დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოში იოდირებულ მარილში იოდის შემცველობის დროებითი სიდიდეების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 416/ო |
დოკუმენტის მიმღები | ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო |
მიღების თარიღი | 22/10/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 28/10/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000220.01(2).003.000110 |
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის
ბრძანება №416/ო
1997 წლის 22 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოში იოდირებულ მარილში იოდის შემცველობის დროებითი სიდიდეების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 24 ივლისის №480 ბრძანებულების „მოსახლეობის იოდირებული მარილით უზრუნველყოფის შესახებ“ შესაბამისად, სტანდარტიზაციის ტექნიკურ კომიტეტს - „კვების მრეწველობის პროდუქცია“ - უნდა შეემუშავებინა და საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის დეპარტამენტს დაემტკიცებინა იოდირებული საკვები მარილის სტანდარტი, რისთვისაც საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და დარგის უცხოელი სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით შეიმუშავეს იოდირებულ მარილში იოდის შემცველობის სიდიდეები და დადგენილი წესით წარუდგინეს ტექნიკურ კომიტეტს სახელმწიფო სტანდარტში გასათვალისწინებლად. ამ უკანასკნელის მიერ საბოლოო ვარიანტის შემუშავება გაჭიანურებულია დაუფინანსებლობის გამო. ამავე დროს საქართველოს მოსახლეობაში იოდის დეფიციტით გამოწვეულ დაავადებათა პროფილაქტიკის მიზნით აუცილებლობას წარმოადგენს სასწრაფოდ იქნეს მიღებული იოდირებულ მარილში იოდის შემცველობის სიდიდეები, რისთვისაც, ვბრძანებ:
1. საქართველოს სახელმწიფო სტანდარტ „მარილი იოდირებული სუფრის საკვები“ შემუშავება - მიღებამდე, დამტკიცდეს „საქართველოში იოდირებულ მარილში იოდის შემცველობის დროებითი სიდიდეები“.
ა). საქართველოს ტერიტორიაზე წარმოების ან იმპორტირების დროს:
- დიდი მოცულობის ტომრებში (10 კგ) – 50 მგ I (იოდი) ერთ კილოგრამ მარილზე;
- მცირე მოცულობის პოლიეთილენის პარკებში (0,5 – 1 კგ) – 40 ± 5 მგ I (იოდი) ერთ კილოგრამ მარილზე;
ბ). საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზაციისას:
- დიდი მოცულობის ტომრებში (10 კგ) - 40 ± 5 მგ I (იოდი) ერთ კილოგრამ მარილზე;
- მცირე მოცულობის პოლიეთილენის პარკებში (0,5 – 1კგ) – 30 ± 5 მგ I (იოდი) ერთ კილოგრამ მარილზე;
სხვა პარამეტრები იოდირებულ მარილში (ადგილზე წარმოებისას, შემოტანისას და რეალიზაციისას) განისაზღვრება სახელმწიფო სტანდარტ ГОСТ 13830-91-ით.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც დაკავებულია იოდირებული მარილის წარმოებით, იმპორტითა და რეალიზაციით ვალდებულია დაიცვას ამ ბრძანების №1 პუნქტით განსაზღვრული იოდირებულ მარილში იოდის შემცველობის დროებითი სიდიდეები.
3. საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც დაკავებულია იოდირებული მარილის იმპორტით, ვალდებულია პროდუქციის კომერციული პარტიების შემოტანამდე, თანახმად საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 ივნისის № 380 ბრძანებულებისა და მის შესაბამისად გამოცემული საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს 1996 წ. 14.08 №374/ო ბრძანებისა და წინასწარ გაატაროს პროდუქცია ჰიგიენურ რეგისტრაციაში და მიიღოს ჰიგიენური სერტიფიკატი სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის პროდუქციის ჰიგიენური რეგისტრაციისა და სერტიფიკაციის სამმართველოში, (თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. №23), რის შემდგომ იქნება შესაძლებელი პროდუქციის კომერციული პარტიების შემოტანა, თითოეულ მათგანზე არსებული წესით განხორციელდება სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობა (კვლევის ლაბორატორიული მეთოდების გამოყენებით) ამ ბრძანების №1 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
4. საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი (საზოგადოებრივი კვება, სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები, სასტუმროები, სკოლები, საბავშვო სკოლამდელი დაწესებულებები, სამკურნალო პროფილაქტიკური სტაციონარები, ჩვილ ბავშვთა სახლები, ინვალიდთა სახლები და მათთან გათანაბრებული დაწესებულებები, ასევე კვების პროდუქტების მწარმოებელი ობიექტები, სადაც შესაძლებელია რეცეპტურისა და ტექნოლოგიების გათვალისწინებით იოდირებული მარილის გამოყენება) - ვალდებულნი არიან გამოიყენონ მხოლოდ იოდირებული მარილი.
5. საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც დაკავებულია იოდირებული მარილის იმპორტით და უკვე გაფორმებული აქვს ხელშეკრულება მომწოდებელთან ვალდებულია შესაბამისი ცვლილებები შეიტანოს ხელშეკრულებაში ამ ბრძანების №1 პუნქტით განსაზღვრული იოდირებულ მარილში იოდის შემცველობის დროებითი სიდიდეების გათვალისწინებით.
6. საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერ ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც დაკავებულია იოდირებული მარილის წარმოებით, იმპორტითა და რეალიზაციით ვალდებულია იოდირებული მარილი დაასაწყობოს მხოლოდ ისეთ საწყობებში (საცავებში), რომლებიც აკმაყოფილებენ სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს და გააჩნიათ ჰიგიენური სერტიფიკატი.
7. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის აჭარის ა/რ, საქალაქო და რაიონული ინსპექციების მიერ სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განხორციელებისას თუ აღმოჩნდება, რომ იოდირებულ მარილში იოდის შემცველობა არ შეესაბამება ამ ბრძანების №1 პუნქტით განსაზღვრულ იოდის შემცველობის დროებით სიდიდეებს, პროდუქციის მეპატრონე (ფიზიკური ან იურიდიული პირი) ვალდებულია პროდუქტის ტარაზე უშუალოდ ან ფირნიშნის საშუალებით აღნიშნოს „ჩვეულებრივი მარილი“
8. ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ ამ ბრძანების პუნქტი №7 მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ადგილობრივი ინსპექციების მიერ გამოყენებული იქნას ადმინისტრაციული ზემოქმედების სანქციები ჯარიმის სახით, მასალები გადაეცეს სამართალდამცავ ორგანოებს ფალსიფიცირებისათვის, ასევე ეცნობოს საგადასახადო ინსპექციას საქართველოს კანონით „საგადასახადო კოდექსი“ კარი III თავი 14 მუხლი 101 განსაზღვრული მოთხოვნების აღსრულებისათვის.
9. ეთხოვოს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ამ ბრძანების პუნქტი №4 შესრულების მიზნით განსაზღვროს იმ კვების პროდუქტების ნუსხა, რომელთა წარმოებისას (რეცეპტურისა და ტექნოლოგიების გათვალისწინებით) შესაძლებელია იოდირებული მარილის გამოყენება.
10. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საზღვრებზე სანიტარიულ-საკარანტინო განყოფილებებმა (პუნქტებმა) არ დაუშვან საქართველოს ტერიტორიაზე იოდირებული მარილის იმპორტი თუ ამ პროდუქციას არ გააჩნია სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის პროდუქციის ჰიგიენური რეგისტრაციისა და სერტიფიკაციის სამმართველოს მიერ გაცემული ჰიგიენური სერტიფიკატი.
11. ბრძანება გამოქვეყნდეს ცენტრალური პრესით.
12. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საქართველოს მთავარ სახელმწიფო სანიტარიულ ექიმს ნ. შავდიას.
13. ბრძანება ძალაშია 1997 წლის 1 დეკემბრიდან.
მინისტრი ა. ჯორბენაძე
დოკუმენტის კომენტარები