რეგულარული საავტობუსო მარშრუტების მომსახურებისათვის გადამზიდავებისა და ავტოსადგურების შერჩევის წესების შესახებ

რეგულარული საავტობუსო მარშრუტების მომსახურებისათვის გადამზიდავებისა და ავტოსადგურების შერჩევის წესების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 88
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 30/09/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, -, 02/10/1997
სარეგისტრაციო კოდი 000000180.01(2).003.000094
88
30/09/1997
გამოუქვეყნებელი, -, 02/10/1997
000000180.01(2).003.000094
რეგულარული საავტობუსო მარშრუტების მომსახურებისათვის გადამზიდავებისა და ავტოსადგურების შერჩევის წესების შესახებ
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი

საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №88

1997 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

რეგულარული საავტობუსო მარშრუტების მომსახურებისათვის გადამზიდავებისა და ავტოსადგურების შერჩევის წესების შესახებ

სამარშრუტო სისტემის მართვის სრულყოფისა და რეგულარული საავტობუსო მარშრუტების მომსახურებისათვის გადამზიდავებისა და ავტოსადგურების შერჩევის მიზნით,

1. დამტკიცდეს რეგულარული საავტობუსო მარშრუტების მომსახურებისათვის გადამზიდავებისა და ავტოსადგურების შერჩევის თანდართული წესები.

2. ეთხოვოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრაციაში გაატაროს აღნიშნული წესები.

3. წესები გამოქვეყნდეს პრესაში.

საფუძველი: საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს კოლეგიის 1996 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება.

მინისტრი                                                                   მერაბ ადეიშვილი

 

რეგულარული საავტობუსო მარშრუტების მომსახურებისათვის გადამზიდავებისა და ავტოსადგურების შერჩევის წ ე ს ე ბ ი

1. ზოგადი დებულებანი

1.1. წესები განსაზღვრავს გადამზიდავებისა და ავტოსადგურების შერჩევისა და მათზე რეგულარული საავტობუსო მარშრუტების მომსახურების უფლების გაცემის პირობებს.

1.2. წესები ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და სავალდებულოა რეგულარული საავტობუსო მარშრუტების მომსახურების უფლების მოსაპოვებლად ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა.

1.3. რეგულარულ საერთაშორისო, საქალაქთაშორისო და საგარეუბნო საავტობუსო მარშრუტებს მოძრაობის განრიგებითა და საჭირო მოძრავი შემადგენლობის რაოდენობის ჩვენებით ამტკიცებს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტი.

1.4. რეგულარულ შიდა საქალაქო მარშრუტებს აწესებს ქალაქის (რაიონის) ადგილობრივი მართვის ორგანო.

1.5. რეგულარული საავტობუსო მარშრუტების მომსახურებისათვის (გარდა საქალაქო არაკომერციულისა) გადამზიდავებისა და ავტოსადგურების შერჩევა ხდება კონკურსის წესით.

1.6. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარების მიუხედავად.

2. საკონკურსო კომისია

2.1. საკონკურსო კომისიები იქმნება საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის ბრძანებით.

2.2. კომისია კონკურსის ჩატარებამდე ერთი თვით ადრე აქვეყნებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებით:

 – კონკურსის ჩატარების თარიღს;

 მარშრუტების დასახელებას (რეისების რაოდენობის ჩვენებით);

– მარშრუტების მიხედვით საჭირო მოძრავი შემადგენლობის რაოდენობას;

– კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო საბუთების ჩამონათვალს;

– სხვა პირობებს.

2.3. კომისია იღებს და რეგისტრაციაში ატარებს გადამზიდავების (ავტოსადგურების) განაცხადებას კონკურსში მონაწილეობაზე.

2.4. კომისია ორი კვირის ვადაში წერილობით ატყობინებს გადამზიდავს (ავტოსადგურს) კონკურსში დაშვების ან მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ კონკურსზე დაუშვებლობის მიზეზის აღნიშვნით.

2.5. კომისია კონკურსის შედეგებს აფორმებს ოქმით.

3. კონკურსის პირობები

3.1. კონკურსში გადამზიდავი (ავტოსადგური) დაიშვება სამეწარმეო საქმიანობაზე რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

3.2. მარშრუტის მომსახურების უფლების მოპოვებაზე კონკურსი ტარდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

– მოძრავი შემადგენლობის საჭირო რაოდენობა;

– მოძრავი შემადგენლობის მოდელის და მარკის შესაბამისობა მარშრუტის სახეობასთან და საგზაო პირობებთან;

– მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური მდგომარეობა:

– მძღოლის კვალიფიკაცია;

– მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფა.

3.3. კონკურსის ცალკეული პირობის შეფასება ხდება ათბალიანი სისტემით.

4. კონკურსის შედეგების შეჯამება

4.1. კონკურსში გამარჯვებულების გამოვლენა ხდება მონაწილეების მიერ დაგროვილი ბალებით.

4.2. გამარჯვებულად ითვლება ის მონაწილე, რომელიც მეტ ბალებს დააგროვებს.

4.3. ერთნაირი ბალების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ გადამზიდავს (ავტოსადგურს), რომელსაც მუშაობის მეტი გამოცდილება აქვს.

5. მარშრუტის მომსახურებაზე უფლების გაცემა

5.1. რეგულარული საავტობუსო მარშრუტების მომსახურებაზე უფლებების გაცემა ფორმდება ხელშეკრულებებით მარშრუტის გამცემსა და კონკურსში გამარჯვებულ გადამზიდავს (ავტოსადგურს) შორის, რომელშიც განისაზღვრება მათი ურთიერთვალდებულებები და პასუხისმგებლობა, აგრეთვე შესასრულებელი სამუშაოების საორიენტაციო მოცულობები.

5.2. ხელშეკრულების მოქმედება განისაზღვრება არანაკლებ 6 თვის ვადით, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი  საჭიროების მიხედვით.