პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ

პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 161/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 15/10/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/10/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018580
161/ნ
15/10/2024
ვებგვერდი, 15/10/2024
430210000.22.022.018580
პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №161/ნ

2024 წლის 15 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი“, ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

 

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 29 დეკემბრის №164/ნ ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 01 იანვრიდან.

 

დანართი

პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი

მუხლი 1. პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მოქმედების სფერო

ეს კოდექსი განსაზღვრავს იმ ძირითად პრინციპებს, ღირებულებებსა და პასუხისმგებლობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, ასევე, პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიისადმი პატივისცემისა და ნდობის ჩამოსაყალიბებლად ან/და შესანარჩუნებლად.

მუხლი 2. პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის ძირითადი პრინციპები და ღირებულებები

1. პროფესიული განათლების მასწავლებელი თავის პროფესიულ საქმიანობას ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ კოდექსისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულების (შემდგომ – დაწესებულება)  მიერ დადგენილი წესის/წესების შესაბამისად.

2. პროფესიული განათლების მასწავლებელი დაკისრებულ საქმიანობას ახორციელებს  კეთილსინდისიერად, პატიოსნად, პროფესიონალურად.

3. პროფესიული განათლების მასწავლებელი პროფესიულ საქმიანობაში არის მიუკერძოებელი, ობიექტური, პატივს სცემს სხვათა უფლებებს და ზრუნავს მასწავლებლის პროფესიის იმიჯსა და რეპუტაციაზე.

4. პროფესიული განათლების მასწავლებელი საქმიანობის განხორციელებისას ვალდებულია:

ა) ხელი შეუწყოს ნდობისა და პატივისცემის კულტურის დამკვიდრებას დაწესებულებაში; ზოგადსაკაცობრიო (პლურალიზმი, ტოლერანტობა, დემოკრატია), მულტიკულტურული, მულტიეთნიკური, გენდერული თანასწორობის ღირებულებების დამკვიდრებას;

ბ) დაიცვას დაწესებულების მიერ დადგენილი შინაგანაწესი და უსაფრთხოების წესები;

გ) უზრუნველყოს ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც გამორიცხავს ძალადობასა და  დისკრიმინაციას რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად;

დ) დაიცვას პროფესიული საქმიანობის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის (მათ შორის, პერსონალური მონაცემების) კონფიდენციალურობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) პროფესიული საქმიანობისას (მათ შორის, საგანმანათლებლო რესურსების შექმნისა და გავრცელების პროცესში) დაიცვას სხვა პირთა ინტელექტუალური საკუთრება, მათ შორის გამოგონებები და საავტორო უფლებები;

ვ) იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე, მუდმივად გაეცნოს სფეროში მიმდინარე სიახლეებს;

ზ) ხელი შეუწყოს პროფესიული რეპუტაციის დაცვას და თავი შეიკავოს ისეთი ქცევისგან, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიის დისკრედიტაცია;

თ) გაუფრთხილდეს დაწესებულების მატერიალურ და საგანმანათლებლო რესურსს და გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ (დაუშვებელია მატერიალური და სასწავლო რესურსის გამოყენება პირადი მიზნებისთვის). რესურსების გამოყენებისას გაითვალისწინოს გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების პრინციპები.

მუხლი 3. პროფესიული განათლების მასწავლებლის ურთიერთობა პროფესიულ სტუდენტთან/მსმენელთან

1. პროფესიული განათლების მასწავლებელი ვალდებულია პროფესიულ სტუდენტებს/მსმენელებს მოექცეს ღირსეულად და პატივისცემით.

2. პროფესიული განათლების მასწავლებელი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ზრუნავს პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა ჯანმრთელობის დაცვასა და უსაფრთხოებაზე.

3. პროფესიული განათლების მასწავლებელი პროფესიულ სტუდენტთან/მსმენელთან ურთიერთობისას ვალდებულია:

ა) ხელი შეუწყოს პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას;

ბ) შეიმუშაოს სწავლებისა და შეფასების ობიექტური და ინდივიდუალური მიდგომები, ისე რომ დაცულ იქნეს პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა ღირსება;

გ) უზრუნველყოს პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელ თანაბარი და სამართლიანი მოპყრობა, განურჩევლად რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნისა;

დ) მშვიდობიანი გზით მართოს კონფლიქტები ან კონფლიქტური სიტუაცია, ხოლო პროფესიული სტუდენტის/მსმენელის მხრიდან არაეთიკურ ქცევაზე მოახდინოს შესაბამისი რეაგირება;

ე) არ გამოიყენოს პროფესიული სტუდენტის/მსმენელის შესაძლებლობები/რესურსი პირადი მიზნებისთვის;

ვ) დაიცვას პროფესიული სტუდენტის/მსმენელის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა;

ზ) ხელი შეუწყოს პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა ფიზიკურ, სოციალურ და ინტელექტუალურ განვითარებას;

თ) პროფესიულ სტუდენტებს/მსმენელებს შეუქმნას უსაფრთხო, ინკლუზიური და კეთილგანწყობილი სასწავლო გარემო და უზრუნველყოს მათი უნარების განვითარება, მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშეწყობის პრინციპის გათვალისწინებით.

მუხლი 4. პროფესიული განათლების მასწავლებლის ურთიერთობა პროფესიული სტუდენტის/მსმენელის მშობელთან ან სხვა კანონიერ წარმომადგენელთან

პროფესიული განათლების მასწავლებელი პროფესიული სტუდენტის/მსმენელის მშობელთან ან სხვა კანონიერ წარმომადგენელთან ურთიერთობის დროს ვალდებულია:

ა) ხელი შეუწყოს დაწესებულებასა და პროფესიული სტუდენტის/მსმენელის მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს შორის მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებას;

ბ) პროფესიული სტუდენტის/მსმენელის მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს მიაწოდოს ინფორმაცია სასწავლო გეგმისა და სასწავლო პროცესის შესახებ, საჭიროებისამებრ გაუწიოს პედაგოგიური ან პროფესიული კონსულტაცია;

გ) პროფესიული სტუდენტის/მსმენელის მშობელთან ან სხვა კანონიერ წარმომადგენელთან საჭიროების შემთხვევაში დაგეგმოს ინდივიდუალური შეხვედრები.

მუხლი 5. პროფესიული განათლების მასწავლებლის ურთიერთობა დაწესებულების ადმინისტრაციასთან, კოლეგებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან

1. პროფესიული განათლების მასწავლებელი პატივისცემით ეპყრობა კოლეგებს და დაწესებულებაში დასაქმებულ სხვა პირებს, მათ შორის, ხელმძღვანელობას.

2. პროფესიული განათლების მასწავლებელი დაწესებულებაში დასაქმებულ პირებთან, კოლეგებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ურთიერთობაში ვალდებულია:

ა) არ ჩაერიოს კოლეგის საქმიანობაში მისი თანხმობის გარეშე;

ბ) ითანამშრომლოს კოლეგებთან, დაწესებულების სხვა წარმომადგენლებთან და გაუზიაროს მათ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება;

გ) მხარი დაუჭიროს დამწყებ კოლეგებს და მათი თხოვნის შემთხვევაში დახმარება აღმოუჩინოს პროფესიულ საქმიანობაში;

დ) არ გამოიყენოს კოლეგის/დაწესებულებაში დასაქმებული სხვა პირის შესაძლებლობები საკუთარი მიზნებისთვის.

3. პროფესიული განათლების მასწავლებელი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში თანამშრომლობს დამსაქმებლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებთან, ითვალისწინებს მათ მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს, ხელს უწყობს მათ ჩართულობას საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების, განვითარების, სწავლებისა და შეფასების პროცესში.

მუხლი 6. დისციპლინური პასუხისმგებლობა პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსის დარღვევისთვის

1. დაწესებულების შინაგანაწესი უნდა ეფუძნებოდეს წინამდებარე კოდექსს.

2. ამ კოდექსის დარღვევასთან დაკავშირებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები და წესი განისაზღვრება დაწესებულების შინაგანაწესით.

3. დაწესებულების მიერ განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები უნდა იყოს დისციპლინური დარღვევის თანაზომიერი, ხოლო დისციპლინური წარმოების წესი უნდა იცავდეს ობიექტურობის, სამართლიანობის, კანონის უზენაესობის პრინციპებსა და უზრუნველყოფდეს საქმის გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას.


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიალექსანდრე წულაძე