ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებების შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, დანიშვნის, გამოწერისა და გამოყენების დროებითი წესების შესახებ

ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებების შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, დანიშვნის, გამოწერისა და გამოყენების დროებითი წესების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 190/ო
დოკუმენტის მიმღები ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
მიღების თარიღი 13/05/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 04/06/1998
სარეგისტრაციო კოდი 000000220.01(2).003.000291
190/ო
13/05/1998
გამოუქვეყნებელი, 0, 04/06/1998
000000220.01(2).003.000291
ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებების შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, დანიშვნის, გამოწერისა და გამოყენების დროებითი წესების შესახებ
ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ერთობლივი ბრძანება 190/ო, 227

1998 წლის 13-14 მაისი

ქ. თბილისი

ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებების შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, დანიშვნის, გამოწერისა და გამოყენების დროებითი წესების შესახებ

ფარმაცევტული დაწესებულებების ტექნიკური აღჭურვილობა ვერ პასუხობს ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებების (შემდგომში ნარკოტიკული საშუალებები) შენახვისათვის საჭირო მოთხოვნებს, რაც მიუხედავად კრიმინოგენული სიტუაციის მკვეთრი გაუმჯობესებისა, არ იძლევა აღნიშნული ჯგუფის მედიკამენტების პოლიციის შენობებიდან აფთიაქებში გადატანის საშუალებას. ამასთან ერთად, როგორც შემოწმებებმა ცხადყო, ზოგიერთი რაიონის პოლიციის შენობაში განთავსებულ აფთიაქის ფილიალში იმის გამო, რომ ნარკოტიკული საშუალებები ინახება იარაღთან ან პოლიციის კუთვნილ საბუთებთან ერთად, სეიფის გასაღები არ ბარდება აფთიაქის პასუხისმგებელ მუშაკს, რითაც უხეშად ირღვევა აღნიშნულ საშუალებათა შენახვის წესი. გარდა ამისა, გამოვლინდა დარღვევები ნარკოტიკული საშუალებების დანიშვნისა და გამოწერის საკითხებში, რასაც სუბიექტურთან ერთად ობიექტური მიზეზები გააჩნია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამკურნალო დაწესებულებებს ნარკოტიკული საშუალებები გააქვთ არა შესაბამისი პოლიციებიდან, როგორც ეს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების 1994 წლის 2830 დეკემბრის №430/ო-801 „ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებების აღრიცხვაზე, შენახვაზე, გამოწერასა და გამოყენებაზე კონტროლის გამკაცრების დროებითი ღონისძიებების შესახებ“ ბრძანებით არის გათვალისწინებული, არამედ სააფთიაქო ბაზებიდან, რასაც დღეისათვის სავსებით დასაშვებად მივიჩნევთ და მიზანშეწონილად ვთვლით არსებულ წესებში სათანადო ცვლილებების შეტანის აუცილებლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებების შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, დანიშვნის, გამოწერის, გამოყენების მარეგლამენტირებელ წესებში ცვლილებების შეტანისა და მათ მიმოქცევაზე კონტროლის გამკაცრების მიზნით

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ თ:

1. ნარკოტიკული საშუალებებით სიმპტომატურ მკურნალობაზე მყოფი კონტინგენტის საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებების გაცემა გაგრძელდეს ქალაქების (რაიონების) პოლიციის შენობებში განთავსებული აფთიაქის ფილიალებიდან.

2. პოლიციის შენობაში განთავსებულ აფთიაქის ფილიალში ნარკოტიკული საშუალებების შენახვა, აღრიცხვა და გაცემა განხორციელდეს ამ ბრძანების №1 დანართის შესაბამისად.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ (ა. ბერიძე), საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტმა (თ. გერსამია), ნარკოტიკებზე კონტროლის ინსპექციამ (თ. კვირკელია), ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, ორი კვირის ვადაში განსაზღვრონ ქალაქებისა და რაიონების ნარკოტიკულ საშუალებათა შეძენასა და გაცემაზე უფლებამოსილი ის აფთიაქები, რომელთა ფილიალები განთავსებულ იქნება შესაბამისი პოლიციის შენობებში და მიაწოდონ აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს.

4. შესაბამისი ლიცენზიის მფლობელმა, ქალაქებისა და რაიონების აფთიაქებმა და სამკურნალო დაწესებულებებმა, განურჩევლად უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა, ნარკოტიკული საშუალებების შეძენა და გატანა აწარმოონ მხოლოდ იმ რეგიონალური ფარმაცევტული ბაზებიდან ან აფთიაქებიდან, რომელთა ნუსხას დაადგენს წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აფთიაქისათვის ან სამკურნალო დაწესებულებისათვის საჭირო ნარკოტიკული საშუალება გააჩნია მხოლოდ სხვა ფარმაცევტულ ბაზას.

5. ლიცენზიის მფლობელმა სამკურნალო დაწესებულებამ, რომელსაც არ გააჩნია აფთიაქი, ნარკოტიკული საშუალებების შეძენა განახორციელოს მხოლოდ იმ აფთიაქის მეშვეობით, რომელთანაც გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება. სამკურნალო დაწესებულებას უფლება აქვს აღნიშნული აფთიაქიდან გაიტანოს ნარკოტიკული საშუალებების არაუმეტეს 10 დღის მარაგისა.

6. ამ ბრძანების მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ სამკურნალო დაწესებულებას მიეცეს უფლება, ნარკოტიკული საშუალებებით მომარაგებაზე ხელშეკრულება გააფორმოს, როგორც შესაბამისი ლიცენზიის მფლობელ აფთიაქთან, ასევე ლიცენზირებულ სამკურნალო დაწესებულების აფთიაქთანაც.

7. რეგიონალური ფარმაცევტული ბაზების, აფთიაქებისა და სამკურნალო დაწესებულებების მიერ ნარკოტიკულ საშუალებათა დანიშნულების ადგილამდე გადატანა განხორციელდეს მხოლოდ პოლიციის ბადრაგის მეშვეობით.

8. ამბულატორიულ ავადმყოფზე ნარკოტიკული საშუალებების დანიშვნა, მათი რეცეპტის ბლანკზე გამოწერა და გაცემა მოხდეს ამ ბრძანების №2 დანართის შესაბამისად.

9. დაევალოს წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტს (თ. გერსამია) ერთი თვის ვადაში წარმოადგინოს წინადადებები ნარკოტიკული საშუალებების პოლიციის შენობებიდან აფთიაქებში ეტაპობრივი გადატანისათვის საჭირო პირობების შესახებ.

10. დაევალოთ ნარკოტიკებზე კონტროლის ინსპექციას (თ. კვირკელია), ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ ბიუროს (დ. კაჭკაჭიშვილი) ამ ბრძანებით გათვალისწინებული წესების შესრულების მიმდინარეობის სისტემატური შემოწმება ჯანმრთელობის დაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრების მიერ დამტკიცებული ერთობლივი სამუშაო გეგმის შესაბამისად.

11. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოთ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, ბატონ ა. გამყრელიძეს და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ბატონ თ. მურღულიას.

12. დამტკიცდეს:

12.1. პოლიციის შენობაში განთავსებულ აფთიაქის ფილიალში ნარკოტიკული საშუალებების შენახვის, აღრიცხვისა და გაცემის  დროებითი წესი (დანართი №1);

12.2. პოლიკლინიკაში (საავადმყოფოს პოლიკლინიკურ განყოფილებაში) ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებების დანიშვნის, გამოწერისა და ნარკოტიკული საშუალებების გამოსაწერი რეცეპტის ბლანკების შეძენის, შენახვისა და აღრიცხვის წესი (დანართი №2);

12.3. ნარკოტიკებზე კონტროლის ინსპექციის ყოველთვიური ინფორმირების ფორმა (დანართი №3).

13. გაუქმდეს:

13.1. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების 1994 წლის 28-30 დეკემბრის ბრძანება №430/ო-801 „ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებების აღრიცხვაზე, შენახვაზე, გამოწერასა და გამოყენებაზე კონტროლის გამკაცრების დროებითი ღონისძიებების შესახებ“.

13.2. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს 1996 წლის 30 ოქტომბრის №506/ო ბრძანებით („სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტ-ექსპორტის, შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, გაცემის, გამოყენებისა და რეალიზაციის სრულყოფის შესახებ“) დამტკიცებული დანართი №10.

 

ჯანმრთელობის დაცვის

მინისტრი                                                      ა. ჯორბენაძე

 

შინაგან საქმეთა

მინისტრი                                                   კ. თარგამაძე

დანართი 1

 

პოლიციის შენობაში განთავსებულ აფთიაქის ფილიალში ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებების შენახვის, აღრიცხვისა და გაცემის დროებითი წესი

1. პოლიციის შენობაში განთავსებულ აფთიაქის ფილიალში (შემდგომში „აფთიაქი“) ნარკოტიკული საშუალებები ინახება სეიფში.

2. „აფთიაქში“ ნარკოტიკული საშუალებების მიღების, შენახვის, აღრიცხვისა და გაცემის ორგანიზაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი აფთიაქის გამგის ბრძანებით გამოყოფილ ფარმაცევტს.

3. „აფთიაქის“ დაცვის ორგანიზაცია ეკისრება პოლიციის უფროსის ბრძანებით გამოყოფილ პირს.

4. სეიფში, სადაც ინახება ნარკოტიკული საშუალებები, აკრძალულია იარაღის, პოლიციის კუთვნილი დოკუმენტაციის ან სხვა საგნების შენახვა.

5. სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ „აფთიაქის“ პასუხისმგებელი ფარმაცევტი კეტავს და ლუქავს სეიფს. დალუქული სეიფი დადგენილი წესით ბარდება პოლიციის მორიგეს, ხოლო სეიფის გასაღები და ლუქის ბეჭედი ინახება „აფთიაქის“ ფარმაცევტთან. სეიფის გახსნა ხდება მხოლოდ პოლიციის მორიგესთან ერთად ლუქის სიმთელის შემოწმების შემდეგ. ლუქის დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში, „აფთიაქის“ ფარმაცევტი და პოლიციის მორიგე ვალდებულნი არიან აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციის უფროსს და სეიფი გახსნან მხოლოდ მისი ბრძანებით.

6. ნარკოტიკული საშუალებები ექვემდებარებიან საგნობრივ-რაოდენობრივ აღრიცხვას დანომრილ, ზონარგაყრილ და ნარკოტიკებზე კონტროლის ინსპექციის (შემდგომში ინსპექცია) მიერ დალუქულ სპეციალურ ჟურნალში, რომელიც ინახება აფთიაქში 5 წლის განმავლობაში.

7. „აფთიაქიდან“ ნარკოტიკული საშუალებების გაცემა ხორციელდება მხოლოდ წესების სრული დაცვით გამოწერილი სპეციალური რეცეპტების ბლანკების (ფორმა 1) საფუძველზე.

8. ნარკოტიკული საშუალებების მიმღების პირადობის დამადასტურებელი საბუთის შემოწმების შემდეგ „აფთიაქის“ ფარმაცევტი რეცეპტის მეორე გვერდზე აკეთებს ჩანაწერს, სახელდობრ, აღნიშნავს ფაქტობრივად გაცემული ნარკოტიკული საშუალების რაოდენობას (სიტყვიერად), რასაც იქვე, ხელმოწერით ადასტურებს მიმღები.

9. „აფთიაქის“ ფარმაცევტი ვალდებულია ნარკოტიკული საშუალების მიმღებს წინასწარ დაუდგინოს წამლის მიღების დღე და საათი.

10. „აფთიაქის“ სეიფში შენახული ნარკოტიკული საშუალებების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ორი თვის სავარაუდო მარაგს.

11. ყოველი თვის პირველი რიცხვისათვის აფთიაქის გამგე ახდენს შედარებას „აფთიაქის“ სეიფში ფაქტიურად არსებულ ნარკოტიკულ საშუალებათა რაოდენობასა და სპეციალურ ჟურნალში აღნიშნულ ნაშთს შორის და ადგენს შედარებით უწყისს. ფაქტობრივად ნაშთსა და ჟურნალის მონაცემებში სხვაობის აღმოჩენის შემთხვევაში აფთიაქის გამგე ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს პოლიციის უფროსს და ინსპექციას.

12. აფთიაქის გამგე ვალდებულია არაუგვიანეს ყოველი თვის 5 რიცხვისა მიაწოდოს ინსპექციის რეგიონალურ წარმომადგენელს ამ ბრძანების №3 დანართით გათვალისწინებული ინფორმაცია, აგრეთვე, უზრუნველყოს ტერიტორიული პოლიკლინიკების სისტემატური ინფორმირება „აფთიაქში“ არსებული ნარკოტიკული საშუალებების რაობის, წამლის ფორმისა და დოზის შესახებ.

 

ნარკოტიკებზე კონტროლის

ინსპექციის უფროსი                                                 თ. კვირკელია

 

ნარკომანიისა და ნარკობიზნესის

წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული 

ბიუროს უფროსი                                                   დ. კაჭკაჭიშვილი

დანართი 2

 

პოლიკლინიკაში (პოლიკლინიკურ განყოფილებაში) ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებების დანიშვნის, გამოწერისა და ნარკოტიკული საშუალებების გამოსაწერი რეცეპტის ბლანკების შეძენის, შენახვისა და აღრიცხვის წესი

1. ონკოინკურაბელურ ან სომატურ ავადმყოფს ნარკოტიკული საშუალება ენიშნება სიმპტომური მკურნალობის სახით, სხვადასხვა არანარკოტიკული ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების შესაძლებლობათა ამოწურვის შემდეგ.

2. ნარკოტიკული საშუალების ავადმყოფისათვის დანიშვნა, მისი რაობის, ერთჯერადი და სადღეღამისო დოზის განსაზღვრა ან დოზის შეცვლა ხორციელდება კომისიური წესით, რისთვისაც პოლიკლინიკის მთავარი ექიმის, ხოლო იქ, სადაც პოლიკლინიკა განყოფილების სახით შედის საავადმყოფოს სტრუქტურაში, საავადმყოფოს მთავარი ექიმის ბრძანებით იქმნება კომისია შემდეგი შემადგენლობით: პოლიკლინიკის მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში (პოლიკლინიკური განყოფილების გამგე) ან პოლიკლინიკის განყოფილების გამგე (კომისიის თავმჯდომარე), უბნის ექიმი და ონკოლოგი (არაონკოლოგიური დაავადებისას კომისიის შემადგენლობაში შედის მკურნალი ექიმი ავადმყოფის პროფილის მიხედვით).

3. ავადმყოფს, რომელსაც სპეციალიზებულ ონკოლოგიურ დაწესებულებაში (ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრი, ონკოდისპანსერი) მკურნალობის პროცესში უდგინდება დაავადების შმ კლინიკური ჯგუფი და დაწყებული აქვს ნარკოტიკული საშუალებით სიმპტომური მკურნალობა, დაწესებულებიდან გაწერის დროს ეძლევა ფორმა № 27-ონკო, ნარკოტიკული საშუალების იმ სადღეღამისო დოზის მითითებით, რომელიც ეძლეოდა სტაციონარში. აღნიშნული ფორმა მოწმდება ბეჭდით და მთავარი ექიმის, განყოფილების გამგისა და მკურნალი ექიმის ხელმოწერებით.

4. ავადმყოფს, რომელსაც ონკოსპეციალიზებულ დაწესებულებაში დაუდგინდება დაავადების შმ კლინიკური ჯგუფი, მაგრამ ჯერ არ ესაჭიროება ნარკოტიკული საშუალებით ტკივილდაყუჩება, ეძლევა ფორმა №27-ონკო სიმპტომური მკურნალობის რეკომენდაციით, რომლითაც იგი აღრიცხვაზე აჰყავს რაიონკოლოგს.

5. ონკოლოგიური დიაგნოზი სარწმუნოდ ჩაითვლება მაშინ, თუ ის ემყარება მორფოლოგიურ (ჰისტოლოგიურ) გამოკვლევას, რაც აღნიშნული უნდა იყოს ფორმაში №27-ონკო. წინააღმდეგ შემთხვევაში კიბოს დიაგნოზი საჭიროებს გადამოწმებას 3 თვეში ერთხელ, სპეციალიზებული დაწესებულების პირობებში.

6. თუ კიბოს დიაგნოზი დასმულია არაონკოლოგიურ დაწესებულებაში და მორფოლოგიურად ვერიფიცირებულია, დიაგნოზი ჩაითვლება სარწმუნოდ და ონკოცენტრის ან ონკოდისპანსერის ექიმის მონაწილეობა ონკოლოგიური დიაგნოზის ფორმულირებაში საჭირო არ არის.

7. თუ ავადმყოფი იმყოფება ბინაზე და არ არის ჩატარებული სათანადო გამოკვლევები, კიბოს დიაგნოზის დასასმელად არ დაიშვება გამონაკლისი. ასეთ შემთხვევაში ავადმყოფი გადაყვანილი უნდა იქნეს ხელმისაწვდომ (ადგილმდებარეობის თვალსაზრისით) სამკურნალო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებაში ინსტრუმენტული გამოკვლევებისათვის.

8. დიაგნოზის გადამოწმებას ექვემდებარება ის ონკოავადმყოფიც, რომლის დიაგნოზი ვერიფიცირებულია მორფოლოგიურად, მაგრამ სიცოცხლის ხანგრძლივობა ეჭვს ბადებს მის სარწმუნოებაზე. ასეთი ავადმყოფის დიაგნოზი უნდა გადამოწმდეს სპეციალიზებულ ონკოლოგიურ დაწესებულებაში არსებული სამედიცინო დოკუმენტაციის რეტროსპექტიული ანალიზით და მიმდინარე გამოკვლევებით.

9. კომისიის გადაწყვეტილება, ავადმყოფისათვის ნარკოტიკული საშუალების დანიშვნის შესახებ, შეიტანება დანომრილ, ზონარგაყრილ და პოლიკლინიკის ან საავადმყოფოს მთავარი ექიმის მიერ დამოწმებულ სპეციალურ ჟურნალში, სადაც აღნიშნული უნდა იყოს ავადმყოფის გვარი, სახელი, მამის სახელი, ასაკი, მისამართი, დიაგნოზი,  ნარკოტიკული საშუალების დასახელება, ერთჯერადი და სადღეღამისო დოზა, დანიშვნის, დოზის მომატების თარიღი, კომისიის წევრთა ხელმოწერები. ნარკოტიკული საშუალების დანიშვნის ან დოზის მომატების ყველა შემთხვევაში, ავადმყოფის ინდივიდუალურ ბარათში (ფორმა №025/-უ), უბნის ექიმის მიერ კეთდება სათანადო ჩანაწერი.

10. ონკოლოგიურ და სომატურ ავადმყოფზე ნარკოტიკული საშუალებების გამოწერის უფლება აქვს მხოლოდ პოლიკლინიკის უბნის ექიმს (გადაუდებელი შემთხვევებისას, შესაბამისი უბნის ექიმის არყოფნის შემთხვევაში, ნარკოტიკულ საშუალებას გამოწერს ექიმი, რომელსაც დაავალებს მთავარი ექიმი ან მისი მოადგილე სამკურნალო დარგში, რაც ფიქსირდება ამბულატორიულ რუკაში).

11. რეცეპტის ბლანკის ყველა გრაფა ივსება გარკვევით, ნარკოტიკული საშუალების დასახელება იწერება ლათინურ ენაზე. სადღეღამისო რაოდენობა (ამპულების, აბების) სიტყვიერად. ერთ რეცეპტის ბლანკზე დასაშვებია მხოლოდ ერთი დასახელების ნარკოტიკული საშუალების გამოწერა. რეცეპტის ბლანკში ყოველგვარი შესწორება დაუშვებელია. რეცეპტი მოწმდება ბეჭდით „რეცეპტებისათვის“, დაწესებულების შტამპითა და ღერბიანი ბეჭდით, ექიმის პირადი ბეჭდით, რომლებიც უნდა იკითხებოდეს გარკვევით. რეცეპტზე ხელს აწერენ (გარკვევით) კომისიის თავმჯდომარე და მკურნალი ექიმი.

12. ყველა, ხმარებისათვის გაუვარგისებული რეცეპტის ბლანკი (ფორმა 1) ექვემდებარება რეცეპტის ბლანკების აღრიცხვაზე ბრძანებით გამოყოფილი პირისათვის დაბრუნებას, რაც ფორმდება შესაბამისი ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის წევრები. ასეთი რეცეპტის ბლანკები ჯვარედინად გადაიხაზება ბურთულიანი კალმით და ოქმთან ერთად ინახება 5 წლის განმავლობაში.

13. ნარკოტიკული საშუალებების გამოწერის ყველა შემთხვევა შეტანილ უნდა იქნეს ავადმყოფის ინდივიდუალურ ბარათში, ნარკოტიკული საშუალების რაობის, ერთჯერადი ან სადღეღამისო დოზის, რეცეპტის ბლანკის (ფორმა 1) სერიის, ნომრისა და გამოწერის თარიღის ჩვენებით. ამბულატორიულ ბარათში დასაბუთებული უნდა იყოს ნარკოტიკული საშუალების ყოველი პირველადი დანიშვნა და დოზის გაზრდა.

ექიმი ვალდებულია ავადმყოფის ოჯახის წევრებს გააცნოს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების წესები, სირთულე და პასუხისმგებლობა.

14. აკრძალულია ნარკოტიკული საშუალების იმ ავადმყოფისათვის გამოწერა (მიუხედავად იმისა, აღრიცხვაზეა თუ არა პოლიკლინიკაში, ან პოლიკლინიკურ განყოფილებაში), რომელიც იმყოფება სტაციონარულ მკურნალობაზე.

15. თითოეულ რეცეპტის ბლანკზე ერთჯერადად შეიძლება გამოიწეროს:

დიონინი 0,5 გრ;

კოდეინი 0,2 გრ

კოდტერპინი 20 აბი;

კოკაინის ჰიდროქლორიდი 0,1 გრ;

მორფინის შემცველი ხსნარი 0,1 გრ;

ანუ 1% - 1,0 10 ამპულა;

ანუ 2% - 1,0 5 ამპულა;

მორფინი MST (10,30,60,100, 120 და 200 მგ-იან ტაბლეტებში) 10 ტაბლეტი;

მორფინი (10,30,60 და 100 მგ-იანი კაფსულები) 15 კაფსულა;

ნორფინი 1 მლ-იანი 10 ამპულა;

2 მლ-იანი 5 ამპულა;

ომნოპონი 0,1 გრ.

ანუ 1% - 1,0 10 ამპულა;

ანუ 2% - 1,0 5 ამპულა;

პენტაზოცინი - 10 ამპულა;

პრომედოლი - 0,1 გრ.

ანუ 1% - 1,0 10 ამპულა;

ანუ 2% - 1,0 5 ამპულა;

ტრამალი (საინექციო ხსნარი) - 100 მგ/2 მლ-ში 20 ამპულა;

50 მგ/1 მლ-ში 20 ამპულა;

(50 და 100 მგ-იან ტაბლეტებში) – 20 აბი;

(50 მგ-იანი კაფსულები) 20 კაფსულა;

(100 მგ/1 მლ-ში, წვეთები) 10 მლ-იანი ორი ფლაკონი;

(100 მგ-იან სანთლებში) 20 სანთელი.

მაგრამ ავადმყოფისათვის საჭირო არაუმეტეს 5 დღის მარაგისა და დღე-ღამეში მხოლოდ ერთი რეცეპტის ბლანკისა.

16. გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ნარკოტიკული საშუალების სადღეღამისო დოზა აღემატება მე-15 პუნქტში მითითებულ ნორმებს, მთავარი ექიმის განკარგულებით გაიცემა ორი სარეცეპტო ბლანკი.

17. პოლიკლინიკას (პოლიკლინიკურ განყოფილებას) უფლება აქვს, ზემოაღნიშნული ნორმების დაცვით, წინასწარ გამოუწეროს ავადმყოფს რამდენიმე რეცეპტი, მხოლოდ გამოსასვლელ და უქმე დღეებზე.

18. ავადმყოფისათვის ნარკოტიკული საშუალების პირველად დანიშვნის შესახებ პოლიკლინიკა (პოლიკლინიკური განყოფილება) ვალდებულია, რეცეპტის ბლანკის  მიმღები პირის მეშვეობით დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს შესაბამის აფთიაქს ავადმყოფის გვარი, სახელი, მამის სახელი, ასაკი, მისამართი, ტელეფონის ნომერი,
დიაგნოზი, დანიშნული ნარკოტიკული საშუალების დასახელება, სადღეღამისო დოზა, აგრეთვე, იმ პირის გვარი, სახელი, მამის სახელი, პირადობის დამადასტურებელი საბუთის სახე და ნომერი, რომელიც გაიტანს კონკრეტული ავადმყოფისათვის საჭირო ნარკოტიკულ საშუალებას. აღნიშნული მონაცემები დასტურდება კომისიის თავმჯდომარისა და შესაბამისი ექიმის ხელმოწერებით, დაწესებულების შტამპითა და ბეჭდით. პუნქტის პროვიზორს ეკრძალება ნარკოტიკული საშუალებების გაცემა ამ წერილობითი ინფორმაციის არსებობის გარეშე.

პოლიკლინიკა, ასევე, ვალდებულია დაუყოვნებლივ, იმავე ფორმით აცნობოს აფთიაქს ნარკოტიკული საშუალების დოზის ან სახეობის შეცვლის, ავადმყოფის გარდაცვალების, ნარკოტიკული საშუალების გამოწერის შეწყვეტის თარიღის, ავადმყოფის საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ.

19. რეცეპტის ბლანკი (ფორმა 1) ვარგისია 5 დღის განმავლობაში, გამოწერის დღის ჩათვლით.

20. ნარკოტიკული საშუალების მიმღები ვალდებულია აფთიაქის ფილიალში წამლის მისაღებად გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი საბუთით.

21. ნარკოტიკული საშუალებების გაცემაზე უფლებამოსილ ფარმაცევტს ეკრძალება ნარკოტიკული საშუალების გაცემა წინამდებარე წესის მე-11 და მე-15 პუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე მოთხოვნის დარღვევით გამოწერილი რეცეპტის საფუძველზე.

22. ექიმი რეცეპტს გამოწერს ორ პირად, რომელთაგანაც პირველი პირი გაიცემა ნარკოტიკული საშუალების მიმღებზე, ხოლო მეორე პირს უკეთდება წარწერა „ასლი“ და ინახება პოლიკლინიკის პასუხისმგებელ პირთან 5 წლის განმავლობაში.

23. პოლიკლინიკა ვალდებულია შესაბამისი, ტერიტორიული აფთიაქიდან სისტემატურად მოიპოვოს ინფორმაცია აფთიაქში არსებული ნარკოტიკული საშუალებების რაობის, წამლის ფორმისა და დოზის შესახებ.

24. ავადმყოფის ოჯახის წევრებს უფლება აქვთ ნარკოტიკული საშუალების ავადმყოფის საჭიროებისათვის გამოყენება (ინექციის გაკეთება) უზრუნველყონ თავიანთი საშუალებებით.

25. ნარკოტიკული საშუალების გამოსაწერი რეცეპტის ბლანკი (ფორმა 1) ინახება პოლიკლინიკაში (პოლიკლინიკურ განყოფილებაში) ამ დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით გამოყოფილ პირთან, სეიფში ან რკინის კარადაში.

რეცეპტის ბლანკების აღრიცხვა ხორციელდება ზონარგაყრილ, დანომრილ და მთავარი ექიმის მიერ ხელმოწერით და ბეჭდით დალუქულ სპეციალურ ჟურნალში, სადაც ფიქსირდება შემდეგი მონაცემები:

- რეცეპტის ბლანკების სერიები და ნომრები;

- მიღების თარიღი;

- ვისზე გაიცა, რა რაოდენობით (უნდა მიეთითოს თითოეულ ექიმზე გაცემული რეცეპტის ბლანკის სერია და ნომერი);

- გაცემის თარიღი;

- მიმღების ხელმოწერა და თარიღი;

- გამცემის ხელმოწერა და თარიღი.

26. ავადმყოფის გარდაცვალების შემთხვევაში, გამოუყენებელი რეცეპტის ბლანკები და ნარკოტიკული საშუალებები ექვემდებარება პოლიკლინიკისათვის დაბრუნებას, რის შესახებაც ექიმი ნარკოტიკული საშუალების დანიშვნის პირველივე დღეს აფრთხილებს ავადმყოფის პატრონს.

27. გაუხარჯავი და დაბრუნებული ნარკოტიკული საშუალება არ მოწმდება ვარგისიანობაზე და ექვემდებარება ჩამოწერას და განადგურებას. დაბრუნებული ნარკოტიკული საშუალებები და სარეცეპტო ბლანკები ექვემდებარება მკაცრი აღრიცხვას სპეციალურ ჟურნალში და მათი განადგურებისას კომისიის შემადგენლობაში სანიტარული სამსახურის წარმომადგენლის მონაწილეობა არ არის
სავალდებულო.

28. ამბულატორიული ავადმყოფის გარდაცვალების ან მკურნალობის
შეწყვეტის შემთხვევაში, გამოუყენებელი და დაბრუნებული რეცეპტის ბლანკებისა (ფორმა 1) და გაუხარჯავი ნარკოტიკული საშუალებების ჩამოწერა და განადგურება ხდება ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული წესების შესაბამისად.

29. დაბრუნებული სარეცეპტო ბლანკები და ნარკოტიკული საშუალებები ინახება, პოლიკლინიკის (საავადმყოფოს) მთავარი ექიმის მიერ ბრძანებით გამოყოფილ პასუხისმგებელ პირთან.

 

ნარკოტიკებზე კონტროლის

ინსპექციის უფროსი                                                   თ. კვირკელია

 

ნარკომანიისა და ნარკობიზნესის

წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული

ბიუროს უფროსი                                                      დ. კაჭკაჭიშვილი



დანართი 3

 

ნარკოტიკებზე კონტროლის ინსპექციის ყოველთვიური

ინფორმირების ფორმა

რაიონი (ქალაქი) ----------------------------

რაიონი ---------------------------------------

აფთიაქი -------------------------------------

მისამართი -----------------------------------

ტელეფონი --------------------------------------

N

ავადმყოფის გვარი, სახელი, მამის სახელი, ასაკი

მისამართი

დიაგნოზი, ამბ. რუქის ნომერი

აღრიცხვაზე აყვანის თარიღი

სადღეღამისო დოზა, ნარკოტიკის სახეობის მითითებით

დოზის მატების დინამიკა

რომელ პოლიკლინიკაშია აღრიცხვაზე

შენიშვნა (ნარკოტ. გატანის შეწყვეტის პერიოდი)

1

2

3

4

5

6

7

8

9

 

აფთიაქის გამგის ხელმოწერა

და ბეჭედი

შენიშვნა: აღნიშნული ფორმა ივსება ყველა ავადმყოფზე, რომელიც იმყოფება ნარკოტიკული საშუალებით სიმპტომატურ მკურნალობაზე.

 

ნარკოტიკებზე კონტროლის

ინსპექციის უფროსი                                                          თ. კვირკელია

 

ნარკომანიასთან და ნარკობიზნესის

წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული

ბიუროს უფროსი                                                              დ. კაჭკაჭიშვილი