დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ბუნებრივი გაზის სექტორში კრიზისული მდგომარეობის გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 373 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 28/10/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/10/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 300280000.10.003.024768 |
|
მუხლი 1 |
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 141-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ბუნებრივი გაზის სექტორში კრიზისული მდგომარეობის გამოცხადების წესი“.
|
მუხლი 2 |
ამ დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის სექტორში კრიზისული მდგომარეობის გამოცხადების წესით“ განსაზღვრულმა შესაბამისმა სუბიექტებმა უზრუნველყონ ამავე წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულება.
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ბუნებრივი გაზის სექტორში კრიზისული მდგომარეობის გამოცხადების წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. „ბუნებრივი გაზის სექტორში კრიზისული მდგომარეობის გამოცხადების წესის“ (შემდგომში − წესი) მიზანია კრიზისული მდგომარეობის დონეების განსაზღვრის, მართვის, გამოცხადების წესისა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილეებისა და კრიზისული მდგომარეობის მართვასთან დაკავშირებული სხვა სუბიექტების ფუნქციებისა და ვალდებულებების დადგენა. 2. ბუნებრივი გაზის სექტორში კრიზისული მდგომარეობის აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები: ა) გაუმართლებლად არ უნდა ზღუდავდეს ბუნებრივი გაზის ნაკადებს ბუნებრივი გაზის შიდა ბაზარზე; ბ) უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული, შემოწმებადი, გამჭვირვალე, პროპორციული, არადისკრიმინაციული და, შესაძლებლობის ფარგლებში, არ უნდა ზღუდავდეს კონკურენციას ან გაზის ერთიანი ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებას; გ) მნიშვნელოვან საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ბუნებრივი გაზის მიწოდებას ენერგეტიკული გაერთიანების სხვა მხარის ტერიტორიაზე; დ) თუ ტექნიკურად და უსაფრთხოდ შესაძლებელია, ასევე უნდა შეეხებოდეს ინფრასტრუქტურაზე ტრანსსასაზღვრო დაშვებას ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობის მართვის ეროვნული გეგმის (შემდგომში − საგანგებო მდგომარეობის მართვის ეროვნული გეგმა) შესაბამისად. 3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, კომისიასა და სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობით, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 143-ე მუხლის შესაბამისად, ახორციელებს ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობას. 4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ წესების განხორციელებისას თანამშრომლობს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსა (შემდგომში − სამდივნო) და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურ ორგანოებთან. მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები 1. ამ დადგენილების მიზნებისთვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ბუნებრივი გაზის სექტორში კრიზისული მდგომარეობის მართვის საბჭო (შემდგომში − კრიზისის საბჭო) − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ სათათბირო უფლებით შექმნილი საბჭო, რომლის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამართლებრივი აქტით; ბ) ეროვნული უსაფრთხოების საბჭო − „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სათათბირო ორგანო; გ) კომისია − საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; დ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება; ე) საგანგებო სიტუაციების მართვის უწყებათაშორისი ოპერატიული ცენტრი − „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული ორგანო; ვ) სამდივნო − ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო; ზ) სამინისტრო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2. ამ დადგენილებაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები. მუხლი 3. ბუნებრივი გაზის სექტორში კრიზისული მდგომარეობის დონეები 1. ბუნებრივი გაზის სექტორში კრიზისული მდგომარეობის დონეებია (შემდგომში − კრიზისული მდგომარეობის დონე) ადრეული გაფრთხილების დონე, განგაშის დონე და საგანგებო მდგომარეობის დონე. 2. კრიზისული მდგომარეობის დროს ნებისმიერი უსაფრთხოების ზომის მიღება უნდა განხორციელდეს კომისიასთან, ბუნებრივი გაზისა და ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორებთან, სამდივნოს, ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარეების ან/და სხვა პროცესში ჩართული ქვეყნების შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებსა და ოპერატორებთან კონსულტაციებითა და მჭიდრო კოორდინაციით. 3. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, სამინისტროს წინადადების საფუძველზე, ამ წესის მე-3 − მე-5 მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებასა და საგანგებო მდგომარეობის მართვის ეროვნული გეგმით განსაზღვრულ მოქმედებებზე დაყრდნობით, მიიღოს სათანადო ზომები კრიზისული მდგომარეობის აღმოსაფხვრელად. 4. საგანგებო მდგომარეობის მართვის ეროვნული გეგმა, მათ შორის, საბაზრო და არასაბაზრო მექანიზმების გამოყენების წესი, კრიზისის საბჭოსთან, მათ შორის, კომისიასთან, ბუნებრივი გაზის/ელექტროენერგიის საწარმოებთან, ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო და ინდუსტრიული მომხმარებლების ინტერესების დამცველ ორგანიზაციებთან, ბუნებრივი გაზისა და ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორებთან კონსულტაციის გავლის შემდეგ მტკიცდება სამინისტროს შესაბამისი ნორმატიულ-სამართლებრივი აქტით. 5. სამინისტრო თანამშრომლობს კრიზისული მდგომარეობის დონეების გამოცხადების/მართვის მიზნით მის მიერ შექმნილ კრიზისის საბჭოსთან, რომელიც ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით შეიმუშავებს რეკომენდაციებს. 6. ამ წესის მე-3 − მე-5 მუხლებით გათვალისწინებული ზომები უნდა განხორციელდეს შეზღუდული დროით, ბუნებრივი გაზის ბაზრის ფუნქციონირებაში მინიმალური ჩარევით და იმ ფარგლებში, რომლებიც აუცილებელია ადამიანების, ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ან/და დანადგარების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხის აღმოსაფხვრელად. 7. სამინისტრო უფლებამოსილია, შექმნას და ექსპლუატაციაში გაუშვას ინფორმაციის გაცვლის ელექტრონული სისტემა, რომლის დანიშნულებაა ბუნებრივი გაზისა და სხვა მონაწილე საწარმოებისგან ინფორმაციისა და მონაცემების რეგულარულად და კონკრეტული მიზნებისთვის შეგროვება კრიზისული მდგომარეობის ნებისმიერ დონეზე. მუხლი 4. ადრეული გაფრთხილების დონე 1. ადრეული გაფრთხილების დონე ცხადდება, როდესაც არსებობს კონკრეტული, სანდო/სარწმუნო ინფორმაცია ისეთი მოვლენის დადგომის შესაძლებლობის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ გამოიწვევს ბუნებრივი გაზის წარმოების, გადაცემის, განაწილების, მიწოდების ან/და ყიდვა-გაყიდვის მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუარესებასა და განგაშის ან საგანგებო მდგომარეობის დონის გამოცხადებას. 2. ადრეული გაფრთხილების დონის გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო, ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის რეკომენდაციისა და კრიზისის საბჭოსთან კონსულტაციის საფუძველზე და აქვეყნებს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე. სამინისტრო უფლებამოსილია, აღნიშნული ინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენოს საჯაროდ ხელმისაწვდომი სხვა საინფორმაციო საშუალებებიც. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რეკომენდაცია შეიძლება შემუშავდეს განაწილების სისტემის ოპერატორების, მიმწოდებლების ან სხვა საინფორმაციო წყაროების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და შეთანხმდეს კრიზისის საბჭოსთან კონსულტაციის ფარგლებში. 4. სამინისტროს საჯარო განაცხადი ადრეული გაფრთხილების დონის გამოცხადების შესახებ უნდა მოიცავდეს: ა) ადრეული გაფრთხილების დონის ამოქმედების მიზეზ(ებ)სა და მისი ამოწურვის სავარაუდო თარიღს. დასაშვებია განაცხადში მითითებული ვადის გახანგრძლივება. ასეთ შემთხვევაში, სამინისტრო, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აკეთებს განაცხადს ადრეული გაფრთხილების დონის ვადის გახანგრძლივების თაობაზე; ბ) ბაზრის მონაწილეების ვალდებულებებს ბუნებრივი გაზის მიწოდება-მოთხოვნის ბალანსის უზრუნველსაყოფად ხელმისაწვდომი პრევენციული საბაზრო მექანიზმების გამოყენების თაობაზე; გ) ბუნებრივი გაზის საწარმოებისა და საჯარო უწყებების ვალდებულებას საჭიროების შემთხვევაში, წარადგინონ შესაბამისი/საჭირო ინფორმაცია არსებული მდგომარეობის განვითარების შესახებ; დ) ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის ვალდებულებას, სულ მცირე, დღეში ერთხელ სამინისტროს აცნობოს განახლებული ინფორმაცია; ე) მეზობელი ქვეყნების მიერ წარმოსადგენ ინფორმაციასა და საბაზრო მექანიზმებზე დაფუძნებულ თანამშრომლობის ფორმატს, კრიზისული მდგომარეობის აღმოფხვრის მიზნით. 5. ბუნებრივი გაზის სექტორში ადრეული გაფრთხილების დონე უქმდება სამინისტროს გადაწყვეტილებით, რომელიც ქვეყნდება საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე. სამინისტრო უფლებამოსილია, აღნიშნული ინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენოს სხვა საშუალებებიც. 6. სამინისტრო ადრეული გაფრთხილების დონის გამოცხადებისა და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აწვდის სამდივნოს. მუხლი 5. განგაშის დონე 1. განგაშის დონე ცხადდება ბუნებრივი გაზის წარმოების, გადაცემის, განაწილების, მიწოდების ან/და ყიდვა-გაყიდვის შეწყვეტის ან გაზზე განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნის შემთხვევაში, რაც იწვევს ბუნებრივი გაზის წარმოების, გადაცემის, განაწილების, მიწოდების ან/და ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული სიტუაციის მნიშვნელოვან გაუარესებას, თუმცა ბაზარს შეუძლია აღნიშნული შეფერხების ან მოთხოვნის მართვა არასაბაზრო მექანიზმების გამოყენების გარეშე. 2. განგაშის დონის გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო, ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის რეკომენდაციისა და კრიზისის საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე და აქვეყნებს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე. სამინისტრო უფლებამოსილია, აღნიშნული ინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენოს საჯაროდ ხელმისაწვდომი სხვა საინფორმაციო საშუალებებიც. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რეკომენდაცია შეიძლება შემუშავდეს განაწილების სისტემის ოპერატორების, მიმწოდებლების ან სხვა საინფორმაციო წყაროების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და შეთანხმდეს კრიზისის საბჭოსთან კონსულტაციის ფარგლებში. 4. სამინისტროს საჯარო განაცხადი განგაშის დონის გამოცხადების შესახებ უნდა მოიცავდეს: ა) განგაშის დონის ამოქმედების მიზეზ(ებ)სა და მისი ამოწურვის სავარაუდო თარიღს. დასაშვებია განაცხადში მითითებული ვადის გახანგრძლივება. ასეთ შემთხვევაში სამინისტრო აკეთებს განაცხადს განგაშის დონის ვადის გახანგრძლივების თაობაზე; ბ) ბაზრის მონაწილეების ვალდებულებებს ბუნებრივი გაზის მიწოდება-მოთხოვნის ბალანსის უზრუნველსაყოფად ხელმისაწვდომი პრევენციული საბაზრო მექანიზმების გამოყენების თაობაზე; გ) ბუნებრივი გაზის საწარმოებისა და საჯარო უწყებების ვალდებულებას, საჭიროების შემთხვევაში, წარადგინონ შესაბამისი/საჭირო ინფორმაცია არსებული მდგომარეობის განვითარების შესახებ; დ) ინფორმაციას ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორებისთვის, რათა შეამოწმონ ელექტროენერგიის იმპორტის შესაძლებლობების ხელმისაწვდომობა, იმ შემთხვევაში თუ საჭირო გახდება თბოელექტროსადგურების სრული ან ნაწილობრივი გათიშვა; ე) ინფორმაციას არადაცული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის შეფერხებით მიწოდების ან გათიშვის შესახებ, რათა მზად იყვნენ შეზღუდვისთვის ან გათიშვისთვის, არსებული მდგომარეობის ესკალაციის შემთხვევაში; ვ) მეზობელი ქვეყნების მიერ წარმოსადგენ ინფორმაციასა და საბაზრო მექანიზმებზე დაფუძნებულ თანამშრომლობის ფორმატს, კრიზისული მდგომარეობის აღმოფხვრის მიზნით. 5. ბუნებრივი გაზის სექტორში განგაშის დონე უქმდება სამინისტროს გადაწყვეტილებით, რომელიც ქვეყნდება საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე. სამინისტრო უფლებამოსილია აღნიშნული ინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენოს სხვა საშუალებებიც. 6. სამინისტრო განგაშის დონის გამოცხადებისა და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აწვდის სამდივნოს. მუხლი 6. საგანგებო მდგომარეობის დონე 1. ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობა შეიძლება გამოცხადდეს ბუნებრივი გაზის ბაზარზე მოულოდნელი კრიზისის შემთხვევაში, თუ ბუნებრივი გაზის წარმოება, გადაცემა, განაწილება, მიწოდება ან/და ყიდვა-გაყიდვა ფერხდება მოულოდნელი გარემოებების ან შესაბამისი ბუნებრივი გაზის საწარმოს კონტროლის მიღმა არსებული გარემოებების გამო, რომლებითაც საფრთხე ექმნება ბუნებრივი გაზის სისტემის ერთიან უსაფრთხოებასა და საიმედოობას ან საბოლოო მომხმარებლების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მათთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას ან/და ადამიანის, მოწყობილობა-დანადგარების ან სისტემის ერთიანობის უსაფრთხოებას და ბაზარს აღარ შეუძლია აღნიშნული შეფერხების ან მოთხოვნის მართვა არასაბაზრო მექანიზმების გამოყენების გარეშე. 2. ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობა, კრიზისის საბჭოსთან კონსულტაციის საფუძველზე, ცხადდება სამინისტროს გადაწყვეტილებით, რომელიც ქვეყნდება საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე. სამინისტრო უფლებამოსილია, აღნიშნული ინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენოს საჯაროდ ხელმისაწვდომი სხვა საინფორმაციო საშუალებებიც. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტრო ახორციელებს საგანგებო მდგომარეობის მართვის ეროვნული გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებს, მათ შორის, კოორდინაციას უწევს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს. განსაკუთრებულ შემთხვევებში, სამინისტრო უფლებამოსილია, შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე, განახორციელოს საგანგებო მდგომარეობის მართვის ეროვნული გეგმით გაუთვალისწინებელი აქტივობა. 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და განსახორციელებელი შემდგომი აქტივობების შესახებ სამინისტრო ინფორმაციას წარუდგენს სამდივნოს. 5. საგანგებო მდგომარეობის დონის გამოცხადების თაობაზე სამინისტროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა ეფუძნებოდეს, სულ მცირე, ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ა) ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის რეკომენდაციას; ბ) ბაზრის მონაწილეების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ყველა საბაზრო მექანიზმი ამოწურულია; გ) სხვა შიგა ან საერთაშორისო წყაროებიდან მოწოდებულ ინფორმაციას; დ) სამინისტროს შეფასებას; ე) ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს დასკვნას. 6. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტი უნდა ითვალისწინებდეს შემდეგს: ა) განცხადების მიზეზ(ებ)ის აღწერას; ბ) მითითებას იმის თაობაზე, რომ ბაზრის ფუნქციონირება და ბაზართან დაკავშირებული წესებისა და კანონმდებლობის მოქმედება შეჩერებულია საგანგებო მდგომარეობის ვადის ამოწურვამდე და გააქტიურებულია საგანგებო მდგომარეობის მართვის ეროვნული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები; გ) ბუნებრივი გაზის მიწოდების შეზღუდვისა და გათიშვის წესსა და პირობებს; დ) საგანგებო მდგომარეობის დონის ვადის ამოწურვის სამიზნე პირობებს; ე) ბაზრის მონაწილეებისა და მომხმარებლების კომპენსაციის საკითხს, რომლის გაანგარიშების მეთოდოლოგიას ამტკიცებს სამინისტრო; ვ) ბაზრის მონაწილეებისთვის დაკისრებულ ვალდებულებებს არასაბაზრო მექანიზმების განხორციელების შესახებ; ზ) საჭიროების შემთხვევაში, ენერგეტიკული გაერთიანების მიწოდების უსაფრთხოების საკოორდინაციო ჯგუფის მოწვევის მოთხოვნას, საგანგებო მდგომარეობაზე რეაგირების შესაძლო გზების განხილვის მიზნით. 7. ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობა უქმდება სამინისტროს გადაწყვეტილებით, რომელიც ქვეყნდება საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე და ეცნობება სამდივნოს. სამინისტრო უფლებამოსილია აღნიშნული ინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენოს სხვა საშუალებებიც. 8. ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობა შეიძლება დასრულდეს სამდივნოს მოთხოვნით, თუ ჩათვლის, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ არის ან აღარ არის შესაბამისი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მდგომარეობასთან. სამდივნოს მხრიდან ამგვარი მოთხოვნის მიღებიდან სამი დღის ვადაში სამინისტრო ცვლის მიღებულ ღონისძიებებს და აღნიშნულის შესახებ აცნობებს სამდივნოს ან აცნობებს იმ მიზეზების თაობაზე, რომელთა გამოც არ ითვალისწინებს სამდივნოს მოთხოვნებს. სამდივნოსაგან ცვლილებების მოთხოვნის თაობაზე დასაბუთებული კომენტარების მიღების შემდეგ სამინისტრო სრულად ითვალისწინებს სამდივნოს პოზიციას ან წარუდგენს შესაბამის დასაბუთებას. 9. საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, სამინისტრო, შეძლებისდაგვარად სწრაფად და მისი დასრულებიდან არაუგვიანეს ექვსი კვირისა, წარუდგენს სამდივნოს საგანგებო მდგომარეობისა და განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობის დეტალურ შეფასებას, მათ შორის, საგანგებო მდგომარეობის ეკონომიკური ზემოქმედების, ელექტროენერგეტიკის სექტორზე ზემოქმედებისა და ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარისთვის/მეზობელი ქვეყნისთვის გაწეული ან მათგან მიღებული დახმარების შეფასებას. აღნიშნული შეფასება ხელმისაწვდომი უნდა იყოს მიწოდების უსაფრთხოების საკოორდინაციო ჯგუფისთვის და უნდა აისახოს განახლებულ პრევენციულ სამოქმედო გეგმასა და საგანგებო მდგომარეობის მართვის ეროვნულ გეგმაში. 10. თუ ბუნებრივი გაზის სექტორში არსებული საგანგებო მდგომარეობის ადეკვატურად მართვა ეროვნულ დონეზე ხელმისაწვდომი ზომების გამოყენებით შეუძლებელია, სამინისტრო მიმართავს ენერგეტიკული გაერთიანების მიწოდების უსაფრთხოების საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელს, რომელიც საკითხის შესწავლისა და, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოსთვის ან ენერგეტიკული გაერთიანების სხვა ხელშემკვრელი მხარისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით, დაუყოვნებლივ იწვევს მიწოდების უსაფრთხოების საკოორდინაციო ჯგუფის სპეციალურ სხდომას, რათა ზემოაღნიშნულმა მხარეებმა შეძლონ ბუნებრივი გაზის სექტორში არსებული საგანგებო მდგომარეობის აღმოფხვრა ეროვნულ დონეზე მიღებული ზომების კოორდინირებით. 11. ამ მუხლის გამოყენება არ ზღუდავს „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საგანგებო მდგომარეობის მართვის ზოგადი წესების მოქმედებას იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იქნება ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობის მართვის სპეციალური მოთხოვნების ჯეროვანი შესრულება ამ მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. მუხლი 7. კრიზისული მდგომარეობის დონეების გამოცხადებაზე/მართვაზე უფლებამოსილი ორგანოების ფუნქციები 1. სამინისტრო ვალდებულია: ა) იმოქმედოს ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების საკითხებში კომპეტენტური ორგანოს უფლებამოსილებით; ბ) გამოაცხადოს კრიზისული მდგომარეობის დონეები; გ) უხელმძღვანელოს და მოიწვიოს კრიზისის საბჭო; დ) გამოაცხადოს კრიზისული მდგომარეობის დონეები და დაავალოს ბაზრის მონაწილეებს, საჭიროების შემთხვევაში, არასაბაზრო ღონისძიებების განხორციელება; ე) ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კოორდინაცია გაუწიოს საჯარო და კერძო სუბიექტების ქმედებებს; ვ) შეიმუშაოს საკონტაქტო სიები და დოკუმენტების შაბლონები, აგრეთვე უზრუნველყოს სხვა საჯარო დაწესებულებებსა და ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილეებთან თანამშრომლობისა და კოორდინირების მექანიზმის ტესტირება და მომზადების მიზნით ვარჯიშის ორგანიზება; ზ) ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილეებზე საჯარო მომსახურების ვალდებულების, მათ შორის, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის ვალდებულებების დაკისრებასა და აღსრულებაზე; თ) უზრუნველყოს კოორდინაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს, საგანგებო სიტუაციების მართვის უწყებათაშორის ოპერატიულ ცენტრსა და სამდივნოს შორის. 2. კომისია: ა) მოქმედებს კრიზისის საბჭოს წევრის უფლებამოსილებით; ბ) თანამშრომლობს სამინისტროსთან კრიზისული მდგომარეობის დონეების გამოცხადების შემდეგ ბაზრის მონაწილეების მიერ შესრულებული ღონისძიებების ზედამხედველობის საკითხებში; გ) პასუხისმგებელია მიწოდება-მოთხოვნის ბალანსსა და ბაზრის ფუნქციონირებაზე განგაშისა და საგანგებო მდგომარეობის დონეებთან დაკავშირებით საბაზრო და არასაბაზრო მექანიზმების გავლენის შეფასებაზე; დ) გასცემს რეკომენდაციებს კრიზისის საბჭოს ღონისძიებების კორექტირების, საგანგებო მდგომარეობის დროს ტრანსპორტირებული და მიწოდებული ბუნებრივი გაზის განფასების თაობაზე; ე) შეისწავლის საბაზრო მექანიზმების ხელმისაწვდომობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე. 3. ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორი: ა) მოქმედებს კრიზისის საბჭოს წევრის უფლებამოსილებით; ბ) წარმოადგენს ინფორმაციას ბუნებრივი გაზის მიწოდებასა და მოთხოვნასთან დაკავშირებული პროგნოზებისა და გადამცემი სისტემის მდგომარეობის, მათ შორის, მოსალოდნელი დეფიციტის შესახებ; გ) პასუხისმგებელია ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ფიზიკურ დაბალანსებასთან დაკავშირებულ ქმედებებზე; დ) წარმოადგენს წინადადებებს საგანგებო მდგომარეობის დროს ბუნებრივი გაზის მოთხოვნის შეზღუდვის ოდენობისა და მდებარეობის შესახებ და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემიდან მომხმარებლების გათიშვის თანმიმდევრობის შესრულების თაობაზე; ე) თანამშრომლობს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებთან, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მოთხოვნის მართვასთან დაკავშირებით ბუნებრივი გაზის მოთხოვნის შეზღუდვის გეგმების შემუშავების, შემოწმებისა და განახლების (ბუნებრივი გაზის გათიშვის თანმიმდევრობას ათანხმებს სამინისტროსთან), ასევე ბუნებრივი გაზის ქსელით მოსარგებლეებსა და მომხმარებლებთან კომუნიკაციის მიმართულებით; ვ) პასუხისმგებელია სისტემით მოსარგებლეებთან კომუნიკაციაზე, რომლის მიზანია ბუნებრივი გაზის მიწოდების აუცილებელი მინიმალური რაოდენობისა და შეწყვეტამდე შეტყობინების მინიმალური დროის განსაზღვრა, რაც აუცილებელია მოწყობილობის, სისტემების დაზიანების ან სხვა ზიანის პრევენციისთვის; ზ) უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს პრევენციული და საგანგებო მდგომარეობის მართვის ეროვნული გეგმით განსაზღვრულ ღონისძიებებს; თ) თანამშრომლობს მეზობელი ქვეყნების ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორებთან; ი) ინარჩუნებს ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის უსაფრთხო მუშაობის რეჟიმს და უზრუნველყოფს სისტემის გათიშვის შემთხვევაში მის აღდგენას. 4. ბუნებრივი გაზის ტრეიდერები/საბითუმო მიმწოდებლები: ა) მოქმედებენ კრიზისის საბჭოს წევრების უფლებამოსილებით; ბ) უზრუნველყოფენ ინფორმაციის მიწოდებას ბუნებრივი გაზის მიწოდების ნებისმიერი პოტენციური შეწყვეტის ან/და დამატებითი მოცულობის მიწოდების შესაძლებლობისა და წყვეტადი მოთხოვნის ოდენობის შესახებ ბუნებრივი გაზის მიწოდების შესახებ ხელშეკრულებებში; გ) ახორციელებენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, მათ შორის, სხვა ბუნებრივი გაზის მომწოდებლებთან ბუნებრივი გაზის ოდენობების გაცვლასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს; დ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ პრევენციული და საგანგებო მართვის ეროვნული გეგმით დადგენილ ღონისძიებებს; ე) თანამშრომლობენ პარტნიორ მიმწოდებლებთან. 5. განაწილების სისტემის ოპერატორები/საცალო მიმწოდებლები: ა) მოქმედებენ კრიზისის საბჭოს წევრების უფლებამოსილებით; ბ) თანამშრომლობენ ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორთან, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მოთხოვნის მართვასთან დაკავშირებით, ბუნებრივი გაზის მოთხოვნის შეზღუდვის გეგმების შემუშავების, შემოწმებისა და განახლების, ასევე ქსელით მოსარგებლეებსა და მომხმარებლებთან კომუნიკაციის მიმართულებით. ბუნებრივი გაზის გათიშვის თანმიმდევრობას ათანხმებენ სამინისტროსთან; გ) პასუხისმგებელნი არიან ბუნებრივი გაზის შემსყიდველებთან (აბონენტებთან) კომუნიკაციაზე, რომლის მიზანია ბუნებრივი გაზის მიწოდების აუცილებელი მინიმალური რაოდენობისა და ბუნებრივი გაზის შეწყვეტამდე შეტყობინების მინიმალური დროის განსაზღვრა, რაც აუცილებელია მოწყობილობის, სისტემების დაზიანების ან სხვა ზიანის პრევენციისთვის; დ) პასუხისმგებელნი არიან საგანგებო მდგომარეობის დროს ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის მართვის/შეზღუდვის განხორციელებასა და განაწილების სისტემიდან ბუნებრივი გაზის უკანონო მითვისების კონტროლზე; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ შესაბამის ღონისძიებებს, პრევენციული და საგანგებო მართვის ეროვნული გეგმების შესაბამისად; ვ) უზრუნველყოფენ ბუნებრივი გაზის განაწილების სისტემის უსაფრთხოებასა და მთლიანობას; ზ) წარმოადგენენ ინფორმაციას ბუნებრივი გაზის სრული შეწყვეტის შემდეგ ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენის შესახებ. 6. ბუნებრივი გაზის მსხვილი მომხმარებლები: ა) მოქმედებენ კრიზისის საბჭოს წევრების უფლებამოსილებით; ბ) პასუხისმგებელნი არიან ბუნებრივი გაზის მოთხოვნის მართვაზე; გ) აწვდიან ინფორმაციას ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორს/გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს მათი ბუნებრივი გაზის მოხმარების პროგნოზებისა და ბუნებრივი გაზის მოთხოვნის შემცირების შესაძლებლობასა და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა საწვავზე გადართვის ღონისძიებების გააქტიურების ან ოპერირების შეწყვეტის შესახებ; დ) პასუხისმგებელნი არიან ბუნებრივი გაზის მოთხოვნის შემცირებასთან დაკავშირებით ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის ან/და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მითითებების შესრულებაზე. 7. ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეები, კერძოდ, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორები, ელექტროენერგიის ტრეიდერები და ელექტროსადგურების ოპერატორები, მათ შორის, კრიზისის საბჭოს სპეციალური წევრები თანამშრომლობენ და ერთმანეთს უზიარებენ ინფორმაციას ელექტროენერგიის სისტემაში ბალანსის შენარჩუნების მიზანშეწონილობის შესახებ ელექტროენერგიის წარმოებაზე თბოელექტროსადგურებისთვის შეზღუდვების დაწესების საჭიროებაზე. მუხლი 8. მოთხოვნები ბუნებრივი გაზის მიწოდების შეზღუდვისას 1. საგანგებო მდგომარეობის დონის გამოცხადებისას საბოლოო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება შესაძლოა, დროებით შეწყდეს მხოლოდ საჯარო ინტერესის დაცვის აუცილებლობით გამოწვეულ შემთხვევაში, ამ წესის შესაბამისად. 2. ბუნებრივი გაზის მიწოდება შეიძლება შეწყდეს ან შეიზღუდოს მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების თავიდან ასაცილებლად ან აღმოსაფხვრელად. ასეთ შემთხვევებში მომხმარებლებს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოთ ბუნებრივი გაზის შეწყვეტის ან შეზღუდვის თაობაზე, ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე მათი გავლენისა და სავარაუდო ხანგრძლივობის შესახებ. |
დოკუმენტის კომენტარები