საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს „სადენური მაუწყებლობით (რადიოფიკაციით) მომსახურების გაწევის წესები“

საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს „სადენური მაუწყებლობით (რადიოფიკაციით) მომსახურების გაწევის წესები“
დოკუმენტის ნომერი 01/137/85
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 28/11/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 03/12/1997
სარეგისტრაციო კოდი 000000180.01(2).003.000133
01/137/85
28/11/1997
გამოუქვეყნებელი, 0, 03/12/1997
000000180.01(2).003.000133
საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს „სადენური მაუწყებლობით (რადიოფიკაციით) მომსახურების გაწევის წესები“
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრისა და  საქართველოს ეკონომიკის

მინისტრის ბრძანება № 01/137/85

1997 წლის 28 ნოემბერი

თბილისი 

საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს „სადენური მაუწყებლობით (რადიოფიკაციით) მომსახურების გაწევის წესები“

თავი 1

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1

სადენური მაუწყებლობით (რადიოფიკაციით) მომსახურების გაწევის წესები (შემდგომში წესები) შემუშავებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და განსაზღვრავს სადენური მაუწყებლობით (რადიოფიკაციით) მომსახურების წესებსა და პირობებს. წინმდებარე წესების დაცვა აუცილებელია ყველა მეურნე სუბიექტისათვის, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმებისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა.

მუხლი 2

წინამდებარე წესები არ ვრცელდება სპეციალური დანიშნულების გამოყოფილ ქსელებზე, მათ შორის სამთავრობო კავშირგაბმულობის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროების, აგრეთვე შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულების სადენური მაუწყებლობის (რადიოფიკაციის) ქსელებზე.

მუხლი 3

წინამდებარე წესებში გამოიყენება შემდეგი ტერმინები და განსაზღვრებები:

„მომხმარებელი“ – იურიდიული ან ფიზიკური პირები, რომლებიც იყენებენ ან გააჩნიათ განზრახვა გამოიყენონ სადენური მაუწყებლობის (რადიოფიკაციის) მომსახურება.

„მეურნე სუბიექტი“ – იურიდიული ან ფიზიკური პირები, რომლებიც ეწევიან სადენური მაუწყებლობით (რადიოფიკაციით) მომსახურებას მათი წესდების და სპეციალური ნებართვის (ლიცენზიის) საფუძველზე, წინამდებარე წესების დაცვით და კანონმდებლობით დადგენილი წესით.

„სადენური მაუწყებლობა“ – ელექტროკავშირის სახე, ტექნიკური ნაგებობებისა და მოწყობილობების კომპლექსი (რადიოსატრანსლიაციო კვანძები, კომუტაციის სისტემები, პროგრამის მიწოდების და მართვის არხები, სახაზო ქსელები, სააბონენტო გაყვანილობები და მოწყობილობანი), რომელიც განკუთვნილია მაუწყებლობის პროგრამების სადენებით მოსახლეობასა და სხვა მომხმარებელზე მიწოდებისათვის.

„სადენური მაუწყებლობის კვანძი“ – სადენური მაუწყებლობის (რადიოფიკაციის) სადგურებისა და სახაზო ნაგებობების კომპლექსი, განკუთვნილი იურიდიული და ფიზიკური პირების მომსახურებისათვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე.

„სააბონენტო რადიოწერტილი“ – ელექტროაკუსტიკური მოწყობილობა, (სააბონენტო ხმამაღლა მოლაპარაკე, სამ პროგრამიანი სადენური მაუწყებლობის მიმღები, რადიო ყურსაცემი, აგრეთვე სერტიფიცირებული სხვა ტექნიკური მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია მიიღოს სადენური მაუწყებლობის ქსელის სიგნალები და არ იმოქმედოს სადენური მაუწყებლობის მუშაობაზე) განკუთვნილი სადენური მაუწყებლობის ქსელით, რადიოპროგრამების მისაღებად.

მუხლი 4

სადენური მაუწყებლობით (რადიოფიკაციით) მომხმარებლების მომსახურებას ეწევა მხოლოდ ის მეურნე სუბიექტი, რომელსაც საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროსგან მიღებული აქვს სპეციალური ნებართვა (ლიცენზია).

მუხლი 5

სადენური მაუწყებლობის ქსელზე დაიშვება მხოლოდ იმ მოწყობილობების მიერთება, რომლებიც სერტიფიცირებულია საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ და პასუხობენ მომსახურე პერსონალისა და მომხმარებლების სიცოცხლის უსაფრთხოების, ჯანმრთელობის და ტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების მოთხოვნებს.

მუხლი 6

მეურნე სუბიექტები ერთმანეთთან და მომხმარებლებთან ურთიერთდამოკიდებულებას ამყარებენ ხელშეკრულების საფუძველზე.

სადენური მაუწყებლობით მომსახურების სარგებლობაზე ხელშეკრულების დადებისას მისი პირობები არ უნდა ლახავდეს მომხმარებლის უფლებებს.

მუხლი 7

სადენური მაუწყებლობით მომხმარებლების მომსახურების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტების მოთხოვნებს, ტექნიკური ნორმებს, ხელშეკრულების პირობებს, აგრეთვე მეურნე სუბიექტის ინფორმაციას მომსახურების შესახებ.

მუხლი 8

სადენური მაუწყებლობით (რადიოფიკაციით) მომსახურების ერთიან სტანდარტებს და ტექნიკურ ნორმებს ამუშავებს და ამტკიცებს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო, მათი დაცვა სავალდებულოა მეურნე სუბიექტებისათვის და მომხმარებლებისათვის.

მუხლი 9

სადენური მაუწყებლობის ტრანსლირებული გადაცემების, პროგრამების და ცნობების შინაარსზე პასუხს აგებენ ის მეურნე სუბიექტები, რომლებიც ახორციელებენ მათ მომზადებას და გაშვებას.

მუხლი 10

სააბონენტო მოწყობილობებს, რომლებიც განკუთვნილია სადენური მაუწყებლობის პროგრამების მისაღებად, იძენს მომხმარებელი და წარმოადგენს მის საკუთრებას.

თავი II

სადენური მაუწყეგლობით მომსახურება

მუხლი 11

სადენური მაუწყებლობით მომსახურების ფორმას და სახეობას განსაზღვრავს თვით მეურნე სუბიექტი მისთვის გაცემული ლიცენზიის და მომხმარებლის მოთხოვნათა შესაბამისად.

მუხლი 12

მეურნე სუბიექტი, რომელიც ეწევა სადენური მაუწყებლობით მომსახურებას, ვალდებულია მომხმარებლებს უსასყიდლოდ მიაწოდოს ინფორმაცია მომსახურებათა ფორმებსა და სახეობებზე, მომსახურების წესებისა და ტარიფების შესახებ.

მუხლი 13

სადენური მაუწყებლობით მომსახურებათა ძირითადი სახეობანია:

ა) სააბონენტო რადიოწერტილით სარგებლობა;

ბ) სააბონენტო რადიოწერტილების დაყენება აბონენტების წერილობითი განცხადების საფუძველზე;

გ) რადიოფიცირებულ საცხოვრებელ სახლებში სააბონენტო რადიოწერტილების ჩართვა;

დ) გამორთული სააბონენტო რადიოწერტილების ჩართვა;

ე) მომხმარებლის ინიციატივით ხელშეკრულების გაუქმებისას სააბონენტო რადიოწერტილების სადენური მაუწყებლობის ქსელიდან გამორთვა;

ვ) მომხმარებლის ბინაში ან შენობაში კაპიტალური რემონტის ჩატარების დროს ლიკვიდირებული სააბონენტო რადიოწერტილის აღდგენა მომხმარებლის ხარჯებით;

ზ) სააბონენტო რადიოწერტილებისა და სადენური მაუწყებლობის ქსელის დაზიანების აღმოფხვრა აბონენტთა განცხადების საფუძველზე.

მუხლი 14

სადენური მაუწყებლობით მომსახურების დამატებითი სახეობებია:

ა) დამატებითი რადიოწერტილის დაყენება;

ბ) მრავალპროგრამიანი სადენური მაუწყებლობის ქსელით მომხმარებლისთვის დამატებითი პროგრამების მიწოდება.

მუხლი 15

მეურნე სუბიექტის მიერ სადენური მაუწყებლობის ქსელით პროგრამების და სხვა ინფორმაციის გავრცელება განისაზღვრება ხელშეკრულებით, ფიქსირდება განრიგით და არის ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი.

განრიგში მითითებული უნდა იყოს, თუ რა დროიდან იწყება რადიომაუწყებლობა, როდის და როგორი პროგრამები იქნება ტრანსლირებული, რა სიხშირეზე ან რომელ სადენურ არხზე ხორციელდება მაუწყებლობა.

მეურნე სუბიექტი ვალდებულია დროულად აცნობოს მომხმარებელს ქსელის მუშაობის განრიგი.

მუხლი 16

სადენური მაუწყებლობის კვანძების მუშაობის ძირითადი დრო განისაზღვრება 6 საათიდან 24 საათამდე თბილისის დროით, სამუშაო დღეებში პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად არანაკლებ ერთი საათის შესვენებით.

მუხლი 17

მაუწყებლობის პროგრამის მიწოდების სისტემის პროფილაქტიკის დღეებში სადენური მაუწყებლობის კვანძებში დასაშვებია დადგენილი წესით რეგისტრირებული სხვა მოქმედი წყაროების პროგრამების გამოყენება, ხოლო მათი არარსებობის (უქონლობის) შემთხვევაში სადენური მაუწყებლობის კვანძები დროებით შეწყვეტენ მაუწყებლობას, პროგრამების მიმწოდებელი ძირითადი წყაროს მუშაობის აღდგენამდე.

მუხლი 18

მაუწყებლობის განაწესში ცვლილებები უნდა გაფორმდეს დოკუმენტალურად ხელშეკრულებით მითითებულ ვადებში და ამის შესახებ თავისდროულად ეცნობოს მომხმარებელს.

მუხლი 19

მეურნე სუბიექტებს უფლება აქვთ შეწყვიტონ დაგეგმილი გადაცემები სასწრაფო, მნიშვნელოვანი გადაცემების ტრანსლიაციისათვის, სტიქიური უბედურების ან იმ შემთხვევებისა და გარემოებების ცნობებისას, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, აგრეთვე მაუწყებლობის განრიგის დარღვევის შემთხვევებში, რომლებიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით მეურნე სუბიექტსა და მომხმარებელს შორის.

მუხლი 20

სააბონენტო რადიოწერტილების დაყენება, გადაადგილება, ჩართვა და გამორთვა სრულდება მეურნე სუბიექტის ძალებით და მომხმარებლის ხარჯებით. შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების გადახდის წესი განისაზღვრება მეურნე სუბიექტსა და მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულებით.

მუხლი 21

ტექნიკური შესაძლებლობების და ეკონომიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით სადენური მაუწყებლობის მოქმედ ქსელში სააბონენტო რადიოწერტილების ჩართვის სამუშაოებს ატარებს მეურნე სუბიექტი.

მუხლი 22

მეურნე სუბიექტი ვალდებულია მომხმარებელს გაუწიოს სადენური მაუწყებლობით მომსახურება ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში.

მომსახურების ვადები განისაზღვრება თარიღით, როდესაც მეურნე სუბიექტი უნდა შეუდგეს მის შესრულებას.

მუხლი 23

მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს დაარღვიოს ხელშეკრულება მომსახურების გაწევაზე იმ პირობით, თუ მეურნე სუბიექტს გადაუხდის გასამრჯელოს გაწეული მომსახურებისათვის და აუნაზღაურებს მას ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეულ ზარალს.

მუხლი 24

სააბონენტო რადიოწერტილის დაზიანების შესახებ განცხადება მომხმარებელმა უნდა

შეიტანოს სარემონტო ბიუროში, სადისპეჩეროში ან ამ მიზნით დადგენილ სხვა პუნქტებში წერილობით, ზეპირი სახით ან ტელეფონით.

მეურნე სუბიექტი მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას ხელმისაწვდომი ფორმით მომხმარებელთა განცხადებების მიღების ადგილზე და საავარიო სამსახურების ტელეფონების ნომრებზე.

თავი III

სადენური მაუწყებლობით მომსახურების ტარიფები

მუხლი 25

სახელმწიფო და შერეული საკუთრების ფორმის სადენური მაუწყებლობით (რადიოფიკაციით) მომსახურების ტარიფებს არეგულირებს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით და ახორციელებს მათი დაცვის კონტროლს.

კერძო საკუთრების სადენური მაუწყებლობით მომსახურების ტარიფებს ადგენს მისი მესაკუთრე.

სადენური მაუწყებლობით მომსახურებაზე დაწესებული შეღავათების კომპენსირება ხორციელდება შეღავათის დამწესებელი იურიდიული პირების ან ორგანოების მიერ.

მუხლი 26

სააბონენტო რადიოწერტილით სარგებლობისათვის მომხმარებელს შეაქვს ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი.

მუხლი 27

სააბონენტო გადასახადი მომხმარებლისგან მიიღება ნებისმიერი ვადით, მაგრამ არანაკლებ ერთი თვისა სადენური მაუწყებლობით მომსახურებაზე ტარიფების შეცვლისას ხორციელდება სააბონენტო ქირის გადაანგარიშება (გადახდილი თანხის გათვალისწინებით) აბონენტის სავალდებულო წინასწარი გაფრთხილებით. სააბონენტო ქირის გადახდის ადგილი და წესი განისაზღვრება მეურნე სუბიექტის მიერ.

მუხლი 28

სააბონენტო რადიოწერტილით სარგებლობისათვის გადახდა წყდება:

- მომხმარებლის მიერ სადენური მაუწყებლობის მომსახურებაზე უარის თქმის განცხადების შეტანის დღიდან

- მომხმარებლის სხვა საცხოვრებელ ადგილზე გადასვლისას.

მუხლი 29

სააბონენტო რადიოწერტილის უმოქმედობის ან მისი არადამაკმაყოფილებელი მუშაობის შემთხვევაში, რაც აბონენტის მიზეზით არ არის გამოწვეული, რადიოწერტილით სარგებლობისათვის გადასახადი არ შეიტანება რადიოწერტილის უმოქმედობის მთელი პერიოდისათვის.

სააბონენტო რადიოწერტილის მუშაობის აღდგენისას ხდება შეტანილი სააბონენტო ქირის გადაანგარიშება მორიგი გადასახადიდან რადიოწერტილის უმოქმედობის პერიოდისათვის მიღებული თანხის ნაწილის გამოკლებით.

თავი IV

მეურნე სუბიექტების და მომხმარებლების პასუხისმგებლობა

მუხლი 30

მეურნე სუბიექტი პასუხისმგებელია მომხმარებლის წინაშე თავისი მოვალეობის შეუსრულებლობაზე ან არასათანადოდ შესრულებაზე. პასუხისმგებლობის ზომა და წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 31

მეურნე სუბიექტის მიერ სადენური მაუწყებლობით მომსახურების გაწევის ვადების დარღვევის შემთხვევაში აბონენტი უფლებამოსილია თავისი არჩევანის მიხედვით:

ა) დაინიშნოს მომსახურების გაწევის ახალი ვადა;

ბ) დაარღვიოს ხელშეკრულება;

შემოსული პრეტენზიების დაკმაყოფილება ხდება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით.

მუხლი 32

სადენური მაუწყებლობით მომსახურების გაწევისას მეურნე სუბიექტის მიერ ხარისხთან დაკავშირებული ვალდებულებების დაუცველობის შემთხვევაში, აბონენტი, რომელსაც მომსახურება გაეწია ხარვეზებით, უფლებამოსილია თავისი არჩევანით მოითხოვოს:

ა) ნორმალური ხარისხის მომსახურების გაწევა;

ბ) მომსახურების გაწევაში არსებული ნაკლოვანებების უსასყიდლოდ აღმოფხვრა;

გ) ხელშეკრულების დარღვევა.

შემოსული პრეტენზიების დაკმაყოფილება ხდება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით.

მუხლი 33

მეურნე სუბიექტს მომხმარებლის წინაშე პასუხისმგებლობა არ ეკისრება, თუ თავისდროული და ხარისხიანი მომსახურება შეუძლებელი გახდა მომხმარებლის მიზეზით ან წარმოქმნილი დაუძლეველი წინააღმდეგობის გამო.

მუხლი 34

მომხმარებელი პასუხს აგებს მეურნე სუბიექტის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების დროულად გადახდაზე. მომხმარებლის მიერ მიღებული მომსახურების ღირებულების დადგენილ ვადებში გადაუხდელობისთვის მეურნე სუბიექტს უფლება აქვს გაუთიშოს რადიოწერტილი და გათიშვიდან ერთი თვის განმავლობაში, მომხმარებლის მიერ მომსახურების და რადიოწერტილის ხელაახალი ჩართვის ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში, მოუხსნას რადიოწერტილი, ხოლო მომხმარებლებზე რიცხული დავალიანება ამოიღოს დადგენილი წესით.

მუხლი 35

მომხმარებელი ვალდებულია მეურნე სუბიექტს დროულად შეატყობინოს რადიოწერტილის დაზიანება და უზრუნველყოს მეურნე სუბიექტის საავარიო სამსახურის მუშაკების დაზიანების ადგილზე გაშვება.

მუხლი 36

მომხმარებლის მიზეზით დაზიანებული რადიოსატრანსლიაციო ქსელის ან სააბონენტო ხაზის აღდგენა ხდება მომხმარებლის ხარჯებით.

მუხლი 37

მეურნე სუბიექტის და მომხმარებლის მიერ ერთმანეთისთვის წაყენებული პრეტენზიები შეძლებისდაგვარად უნდა მოგვარდეს ნებაყოფლობით ორივე მხარის მოლაპარაკებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მოდავე მხარეებს შეუძლიათ მიმართონ ზემდგომ ორგანოებს ან სასამართლოს.

მუხლი 38

წერილობით წარდგენილი პრეტენზიის განხილვას მეურნე სუბიექტი აწარმოებს მისი მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში. პრეტენზიის განხილვის შედეგები მომხმარებელს წერილობით ეცნობება პრეტენზიის განხილვასთან დაკავშირებული მიმოწერა უნდა ინახებოდეს 5 წლის განმავლობაში.

მუხლი 39

მეურნე სუბიექტს შეუძლია მომხმარებელს უარი უთხრას სადენური მაუწყებლობით მომსახურებაზე თუ:

ა) მომხმარებლის მოთხოვნის შესრულება აღემატება სუბიექტის საწარმოო შესაძლებლობებს ან ლიცენზიაში აღნიშნულ პირობებს.

ბ) მომხმარებელი არღვევს წინამდებარე წესებს.

მუხლი 40

წინამდებარე წესების სისტემატური უხეში დარღვევისათვის მეურნე სუბიექტს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება ჩამოერთვას სადენური მაუწყებლობით (რადიოფიკაციით) მომსახურების უფლება (ლიცენზია).

თავი V

კონტროლი

მუხლი 41

წინამდებარე წესების დაცვაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

მუხლი 42

მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის თანახმად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

თავი VI

წესების ამოქმედების ვადები

მუხლი 43

წინამდებარე წესები ამოქმედდეს 1998 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრი                           ფრ. ინჯია

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი                                                              ვ. პაპავა