დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
რეზიდენტურაში სამედიცინო კადრების პროფესიული მზადების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 426/ო |
დოკუმენტის მიმღები | ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო |
მიღების თარიღი | 27/10/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, -, 12/11/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000220.01(2).003.000114 |
ამონაწერი საქართველოს ჯანმრთელობის
დაცვის მინისტრის
ბრძანება №426/ო
1997 წლის 27 ოქტომბერი
ქ. თბილისი
რეზიდენტურაში სამედიცინო კადრების პროფესიული მზადების შესახებ
სამედიცინო განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელიც ითვალისწინებს სამედიცინო კადრების მომზადების გაუმჯობესებას ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კურსისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეალური მოთხოვნილებების შესაბამისად, ამასთანავე საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 ივნისის №379 ბრძანებულების „საქართველოს უმაღლესი სამედიცინო განათლების სრულყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ" გამომდინარე ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. დამტკიცდეს „დებულება რეზიდენტურაში სამედიცინო კადრების პროფესიული მზადების შესახებ“ (დანართი 1).
2. დაევალოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს ბატონ ა. გამყრელიძეს შესაბამისი სამსახურების მონაწილეობით:
2.1. სამედიცინო კადრების პროფესიული მზადების საკოორდინაციო ორგანოს ჩამოყალიბება.
2.2. რეზიდენტურის გასავლელი შესაბამისი ბაზების გამოყოფა.
3. დაევალოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილეს ბატონ თ. ჯინჯოლავას
სამედიცინო კადრების პროფესიული მზადების საკოორდინაციო ორგანოს ფინანსური უზრუნველყოფის კრიტერიუმებისა და მოცულობის განსაზღვრა.
4. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი ა.ჯორბენაძე
დანართი 1
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
რეზიდენტურაში სამედიცინო კადრების პროფესიული მზადების შესახებ
მუხლი 1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოში დარგობრივი რეზიდენტურის პროგრამებით სამედიცინო კადრების პროფესიული მზადების ზოგად პრინციპებსა და ძირითად მოთხოვნებს საქართველოსა (კანონი განათლების შესახებ, კანონი ჯანდაცვის შესახებ) და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად.
მუხლი 2. დარგობრივი რეზიდენტურის ანუ სამედიცინო კადრების პოსტდიპლომური პროფესიული მზადების პროგრამების მიზანია მედიცინის სხვადასხვა სპეციალობებში თანამედროვე დონის სპეციალისტების მომზადება.
მუხლი 3. საქართველოს ტერიტორიაზე რეზიდენტურის პროგრამების ჩატარების უფლების მისაღებად საჭიროა ამ პროგრამამ (სამედიცინო-სასწავლო დაწესებულებამ ან ასეთების ჯგუფმა) მიიღოს სახელმწიფო აკრედიტაცია და ლიცენზია დადგენილი წესით.
მუხლი 4. რეზიდენტურის პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებს მიღებული უნდა ჰქონდეთ შესაბამის სპეციალობაში საქმიანობის ლიცენზია.
მუხლი 5. რეზიდენტურის პროგრამებით მზადების გასავლელად კანდიდატების შერჩევა ხდება ერთიანი სახელმწიფო გამოცდის საფუძველზე დადგენილი წესით.
მუხლი 6. რეზიდენტურის სახელმწიფო საკონკურსო გამოცდაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ:
1. სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სამედიცინო სასწავლო დაწესებულების 1998 და მომდევნო წლების კურსდამთავრებულებს, რომლებსაც მიღებული აქვთ „ზოგადი პროფილის ექიმის“ სახელმწიფო სერტიფიკატი.
2. პირებს, რომლებსაც 1998 წლამდე დამთავრებული აქვთ უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი და გააჩნიათ ექიმის სახელმწიფო დიპლომი.
მუხლი 7. რეზიდენტურების პროგრამებით მოსამზადებელ სახელმწიფოსათვის საჭირო კონტინგენტის ყოველწლიურ რაოდენობას, აგრეთვე რეზიდენტურების პროგრამების ფინანსირების წესებს განსაზღვრავს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო.
მუხლი 8. რეზიდენტურის პროგრამით პროფესიული მზადების პროცესის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი პროფილის „ექიმი-სპეციალისტის“ დიპლომი.
მუხლი 9. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მისაღებად „ექიმი- სპეციალისტის“ დიპლომის მქონე პირმა უნდა ჩააბაროს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა შესაბამის სპეციალობაში დადგენილი წესით.
მუხლი 10. რეზიდენტურაში პროფესიული კადრების მზადების პროცესებს არეგულირებს სამედიცინო კადრების პროფესიული მზადების საკოორდინაციო ორგანო დადგენილი წესით.
მუხლი 11. რეზიდენტურებში მზადება წარიმართება სპეციალური პროგრამებით, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს პროფესიული მზადების სახელმწიფო სტანდარტებსა და საერთაშორისო რეკომენდაციებს.
მუხლი 12. რეზიდენტურის პროგრამის ხანგრძლიობა საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ პრეზიდენტი სრულყოფილად დაეუფლოს მედიცინის შესაბამის სპეციალობას და მზადების დამთავრების შემდეგ შეძლოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა პროფესიული სტანდარტების შესაბამისად.
მუხლი 13. რეზიდენტურის ყველა პროგრამის პირველი წელი უნდა დაეთმოს მედიცინის შესაბამისი დარგის საბაზისო კლინიკურ კურსს.
მუხლი 14. თითოეული რეზიდენტის მზადების ინდივიდუალურ გეგმას შეიმუშავებს რეზიდენტის ხელმძღვანელი, რომელსაც უნდა ჰქონდეს მედიცინის შესაბამის სპეციალობაში პრაქტიკული მუშაობის სტაჟი და უმაღლეს სამედიცინო განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება.
მუხლი 15. რეზიდენტებსა და მათ ხელმძღვანელებს შორის რაოდენობრივი თანაფარდობა უნდა უზრუნველყოფდეს თითოეული რეზიდენტის აქტიურ მონაწილეობას პრაქტიკულ მუშაობაში, მისი პროფესიული მზადების პროცესის პერსონალურ ზედამხედველობას მთელი პროგრამის განმავლობაში.
მუხლი 16. რეზიდენტურაში მზადების პროგრამის პერიოდში პროფესიული ცოდნის, გამოცდილებისა და პრაქტიკული ჩვევების სრულყოფილი ათვისების მიზნით რეზიდენტი აქტიურად უნდა იყოს ჩართული და პირადად უნდა ასრულებდეს დადგენილი რაოდენობის მრავალფეროვან სამკურნალო, დიაგნოსტიკურ და სხვა სამედიცინო პროცედურებს სტაციონარულ და ამბულატორიულ პაციენტებთან.
მუხლი 17. რეზიდენტს უნდა შეეძლოს პაციენტებთან და სამედიცინო პერსონალთან სრულყოფილი ზეპირი და წერილობითი ურთიერთობების დამყარება. მას უნდა გააჩნდეს საერთაშორისო ლიტერატურის წაკითხვისა და ანალიზის უნარი.
მუხლი 18. რეზიდენტის საქმიანობა დეტალურად უნდა აღინუსხოს სპეციალური ფორმის პერსონალურ ჟურნალში (დღიურში).
მუხლი 19. რეზიდენტურის მზადების პროგრამები უნდა წარიმართოს დაწესებულებაში ან დაწესებულებათა ჯგუფში, რომელსაც გააჩნია შესაბამის სპეციალობაში რეზიდენტის პრაქტიკული მზადების ჩასატარებლად (პროფესიული კადრები, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ავადმყოფებით დატვირთვა, თანამედროვე საერთაშორისო პროფესიული ლიტერატურა) საჭირო რეალური შესაძლებლობა.
მუხლი 20. პროფესიული მზადების პროცესის შეფასების მიზნით დადგენილი წესით ტარდება რეზიდენტების საქმიანობის კონტროლი.
მუხლი 21. მედიცინის სხვადასხვა სპეციალობაში რეზიდენტურის პროგრამებით მოსამზადებელი კონტინგენტის რაოდენობა უნდა განისაზღვროს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დარგსა და მთლიანად ქვეყანაში ადამიანური რესურსების რეგულირების საერთო პოლიტიკიდან გამომდინარე.
მუხლი 22. საქართველოში არსებული რეზიდენტურის პროგრამები უნდა პასუხობდეს საერთაშორისო რეკომენდაციებს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს სამედიცინო კადრების პროფესიული მომზადების დონის აღიარებას საერთაშორისო შრომით ბაზარზე და უცხოეთის ქვეყნების პროფესიული მზადების პროგრამების ნოსტრიფიკაციას საქართველოში.
დოკუმენტის კომენტარები