დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს „ადგილობრივი სატელეფონო ქსელებით მომსახურების გაწევის წესები“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 01/140/88 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
მიღების თარიღი | 28/11/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 03/12/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 000001980.01(2).003.000133 |
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრისა და
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის
ბრძანება № 01/140/88
1997 წლის 28 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს „ადგილობრივი სატელეფონო ქსელებით მომსახურების გაწევის წესები“
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1
ადგილობრივი სატელეფონო ქსელებით მომსახურების გაწევის წესები (შემდგომში – წესები), შემუშავებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და განსაზღვრავს ადგილობრივი სატელეფონო ქსელებით მომსახურების წესებსა და პირობებს, რომლებიც სავალდებულოა მომხმარებლებისათვის, ნებისმიერი საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარების მეურნე სუბიექტისათვის.
მუხლი 2
წინამდებარე წესები არ ვრცელდება სპეციალური დანიშნულების სატელეფონო კავშირის გამოყოფილ ქსელებზე, მათ შორის – სამთავრობო კავშირგაბმულობის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროების, აგრეთვე შიდა საწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულების სატელეფონო ქსელებზე, რომლებსაც გასასვლელი არ აქვთ საერთო სარგებლობის ადგილობრივ სატელეფონო ქსელებზე.
მუხლი 3
წინამდებარე წესები ითვალისწინებს მომხმარებელთა და მეურნე სუბიექტთა ინტერესების დაცვას და იგი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სავალდებულოა ყველასათვის.
მუხლი 4
წინამდებარე წესებში გამოიყენება შემდეგი ტერმინები და განსაზღვრებები:
მომხმარებელი – იურიდიული ან ფიზიკური პირები, რომლებიც იყენებენ ან გააჩნიათ
განზრახვა გამოიყენონ ადგილობრივი სატელეფონო ქსელების მომსახურება.
„მეურნე სუბიექტი იურიდიული ან ფიზიკური პირები, რომლებიც ეწევიან ადგილობრივი სატელეფონო ქსელებით მომსახურებას მათი წესდების და სპეციალური ნებართვის (ლიცენზიის) საფუძველზე, წინამდებარე წესების დაცვით და კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სერტიფიკატი" – დოკუმენტი, რომელსაც გასცემს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო სერტიფიკაციის წესების შესაბამისად და რომელიც შეიცავს დასკვნას, რომ იდენტიფიცირებული პროდუქცია, მომსახურება ან პროცესი შეესაბამება მოქმედ სტანდარტს ან სხვა ნორმატულ დოკუმენტს.
ხელშეკრულება“. შეთანხმება მომხმარებელსა და მეურნე სუბიექტს შორის, რომელიც რეგულირდება წინამდებარე წესებით.
მუხლი 5
მოსახლეობის ან საწარმოო მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით მეურნე სუბიექტს უფლება აქვს შექმნას ადგილობრივი ან შიდა საწარმოო კავშირების ქსელები და ექსპლუატაცია გაუწიოს მათ.
მუხლი 6
ადგილობრივი სატელეფონო ქსელებით მომხმარებელთა მომსახურებას ეწევა მხოლოდ ის მეურნე სუბიექტი, რომელსაც საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროსაგან მიღებული აქვს აღნიშნული კავშირებით. მომხმარებლის მომსახურების სპეციალური ნებართვა (ლიცენზია).
მუხლი 7
იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ადგილობრივი სატელეფონო კავშირებით მომსახურება გაეწევათ თანაბარი პირობებით, იმ უპირატესობების და შეღავათების გათვალისწინებით, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი 8
აბსოლუტური პრიორიტეტით სარგებლობენ შეტყობინებები ადამიანის სიცოცხლის უსაფრთხოების შესახებ, ზღვაზე, ხმელეთზე, ჰაერში, თავდაცვითი და სამართალდაცვითი ხასიათის ღონისძიებები, აგრეთვე შეტყობინებები დიდ ავარიებზე. კატასტროფებზე. ეპიდემიებზე, ეპიზოოტიებზე და სტიქიურ უბედურებებზე.
მუხლი 9
საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებელთა ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო – ქართულ ენაზე.
საქართველოს მეურნე სუბიექტებს შორის სამსახურეობრივი ურთიერთობანი და სასამსახურო საქმის წარმოება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო – ქართულ ენაზე.
მუხლი 10
მეურნე სუბიექტები ვალდებულნი არიან მკაცრად დაიცვან სატელეფონო საუბრების და შეტყობინებების, აგრეთვე მათთან დაკავშირებული ყველა ცნობების საიდუმლოება.
სატელეფონო საუბრების მოსმენა, მათ შესახებ ცნობების გაცემა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის დაცვით.
მუხლი 11
1. ადგილობრივი სატელეფონო კავშირით სარგებლობისათვის, საინფორმაციო-საცნობარო და სხვა სახის მომსახურებისათვის . საცხოვრებელ ბინებსა და იურიდიულ პირთა შენობებში იდგმება საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ სერტიფიცირებული სატელეფონო აპარატები, მონაცემთა გადაცემისა და ტელემატიკური სამსახურების (ტელექსი, ტელეფაქსი, ვიდეოტექსი) სააბონენტო მოწყობილობები, რადიოსატელეფონო კავშირის საშუალებები, ავტომოპასუხეები, სასიგნალო მოწყობილობები (შემდგომში როგორც დამაბოლოებელი სააბონენტო მოწყობილობები).
2. მეურნე სუბიექტები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მომხმარებელთა ინფორმირება სააბონენტო მოწყობილობების სასერტიფიკაციო მოთხოვნებზე და სერტიფიცირებული სააბონენტო მოწყობილობების მუშაობის ძირითად პირობებზე.
3. მომხმარებელი ვალდებულია ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო ქსელების მომსახურების მისაღებად გამოიყენოს მხოლოდ საქართველოში სერტიფიცირებული სააბონენტო მოწყობილობა.
4. სააბონენტო მოწყობილობებს მომხმარებელი იძენს საკუთარი ხარჯით და წარმოადგენს მის საკუთრებას. ცალკეულ შემთხვევებში სააბონენტო მოწყობილობები შეიძლება წარმოადგენდეს მეურნე სუბიექტის საკუთრებას და მომხმარებელს გადაეცეს იჯარით.
მუხლი 12
მოსახლეობისათვის ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების შესაძლებლობების გასაფართოებლად მეურნე სუბიექტები აყენებენ ტაქსოფონებს ქუჩებში, ვაგზლებსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში.
მუხლი 13
1. ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე მომხმარებელთა მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილებისა და საკაბელო პროდუქციის რაციონალური გამოყენების მიზნით მომხმარებლის თანხმობით შესაძლებელია ინდივიდუალური სარგებლობის ტელეფონის ჩართვა შეწყვილებული სქემით ან შემჭიდროების აპარატურის გამოყენებით.
2. შეწყვილებული სქემით მომუშავე სატელეფონო აპარატზე არ დაიშვება პარალელურად სხვა ბინაში ტელეფონის აპარატის ჩართვა, ტელეფონის შეწყვილებული სქემით მუშაობაზე გადართვისას ხდება ტელეფონის ნომრის შეცვლა.
3. შეწყვილებული ტელეფონის დადგმა წარმოებს ერსა და იმავე სადარბაზოს ფარგლებში.
4. შეწყვილებული ტელეფონის დადგმისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ინვალიდების და მრავალსულიანი ოჯახის პრიორიტეტული უფლება პირდაპირი ტელეფონის დადგმაზე.
მუხლი 14
სააბონენტო მოწყობილობები, რომლებიც დიდ დატვირთვას იწვევენ (მონაცემების გადამცემი კვანძები, ტელემატიკური სამსახურის ცენტრები, საცნობარო-საინფორმაციო, სადისპეჩერო და სხვა სამსახურები), ჩაირთვებიან ავტომატური სატელეფონო სადგურების სპეციალურ საკომუტაციო მოწყობილობაში, სერიული ნომრების გამოყოფით. შემაერთებელი ხაზების საჭირო რაოდენობის ორგანიზაცია ხორციელდება მომხმარებლის სახსრებით მეურნე სუბიექტთან შეთანხმებული ტექნიკური პროექტის შესაბამისად.
მუხლი 15
ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების გაწევაზე მომხმარებელს შეიძლება უარი ეთქვას, თუ იგი არღვევს წინამდებარე წესებს და მისი მოთხოვნები ეწინააღმდეგება მეურნე სუბიექტის საწარმოო საქმიანობას ან სცილდება სპეციალური ნებართვის (ლიცენზიის) ჩარჩოებს.
მეურნე სუბიექტის მიერ უარის თქმა ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე მომხმარებელს შეუძლია გაასაჩივროს ზემდგომ ან სასამართლო ორგანოებში.
მუხლი 16
ადგილობრივი სატელეფონო ქსელის აბონენტთა ტელეფონის ნომრების შესახებ მომხმარებელთა ინფორმირებისათვის მეურნე სუბიექტები ქმნიან საცნობარო-საინფორმაციო სამსახურს.
მუხლი 17
მეურნე სუბიექტები ვალდებულნი არიან მომხმარებელს გააცნონ ადგილობრივი სატელეფონო კავშირით სარგებლობის და მომსახურების გაწევის წესები.
თავი II
მეურნე სუბიექტების მიერ გაწეული მომსახურება
მუხლი 18
ადგილობრივი სატელეფონო ქსელებით მომხმარებელთათვის გაწეული მომსახურება ხარისხით უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ ტექნიკურ ნორმებს, ხელშეკრულების პირობებს და აგრეთვე ინფორმაციას (რეკლამას) მომსახურების შესახებ.
მუხლი 19
მეურნე სუბიექტი ვალდებულია მომხმარებელს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია ადგილობრივი სატელეფონო ქსელის მომსახურებათა სახეობების, თავისი რეკვიზიტების და მუშაობის რეჟიმის შესახებ.
ინფორმაცია მომსახურების შესახებ აუცილებლად უნდა შეიცავდეს:
– შეთავაზებული მომსახურების ჩამონათვალს (ნუსხას);
– მომსახურების ტარიფებს;
ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფისა და მომხმარებლისაგან პრეტენზიების მიღების წესს.
აღნიშნული ინფორმაცია თვალსაჩინოდ და ხელმისაწვდომი ფორმით უფასოდ (უსასყიდლოდ) მიეწოდება მომხმარებელს ხელშეკრულების დადებისას, აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ან სხვა ნებისმიერი, მისთვის მისაღები, წესით.
მუხლი 20
I. ადგილობრივი სატელეფონო ქსელით ძირითადი ან დამატებითი მომსახურების ჩამონათვალი განისაზღვრება მეურნე სუბიექტის მიერ.
2. ძირითად მომსახურებას მიეკუთვნება მომხმარებლის მიერ:
– ადგილობრივი სატელეფონო ქსელით სარგებლობა;
– საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით სარგებლობა;
სატელეფონო ქსელით სარგებლობა საინფორმაციო მომსახურების მისაღებად.
3. დამატებით მომსახურებას მიეკუთვნება:
– დეპეშის კრედიტში გაგზავნის შესაძლებლობა;
– ტელეფონის აპარატის გადატანა, გადართვა, შეცვლა, მისი განმეორებით ჩართვა;
– პარალელური ტელეფონის დადგმა;
– სატელეფონო სადენის შეცვლა სხვა ტიპის სადენით;
– ხელშეკრულების სახელწოდების შეცვლა და აღდგენა;
– ტელეფონის დროებითი ჩართვა და გამორთვა;
– დამატებითი ჩამრთველების და ზარის დადგმა;
– ადგილობრივი სატელეფონო ქსელის აბონენტების სიების გამოცემა;
– პირდაპირი სადენებით სარგებლობის უფლება;
– სატელეფონო ნომრების შესახებ ცნობების გაცემა;
– ტელემატიკურ ქსელებზე გასვლა;
– სპეცსამსახურებზე უფასო გასვლა (პოლიცია, სახანძრო დაცვის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, საავარიო სამსახურები).
4. მეურნე სუბიექტს გაცემული სპეციალური ნებართვის (ლიცენზიის) ფარგლებში შეუძლია გააფართოოს ან სახე შეუცვალოს მომსახურების ნუსხას მის მფლობელობაში არსებული ავტომატური სატელეფონო სადგურების ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობების მიხედვით.
მუხლი 21
სატელეფონო საუბრებისთვის ან ინფორმაციის ნებისმიერი ხერხით გადასაცემად მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს სერტიფიცირებული ნებისმიერი სააბონენტო მოწყობილობა, რომელიც რეგისტრირებულია მეურნე სუბიექტის მიერ.
მუხლი 22
1. მეურნე სუბიექტი ვალდებულია მომხმარებელს ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში გაუწიოს ადგილობრივი სატელეფონო ქსელებით მომსახურება.
2. მომსახურების გაწევის ვადა უნდა განისაზღვროს იმ თარიღით, რომელშიც იგი უნდა შესრულდეს იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება სრულდება ნაწილ-ნაწილ ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში, გათვალისწინებული უნდა იქნეს მოცემული მომსახურების ყოველი ნაწილის შესრულების ვადა.
3. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელთან ადგილობრივი სატელეფონო ქსელის სააბონენტო მოწყობილობათა დადგმა შესაძლებელია მხოლოდ დამატებითი სამუშაოთა მოცულობის შესრულების შემდეგ აღნიშნული სამუშაოები სრულდება მომხმარებლის სახსრებით, მომხმარებელსა და მეურნე სუბიექტს შორის დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით.
თუ მოცემული იურიდიული პირისათვის აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს 50-ზე მეტი სააბონენტო მოწყობილობის დადგმა, დამატებითი მომსახურება განისაზღვრება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.
4. იმ შემთხვევაში, როდესაც სააბონენტო მოწყობილობათა დადგმა მომხმარებელ იურიდიულ პირთათვის შესაძლებელია მხოლოდ მათ მიერ დამატებითი სამუშაოების შესრულების შემდეგ (მოქმედი სახაზო და სასადგურო მეურნეობის გაფართოების ან ახლის მშენებლობა) დაინტერესებული მხარე დაჯავშნის თავის სახელზე სასადგურო ნომერს, შემაერთებელ, მაგისტრალურ, გამანაწილებელ ხაზებს და სატელეფონო კანალიზაციის არხებს. აღნიშნული დაჯავშნა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთი წარადგენს ცნობას მშენებლობის ტიტულის გახსნაზე სამშენებლო სამუშაოების შესრულების ერთ წელზე მეტი ვადით გაგრძელების შემთხვევაში შესაძლებელია დაჯავშნის ვადის გაგრძელება.
5. იმ შემთხვევაში, როდესაც სააბონენტო მოწყობილობათა დადგმა მომხმარებელ ფიზიკურ პირთათვის შესაძლებელია მხოლოდ დამატებითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ მეურნე სუბიექტსა და მომხმარებელს შორის იდება წერილობითი ხელშეკრულება. მეურნე სუბიექტი გასცემს ტექნიკური პირობას სამუშაოები შეიძლება შეასრულოს მეურნე სუბიექტმა ან მომხმარებელმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე,
ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს მეურნე სუბიექტისათვის გარკვეული ტევადობის გამოყოფა, მისი შეხედულებისამებრ გამოყენების მიზნით. ტელეფონები დაიდგმება მეურნე სუბიექტის მიერ გაცემული ტექნიკური პირობის საფუძველზე სათანადო სამუშაოების შესრულების შემდეგ.
შესრულებული სამუშაოების მიღება წარმოებს მეურნე სუბიექტის წარმომადგენლის
მონაწილეობით. მოსახლეობის ხარჯებით სამუშაოების ჩატარების შემთხვევაში მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელმაც თავისი სახსრებით მიიღო მონაწილეობა სატელეფონო ქსელის მშენებლობაში, ტელეფონი დაედგმება რიგის გარეშე.
თავი III
ადგილობრივი სატელეფონო ქსელებით
მომსახურების გაწევის წესი და პირობები
მუხლი 23
1. ადგილობრივი სატელეფონო ქსელებით მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მეურნე სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რისთვისაც მომხმარებელი წერილობით მიმართავს მეურნე სუბიექტს ტელეფონის დადგმის ან დამატებითი მომსახურების გაწევის მიზნით.
2. ფიზიკური პირების განცხადებები ტელეფონის დადგმის შესახებ. აღრიცხვაზე აიყვანება და დაკმაყოფილდება მოცემულ მისამართზე რეგისტრაციის, ბინის კერძო საკუთრებაში შეძენის ან იჯარაში აღების დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში.
3. ფიზიკური პირისათვის ტელეფონის დადგმის შემდეგ იგი ტელეფონის დადგმის მსურველთა სიიდან იხსნება. ტელეფონის დადგმის აღრიცხვაზე მყოფი ფიზიკური პირის ერთსა და იმავე ქალაქში (რაიონში) სხვა საცხოვრებელ ადგილზე გადასვლის შემთხვევაში მას აღრიცხვიანობა უნარჩუნდება პირვანდელი განცხადების შეტანის თარიღით.
4. ახალ ან ძველ მისამართზე ახალ პირზე განცხადების გადატანის უფლება (თუ პირი,
რომელზედაც გაფორმებულია განცხადება რეგისტრირებული აღარ არის მოცემულ მისამართზე) აქვს ყველა პირს, რომელიც განცხადების შეტანის მომენტიდან რეგისტრირებული არის მოცემულ ბინაში. პირებს, რომლებიც მოცემულ ბინაში რეგისტრირებულნი არიან, მოგვიანებით განცხადების გადატანის უფლება აქვთ ბინაში მათი რეგისტრაციის თარიღით.
5. ბინაზე ტელეფონის დადგმის განცხადება მიიღება ოჯახის ერთ-ერთი წევრისაგან. ოჯახის ის წევრები, რომლებიც განცხადების შეტანის მომენტში არასრულწლოვანნი იყვნენ, ამ განცხადებაზე უფლებას იძენენ სრულწლოვანების მიღწევის თარიღიდან.
მუხლი 24
1. იურიდიული და ფიზიკური პირების განცხადებების საფუძველზე მეურნე სუბიექტი ადგენს ხელშეკრულებას ადგილობრივი სატელეფონო ქსელით სარგებლობასა და მომსახურებაზე.
აღნიშნული ხელშეკრულება იდება ავტომატურ სატელეფონო სადგურში თავისუფალი ნომრების და სატელეფონო კაბელში თავისუფალი წყვილების არსებობის შემთხვევაში.
2. საკომუტაციო მოწყობილობაში თავისუფალი ნომრების და სატელეფონო კაბელებში თავისუფალი წყვილების არ არსებობის შემთხვევაში, ტელეფონის დასადგმელად მეურნე სუბიექტსა და მომხმარებელს შორის შეიძლება დაიდოს ხელშეკრულება, რომლის ორმხრივი შესრულებაც უზრუნველყოფს მომხმარებლის ადგილობრივი სატელეფონო კავშირით უზრუნველყოფას.
3. ტელეფონის დადგმაზე მომხმარებლის განცხადების დაკმაყოფილება ხდება რიგითობის წესით.
მუხლი 25
მომხმარებლის ადგილობრივი სატელეფონო ქსელით მომსახურების ხელშეკრულებაში აუცილებლად უნდა აისახოს:
– მომსახურების დასახელება;
სატელეფონო აპარატის ჩართვის ადგილი და სახეობა (ბინის, ორგანიზაციის, ინდივიდუალური, კოლექტიური, ძირითადი, პარალელური, შეწყვილებული სქემით და ა.შ.);
– ახალი სატელეფონო სადგურების ექსპლუატაციაში შეყვანის შემთხვევაში ტელეფონის ნომრის შეცვლის ან ტელეფონის სხვა სქემაზე გადართვის შესაძლებლობა;
– წესების შესაბამისად ტელეფონის გამორთვა;
– მომსახურების ანაზღაურება;
– მომსახურების ანაზღაურებასა და ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვა;
– მომსახურების შესრულების ვადები;
– მხარეების ვალდებულებანი;
– სამუშაოს, მომსახურების ღირებულება, ხარისხის დონე და გარანტია;
– მიღებულ მომსახურებაზე ანგარიშსწორების წესი;
– მხარეების პასუხისმგებლობა;
– ხელშეკრულების მოქმედების ვადები, მეურნე სუბიექტის ან მომხმარებლის ინიციატივით ხელშეკრულების მოქმედების შეჩერების ან შეწყვეტის პირობები;
– მომხმარებლის შეცვლის შემთხვევაში სხვა პირთან ხელშეკრულების გადაფორმების პირობები;
– მომხმარებლის სხვა საცხოვრებელ ადგილზე გადასვლასთან დაკავშირებით ტელეფონის გადატანის პირობები.
მუხლი 26
თუ მომხმარებელი მონაწილეობს სატელეფონო ქსელის გაფართოებასა ან რეკონსტრუქციაში, მომხმარებელსა და მეურნე სუბიექტს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც აუცილებლად უნდა აისახოს:
– ადგილობრივი სატელეფონო ქსელის გაფართოების ან რეკონსტრუქციის სამუშაოების
– შესრულების ვადები;
– სამუშაოს შესრულების ვადების დარღვევის შედეგები;
– შესრულებული სამუშაოების ნაკლოვანებების აღმოჩენის შემთხვევაში განმცხადებლის (შემკვეთის) უფლებები;
– ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში მომხმარებლის და მეურნე სუბიექტის უფლებები;
– შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა;
– მხარეების პასუხისმგებლობა;
– მომხმარებლის მასალით სამუშაოების შესრულება;
– მეურნე სუბიექტის მასალით სამუშაოს შესრულება;
– დამკვეთის ძალებით სამუშაოს შესრულება;
– ურთიერთანგარიშგების წესი;
– ტელეფონის დადგმის ვადა;
– სამუშაოს ღირებულების გადახდის ფორმა და წესი;
– ტელეფონის ნომრების, საკაბელო წყვილების, სატელეფონო კანალიზაციის არხების
დაჯავშნის პირობები;
– ტელეფონის დადგმის ღირებულების გადახდის და სარგებლობის წესები მომხმარებლის ძალებითა და მასალებით სამუშაოების შესრულების შემთხვევაში;
– შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების წესი.
მომხმარებლის და მეურნე სუბიექტის მიერ ადგილობრივ სატელეფონო ქსელში ჩართვის ხელშეკრულების შესრულება წარმოადგენს საფუძველს. მათ შორის ადგილობრივი სატელეფონო ქსელით მომსახურების და სარგებლობის გაწევის ხელშეკრულების დასადებად.
მუხლი 27
ადგილობრივი სატელეფონო ქსელით მომსახურების და სარგებლობის გაწევის ხელშეკრულების ან ადგილობრივ სატელეფონო ქსელში ჩართვის ხელშეკრულებების დადგენისას, წინამდებარე წესების 25-ე და 26-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების და პირობების გარდა, მათში შეიძლება შეტანილი იქნეს დამატებითი მოთხოვნები და პირობები, რომლებიც არ ლახავენ მომხმარებლის უფლებებს.
მუხლი 28
ადგილობრივი სატელეფონო ქსელით სარგებლობაზე ხელშეკრულების გაფორმება და ტელეფონების დადგმა მისი ღირებულების გადახდის შემდეგ წარმოებს შემდეგი თანმიმდევრობით იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კავშირგაბმულობის საშუალებების განვითარების დაფინანსებაში, საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო და ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის, თავდაცვის, სახელმწიფო უშიშროების, შინაგან საქმეთა სამინისტროები, სამოქალაქო თავდაცვის შტაბები და ფორმირებები, კავშირგაბმულობის საწარმოები, საბაჟოები, საზღვაო პოლიციის ქვედანაყოფები, სახანძრო ნაწილები, სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებები, სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური და მისი ტერიტორიული ორგანოები, ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოები, კულტურულ-საგანმანათლებლო, ვაჭრობის და საყოფაცხოვრებო მომსახურების დაწესებულებები და ორგანიზაციები, მოქალაქეები.
მუხლი 29
1. ბინის ტელეფონის დადგმაზე მომხმარებლების განცხადებების დაკმაყოფილება ხორციელდება ავტომატური სატელეფონო სადგურების მოქმედების ზონების მიხედვით და იმ პირთა პრიორიტეტების გათვალისწინებით, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით და საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს განკარგულებებით მინიჭებული აქვთ ტელეფონის რიგგარეშე დადგმის უფლება.
2. ტელეფონის რიგგარეშე დადგმაზე მინიჭებული პრიორიტეტით ფიზიკური პირი მხოლოდ ერთხელ სარგებლობს.
მუხლი 30
გადაწყვეტილება გამონაკლისის სახით ტელეფონის რიგგარეშე დადგმაზე შესაძლებელია მიიღოს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრმა, მისმა მოადგილეებმა და მეურნე სუბიექტის პირველმა ხელმძღვანელმა.
მუხლი 31
შეღავათის უფლების მქონე პიროვნების საცხოვრებელ სახლში ტელეფონის დადგმის ტექნიკური პირობების არ არსებობა, არ წარმოადგენს წინააღმდეგობას სხვა საცხოვრებელ სახლში მცხოვრები მომხმარებლისათვის (სადაც ასეთი საშუალება არსებობს) ტელეფონის დადგმაში.
მუხლი 32
ადგილობრივი სატელეფონო ქსელების აბონენტებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებთანაც მეურნე სუბიექტის მიერ გაფორმებულია ხელშეკრულება ადგილობრივი სატელეფონო ქსელით მომსახურებასა და სარგებლობაზე. აბონენტის უფლებები და მოვალეობანი არ გადაეცემა სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს იმ მეურნე სუბიექტის წერილობითი ნებართვის გარეშე, რომელთანაც მომხმარებელს დადებული აქვს ხელშეკრულება.
მუხლი 33
იმ შემთხვევაში თუ ავტომატური სატელეფონო სადგურის შესაბამის საკარადო ზონაში არ არის ტელეფონის დადგმაზე დაუკმაყოფილებელი განცხადება, შესაძლებელია მომხმარებლის ბინაში მეორე ტელეფონის დადგმა.
მუხლი 34
1. მომხმარებელს და მეურნე სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულება ადგილობრივი სატელეფონო ქსელით მომსახურებასა და სარგებლობაზე შეიძლება შეჩერდეს ან დაირღვეს მომხმარებლის განცხადებით.
2. მეურნე სუბიექტის ინიციატივით ხელშეკრულება შეიძლება დაირღვეს მომხმარებლის მიერ წინამდებარე წესების დარღვევის შემთხვევაში, აგრეთვე ქმედებისათვის, რამაც გამოიწვია კავშირგაბმულობის ნაგებობების და საშუალებების, დაზიანება ან დანგრევა; მომხმარებლის სხვა ავტომატური სატელეფონო სადგურის მოქმედების ზონაში, სხვა ქალაქში, დასახლებულ პუნქტში, სახელმწიფოში საცხოვრებლად გადასვლის შემთხვევაში.
3. ადგილობრივი სატელეფონო ქსელით მომსახურებასა და სარგებლობაზე ხელშეკრულების გაუქმება დაუშვებელია მისი მოქმედების წინასწარი შეჩერების გარეშე. გარდა მომხმარებლის მიერ წინამდებარე წესების დარღვევის შემთხვევისა.
მუხლი 35
1. ერთსა და იმავე ავტომატური სატელეფონო სადგურის მოქმედების ზონაში მომხმარებლის ახალ საცხოვრებელ ადგილზე გადასვლის შემთხვევაში მას ტელეფონი გადაეტანება იმის მიუხედავად სახლში, სადაც მომხმარებელი გადავიდა, ცხოვრობენ თუ არა ტელეფონის დადგმაზე დაუკმაყოფილებელი პირები, მათ შორის ისინი, ვინც ტელეფონის რიგგარეშე დადგმის უფლებით სარგებლობენ.
2. იმ შემთხვევაში, თუ ახალი საცხოვრებელ მისამართზე ტელეფონის გადატანის ტექნიკური საშუალება არ არსებობს, მომხმარებელმა შეიძლება გადაიხადოს ტელეფონის გადატანის დამატებითი სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ტელეფონის გადატანის უფლებას, ხელშეკრულება უქმდება, ტელეფონი ჩამოერთმევა და საერთო წესით განაწილდება. მომხმარებლისთვის ტელეფონის ხელახალი დადგმა წარმოებს არსებული წესით.
მუხლი 36
სხვა ადგილზე საცხოვრებლად გადასული ან გარდაცვლილი მომხმარებლის ოჯახის წევრებს, რომლებიც მასთან ცხოვრობდნენ ან მემკვიდრეებს, რომლებიც საცხოვრებლად რჩებიან მომხმარებლის ბინაში (სახლში), უფლება აქვთ თავის სახელზე გადაიფორმონ ადგილობრივი
სატელეფონო ქსელით მომსახურეობის და სარგებლობის ხელშეკრულება.
მუხლი 37
მომხმარებლის კომუნალური საცხოვრებელი ბინიდან გადასვლის შემთხვევაში თუ იგი არ მოითხოვს მის ინდივიდუალურ სარგებლობაში მყოფი ტელეფონის ამ ბინაში მცხოვრებ მისი ოჯახის წევრებზე გადაფორმებას ან ახალ საცხოვრებელ ადგილზე გადატანას, ტელეფონი გადაეცემა ამ ბინაში მცხოვრებთ კოლექტიურ სარგებლობაში და ხელშეკრულებაც მათზე გაფორმდება.
თუ კომუნალურ ბინაში საცხოვრებლად მხოლოდ ერთი ოჯახი რჩება, ტელეფონი ამ ოჯახის წევრის განცხადებით, მას ინდივიდუალურ სარგებლობაში გაუფორმდება.
მუხლი 38
ფიზიკური პირის განცხადების საფუძველზე მისი ბინის ტელეფონი და ხელშეკრულება შეიძლება გადაფორმებულ იქნეს მასთან მცხოვრებ ოჯახის წევრზე.
მუხლი 39
მეუღლესთან განქორწინების შემთხვევაში ადგილობრივი სატელეფონო ქსელით მომსახურებასა და სარგებლობაზე ხელშეკრულება ფორმდება იმ მეუღლესთან, რომელიც ბინაში რჩება საცხოვრებლად, ხოლო ბინიდან გადასულ მეუღლეს მიეცემა ყოფილი აბონენტის ცნობა, თუ ორივე მეუღლე რჩება ძველ ბინაში საცხოვრებლად ტელეფონი ფორმდება როგორც კოლექტიური სარგებლობის და ორივე პიროვნებასთან ფორმდება ხელშეკრულება.
მუხლი 40
ოჯახის გაყოფით გამოწვეული ბინების გაცვლის დროს ტელეფონიზირებული ბინიდან გადასული ოჯახის წევრები სარგებლობენ ახალ ბინაში არსებული ტელეფონის გაფორმების უფლებით.
მუხლი 41
1. ტელეფონიზირებული შენობების, სახლების, აგარაკების გაცვლისას ფიზიკური პირების განცხადებით ხდება მოქმედი ხელშეკრულებების და ტელეფონების ურთიერთ გაფორმება გაცვლაში მონაწილე პირებზე.
2. ბინების ყიდვა-გაყიდვის შემთხვევაში ბინაში არსებული ტელეფონის გადაფორმება ბინის ახალი მფლობელზე შესაძლებელია აბონენტის თანხმობის შემთხვევაში თუ კი აბონენტი წერილობითი განცხადებით აბარებს ტელეფონს, სატელეფონო ქსელის ტელეფონი იხსნება და ნაწილდება წესის მიხედვით, ხოლო ახალი მისამართზე ძველი აბონენტის განცხადება დაკმაყოფილდება რიგგარეშე, როგორც ყოფილი აბონენტი.
მუხლი 42
1. ტელეფონიზირებული კერძო, საცხოვრებელი ნაგებობების, სახლების, აგარაკების, რომლებიც ფიზიკურ პირებს ეკუთვნოდათ სხვა ფიზიკური პირის მიერ კუთვნილებაში შეძენის დროს, აგრეთვე საწარმოო შენობა-ნაგებობების შეძენისას, რომლებიც იურიდიულ პირებს ეკუთვნოდათ ადგილობრივი სატელეფონო ქსელით მომსახურების და სარგებლობის გაწევაზე ხელშეკრულების დადება ახალ მფლობელთან მოხდება ზოგად საფუძველზე.
2. გამონთავისუფლებული ნომრების განაწილება ხორციელდება მეურნე სუბიექტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს ნორმატიული აქტების შესაბამისად.
3. ფიზიკური პირების საკუთრებაში მყოფი საცხოვრებელი ტელეფონიზირებული ნაგებობების, სახლების, აგარაკების, აგრეთვე იურიდიული პირების საკუთრებაში მყოფი საწარმოო შენობა-ნაგებობების იჯარაში გაცემის შემთხვევაში ადგილობრივი სატელეფონო ქსელით მომსახურების და სარგებლობის გაწევაზე ხელშეკრულების გაფორმება ხორციელდება მოიჯარადეზე. შემდგომში ამ ხელშეკრულების ძველ მოსარგებლეზე აღდგენით.
მუხლი 43
საწარმოთა, ორგანიზაციათა, დაწესებულებათა სტრუქტურული ქვეგანაყოფების ბაზაზე, ან მათი რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის შედეგად შექმნილი საწარმოები, ორგანიზაციები, დაწესებულებები, რომლებიც ძველის სამართალმემკვიდრენი არიან და ინარჩუნებენ ძველ მისამართს, სარგებლობენ ადგილობრივი სატელეფონო ქსელით მომსახურების და სარგებლობის ხელშეკრულების გადაფორმების უფლებით.
მუხლი 44
ახალი ავტომატური სატელეფონო სადგურების ექსპლუატაციაში გაშვების და არსებული სატელეფონო ქსელის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით ტელეფონის ნომრის ახალ ნომერზე შეცვლა ხორციელდება დადგენილი საფასურის მომხმარებლის მიერ გადახდის შემდეგ მეურნე სუბიექტის მიერ ტელეფონის ნომრების მასიური გადართვებისა და შეცვლის შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს მიეწოდება პრესის, ტელევიზიის და რადიოს საშუალებით.
მუხლი 45
მომხმარებლის თხოვნით და ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობით დასაშვებია განცხადებაში მითითებული ვადით ტელეფონის აპარატის ან სხვა სააბონენტო მოწყობილობის დროებითი გამორთვა.
ამ შემთხვევაში მომხმარებელი იხდის სააბონენტო გადასახადს და მას უნარჩუნდება ტელეფონის ნომერი.
მუხლი 46
პოლიტიკური, კულტურული სანახაობრივი და სპორტული ღონისძიებების სატელეფონო კავშირით უზრუნველსაყოფად მეურნე სუბიექტს უფლება აქვს დროებით (არა უმეტეს ორი თვისა) გამორთოს და საჭიროების მიხედვით გამოიყენოს წარმოებების, ორგანიზაციების და დაწესებულებების ტელეფონები და სხვა სააბონენტო დანადგარები.
მუხლი 47
ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შესაძლებელია მომხმარებელმა წინასწარ გადაიხადოს ტელეფონის დადგმის ღირებულების ნაწილი და მას ტელეფონი დაედგას სატელეფონო ქსელის გაფართოების (რეკონსტრუქციის) სამუშაოების დამთავრების შემდეგ.
მუხლი 48
სტიქიური უბედურების, კარანტინის და სხვა საგანგებო მდგომარეობის დროს, საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილი სხვა ორგანოებს უფლება აქვთ დროებით შეაჩერონ ან შეზღუდონ ნებისმიერი საკუთრების ფორმის ადგილობრივი სატელეფონო ქსელის მუშაობა, გამორთონ ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი ტელეფონები და სხვა სააბონენტო მოწყობილობები და საჭიროების მიხედვით გამოიყენონ ისინი.
თავი IV
მეურნე სუბიექტის მოვალეობები და უფლებები
მუხლი 49
მეურნე სუბიექტი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს ადგილობრივი სატელეფონო ქსელის მყარი და ხარისხიანი მუშაობა;
ბ) დაიცვას ადგილობრივი სატელეფონო ქსელებით მომსახურების წესები;
გ) მომხმარებელი ხელმისაწვდომი ფორმით უზრუნველყოს, ვრცელი, ამომწურავი ინფორმაციით ავტომატური სატელეფონო სადგურების ამოქმედების და გაფართოების შესახებ, სააბონენტო მოწყობილობების დადგმის შესაძლებლობების შესახებ, სააბონენტო მოწყობილობების რეგისტრაციისა და სერტიფიკაციის მოთხოვნებისა და ძირითადი პირობების შესახებ, სატელეფონო კავშირის ძირითადი და დამატებითი მომსახურების გაწევის წესისა და პირობების შესახებ, კავშირგაბმულობის მომსახურების ტარიფების ამ მომსახურების ღირებულებაზე შეღავათების შესახებ, ტელეფონის რიგგარეშე დადგმაზე შეღავათების შესახებ, ტელეფონის დადგმის რიგის მოძრაობის შესახებ, მუშაობის რეჟიმის და სხვა რეკვიზიტების შესახებ;
დ) რეგისტრაციაში გაატაროს მომხმარებლის მიერ შეძენილი ტელემატიკური სამსახურების და მონაცემების გადაცემის სერტიფიცირებული სააბონენტო მოწყობილობები;
ე) მომხმარებელთან დადოს მომსახურების გაწევის ხელშეკრულება;
ვ) მომხმარებლის განცხადების საფუძველზე ხელშეკრულება გადააფორმოს მისი ოჯახის წევრზე, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობს;
ზ) მომხმარებელს მომსახურება გაუწიოს ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში;
თ) გაწეულ მომსახურებაში არსებული ან მომსახურების პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებები აღმოფხვრას ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში;
ი) სატელეფონო კავშირის უმოქმედობის შემთხვევაში (არა მომხმარებლის მიზეზით) ტელეფონის უმოქმედობის (გამორთვის) მთელი დროის გათვალისწინებით მოახდინოს სააბონენტო გადასახადის ღირებულების გადაანგარიშება მეურნე სუბიექტის მიერ დადგენილი წესით;
კ) ათი დღის განმავლობაში მომხმარებელს წერილობით აცნობოს ტელეფონის ნომრის შეცვლის, ტელეფონის დროებით გამორთვის ან ხელშეკრულების დარღვევის შესახებ, რომლებსაც ითვალისწინებს წინამდებარე წესების 34, 44, 46 მუხლები;
ლ) წინამდებარე წესების 48-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების და გათიშვის შესახებ მომხმარებელს ინფორმაცია მიაწოდოს რადიოთი და ტელევიზიით.
მუხლი 50
მეურნე სუბიექტს უფლება აქვს:
ა) გამორთოს არარეგისტრირებული ან არასერტიფიცირებული სააბონენტო მოწყობილობები;
ბ) გამორთოს უცხო პირთა მიერ თვითნებურად მიერთებული სააბონენტო მოწყობილობები;
გ) არ მოახდინოს სააბონენტო გადასახადის გადაანგარიშება, ზარალის ანაზღაურება, თუ კი ტელეფონის უმოქმედობა გამოწვეულია გადაულახავი წინააღმდეგობის ან მომხმარებლის მიზეზით;
დ) შეაჩეროს ან გააუქმოს მომხმარებელთან დადებული ხელშეკრულება ადგილობრივი სატელეფონო ქსელით მომსახურებისა და სარგებლობის ხელშეკრულება, თუ მომხმარებელი არღვევს წინამდებარე წესებს.
თავი V
მომხმარებლის მოვალეობები და უფლებები
მუხლი 51
მომხმარებელი ვალდებულია:
ა) არ დაუშვას სააბონენტო, ტელემატიკური სამსახურების და მონაცემების გადაცემის მოწყობილობების თვითნებური დაყენება და გადაყენება, სატელეფონო ქსელში ჩართვა;
ბ) არ დაუშვას არარეგისტრირებული და არასერტიფიცირებული ტელეფონის აპარატების, ტელემატიკური და მონაცემების გადამცემი სააბონენტო მოწყობილობების ადგილობრივ, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო ქსელებში გამოყენება;
გ) არ დაუშვას ერთი მომხმარებლის მიერ მეორის წინასწარ განსაზღვრული შეწუხების მიზნით სააბონენტო მოწყობილობის გამოყენება;
დ) მეურნე სუბიექტის ნებართვის გარეშე არ დაუშვას ტელეფონის სხვა მომხმარებლისათვის გადაცემა;
ე) არ გამოიყენოს სააბონენტო მოწყობილობები დამატებითი შემოსავლის წყაროდ, თუ მასზე არ არის გაცემული კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს ლიცენზია;
ვ) ასარგებლოს ტელეფონის აპარატით იურიდიული პირები, თუკი ისინი წარმოადგენენ პირადობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტებს (ეს უფლება ენიჭება მხოლოდ სახელმწიფო უშიშროების, პოლიციის, კავშირგაბმულობის მუშაკებს, სანიტარულ-ეპიდემიური და სასწრაფო დახმარების ექიმებს, საავარიო სამსახურების სპეციალისტებს);
ზ) მეურნე სუბიექტის მიერ დადგენილ ვადებში შეიტანოს გადასახადი მომსახურებასა და სარგებლობაზე, რომელიც შესრულდა ადგილობრივი სატელეფონო, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირგაბმულობის ქსელებით;
თ) ხელშემწყობი პირობები შეუქმნას კავშირგაბმულობის მუშაკების მიერ სააბონენტო მოწყობილობების დათვალიერებას, დაზიანების აღდგენას, ტექნიკურ მომსახურებას;
ი) ფიზიკური პირის მიერ ტელეფონიზირებული საცხოვრებელი ბინის, სახლის, აგარაკის განსხვისებამდე ან გაცვლამდე, ხოლო იურიდიული პირის მიერ კი ტელეფონიზირებული საწარმოო შენობა-ნაგებობის გასხვისებამდე ან იჯარაში გაცემამდე, ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან წერილობით გააფრთხილონ მეურნე სუბიექტები და მათთან მოახდინონ სრული ანგარიშსწორება ადგილობრივი, საქალაქთაშორისო კავშირებით სარგებლობაზე. მეურნე სუბიექტის მიერ ფიზიკური და იურიდიულ პირებზე გაცემული დოკუმენტი ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით მომსახურებაზე და სარგებლობაზე დებიტორული დავალიანების არ არსებობის შესახებ წარმოადგენს იმ აუცილებელ დოკუმენტს, ურომლისოდაც ტელეფონიზირებული საცხოვრებელი ბინის, აგარაკის, სახლის, საწარმოო შენობის, ნაგებობის განსხვისების ან იჯარაში გაცემის იურიდიული დოკუმენტი არ დგება. წინააღმდეგ შემთხვევაში მეურნე სუბიექტის წინაშე მატერიალური პასუხისმგებლობა (ბინის, აგარაკის, სახლის, საწარმოო შენობის, ნაგებობის) ახალ მეპატრონეს ეკისრება;
კ) დაიცვას ადგილობრივი სატელეფონო ქსელებით მომსახურების და სარგებლობის წესი.
მუხლი 52
მომხმარებელს უფლება აქვს:
ა) დაშვებული ტექნიკური დატვირთვების ზღვრებში სატელეფონო საუბრებისათვის და ინფორმაციის გადასაცემად გამოიყენოს სერტიფიცირებული ნებისმიერი სააბონენტო მოწყობილობა;
ბ) მიიღოს შეღავათები და უპირატესობანი, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველო კანონმდებლობით და საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ;
გ) მეურნე სუბიექტისაგან მიიღოს ინფორმაცია მის რეკვიზიტებზე, მუშაობის რეჟიმზე, მომსახურების სახეობებსა და ტარიფებზე;
დ) მომხმარებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით ტელეფონის დაზიანების შემთხვევაში (მომხმარებელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს შეტანილი განაცხადი დაზიანებათა ბიუროში), ტელეფონის უმოქმედობის მთელი პერიოდის განმავლობაში არ გადაიხადოს ადგილობრივი სატელეფონო ქსლით მომსახურების და სარგებლობის გადასახადი თანხა, ან მოითხოვოს ადრე გადახდილი ამ პერიოდის კუთვნილი თანხის დაბრუნება;
ე) ადგილობრივი სატელეფონო ქსელით მომსახურებაში და სარგებლობაში დაშვებულ
ნაკლოვანებებისათვის აღძრას საჩივარი მეურნე სუბიექტის მიმართ;
ვ) უფასოდ გამოიყენოს სატელეფონო კავშირი სპეცსამსახურებთან (პოლიცია, სახანძრო დაცვა, სასწრაფო სამედიცინო სამსახური, საავარიო სამსახურები, სატელეფონო სადგურის დაზიანებათა ბიურო).
თავი VI
ადგილობრივი სატელეფონო ქსელებით მომსახურების ტარიფები
მუხლი 53
სახელმწიფო და შერეული საკუთრების ფორმის ადგილობრივი სატელეფონო ქსელებით მომსახურების ტარიფებს არეგულირებს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით და ახორციელებს მათი დაცვის კონტროლს.
კერძო საკუთრების ადგილობრივი სატელეფონო ქსელებით მომსახურების ტარიფებს ადგენს მისი მესაკუთრე.
ადგილობრივი სატელეფონო ქსელებით მომსახურებაზე დაწესებული შეღავათების კომპენსირება ხორციელდება შეღავათების დამწესებელი იურიდიული პირების ან ორგანოების მიერ.
მუხლი 54
ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ტარიფებს თან უნდა ერთვოდეს მეურნე სუბიექტის ვალდებულებები შეთავაზებული მომსახურების შესრულების ვადებსა და ხარისხზე. მეურნე სუბიექტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაბამისი ტარიფი 3% – ით მცირდება.
თავი VII
ადგილობრივი სატელეფონო ქსელებით გაწეულ მომსახურებაზე
მომხმარებელთან ანგარიშსწორება
მუხლი 55
მეურნე სუბიექტი, რომელიც ეწევა მომხმარებლის ადგილობრივი სატელეფონო ქსელებით მომსახურებას, აწარმოებს ანგარიშსწორებას იმ იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, რომლებიც ამ მომსახურებით სარგებლობენ.
ანგარიშსწორების ფორმა და წესი დგინდება მეურნე სუბიექტის მიერ.
ყველა სახის ანგარიშსწორებას მომხმარებელთან მეურნე სუბიექტი ახდენს საქართველოს ეროვნული ვალუტით – ლარით.
მუხლი 56
მომხმარებლის ან მის მიერ კანონიერად უფლებამოსილი წარმომადგენლის მოთხოვნის შესაბამისად, ადგილობრივი სატელეფონო ქსელით მომსახურების გადასახდელი თანხა დაწვრილებით უნდა იყოს გაშიფრული.
ინფორმაცია თანხის გადახდის შესახებ უნდა შეიცავდეს:
– სამეურნეო სუბიექტის რეკვიზიტებს, საკონტაქტო ტელეფონს;
– საანგარიშსწორებო პერიოდს;
გაწეული მომსახურების სახეობას, ადგილობრივი სატელეფონო ლაპარაკების თარიღს, რაოდენობას, ხანგრძლივობას მომხმარებლის თითოეულ ტელეფონზე და გადასახდელი თანხის რაოდენობას;
– საერთო გადასახდელი თანხის რაოდენობას;
– ანგარიშის წარდგენის თარიღს;
– თანხის გადახდის ვადას.
მუხლი 57
1. მომხმარებლები მიმდინარე თვის ადგილობრივი სატელეფონო კავშირებით მომსახურების არანაკლებ ერთი თვის გადასახადს იხდიან მიმდინარე თვის 15 რიცხვამდე, მომხმარებლის მიზეზით 25 რიცხვამდე სააბონენტო გადასახადის თანხის შემოუსვლელობის შემთხვევაში ტელეფონი ითიშება და 25 რიცხვის შემდეგ 5 დღის განმავლობაში გათიშული ტელეფონის ჩართვისათვის სააბონენტო დავალიანებასთან ერთად იგი იხდის ტელეფონის ჩართვის ღირებულებას. 30 რიცხვის შემდეგ მომდევნო 30 დღის განმავლობაში მომხმარებლისთვის ტელეფონის აღდგენა შესაძლებელია იმ პირობით, თუ მის მიერ სააბონენტო გადასახადის დავალიანებასთან ერთად გადახდილი იქნება ტელეფონის აღდგენის ღირებულება. წინააღმდეგ შემთხვევაში 30 დღის გასვლის შემდეგ იწერება განწესი ტელეფონის მოხსნაზე და მომდევნო 30 დღის განმავლობაში მომხმარებელს ენახება ტელეფონის ხელახალი დადგმის ტექნიკური საშუალება. ტელეფონის ხელახალი დადგმა მოხდება ძველი დავალიანებისა და ტელეფონის დადგმის სრული ღირებულების გადახდის შემდეგ.
აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ტელეფონი იხსნება და ნაწილდება დადგენილი წესების შესაბამისად.
2. დადგენილ ვადებში საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო და სატელეგრაფო, ფიჭური რადიოსატელეფონო კავშირებით სარგებლობის ანგარიშების გადაუხდელობის მიზეზით ტელეფონების გამორთვა ან მოხსნა წარმოებს იმ მეურნე სუბიექტის ხელმძღვანელის ხელმოწერილი დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც მომხმარებელს უწევს საქალაქთაშორისო და საერთაშორისო, ფიჭური რადიოსატელეფონო კავშირებით მომსახურებას. სიებში უნდა იყოს აღნიშნული აბონენტის ტელეფონის ნომერი, დავალიანების თანხა, ტელეფონის გამორთვის შესახებ გაფრთხილების თარიღი. ტელეფონის ხელახალი ჩართვა ხდება 48 საათის განმავლობაში, თუ მეურნე სუბიექტი, რომელმაც წარმოადგინა გამორთვის სიები, დაადასტურებს, რომ მომხმარებლის მიერ გადახდილია დავალიანება და ტელეფონის ხელახალი ჩართვის ღირებულება. წინააღმდეგ შემთხვევაში აბონენტს ტელეფონი ეხსნება. ამ პუნქტში განსაზღვრული ტელეფონის გათიშვის ან მოხსნის წესი მოქმედებს მომხმარებლის მიერ ადგილობრივი სატელეფონო ქსელების გამოყენებით კავშირგაბმულობის სხვა საშუალებებით სარგებლობის ღირებულების დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაშიც.
3. დაცვის სასიგნალო პულტზე ჩართული აბონენტთა ტელეფონების გათიშვა შეიძლება მხოლოდ მეურნე სუბიექტის მიერ მომხმარებლის წერილობითი გაფრთხილების შემდეგ (შეტყობინება – ჩაბარებით).
4. ტელეფონის და სხვა დამაბოლოებელი მოწყობილობების უმოქმედობის დროს, სააბონენტო გადასახადი მომხმარებელს დაერიცხება სრულად, თუ ტელეფონის უმოქმედობა გამოწვეულია მისი მიზეზით.
5. ელექტროენერგიის ხანგრძლივი გათიშვის გამო ტელეფონის შეფერხებებით მუშაობის შემთხვევაში მომხმარებელი იხდის ყოველთვიური სააბონენტო გადასახადს გადაანგარიშებულს ტელეფონის მუშაობის ფაქტიურ დროზე.
6. იმ შემთხვევაში, თუ აბონენტისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით დაზიანებული ტელეფონი აღდგენილი არ იქნება კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ დადგენილი ნორმატივების დაცვით, აბონენტი ტელეფონის უმოქმედობის პერიოდში სააბონენტო გადასახადს არ იხდის.
7. წინამდებარე წესების 46 და 48 მუხლებში გათვალისწინებულ შემთხვევებში ტელეფონისა და სხვა დამაბოლოებელ მოწყობილობათა გამორთვისას მომხმარებელს მათი სარგებლობის და ჩართვის გადასახადი არ დაერიცხება.
8. ტელეფონის ან სხვა სააბონენტო მოწყობილობების სააბონენტო გადასახადის დარიცხვა წარმოებს მათი ჩართვის დღიდან.
9. აბონენტის განცხადების საფუძველზე შეიძლება მოხდეს გადასახდელი თანხის უკან დაბრუნება შემდეგ შემთხვევებში:
ა) დადგმისა და დამატებითი სამუშაოების – იმ შემთხვევაში თუ აბონენტი უარს განაცხადებს გაფორმებული შეკვეთის შესრულებაზე კავშირგაბმულობის საწარმოს მიერ სამუშაოების დაწყებამდე;
ბ) ტელეფონით და სხვა დამაბოლოებელი მოწყობილობებით სარგებლობის გადასახადი – იმ დღიდან, როდესაც აბონენტი უარს განაცხადებს ადგილობრივი სატელეფონო კავშირით სარგებლობაზე და შეწყვეტს აბონენტობას (დაიხურება აბონენტი).
თავი VIII
პრეტენზიების განხილვის წესი
მუხლი 58
ადგილობრივი სატელეფონო ქსელით მომსახურებაზე მეურნე სუბიექტს პრეტენზიები წარედგინება მომხმარებლის უფლების დარღვევის დღიდან ერთი თვის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეტენზიები არ განიხილება.
პრეტენზიები მიიღება ნებისმიერი ფორმით. თუ შეუძლებელია პრეტენზიის დაუყოვნებელი გადაწყვეტა, მაშინ იგი წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით, განმცხადებლის ხელმოწერით და მისამართის მითითებით, რომელზეც შეიძლება პასუხის გაგზავნა.
მუხლი 59
მეურნე სუბიექტს უფლება აქვს მომხმარებელს წარუდგინოს პრეტენზია იმ შემთხვევაში თუ იგი არღვევს წინამდებარე წესებს, რითაც მეურნე სუბიექტს ურთულებს საქმიანობას ან დადგენილი წესით არ იხდის გაწეული მომსახურების ღირებულებას.
მუხლი 60
მეურნე სუბიექტის და მომხმარებლის მიერ ერთმანეთისთვის წარდგენილი პრეტენზიები შეძლებისდაგვარად უნდა მოგვარდეს ნებაყოფლობით ორივე მხარის მოლაპარაკებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეებს შეუძლიათ მიმართონ ზემდგომ ან სასამართლო ორგანოებს.
მუხლი 61
წერილობით წარდგენილი პრეტენზიის განხილვას მეურნე სუბიექტი აწარმოებს მისი მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში. პრეტენზიის განხილვის შედეგები მომხმარებელს წერილობით ეცნობება. პრეტენზიის განხილვასთან დაკავშირებული მიმოწერა უნდა ინახებოდეს 5 წლის განმავლობაში.
თავი IX
მეურნე სუბიექტების და მომხმარებლების
პასუხისმგებლობა
მუხლი 62
ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულების შემთხვევაში მეურნე სუბიექტის პასუხისმგებლობა მომხმარებლის წინაშე განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 63
მეურნე სუბიექტი პასუხისმგებელია მომხმარებლისთვის გაცხადებული მომსახურების ხარისხზე, ვადებსა და მომხმარებლის საჩივრის შედეგად გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვრაზე, აგრეთვე მომსახურების შესახებ გაცემული ინფორმაციის სისწორეზე.
მუხლი 64
მეურნე სუბიექტის მიერ მომსახურების შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელს თავისი არჩევანით შეუძლია:
ა) დანიშნოს მომსახურების შესრულების ახალი ვადები;
ბ) გააუქმოს ხელშეკრულება.
შემოსული პრეტენზიების დაკმაყოფილება ხდება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით.
მუხლი 65
1. მეურნე სუბიექტი პასუხს აგებს კავშირგაბმულობის საშუალებებით უხარისხო მომსახურებისათვის და მომსახურებაში არსებული ხარვეზების მოლაპარაკებულ ვადებში აღმოფხვრისათვის
2. მომხმარებელი, რომელსაც კავშირგაბმულობის საშუალებებით მომსახურება გაუწიეს ხარვეზებით, რომელთა შესახებ იგი მეურნე სუბიექტის მიერ წინასწარ არ იყო გაფრთხილებული, უფლებამოსილია თავისი არჩევანით მოითხოვოს:
ა) ნორმალური ხარისხით მომსახურების ხელახალი გაწევა;
ბ) ხელშეკრულების გაუქმება.
შემოსული პრეტენზიების დაკმაყოფილება ხდება მხარეთა შეთანხმებით.
მუხლი 66
მეურნე სუბიექტს მომხმარებლის წინაშე მატერიალური პასუხისმგებლობა არ ეკისრება, თუ თავისდროული ან ხარისხიანი მომსახურება შეუძლებელი გახდა მომხმარებლის მიზეზით ან წარმოქმნილი დაუძლეველი წინააღმდეგობების გამო.
მუხლი 67
მომხმარებელი პასუხს აგებს მეურნე სუბიექტის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების დროულად გადახდაზე.
მომხმარებლის მიერ მიღებული მომსახურების ღირებულების დადგენილ ვადებში გადაუხდელობისათვის მეურნე სუბიექტს უფლება აქვს წინასწარი გაფრთხილების შემდეგ მომხმარებელს გაუთიშოს ტელეფონი და გათიშვიდან ერთი თვის განმავლობაში მომხმარებლის მიერ მომსახურების და ტელეფონის ხელახალი ჩართვის (აღდგენის) ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში მოუხსნას ტელეფონი, ხოლო მასზე რიცხული დავალიანება ამოიღოს დადგენილი წესით.
მუხლი 68.
დაუძლეველი წინააღმდეგობის გამო მეურნე სუბიექტის მიერ მომხმარებლის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა მომხმარებელს უფლებას აძლევს მეურნე სუბიექტთან შეთანხმებით დანიშნოს მომსახურების შესრულების ახალი ვადა.
მუხლი 69
მეურნე სუბიექტს შეუძლია მომხმარებელს უარი უთხრას ადგილობრივი სატელეფონო ქსელით მომსახურებასა და სარგებლობაზე თუ:
ა) მომხმარებლის მოთხოვნის შესრულება აღემატება მეურნე სუბიექტის საწარმოო შესაძლებლობას ან ლიცენზიაში აღნიშნულ პირობებს;
ბ) მომხმარებელი არღვევს წინამდებარე წესებს.
მუხლი 70
მეურნე სუბიექტის მიერ უარის თქმა ადგილობრივი სატელეფონო ქსელით მომსახურებაზე მომხმარებელს შეუძლია გაასაჩივროს ზემდგომ ან სასამართლო ორგანოებში.
მუხლი 71
წინამდებარე წესების სისტემატური უხეში დარღვევისათვის მეურნე სუბიექტს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება ჩამოერთვას ადგილობრივი სატელეფონო ქსელებით მომსახურების უფლება (ლიცენზია).
თავი X
კონტროლი
მუხლი 72
წინამდებარე წესების დაცვაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 73
მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის თანახმად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
თავი XI
წესების ამოქმედების ვადები
მუხლი 74
წინამდებარე წესები ამოქმედდეს 1998 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრი ფრ. ინჯია
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ვ. პაპავა
დოკუმენტის კომენტარები