სოფლის მეურნეობისა და პროდუქციის სახელმწიფო ინსპექციის დებულების შესახებ

სოფლის მეურნეობისა და პროდუქციის სახელმწიფო ინსპექციის დებულების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-471
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
მიღების თარიღი 26/12/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 14/01/1998
სარეგისტრაციო კოდი 000000150.01(2).003.000156
2-471
26/12/1997
გამოუქვეყნებელი, 0, 14/01/1998
000000150.01(2).003.000156
სოფლის მეურნეობისა და პროდუქციის სახელმწიფო ინსპექციის დებულების შესახებ
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის

ბრძანება №2-471

1997 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

სოფლის მეურნეობისა და პროდუქციის სახელმწიფო ინსპექციის დებულების შესახებ

1. დამტკიცდეს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხარისხის სახელმწიფო ინსპექციის დებულება (დანართი №1).

2. იურიდიულმა და პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველომ (ი. ლომთათიძე) სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხარისხის სახელმწიფო ინსპექციასთან (ო. ნარიმანიძე) ერთად უზრუნველყოს:

- აღნიშნული ბრძანების სახელმწიფო რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში;

- ინსპექციის სახელმწიფო კანცელარიის სპეციალურ რეესტრში რეგისტრაცია კანონით დადგენილი წესით.

3. ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანებისა და დებულების პრესაში გამოქვეყნება.

4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს 1996 წლის 2 ოქტომბრის №2-255 ბრძანებით დამტკიცებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხარისხის სახელმწიფო ინსპექციის დებულება.

5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ბატონ ვ. გვარჯალაძეს.

 

მინისტრი                                                                                                      ბ. გულუა

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს „სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხარისხის სახელმწიფო ინსპექციის დებულება“

 

1. ზოგადი დებულება

1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს (შემდგომში – „სამინისტრო“) სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხარისხის სახელმწიფო ინსპექცია შემდგომში – „ინსპექცია“) არის სახელმწიფო საქვეუწყებო სამსახური, რომელიც შექმნილია და თავის საქმიანობას ახორციელებს „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №670 ბრძანებულებით დამტკიცებული სამინისტროს დებულების შესაბამისად.

ინსპექციის იურიდიული მისამართია ქ. თბილისი 380077, თამარაშვილის ქუჩა №15-ა.

2. ინსპექცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ნორმატიული აქტებით, კანონებით, სახელმწიფო სტანდარტებით, მინისტრის ბრძანებებითა და ამ დებულებით.

3. საქართველოს კანონებისა და პრეზიდენტის აქტების, სახელმწიფო სტანდარტებისა და სამინისტროს ბრძანებების შესაბამისად ინსპექციის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

4. ინსპექციას აქვს დებულება, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში ხაზინაში; ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით. ხარჯთა ნუსხას ამტკიცებს სამინისტრო.

5. ინსპექციის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ინსპექციის მიერ კანონმდებლობით ან სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული და მიღებული არასაბიუჯეტო შემოსავლები შეიტანება საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში.

6. ინსპექცია მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე.

 

II. ინსპექციის საქმიანობის მიზანი, სფერო, ფუნქციები და ამოცანები

7. ინსპექციის მიზანი, სფერო, ფუნქციები და ამოცანები:

ა) საექსპორტო პოტენციალის სრული გამოყენებისა და საგარეო ბაზარზე მყარი პოზიციების მოპოვებაში ხელის შეწყობა, შიდა ბაზრის სურსათით გაჯერებისა და სამამულო პროდუქციის მწარმოებელთა კონკურენტუნარიანობისათვის;

ბ) მწარმოებელთა და მომხმარებელთა ინტერესების შეხამების ხელშეწყობა ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოებისა და მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის.

გ) წინადადების შემუშავება სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხარისხის ამაღლებისა და მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის მიღწევის მიზნით;

დ) ქვეყნის შიგნით და საგარეო-სავაჭრო ოპერაციებში გამოყენებული სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ტარის ხარისხთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება;

ე) მომართვის საფუძველზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხის განსაზღვრა და სათანადო დოკუმენტების გაცემა;

ვ) ხელმძღვანელობა და მეთოდური დამხარება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუვლიკების ხარისხის სახელმწიფო ინსპექციებისა და რაიონების სოფლის მეუნრეობისა და სურსათის სამმართველოებთან არსებული ხარისხის ინსპრქციებისათვის;

ზ) მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განხილვა, რომლებიც შეეხებიან სოფლის მეურნეობის პროდუქტების ხარისხის განსაზღვრის საკითხებს;

თ) ინსპექციებში დასაქმებული პერსონალისათვის ხელის შეწყობა პროფესიული ცოდნის დაუფლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საქმეში;

ი) ხელისუფლების ორგანოებისაგან ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან ინფორმაციის მიღება, დამუშავება და ანალიზი კომპეტენციის ფარგლებში.

 

III. ინსპექციის უფლებამოვალეობანი

8. ინსპექციას უფლება აქვს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით:

ა) მოითხოვოს და მიიღოს ხელისუფლების ორგანოებისაგან, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან თავისი საქმიანობისათვის აუცილებელი, კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაცია;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხარისხის, შენახვისა და გამოყენების საკითხებზე ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების შემუშავებაში, დააწესოს კონტროლი ხარისხთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანებების, დადგენილებებისა და რეკომენდაციების შესრულებაზე;

გ) თავის კომპეტენციის ფარგლებში დააწესოს სახელმწიფო კონტროლი იურიდიული და ფიზიკური პირის მიერ ქვეყნის გარეთ გასატანი და შემოტანილი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხარისხსა და ეკოლოგიურ სისუფთავეზე, სერტიფიკატების გაცემაზე. ხოლო იმ პროდუქციაზე, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას, მიიღოს გადაწყვეტილება მისი გაგზავნის ან რეალიზაციის შეჩერების შესახებ.

დ) აწარმოოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხარისხის კონტროლი ქვეყნის სამომხმარებლო ბაზარზე და მისი ქვეყნიდან გატანისა და შემოტანის დროს;

ე) განახორციელოს სურსათის ხარისხის კონტროლი პროდუქციის მწარმოებელი იურიდიულ და ფიზიკური პირების ტერიტორიაზე;

ვ) განახორციელონ კონტროლი იმ ობიექტებზე, რომლებიც ეწევიან სურსათის მისაღებად გამიზნული საკვები ნედლეულის წარმოებას ან იმპორტს.

ზ) სოფლის მეურნეობის პროდუქციის ეკოლოგიური სისუფთავისა და ხარისხის დასადგენად, შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე, ისარგებლოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს, ასევე სხვა სამინისტროებისა და უწყებების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ლაბორატორიებით და მოიწვიოს სპეციალისტები დასკვნების მისაღებად.

თ) გაუწიოს ფასიანი მომსახურება დაინტერესებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხარისხის განსაზღვრისა და სერტიფიცირების საკითხებში ამ მიზნით დადგენილი წესით დამტკიცებული ტარიფებით;

ი) ინსპექციის პასუხისმგებელი პირები თავიანთი მოვალეობის შესრულებისას არიან სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი კანონიერი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა.

9. ინსპექცია ვალდებულია:

ა) პერიოდულად მოახსენოს სამინისტროს ხელმძღვანელობას ინსპექციისათვის მინიჭებულ უფლება-მოვალეობათა გამოყენებისა და განხორციელების შესახებ;

ბ) უზრუნველყოს დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულება;

გ) ზემდგომი ორგანოების გაფრთხილებისათვის შეაჩეროს საკუთარი გადაწყვეტილებების მოქმედება, ხოლო მათი არასამართლებრიობის დადგენის შემთხვევაში, გააუქმოს ან შეიცვალოს ისინი;

დ) დადგენილი ფორმით, ვადების დაცვით წარუდგინოს ანგარიშები შესაბამის ზემდგომ ორგანოებს;

ე) შეასრულოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოვალეობანი;

ვ) ინსპექცია და მისი მუშაკები პასუხს აგებენ თავიანთ მოქმედებაზე.

 

IV. ინსპექციის საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა

10. ინსპექცია შედგება ხელმძღვანელი აპარატისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხარისხის განყოფილებისაგან.

11. ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ინსპექციის უფროსი.

12. ინსპექციის კომპეტენცია, რომელიც ახორციელებს მმართველობით ფუნქციებს, სახელმწიფო ზედამხედველობასა და კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში-სახელმწიფოებრივ იძულებას, განისაზღვრება კანონითა და სამინისტროს მიერ დამტკიცებული დებულებით.

13. ინსპექციის წარმომადგენელი არის ინსპექციის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.

14. ინსპექციას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ამ თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი.

15. უფროსი, როგორც ინსპექციის ხელმძღვანელი:

ა) ხელმძღვანელობს ინსპექციას და აწესრიგებს ინსპექციის კომპეტენციაში შემავალ საკითხებს და ღებულობს მათ შესახებ გადაწყვეტილებებს.

ბ) თვალყურს ადევნებს ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ინსპექციის გამგებლობის სფეროში არსებული დაწესებულებების მიერ მოვალეობის შესრულებას და ახორციელებს სამსახურეობრივ ზედამხედველობას ინსპექციის საჯარო მომსახურების გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე კანონით დადგენილი წესით;

გ) კომპეტენციის ფარგლებში თანამედებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ინსპექციის უფროსის მოადგილეს,  სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებს, ინსპექციის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ სხვა მომსახურეებს. რაიონების (ქალაქების) სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოების წარდგინებით თანამდებობებზე ამტკიცებს რაიონული ინსპექციების უფროსებს;

დ) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები ზემდგომ ორგანოებში გადაწყვეტილების მისაღებად იმ საკითხებზე, რომლებიც ინსპექციის გამგებლობის სფეროს განეკუთვნება;

ე) ინსპექციის საქმიანობის შესახებ ანგარიშს აბარებს სამინისტროს;

ვ) პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების დაცვასა და გამოყენეაზე და ორგანიზაციას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ზ) წარმოადგენს ინსპექციას სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;

თ) წარმართავს ინსპექციის და მის გამგებლობაში მყოფი სამსახურების საქმიანობას;

ი) განსაზღვარვს მოადგილეების და სხვა თანამდებობების პირების საქმიანობას;

კ) ამტკიცებს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და რაიონული (საქალაქო) ინსპექციების დებულებებს, ითანხმებს ავტონომიური რესპუბლიკების ხარისხის სახელმწიფო ინსპექციების დებულებას. ისმენს ინფორმაციებს გაწეული მუშაობის შესახებ, განიხილავს მათი საქმიანობის წლიურ ანგარიშებს.

16. ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფები ზემდგომ ორგანოებს და სხვა ორგანიზაციებს მიმართავენ უფროსის მეშვეობით.

17. ინსპექციის უფროსი კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად სამსახურის-სისტემებისათვის, პასუხისმგებელია ბრძანების კანონიერებისა და მიზანშეწონილობაზე.

18. უფროსის უფლებამოსილების შეწყვეტა ხდება სამინისტროს შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.

19. უფროსს ჰყავს მოადგილე და სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსები, რომელთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება უფროსის ბრძანებითა და მათი დებულებით.

20. სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები წარმართავენ ამ ქვედანაყოფების საქმიანობის დებულებით განსაზღვრული მიმართულებებისა და უფლებამოსილების შესაბამისად.

 

V. დასკვნითი დებულებანი

21. ინსპექციის დებულებას ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი.

22. ინსპექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.