საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს „პერიოდული ბეჭდვითი გამოცემების ხელმოწერით გავრცელების წესები“

საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს „პერიოდული ბეჭდვითი გამოცემების ხელმოწერით გავრცელების წესები“
დოკუმენტის ნომერი 01/136/84
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 28/11/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, -, 03/12/1997
სარეგისტრაციო კოდი 000001800.12.003.000129
01/136/84
28/11/1997
გამოუქვეყნებელი, -, 03/12/1997
000001800.12.003.000129
საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს „პერიოდული ბეჭდვითი გამოცემების ხელმოწერით გავრცელების წესები“
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

საქართველოს კავშირგაბმულობისა და

ფოსტის მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრის

ბრძანება №01/136/84

1997 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს „პერიოდული ბეჭდვითი გამოცემების ხელმოწერით გავრცელების წესები“

 

თავი I

ზოგადი დებულებანი

 

მუხლი 1.

პერიოდული ბეჭდვითი გამოცემების ხელმოწერით გავრცელების წესები (შემდგომში - წესები) განსაზღვრავს რედაქციის, გამომცემლის, გამავრცელებლისა და ხელმომწერთა უფლებებსა და მოვალეობებს პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ხელმოწერით გავრცელებისას.

წინამდებარე წესები შემუშავებულია საქართველოს „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალები შესახებ“ და „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონების საფუძველზე.

მუხლი 2.

წინამდებარე წესები ვრცელდება ყველა მეურნე სუბიექტზე (რედაქციები, პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის გამომცემლები, საფოსტო კავშირის ორგანიზაციები და დაწესებულებები, სხვა ორგანიზაციები), მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა, აგრეთვე ინდივიდუალურ მეწარმეებზე, რომლებიც ეწევიან საქმიანობას პერიოდული ბეჭდვითი გამოცემების გამზადების და გავრცელების სფეროში საქართველოს ტერიტორიაზე.

მუხლი 3.

რედაქციები, გამომცემლები, გამავრცელებლები, საფოსტო კავშირის საწარმოები და სხვა დაწესებულებები, ორგანიზაციები, აგრეთვე ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებიც ეწევიან თავიანთ საქმიანობას პერიოდული ბეჭდვითი გამოცემების დამზადებისა და გავრცელების სფეროში საქართველოს ტერიტორიაზე ვალდებულნი არიან დაიცვან წინამდებარე წესები.

მუხლი 4.  

პერიოდული ბეჭდვითი გამოცემების ხელმოწერით გავრცელებას ეწევა მხოლოდ ის პერიოდული ბეჭდვითი გამოცემების ხელმოწერით გამავრცელებელი, რომელსაც საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროსგან მიღებული აქვს ხელმომწერის მომსახურების სპეციალური ნებართვა (ლიცენზია).

მუხლი 5.

წინამდებარე წესებში გამოყენებულია შემდეგი ტერმინები და განსაზღვრებები:

„ხელმოწერა“ – წინასწარი გადახდის საფუძველზე, გარკვეული ვადით ინდექსირებულ გამოცემებზე ხელმოწერის გაფორმება (ნაღდი და უნაღდო) და მომსახურების გაწევა პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის კომპლექტის ადგილზე მიტანით, რომელიც განკუთვნილია გამოშვებისათვის გარკვეული პერიოდულობით.

„პერიოდული ბეჭდვითი გამოცემების ხელმოწერის ტირაჟის განაწილება“  ურთიერთობების წესი და პირობები რედაქციის, გამომცემლობის, გამავრცელებლისა და ხელმომწერს შორის შეკვეთების შედგენისა და დამუშავების, მაგისტრალური და შიდა რეგიონალური გადაზიდვებისა და პერიოდული ბეჭდვითი გამოცემების ტირაჟის ადგილზე მიტანის დროს;

„ხელმომწერი“  ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აფორმებს ხელმოწერას პერიოდული ბეჭდვით გამოცემაზე.

„პერიოდული ბეჭდვითი გამოცემების ხელმოწერით გამავრცელებელი“  იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც რედაქციასთან, გამომცემელთან ხელშეკრულებით ან სხვა კანონიერ საფუძველზე ახდენს პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის გავრცელებას ადგილზე მიტანით (განაწილებით) ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პერიოდის განმავლობაში.

„პერიოდული ბეჭდვით გამოცემაზე ხელმოწერის მიღება“  პერიოდულ ბეჭდვით ინდექსირებულ გამოცემებზე ხელმოწერის გაფორმება აბონემენტით ან ქვითრით, რომელიც ადასტურებს ხელმოწერის მიღების ფაქტსა და ვადას, თანხის გადახდას, პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის დასახელებასა და ხელმომწერის მისამართს (საფოსტო ინდექსის ჩვენებით), აგრეთვე გამოწერილი გამოცემის ადგილზე მიტანას.

„პერიოდული ბეჭდვითი გამოცემების ხელმოწერაზე მისამართის შეცვლა“  პერიოდულ ბეჭდვით გამოცემებზე ხელმოწერის გადაფორმება ახალ მისამართზე.

„პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაზე ხელმოწერის გაუქმება“  გაფორმებული ხელმოწერის ადგილზე მიტანით მომსახურების ხელშეკრულების დარღვევა.

თავი II

პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ხელმოწერით გავრცელების ძირითადი პრინციპები

მუხლი 6.

პერიოდული ბეჭდვითი გამოცემების გავრცელება ხორციელდება საბარათო სისტემით.

საბარათო სისტემით გავრცელებისას პერიოდული ბეჭდვითი გამოცემები გამავრცელებლის საქალაქო და რაიონულ პუნქტებში იგზავნება საერთო რაოდენობით, მათი შემდგომი დამუშავების, დახარისხებისა და მისამართზე მიტანისათვის.

მუხლი 7.

ხელმოწერის პირობებს (გავრცელების წესს, გავრცელების ტერიტორიას, გამოცემის მოცულობას, გამოცემის პერიოდულობას, მინიმალურ და მაქსიმალურ პერიოდებს) ადგენენ რედაქციები, გამომცემლობები და გამავრცელებლები ერთობლივად.

მუხლი 8.

ხელმოწერის წესს (პერიოდულად ბეჭდვით გამოცემებზე ხელმოწერა და შეკვეთა, გამოცემის მიღების ადგილი და მისი თავისებურებანი) ადგენს გამავრცელებელი.

მუხლი 9.

პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ხელმოწერისა და საგამომცემლო ფასს (საკატალოგო) ადგენენ რედაქციები, გამომცემლობები და გამავრცელებლები, ხოლო ადგილზე მიტანის ფასს - გამავრცელებელ რედაქციასა და გამომცემელთან შეთანხმებით.

მუხლი 10.

პერიოდულ ბეჭდვით გამოცემებზე ხელმოწერის წესსა და პირობებზე მოსახლეობის ინფორმირებას ახორციელებენ რედაქციები, გამომცემლები, გამავრცელებლები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით, როგორც ხელმოწერის კამპანიის რეკლამის დაწყებამდე,  აგრეთვე მისი მიმდინარეობის დროს.

თავი III

რედაქციების, გამომცემლების უფლებები და მოვალეობები

მუხლი 11.

რედაქცია დებს ხელშეკრულებას გამავრცელებელთან პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ხელმოწერით გავრცელების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს გავრცელების პირობებს და წესს, ხელმოწერის ტირაჟსა და გამოსვლის გრაფიკს. მხარეები აწარმოებენ მოლაპარაკებას ურთიერთპასუხისმგებლობასა და სადავო საკითხების გადაწყვეტაზე.

მუხლი 12.

რედაქცია, გამომცემელი ვალდებულია ხელმოწერის დაწყებამდე მიაწოდოს გამავრცელებელს ხელმოწერაზე სარწმუნო ინფომრაცია პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის შესახებ (მისი ძირითადი სამომხმარებლო თვისებების აღწერის ჩათვლით), რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის არჩევანის გაკეთებას.

მუხლი 13.

რედაქცია, გამომცემელი თავისი ხარჯებით აცნობებს ხელმომწერს, დამოუკიდებლად ან გამავრცელებლის მეშვეობით, პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის პოლიგრაფიული წუნის მქონე ეგზემპლარების გამოცვლის პირობებსა და წესს.

მუხლი 14.

რედაქციის, გამომცემლის მიერ ხელმოწერის გაუქმება შეიძლება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

თავი IV

გამავრცელებლის უფლებები და მოვალეობები

მუხლი 15.

რედაქციასთან, გამომცემელთან პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ხელმოწერით გავრცელების შესახებ ხელშეკრულების დადებისას გამავრცელებელი ვალდებულია მოითხოვოს გამოცემის რეგისტრაციის მოწმობის ასლი.

მუხლი 16.

გამავრცელებელი აუცილებლობის შემთხვევაში პერიოდულ ბეჭდვით გამოცემებს ანიჭებს სახელმწიფო ინდექსს და გამოსცემს შესაბამის კატალოგებს. კატალოგებში მითითებული უნდა იყოს რედაქციის, გამომცემლის მისამართი და ტელეფონის ნომერი.

მუხლი 17.

ხელმოწერის მიღების პუნქტების მუშაობის რეჟიმი, თუ ისინი არიან კავშირგაბმულობისა და ფოსტის სახელმწიფო საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები დგინდება საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ.

ხელმოწერის მიღების პუნქტების მუშაობის რეჟიმს, თუ ისინი ეკუთვნიან საწარმოებს, რომელთა საკუთრების ფორმა სხვაა, ადგენს მფლობელი საწარმო ან მისი უფლებამოსილებით აღჭურვილი ორგანოები.

მუხლი 18.

გამავრცელებელი ვალდებულია ხელმოწერის დაწყებამდე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია ხელმოწერის მიმღები პუნქტების მუშაობის რეჟიმისა და ადგილმდებარეობის, ხელმოწერის ვადების, ხელმოწერის ფასების, პერიოდული ბეჭდვითი გამოცემების ადგილზე მიტანის ვადის შესახებ.

ხელმოწერის მიმღები პუნქტები ვალდებულნი არიან გამოფინონ აბრები თავიანთი საქმიანობის, პროფილისა და ორგანიზაციის ფორმის დასახელებით, თუ ასეთი არსებობს, მუშაობის რეჟიმის აღნიშვნით. ხელმოწერისას პუნქტები ვალდებულნი არიან აბრაზე აღნიშნონ გამავრცელებლის იურიდიული მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

მუხლი 19.

გამავრცელებელი უზრუნველყოფს ხელმოწერის მიღებას მოსახლეობასგან, საწარმოებისაგან, დაწესებულებებისაგან, ორგანიზაციებისაგან კატალოგის მიხედვით.

მუხლი 20.

გამავრცელებელი ვალდებულია უზრუნველყოს პერიოდული ბეჭდვითი გამოცემების ადგილზე მიტანა დათქმულ ვადებში.

მუხლი 21.

პერიოდულ ბეჭდვით გამოცემებზე ხელმოწერის მიღებისა და ტირაჟის ადგილზე მიტანისას დამატებითი გადასახადის გადახდის შემთხვევაში, გამავრცელებელს შეუძლია გასწიოს: დამატებითი მომსახურება (პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის შენახვა, პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის სხვა მისამართზე გადაგზავნა, ხელმოწერის დოკუმენტების ხელმომწერის მაგიერ შევსება, ხელმოწერის მიღება გამავრცელებლის სახლში გამოძახებით და სხვა).

თავი V

ხელმომწერის უფლებები და მოვალეობები

მუხლი 22.

ხელმომწერის უფლებების დაცვა ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 23.

ხელმომწერს უფლება აქვს მოითხოვოს გამავრცელებლისაგან სარწმუნო ინფორმაცია მისი საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის შესახებ; პერიოდული ბეჭდვითი გამოცემებს, რომელსაც იგი ავრცელებს დამატებითი მომსახურების ფორმების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია, აგრეთვე წინამდებარე წესები უნდა მიეწოდოს ხელმომწერს თვალსაჩინო და ხელმისაწვდომი ფორმით.

მუხლი 24.

ხელმომწერს უფლება აქვს გამოიწეროს პერიოდული ბეჭდვითი გამოცემა სრული ვადით, ვადის ნაწილით ან წყვეტილი ვადით.

მუხლი 25.

ხელმომწერს უფლება აქვს ხელმოწერის საფასური გადაიხადოს როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

მუხლი 26.

ხელმომწერს უფლება აქვს გააუქმოს ხელმოწერა გამავრცელებლის მიერ ადრე გაწეული სამუშაოს ღირებულებისა და ხელმოწერის გაუქმებით მიყენებული ზარალის ანაზღაურების პირობით.

მუხლი 27.

ხელმომწერი ვალდებულია იხელმძღვანელოს ხელმოწერის დოკუმენტების შევსების გამავრცელებლის მიერ დადგენილი წესით. ხელმომწერის მიერ ამ მოთხოვნების დაუცველობის შემთხვევაში, გამავრცელებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან.

მუხლი 28.

ხელმოწერის გაფორმებისას გამავრცელებელი ვალდებულია გასცეს დოკუმენტი (აბონემენტი), რომელიც ადასტურებს ხელმოწერის ფაქტსა და ვადას, პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის დასახელებისა და მიღების მისამართის აღნიშვნით. ხელმომწერის ყველა პრეტენზია განიხილება მხოლოდ ასეთი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.

მუხლი 29.

პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის პოლიგრაფიული წუნის მქონე ეგზემპლარის მიღებისას, მომხმარებელს უფლება აქვს წარუდგინოს რედაქციას პრეტენზია გამომცემლის ან გამავრცელებლის პირგასამტეხლოსა და ზარალის ანაზღაურებაზე.

მუხლი 30.

გამავრცელებლის მიერ ადრე გამოცხადებული პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ადგილზე მიტანის (განაწილების) ვადების შეუსრულებლობის, მათი დაგვიანებით გამოსვლის შემთხვევაში, ხელმომწერს უფლება აქვს წარუდგინოს პრეტენზია რედაქციას, გამომცემელს, გამავრცელებელსა და მოითხოვოს პირგასამტეხლო და ზარალის ანაზღაურება.

მუხლი 31.

პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის მიუღებლობის ან მისი დაგვიანებით მიღების შემთხვევაში, მომხმარებელს აქვს უფლება თავისი არჩევანის მიხედვით დანიშნოს გამოცემის მიღების ახალი ვადა, მოითხოვოს ეგზემპლარის სახელმწიფო ღირებულების დაბრუნება, ზარალის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეული იყო ეგზემპლარის შეძენით სხვა პირისაგან, ხელმოწერის გაუქმება და მისი საფასურის დაბრუნება.

მუხლი 32.

პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის პოლიგრაფიული წუნის მქონე ეგზემპლარის მიღების შემთხვევაში, თუ დაკარგულია სასაქონლო სახე, ხელმომწერს უფლება აქვს მოითხოვოს: ეგზემპლარის გამოცვლა, ზარალის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეულია ეგზემპლარის შეძენით მესამე პირთან, ეგზემპლარის ღირებულების დაბრუნება, ხელშეკრულების გაუქმება და ზარალის ანაზღაურება.

მუხლი 33.

ხელმოწერების მიერ წარდგენილი პრეტენზიების მიღება პოლიგრაფიული წუნის მქონე ეგზემპლარების მიღების ან მიუღებლობის შემთხვევაში, ხდება ერთი თვის ვადაში, ხოლო წიგნებსა და ჟურნალებზე გეგმიური გამოსვლის დღიდან - ორი თვის ვადაში.

მუხლი 34.

გამავრცელებელს უფლება არა აქვს ხელმომწერს თავს მოახვიოს დამატებითი მომსახურება, რომლისათვისაც გათვალისწინებულია დამატებითი გადასახადი, ხელმომწერს უფლება აქვს მოითხოვოს ის თანხა, რომელიც მისი ნებართვის გარეშე იყო აღებული დამატებითი მომსახურებისათვის.

თავი VI

მხარეთა პასუხისმგებლობა

მუხლი 35.

რედაქცია, გამომცემელი პასუხისმგებელია ხელმომწერის წინაშე პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის დროული გამოსვლისათვის. პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის გამოსვლაში შეფერხების ან მოცულობის შეცვლის შემთხვევაში რედაქცია, გამომცემელი ვალდებულია დროულად აცნობოს ამის შესახებ გამავრცელებელს წერილობითა და ხელმომწერთ - მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.

მუხლი 36.

პოლიგრაფიული წუნის მქონე, სასაქონლო სახე დაკარგული პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის შეცვლა ხდება წარდგენილი სათანადო მოთხოვნის საფუძველზე და იგი უნდა შესრულდეს დაუყოვნებლივ.

აღნიშნული წუნიანი ეგზემპლარის დაუყოვნებლივ გამოცვლის შეუძლებლობის შემთხვევაში, გამოცვლა უნდა მოხდეს სათანადო მოთხოვნის წარდგენიდან ერთი თვის განმავლობაში.

წარდგენილი მოთხოვნის შესრულების ვადის გადაცილების ყოველი დღისათვის რედაქცია, გამომცემელი იხდის პირგასამტეხლოს ხელმოწერის უხარისხო ეგზემპლარის საერთო ღირებულების 1%-ის ოდენობით უხარისხო ეგზემპლარის გამოცვლამდე ან ხელმომწერის მიერ სხვა მოთხოვნის წამოყენებამდე, რომელიც გათვალისწინებულია ამ წესების მე-11 მუხლით.

მუხლი 37.

პერიოდული ბეჭდვითი გამოცემა, რომელიც ხელმომწერმა არ მიიღო შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც წარედგინება გამავრცელებელს ან რედაქციას, გამომცემელს, უნდა იყოს მიტანილი ადგილზე ახალი ვადების გათვალისწინებით, რომელსაც ნიშნავს ხელმომწერი.

გამოცემის ეგზემპლარის დაუყოვნებლივ მიტანის შეუძლებლობის შემთხვევაში, იგი უნდა გადაეცეს ხელმომწერს ერთი თვის ვადაში მოთხოვნის წარდგენის დღიდან.

მოთხოვნის შესრულების ვადის გადაცილების ყოველი დღისათვის გამავრცელებელმა ან რედაქციამ, გამომცემელმა უნდა გადაიხადოს პირგასამტეხლო ადგილზე მიტანის მომსახურების ღირებულების 1%-ის ოდენობით  მომსახურების განახლებამდე ან ხელმომწერის მიერ ახალი მოთხოვნის წარდგენამდე, რომელიც გათვალისწინებულია ამ წესების III თავის მიხედვით.

მუხლი 38.

ზარალი, რომელიც განიცადა ხელმომწერმა პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის გამოუსვლელობით, დროულად მიუღებლობით, სასაქონლო სახედაკარგული პოლიგრაფიული წუნის მქონე ეგზემპლარის მიღებით, ექვემდებარება სრულ ანაზღაურებას.

მუხლი 39.

პირგასამტეხლოსა და ზარალის ანაზღაურების გადახდა არ ათავისუფლებს რედაქციას, გამომცემელს, გამავრცელებელს ადრე აღებული ვალდებულებების შესრულებისაგან.

მუხლი 40.

პირგასამტეხლო, რომელიც გადაეხდება ხელმომწერს, არ უნდა აჭარბებდეს პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ღირებულებას ამოღების მომენტში.

მუხლი 41.

რედაქცია, გამომცემელი და გამავრცელებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან ხელმომწერის წინაშე, თუ მათ თავიანთი მოვალეობა ვერ შეასრულეს სტიქიით, ხანძრით, მიწისძვრითა და კატასტროფით (უბედურებით) გამოწვეული მიზეზებით, აგრეთვე იმ მიზეზებით, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 42.

პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის უშუალოდ გამავრცელებლისაგან მიღებით ხელმოწერის გაფორმების შემთხვევაში, მას ეკისრება გამავრცელებლისათვის პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის შენახვით მიყენებული ზარალის ანაზღაურება.

მუხლი 43.

პასუხისმგებლობა რედაქციას, გამომცემელსა და გამავრცელებელს შორის განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ამ წესების მე-14 და მე-15 მუხლების შესაბამისად რედაქციები, გამომცემლები და გამავრცელებლები თავიანთი მოვალეობის შესრულებისათვის პასუხს აგებენ მოქალაქე-ხელმომწერთა წინაშე.

რედაქციების, გამომცემლობისა და გამავრცელებლის პასუხისმგებლობა ხელმომწერთა წინაშე, რომელებიც იურიდიული პირები არიან, განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით.

მუხლი 44.

უთანხმოებანი, რომელიც დაკავშირებულია პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ხელმოწერით მიღებასთან, განიხილება სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 45.

წინამდებარე წესების სისტემატური უხეში დარღვევისათვის მეურნე სუბიექტს, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება ჩამოერთვას პერიოდული ბეჭდვითი გამოცემების ხელმომწერით გავრცელების უფლება (ლიცენზია).

თავი VII

კონტროლი

მუხლი 46.

წინამდებარე წესების დაცვაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

მუხლი 47.

„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის თანახმად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

თავი VIII

წესების ამოქმედების ვადები

მუხლი 48.

წინამდებარე წესები ამოქმედდეს 1998 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს კავშირგაბმულობისა და              საქართველოს ეკონომიკის

ფოსტის მინისტრი                                                 მინისტრი

ფრ. ინჯია                                                             ვ. პაპავა