საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებათა დამტკიცების შესახებ

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებათა დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 58/ო
დოკუმენტის მიმღები ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
მიღების თარიღი 10/02/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 10/02/1998
სარეგისტრაციო კოდი 000000220.01(2).003.000180
58/ო
10/02/1998
გამოუქვეყნებელი, 0, 10/02/1998
000000220.01(2).003.000180
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებათა დამტკიცების შესახებ
ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის

ბრძანება 58/ო

1998 წლის  10 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებათა დამტკიცების შესახებ

საქართველოს კანონის „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის №531 ბრძანებულების შესაბამისად ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს აპარატის სტრუქტურაში შემავალი შემდეგი ქვედანაყოფების დებულებები:

ა) სამედიცინო პროგრამების მართვის და მოსახლეობის სამედიცინო დახმარების დეპარტამენტის (დანართი 1);

ბ) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის (დანართი 2);

გ) სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის (დანართი 3);

დ) კადრების, სამედიცინო პერსონალის გადამზადების, დასაქმებისა და საორგანიზაციო მუშაობის დეპარტამენტის (დანართი 4);

ე) ეკონომიკური დეპარტამენტის (დანართი 5);

ვ) საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებისა და სამეურნეო საქმიანობის ანალიზის

დეპარტამენტის (დანართი 6);

ზ) სამხედრო-სამობილიზაციო განყოფილების (დანართი 7).

2. დაევალოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს თავიანთი საქმიანობა წარმართონ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დებულების საფუძველზე და აღნიშნული დებულებების შესაბამისად.

3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ა. ჯორბენაძე

 

 

სამედიცინო პროგრამების მართვისა და მოსახლეობის სამედიცინო დახმარების დეპარტამენტის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

1. ზოგადი დებულება

1.1 სამედიცინო პროგრამების მართვისა და მოსახლეობის სამედიცინო დახმარების დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც მიზნად ისახავს სამედიცინო

დახმარების ორგანიზაციას, დამტკიცებული სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების მართვას, ჯანდაცვის სისტემაში რეფორმების განხორციელებისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნას.

1.2. დეპარტამენტი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ბრძანების პროექტებს, პრაქტიკულ-მეთოდურ რეკომენდაციებსა და სხვა სადირექტივო და ნორმატიულ დოკუმენტებს.

1.3. დეპარტამენტი თავის მუშაობას წარმართავს კანონი ჯანდაცვის სამინისტროს დებულების, მინისტრის ბრძანებისა და საკუთარი დებულების საფუძველზე.

2. დეპარტამენტის ამოცანები და ძირითადი ფუნქციები

2.1. დეპარტამენტის ძირითადი მიზნებია:

ა) განახორციელოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად შემუშავებული სახელმწიფო პოლიტიკა;

ბ) უზრუნველყოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, მათი განხორციელებისათვის გამიზნული სამუშაოთა კოორდინაცია და მართვა;

გ) უზრუნველყოს სახელმწოფო სამედიცინო პროგრამების განხორციელების ორგანიზაცია და მართვა;

დ) სასწრაფო და გადაუდებელი, ამბულატორიულ–პოლიკლინიკური და სპეციალიზირებული სამედიცინო დახმარების ორგანიზაცია;

ე) სტაციონარული და ამბულატორიული დახმარების ოპტიმიზაცია;

ვ) სამედიცინო დაწესებულებების საორგანიზაციო-მეთოდური დახმარება;

ზ) მოსახლეობის სამკურნალო და მედიკამენტური დახმარების ორგანიზაცია;

თ) მოსახლეობისაგან მიღებული განცხადებებისა და საჩივრების განხილვა, დახმარება;

ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ორგანიზაცია;

კ) ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანებების შესრულების კონტროლი;

ლ) ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ინფორმაციული უზრუნველყოფა;

მ) ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში პრიორიტეტული დარგების განვითარება, საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების სამედიცინო სისტემებისა და სამედიცინო ბაზრების კონიუნქტურის გათვალისწინებით;

ნ) ავტონომიური რესპუბლიკების ჯანდაცვის სამინისტროების, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების, ქალაქების მერიებთან და რაიონების გამგეობებთან არსებული ჯანდაცვის განყოფილებებისა და საკოორდინაციო ცენტრების საქმიანობის კოორდინირება.

3. დეპარტამენტის მართვა

3.1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს ჯანდაცვის მინისტრი.

3.2. უფროსის წარდგინებით მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობიდან დეპარტამენტის მუშაკებს.

3.3. უფროსი კომპეტენციის ფარგლებში აძლევს მითითებებს დეპარტამენტის მუშაკებს.

3.4. დეპარტამენტთან შეიძლება შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო.

4. ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია

4.1. დეპარტამენტის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

 

დანართი №2

 

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის დებულება

1. ზოგადი დებულებანი

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს.

დეპარტამენტი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის აქტებით, დედათა და ბავშვთა საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებით, კონვენციებით, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებებითა და ამ დებულებით.

2. დეპარტამენტის ამოცანები და ძირითადი ფუნქციები

2.1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) განახორციელოს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად შემუშავებული სახელმწიფო სამედიცინო-სანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და მეცნიერულ-ტექნოლოგიური პოლიტიკა.

ბ) უზრუნველყოს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, მათი განხორციელებისათვის გამიზნულ სამუშაოთა კოორდინაცია და კონტროლი.

გ) უზრუნველყოს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროს განვითარების, აგრეთვე ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, გრძელვადიანი პროგნოზირებისა და ინდიკატური გეგმების შემუშავების საფუძველზე.

დ) უზრუნველყოს უსაფრთხო დედობისა და ბავშვთა გადარჩენის სახელმწიფო სამედიცინო პროგრამის განხორციელების ორგანიზაცია და კონტროლი. აგრეთვე დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის ახალი სამედიცინო პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელების ორგანიზაცია და კონტროლი.

ე) მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სამეანო-გინეკოლოგიური და პედიატრიული პროფილის სამართალსუბიექტების, აკრედიტაციისა და ლიცენზირების პროცესში.

ვ) შეიმუშაოს დედათა და ბავშვთა სამედიცინო დახმარების ერთიანი წესები, პირობები, მონაწილეობა მიიღოს ნორმატივების შემუშავებაში და დააწესოს კონტროლი მათ დაცვაზე.

ზ) უზრუნველყოს დედათა და ბავშვთა სამედიცინო დახმარების ხარისხი დამტკიცებული სტანდარტების ფარგლებში.

თ) მონაწილეობა მიიღოს სამეანო-გინეკოლოგიური და პედიატრიული სამედიცინო სტანდარტების შემუშავებაში და უზრუნველყოს მათი დანერგვა მთელ ქსელში.

ი) მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო სავალდებულო სამედიცინო სადაზღვევო, აგრეთვე მუნიციპალური ჯანდაცვითი პროგრამების სავალდებულო მინიმუმის შემუშავებაში, დედათა და ბავშვთა სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად, აღნიშნული პროგრამების ფარგლებში.

კ) ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ჯგუფების, ცალკეული პირების საქმიანობას, რომლის მიზანია ქალთა და ბავშვთა საზოგადოებისათვის ცხოვრების ჯანსაღი წესისა და პირველადი პრევენციის მნიშვნელობის გაცნობა.

ლ) კოორდინაცია გაუწიოს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ სამეურნეო, სამეცნიერო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) საქმიანობას.

მ) ორგანიზაცია გაუწიოს ქალთა და ბავშვთა მოსახლეობის, სამეანო-გინეკოლოგიური და პედიატრიული დაწესებულებების სამკურნალო საშუალებებით, ვაქცინებით, შრატებით, ბაქტერიული და ვირუსსაწინააღმდეგო პრეპარატებითა და სამედიცინო დანიშნულების სხვა საჭირო საგნებით უზრუნველყოფას სათანადო სამსახურებისათვის შესაბამისი შეკვეთებისა და რეკომენდაციების გზით.

ნ) უზრუნველყოს სამეანო-გინეკოლოგიური და პედიატრიული დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება მათთვის აუცილებელი აპარატურისა და აღჭურვილობის თაობაზე სათანადო სამსახურებისათვის შესაბამისი შეკვეთების წარდგენის გზით.

ო) უზრუნველყოს დედათა და ბავშვთა სამედიცინო დახმარების საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომელთა, ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების მომზადება, მათი განხორციელების მხარდაჭერა და ხელშეწყობა.

პ) შეისწავლოს საქართველოში დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის მდგომარეობა, დასახოს და შეიმუშაოს მისი გაუმჯობესების გზები, უზრუნველყოს დასახული ღონისძიებების განხორციელება ქალთა და ბავშვთა მოსახლეობის სამედიცინო დახმარების ორგანიზაციისა და ხარისხის სრულყოფის, უსაფრთხო გარემო პირობების შექმნის გზით.

ჟ) უზრუნველყოს სხვადასხვა ორგანიზაციასთან, უწყებასთან და დაწესებულებასთან ურთიერთობის დამყარება, თუ ეს დაკავშირებულია დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის საკითხებთან.

რ) უზრუნველყოს ქვეყანაში დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციის შეგროვება-მიღება, სისტემატიზაცია და ანალიზი.

ს) უზრუნველყოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დედათა და ბავშვთა დაწესებულებების (განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა) საერთო მეთოდოლოგიური და მეთოდური ხელმძღვანელობა.

ტ) საქართველოში დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვისა და დემოგრაფიულ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

უ) საქართველოში სამეანო-გინეკოლოგიური და პედიატრიული დარგისათვის, სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად ადამიანთა რესურსებისა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ოპტიმალური განლაგების სქემის შემუშავება.

2.2. დასახული ამოცანების გადასაწყვეტად დეპარტამენტს ენიჭება შემდეგი ფუნქციები:

ა) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა, დაავადებათა პროფილაქტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის მეცნიერულად დასაბუთებული გზებისა და მეთოდების შემუშავება-დანერგვა.

ბ) ქალთა და ბავშვთა მოსახლეობისათვის სამკურნალო-პროფილაქტიკური და მედიკამენტური დახმარების ორგანიზაცია.

გ) ქვეყანაში დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, სამთავრობო და სტატისტიკური უწყებებიდან, სამედიცინო დაწესებულებებიდან (განურჩევლად მათი საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა), მათი სისტემატიზაცია, ანალიზი და გავრცელება.

დ) უსაფრთხო დედობისა და ბავშვთა გადარჩენის სახელმწიფო სამედიცინო პროგრამის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება.

ე) უსაფრთხო დედობისა და ბავშვთა გადარჩენის სახელმწიფო სამედიცინო პროგრამის ექსპერტიზა.

ვ) უსაფრთხო დედობისა და ბავშვთა გადარჩენის სახელმწიფო სამედიცინო პროგრამის შესრულების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო შეკვეთის პროექტის მომზადება.

ზ) უსაფრთხო დედობისა და ბავშვთა გადარჩენის სახელმწიფო სამედიცინო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაციის შეგროვება და კონტროლი.

თ) დედათა და ბავშვთა სამედიცინო დახმარების ღონისძიებების და ნებაყოფლობითი სადაზღვევო პროგრამის ექსპერტიზა და მათ შესრულებაზე კონტროლი.

ი) დედათა და ბავშვთა სამედიცინო დახმარების საკითხებზე საერთო მეთოდოლოგიური ინსტრუქციების, ორგანიზაციული ბრძანებების, მეთოდური მითითებების, ნორმატივების, სტანდარტების შემუშავება და ქსელამდე დაყვანა.

კ) დედათა და ბავშვთა სამედიცინო დახმარების თაობაზე ქვეყანაში მოქმედი კანონების, კანონქვემდებარე აქტების, ბრძანებების, ნორმატიული დოკუმენტების, ინსტრუქციების, მეთოდური წერილების შესრულების მდგომარეობის შესწავლა და კონტროლი სამეანო-გინეკოლოგიური და პედიატრიული პროფილის დაწესებულებებში.

ლ) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვისა და დემოგრაფიულ საკითხებზე კონფერენციების, სიმპოზიუმების, ბუკლეტების, ბიულეტენების, მომზადება და აღნიშნულ საკითხებზე სხვა ორგანიზაციების მიერ მოწყობილ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება ან წარმომადგენელთა გაგზავნა.

მ) დედათა და ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში დასაქმებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზაცია.

ნ) დედათა და ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების აკრედიტაცია-ლიცენზირების პროცესში მონაწილეობის მიღება (სააკრედიტაციო-სალიცენზიო პირობების მომზადებაში მონაწილეობა და აკრედიტივისა და ლიცენზიის საქმეში მონაწილეობის მიღება, შესაბამისი საინფორმაციო ბანკის შექმნა).

ო) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე სხვადასხვა ორგანიზაციასთან კონტაქტის დამყარება, მიმართვების, წერილებისა და შუამდგომლობების მომზადება და გაგზავნა, სამინისტროში მოქმედი საქმისწარმოების წესის შესაბამისად.

პ) დედათა და ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში დასაქმებული კადრების სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობის მიღება (სერტიფიცირების პირობების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და საინფორმაციო ბანკის შექმნა).

ჟ) დედათა და ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებათა პასპორტიზაცია და სათანადო საინფორმაციო ბანკის შექმნა.

რ) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ავტონომიური რესპუბლიკების ჯანდაცვის სამინისტროების, მმართველობის რეგიონალური ცენტრების, ქალაქების მერიებთან და რაიონის გამგებლებთან არსებული ჯანდაცვის განყოფილებებისა და საკოორდინაციო ცენტრების მიერ გაწეული მუშაობის კონტროლი და კოორდინირება.

ს) დედათა და ბავშვთა სამედიცინო დახმარების თაობაზე წინასწარ შედგენილი და დამტკიცებული ფორმების შესაბამისად, ყოველთვიური, ყოველკვარტალური და ყოველწლიური ანგარიშების მიღება და გაანალიზების უზრუნველყოფა.

ტ) შეიმუშაოს, კადრების დეპარტამენტთან ერთად დედათა და ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში დასაქმებულ ხელმძღვანელ მუშაკთა და რიგით თანამშრომელთა ფუნქციები და მოვალეობანი, სამუშაოთა აღწერილობა (სამუშაო კომპეტენცია), რის საფუძველზეც მოამზადოს საინსტრუქციო წერილები.

3. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი

დეპარტამენტს უფლება აქვს:

ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს სამეანო-გინეკოლოგიური და პედიატრიული დაწესებულებების მიერ საკანონმდებლო და სავალდებულო ნორმატიული აქტების შესრულება.

ბ) დადგენილი წესით წარმოადგინოს კანდიდატურა სამეანო-გინეკოლოგიური და პედიატრიული დაწესებულებების ხელმძღვანელთა დანიშნვის თაობაზე ან დააყენოს საკითხი მათი განთავისუფლების შესახებ.

გ) მინისტრის ან მისი მოადგილის წინაშე წარსდგეს წინადადებებით, დედათა და ბავშვთა სამედიცინო დახმარების თაობაზე ახალი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადების შესახებ, მოამზადოს და წარადგინოს განსახილველად შემუშავებული და დადგენილი წესით შეთანხმებული დოკუმენტები.

დ) დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, აწარმოოს მოლაპარაკება, მოამზადოს შეთანხმება, ხელშეკრულება ან ურთიერთგაგების მემორანდუმი, მინისტრის ან მისი მოადგილის მიერ შემდგომში ხელმოსაწერად.

ე) შეიმუშაოს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო სამედიცინო პროგრამის პროექტები და დადგენილი წესით წარადგინოს დასამტკიცებლად.

ვ) შეიმუშაოს და წარადგინოს დასამტკიცებლად სამეანო-გინეკოლოგიური და პედიატრიული დაწესებულებებისათვის მკურნალობის სახელმწიფო სამედიცინო სტანდარტები.

ზ) მონაწილეობა მიიღოს, დედათა და ბავშვთა დაწესებულებების საქმიანობისათვის აკრედიტაციისა და ლიცენზირების წესებისა და პირობების შემუშავებაში.

თ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მოითხოვოს სხვა ორგანიზაციებიდან და უწყებებიდან სათანადო ინფორმაცია, კანონის გათვალისწინებით.

ი) დააყენოს საკითხი დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნათა დარღვევებში თანამდებობის პირთა დისციპლინარული ან სხვა პასუხისმგებლობის შესახებ.

კ) განახორციელოს სამეანო-გინეკოლოგიური და პედიატრიული პროფილის დაწესებულებებში (განყოფილებებში განურჩევლად საკუთრების ფორმის და უწყებრივი დაქვემდებარებისა) დედათა და ბავშვთა სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლი.

ლ) დედათა და ბავშვთა სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუარესების, არალიცენზირებული სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის შემთხვევაში დასვას საკითხი აღნიშნული დაწესებულების დახურვის, ფიზიკურ პირთათვის სამედიცინო საქმიანობის აკრძალვის და მათთვის ეკონომიკური სანქციების გამოყენების შესახებ.

მ) დააწესოს კონტროლი სამედიცინო დახმარების ხარისხის დაცვასა და ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაზე სამეანო-გინეკოლოგიური და პედიატრიული პროფილის დაწესებულებებში.

ნ) უხელმძღვანელოს დადგენილი წესით დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის გასაუმჯობესებლად, პროფილურ სამკურნალო-პროფილაქტიკურ და სამეცნიერო დაწესებულებებს.

ო) მოიწვიოს მუშაობაში დასახმარებლად მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მეცნიერები, ექსპერტები, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის, აგრეთვე ქვეყანაში დემოგრაფიული სიტუაციის გასაუმჯობესებლად ახალი მეთოდების შემუშავების სტრატეგიისა და ტაქტიკის განსაზღვრის მიზნით.

4. დეპარტამენტის მართვა

4.1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელსაც

თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის

მინისტრი.

4.2. დეპარტამენტის თავმჯდომარე პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის მოადგილის წინაშე, რომელიც კურირებას უწევს დეპარტამენტს.

4.3. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ნიშნავს მინისტრი.

4.4. დეპარტამენტის თანამშრომელთა შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.

4.5. დეპარტამენტის თანამშრომლებს იღებს და ათავისუფლებს სამსახურიდან მინისტრი სათანადო წესით.

4.6. დეპარტამენტი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს მინისტრის ბრძანების პროექტებს, ინსტრუქციებს, მეთოდურ რეკომენდაციებს, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხების პროექტებს.

4.7. დეპარტამენტის დებულებას, სტრუქტურასა და საშტატო განრიგს ამტკიცებს მინისტრი.

5. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

დეპარტამენტის რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი წესით.

 

დანართი №3

 

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის დებულება

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტი, შემდგომში წოდებული „დეპარტამენტი“, შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის №531 ბრძანებულების საფუძველზე. ის წარმოადგენს ჯანდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფს, რომელიც მიზნად ისახავს უზრუნველყოს ქვეყანაში ერთიანი სახელმწიფო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების შემუშავების, დანერგვისა და მათ დაცვაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სისტემის ორგანიზება და მართვა.

დეპარტამენტი შედის საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს აპარატში. ის თავისი მიზნისა და ამოცანების განხორციელებას აწარმოებს მის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ შესაბამის უწყებებთან, საწარმოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან (საკუთრების ფორმის მიუხედავად) კანონით განსაზღვრული ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე.

I. ზოგადი დებულებები

1. დეპარტამენტი წარმოადგენს ჯანდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს.

2. დეპარტამენტის საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებებით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით.

3. დეპარტამენტის დაქვემდებარებაში იმყოფებიან სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ცენტრალური, აჭარის ა/რ, აფხაზეთის ა/რ, სამხარეო, საქალაქო და რაიონული ინსპექციები, პროდუქციის ჰიგიენური რეგისტრაციისა და სერტიფიკაციის სამმართველო და პროფილური ს/კ ინსტიტუტები, რომელთა კოორდინაციასა და მართვას ახორციელებს დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

II. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები

1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

1.1. საქართველოში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

1.2. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების დაცვაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ფორმებისა და მეთოდების შემუშავება;

1.3. საქართველოს ტერიტორიაზე სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების დაცვაზე სახელმწიფო ზედამხედველობის კოორდინირება და მართვა;

1.4. საქართველოს ტერიტორიის დაცვის ორგანიზაცია მოსახლეობის სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური კეთილდღეობის მიზნით;

1.5. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების სისტემისათვის კადრების მომზადებისა და გადამზადების ორგანიზაცია;

1.6. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების სახელმწიფო პროგრამის შესრულების კოორდინაცია.

2. ფუნქციები:

2.1. სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების შემუშავების ორგანიზაცია;

2.2. დამტკიცებული სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების დანერგვის ორგანიზაცია;

2.3. ქვეყნის ხელისუფლებისა და მოსახლეობის ინფორმირება სანიტარიულ- ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ;

2.4 სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანიზაციათა და დაწესებულებათა შექმნის, რეგისტრაციის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის წინადადებების შემუშავება და წარდგენა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსათვის;

2.5. სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების შემუშავებისათვის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან და სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ხელშეკრულებების გაფორმება;

2.6. სანიტარიული კონტროლის განმახორციელებელი უწყებრივი დაწესებულებების და ორგანიზაციების რეგისტრაციის წინადადებების შემუშავება და წარდგენა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსათვის;

2.7. საქართველოში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების დაცვაზე სახელმწიფო ზედამხედველობის წარმოების ერთიანი წესებისა და ფორმების შემუშავების ორგანიზაცია;

2.8. საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული იურიდიული და ფიზიკური პირის საქმიანობის შეჩერება ან შეწყვეტა, თუ მათი საქმიანობა შეუთავსებელია ქვეყანაში მოქმედ სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და (ან) სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ წესებთან;

2.9. ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებული მწარმოებელ-მარეალიზებელი ობიექტებისა და პროდუქციის ჰიგიენური რეგისტრაციისა და სერტიფიკაციის ორგანიზაცია;

2.10. საქართველოს ტერიტორიის ნაწილში დროებითი საკარანტინო ზედამხედველობის შემოღება და გაუქმება;

2.11. საქართველოს ყველა სასაზღვრო პუნქტში მუდმივი სანიტარიულ-ჰიგიენური და საკარანტინო ზედამხედველობის განხორციელების ორგანიზაცია;

2.12. დარგისათვის კადრების მომზადებისა და გადამზადების ორგანიზაცია;

2.13. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების პროგრამის პროექტის შემუშავება-წარდგენა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში დასამტკიცებლად, დამტკიცებული პროგრამის შესრულების ხელმძღვანელობა და კოორდინაცია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;

2.14. თანამშრომლობა სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ადგილობრივი მმართველობის და თვითმმართველობის ორგანოებთან სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების სფეროში დადგენილი წესით;

2.15. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

2.16. საერთაშორისო კონფერენციების, სიმპოზიუმების მოწყობა, მონაწილეობა. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;

2.17. მოსახლეობის სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური კეთილსაიმედოობის მაჩვენებლების სტატისტიკური ანგარიშის ფორმების, მათი წარმოების წესისა და პერიოდულობის შემუშავების ორგანიზაცია დადგენილი წესით;

დამტკიცების შემდგომ მათი გამოყენების უზრუნველყოფის ორგანიზაცია მთელ ტერიტორიაზე.

III. უფლება-მოვალეობანი

1. დეპარტამენტი უფლებამოსილია:

1.1. შეიმუშაოს და დადგენილი წესით დამტკიცების შემდგომ გაავრცელოს სტატისტიკური და მონიტორინგული დაკვირვების ფორმები;

1.2. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს (განურჩევლად საკუთრების ფორმისა), სახელმწიფო ორგანოს დამტკიცებულ ფორმებსა და ვადებში მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია, დასვას საკითხი ინფორმაციათა მოუწოდებლობის და (ან) გაყალბებისათვის პასუხისმგებლობის შესახებ;

1.3. მოითხოვოს და მიიღოს დადგენილი წესით და ვადებში სტატისტიკური ინფორმაცია, ანგარიშები და მასალები;

1.4. დაამუშაოს, გამოსცეს და გაავრცელოს, დადგენილი წესის მიხედვით, მის განკარგულებაში არსებული ინფორმაცია;

1.5. შეიტანოს წინადადებები შესაბამის სახელმწიფო ორგანოებში გადაწყვეტილებების დროებითი შეჩერების ან გაუქმების შესახებ, თუ მათი განხორციელება იწვევს ან შეიძლება გამოიწვიოს სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევა;

1.6. მონაწილეობა მიიღოს ჯანდაცვითი პროგრამების შემუშავებაში, გასცეს დასკვნები შემუშავებულ პროექტებზე;

1.7. იყოს ცალკეული სახელმწიფო პროგრამების კოორდინატორი და შემსრულებელი;

1.8. შეიმუშაოს სახელმწიფო ჰიგიენური ექსპერტიზის პროცესში სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან სპეციალისტების, მეცნიერების, დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობის წესი;

1.9. განიხილოს უწყებების, საწარმოების და ორგანიზაციების, აგრეთვე ადგილობრივი

მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელთა ანგარიშები მოსახლეობის სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური კეთილსაიმედოობის უზრუნველმყოფი ღონისძიებების შესრულების თაობაზე;

1.10. მოითხოვოს და მიიღოს დადგენილი წესით და ვადებში სტატისტიკური ინფორმაცია, ანგარიშები და მასალები.

2. დეპარტამენტი ვალდებულია:

2.1. უზრუნველყოს დამტკიცებული სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების დაყვანა შემსრულებლამდე;

2.2. უზრუნველყოს საკუთარ მუშაკთა შრომისა და ყოფის პირობების სისტემატური გაუმჯობესება;

2.3. უზრუნველყოს დეპარტამენტის დაქვემდებარებაში მყოფი ინსპექციები და დაწესებულებები სათანადო ნორმატიული, ინსტრუქციული და მეთოდოლოგიური დოკუმენტაციით;

2.4. აქტიური მონაწილეობა მიიღოს ჯანდაცვითი პროგრამების პროექტების შემუშავებაში და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს დამტკიცებული პროგრამების შესრულება;

2.5. უზრუნველყოს ქვეყანაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან;

2.6. უზრუნველყოს საუწყებათაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური, საზოგადოებრივი საბჭოების, კომისიების და საექსპერტო ჯგუფების მუშაობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

2.7. უზრუნველყოს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის დამტკიცებული ფორმებისა და მეთოდების შესრულების ორგანიზაცია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;

IV. მართვა

1. დეპარტამენტის მუშაობას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე.

2. დეპარტამენტში შეიძლება შეიქმნას საბჭო შემდეგი საკითხების განხილვისათვის:

ა) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების განხილვა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებების შეტანისათვის წინადადებების მომზადება;

გ) სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების სახელმწიფო პროგრამის განხილვა;

დ) დეპარტამენტის შემადგენლობაში შემავალი სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ცენტრალური, აჭარის ა/რ, აფხაზეთის ა/რ, სამხარეო, საქალაქო და რაიონული ინსპექციების შექმნის და რეორგანიზაციის წინადადებების მომზადება;

ე) სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ფორმებისა და მეთოდების განხილვა;

3. საბჭოს გადაწყვეტილება წარედგინება თავმჯდომარეს.

4. დეპარტამენტის საქმიანობას უშუალოდ მართავს მისი თავმჯდომარე, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მთავარ სახელმწიფო სანიტარიულ ექიმს, მას ნიშნავს და

ათავისუფლებს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი.

5. დეპარტამენტის თავმჯდომარის - საქართველოს მთავარი სახელმწიფო სანიტარიული ექიმის და დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის - საქართველოს მთავარი სახელმწიფო სანიტარიული ექიმის მოადგილის, ცალკეული მუშაკების უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება დებულებით „საქართველოში სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების შესახებ“.

V. ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია

1. დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებების შეტანა, აგრეთვე მისი რეორგანიზაცია

ხორციელდება კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

 

დანართი №4

 

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კადრების სამედიცინო პერსონალის გადამზადების, დასაქმებისა და საორგანიზაციო მუშაობის დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა

I. ზოგადი ნაწილი

1. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კადრების, სამედიცინო პერსონალის გადამზადების, დასაქმებისა და საორგანიზაციო მუშაობის დეპარტამენტი, შემდგომში წოდებული „დეპარტამენტი“, შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის №531 ბრძანებულების, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1997 წლის 10 ივნისის №207/ო ბრძანებით და არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.

2. „დეპარტამენტის“ ფუნქციონირება რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, პარლამენტის დადგენილებებით, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ბრძანებებით.

II. დეპარტამენტის ფუნქციები

1. დეპარტამენტის შექმნა მიზნად ისახავს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში სამედიცინო კადრების სფეროში ჯანდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე საქმიანობის წარმართვასა და განხორციელებას.

2. იგი შეიმუშავებს ნორმატიული აქტების პროექტებს სამედიცინო კადრების მომზადების, გადამზადების, სერტიფიკაციისა და ადგილზე დამაგრებისათვის; ხელს შეუწყობს საკონტრაქტო სისტემის სრულყოფას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. აწარმოებს ავტონომიური რესპუბლიკების, მხარეების, ქ. თბილისის ჯანდაცვის მთავარი სამმართველოს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორების, ჯანდაცვის რეგიონული ცენტრების დირექტორების, ყველა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელების საქმიანობის კონტროლს და კოორდინაციას თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

4. შეისწავლოს ჯანდაცვის ორგანოების მაღალმთიან რეგიონებსა და ცენტრიდან მოშორებულ რაიონებში კადრებით უზრუნველყოფა და განსაზღვროს მათზე მოთხოვნილება პროფესიებისა და სპეციალობების მიხედვით.

5. შეიმუშაოს ნომენკლატურული თანამდებობის რეზერვი.

6. განახორციელოს  ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში სამედიცინო კადრების აღრიცხვიანობა და კომპიუტერული ბანკის შექმნა.

7. განსაზღვროს სამინისტროს თანამდებობრივი ნომენკლატურა მის კოლეგიაზე დასამტკიცებლად.

8. შეისწავლოს სპეციალისტების დენადობის მიზეზები და განახორციელოს მისი აღმკვეთი ღონისძიებები მართვის ადგილობრივ ორგანოებთან შეთანხმებით.

9. განახორციელოს სამინისტროს ნომენკლატურის მუშაკებზე ყველა პირადი საქმის ცენტრალიზებული აღრიცხვა, წარმოება და შენახვა.

10. მოამზადოს პროექტი და გააფორმოს მუშაკთა დაჯილდოების მასალები სახელმწიფო კანცელარიაში წარსადგენად. უზრუნველყოს მომუშავე მუშაკების მორალური წახალისება.

11. აკონტროლოს სამედიცინო კადრების კვალიფიკაციის ამაღლებისა და დახელოვნების პროცესი.

12. ჩაატაროს სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის შემოწმება საკადრო საკითხებში და გაუწიოს მეთოდური დახმარება.

მოიწვიოს დეპარტამენტში საქმის წარმოების შემსწავლელ კურსებზე ამ საკითხებზე მომუშავე ყველა სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები.

13. განახორციელოს საზღვარგარეთის ქვეყნებში სტაჟირებაზე და სამუშაოდ გასაგზავნი რეზერვში ჩარიცხული სპეციალისტებიდან კადრების შერჩევა, პირადი ბარათების წარმოება, უზრუნველყოს შემდგომში მათი დანიშნულების ადგილზე საკონტრაქტო პირობებით გაგზავნა და ამ სპეციალისტებისათვის დეპარტამენტთან უცხო ენების სწრაფად შემსწავლელ და პერსონალურ კომპიუტერთან მუშაობის კურსების ჩამოყალიბება.

14. შეიმუშაოს უმაღლეს და საშუალო სამედიცინო სასწავლებლებში მისაღები კონტინგენტის რაოდენობის ლიმიტირების პროგრამა სახელმწიფო შეკვეთის გათვალისწინებით.

III. საორგანიზაციო მუშაობა

1. კურსების წარმოება.

2. ურთიერთობა სხვა სამინისტროებთან (იუსტიციის, შრომის დაცვის, დასაქმებისა და სოციალურ საკითხთა საგარეო საქმეთა და სხვა).

IV. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მისი უფლებები

1. დეპარტამენტის ხელმძღვანელობას ახორციელებს დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელიც ინიშნება და თავისუფლდება ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით. დეპარტამენტის თანამშრომლებს ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით მინისტრი.

2. დეპარტამენტის თავმჯდომარის სამუშაოზე არყოფნის დროს მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.

3. დეპარტამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს დეპარტამენტის მუშაობას, აწესებს თანამშრომელთა პასუხისმგებლობას სამუშაო ადგილზე, პირადად პასუხიმგებელია დეპარტამენტისადმი წაყენებული ამოცანების, მოვალეობის შესრულებისათვის და სახელმწიფო საიდუმლოების შენახვისათვის.

4.დეპატამენტის თავმჯდომარეს უფლება ეძლევა:

ა) ავტონომიური რესპუბლიკების ჯანდაცვის სამინისტროებს, ქ. თბილისის ჯანდაცვის მთავარ სამმართველოს ჯანდაცვის მართვის რეგიონული ცენტრის დირექტორებს, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების დირექტორებს, ყველა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელებს, სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს და საშუალო-სამედიცინო სასწავლებლების დირექტორებს დაეხმაროს ან მათთან ერთად განიხილოს საკადრო საკითხები (შერჩევა, რეზერვი, მომზადება, გადამზადება და სხვა);

ბ) მოითხოვოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულებების, სამმართველოების, განყოფილებების და სასწავლებლების ხელმძღვანელებისაგან საკადრო საკითხებთან დაკავშირებული მონაცემები და სხვა აუცილებელი მასალები დაკავშირებული დეპარტამენტში შემოსულ განცხადებებთან და საჩივრებთან.

 

 

დანართი №5

 

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

1. ზოგადი დებულება

1.1. ეკონომიკური დეპარტამენტი წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ფუნქციონალური ნიშნით შექმნილ სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

1.2. ეკონომიკური დეპარტამენტი თავის საქმიანობასა წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანებებისა და წარმოდგენილი დებულების მოთხოვნათა შესაბამისად.

1.3. დეპარტამენტი ფუნქციონირებს 1997 წლიდან ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის № 149/ო ბრძანების საფუძველზე და საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის №531 ბრძანებულებით.

2. დეპარტამენტის ამოცანები

2.1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) უზრუნველყოს სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი რეგიონალური და საქალაქო ჯანდაცვის სამსახურების საფინანსო საქმიანობის კოორდინაცია და მართვა უპირატესად ეკონომიკური მეთოდების და ბერკეტების საშუალებით; პრივატიზირებული, არასახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების მუშაობის მეთოდური და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა და მათი საქმიანობის სახელმწიფოებრივი რეგულირება კანონით მინიჭებული უფლებების ფარგლებში.

ბ) დარგში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების პროცესების მართვა და მისთვის მეთოდური ხელმძღვანელობის გაწევა რეფორმის მიმდინარეობის ყველა ეტაპსა და მართვის ყველა დონეზე.

გ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროს განვითარების სოციალურ-ეკონომიკური, მეცნიერულ-ტექნიკური და საზღვარგარეთის მოწინავე ქვეყნების სამედიცინო სფეროს ფუნქციონირების, სამედიცინო ბაზრის კონიუნქტურის შესწავლა, განზოგადება და აღნიშნულის ბაზაზე გრძელვადიანი პროგნოზების და ინდიკატური გეგმის დამუშავება და სამინისტროს ხელმძღვანელობის მეშვეობით მათი წარდგინება საქართველოს ეკონომიკის, ფინანსთა, იუსტიციის სამინისტროებში, მთავრობის სხდომაზე.

დ) ჯანდაცვითი სახელმწიფო პროგრამებისა და მუნიციპალური პროგრამების მინიმუმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება.

ე) ჯანდაცვითი სახელმწიფო პროგრამების, სამხარეო და უწყებრივი ჯანდაცვითი პროგრამების შესრულების მიმდინარეობის კონტროლი.

3. დეპარტამენტის ფუნქციები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

3.1. დეპარტამენტის წინაშე მდგარი ამოცანებიდან გამომდინარე, დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

ა) დეპარტამენტი აანალიზებს ჯანდაცვის სისტემის დაწესებულებების საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, მატერიალური, შრომითი, ფინანსური და საკრედიტო რესურსების განაწილებას და მათ მიზნობრივ გამოყენებას, კერძოდ:

ბ) აანალიზებს გასული წლის საფინანსო გეგმის, სახელმწიფო პროგრამების შესრულებას;

გ) ადგენს მომავალი წლის საფინანსო გეგმას და წარუდგენს მინისტრს;

დ) ყოველკვარტალურად (აუცილებლობის შემთხვევაში ოპერატიულად) აანალიზებს და ინფორმაციას წარუდგენს მინისტრს, ყველა დონის ჯანდაცვითი პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

ე) წარადგენს წინადადებებს პროგრამების დაფინანსებაში რეზერვების შესახებ ან იკვლევს დაუფინანსებლობის მიზეზებს;

ვ) ახორციელებს სამედიცინო ბაზრის მარკეტინგულ კვლევას და ამზადებს მეთოდური ხასიათის დოკუმენტებს სისტემაში რეალიზაციისათვის;

ზ) უზრუნველყოფს რევიზია-შემოწმების შედეგად გამოვლენილი ამოსაღები თანხების დაბრუნებას (მომავალში დასაფინანსებელი თანხებიდან დაქვითვას მაკონტროლებელი სტრუქტურების დასკვნების საფუძველზე).

3.3. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1997 წ. 4 აპრილის №108/ო ბრძანების საფუძველზე სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამების განუხრელი შესრულების მიზნით ამუშავებს და სამედიცინო-სამკურნალო დაწესებულებებთან აფორმებს ხელშეკრულებებს და ახორციელებს მათი შესრულების მიმდინარეობის ანალიზსა და კონტროლს;

3.4. თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობას ღებულობს ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პრივატიზაციის პროცესის განხორციელებაში, კერძოდ:

ა) მონაწილეობას პრივატიზაციის მეთოდოლოგიურ უზრუნველყოფაში;

ბ) ადგენს საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხას;

გ) თანამშრომლობს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან;

3.5. სამკურნალო-სამედიცინო დაწესებულებებში მოსახლეობასთან ფულადი ანგარიშსწორების მოწესრიგების მიზნით ამზადებს შესაბამის წინადადებებს;

3.6. სამედიცინო დარგის სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობს სამკურნალო-სამედიცინო დაწესებულებებში გამოყენებული ჯანდაცვითი სახელმწიფო და შიდა სტანდარტების პერიოდულ გადამუშავება-დახვეწაში;

3.7. საქმიან ურთიერთობას ამყარებს სხვა სამინისტროების შესაბამის სტრუქტურებთან.

3.8. ახორციელებს დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის დროულ დამუშავებას და ინფორმაციის დაყვანას ადრესატებამდე.

4. დეპარტამენტის უფლებები და მოვალეობანი

4.1. დეპარტამენტის უპირველესი მოვალეობაა ოპერატიულად და მაღალხარისხოვნად შეასრულოს მის წინაშე მდგარი ამოცანები და ფუნქციები. - შეასრულოს სამინისტროს შინაგანაწესი;

4.2. დეპარტამენტის წინაშე მდგარი ამოცანებისა და ფუნქციების მაღალხარისხოვნად შესრულების მიზნით დეპარტამენტის უფლება აქვს:

ა) ეკონომიკური მეთოდებისა და ბერკეტების გამოყენებით მოახდინოს სამედიცინო ბაზრის შესწავლა, მართვა თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

ბ) მოითხოვოს ინფორმაცია ჯანდაცვის რეგიონალური სტრუქტურული ერთეულებიდან და ცალკეული სამედიცინო ორგანიზაციებიდან სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების შესრულების შესახებ;

გ) სამინისტროს ქვედანაყოფებიდან პერიოდულად მოითხოვოს ინფორმაცია სამედიცინო პროგრამების შესრულების შესახებ;

დ) მისი კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს ინფორმაცია  სამედიცინო ორგანიზაციებიდან სამედიცინო დახმარების სახეებისა და სამკურნალო საშუალებების ფასების შესახებ;

ე) სამედიცინო ბაზრის მარკეტინგული გამოკვლევების საფუძველზე რეკომენდაცია მისცეს სახელმწიფო სექტორის სამედიცინო დაწესებულებების ფასების ცვლილებების შესახებ;

5. დეპარტამენტის მართვა და სტრუქტურა

5.1. ეკონომიკური დეპარტამენტი ექვემდებარება მინისტრის მოადგილეს ეკონომიკურ საკითხებში.

5.2. დეპარტამენტის საქმიანობას წარმართავს მისი უფროსი, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

5.3. დეპარტამენტის უფროსი ახორციელებს დეპარტამენტის საერთო ხელმძღვანელობას, მოქმედებს რა არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, პრაქტიკულ რეალიზაციას უკეთებს ყველა იმ პრობლემას, რომელიც დგას დეპარტამენტის წინაშე.

5.4. დეპარტამენტის საშტატო განრიგი წარმოდგენილია შემდეგნაირად.

1. დეპარტამენტის უფროსი 1 საშტ. ერთ.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე 2 საშტ. ერთ.

3. დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი 1 საშტ. ერთ.

4. წამყვანი სპეციალისტი 2 საშტ. ერთ.

ს უ ლ 6 საშტ. ერთ.

5.5. დეპარტამენტის თანამშრომელთა შორის ფუნქციების განაწილება და საქმიანობის სფეროს გამიჯვნა ხორციელდება უშუალოდ დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ.

5.6. დეპარტამენტის საშტატო განრიგს და პერსონალურად თანამშრომელთა მიღება-განთავისუფლების საკითხს წყვეტს მინისტრი, დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით.

6. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

6.1. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი წესით.

 

 

დანართი №6

 

საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებისა და სამეურნეო საქმიანობის ანალიზის დეპარტამენტის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

1. ზოგადი დებულებანი

1.1. საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებისა და სამეურნეო საქმიანობის ანალიზის დეპარტამენტი (შემდეგში „დეპარტამენტი“) ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც მიზნად ისახავს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესში საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებისა და სამეურნეო საქმიანობის ანალიზის ერთიანი სისტემის შექმნას სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ ყველა სტრუქტურულ ქვედანაყოფსა თუ საქვეუწყებო დაწესებულებაში;

1.2. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების, ქვეყნის პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანებებისა და წარმოდგენილი დებულების მოთხოვნათა შესაბამისად;

1.3. დეპარტამენტი არ ეწევა კომერციულ საქმიანობას. მას შეუძლია სამინისტროს დავალებით ხელშეკრულების საფუძველზე მიიღოს მონაწილეობა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების შედგენაში, მეთოდური რეკომენდაციების შემუშავებაში ან სხვა საქმიანობაში;

1.4. დეპარტამენტი ფუნქციონირებს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 5.05.97 წ. № 149/ო ბრძანების საფუძველზე.

2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

2.1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) საბუღალტრო აღრიცხვის, ორგანიზაციის, საბუღალტრო ანგარიშების შედგენის და წარდგენის წესების მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთელ სისტემაში;

გ) საბუღალტრო-საფინანსო ოპერაციების დოკუმენტური გაფორმება და მათი ასახვა საბუღალტრო რეგისტრებში;

გ) ანგარიშსწორება;

დ) მატერიალური, შრომითი და ფინანსური რესურსების გამოყენებისადმი კონტროლის უზრუნველყოფა;

ე) საფინანსო სამეურნეო საქმიანობაში ნეგატიური მოვლენების თანადროული აღკვეთა;

ვ) შიდასამეურნეო რეზერვების გამოვლენა და მობილიზება;

ზ) საანგარიშო პერიოდის დასასრულს სისტემაში შემავალი ობიექტების საბუღალტრო-საფინანსო პროცესებისა და საქმიანობის შედეგების ანალიზის საფუძველზე სრული და უტყუარი ინფორმაციის ჩამოყალიბება და ზემდგომ ორგანოში თავისდროული წარდგენა;

თ) საკუთარი საქმიანობისათვის საჭირო კვალიფიციური კადრების მოზიდვა, მათი მომზადება-გადამზადება და სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა.

2.2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სამედიცინო დაწესებულებების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ანალიზი;

ბ) საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახურის ორგანიზაცია და კოორდინაცია ჯანდაცვის ყველა ობიექტზე;

გ) სამედიცინო საქმიანობის სუბიექტთა სამეურნეო საქმიანობისა და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმართვის შემოწმება;

დ) რევიზია-შემოწმების შედეგად გამოვლენილი ამოსაღები თანხების დაბრუნების უზრუნველყოფა;

ე) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული, ინსტრუქციული და მეთოდოლოგიური დოკუმენტების, პროექტების შემუშავება;

ვ) სამედიცინო დარგის სხვა სპეციალისტებთან ერთად ჯანდაცვის სისტემის სარეგულაციო კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ზ) მჭიდრო თანამშრომლობა სახელმწიფო მაკონტროლებელ სამსახურებთან;

თ) საქმიანი ურთიერთობების დამყარება სხვა სამინისტროების შესაბამის სტრუქტურებთან;

ი) სამინისტროს ხელმძღვანელების როგორც გეგმური, ასევე ოპერატიული დავალებების დროული და მაღალხარისხოვანი შესრულება;

კ) დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციების დროული დამუშავება და ინფორმაციის დაყვანა ადრესატებამდე;

ლ) სამედიცინო საქმიანობის იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

მ) მინისტრის ბრძანებების შესრულების კონტროლი.

3. დეპარტამენტის უფლებები და მოვალეობანი

3.1. დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში რიგი ამოცანების შესასრულებლად დადოს ხელშეკრულებები;

ბ) დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად ჯანდაცვის ორგანოდან, დაწესებულებიდან და პირისაგან მიიღოს დროული და სრული ინფორმაცია;

გ) საჭიროების შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ჩაატაროს საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის შემოწმება დაქვემდებარებულ დაწესებულებებში;

დ) საკუთარი ამოცანებიდან გამომდინარე, შეაგროვოს, დაამუშაოს და გაავრცელოს დარგისათვის საჭირო სათანადო ინფორმაცია;

ე) დეპარტამენტის ფუნქციების განსახორციელებლად საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს მოწვეული სპეციალისტები;

ვ) მონაწილეობა მიიღოს ჯანდაცვის სისტემის კანონშემოქმედებით საქმიანობაში;

ზ) საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე დააყენოს დეპარტამენტის თანამშრომელთა საშტატო ერთეულების გაზრდისა თუ შემცირების საკითხი;

3.2. დეპარტამენტი ვალდებულია:

ა) ოპერატიულად და მაღალხარისხოვნად შეასრულოს მის წინაშე მდგარი ამოცანები და ფუნქციები;

ბ) დაემორჩილოს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დებულების მოთხოვნებს;

გ) დაიცვას სამინისტროს შინაგანაწესი;

დ) შეასრულოს მინისტრის ბრძანებები და დავალებები;

ე) მკაცრად დაიცვას სამედიცინო საქმიანობის სუბიექტთა შემოწმების წესები და პირობები;

ვ) სათანადო წესით გააფორმოს შემოწმების შესაბამისი აქტები; შედეგები სისტემატურად მოახსენოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს;

ზ) დადგენილი წესის მიხედვით, წელიწადში ერთხელ ჩააბაროს ანგარიში თავისი საქმიანობის შესახებ სამინისტროს ხელმძღვანელობას, ხოლო ინფორმაცია საქმიანობაზე, ყოველკვარტალურად მოახსენოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს;

თ) აუცილებელი ინფორმაციის დროული მიუღებლობის ან მისი გაყალბების შემთხვევაში ოპერატიულად მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები დამრღვევთა მიმართ;

ი) უზრუნველყოს დეპარტამენტის მუშაკთა შრომისა და ყოფის პირობების სისტემატური გაუმჯობესება;

კ) უზრუნველყოს დეპარტამენტის შემადგენლობაში შემავალი ორგანიზაცია-დაწესებულებები სათანადო ნორმატიული, ინსტრუქციული თუ მეთოდოლოგიური დოკუმენტაციით;

4. დეპარტამენტის მართვა და სტრუქტურა

4.1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი;

4.2. დეპარტამენტის უშუალო ხელმძღვანელობას წარმართავს მინისტრის მოადგილე ეკონომიკურ საკითხებში;

4.3. დეპარტამენტის თავმჯდომარე მოქმედებს რა არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, პრაქტიკულ რეალიზაციას უკეთებს ყველა იმ პრობლემას, რომელიც უშუალოდ დგას დეპარტამენტის წინაშე;

4.4. დეპარტამენტის თავმჯდომარე:

ა) პასუხისმგებელია შესრულებული სამუშაოების ხარისხსა და გატარებული ღონისძიებების შედეგებზე ჯანდაცვის მინისტრის წინაშე;

ბ) აფორმებს ხელშეკრულებებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;

გ) მუდმივად, ან დროებით ანაწილებს ფუნქციებს და სამუშაოებს დეპარტამენტის თანამშრომლებსა და ქვედანაყოფებს შორის;

დ) სისტემატურად ატარებს მიმდინარე საკითხების განხილვას თანამშრომელთა შეკრებებზე.

4.5. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და თანამშრომელთა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით;

4.6. დეპარტამენტის საშტატო განრიგი წარმოდგენილია შემდეგნაირად:

1. დეპარტამენტის თავმჯდომარე;

2. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე;

3. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე;

4. მთავარი სპეციალისტი;

5. მთავარი სპეციალისტი;

6. წამყვანი სპეციალისტი;

7. წამყვანი სპეციალისტი;

8. წამყვანი სპეციალისტი;

9. მოლარე;

10. მდივან-მემანქანე.

4.7. დეპარტამენტის საშტატო განრიგს და პერსონალურად თანამშრომელთა მიღება-განთავისუფლების საკითხს, დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით, წყვეტს მინისტრი.

5. დეპარტამენტის ფინანსური უზრუნველყოფა

5.1. დეპარტამენტი წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საფინანსო აღრიცხვა-ანგარიშგებისა და სამეურნეო საქმიანობის ანალიზის სამსახურს და ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან;

5.2. დეპარტამენტის ეკონომიკური სტიმულირების ფონდების ნორმატივებს ამტკიცებს თავმჯდომარე;

5.3. დეპარტამენტი თავისი ფინანსური საქმიანობის შედეგებს ასახავს წლიურ და კვარტალურ ანგარიშებში.

6. დეპარტამენტის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია

6.1. დეპარტამენტის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხდება საქ. კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

 

 

დანართი №7

 

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს

სამხედრო-სამობილიზაციო განყოფილების დ ე ბ უ ლ ე ბ ა

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სამხედრო-სამობილიზაციო განყოფილება წარმოადგენს ჯანდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანებებითა და წინამდებარე დებულებებით.

სამხედრო-სამობილიზაციო განყოფილება ახორციელებს ჯანმრთელობის დაცვის დარგის ძალებისა და საშუალებების მობილიზაციას ქვეყნის სამხედრო ძალების, სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებებისა და მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფისათვის, როგორც საომარ ან საგანგებო პერიოდში, ასევე მშვიდობიანობის დროს.

1. ძირითადი ფუნქციები და ამოცანები

განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

1.1. ამუშავებს სამობილიზაციო გეგმას როგორც საომარი მდგომარეობის, ასევე კატასტროფების, საწარმოო და სატრანსპორტო ავარიების შედეგად დაზიანებული მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფისათვის.

1.2. შეიმუშავებს და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს წარუდგენს სავარაუდო წლის გეგმას.

1.3. კოორდინაციას უწევს შესაბამისი ფორმირებების ჩამოყალიბებას სამოქალაქო თავდაცვის საჭიროებისათვის მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფის მიზნით.

1.4. აწარმოებს კადრების მომზადებას დეფიციტურ სპეციალობებში, რომლებიც საჭიროა საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს.

1.5. საჭიროების შემთხვევაში კოორდინაციას უწევს ზურგის ჰოსპიტლებისა და საობსერვაციო პუნქტების შექმნას.

1.6. გეგმავს და უზრუნველყოფს სისხლისა და სისხლის პრეპარატების წარმოების სიმძლავრეების შექმნას.

1.7. სამედიცინო დაწესებულებებისა და ფორმირებებისათვის ქმნის და ინახავს სამობილიზაციო რეზერვს, რომლითაც ხდება როგორც საომარი მდგომარეობის, ასევე კატასტროფებისა და საწარმოო ავარიების შედეგად დაზიანებული მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფა. ხელმძღვანელობს სპეციალური სამედიცინო ბაზების მუშაობას, შეიმუშავებს სამედიცინო ქონების რეზერვში დაგროვების ნუსხას და რაოდენობას.

1.8. ატარებს როგორც დამოუკიდებელ სწავლებას, ასევე მონაწილეობს სამოქალაქო თავდაცვის საჭიროებისათვის ჩატარებულ სწავლებაში.

1.9. სამობილიზაციო მომზადებასთან დაკავშირებულ ყველა სამუშაოს ატარებს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის რეჟიმის შესაბამისად.

2. განყოფილების მართვა

2.1. სამხედრო-სამობილიზაციო განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი.

2.2. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელია განყოფილების საქმიანობაზე.

3. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

3.1. სამხედრო-სამობილიზაციო განყოფილების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.