„ბაზარზე ზედამხედველობის წესისა და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 ნოემბრის №539 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბაზარზე ზედამხედველობის წესისა და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 ნოემბრის №539 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 343
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/10/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/10/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.024738
343
16/10/2024
ვებგვერდი, 17/10/2024
240110000.10.003.024738
„ბაზარზე ზედამხედველობის წესისა და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 ნოემბრის №539 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №343

2024 წლის 16 ოქტომბერი

   ქ. თბილისი

 

„ბაზარზე ზედამხედველობის წესისა და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 ნოემბრის №539 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (№4373-XVრს-Xმპ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „ბაზარზე ზედამხედველობის წესისა და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 ნოემბრის №539 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/11/2018, 240110000.10.003.020857) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ბაზარზე ზედამხედველობისა და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ამოღების, გამოთხოვისა და განადგურების წესის“:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. ბაზარზე ზედამხედველობის მიზანი

ბაზარზე ზედამხედველობის მიზანია:

ა) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის (შემდგომში − კოდექსი) ან/და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნებთან შეუსაბამო ან/და საფრთხის შემცველი პროდუქტის ბაზარზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ან/და აღკვეთის გზით, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოს პროდუქტით გამოწვეული ზიანისგან დაცვა;

ბ) ენერგომომხმარებელი პროდუქტის ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელება ამ წესითა და „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.

2. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბაზარზე ზედამხედველობის განსახორციელებლად, სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი პირი ვალდებულია, სააგენტოს უფროსს შესათანხმებლად წარუდგინოს ზედამხედველობის წლიური და კვარტალური გეგმა.“;

ბ)  პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: 

„11. ზედამხედველობის წლიური გეგმა მტკიცდება სააგენტოს უფროსის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და განსაზღვრავს კალენდარული წლის განმავლობაში შესამოწმებელი პრიორიტეტული პროდუქტების ნუსხასა და რაოდენობას.“;

გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ზედამხედველობის კვარტალური გეგმა მტკიცდება სააგენტოს უფროსის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც მოიცავს:

ა) ეკონომიკური ოპერატორის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს;

ბ) შესამოწმებელი პროდუქტის დასახელებას, პროდუქტის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

გ) მითითებას ზედამხედველობის განხორციელების ადგილზე. ზედამხედველობის განხორციელების ადგილად მიიჩნევა ზუსტი მისამართი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ასევე სავარაუდო (მიმდებარე) ტერიტორია, სადაც განხორციელდება ზედამხედველობა.“;

დ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბაზარზე ზედამხედველობის ფარგლებში პროდუქტის განთავსების ადგილზე შემოწმების დაწყებამდე სააგენტოს წარმომადგენელი ვალდებულია შესაბამის ეკონომიკურ ოპერატორს ან/და მის უფლებამოსილ წარმომადგენელს დაუყოვნებლივ წარუდგინოს სააგენტოს უფროსის შესაბამისი ბრძანების ასლი და განუმარტოს სააგენტოს წარმომადგენლისა და ეკონომიკური ოპერატორისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები და ვალდებულებები. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამ მუხლის მე-6 პუნქტით  გათვალისწინებულ ფარულ შესყიდვაზე.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41  პუნქტი:

„41. ზედამხედველობის განხორციელებისას სააგენტოს წარმომადგენლები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ:

ა) სპეციალური სამსახურებრივი ფორმით;

ბ) სამსახურებრივი საიდენტიფიკაციო ბარათით;

გ) სააგენტოს უფროსის შესაბამისი ბრძანებით;

დ) შემოწმების ოქმით;

ე) საჭიროების შემთხვევაში:

ე.ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმით;

ე.ბ) ნიმუშის სათავსებითა და საკმარისი რაოდენობის დასალუქი ბეჭდებით;

ე.გ) ტექნიკური შემოწმებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტებით;

ე.დ) ლაბორატორიაში ნიმუშის მიღება-ჩაბარების აქტით.“;

გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10.  ბაზარზე ზედამხედველობის შედეგები აისახება შემოწმების ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში.“.

4. მე-10 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

5. მე-10 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:

„მუხლი 101. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

1. ბაზარზე ზედამხედველობის ფარგლებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას სააგენტოს წარმომადგენლის მიერ დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება შემოწმების ადგილზე.

3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შესაძლებელია, არ შედგეს შემოწმების ადგილზე კოდექსის 427 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას, იმ შემთხვევაში, თუ:     

ა) შეუსაბამობა დადგინდება ლაბორატორიული დასკვნის საფუძველზე;

 ბ) ეკონომიკური ოპერატორი სააგენტოს არ წარუდგენს მოთხოვნილ ინფორმაციას სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში;

გ) ეკონომიკური ოპერატორის მიერ სააგენტოსთვის წარდგენილი შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი საჭიროებს დამატებით  მოკვლევას, რის ფარგლებშიც დადგინდება აღნიშნული დოკუმენტის შეუსაბამობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან.  

4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გადაეცემა ან დაუყოვნებლივ ეგზავნება სამართალდამრღვევს. იმ შემთხვევაში, თუ ამ ოქმის ჩაბარება ადრესატისთვის ვერ ხერხდება, აღნიშნული ოქმი ჩაბარებულად ჩაითვლება სააგენტოს ვებგვერდზე ამ წესის მე-17 მუხლით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.“.

6. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეკონომიკური ოპერატორი ან/და მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი უფლებამოსილია დაესწროს ნიმუშის აღების პროცესს და აღნიშნულის დასადასტურებლად ხელი მოაწეროს შემოწმების ოქმს. იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური ოპერატორი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი უარს აცხადებს ხელმოწერაზე, შესაბამისი ჩანაწერი მიეთითება შემოწმების ოქმში. ეკონომიკური ოპერატორის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შემოწმების ოქმის ხელმოწერაზე უარი არ ახდენს გავლენას შემოწმების ოქმის შედეგზე. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამ წესის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით  გათვალისწინებულ ფარულ შესყიდვაზე.“.

7. მე-11 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი:

მუხლი 111. ადმინისტრაციული სამართალწარმოება

1. ბაზარზე ზედამხედველობის ფარგლებში, პროდუქტთან დაკავშირებული შეუსაბამობის გამოვლენისას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სააგენტოში უნდა გაიმართოს ზეპირი მოსმენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. სააგენტო ვალდებულია სხდომის გამართვამდე არანაკლებ 7 დღით ადრე ეკონომიკურ ოპერატორს ან/და მის უფლებამოსილ წარმომადგენელს აცნობოს სხდომის ჩატარების თარიღი და ადგილი სხვადასხვა წყაროს გამოყენებით, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გზით. ეკონომიკური ოპერატორის ან/და მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში,  განხილვა ჩატარდება მისი/მათი დასწრების გარეშე.

3. დადასტურებული საფრთხის შემთხვევაში ლაბორატორიული დასკვნა სააგენტოში განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე, დასკვნის მიღებიდან ორი სამუშაო დღის ვადაში.

4. პროდუქტთან დაკავშირებული შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში სააგენტოში შემზღუდველი ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საკითხთან ერთად შესაძლებელია განხილულ იქნეს კოდექსის 427 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საქმე და შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების საკითხი ამ მუხლით გათვალისწინებული წესით.

5. ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება სააგენტოს უფროსის დადგენილების სახით, რაც შეიძლება, გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.  

6. კოდექსის 427 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩამდენს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება, დაედოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან არაუგვიანეს 3 თვისა, ხოლო როცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დენადია – მისი გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 3 თვისა.“.

8. მე-12 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროდუქტის დოკუმენტური ან/და ტექნიკური შემოწმების განხორციელების შემდგომ, სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი სააგენტოს უფროსს წარუდგენს მოხსენებით ბარათს დოკუმენტური ან/და ტექნიკური შემოწმების შედეგების შესახებ.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროდუქტის ბაზარზე ზედამხედველობისას, კოდექსისა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შეუსაბამობების აღმოჩენის შემთხვევაში, კოდექსის შესაბამისად, სააგენტო ეკონომიკურ ოპერატორს განუსაზღვრავს შესაბამის შემზღუდველ ღონისძიებას, რომელიც მიიღება სააგენტოს უფროსის დადგენილების სახით შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

ა) დარღვევებით გამოწვეული საფრთხეები;

ბ) შესაბამის შემთხვევებში, შესაბამისი ზიანი/ნეგატიური ზეგავლენა ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოს მიმართ;

გ) შესაბამის შემთხვევებში, საფრთხეების გავრცელების მასშტაბი;

დ) შესაბამის შემთხვევებში, ბაზარზე განთავსებული/რეალიზებული პროდუქტის რაოდენობა (ზუსტი მონაცემების არქონის შემთხვევაში, მიახლოებითი რაოდენობა);

ე) შესაბამის შემთხვევებში, პროდუქტის ბაზარზე მიწოდების ჯაჭვში ჩართული ეკონომიკური ოპერატორების შესახებ ინფორმაცია.“;

დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დადგენილება მიიღება შეუსაბამობის გამოვლენიდან არაუმეტეს 15 დღის ვადაში. ხოლო დადასტურებული საფრთხის შემთხვევაში, დადგენილება მიიღება ლაბორატორიული დასკვნის სააგენტოში წარდგენიდან ან/და დადასტურებული საფრთხის შემცველი პროდუქტის ბაზარზე აღმოჩენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.“;

ე) მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სააგენტო ვალდებულია, ბაზარზე ზედამხედველობის ფარგლებში, პროდუქტის, მასზე გამოვლენილი დადასტურებული საფრთხისა და შესაბამისი ეკონომიკური ოპერატორის შესახებ ინფორმაცია განათავსოს სააგენტოს ვებგვერდზე, შესაბამისი შემზღუდველი ღონისძიების შესახებ დადგენილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

11. იმ შემთხვევაში, თუ კოდექსით გათვალისწინებული დადგენილებების შესრულების შემოწმების შედეგად გამოვლინდა  სააგენტოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა:

ა) დგება შესაბამისი  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, იგზავნება სასამართლოში;

ბ) პროდუქტის ბაზრიდან ამოღების შესახებ დადგენილება, განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში, კოდექსის 423 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების შემდეგ,  დაუყოვნებლივ მიექცევა აღსასრულებლად „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ამის თაობაზე გაიცემა სათანადო სააღსრულებო ფურცელი.“.

9. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13. პროდუქტის რეალიზაციის შეჩერება

1. სააგენტოს წარმომადგენლის მიერ შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, ამ წესით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას, სააგენტოს მიერ განსაზღვრული შემზღუდველი ღონისძიების ეფექტიანი აღსრულებისა და შეუსაბამო პროდუქტის მიკვლევადობისთვის, ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, სააგენტოს წერილობით მიაწოდოს ყველა შემდეგი ინფორმაცია:

ა) პროდუქტის ბაზარზე მიწოდების ჯაჭვში ჩართული ყველა იმ ეკონომიკური ოპერატორის შესახებ, რომლისგანაც მიიღო ან/და რომელსაც გადასცა პროდუქტი, შესაბამისი თარიღის მითითებით;

ბ) იმ პროდუქტების ნებისმიერი საიდენტიფიკაციო მონაცემის, მათ შორის, მოდელის, სერიის, პარტიის შესახებ, რომელიც მიიღო ან/და გადასცა სხვა ეკონომიკურ ოპერატორს;

გ) მის მიერ მიღებული ან/და მის მიერ უკვე რეალიზებული, მათ შორის, სხვა ეკონომიკური ოპერატორისთვის გადაცემული და დარჩენილი პროდუქტების რაოდენობის შესახებ.

2. რეალიზაციის შეჩერების შესახებ დადგენილება უნდა შეიცავდეს პროდუქტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, რაოდენობისა და გამოვლენილი შეუსაბამობის შესახებ ინფორმაციას, რომლის გამოსწორებამდეც  ეკონომიკურ ოპერატორს ეკრძალება პროდუქტის რეალიზაცია.

3. პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების შესახებ დადგენილების საფუძველზე, ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, აღკვეთოს შეუსაბამო პროდუქტის ბაზარზე ხელმისაწვდომობა.

4. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, რეალიზაციის შეჩერების შესახებ დადგენილების შესაბამისად, პროდუქტის რეალიზაციის შეჩერებისა და აღმოფხვრილი შეუსაბამობების შესახებ ინფორმაცია წერილობითი ფორმით მიაწოდოს სააგენტოს რეალიზაციის შეჩერების შესახებ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში. 

5. სააგენტო ვალდებულია, გადაამოწმოს ეკონომიკური ოპერატორის მიერ რეალიზაციის შეჩერების ან გონივრულ ვადაში შეუსაბამობების აღმოფხვრის ფაქტი.“.

10. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროდუქტის ბაზრიდან ამოღების შესახებ დადგენილების საფუძველზე, ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია დადასტურებული საფრთხის შემცველი ან/და რეგლამენტის მოთხოვნებთან შეუსაბამო პროდუქტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს ყველა იმ ეკონომიკურ ოპერატორს, რომლებისგანაც მიიღო და რომლებსაც გადასცა პროდუქტი და უზრუნველყოს სხვა ეკონომიკური ოპერატორისთვის უკვე მიწოდებული პროდუქტის უკან დაბრუნება.“.

11. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროდუქტის ბაზრიდან გამოთხოვის მიზნით ეკონომიკურ ოპერატორს ეკისრება ამ წესის მე-14 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და, ასევე, სააგენტოს მიერ მისთვის დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით, ინფორმაციის იმ მომხმარებლებისთვის მიწოდება, რომლებსაც გადასცა პროდუქტი. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს:

ა) შემდეგ სათაურს: „პროდუქტის გამოთხოვა უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე“;

ბ) შესაბამისი საფრთხის შემცველი პროდუქტის დეტალურ აღწერას, რომელიც მოიცავს:

ბ.ა) პროდუქტის ფოტოსურათს, სახელწოდებასა და ბრენდის სახელს;

ბ.ბ) პროდუქტის პარტიის/სერიის მაიდენტიფიცერებელ მონაცემებს;

გ) პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხეების დეტალურ აღწერას. დაუშვებელია შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება, მათ შორის, შემდეგი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენება: „ნებაყოფლობითი“, „პრევენციული“, „დისკრეციული“, „იშვიათი“, „სპეციფიკურ შემთხვევებში“ ან/და იმის მითითება, რომ უბედური შემთხვევა არ დაფიქსირებულა;

დ) განსახორციელებელი ღონისძიებების აღწერას, მათ შორის, მითითებას პროდუქტის გამოყენების დაუყოვნებლივ შეწყვეტის თაობაზე;

ე) გამოთხოვის პირობებსა და შესაბამის ვადებს;

ვ) საკონტაქტო ინფორმაციას, რომლითაც შესაძლებელი იქნება დამატებითი ინფორმაციის მიღება  ქართულ ენაზე.“.

12. მე-16 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 მუხლი:

„მუხლი 17. სააგენტოს დადგენილებებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარებისა და საჯაროდ გამოქვეყნების წესი

1. კოდექსის 191 მუხლის 22-ე ნაწილითა და 427 მუხლით გათვალისწინებული დადგენილებები, ასევე კოდექსის 427 მუხლის საფუძველზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შესაბამის ეკონომიკურ ოპერატორს ეგზავნება ფოსტის მეშვეობით რეგისტრაციის ადგილის ან/და პროდუქტის რეალიზაციის ადგილის მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული დადგენილება ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადრესატს ბარდება ხელზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დადგენილება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ ეკონომიკური ოპერატორი ან/და მისი წარმომადგენელი უარს განაცხადებს მათ ჩაბარებაზე.

3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარება ადრესატისთვის ვერ ხერხდება ამ მუხლის პირველი ან/და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით, გზავნილის დაბრუნების შემდეგ სააგენტო უზრუნველყოფს მათ გამოქვეყნებას სააგენტოს ვებგვერდზე – www.msa.gov.ge, არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა.

4. საჯაროდ გამოქვეყნების შემთხვევაში, კოდექსის 191 მუხლის 22-ე ნაწილით გათვალისწინებული დადგენილებები და კოდექსის 427 მუხლის საფუძველზე შედგენილი  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი პირისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება ამ მუხლით დადგენილი წესით სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე, ხოლო კოდექსის 427 მუხლით გათვალისწინებული დადგენილებები პირისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება ამ მუხლით დადგენილი წესით სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დადგენილება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი  სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდიდან წაიშლება მისი ამ მუხლით დადგენილი წესით გამოქვეყნებიდან 90 კალენდარული დღის გასვლისთანავე, ხოლო ეკონომიკური ოპერატორის მიერ დადგენილებით დაკისრებული ვალდებულების სრულად შესრულების შემთხვევაში, შესაბამისი დადგენილება/ოქმი სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდიდან წაიშლება დადგენილების შესრულების სააგენტოს მხრიდან დადასტურებისთანავე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე