გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ

გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/09/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/10/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.161.016590
24
30/09/2024
ვებგვერდი, 02/10/2024
010250050.35.161.016590
გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2024 წლის 30 სექტემბერი

ქ. გარდაბანი

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების,  61-ე მუხლის მეორე ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-12 პუნქტს „ა“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების  წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 სექტემბრის №18 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე  (www.matsne.gov.ge), 27/09/2023, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.161.016558).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემიხეილ გედეხაური



დანართი

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი განსაზღვრავს გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა წახალისების მიზნით ერთჯერადად გასაცემი თანხის ოდენობას, თანხის მისაღებად მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხასა და გაცემის წესს.

2. პროგრამის განმახორციელებელია გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის საქმეთა სამსახური.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

1. ოქროს მედალოსანი – მოსწავლე, რომლის საშუალო  საფეხურის საერთო ქულა არის 10 დამრგვალების გარეშე და მიმდინარე სასწავლო წლის  პერიოდში სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე მიიღებს დადებით შეფასებას, რაც დასტურდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი პირის მიერ გაცემული და დამოწმებული დოკუმენტით.

2. ვერცხლის მედალოსანი – მოსწავლე, რომლის საშუალო  საფეხურის საერთო ქულა არის 9,8 ან მეტი და მიმდინარე სასწავლო წლის  პერიოდში სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე მიიღებს დადებით შეფასებას, რაც დასტურდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი პირის მიერ გაცემული და დამოწმებული დოკუმენტით.

3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და სრულად მოიცავს ზოგადი განათლების ერთ საფეხურს მაინც.

4. ჯილდო  ერთჯერადი გასაცემელი თანხა.

მუხლი 3. პროგრამის მიზანი

მოტივაციის ამაღლებისა და განვითარების ტემპის შენარჩუნების მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების წახალისება ერთჯერადი ფულადი ჯილდოს სახით.

მუხლი 4. პროგრამით მოსარგებლე პირ(ებ)ი და დაფინანსების ოდენობა

1. პროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები.

2. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება შემდეგი ოდენობით:

ა) ოქროს მედალოსანი – 500 (ხუთასი) ლარი;

ბ) ვერცხლის მედალოსანი – 400 (ოთხასი) ლარი.

მუხლი 5. ჯილდოს გაცემის პირობები და ადმინისტრირება

1. ჯილდოს გასაცემად გარდაბნის საგანმანათლებლო რესურსცენტრი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს:

ა) წერილი მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დაბადების მოწმობის ასლი ან/და კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მინდობილობა/რწმუნებულება (იმ შემთხვევაში, თუ პროგრამით მოსარგებლე არასრულწლოვანია);

დ) საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/სკოლიდან მიღებული სრული ზოგადი განათლების ატესტატი ან აღნიშნულის დამადასტურებელი ცნობა;

ე) ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ პროგრამით მოსარგებლე არის ოქროს/ვერცხლის მედალოსანი;

ვ) პროგრამით მოსარგებლე პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიში, გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ კანონით დადგენილი წესით.

2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებისა და დოკუმენტაციის სისწორეს ამოწმებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის საქმეთა სამსახური.

3. ჯილდოს გაცემის გადაწყვეტილება მიიღება გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

მუხლი 6. ჯილდოს გაცემის წყარო და ანგარიშსწორება

1. ჯილდოს გაცემა განხორციელდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.

2. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

3. არასრულწლოვანი მოსწავლისთვის გასაცემი თანხა ჩაირიცხება კანონიერი წარმომადგენლის პირად ანგარიშზე.