პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ

პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 162/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 15/10/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/10/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
ძალის დაკარგვის თარიღი 12/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018581
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
162/ნ
15/10/2024
ვებგვერდი, 15/10/2024
430210000.22.022.018581
პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/10/2024 - 10/03/2026)

 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №162/ნ

2024 წლის 15 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს „პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 2 ივნისის 97/ნ ბრძანება.

 

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.
დანართი

პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი

 

მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი

1. პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი (შემდგომ – პროფესიული სტანდარტი) განსაზღვრავს პროფესიული განათლების მასწავლებლის კომპეტენციებს.

2. პროფესიული სტანდარტის მიზანია პროფესიული განათლების ფარგლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის ხელშეწყობა.

3. პროფესიულ სტანდარტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული „პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესითა და პირობებით“ განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 2. პროფესიული სტანდარტის სტრუქტურა

1. პროფესიული განათლების მასწავლებლისთვის განსაზღვრულია 6 (ექვსი) სტანდარტი, რომელიც თავის მხრივ მოიცავს დაზუსტებებს და კომპეტენციებს.

2. სტანდარტი განსაზღვრავს პედაგოგიური საქმიანობის ზოგად ნიშნულებს, რომლთა დაკმაყოფილება აუცილებელია პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ.

3. დაზუსტება წარმოადგენს თითოეული სტანდარტის დეტალურ აღწერას.

4. კომპეტენცია აღწერს იმ პედაგოგიურ ცოდნას, უნარებს და ღირებულებებს რომელებიც უნდა იცოდეს/ შეეძლოს/ახასიათებდეს  პროფესიული განათლების მასწავლებელს.

მუხლი 3. პროფესიული სტანდარტი

1. პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტებია:

ა) სტანდარტი 1. ანალიზი და დაგეგმვა –  დარგის განვითარების უახლესი ტენდენციების, განახლებული ცოდნისა და ტექნოლოგიების, მათ შორის სწავლა-სწავლების ახალი მეთოდოლოგიის  და პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა ინდივიდუალური საჭიროებების ანალიზის საფუძველზე, სასწავლო პროცესის დაგეგმვა, კოლეგებთან თანამშრომლობით, შესაბამისი მარეგულირებელი აქტების მოთხოვნების გათვალისწინებით;

ბ) სტანდარტი 2. სასწავლო გარემოს მოწყობა – უსაფრთხო, პოზიტიური და პროფესიული სტუდენტის/მსმენელის მხარდაჭერაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა ინკლუზიური სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად და სწავლის შედეგების მისაღწევად;

გ) სტანდარტი 3. სასწავლო პროცესის წარმართვა – პროფესიულ სტუდენტზე/მსმენელზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვა სასწავლო გეგმის და სწავლის შედეგების შესაბამისად, თანამედროვე/მრავალფეროვანი მეთოდების, ტექნოლოგიებისა და სასწავლო რესურსების გამოყენებით;

დ) სტანდარტი 4. პროფესიული სტუდენტის/მსმენელის მიღწევების შეფასება – პროგრამისა და სწავლის შედეგების შესაბამისი შეფასების ინსტრუმენტების შერჩევა, შექმნა/ადაპტირება და გამოყენება; პროფესიული სტუდენტის/მსმენელის შეფასების შედეგების ანალიზი, საჭიროებისამებრ უკუკავშირის მიწოდება  მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით;

ე) სტანდარტი 5. ეთიკური და ეფექტიანი სამუშაო ურთიერთობების ჩამოყალიბება – პროფესიულ სტუდენტთან/მსმენელთან, კოლეგებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობითი, საქმიანი, ეთიკური და ეფექტიანი ურთიერთობის წარმართვა;

ვ) სტანდარტი 6. საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა – პროფესიის მიმართ წაყენებული მოთხოვნებისა და საკუთარი საქმიანობის ანალიზის საფუძველზე უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

2. თითოეული სტანდარტის დაზუსტება წარმოდგენილია პროფესიული სტანდარტის დანართი №1-ით, ხოლო კომპეტენციები  დანართი №2-ით.

მუხლი 4. პროფესიული სტანდარტის გამოყენების სფერო

პროფესიული სტანდარტის გამოყენება შესაძლებელია:

ა) პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმებისთვის;

ბ) პროფესიული განათლების მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების შესამუშავებლად და განსახორციელებლად;

გ) პროფესიული განათლების მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და შერჩევის პირობების განსასაზღვრად;

დ) პროფესიული განათლების მასწავლებლის უწყვეტი პროფესიული განვითარების უზრუნველყოფისთვის;

ე) პროფესიული განათლების მასწავლებლის შეფასებისთვის;

ვ) სხვა შესაბამისი მიზნებისთვის.


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიალექსანდრე წულაძე