შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 308
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/09/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2024
ძალაში შესვლის თარიღი 17/10/2024
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.024703
308
20/09/2024
ვებგვერდი, 23/09/2024
040170020.10.003.024703
შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №308

2024 წლის 20 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“.
მუხლი 2
დადგენილების მოქმედების ვადად განისაზღვროს 2024 წლის 17 ოქტომბრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 17 ოქტომბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ საქონლისა და ომსახურების

შესყიდვების სპეციალური წესი


ზოგადი დებულებები

1. „შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ ამ წესით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვების წესს.

2. ამ წესის მიზანია განსახორციელებელი მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების პროცედურების გამარტივება და კომპანიის მიზნების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფა.

3. შესყიდვის განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული შესყიდვის პროცედურები.

4. ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვები ხორციელდება ამ წესის შესაბამისად, წინასწარ განსაზღვრული და საწარმოს გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული გეგმის შესაბამისად.

5. შესყიდვა, რომელზეც არ ვრცელდება ეს წესი, რეგულირდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) შემსყიდველი – შპს „საქართველოს მელიორაცია“;

ბ) შესყიდვა – შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა;

გ) გამარტივებული შესყიდვა (ერთ პირთან მოლაპარაკება) – შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

დ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომშისისტემა) – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური პორტალი –https://tenders.procurement.gov.ge;

ე) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა – ამ წესის დანართით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვების საშუალება, რომლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება ამ წესით (ამ წესით განსაზღვრული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მიზნებისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ტერმინი – ტენდერი);

ვ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურის პირობები (შემდგომშიპროცედურის პირობები) – შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შესახებ განცხადებითა და დოკუმენტაციით გათვალისწინებული ინფორმაცია შესყიდვის შესახებ, აგრეთვე შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის მიმართ კომისიის მიერ დადგენილი პირობების/მოთხოვნების ერთობლიობა;

ზ) პრეტენდენტი – პირი, რომელიც შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობს;

თ) მიმწოდებელი – პირი, რომელთანაც დადებულ იქნა ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ;

ი) წინადადების უზრუნველყოფის გარანტია – წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, პრეტენდენტის მიერ შემსყიდველისათვის წარდგენილი გარანტირების მექანიზმი, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 1%-ის ოდენობით, ხოლო პრეისკურანტის საფუძველზე შესყიდვის შემთხვევაში – სახელშეკრულებო ღირებულების 1%-ის ოდენობით;

კ) წინადადების ფასი – ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების ფასი, რომელსაც პრეტენდენტი უთითებს სისტემის შესაბამის ველში;

ლ) წინადადების ფასის კლების ბიჯი – შემსყიდველის მიერ შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული თანხა, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 0.4%-იდან 2%-მდე ოდენობით (შემდგომში – ბიჯი);

მ) წინადადება – ამ წესის მოთხოვნათა დაცვითა და შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში შემსყიდველის მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მიღების მიზნით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული წინადადების ფასი, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტის ნიმუში, ექსპერტიზის დასკვნა, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი;

ნ) ტექნიკური დოკუმენტაცია – პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილია შემსყიდველის მიერ განცხადებითა და დოკუმენტაციით;

ო) ელექტრონული ვაჭრობა – ელექტრონული შესყიდვის შემადგენელი პროცედურა, რომლის დროსაც პრეტენდენტს სისტემის საშუალებით შეუძლია, შეამციროს მის მიერ წარდგენილი წინადადების ფასი, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გამარჯვების მოპოვების მიზნით. ელექტრონული ვაჭრობა მოიცავს ძირითად დროსა და დამატებით რაუნდებს, სისტემით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. შემსყიდველის გადაწყვეტილებით, ელექტრონული პროცედურა შესაძლებელია, არ მოიცავდეს ელექტრონული ვაჭრობის დამატებით რაუნდებს;

პ) სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტი – ადმინისტრაციული ორგანოდან წარსადგენი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს შესყიდვის ელექტრონული პროცედურის პირობებით მოთხოვნილ ინფორმაციას პრეტენდენტის მდგომარეობის/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები, არსებული ფინანსური და სხვა სახის ვალდებულებები და სხვ.);

ჟ) კომისია – შემსყიდველის გადაწყვეტილებით, შემსყიდველის თანამშრომლებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც ახორციელებს შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას, ასევე უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება გამარტივებული შესყიდვის (ერთ პირთან მოლაპარაკების) საშუალებით განხორციელების შესახებ, ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

რ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა დასრულებულია უარყოფითი შედეგით – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა მიიჩნევა უარყოფითი შედეგით დასრულებულად, როდესაც შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილე ყველა პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას;

ს) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა არ შედგა – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა მიიჩნევა არშემდგარად, როდესაც არცერთმა პრეტენდენტმა არ მიიღო მონაწილეობა შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში;

ტ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა შეწყვეტილია – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა მიიჩნევა შეწყვეტილად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ აიტვირთება კომისიის შესაბამისი დასაბუთებული სხდომის ოქმი;

უ) შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება – ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებულ პრეტენდენტთან დასადები ხელშეკრულების ღირებულება.

მუხლი 3. შემსყიდველის უფლება-მოვალეობები

1. შემსყიდველი უფლებამოსილია:

ა) ამ წესის დაცვით, შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება);

ბ) ამ წესის შესაბამისად, მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია;

გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი ან/და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე შემსყიდველის საქმიანობის მიზნებიდან ან/და ინტერესებიდან გამომდინარე;

დ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა;

ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ მიმწოდებლის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები ყალბი აღმოჩნდება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების არსებობისას.

2. შემსყიდველი ვალდებულია:

ა) რაციონალურად განახორციელოს შესყიდვები, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით;

ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, აუნაზღაუროს მიმწოდებელს მიწოდებული საქონლის ან/და მომსახურების ღირებულება;

გ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში სისტემაში ატვირთოს შესაბამისი გადაწყვეტილების ამსახველი სხდომის ოქმი, ამასთანავე, ამ შემთხვევაში შემსყიდველი არ არის ვალდებული, პრეტენდენტებს წარუდგინოს რაიმე მტკიცებულება ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მიიღო ეს გადაწყვეტილება. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი არ არის ვალდებული, პრეტენდენტებს აუნაზღაუროს შესყიდვაში მონაწილეობასთან ან/და ხელშეკრულების მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯები.

მუხლი 4. შესყიდვის საშუალებები

1. ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საშუალებით ან/და გამარტივებული შესყიდვის (ერთ პირთან მოლაპარაკების) საშუალებით.

2. შემსყიდველის მიერ გამარტივებული შესყიდვის (ერთ პირთან მოლაპარაკების) საშუალებით შესყიდვა შესაძლებელია, განხორციელდეს, თუ შესყიდვის შესახებ ერთჯერადად დასადები ხელშეკრულების ღირებულება არ აღემატება 200,000 ლარს.

მუხლი 5. კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი

1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას განსაზღვრავს და ატარებს კომისია, რომელსაც არანაკლებ სამი წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყიდველის ხელმძღვანელი.

2. კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული კომისიის ერთ-ერთი წევრი.

3. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება, მიწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.

4. კომისია გადაწყვეტილებას იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. კომისიის გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს სხდომაზე დამსწრე კომისიის ყველა წევრი. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის გადაწყვეტილებას.

5. კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს კომისიის შესაბამის სხდომის ოქმში. გადაწყვეტილება მიღებულად მიიჩნევა კომისიის ყველა დამსწრე წევრის მიერ ოქმზე ხელმოწერის შემდეგ. ყველა ის სხდომის ოქმი, რომელიც შეიქმნება ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შემდეგ, ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში ხელმოწერისთანავე. სისტემაში ატვირთული ოქმის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ სისტემაში უკვე ატვირთული ოქმის გაუქმებითა და შეცვლილი ოქმის სისტემაში ატვირთვის გზით.

6. შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა/წერილობითი შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/წერილობითი შეტყობინების გაგზავნა სავალდებულო არ არის. მიმოწერა/წერილობითი შეტყობინება მიღებულად მიიჩნევა მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.

მუხლი 6. კომისიის აპარატი

1. კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შემსყიდველის თანამშრომელთა შემადგენლობით იქმნება კომისიის აპარატი (შემდგომში − აპარატი), რომელსაც ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.

2. აპარატის ფუნქცია არის შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების, დოკუმენტაციისა და შესყიდვის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ორგანიზაციული საკითხის უზრუნველყოფა.

3. აპარატს უფლება აქვს, მიაწოდოს პრეტენდენტებს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონულ პროცედურასთან დაკავშირებით.

4. აპარატი ვალდებულია, ყოველი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაციული მასალის შენახვა უზრუნველყოს ხელშეკრულების დადებიდან სამი წლის განმავლობაში.

მუხლი 7. განცხადება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ

1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების (შემდგომში − განცხადება) შევსება და განთავსება ხდება სისტემის მეშვეობით.

2. განცხადებისა და დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 (ერთი) სამუშაო დღეს განცხადებისა და დოკუმენტაციის სისტემაში განთავსების მომენტიდან. ამ ვადის დასრულებიდან არანაკლებ ორი დღის განმავლობაში პრეტენდენტს შეუძლია, სისტემის საშუალებით წარადგინოს წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარდგენილი წინადადების ფასი კლებადობის პრინციპითა და ბიჯის გათვალისწინებით.

3. განცხადებაში უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) განცხადების ნომერი;

ბ) შემსყიდველის დასახელება;

გ) გამოცხადების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით;

დ) წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით;

ე) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება (თუ შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ტარდება პრეისკურანტის საფუძველზე – მითითება პრეისკურანტის სავარაუდო და შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულებებზე);

ვ) მითითება იმის შესახებ, რომ წინადადება წარდგენილი უნდა იქნეს დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში – დღგ) გათვალისწინებით თუ მის გარეშე;

ზ) შესყიდვის ობიექტის რაოდენობა ან მოცულობა;

თ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა;

ი) ბიჯის ოდენობა.

4. განცხადებას აქვს დამატებითი ინფორმაციის ველი, რომელიც შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შესყიდვის ობიექტის დამატებითი აღწერის ან შესყიდვის ელექტრონულ პროცედურასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით.

5. განცხადების სისტემაში განთავსებისათვის აუცილებელია დოკუმენტაციის ატვირთვა სისტემაში.

მუხლი 8. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციის სისტემაში   განთავსება და დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა

1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:

ა) იმ სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების ჩამონათვალს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ)   შესასყიდი   საქონლის   რაოდენობას, მომსახურების  მოცულობას,

საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას;

გ) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური, შესრულების ან/და ფუნქციური სპეციფიკაციების სრულ აღწერას, მათ შორის, გეგმებს, ნახაზებს, ესკიზებს (მათი არსებობის შემთხვევაში), ინფორმაციას ხარისხის, ფუნქციონირების, უსაფრთხოების, ზომების, შეფუთვის, ნიშანდებისა და მარკირების, წარმოების მეთოდისა და პროცესის, სიმბოლოების, ტერმინების, შემსყიდველის მიერ დადგენილი შესაბამისობის მოთხოვნების შესახებ და სხვ.;

დ) მეთოდებს, რომლებითაც უნდა იყოს გაანგარიშებული წინადადების ღირებულება იმის მითითებით, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი საქონლის ან მომსახურების ღირებულების გარდა სხვა ხარჯებსაც (ტრანსპორტირება, დაზღვევა, გადასახადები და სხვა);

ე) მითითებას ნიმუშის, ექსპერტიზის დასკვნის ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის შესახებ (არსებობის შემთხვევაში);

ვ) ინფორმაციას შესყიდვის ობიექტის საგარანტიო ვადისა და პირობების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);

ზ) მითითებას წინადადების უზრუნველყოფის 1%-იანი გარანტიის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) კომისიის აპარატის იმ წევრის ვინაობასა და საკონტაქტო ინფორმაციას, რომელსაც უფლება აქვს, გასცეს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შესახებ.

2. კომისიას უფლება აქვს, წინადადების მიღების დროის დაწყებამდე შეიტანოს ცვლილება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მონაცემებში. დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია დოკუმენტაციის გაუქმებითა და შეცვლილი დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვის გზით. დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის ცვლილება.

მუხლი 9. ტექნიკური მოთხოვნები პრეტენდენტის მიმართ და შესყიდვის ობიექტის აღწერის წესი

1. შემსყიდველი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უფლებამოსილია, განსაზღვროს მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი და შესყიდვის ობიექტი.

2. პრეტენდენტთა მიმართ მოთხოვნები შესაძლებელია, დადგინდეს მათი ცოდნის, გამოცდილების, სანდოობის, ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობების შეფასების მიზნით.

3. შემსყიდველი უფლებამოსილია, მოითხოვოს სარეგისტრაციო/ უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენა, თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს. თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ნაკლებია 200 000 ლარზე, სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, რაც უნდა დასაბუთდეს შესყიდვის ელექტრონული პროცედურის პირობებში. ასეთ შემთხვევაში, სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების რაოდენობა უნდა იყოს მინიმალური, კონკრეტული შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე.

4. კომისია ვალდებულია შესყიდვის ობიექტის ტექნიკური, შესრულების ან/და ფუნქციური სპეციფიკაციების აღწერისას გამოყენებული ტექსტური მასალები და სხვა მაჩვენებლები შეუსაბამოს საერთაშორისო ან საქართველოს სტანდარტებს. სატენდერო კომისია ვალდებულია, მიუთითოს შესაბამისი გამოყენებული სტანდარტი (არსებობის შემთხვევაში). დაუშვებელია სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის მითითება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესყიდვის ობიექტის ზუსტი აღწერის სხვა საშუალება არ არსებობს. ასეთ შემთხვევაში, აღწერისას აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ტერმინი „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“ და სხვა.

5. შემსყიდველი შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარდგენის ვალდებულებას განსაზღვრავს დოკუმენტაციაში. პრეტენდენტის მიერ ნიმუშის წარუდგენლობა ან მისი შეუსაბამობა განცხადების ან/და დოკუმენტაციის მოთხოვნებთან ან სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას, ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუში დაზუსტებას არ ექვემდებარება. პრეტენდენტს შესყიდვის ობიექტის ნიმუში უბრუნდება გონივრულ ვადაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნიმუში მალფუჭებადი ნივთია და/ან მისი ბუნებიდან გამომდინარე, დაბრუნება შეუძლებელია.

მუხლი 10. წინადადების წარდგენა

1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტს შეუძლია, წარადგინოს წინადადება წინადადების მიღების ვადის დაწყების ეტაპიდან წინადადების მიღების ვადის დასრულებამდე.

2. წინადადების წარდგენამდე ნებისმიერ პირს აქვს უფლება, სისტემაში გაეცნოს განცხადებასა და დოკუმენტაციას.

3. წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით. პრეტენდენტის მიერ ატვირთული უნდა იქნეს შესყიდვის ელექტრონული პროცედურების პირობებით განსაზღვრული ყველა დოკუმენტი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ატვირთვის შემდგომ, პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს წინადადების ფასი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას ან/და უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სულ მცირე, ერთი ბიჯით ნაკლები. ტექნიკური დოკუმენტაციის ატვირთვისა და წინადადების ფასის მითითების შემდეგ დაუშვებელია ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის შეცვლა, დამატება, გაუქმება ან წაშლა.

5. იმ შემთხვევაში, თუ განცხადებით გათვალისწინებულია წინადადების ფასის დღგ-ის გარეშე წარდგენა, პრეტენდენტი წინადადების ფასში არ ითვალისწინებს დღგ-ს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ის გადამხდელი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, შერჩევა-შეფასება ხორციელდება წარდგენილი წინადადების ფასების მიხედვით. შემსყიდველი ვალდებულია, ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინოს წინადადების ფასის დღგ-ის შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის პრეტენდენტი არის დღგ-ის გადამხდელი, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

მუხლი 11. წინადადების უზრუნველყოფის გარანტია

1. პრეტენდენტი ვალდებულია ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად წარადგინოს წინადადების უზრუნველყოფის გარანტია, ერთ-ერთი ქვემოთ მითითებული წესითა და ფორმით:

ა) პროცედურის პირობებით განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე თანხის გადახდითა და აღნიშნულის დამადასტურებელი ქვითრის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად წარდგენით;

ბ)  საბანკო  გარანტიით, რომელიც წარდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული საბანკო/სადაზღვევო დაწესებულებიდან.

2. წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის ბენეფიციარია შემსყიდველი.

3. თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 50 000 ლარზე ნაკლებია, შემსყიდველი უფლებამოსილია, არ მოითხოვოს წინადადების უზრუნველყოფის გარანტია.

4. წინადადების უზრუნველყოფის გარანტია დაბრუნებას ექვემდებარება შესაბამისი ხელშეკრულების დადების ან შესყიდვის ელექტრონული პროცედურის უარყოფითი შედეგით დასრულების ან შეწყვეტის შემთხვევაში, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შესაბამისი მოთხოვნიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

5. წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის დაბრუნების მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი ხელშეკრულების დადებიდან ან შესყიდვის ელექტრონული პროცედურის უარყოფითი შედეგით დასრულებიდან ან შეწყვეტიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ წინადადების უზრუნველყოფის გარანტია არ ექვემდებარება დაბრუნებას და წარმოადგენს შემსყიდველის შემოსავალს.

6. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი წინადადების უზრუნველყოფის გარანტია არ ექვემდებარება დაბრუნებას, თუ შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია განხორციელდა ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

მუხლი 12. შერჩევა/შეფასება

1. კომისიის მიერ პრეტენდენტები ფასდებიან წინადადების ფასის, მათ მიერ სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების მიხედვით (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში), ამ პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობით.

2. პრეტენდენტის წინადადება ფასდება ელექტრონული ვაჭრობის ეტაპის დასრულების შემდგომ. შემსყიდველი შერჩევის დაწყებისას ადგენს ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილ წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან.

3. იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი პრეტენდენტის მიერ სისტემაში მითითებულია წინადადების ყველაზე დაბალი თანაბარი ფასი, უპირატესობა ენიჭება იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა მიუთითა ყველაზე დაბალი წინადადების ფასი.

4. კომისიამ უნდა იმსჯელოს, შეესაბამება თუ არა წინადადების ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაცია პროცედურის პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, კომისიის გადაწყვეტილებით, ხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მისი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემ(ებ)ს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობას/უზუსტობებს, რომლის/რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს.

6. თუ სისტემაში მთლიანი ტექნიკური დოკუმენტაცია ატვირთულია ხარვეზის მქონე ფაილის სახით (რომელიც არ იკითხება), სატენდერო კომისიას უფლება არ აქვს, პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხარვეზიანია ტექნიკური დოკუმენტაციის ისეთი ნაწილი, რომლის წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს.

7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შემსყიდველი მიმართავს პრეტენდენტს მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს სამი სამუშაო დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში წარდგენილი დოკუმენტაცია არ დაზუსტდება, კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

8. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია (მათ შორის, სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტი) შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, შემსყიდველის მიერ ხარჯთაღრიცხვის ან/და ფასების ცხრილის დაზუსტების მოთხოვნა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენის მოთხოვნასა და ხელშეკრულების დასადებად მოწვევასთან ერთად.

9. პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა შემსყიდველისათვის ხდება სისტემის მეშვეობით.

მუხლი 13. პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია

1. პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ:

ა) იგი უარს იტყვის წინადადებაზე ან სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე;

ბ) მისი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება ელექტრონული პროცედურის განცხადებითა და დოკუმენტაციით განსაზღვრულ პირობებს;

გ) იგი არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას დადგენილ ვადაში, არასრულყოფილად დააზუსტებს ან/და დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის მას;

დ) იგი არ წარადგენს ნიმუშს, ექსპერტიზის დასკვნას ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან მის მიერ წარდგენილი ნიმუში, ექსპერტიზის დასკვნა ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება პროცედურის პირობებს;

ე) იგი არ წარადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება პროცედურის პირობებს;

ვ) ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას.

2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს წინადადების ვადის დასრულების დროისთვის არ ექნება მოთხოვნათა სრული დაცვით წარდგენილი წინადადების უზრუნველყოფის გარანტია, პრეტენდენტის შეთავაზება არ განიხილება და კომისიას შეუძლია, მიმართოს წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტს.

3. ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, კომისია, დადგენილი წესით, აფასებს მომდევნო ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტს (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილია, მიიღოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, თუ მომდევნო პრეტენდენტის წინადადების ფასი, ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად, მნიშვნელოვნად აღემატება ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას.

მუხლი 14. ხელშეკრულება და სისტემაში ასატვირთი დოკუმენტაცია

1. ამ წესის თანახმად, განსახორციელებელ შესყიდვებზე შემსყიდველს არ აქვს ვალდებულება, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, სისტემის მეშვეობით წარადგინოს შესყიდვების გეგმა, ასევე ამ წესის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებები (გარდა ელექტრონული პროცედურის შედეგად დადებული ხელშეკრულებებისა), ფაქტობრივი გადახდებისა და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშები.

2. ამ წესის შესაბამისად, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადებით განსაზღვრული პირობებისა და დოკუმენტაციის საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველს შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში.

3. ხელშეკრულების ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებულ წინადადების საბოლოო ფასს, გარდა ამ წესის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების ღირებულებაში ითვალისწინებს წინადადების ფასის შესაბამისი დღგ-ის ოდენობას.

4. ხელშეკრულება შესაძლებელია, დაიდოს, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენაზე. ხელშეკრულების უცხოურ ენაზე დადების შემთხვევაში, იგი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა ითარგმნოს ქართულ ენაზე. ხელშეკრულებას არ სჭირდება თარგმნა, თუ იგი იდება ერთ დოკუმენტად პარალელურად ქართულ და უცხოურ ენებზე.

5. თუ ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს, შემსყიდველი უფლებამოსილია, მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, ხელშეკრულების ღირებულების 2%-დან 10%-მდე ოდენობით.

6. თუ შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი ან გამარტივებული შესყიდვისას (ერთ პირთან მოლაპარაკებისას) ხელშეკრულების ღირებულება ნაკლებია 200 000 ლარზე, დაუშვებელია, პრეტენდენტს/მიმწოდებელს მოეთხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შემსყიდველის მიერ დასაბუთებულია, თუ შესყიდვის ობიექტის რა თავისებურებამ განაპირობა გარანტიის მოთხოვნა.

7. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარდგენილი უნდა იქნეს ხელშეკრულების დადებამდე, ხოლო გამარტივებული შესყიდვისას (ერთ პირთან მოლაპარაკებისას) ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შესაძლებელია, შემსყიდველს წარედგინოს ხელშეკრულების დადების შემდეგ.

8. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს წარუდგინოს წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.

9. მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

10. ხელშეკრულების დადება არ არის სავალდებულო ინტერნეტით გამოწერის გზით განსახორციელებელი გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში, რა დროსაც ხელშეკრულება შესაძლებელია, ჩანაცვლდეს ინტერნეტის საშუალებით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით.

მუხლი 15. ელექტრონული პროცედურის ჩატარება პრეისკურანტის საფუძველზე

1. ელექტრონული პროცედურის მეშვეობით შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს პრეისკურანტის საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ელექტრონული პროცედურის განცხადების პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების ველში უთითებს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას, ხოლო შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულების ველში – შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულებას რომელიც შესაძლოა, განსხვავდებოდეს პრეისკურანტის ღირებულებისაგან.

3. პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების ფასი არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას და ელექტრონული ვაჭრობის შედეგად წინადადების ფასის კლება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ პრეისკურანტის სავარაუდო  ღირებულებასთან მიმართებით.

4. პრეისკურანტის საფუძველზე ელექტრონული პროცედურის ჩატარებისას, კომისია ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციაში თვითონ განსაზღვრავს პრეისკურანტში მოცემული შესყიდვის ობიექტის ერთეულების ღირებულების დადგენის წესს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების საბოლოო ფასთან მიმართებით.

5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადების შემდეგ პრეისკურანტში შესყიდვის ობიექტის რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში შესაბამისი ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება, აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.

 

დანართი

შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ ამ წესის შესაბამისად შესასყიდი

საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი

 

 

 

საქონლის დასახელება

1

წყალგამტარი ღარები, მილები და მილსადენის ფასონური ნაწილები.

2

სამელიორაციო დანიშნულების ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციები, გამანაწილებელი ჭები და მათი მაკომპლექტებელი ნაწილები და მასალები.

3

არმატურა და მისი გადასაბმელი მავთული, სხვადასხვა ლითონის ნაწარმი (კუთხოვანა, მილკვადრატი, ზოლოვანა, ფურცლოვანა და ა.შ.), მავთულბადე გაბიონებისათვის, ელექტროდები, საჭრისები (ბარგალკის ქვები), ლურსმნები.

4

საირიგაციო ფარები, ამწე მექანიზმები და მათი მაკომპლექტებელი ნაწილები და მასალები.

5

უკუსარქველები, ურდულები და მათი მაკომპლექტებელი ნაწილები და მასალები.

6

სამელიორაციო დანიშნულებისათვის გამოსაყენებელი რედუქტორები, ძრავები, ტუმბოები, მათი მაკომპლექტებელი ნაწილები და მასალები.

 

7

ელექტროსადენები, ელექტროგადამცემი ხაზები, ქვესადგურის აღრიცხვის კვანძები,  ელექტროკარადები, ტრანსფორმატორები, მათი მაკომპლექტებელი ნაწილები და მასალები.

8

ცემენტი, ინერტული მასალა, ბეტონი და ბეტონის დანამატები.

9

ავტოგაზი, კარბიდი, ჟანგბადი და თხევადი გაზი.

10

დიზელი (სპეცტექნიკისა და მანქანა-მექანიზმებისათვის).

11

საიზოლაციო, ჰიდროსაიზოლაციო და ანტიკოროზიული მასალები (მათ შორის, საღებავი).

12

მზომი და გადამცემი ხელსაწყოები და მრიცხველები, მათი მაკომპლექტებელი ნაწილები და მასალები.

 

13

ხის მასალა და კომპოზიტური მასალის ქარგილები.

 

 

 

მომსახურების დასახელება

1

 

 

სამელიორაციო დანიშნულების პროექტებისათვის გადაზიდვის, ტრანსპორტირებისა და მანქანა-მექანიზმების დაქირავების მომსახურება.

2

სამელიორაციო  საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული მანქანა-მექანიზმების ტექნიკური მომსახურება.

 

3

სამელიორაციო დანიშნულების სატუმბო სადგურების ელექტრო მეურნეობის გაშვება-გაწყობასა და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული მომსახურება.

4

ელექტრო მოწყობილობებისა და  ტრანსფორმატორების რემონტი  და ტექნიკური მომსახურება (მათ შორის ზეთის შრობა და გაფილტრვა).

5

პროექტირება, ექსპერტიზა, კვლევები და საკონსულტაციო მომსახურება.

6

საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურება სამელიორაციო დანიშნულების  სპეციფიკური პროექტებისათვის.

7

თარჯიმნისა და თარგმნის მომსახურება,  სამელიორაციო საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით.

8

მზომი და გადამცემი ხელსაწყოებისა და მრიცხველების მონტაჟი და მათი ტექნიკური მომსახურება.

9

პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურება.