დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
1996 წლის „29“ 02 სახელმწიფო ქონების აუქციონით გაყიდვის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1-3/27 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 29/02/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 21/03/1996 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000020.01(2).000.000083 |
საქართველოს რესპუბლიკის
სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის
ბრძანება №1-3/27
1996 წლის 29 თებერვალი
ქ. თბილისი
1996 წლის „29“ 02 სახელმწიფო ქონების აუქციონით გაყიდვის შესახებ
სახელმწიფო ქონების აუქციონით გაყიდვის მოწესრიგების მიზნით ვბრძანებ:
დამტკიცდეს სახელმწიფო ქონების აუქციონით გაყიდვის წესი.
სახელწმიფო ქონების აუქციონით გაყიდვის წესი
1. ზოგადი ნაწილი
1.1.წინამდებარე წესი შემუშავებულია „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონისა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 29 მაისის №612 დადგენილებით დამტკიცებულ „სახელმწიფო ქონების აუქციონით გაყიდვის შესახებ „დებულების შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების აუქციონით გაყიდვის ძირითად წესებს (შემდგომში „აუქციონი) ასევე გამყიდველების, მყიდველებისა და აუქციონის სხვა მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს.
1.2. „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ კანონის შესაბამისად აუქციონით გაყიდვის გადაწყვეტილებას მიიღებენ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო (შემდგომში „სამინისტრო“) ან მისი ტერიტორიული ორგანო.
1.3. აუქციონზე გასატან სახელმწიფო ქონებას შეადგენს საწარმოები (გაერთიანებები), მათი ქვედანაყოფები, საწარმოო და არასაწარმოო ფასეულობათა ერთიანი ქონებრივი კომპლექსები, აგრეთვე სააქციო საზოგადოებაში (სხვა საზოგადოებაში) - სახელმწიფოს კუთვნილი აქციები (წილი, პაი).
1.4. აუქციონზე შეიძლება გაიყიდოს სახელმწიფო ქონების ცალკეული სახეობებიც, რომლებიც არ ქმნიან ერთიან ქონებრივ კომპლექსს. იმ შემთხვევაში, თუ ხდება შესაბამისი სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საწარმოს, მისი ქვედანაყოფების ან ფილიალების რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია - სამინისტროს ან მისი ორგანოების გადაწყვეტილებით.
1.5. აუქციონზე სახელმწიფო ქონების გამყიდველი არის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო. მათ შეუძლიათ შეასრულონ გამყიდველის ფუნქციები უშუალოდ, ან შუამავლის საშუალებით, რომელსაც მინიჭებული ექნება გამყიდველი უფლებამოსილება და იმოქმედებს პრივატიზაციის შესახებ რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.
1.6. სახელმწიფო საკუთრების საწარმოების, სააქციო საზოგადოებებისა და ამხანაგობების საწესდებო კაპიტალში წილის (პაის, აქციების) მყიდველები შეიძლება იყვნენ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქენი ან მოქალაქეთა გაერთიანებები, საზღვარგარეთის ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირები, აგრეთვე ის არასახელმწიფო იურიდიული პირები, რომელთა საწესდებო კაპიტალში სახელმწიფოს, ხელისუფლების და მმართველობის ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, საქველმოქმედო და სხვა საზოგადოებრივი ფონდების, რელიგიური ორგანიზაციების წილი შეადგენს 25 პროცენტზე ნაკლებს. სხვა შემთხვევაში ყიდვა - გაყიდვის ხელშეკრულება ბათილად ჩაითვლება.
1.7. მონაცემები იმ პირთა შესახებ, რომლებმაც წარმოადგინეს განაცხადები აუქციონში მონაწილეობაზე, არ ექვემდებარება გამოქვეყნებას აუქციონის დაწყების მომენტამდე.
2. აუქციონის გამოცხადება
2.1. აუქციონის ორგანიზატორი შეიძლება იყოს სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო ან მათ მიერ უფლებამოსილი წარმომადგენელი (შუამავალი).
2.2. იმ შემთხვევაში, როცა გამყიდველი აუქციონის ორგანიზატორის ფუნქციებს გადასცემს შუამავალს, მათ შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს:
- სახელმწიფო საკუთრების ობიექტის ან ქონების ცალკეული სახეობის საწყისი ფასი.
- აუქციონის ჩატარების ვადები.
- აუქციონზე გასაყიდი ობიექტების შესახებ შუამავლისათვის წარმოდგენილი აუცილებელი ინფორმაციის ნუსხა და აუქციონის მონაწილეთათვის ამ ინფორმაციის მიწოდების წესი.
- შუამავლისათვის ავანსისა და საკომისიო ანაზღაურების ოდენობა და მისი გაცემის წესი.
- ურთიერთვალდებულებანი და მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის.
- სხვა პირობები გამყიდველის შეხედულებისამებრ.
2.3. ყოველი აუქციონის დაწყებამდე, არაუგვიანეს ერთი თვისა, აუქციონის შუამავალი (შემდგომში „ორგანიზატორი“), გამყიდველისაგან ღებულობს და აქვეყნებს ინფორმაციას აუქციონის შესახებ. უზრუნველყოფს მის რეკლამას, ამზადებს დარბაზს აუქციონისათვის და ზრუნავს იმ პერსონალის მომზადებისათვის, რომლებიც მოემსახურებიან აუქციონს.
2.4. საინფორმაციო ცნობა უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
- აუქციონის ჩატარების თარიღს;
- გასაყიდი ქონების საწყისი ღირებულება;
- აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღების ვადებსა და ადგილს;
- ბეს მოცულობას და შეტანის წესს;
- გამყიდველისა და ორგანიზატორის საკონტაქტო ტელეფონის ნომრებს და მისამართებს;
აგრეთვე:
ა) საწარმოს გაყიდვის შემთხვევაში:
- საწარმოს დასახელება და იურიდიული მისამართი;
- დაკავებული მიწის ფართობი;
- საწარმოს პროფილი;
- ძირითადი ფონდების საბალანსო ღირებულება;
- სახელმწიფოს წილი საწესდებო კაპიტალში;
ბ) აქციათა პაკეტის გაყიდვის შემთხვევაში:
- სააქციო საზოგადოების დასახელება და იურიდიული მისამართი;
- გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობა;
- ერთი აქციის ნომინალური ღირებულება;
- აუქციონზე გასაყიდად გატანილი აქციების რაოდენობა და ნომინალური ღირებულება;
დამატებითი ინფორმაციის ნუსხასა და მიწოდების ფორმას განსაზღვრავს გამყიდველი.
2.5. ორგანიზატორმა უნდა მოამზადოს კადრები აუქციონის ჩასატარებლად, მოიწვიოს ან მოამზადოს აუქციონისტი, რომელმაც უნდა წარმართოს ვაჭრობა.
ორგანიზატორი პასუხისმგებელია აუქციონის სწორად და ნორმალურად ჩატარებაზე.
2.6. ორგანიზატორი ქმნის სააუქციონო კომისას 3-5 წევრისაგან, რომელშიც უნდა მონაწილეობდეს გამყიდველის ერთი წარმომადგენელი მაინც.
3. აუქციონში მონაწილეობის პირობები
3.1. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება იწყება აუქციონის გამოცხადების დღიდან და წყდება 24 საათით ადრე აუქციონის დაწყებამდე. განაცხადები მიიღება იმავე შენობაში სადაც განსაზღვრული აუქციონის ჩატარება.
აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველმა (შემდგომში „მყიდველმა“), აუქციონის რეგისტრატორს უნდა წარუდგინოს:
- შევსებული განაცხადის ფორმა;
- ბეს შეტანის ცნობა;
- სახელმწიფო ბაჟის დადგენილი ოდენობით გადახდის ქვითარი;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
- მინდობილობა, თუ იგი მოქმედებს იურიდიული ან სხვა ფიზიკური პირის სახელით;
გაიაროს წინასწარი რეგისტრაცია და მიიღოს „მონაწილის ბილეთი“.
განაცხადის ფორმები, ორგანიზატორის მიერ გაიცემა ყველა მყიდველზე. განაცხადის ფორმას თან ერთვის იმ იურიდიული დოკუმენტების ნიმუშები, რომლებზეც ხელი უნდა მოაწეროს მონაწილემ.
განაცხადი შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე და იმ ობიექტის დასახელებას რომლის შეძენაც სურს მას.
3.2. წინასწარი რეგისტრაციის გავლამდე, მყიდველმა გამყიდველის მომსახურე ბანკში უნდა შეიტანოს ბე, ნაღდად ან გადარიცხვით, სახელმწიფო საკუთრების ობიექტის ან ქონების ცალკეული სახეობების საწყისი ფასის არანაკლებ ათი პროცენტის ოდენობით.
იმ მყიდველმა, რომელსაც სურს მიიღოს მონაწილეობა რამდენიმე სახელმწიფო საკუთრების ობიექტის ან ქონების ცალკეული სახეობების ვაჭრობაში, უნდა გადაიხადოს ბე ცალ-ცალკე ყველა საწარმოსათვის. ბეს გადახდის დამადასტურებლად მას მიეცემა საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა.
3.3. ფიზიკური ან იურიდიული პირის ნდობით აღჭურვილმა პირმა (შემდგომში „წარმომადგენელი“), დამატებით უნდა წარმოადგინოს მინდობილობა, რომ მას აქვს უფლებამოსილება ხელი მოაწეროს ყველა იურიდიულ ხელშეკრულებას აუქციონთან დაკავშირებით. იურიდიულ ან ფიზიკურ პირს შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი.
3.4. იურიდიული პირის წარმოდგენილმა, როგორც წესი, ზემოთაღნიშნული დოკუმენტებს უნდა დაურთოს დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ საწესდებო კაპიტალში, იმ ორგანიზაციისა, რომელსაც იგი წარმოადგენს, სახელწმიფოს, რელიგიური ან საზოგადოებრივი ორგანიზაციების წილი არ აღემატება 25 პროცენტს (სადამფუძნებლო დოკუმენტაცია). საინვესტიციო ფონდებმა უნდა წარმოადგინონ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის ასლი.
3.5. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, მყიდველი იღებს „მონაწილის ბილეთს“ (რომლის ფასს ადგენს „ორგანიზატორი“), რის შედეგადაც იგი ღებულობს მონაწილის სტატუსს.
3.6. აუქციონის რეგისტრატორი „აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში“ აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „მონაწილეზე“, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტებს და გაფორმებულ ბილეთს გადასცემს მონაწილეს პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად.
4. აუქციონი
4.1. მონაწილე, აუქციონის დაწყებამდე 15 წუთით ადრე შედის დარბაზში, წარუდგენს ბილეთს აუქციონის რეგისტრატორს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
4.2. აუქციონზე დასწრების მსურველები იღებენ აუქციონზე შესასვლელ ბილეთს რომლის ფასსაც ადგენს ორგანიზატორი) და შედიან დარბაზში.
4.3. რეგისტრატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განაცხადების რაოდენობას, რითაც აზუსტებს, რამდენი მონაწილეა ესწრება თითოეულ ლოტს.
4.4. აუქციონს ატარებს მეაუქციონე, რომელსაც ნიშნავს ორგანიზატორი.
4.5. თითოეულ ობიექტზე, ვაჭრობის დაწყებისას, მეაუქციონე აცხადებს სახელმწიფო საწარმოს დასახლებას, შემდგომ საწყის ფასს, ბიჯს (რომლის სიდიდესაც ადგენს გამყიდველი კონკრეტული ქონებისათვის) და სთხოვს მონაწილეებს ჩაერთონ ვაჭრობაში. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი.
ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია აუქციონში მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.
4.6. თუ აუქციონის მსვლელობისას, გასაყიდი ქონების საწყისი ფასის გამოცხადებიდან სამი წუთის განმავლობაში არ გამოჩნდება შესყიდვის მსურველი საჯარო ვაჭრობა წყდება.
4.7. მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის ნომერს ისე რომ თვალსაჩინო იყოს მეაუქციონისათვის. თუ კი დასახელდება მომდევნო ფასი, მეაუქციონე აფიქსირებს მას და სთხოვს მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა. ასე გრძელდება ვაჭრობა, სანამ რომელიმე მონაწილე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ კურს. ამის შემდეგ ობიექტი ითვლება გაყიდულად იმ მონაწილეზე ვინც შესთავაზა აუქციონს ყველაზე მაღალი ფასი.
4.8. ყოველი საწარმოს სააუქციონო ვაჭრობის დამთავრების შემდეგ, ორგანიზატორი ადგენს ოქმს, რომელშიც ასახული უნდა იყოს ვაჭრობის მსვლელობა და შედეგები. თითოეული ოქმი ინომრება ქრონოლოგიური მიმდევრობით, ხელს აწერს მყიდველი, მეაუქციონე, მდივანი და კომისიის თავმჯდომარე.
4.9. აუქციონში გამარჯვებულმა, საჯარო ვაჭრობის დამთავრებიდან ათი წუთის განმავლობაში უნდა წარუდგინოს აუქციონის მდივანს „მონაწილის ბილეთი“ და ხელი მოაწეროს აუქციონის შედეგების ოქმს.
4.10. აუქციონის შედეგების ოქმზე ხელმოწერის უარის მთქმელ პირს ერთმევა აუქციონში შემდგომი მონაწილეობის უფლება და ბე არ უბრუნდება.
4.11. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი არ შედგა, იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, ესწრებოდნენ აუქციონს და არ მიიღეს საჯარო ვაჭრობაში მონაწილეობა, მაშინ დგება არშემდგარი აუქციონის ოქმი და მონაწილეებს შეტანილი ბე არ უბრუნდებათ.
4.12. თუ მონაწილე არ გამოცხადდა აუქციონზე, მისთვის ბეს დაბრუნების საკითხს სწყვეტს გამყიდველი.
4.13. ყველა სადაო საკითხი და გაურკვევლობა გადაწყდება კომისიის მიერ, აუქციონის მიმდინარეობის დროს. აუქციონის დამთავრების შემდეგ, არანაირი პრეტენზია არ განიხილება.
5. აუქციონის შედეგები
5.1. მყიდველსა და აუქციონის ორგანიზატორს შორის გაფორმებული ოქმები და აუქციონის შედეგების სრული დოკუმენტაცია გადაეცემა გამყიდველს დასამტკიცებლად.
5.2. დამტკიცებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში აუქციონის შედეგები ორგანიზატორმა უნდა გამოაქვეყნოს პრესაში. გამოქვეყნებულ შედეგებში მოკლედ უნდა იყოს ასახული მონაცემები მყიდველის შესახებ, ნაყიდი სახელმწიფო ქონების საბოლოო ფასი და სხვა ინფორმაცია აუქციონის ორგანიზატორის შეხედულებისამებრ.
5.3. აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის უფლებრივი და ქონებრივი შედეგები განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად;
6. ანგარიშსწორების წესი
6.1. აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერის მომენტიდან სამი დღის ვადაში მყიდველმა, ოქმში მითითებულ საბანკო დაწესებულებაში უნდა შეიტანოს ნაღდად ან გადარიცხვით ფულადი თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს. იმ შემთხვევაში, როცა მყიდველის მიერ გადახდილია ობიექტის ღირებულების სულ ცოტა 50 პროცენტი, გადახდის ვადა ხანგრძლივდება კიდევ 30 კალენდარული დღით. თუ მყიდველი უარს იტყვის ნაყიდ ქონებაზე ან აღნიშნულ ვადებში არ შეიტანს საპრივატიზაციო ბარათების საჭირო რაოდენობას, მას ჩამოერთმევა საკუთრების უფლება შეძენილ ობიექტზე, ბე არ დაუბრუნდება და იგი დაჯარიმდება საბოლოო გასაყიდი ფასის ხუთი პროცენტის ოდენობით.
6.2. მყიდველს ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
6.3. აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს, ორგანიზატორის შეტყობინების საფუძველზე. ბე უბრუნდება 10 კალენდარული დღის განმავლობაში, იმავე საბანკო დაწესებულებაში, ბეს შეტანის ქვითრის წარდგენის შემდეგ.
6.4. საბანკო დაწესებულება, მყიდველთა მიერ შეტანილ ბეს აბრუნებს აუქციონის ორგანიზატორის დავალების საფუძველზე.
6.5. აუქციონზე გადახდის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს ეროვნული ვალუტა.
7. აუქციონზე გაყიდვიდან ამონაგების განაწილება
7.1. აუქციონზე სახელმწიფო ქონების მყიდველებისაგან შემოსული თანხისა და ბილეთების რეალიზაციით მიღებული სახსრებიდან იმქნება აუქციონის ამონაგები.
7.2. აუქციონის ორგანიზაციისა და ჩატარების ხარჯები ანაზღაურდება გამყიდველის, როგორც აუქციონის უშუალო ორგანიზატორის მიერ მიღებული ამონაგებიდან, იმ შემთხვევაში, როცა აუქციონის ორგანიზატორია შუამავალი, გამყიდველი ღებულობს წმინდა შემოსავალს, რაც განისაზღვრება როგორც სხვაობა ამონაგებისა და შუამავლის ანაზღაურებას შორის. შუამავალს ანაზღაურება, როგორც წესი, ეძლევა საკომისიო საფუძველზე.
7.3. ამონაგები, მიღებული სახელმწიფო საკუთრების ობიექტებისა და ქონების ცალკეული სახეობების გაყიდვის შედეგად, ჩაირიცხება გამყიდველის სპეციალურ ანგარიშზე და განაწილდება დადგენილი წესით.
8. საკუთრების უფლებების გადასვლა მყიდველზე
8.1. გამარჯვებულ მონაწილეს გადაეცემა აუქციონის შედეგების ოქმის ერთი პირი, რომლის საფუძველზეც, შედეგების დამტკიცების შემდეგ, გამყიდველი გასცემს სათანადო ცნობას შესაბამისი რაოდენობის აქციების საკუთრების შესახებ.
8.2. გამარჯვებული მონაწილის მიერ, ნაყიდი სახელმწიფო ქონების საფასურის სრულად გადახდის შემდეგ, გამყიდველი შესაბამის სააქციო საზოგადოებებს აძლევს დავალებას აქციონერთა რეესტრში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
8.3. სახელმწიფო საკუთრების ობიექტის გაყიდვის შემთხვევაში გამარჯვებულ მონაწილეზე საბოლოო თანხის სრულად გადახდის შემდეგ, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გაიცემა გამყიდველის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
დოკუმენტის კომენტარები