესების საერთო სახელმწიფოებრივი პროგრამებისა და ღონისძიებების განხილვა და შესაბამისი ნორმატიული აქტების მომზადებაში მონაწილეობა;

ო) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ქვეყანაში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულებების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და სხვა ნორმატიული აქტების შემუშავება; სამინისტროების, უწყებების, სახელმწიფო საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საქმიანობის მეთოდური ხელმძღვანელობა და მონიტორინგი; ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების, საბიუჯეტო დაწესებულებათა ხარჯთა ნუსხების აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების შედგენა;

პ) ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციის ღონისძიებათა განხორციელებაში მონაწილეობა; ფულის მიმოქცევის მდგომარეობის შესწავლასა და მისი გაუმჯობესების თაობაზე წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობა;

ჟ) საშინაო ვალის აღრიცხვის, მისი ანალიზის, რესტრუქტურიზაციის, მართვისა და მომსახურების უზრუნველყოფა; საშინაო ვალის მომსახურებისა და ვალის დაფარვისათვის საჭირო საბიუჯეტო სახსრების მოცულობის განსაზღვრა და მისი გადახდისათვის ოპერატიული მონიტორინგის განხორციელება;

რ) სხვადასხვა ვადიანი სახელმწიფო სასესხო ვალდებულებების გამოშვების, მიმოქცევისა და დაფარვის ძირითადი პირობების შემუშავება, ემისიების განხორციელება და სახელმწიფო საშინაო ვალის მომსახურება;

ს) ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების ინსპექციის მეშვეობით ფასიანი ქაღალდების სფეროში საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების შესრულების, ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრისა და ბაზრის ლიცენზირებულ პროფესიონალ მონაწილეთა საქმიანობის კონტროლი;

ტ) ეროვნული მეურნეობის დარგების განვითარების პროგრამების ფინანსური ასპექტების შესახებ დასკვნებისა და წინადადებების მომზადება, ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებებიდან გამომდინარე ინვესტიციური რესურსების მოთხოვნილების განსაზღვრა;

უ) სახელმწიფო სესხის სახით გაცემული სახსრების მიზნობრივი გამოყენებისა და დაბრუნების საკითხის მონიტორინგი, შესწავლა-გაანალიზება და აუცილებლობის შემთხვევაში მათი რესტრუქტურიზაციის შესახებ წინადადებების შემუშავება;

ფ) ქვეყნის ბუნებრივი პოტენციალის გამოყენების და ბუნებრივი რესურსების კვლავწარმოების შესახებ მიზნობრივი პროგრამების ფინანსური უზრუნველყოფის ექსპერტიზა და სათანადო დასკვნების მომზადება;

ქ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოებსა და ორგანიზაციებში სახელმწიფო ქონების წილის (აქციები, პარტნიორის წილი) ფინანსურ მართვასა და ფინანსური შედეგების ფორმირების პროცესებში მონაწილეობა და დასკვნების მომზადება;

ღ) სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გამოყენებიდან, იჯარით გაცემიდან და გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების ბიუჯეტში მობილიზაციისადმი ოპერატიული კონტროლი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან და იმ უწყებებთან ერთად, რომელთაც გადაცემული აქვთ სახელმწიფო ქონების მართვის უფლება;

ყ) საგარეო ვალებისა და ვალდებულებების ჩამოყალიბება და შესაბამისი დასკვნების მომზადება; ფორმირებული სახელმწიფო საგარეო ვალების აღრიცხვა, მართვა და მომსახურება; საგარეო ვალებისა და ვალდებულებების დაფარვასთან დაკავშირებული საქმიანობა; საგარეო ვალების რესტრუქტურიზაციის შესახებ წინადადებების მომზადება და კრედიტორებთან შესაბამისი რწმუნებების საფუძველზე მოლაპარაკების გამართვა;

შ) საქართველოს მიერ მიღებული ყველა სახის სახელმწიფო გრანტის აღრიცხვა და გრანტით მიღებული საქონლის ან სახსრების გამოყენებისა და ათვისების მიზნობრიობისა და ეფექტიანობის დადგენისათვის შესაბამისი მონიტორინგის განხორციელება;

ჩ) სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი სახელმწიფოთაშორისი საფინანსო ხელშეკრულებების მომზადება და მოლაპარაკებების წარმართვა მეორე მხარესთან;

ც) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებების შესახებ დასკვნის მომზადება;

ძ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თავისი კომპეტენციის ფარგლებში ეკონომიკური საქმიანობის უფლების (ლიცენზიის) გაცემა და ლიცენზირებული საქმიანობის განხორციელების სისწორისადმი კონტროლი;

წ) სამინისტროს სისტემაში ერთიანი საკადრო პოლიტიკის განხორციელება, კადრების შერჩევა და განაწილება, მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სამუშაოთა ორგანიზაცია;

ჭ) სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციის მეშვეობით ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების, მათი გამოყენებით დამზადებული ნაწარმის გასინჯვა, ანალიზი, ძვირფასი ქვების მახასიათებლების განსაზღვრა, საარბიტრო, საკონტროლო ანალიზებისა და ტექნიკური ექსპერტიზის წარმოება, სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღით ნაწარმის დადამღვა და მათთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების დროს ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვების და ნაწარმის აღრიცხვის, შენახვისა და ხარჯვის კონტროლი;

ხ) კანონმდებლობით დადგენილი და საფინანსო-საბიუჯეტო სფეროსთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

მუხლი 4. სამინისტროს უფლებამოსილებანი

სამინისტრო უფლებამოსილია:

ა) მიიღოს სამთავრობო დაწესებულებებისაგან, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისაგან, ავტონომიური რესპუბლიკების, რაიონებისა და იმ ქალაქების საჯარო ხელისუფლების ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისაგან, რომლებიც არ შედიან რაიონის შემადგენლობაში, აგრეთვე იურიდიული პირებისაგან (მიუხედავად საკუთრების ფორმისა) სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შედგენისა და დამტკიცებული ბიუჯეტის აღსრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საქმიანობისათვის საჭირო მონაცემები და ანგარიშები სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმითა და განსაზღვრულ ვადებში;

ბ) “საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად მიიღოს ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების კონსოლიდირებული ბიუჯეტების შესრულების ანგარიშები, შეადგინოს ამ ბიუჯეტების ნაერთი ანგარიში და წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს;

გ) ბიუჯეტის შედგენისა და შესრულების ცალკეული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის საჭიროებისათვის მოიწვიოს სამთავრობო დაწესებულებების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ავტონომიური რესპუბლიკების, ქალაქებისა და რაიონების საჯარო ხელისუფლების ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, აგრეთვე იურიდიული პირების წარმომადგენლები, მეცნიერები და სპეციალისტები ან მიიღოს მათგან საჭირო ინფორმაცია;

დ) შეზღუდოს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შეაჩეროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საბიუჯეტო დაწესებულებათა და ღონისძიებათა დაფინანსება, თუ:

- დადგენილი წესის შესაბამისად სახაზინო სამსახურში წარმოდგენილი არ იქნება საბიუჯეტო ხარჯის გაწევის აუცილებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები;

- გამოვლინდება ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების არადანიშნულებით ხარჯვის ან ადრე გაცემული სახსრების ხარჯვისათვის დაწესებული ანგარიშგების წარმოუდგენლობის ფაქტები.

ე) ფინანსური კონტროლის მიზნით მოაწყოს სამინისტროს სისტემის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და სახაზინო საწარმოებში საფინანსო-სამეურნეო, საორგანიზაციო საქმიანობისა და მათი დებულებებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების გეგმური შემოწმებები;

ვ) სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების დავალებების საფუძველზე სამინისტროს სპეციალისტების მეშვეობით განახორციელოს შესაბამისი შემოწმებები, გამოკვლევები და ანალიზურ-კვლევითი სამუშაოები;

ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დააწესოს კონტროლი სახელმწიფო კრედიტების (მათ შორის რომელთა წყაროს წარმოადგენენ უცხოური კრედიტები და ან გრანტები ); სახელმწიფო გარანტიით გაცემული კრედიტების; სახელმწიფო გრანტების გამოყენების (მათ შორის მიზნობრივი გამოყენების) კანონიერებაზე; ამასთან კონტროლი განახორციელოს სისტემატურად სახელმწიფო კრედიტებით და/ან სახელმწიფო გარანტიებით წარმოქმნილ სავალო ვალდებულებების სრულ შესრულებამდე და გრანტების ათვისების მთელი პერიოდის განმავლობაში;

თ) შეისწავლოს სახელმწიფოსადმი წაყენებული სავალო პრეტენზიების (მათ შორის უცხოური ქვეყნების მთავრობების, უცხოური ქვეყნების იურიდიული ან ფიზიკური პირებისა და/ან საერთაშორისო ორგანიზაციების) საფუძვლიანობა და მოამზადოს შესაბამისი რეკომენდაციები;

ი) სამინისტროს კომპეტენციისათვის მიკუთვნებული საკითხებიდან გამომდინარე სახელმწიფოსა და ცალკეულ საწარმოებს (ორგანიზაციებს) შორის წარმოქმნილი ფინანსური პრობლემების თაობაზე კომპეტენტური დასკვნების მომზადების მიზნით გაანალიზოს შესაბამისი მასალები. საჭიროების შემთხვევაში ადგილებზე შეისწავლოს დოკუმენტები და შეიმუშაოს სათანადო წინადადებები;

კ) ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდოლოგიის სრულყოფის მიზნით შეისწავლოს სახელმწიფო საწარმოებში, ორგანიზაციებში, საბიუჯეტო დაწესებულებებსა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების მდგომარეობა და შეიმუშაოს მისი გაუმჯობესების წინადადებანი;

ლ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საერთაშორისო ორგანიზაციებთან გამართოს მოლაპარაკებები;

მ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს ეკონომიკური საქმიანობის უფლება (ლიცენზია) და დააწესოს ლიცენზირებული საქმიანობის განხორციელების სისწორისადმი კონტროლი;

ნ) გამოიყენოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა სახის უფლებამოსილებანი.

მუხლი 5. სამინისტროს ხელმძღვანელობა

1. სამინისტროს ერთმმართველობის პრინციპის საფუძველზე ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. მინისტრს ჰყავს ერთი პირველი მოადგილე და შვიდი მოადგილე. მინისტრის პირველ მოადგილეს, მოადგილეებს და ხაზინის ხელმძღვანელს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.

4. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის შესაბამისი ბრძანებით.

5. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამსახურების ურთიერთობას მინისტრის არყოფნისას.

6. მინისტრი:

ა) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს სამინისტროს სახელით, წარმოადგენს სამინისტროს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებსა და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;

ბ) უშუალოდ, აგრეთვე მოადგილეების, სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა დაქვემდებარებული სამსახურების მეშვეობით წყვეტს სამინისტროს ამ დებულებით განსაზღვრულ საკითხებს;

გ) აუცილებლობის შემთხვევაში სათანადო ცვლილება შეაქვს სამინისტროს სტრუქტურაში.

7. სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს, აგრეთვე სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა საჯარო მოსამსახურეებს ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

8. მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და მის მიერ დაფუძნებულ სახაზინო საწარმოების ხელმძღვანელებს.

9. საჯარო ხელისუფლების შესაბამის ადგილობრივ ორგანოსთან შეთანხმებით მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს (გარდა ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი) ტერიტორიული საფინანსო სამსახურების ხელმძღვანელობას.

10. მინისტრს დადგენილი წესით შეაქვს წინადადება საქართველოს პრეზიდენტთან სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი ბიუჯეტის პროექტის შესახებ, იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხს აგებს სამინისტროს ბიუჯეტის შესრულებისათვის.

11. სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში მინისტრი ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხას, ახორციელებს მათი შესრულების კონტროლს და აუცილებლობის შემთხვევაში თავისი კომპეტენციის ფარგლებში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ.

12. მინისტრი ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სტრუქტურას, საქმის წარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სხვა ნორმატიული აქტებით.

13. მინისტრი დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს ანგარიშს სამინისტროს საქმიანობის შესახებ.

14. თუ სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებული საკითხი ეხება აგრეთვე სხვა სამთავრობო დაწესებულების გამგებლობის სფეროს, მინისტრი გადაწყვეტილებას ათანხმებს შესაბამის მინისტრთან ან სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელთან.

15. მინისტრის წერილობითი მითითება ხარჯების შეჩერების შესახებ სავალდებულოა ყველა სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის, ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციისა და სხვა იურიდიული პირისათვის, რომლებიც იყენებენ საბიუჯეტო სახსრებს.

16.სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ მინისტრის მეშვეობით.

17. მინისტრი პერსონალურად აგებს პასუხს სამინისტროსათვის საქართველოს კონსტიტუციითა და მოქმედი ნორმატიული აქტებით დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების შესრულების სისრულისა და სისწორისათვის. თავის მხრივ, მინისტრი განსაზღვრავს მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მის დაქვემდებარებაში არსებული სხვა სამსახურების ხელმძღვანელთა პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხებს.

18. მინისტრი პასუხს აგებს სამინისტროს გამგებლობაში გადაცემული სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის.

19. მინისტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს; პასუხისმგებელია მის მიერ ხელმოწერილი ნორმატიული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის.

20. სამინისტროში იქმნება სათათბირო ორგანო - სათათბირო საბჭო, რომელშიც შედიან: მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, აგრეთვე მინისტრის გადაწყვეტილებით სამინისტროს აპარატისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების თანამდებობის პირები. სათათბირო საბჭოში შეიძლება შეყვანილ იქნენ აგრეთვე სამეცნიერო დაწესებულებისა და სხვა სამთავრობო დაწესებულებების წარმომადგენლები. სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესს, წევრთა რიცხოვნობასა და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი შესაბამისი ბრძანებით.

21. სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული მნიშვნელობის, აგრეთვე პრობლემატური საკითხების განხილვისა და მათზე დასკვნების მომზადების მიზნით სამინისტროს აპარატის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური მუშაკებისა და აგრეთვე მოწვეული სპეციალისტების შემადგენლობით მინისტრის ბრძანებით სამინისტროში სათათბირო უფლებით იქმნება მრჩეველთა საბჭო.

22. მინისტრი ზედამხედველობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებათა საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას.

23. მინისტრი ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებების ხელმძღვანელების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს.

24. მინისტრი უფლებამოსილია ძალადაკარგულად სცნოს მე-5 მუხლის 23-ე პუნქტში მითითებული თანამდებობების პირების და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა აქტები და მოქმედებები მათი მიზანშეუწონლობის მოტივით „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად.

24. მინისტრს უფლება აქვს სამინისტროს თანამდებობის პირების მოქმედებისათვის სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს პირველ მოადგილეს.

25. მინისტრი თავისი ბრძანებით ამტკიცებს სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა სამსახურების დებულებებს გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასეთი დებულებები უნდა დამტკიცდეს უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სხვა ნორმატიული აქტებით.

მუხლი 6. სამინისტროს სტრუქტურა

1. სამინისტროს ცენტრალურ აპარატს ქმნის:

ა) მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფინანსური პროგნოზირების დეპარტამენტი;

ბ) საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტი;

გ) საბიუჯეტო დეპარტამენტი;

დ) სოციალური სფეროსა და მეცნიერების ფინანსების დეპარტამენტი;

ე) სამართალდამცავი ორგანოების, თავდაცვის და სპეციალური სამსახურების ფინანსების დეპარტამენტი;

ვ) რეალური სექტორის ფინანსებისა და საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტი;

ზ) ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებთან მუშაობის დეპარტამენტი;

თ) ფინანსური კონტროლის დეპარტამენტი;

ი) სახელმწიფო საშინაო ვალის დეპარტამენტი;

კ) სახელმწიფო საგარეო ვალის დეპარტამენტი;

ლ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;

მ) ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდოლოგიის დეპარტამენტი;

ნ) ინფორმაციული და კომპიუტერული უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

ო) იურიდიული დეპარტამენტი;

პ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ჟ) ლატარიებისა და აზარტული თამაშების ლიცენზირების სამმართველო;

რ) სამეურნეო სამმართველო;

ს) ცენტრალური ბუღალტერია;

ტ) მინისტრის აპარატი.

2. სამინისტროს სისტემის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებია:

ა) სახაზინო სამსახური;

ბ) ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების ინსპექცია;

გ) სასინჯი ზედამხედველობის ინსპექცია;

დ) აქციზური მარკების სამსახური;

ე) ღირებულების მქონე დოკუმენტების ექსპერტიზისა და უტილიზაციის სამსახური;

ვ) ფინანსების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი;

ზ) საფინანსო-ეკონომიკური კოლეჯი.

3. ტერიტორიული ორგანოებია:

ა) ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროები (ორმაგი დაქვემდებარება);

ბ) სამხარეო-საფინანსო ადმინისტრაციები;

გ) რაიონებისა და იმ ქალაქების საფინანსო ორგანოები, რომლებიც არ შედიან რაიონის შემადგენლობაში (ორმაგი დაქვემდებარებით).