დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 531 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 22/09/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 18, 30/09/1997 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/01/2000 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/09/1997 - 13/04/1998)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №531
1997 წლის 22 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონის თანახმად:
1. დამტკიცდეს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინიტროს თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინიტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 ივნისის №377 ბრძანებულება.
პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დებულება
I. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურაში შექმნილი ცენტრალური ორგანო, რომელიც შეიმუშავებს და ახორციელებს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პოლიტიკას და უზრუნველყოფს სახელმწიფო მმართველობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში.
2. სამინისტრო შექმნილია და ფუნქციონირებს საქართველოს კონსტიტუციის 81-ე მუხლისა და „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
3. სამინსიტრო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით საქართველოს საკანონმდებლო და ქვეკანონური ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
4. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. მისი საქმიანობა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
5. სამინისტრო იყოფა სტრუქტურული ქვედანაყოფებად ამ დებულების შესაბამისად. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
6. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი 380060, გამსახურდიას გამზირი № 30, ტელეფონი: 22-12-35, ტელეფაქსი: (995 – 32) 77 – 00 – 86.
II. სამინისტროს ამოცანები და ფუნქციები
7. სამინისტროს ამოცანებია:
ა) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად შემუშავებული სახელწმიფო სამედიცინო-სანიტარიული, სოციალურ-ეკონომიკური და მეცნიერულ-ტექნოლოგიური პოლიტიკის განხორციელება;
ბ) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, მათი განხორციელებისათვის გამიზნულ სამუშაოთა კოორდინაცია და კონტროლი;
გ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროს განვითარების სოციალურ-ეკონომიკური და მეცნიერულ-ტექნიკური კონცეფციის შემუშავება და პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და გრძელვადიანი პროგნოზირებისა და ინდიკატური გეგმების შემუშავების საფუძველზე;
დ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სტრატეგიულ-პროფილაქტიკურ მიმართულებათა განვითარება;
ე) სახელმწიფო ჯანდაცვისა და სამედიცინო პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელების ორგანიზაცია და კონტროლი;
ვ) დედათა და ბავშვთა დაცვის დარგში პრიორიტეტულ ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება;
ზ) დადგენილი წესით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სამედიცინო საქმიანობის, სუბიექტების რეგისტრაცია, აკრედიტაცია და ლიცენზირება;
თ) ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სამედიცინო დახმარების ერთიანი წესების, პირობებისა და ნორმატივების შემუშავება და კონტროლის დაწესება მათი შესრულებისადმი;
ი) სახელმწიფო სამედიცინო სტანდარტების შემუშავება და დანერგვა;
კ) სამედიცინო დახმარების ხარისხის უზრუნველყოფა დამტკიცებული სტანდარტების ფარგლებში;
ლ) დადგენილი წესით სახელმწიფო სავალდებულო სამედიცინო სადაზღვევო, აგრეთვე მუნიციპალური ჯანდაცვითი პროგრამების სავალდებულო მინიმუმის შემუშავება;
მ) ჯანდაცვის მართვის ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაცია;
ნ) ჯანდაცვის სამხარეო და საუწყებო პროგრამების შემუშავებისა და შესრულების კოორდინაცია და კონტროლი;
ო) ნებაყოფლობითი სამედიცინო სადაზღვევო პროგრამების რეგისტრაცია და ექსპერტიზა, მათი შესრულების კოორდინაცია;
პ) სამედიცინო დაწესებულებათა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისა და განვითარებისათვის ხელის შეწყობა;
ჟ) მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი გარანტირებული კვალიფიციური ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა;
რ) საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ჯგუფების, ცალკეული პირების საქმიანობის ხელშეწყობა, რომელთა მიზანია მოსახლეობის ფართო ფენებისათვის ცხოვრების ჯანსაღი წესისა და პირველადი პრევენციის მნიშვნელობის გაცნობა;
ს) მოსახლეობის ჯანმრთელობაზე გარემოს ფაქტორების უარყოფითი გავლენის თავიდან აცილების, შრომის, ყოფაცხოვრების, კვების, სწავლების, აღზრდის, რადიაციული და ქიმიური უსაფრთხოების, მინერალური სასუქებისა და შხამქიმიკატების გამოყენების სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების დაცვის სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობა, ნედლეულის, პროდუქციისა და მათი მწარმოებელ-მარეალიზებელი ობიექტების სახელმწიფო-ჰიგიენური რეგისტრაცია, სერტიფიცირება და ექსპერტიზა;
ტ) ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე სამკურნალწამლო საშუალებათა წარმოების ხელშეწყობა და მათი ინტეგრირება შიდა და საერთაშორისო ბაზარზე;
უ) სამედიცინო განათლების, მეცნიერების განვითარების კოორდინირება და სტიმულირება;
ფ) საქართველოში სამკურნალწამლო საშუალებების, სამედიცინო აპარატურისა და სამედიცინო დანიშნულების სხვა პროდუქციის წარმოების განვითარების პერსპექტიულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი განხორცილების ხელშეწყობა;
ქ) სამედიცინო კადრების მომზადების სათანადო დონის, კვალიფიკაციის და უწყვეტი და სამედიცინო განათლების პროცესის სრულყოფის უზრუნველყოფა;
ღ) ხალხური მედიცინის პერსპექტიული მიმართულებებისა და ტრადიციული მედიცინის განვითარების ხელშეწყობა;
ყ) საქართველოში წარმოებულ თუ შემოტანილ სამკურნალწამლო საშუალებათა ხარისხის სისტემატური ზედამხედველობა;
შ) სამედიცინო დანიშნულების საგნებისა და სამედიცინო ტექნიკის დარგის ინტერესების გათვალისწინებით საზღვარგარეთის ქვეყნებთან ეკონომიკური და მეცნიერულ-ტექნოლოგიური თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
ჩ) სამედიცინო დაწესებულებათა სამკურნალო-პროფილაქტიკურ და სახელმწიფო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური საქმიანობისადმი კონტროლის დაწესება;
ც) საქართველოს საკურორტო-სარეკრეაციო რესურსების შესწავლა და განვითარების ხელშეწყობა.
8. სამინისტროს ფუნქციებია:
ა) საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა, დაავადებათა პროფილაქტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის მეცნიერულად დასაბუთებული გზებისა და მეთოდების შემუშავება და დანერგვა;
ბ) დაავადებათა და არამართვად ინფექციათა მიმართულებით პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება; დადგენილი წესით ქვეყნის საზღვრებზე სახელმწიფო სანიტარიულ-ჰიგიენური ზედამხედველობა ქვეყნის ტერიტორიის სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური კეთილსაიმედოობისა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე ტვირთის, საკარანტინო დაავადებათა შემოტანის აღკვეთა;
გ) ეფექტიანი, უსაფრთხო და მაღალხარისხიანი, სიცოცხლისათვის აუცილებელ სამკურნალო საშუალებებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით მოსახლეობისა და სამედიცინო დაწესებულებების უზრუნველყოფის ორგანიზაცია;
დ) მოსახლეობისათვის სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების ორგანიზაცია;
ე) სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის ხარისხის კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებათა შემუშავება;
ვ) სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მოწყობაში მონაწილეობა;
ზ) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სამინისტროთა, უწყებათა, ორგანიზაციათა, საწარმოთა (საკუთრების ფორმის მიუხედავად), მოქალაქეთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების დაცვის სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განხორციელება;
თ) ნედლეულის, პროდუქციისა და საწარმოების სახელმწიფო ჰიგიენური რეგისტრაცია და ჰიგიენური სერტიფიცირების განხორციელება;
ი) დადგენილი წესით ქვეყნის საზღვრებზე სახელმწიფო სანიტარიულ-ჰიგიენური ზედამხედველობის განხორციელება ტერიტორიის სანიტარიულ-ეპიდემოლოგიური საიმედოობისა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე ტვირთის შემოტანის აღკვეთის მიზნით;
კ) ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში პრიორიტეტული დარგების განვითარება საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების სამედიცინო სისტემებისა და სამედიცინო ბაზრების კონიუნქტურის გათვალისწინებით:
ლ) უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშემწყობ ღონისძიებათა შემუშავება და რეალიზაცია;
მ) ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და მის რეგიონალურ განყოფილებასთან, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მომუშავე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონტაქტების გაფართოება;
ნ) სამედიცინო სადაზღვევო კომპანიების ჩამოყალიბებისა და საქმიანობის ხელშეწყობა;
ო) ავტონომიური რესპუბლიკების ჯანდაცვის სამინისტროების, მხარეებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულების, ქალაქების მერიებთან და მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან არსებულ ჯანდაცვის განყოფილებათა საქმიანობის კონტროლი და კოორდინირება;
პ) დარგობრივი ტექნიკურ-ეკონომიკური ნორმების, ნორმატივებისა და სტანდარტების შემუშავების ორგანიზაცია და მათი დამტკიცება;
ჟ) სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებში აღრიცხვა-ანგარიშგების სათანადო დონის, მათგან კვარტალური და წლიური საბუღალტრო ანგარიშგების მიღებისა და გაანალიზების უზრუნველყოფა.
III. სამინისტროს უფლებამოსილებანი
9. სამინისტროს უფლება აქვს:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს ჯანდაცვის დაწესებულებების მიერ საკანონმდებლო და ქვეკანონური ნორმატიული აქტების შესრულება;
ბ) საქართველოს პრეზიდენტს განსახილველად წარუდგინოს შემუშავებული და დადგენილი წესით შეთანხმებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტები;
გ) შეიმუშაოს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების პროექტები და დადგენილი წესით წარადგინოს დასამტკიცებლად;
დ) შეიმუშაოს და დაამტკიცოს მკურნალობის სახელმწიფო სამედიცინო სტანდარტები;
ე) შეიმუშაოს სამედიცინო საქმიანობის სამართალ-სუბიექტების აკრედიტაციის, ლიცენზირებისა და სერტიფიცირების წესები და პირობები; აწარმოოს სამედიცინო საქმიანობის სამართალ-სუბიექტთა სახელმწიფო რეესტრი;
ვ) საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი მითითებები მისცეს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ცენტრალურ ორგანოებს, უწყებებს, მოსთხოვოს მათ სათანადო ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული წესით:
ზ) შესაბამისი სამინისტროების, დეპარტამენტების, უწყებების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელთა წინაშე დააყენოს ჯანმრთელობის დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევაში დამნაშავე თანამდებობის პირთა დისციპლინური და სხვა პასუხისმგებლობის საკითხი;
თ) შეიმუშაოს და დაამტკიცოს „საქართველოში სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმების შესახებ“ დებულება, რომელიც განსაზღვრავს ფიზიკური და იურიდიული პირების (მიუხედავად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა) მოვალეობას და პასუხისმგებლობას სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების დაცვისათვის;
ი) შეიმუშაოს და დაამტკიცოს სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის წესები, ფორმები და მეთოდები.
IV. სამინისტროს მართვა
10. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელსაც თანამდებობაზე პარლამენტის თანხმობით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. მინისტრს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. მინისტრი პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე სამინისტროს მთელი საქმიანობისათვის.
11. მინისტრი:
„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად მინისტრი, როგორც სამინისტროს ხელმძღვანელი:
ა) ერთმმართველობის პრინციპით წარმართავს სამინისტროს საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებზე;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სამინისტროს მმართველობას განეკუთვნება;
გ) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო დაწესებულებების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებისადმი და სამინისტროს თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობისადმი კანონით დადგენილი წესით:
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრის მრჩევლებს, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებს, სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა მუშაკებს;
ე) შეაქვს წინადადება საქართველოს პრეზიდენტთან სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსვლისა და გასავლის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი ასიგნებების გამოყოფის თაობაზე; იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხს აგებს ბიუჯეტის ზუსტად და მიზანმიმართულად შესრულებისათვის;
ვ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხას, ახორციელებს მათი შესრულების კონტროლს და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;
ზ) უზრუნველყოფს ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფო პროგრამების შესრულებას, აკონტროლებს მათ მიმდინარეობას და აწვდის ინფორმაციას მათ შესახებ საქართვლოს პრეზიდენტს;
თ) ანგარიშს აბარებს საქართველოს პრეზიდენტს სამინისტროს საქმიანობის შესახებ პერიოდულად დადგენილ ვადებში;
ი) საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს ინფორმაციას ქვეყანაში აღმასრულებელი ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
12. თუ სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი საკითხის გადაწყვეტა ეხება აგრეთვე სხვა სამინისტროს ან სამთავრობო დაწესებულებას, მაშინ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ათანხმებს საკითხს შესაბამისი დარგის მინისტრთან ან სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელთან. თანხმობის მიუღწევლობის შემთხვევაში საკითხი განიხილება მთავრობის სხდომაზე და გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი.
13. მინისტრი პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის და ორგანიზაციას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
14. მინისტრის სამართლებრივი აქტები:
ა) მინისტრი გამოსცემს ბრძანებას. მინისტრის ბრძანება უფლებააღმჭურველი ან ამკრძალავი აქტია;
ბ) მინისტრის ბრძანების პროექტი, თუ იგი ნორმატიულია, გადაეცემა იუსტიციის სამინისტროს, რომელიც ორ კვირაში იძლევა დასკვნას მისი საქართველოს საკანონმდებლო აქტებთან და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებთან შესაბამისობის შესახებ. ნორმატიული აქტი მინისტრის ხელმოწერიდან ათ დღეში გადაეცემა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრში შესატანად;
გ) მინისტრის ბრძანებას უნდა ჰქონდეს სათაური, მითითებული უნდა იყოს მიღების თარიღი და ადგილი, ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა (თუ განსაზღვრული ვადითაა მიღებული), თანამდებობის პირის ხელმოწერა, სარეგისტრაციო ნომერი, ხოლო თუ აქტი სახელმწიფო რეესტრში შეტანას მოითხოვს, - აგრეთვე სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი;
დ) მინისტრის სამართლებრივი აქტი, თუ იგი ნორმატიულია, ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე, თუ იმავე სამართლებრივი აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღეს და დაუყოვნებლივ ეცნობა დაინტერესებულ პირთ.
15. მინისტრის უფლებამოსილება წყდება:
ა) მისი გადადგომისას;
ბ) მისი გარდაცვალებისას;
გ) თუ თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს პრეზიდენტის აქტის საფუძველზე;
დ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
ე) თუ მთავრობის შემადგენლობამ მოიხსნა უფლებამოსილება;
ვ) საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
16. მინისტრი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სამინისტროს აპარატისა და სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მეშვეობით. უშუალოდ მინისტრის დავალებათა შესრულების ორგანიზაციას ახორციელებს სამინისტროს აპარატი, რომელიც კოორდინაციას უწევს იმ სამსახურებისა და დეპარტამენტების მუშაობას, რომლებიც უშუალოდ ექვემდებარებიან მინისტრს.
17. მინისტრს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას საბჭო სათათბირო უფლებებით და განსაზღვროს მისი მოვალეობანი და საქმიანობის წესი.
18. სამინისტროს ფუნქციების შესრულება უშუალოდ მინისტრის ბრძანებით ნაწილდება მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს შორის.
19. მინისტრს ჰყავს ერთი პირველი მოადგილე და ორი მოადგილე, რომელთაგან ერთი ასრულებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
20. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
21. მინისტრის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტა მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებათა შეწყვეტის საფუძველია.
22. მინისტრის მოადგილეებს უფლება არა აქვთ შედიოდნენ სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელ, საკონტროლო ან სარევიზიო ორგანოებში, ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას.
23. მინისტრის არყოფნისას სამინისტროს საქმიანობას ხელმძღვანელობს და სამსახურის ურთიერთობებს კოორდინაციას უწევს მინისტრის პირველი მოადგილე.
24. სამინისტროს თანამდებობის პირს უფლება არა აქვს იმავდროულად ეკავოს სხვა თანამდებობა საჯარო სამსახურში.
25. სამინისტროს უშუალო მმართველობის სფეროს განეკუთვნება სამინისტროს აპარატის ფუნქციური სამსახურები და მის დაქვემდებარებაში მყოფი საქვეუწყებო დაწესებულებები, რომლებიც თავიანთი დებულების (წესდების) საფუძველზე ახორციელებენ საქმიანობას, იღებენ გადაწყვეტილებას, რომელსაც მოხსენებითი ბარათის სახით წარუდგენენ მინისტრს. მათ მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტი ძალაში შედის მინისტრის ბრძანებით.
26. მინისტრი ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებების ხელმძღვანელების აქტებსა და მოქმედებას, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს.
27. სამინისტროს დაქვემდებარებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა დებულებას ამტკიცებს მინისტრი, ხოლო მათი რეგისტრაცია ხორციელდება პრეზიდენტის სპეციალურ რეესტრში.
V. სამინისტროს სტრუქტურა
28. სამინისტროს სტრუქტურა შეიცავს შემდეგ ქვედანაყოფებს:
– სამედიცინო მართვისა და მოსახლეობის სამედიცინო დახმარების დეპარტამენტს
– დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტს ნორმირების დეპარტამენტს
– სამედიცინო მეცნიერების, განათლების, აკრედიტაცია-ლიცენზირების დეპარტამენტს
– კადრების, სამედიცინო პერსონალის გადამზადების, დასაქმებისა და საორგანიზაციო მუშაობის დეპარტამენტს
– ეკონომიკურ დეპარტამენტს
– საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებისა და სამეურნეო საქმიანობის ანალიზის დეპარტამენტს
– სამხედრო სამობილიზაციო განყოფილებას.
29. სამინისტროს გამგებლობაში მყოფი საქვეუწყებო დაწესებულებებია:
– საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი
– წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტი
– ჯანდაცვს მართვის ეროვნული ცენტრი
– სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექცია
– საგარეო ურთიერთობათა სააგენტო
– მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მართვისა და განვითარების დეპარტამენტი.
VI. სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია
30. სამედიცინო პროგრამების მართვისა და მოსახლეობის სამედიცინო დახმარების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად შემუშავებული სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;
ბ) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, მათი განხორციელებისათვის გამიზნულ სამუშაოთა კოორდინაცია და მართვა;
გ) სტაციონარული და ამბულატორიული დახმარების ოპტიმიზაცია;
დ) სამედიცინო დაწესებულებების საორგანიზაციო-მეთოდური დახმარება;
ე) მოსახლეობის სამკურნალო და მედიკამენტური დახმარების ორგანიზაცია.
31. დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად შემუშავებული სახელმწიფო სამედიცინო-სანიტარიული, სოციალურ-ეკონომიკური და მეცნიერულ-ტექნოლოგიური პოლიტიკის განხორციელება;
ბ) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, მათი განხორციელებისათვის გამიზნულ სამუშაოთა კოორდინაცია და კონტროლი;
გ) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა, დაავადებათა პროფილაქტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის მეცნიერულად დასაბუთებული გზებისა და მეთოდების შემუშავება-დანერგვა;
დ) ქალთა და ბავშვთა მოსახლეობის სამკურნალო-პროფილაქტიკური და მედიკამენტური დახმარების ორგანიზაცია;
ე) ქვეყანაში დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, სამთავრობო და სტატისტიკური უწყებებიდან, სამედიცინო დაწესებულებებიდან (განურჩევლად მათი საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა) მათი სისტემატიზაცია, ანალიზი და გავრცელება.
32. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების დაცვის სახელმწიფო ზედამხედველობის კოორდინირება და მართვა;
გ) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების შემუშავების ორგანიზაცია და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დამტკიცება;
დ) დამტკიცებული სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმირებისა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების დანერგვის ორგანიზაცია.
33. სამედიცინო მეცნიერების, განათლების, აკრედიტაცია-ლიცენზირების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამედიცინო მეცნიერების კოორდინაცია;
ბ) უწყვეტი სამედიცინო განათლების ერთიანი სახელმწიფო კონცეფციის საფუძველზე სამედიცინო კადრების მომზადების პროცესის უზრუნველყოფა;
გ) ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში სერტიფიცირება-აკრედიტაცია-ლიცენზირებისათვის საჭირო თეორიულ-პრაქტიკული და იურიდიული საფუძვლების მომზადება.
34. კადრების, სამედიცინო პერსონალის გადამზადების, დასაქმებისა და საორგანიზაციო მუშაობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ახალი ნორმატიული აქტების შემუშავება სამედიცინო კადრების, სერტიფიკაციისა და ადგილზე დამკვიდრებისათვის;
ბ) საკონტაქტო სისტემის სრულყოფის ხელის შეწყობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) სპეციალისტთა დენადობის მიზეზების შესწავლა და მისი აღმკვეთი ღონისძიებების განხორციელება მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან შეთანხმებით;
დ) სამინისტროს ნომენკლატურის მუშაკებზე ყველა პირადი საქმის ცენტრალიზებული აღრიცხვა, წარმოება და შენახვა;
ე) სახელმწიფო და საერო სამედიცინო სასწავლებლებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე შეთავსებით მომუშავე პერსონალის შერჩევის წესების, აგრეთვე სახელმწიფო და საერო სასწავლებლების მიერ სასწავლო კლინიკურ ბაზებში სასწავლო პროცესის გამიჯვნის წესების შემუშავება სამინისტროს სხვა ქვედანაყოფებთან ერთად.
35. ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს დაქვემდებარებული რეგიონალური და საქალაქო ჯანდაცვის სამსახურების სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია და მართვა უპირატესად ეკონომიკური მეთოდებისა და ბერკეტების საშუალებით; პრივატიზებული, არასახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების მუშაობის მეთოდური და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა, აგრეთვე მათი საქმიანობის სახელმწიფოებრივი რეგულირება კანონით მინიჭებული უფლებების ფარგლებში;
ბ) ჯანდაცვის სისტემის დაწესებულებების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ანალიზი, მატერიალური, შრომითი, ფინანსური და საკრედიტო რესურსების განაწილება და მათი მიზნობრივი გამოყენება.
36. საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების და სამეურნეო საქმიანობის ანალიზის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების ბალანსზე არსებული ქონებისა და მისი მოძრაობის, მატერიალური, შრომითი და ფინანსური რესურსების გამოყენების კონტროლი დამტკიცებული ნორმების შესაბამისად;
ბ) საფინანსო-სამეურნეო საქმიანობაში ნეგატიური მოვლენების აღკვეთა, შიდასამეურნეო რეზერვების გამოვლენა და მობილიზება;
გ) სამეურნეო პროცესებისა და საქმიანობის შედეგების შესახებ სრული ინფორმაციის მოპოვება, ჩამოყალიბება და ანალიზი.
37. სამხედრო-სამობილიზაციო განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია ჯანდაცვის სისტემის ორგანოებისა და დაწესებულებების სამობილიზაციო მომზადება ქვეყნის სამხედრო ძალებისა და მოსახლეობის სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად საომარი ან საგანგებო მდგომარეობის პერიოდში.
VII. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
39. სამინისტროს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
დოკუმენტის კომენტარები