„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 329
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/10/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/10/2024
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017856
329
01/10/2024
ვებგვერდი, 02/10/2024
200090000.22.033.017856
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №329

2024 წლის 1 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და VII6 კარის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის VII7 კარი:

 

„კარი VII7

მუხლი 11115. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე  ნაწილით გათვალისწინებული  გადასახადებისაგან/გადასახდელებისაგან გათავისუფლების  წესი და პირობები

1. ამ კარის მიზნებისთვის, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნად განიხილება „შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის №615 დადგენილებით დამტკიცებული ჩამონათვალით გათვალისწინებული ქვეყნები (მათ შორის, ქვეყნები, რომლებიც შეღავათიანი დაბეგვრის მქონედ განიხილებიან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98​2 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად).

2. შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული  უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი თავისუფლდება იმპორტის გადასახდელისაგან, თუ ერთდროულად კმაყოფილდება შემდეგი  პირობები:

ა) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს საკუთრებაში არსებული ყველა აქტივის/საქონლის საკუთრების უფლებით საქართველოს საწარმოსათვის გადაცემა და იმპორტი განხორციელებულია 2028 წლის 1 იანვრამდე;

ბ) ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებულ უცხოურ საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი ან ფიზიკურ პირთა ჯგუფი ფლობს;

გ) ფიზიკური პირი (ფიზიკურ პირთა ჯგუფი) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებულ უცხოურ საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ფლობს 2024 წლის 5 ივნისის მდგომარეობით;

დ) ფიზიკური პირი (ფიზიკურ პირთა ჯგუფი) საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ფლობს აქტივის/საქონლის საკუთრების უფლებით საქართველოს საწარმოსათვის  გადაცემის და იმპორტის მომენტისთვის.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანისას, იმპორტის გადასახდელისაგან გათავისუფლების მიზნით,  ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, საქართველოს საწარმოსთვის საკუთრების უფლებით გადაცემული აქტივის/საქონლის იმპორტის განმახორციელებელი პირი (საქართველოს საწარმო) იმპორტის თითოეულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მიმართავს განცხადებით (დანართი №VII7-01), რომელსაც უნდა ერთოდეს:

ა) უცხოურ საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციის ფლობის  დამადასტურებელი დოკუმენტები;

ბ) ყველა აქტივის/საქონლის (მათ შორის, წილის/აქციის) 2024 წლის 5 ივნისამდე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;

გ) ყველა აქტივის/საქონლის (მათ შორის, წილის/აქციის) საკუთრების უფლებით საქართველოს საწარმოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის ან/და კაპიტალში შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. საგადასახადო ორგანო, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას  განიხილავს რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. იმ შემთხვევაში, თუ განცხადება აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს,  საგადასახადო ორგანო გამოსცემს ბრძანებას „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე ნაწილის საფუძველზე აქტივის/საქონლის იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების თაობაზე“, რომელიც უნდა მოიცავდეს იმ აქტივის/საქონლის დასახელებასა და ღირებულებას, რომელზეც გავრცელდება შეღავათი.  

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებაში ხარვეზის არსებობის ან/და დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საჭიროების შემთხვევაში,  საგადასახადო ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოსადგენად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება ხარვეზის აღმოფხვრისთვის განსაზღვრული ვადით.

6.  თუ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, განმცხადებელმა საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ აღმოფხვრა ხარვეზი ან არ წარმოადგინა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, საგადასახადო ორგანო გამოსცემს ბრძანებას „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე ნაწილის საფუძველზე აქტივის/საქონლის იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ“.

 7. თუ საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გამოვლინდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე ნაწილით დადგენილი შეღავათის გამოყენების წინაპირობების დარღვევის ფაქტი, შეღავათის მიმღებ პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს  კანონმდებლობის შესაბამისად.

8. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე  ნაწილის მიზნებისთვის:

ა) ფიზიკური პირის (ფიზიკურ პირთა ჯგუფის) მიერ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს წილის/აქციების ფლობად განიხილება  ფიზიკური პირის (ფიზიკურ პირთა ჯგუფის) მიერ წილის/აქციების როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი (მათ შორის, მინდობილი საკუთრების ან ტრასტის ბენეფიციარის ფორმით) ფლობა;

ბ) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემად განიხილება:

ბ.ა) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს მიერ საქართველოს საწარმოსთვის ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების უსასყიდლოდ გადაცემა;

ბ.ბ) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს მიერ ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირზე გადაცემა (მათ შორის, უსასყიდლოდ, დივიდენდის განაწილების ან სხვა ფორმით) და ამავე პირის მიერ მიღებული ყველა აქტივის საქართველოს საწარმოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა ან/და საქართველოს საწარმოს კაპიტალში შეტანა;

გ) ამ პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:

გ.ა) საქართველოს საწარმოს კაპიტალში შენატანის განხორციელებისას კაპიტალის ოდენობა განისაზღვრება გადაცემული ყველა აქტივის იმ ღირებულებით, რა ღირებულებაც ამ  აქტივებს შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსთვის გააჩნდა მათი გადაცემის მომენტისთვის;

გ.ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მიზნებისათვის საქართველოს საწარმოსთვის აქციის/წილის ან/და სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი მოთხოვნის საკუთრების უფლებით გადაცემა არ განიხილება საქართველოს საწარმოს მიერ აქციის/წილის შეძენად ან/და სესხის გაცემად;

დ) ყველა აქტივი გულისხმობს 2024 წლის 5 ივნისის მდგომარეობით შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს საკუთრებაში არსებულ იმ ყველა აქტივს/საქონელს, რომელიც მას საკუთრებაში გააჩნია გადაცემის მომენტისათვის.

9. საგადასახადო ორგანო  ინფორმაციას პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე ნაწილით გათვალისწინებული ოპერაციის განხორციელების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, უგზავნის სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, აღნიშნული ოპერაციის განხორციელების ფაქტის დაფიქსირებიდან/გამოვლენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

 

დანართი VII7-01

-----------------------------------------

(საგადასახადო ორგანოს დასახელება)

-----------------------------------------

(გადასახადის გადამხდელის დასახელება)

---------------------------------------

(საიდენტიფიკაციო ნომერი)

 

 განცხადება

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე ნაწილით გათვალისწინებული აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანისას/იმპორტისას  იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების თაობაზე

 

გაცნობებთ, რომ ვახორციელებ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე ნაწილით გათვალისწინებული აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანას/იმპორტს.

წარმოგიდგენთ ინფორმაციას შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე)  საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის თაობაზე:

1

 

                                                   (შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნის დასახელება)

2

 

                               (უცხოური საწარმოს დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი)

3

 

                             (საქართველოს საწარმოს დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი)

4

 

(უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოს დამფუძნებელი პირის (პირთა ჯგუფის) საიდენტიფიკაციო მონაცემები)

5

 

 

(უცხოურ საწარმოსა და საქართველოს საწარმოში დამფუძნებელი პირის (პირთა ჯგუფის) წილის ოდენობა)

 

აქტივის/საქონლის დასახელება

სეს ესნ კოდი

ღირებულება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

(იმ აქტივის/საქონლის ჩამონათვალი, რომელიც უცხოური საწარმოს  საკუთრებაშია 2024 წლის 5 ივნისამდე და რომელიც საკუთრების უფლებით გადაეცა საქართველოს საწარმოს;სეს ესნ კოდი; ღირებულება)

 გთხოვთ, მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების თაობაზე.

დანართი:

ა)  უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები;

ბ) ყველა აქტივის/საქონლის (მათ შორის, წილზე/აქციაზე) 2024 წლის 5 ივნისამდე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;

გ) ყველა აქტივის/საქონლის (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლებით საქართველოს საწარმოსათვის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება).

                                    --------------------------                                                               ----------------------

                                (განმცხადებლის ხელმოწერა )                                                     (თარიღი)           “.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი