„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები პროექტის ავტორი
მიღების თარიღი 16/09/2024
დოკუმენტის ტიპი ნორმატიული აქტების პროექტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016756
0
16/09/2024
ვებგვერდი, 17/09/2024
000000000.00.00.016756
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
პროექტის ავტორი
 

 

პროექტი

საქართველოს კანონი

„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №1-2  (33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 24) შეტანილ იქნეს ცვლილება და კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 511 და 512 მუხლები:

მუხლი 511 სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევის ავტორიზაცია

1. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საქმიანობებისთვის აუცილებელია სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევის ავტორიზაცია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობების ჩამონათვალი დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესით“ და ამ საქმიანობებზე, სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევის ნაწილში, არ ვრცელდება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონი.

3. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საქმიანობებისთვის, გარდა საავიაციო საქმიანობებისა, სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევაზე ავტორიზაციას გასცემს სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გარემოს ეროვნული სააგენტო, ხოლო საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საავიაციო საქმიანობებისთვის სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევაზე ავტორიზაციას გასცემს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

4. ავტორიზაციის მისაღებად წარდგენილი განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს:

ა) იმ დანადგარისა და საქმიანობების, მათ შორის, გამოყენებული ტექნოლოგიების აღწერას, რომელთა გამოყენებაც სავარაუდოდ გამოიწვევს სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევას;

ბ) ნედლი და დამხმარე მასალების შესახებ ინფორმაციას, რომელთა გამოყენებაც, სავარაუდოდ, გამოიწვევს სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევას;

გ) იმ სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევის წყაროების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც მოცემულია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში;

დ) სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევის მონიტორინგისა და ანგარიშგებისათვის დაგეგმილ გასატარებელ ზომებს;

ე) ამ პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის მოკლე არატექნიკურ რეზიუმეს.

5. ავტორიზაცია გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ საქმიანობის განმახორციელებელს აქვს სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევის მონიტორინგისა და ანგარიშგების სათანადო შესაძლებლობა.

6. სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევაზე ავტორიზაცია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევაზე ავტორიზაცია, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, უნდა მოიცავდეს:

ა) საქმიანობის განმახორციელებელი პირის დასახელებას, საიდენტიფიკაციო ან/და პირად ნომერს და მისამართს;

ბ) საქმიანობისა და სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევის აღწერას;

გ) სათბურის ეფექტის გამომწევი გაზების გაფრქვევის მონიტორინგის გეგმას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და რომელიც მტკიცდება ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად;

დ) ანგარიშგებასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

7. სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევაზე ავტორიზაცია გაიცემა უვადოდ.

8. სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევაზე ავტორიზაციის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა, შეიძლება იყოს:

ა) საქმიანობის განმახორციელებლის მოთხოვნა;

ბ) საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევის ავტორიზაციის მიღებიდან 5 წლის ვადაში ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობის დაუწყებლობა;

გ) საქმიანობის განმახორციელებლის მიერ ორი კალენდარული წლის განმავლობაში სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევის ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობის შეჩერება, თუ საქმიანობის განმახორციელებელი ვერ დაასაბუთებს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარდა სარემონტო ან განახლებითი სამუშაოები.

9. სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევის მონიტორინგის გეგმის დამტკიცებამდე, ავტორიზაციის გამცემ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს შექმნას საექსპერტო კომისია ან მოიწვიოს ექსპერტი.

10. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია ავტორიზაციის გამცემ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს დაუყოვნებლივ შეატყობინოს ნებისმიერი დაგეგმილი ცვლილების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საქმიანობის საწარმოო ტექნოლოგიის განსხვავებული ტექნოლოგიით შეცვლას ან/და ექსპლუატაციის პირობების შეცვლას, მათ შორის, წარმადობის გაზრდას, შემცირებას და შესაძლო გავლენას სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევაზე. საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ცვილილება უნდა განხორციელდეს ავტორიზაციაში. ავტორიზაციაში ცვლილების განხორციელების წესი განისაზღვრება  საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესით“.

11. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში, ავტორიზაციის გამცემ შესაბამის ორგანოს მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე, წარუდგინოს მონიტორინგის გეგმაში ცვლილებების შეტანის შესახებ წინადადება, რომელიც ამ მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად გამოიწვევს სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევაზე ავტორიზაციაში ცვლილებას.

12.  საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევის ავტორიზაცია სრულად ან ნაწილობრივ სხვა პირს გადასცეს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობის არსს ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ავტორიზაციის სრულად ან ნაწილობრივ სხვა პირისთვის გადაცემის წესი განისაზღვრება  საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესით“.

მუხლი 512. სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევის მონიტორინგი, ანგარიშგება და დამოწმება

1. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია აწარმოოს სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევების მონიტორინგი მონიტორინგის გეგმის საფუძველზე და დანადგარების კატეგორიზაციის, წყაროების ნაკადების და ემისიების წყაროების შესაბამისი მეთოდოლოგიის შესაბამისად, რომელიც დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესით“.

2. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია ავტორიზაციის გამცემ ორგანოს ყოველი წლის არაუგვიანეს 31 მარტისა  წარუდგინოს სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების წლიური გაფრქვევის შესახებ ანგარიში, რომელიც შესაბამისი ფორმით ვალიდირებული და ვერიფიცირებული/დამოწმებული უნდა იყოს, ევროპული აკრედიტაციის თანამშრომლობის ასოციაციის (The European co-operation for Accreditation (EA)) მრავალმხრივი აღიარების შეთანხმების ხელმომწერი ქვეყნის, აკრედიტაციის ორგანოს აკრედიტაციის მქონე შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ. ანგარიშგების წესი განისაზღვრება  საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესით“.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის წარდგენის საფუძველზე, ანგარიშგების ვალდებულება შესრულებულად ითვლება.

4. დამმოწმებელი სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების წლიური გაფრქვევების შესახებ ანგარიშის დამოწმებას/ვერიფიკაციას მოახდენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი აზრით, წარმოდგენილი ანგარიში არ შეიცავს არსებითად არასწორ ინფორმაციას საქმიანობის განმახორციელებლისათვის დამტკიცებული გეგმით განსაზღვრული საერთო გაფრქვევების შესახებ.

5. ავტორიზაციის გამცემი შესაბამისი ორგანო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების წლიური გაფრქვევის შესახებ ანგარიშის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნებას.

6. სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევის მონაცემთა დამოწმების წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

შენიშვნა: საერთაშორისო ავიაციისთვის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირების და კომპენსაციის სქემის (CORSIA) ფარგლებში, ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის მონიტორინგის, ანგარიშგებისა და შესაბამისი ანგარიშების დამოწმების მიმართ მოთხოვნები დადგენილია „საერთაშორისო ავიაციისთვის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირებისა და კომპენსაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანებით“.

მუხლი 2

1.  საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესით“ განსაზღვრული არსებული საქმიანობები საჭიროებს ამ კანონით დადგენილი წესით სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევაზე ავტორიზაციის მიღებას 2026 წლის 1 აპრილამდე.

2. სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების წლიური გაფრქვევის შესახებ პირველი ანგარიში ავტორიზაციის გამცემ ორგანოს უნდა წარედგინოს 2027 წლის 31 მარტამდე.

მუხლი 3. საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 31 მარტამდე  მიიღოს შემდეგი დადგენილებები:

ა) „სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესი“;

ბ) „სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევის მონაცემთა დამოწმების წესი“.

მუხლი 4.

1.   ეს კანონი, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2.   ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი        სალომე ზურაბიშვილი                                         

განმარტებითი ბარათი

საქართველოს კანონის პროექტზე

„გარემოს დაცვის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:

კანონპროექტის მიღება განპირობებულია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ხელშესაწყობად, სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევის შემცირებისათვის საჭირო ზომების გასატარებლად და ასევე, ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებიდან. კერძოდ, 2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა, ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას. შეთანხმება ითვალისწინებს ევროკავშირთან დაახლოებას და საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან.

შეთანხმებით გათვალისწინებული იყო ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების შესაძლებლობა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც საქართველომ გადადგა ევროპასთან ინტეგრაციის და ენერგეტიკული სექტორის განვითარების პროცესში, არის საქართველოს მიერთება ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან. 2016 წლის 14 ოქტომბერს, სარაევოში, ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს მე-14 შეხვედრაზე, ერთხმად დამტკიცდა ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს მიერთება. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, საქართველოს სახელით, ხელი მოაწერა ოქმს ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებაზე საქართველოს მიერთების შესახებ. საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირების შემდეგ, ოქმი ძალაში შევიდა 2017 წლის 21 აპრილს.

ორგანიზაციაში საქართველო დამკვირვებლის სტატუსით 2007 წლიდან სარგებლობდა. საქართველოს სრულუფლებიან წევრობაზე მოლაპარაკებები 2014 წელს დაიწყო, ხოლო მოლაპარაკებების ბოლო ეტაპი, რომელიც საერთო ხედვისა და მიდგომების განვითარების თვალსაზრისით განსაკუთრებით კონსტრუქციული იყო, 2016 წლის მაისში გაიმართა.

ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს მიერთების ოქმი და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროკაშირის მოთხოვნებთან, რომელთა მიზანია ენერგეტიკის სფეროში კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბება. აღნიშნულ დოკუმენტებში პირდაპირ არის მითითებული ევროკავშირის ის დირექტივები და რეგულაციები, რომელთა იმპლემენტაციის ვალდებულება ეკისრება საქართველოს.

ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს მიერ 2022 წლის 15 დეკემბერს მიღებული იქნა No 2022/05/MC-EnC გადაწყვეტილება „ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების I დანართში ცვლილების შეტანისა და ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობაში (acquis communautaire)  (EU) 2018/2066 განმახორციელებელი რეგულაციის, (EU) 2018/2067 განმახორციელებელი რეგულაციისა და 2003/87/EC დირექტივის დამატების შესახებ“.

გადაწყვეტილების თანახმად, ხელშემკვრელ მხარეებში მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების (MRV) სისტემის დანერგვის მიზნით, ხელშემკვრელმა მხარეებმა 2023 წლის 31 დეკემბრამდე თავიანთი კანონმდებლობა უნდა დაუახლოვონ შემდეგ სამართლებრივ აქტებს: კომისიის   2018   წლის   19   დეკემბრის   განმახორციელებელი   რეგულაცია   (EU)   2018/2066 ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003/87/EC დირექტივის შესაბამისად სათბურის გაზების გაფრქვევის მონიტორინგისა და ანგარიშგების შესახებ და რომელსაც ცვლილება შეაქვს კომისიის (EU) No 601/2012 რეგულაციაში (MRR), კომისიის 2018 წლის 19 დეკემბრის განმახორციელებელი რეგულაცია (EU) 2018/2067 ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003/87/EC დირექტივის შესაბამისად მონაცემების დამოწმებისა და დამმოწმებელთა აკრედიტაციის შესახებ (AVR) და 2003 წლის 13 ოქტომბრის 2003/87/EC დირექტივა კავშირში სათბურის გაზების გაფრქვევის ნებართვით ვაჭრობის სისტემის შექმნის შესახებ და რომელსაც ცვლილება შეაქვს საბჭოს 96/61/EC დირექტივაში.

კომისიის   2018   წლის   19   დეკემბრის   განმახორციელებელი   რეგულაციის   (EU)   2018/2066 „ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003/87/EC დირექტივის შესაბამისად სათბურის გაზების გაფრქვევის მონიტორინგისა და ანგარიშგების შესახებ და რომელსაც ცვლილება შეაქვს კომისიის (EU) No 601/2012 რეგულაციაში“ და კომისიის 2018 წლის 19 დეკემბრის განმახორციელებელი რეგულაციის (EU) 2018/2067 „ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003/87/EC დირექტივის შესაბამისად მონაცემების დამოწმებისა და დამმოწმებელთა აკრედიტაციის შესახებ" (AVR) შესაბამისად მომზადდება წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული მთავრობის ნორმატიული აქტები.

აღნიშნული რეგულაციების მიღების ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარეების მომზადება ნახშირბადის განფასების, კერძოდ კი ემისიებით ვაჭრობის სისტემის (ETS) დასანერგად, რომელიც ევროკავშირში რეგულირდება ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003/87/EC დირექტივით და რომელიც ამოქმედდა 2005 წლის პირველი იანვრიდან.

ETS ეფუძნება შემდეგ კომპონენტებს:

  • მარეგულირებლებისგან ნებართვის გაცემა;
  • დანადგარის დონეზე მონიტორინგი და ანგარიშგება;
  • მესამე მხარის მიერ ანგარიშგებული ემისიების მიუკერძოებელი დამოწმება;
  • ემისიების დაშვებების (კვოტების) ბაზარი;
  • სანქციები, შეუსრულებლობის შემთხვევაში.

ETS-ს, რომელსაც გააჩნია მყარი და სანდო MRV სისტემა, აქვს მნიშვნელოვანი როლი შემდეგი მიზნების მისაღწევად:

  • ქვეყნების და ევროკავშირის სექტორული შემარბილებელი მიზნების მიღწევა;
  • შემარბილებელი ეროვნული პოლიტიკისა და მასთან დაკავშირებული მიზნების (NDC-ები, კლიმატის სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები) შესაბამისობის შემოწმება;
  • ეროვნულ დონეზე გატარებული ღონისძიებებზე დაკვირვება და ყურადღების მიქცევა, იმისათვის რომ დასახული შემარბილებელი მიზნები იქნეს მიღწეული.

საერთო ჯამში, ემისიების გაფრქვევის მონიტორინგისა და ანგარიშგების საიმედო სისტემა ეროვნულ მარეგულირებლებს აძლევს სრულ სურათს დაქვემდებარებული სექტორებიდან სათბურის გაზების გაფრქვევის ოდენობის შესახებ, რაც თავის მხრივ საშუალებას აძლევს მათ შეაფასონ, არის თუ არა მათი კლიმატის პოლიტიკა და შესაბამისი ღონისძიებები (და მასთან დაკავშირებული მიზნები), ადეკვატური და წარმატებული. ევროკავშირის ემისიებით ვაჭრობის სისტემა (EU ETS) ადგენს სათბურის გაზების წლიური გაფრქვევის ერთიან ზედა ზღვარს სტაციონარული დანადგარებისთვის, რომლებიც გამოყოფენ დიდი რაოდენობით სათბურის გაზების ემისიებს (მაგ.: ცემენტის, ქაღალდის, შუშის წარმოება), ასევე ელექტროენერგიისა და სითბოს წარმოებაზე მომუშავე საწარმოებისთვის და ასევე ადგენს ცალკე ზღვარს საავიაციო სექტორში, ევროპის ეკონომიკურ ზონაში კომერციულ ფრენებზე. აღნიშნული ზედა ზღვარი ყოველწლიურად მცირდება.

რაც შეეხება საავიაციო საქმიანობებს, „საერთაშორისო ავიაციისთვის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირებისა და კომპენსაციის წესის დამტკიცების შესახებ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 22 ნოემბრის №235 ბრძანება ძალაშია 2024 წლის 1 იანვრიდან. ბრძანება ვრცელდება საქართველოში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებზე, რომლებიც ასრულებენ საერთაშორისო ფრენებს საჰაერო ხომალდით, რომლის მინიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასა შეადგენს 5700 კგ-ს, და რომლებიც წლიურად აფრქვევენ მინიმუმ 10 000 ტონა ნახშირორჟანგს.

2020 წლიდან მოყოლებული, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტები ნებაყოფლობით მონიტორინგს უწევდნენ მათ მიერ საერთაშორისო ფრენებზე გაფრქვეული ნახშირორჟანგის მოცულობას და აცნობებდნენ სააგენტოს. შესაბამისად, სააგენტო ფლობს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციაში გაფრქვეული ნახშირორჟანგის შესახებ მონაცემებს 2020 წლიდან.

2024 წლის 1 იანვრიდან, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი ვალდებულია:

  1. მონიტორინგი – მონიტორინგი გაუწიოს მის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში საერთაშორისო ფრენებზე გაფრქვეული ნახშირორჟანგის მოცულობას.
  2. ვერიფიკაცია – მონიტორინგის შედეგად მიღებული მონაცემები ვერიფიკაციის მიზნით გადასცეს დამოუკიდებელ პირს – ვერიფიკაციის ორგანოს, რომელიც აკრედიტებული უნდა იყოს ეროვნული აკრედიტაციის ორგანოს მიერ (რეგისტრაციის სახელმწიფოს მიხედვით). საქართველოში კორსიას მიზნებისთვის არცერთი იურიდიული პირი არ ახორციელებს სავერიფიკაციო საქმიანობას. შესაბამისად, ქართული ექსპლუატანტები ვერიფიკაციისთვის მიმართავენ უცხოეთში მოქმედ ვერიფიკაციის ორგანოებს.
  3. ანგარიშგება – საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტები ვერიფიკაციის ორგანოს მიერ დამოწმებულ ანგარიშებს წარუდგენენ სააგენტოს, სააგენტოს მიერვე დადგენილ ვადებში. სააგენტო ამოწმებს წარმოდგენილი მონაცემების სისწორეს და საბოლოო მონაცემებს აწვდის საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას (იკაო).

2024 წლის 1 იანვრიდან მოყოლებული, ყოველ 3 წელიწადში ერთხელ, სააგენტო დაითვლის სხ-ის ექსპლუატანტის მიერ კომპენსირებას დაქვემდებარებული გამონაბოლქვის მოცულობას და აცნობებს შესაბამის სხ-ის ექსპლუატანტს, რომელიც ვალდებული იქნება შეიძინოს და გააუქმოს ამ მოცულობის შესაბამისი გამონაბოლქვის ერთეული (emissions unit), რითაც შეასრულებს კომპენსაციის ვალდებულებას.

საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის საკომპენსაციო ვალდებულება შემცირდება, თუ ის მოიხმარს ეკოლოგიურად სუფთა საწვავს - მდგრად საავიაციო საწვავს.

2024 წელს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტები ნახშირორჟანგის მონიტორინგის ეტაპზე არიან, 2025 წლიდან დაიწყებენ მონაცემების ვერიფიკაციას და ანგარიშგებას (ვერიფიკაცია შეეხება წინა კალენდარული წლის მონაცემებს).

ევროკავშირის ETS სექტორები ევროკავშირის მთლიანი გაფრქვევის დაახლოებით 40%-ზეა პასუხისმგებელი. 2005 წლიდან ETS სექტორებში სათბურის გაზის ემისიები ევროკავშირის მასშტაბით 41%-ით შემცირდა. (2030 წლისთვის ETS სექტორებში ევროკავშირის სამიზნე მაჩვენებელი – 62%-მდე    გაიზარდა    კლიმატ-ნეიტრალიტეტის    მიზნის    მისაღწევად).  ევროკავშირის  გამოცდილებაზე  დაყრდნობით  შეიძლება  ითქვას,  რომ  ემისიებით  ვაჭრობის სისტემა სათბურის გაზების გაფრქვევის შემცირებისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მექანიზმია. აღნიშნული სისტემა ხელს უწყობს სექტორებს, შეამცირონ წიაღისეული საწვავის გამოყენება დაწესებული ზედა ზღვრიდან, რომელიც თანდათან მკაცრდება სათბურის გაზების გაფრქვევის მზარდი ფასიდან გამომდინარე.

გარდა ამისა, ევროპარლამენტმა და საბჭომ 2023 წლის 10 მაისს მიიღო ნახშირბადის საზღვრის კორექტირების მექანიზმის შექმნის შესახებ რეგულაცია (EU) 2023/956. ევროკავშირის ნახშირბადის საზღვრის კორექტირების მექანიზმის (CBAM) მიზნად ისახავს სამართლიანი პირობები შექმნას ევროკავშირში არსებული საწარმოებისთვის, რომლებიც კლიმატის ცვლილების მკაცრ პოლიტიკას იცავენ და ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების საწარმოებისთვის, სადაც ე. წ. ნახშირბადის გაჟონვის რისკი უფრო მაღალია. აღნიშნული სისტემა ევროკავშირის ემისიებით ვაჭრობის სისტემის შემავსებელია. შესაბამისად, აღნიშნული მექანიზმი აწესებს ფასს ნახშირბად-ინტენსიური პროდუქტებისთვის, რომელთა იმპორტიც ხდება ევროკავშირში. რეგულაცია ვრცელდება შემდეგ პროდუქტებზე: ცემენტი, რკინა, ფოლადი, ალუმინი, სასუქები, ელექტროენერგია და წყალბადი. რეგულაცია მიზნად ისახავს, რომ 2030 წლისათვის CBAM-ის რეგულირების ქვეშ მოაქციოს ყველა ის სექტორი და საქმიანობა, რომელიც განსაზღვრულია 2003 წლის 13 ოქტომბრის 2003/87/EC დირექტივაში კავშირში სათბურის გაზების გაფრქვევის ნებართვით ვაჭრობის სისტემის შექმნის შესახებ და რომელსაც ცვლილება შეაქვს საბჭოს 96/61/EC დირექტივაში.

რეგულაციის თანახმად, ევროკავშირში ზემოაღნიშნული პროდუქტების იმპორტისთვის საჭირო იქნება ავტორიზაციის მოპოვება და CBAM-ის რეესტრში განაცხადის წარდგენა, ხოლო ავტორიზაციის მოპოვების შემდეგ ყოველწლიურად დეკლარაციების შევსება. გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, პირველ ეტაპზე აღნიშნული პროდუქტების იმპორტიორებს აქვთ მათი პროდუქტების სათბურის გაზების გაფრქვევის შესახებ ინფორმაციის ანგარიშგების ვალდებულება (პირდაპირი  და  არაპირდაპირი  ემისიები).  გარდამავალი პერიოდი დასრულდება და სისტემა სრულად შევა ძალაში 2026 წლის 1 იანვრიდან.

აღნიშნული რეგულაცია გავრცელდება ევროკავშირის ყველა არაწევრ ქვეყანაზე, გარდა იმ ქვეყნებისა, სადაც წარმოება უკვე ექცევა ევროკავშირის ემისიებით ვაჭრობის სისტემის ქვეშ (EU ETS) ან ვრცელდება ნახშირბადის განფასების ისეთი მექანიზმი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ევროკავშირის ემისიებით ვაჭრობის სისტემასთან. გარდა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა, ევროკავშირის ემისიებით ვაჭრობის სისტემა ვრცელდება EFTA-ს ქვეყნებზე: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია. ასევე ჩრდილოეთ ირლანდიაზე (ელექტროენერგიის გენერაციის ნაწილში). ხოლო CBAM-ის რეგულაციის შესაბამისად ისეთი სისტემა რომელიც პირდაპირ უკავშირდება EU ETS აქვთ: ისლანდიას, ლიხტენშტეინს, ნორვეგიასა და შვეიცარიას. ზემოაღნიშნული პროდუქტების იმპორტიორებს მოუწევთ CBAM სერტიფიკატების აღება. სერტიფიკატების ფასი გამოითვლება ევროკავშირის ემისიებით ვაჭრობის სისტემის ფარგლებში გამართული ყოველკვირეული აუქციონების საშუალო ფასით. იმპორტიორებს შორის სერტიფიკატებით ვაჭრობა არ იქნება დაშვებული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში პროდუქტების იმპორტიორების მიერ წარდგენილი დეკლარაციები დამოწმებული უნდა იყოს აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს მიერ აკრედიტებული პირის მიერ კომისიის 2018 წლის 19 დეკემბრის განმახორციელებელი რეგულაციის (EU) 2018/2067 „ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003/87/EC დირექტივის შესაბამისად მონაცემების დამოწმებისა და დამმოწმებელთა აკრედიტაციის შესახებ" (AVR) შესაბამისად.

(EU) 2023/956 რეგულაციის თანახმად, ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელ მხარეებს და იმ ქვეყნებს, რომელთაც დადებული აქვთ ასოცირების შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან, აღებული აქვთ ვალდებულება ჩამოაყალიბონ ევროკავშირის ემისიებით ვაჭრობის მსგავსი ან იდენტური ნახშირბადის განფასების მექანიზმი ან ჩაერთონ ევროკავშირის ემისიებით ვაჭრობის სისტემაში.

ზემოაღნიშნულიდან   გამომდინარე,  მოცემული   კანონის   პროექტის   მიღება   ხელს შეუწყობს სამომავლოდ ევროკავშირში პროდუქციის იმპორტს სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევის შესახებ ანგარიშგებისა და დამოწმების ნაწილში, ასევე შექმნის საფუძველს ნახშირბადის განფასების მექანიზმის ჩამოყალიბებისათვის და, შესაბამისად, ქართველი იმპორტიორების მიერ CBAM სერტიფიკატების შეძენის ვალდებულებისგან გათავისუფლებისათვის.

ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:

ამ ეტაპზე საქართველოში არ არის დანერგილი მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების (MRV) სისტემა ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობით განსაზღვრული სექტორებისთვის, შესაბამისად, ასევე არ არსებობს მისი სამართლებრივი მოწესრიგება. იმისათვის, რომ მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების (MRV) სისტემის შექმნისათვის გაჩნდეს საკანონმდებლო საფუძველი და შესრულდეს ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები, აუცილებელია, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება და „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანა.

აქვე აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს ერთიანი საკანონმდებლო აქტი, რომელიც არეგულირებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნული საკითხები რეგულირდება სხვადასხვა საკანონმდებლო აქტით, როგორიცაა, მაგალითად: „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი,  „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი და ა.შ.

საქართველოს პარლამენტი მუშაობს „კლიმატის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე იმისათვის, რომ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები აისახოს ერთიან საკანონმდებლო აქტში, მათ შორის, საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით. თუმცა, ვინაიდან ჩარჩო კანონის შემუშავება მეტ დროს მოითხოვს, აუცილებელია, „კლიმატის შესახებ“ საქართველოს კანონის შემუშავებამდე და მიღებამდე, შეიქმნას საკანონმდებლო საფუძველი ზემოაღნიშნული მოთხოვნებისთვის.

ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:

კანონპროექტის მიღებით შეიქმნება სამართლებრივი საფუძველი საქართველოში სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების სისტემის შექმნისათვის და სისტემის ფუნქციონირების დეტალური მოწესრიგებისათვის. ამასთან, შესრულდება ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები.

სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევაზე ავტორიზაციის, მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების მოთხოვნები გავრცელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობებზე.

MRV რეგულაციების მოთხოვნები გავრცელდება 2026 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სათბურის გაზების გაფრქვევებზე. რეგულაციებით ასევე გათვალისწინებულია გარდამავალი პერიოდი – 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე, რომლის განმავლობაშიც ხელშემკვრელი მხარეების უფლებამოსილმა ორგანოებმა, საჰაერო  ტრანსპორტის ოპერატორებმა   და   სხვა   იურიდიულმა   და   ფიზიკურმა   პირებმა,  რომლებიც   ხვდებიან  რეგულაციის   მოქმედების   სფეროში   უნდა   უზრუნველყონ   რეგულაციის   დებულებებთან შესაბამისობა.

საქართველოს  მთავრობის  დადგენილებით  განსაზღვრულ  საქმიანობებზე  საქართველოს გარემოს   დაცვისა   და   სოფლის   მეურნეობის   სამინისტროს   სისტემაში   შემავალი   საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გარემოს ეროვნული სააგენტო გასცემს სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევაზე  ავტორიზაციას, იმ    შემთხვევაში,    თუ    დარწმუნდება,    რომ    საქმიანობის განმახორციელებელს შეუძლია სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების    გაფრქვევის მონიტორინგისა და ანგარიშგებისათვის დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილება. საავიაციო საქმიანობებზე ასეთ ავტორიზაციას გასცემს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. თითოეულმა ოპერატორმა    სათბურის    გაზების    გაფრქვევის    მონიტორინგი უნდა განახორციელოს  აღნიშნული  კანონპროექტით  განსაზღვრული  კომპეტენტური  ორგანოების მიერ დამტკიცებული მონიტორინგის გეგმის შესაბამისად.

არსებული მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიაზე ოპერირებს 46 იურიდიული პირი, რომელთა საქმიანობა მოექცევა წარმოდგენილი კანონპორიექტის რეგულირების ქვეშ. საქმიანობის განმახორიელებლის მიერ ავტორიზაციის მოპოვება არ არის დაკავშირებული პირდაპირ ფინანსურ ხარჯებთან, ვინაიდან ავტორიზაცია უფასოა.

კანონპროექტის მიღების შედეგად საქმიანობის განმახორციელებლები, რომლებზეც ვრცელდება ავტორიზაციის მოპოვების მოთხოვნა, ვალდებულნი არიან ავტორიზაციის გამცემ ორგანოს ყოველი წლის არაუგვიანეს 31 მარტისა წარუდგინოს სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების წლიური გაფრქვევის შესახებ ანგარიში, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს ევროპული აკრედიტაციის თანამშრომლობის ასოციაციის (The European co-operation for Accreditation (EA)) მრავალმხრივი აღიარების შეთანხმების ხელმომწერი ქვეყნის, აკრედიტაციის ორგანოს აკრედიტაციის მქონე შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ. ხსენებული სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების წლიური გაფრქვევის შესახებ ანგარიშის დამოწმება დაკავშირებული იქნება საქმიანობის განმახორციელებლის მიერ აკრედიტებული პირისგან შესაბამის მომსახურების მიღებასთან ანგარიშის დამოწმების მიზნით. თუმცა, არსებული მდგომარეობით, საქართველოს ბაზარზე არ არსებობს შესაბამისი აკრედიტებული პირი, მათ შორის, ზემოაღნიშნული ანგარიშის დამოწმების მომსახურება. ამდენად, დღეის მდგომარეობით არ არსებობს სათანადო ინფორმაცია ანგარიშის დამოწმების მომსახურების ფასთან დაკავშირებით.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:

კანონის პროექტის პირველი მუხლის თანახმად, კანონს ემატება 511 და 512 მუხლები.  511 მუხლი დაარეგულირებს სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევაზე ავტორიზაციასთან დაკავშირებულ დებულებებს, კერძოდ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საქმიანობისთვის აუცილებელი იქნება სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევაზე ავტორიზაცია. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საქმიანობებისთვის, გარდა საავიაციო საქმიანობებისა, სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევაზე ავტორიზაციას გასცემს სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გარემოს ეროვნული სააგენტო, ხოლო საავიაციო საქმიანობებისთვის სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევაზე ავტორიზაციას გასცემს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. ავტორიზაციის გაცემა სავალდებულო იქნება შემდეგი საქმიანობებისთვის და სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზებისთვის:

 

საქმიანობა

სათბურის გაზები

საწვავის წვა დანადგარებში („ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციებში გამოყენებული დანადგარების გარდა), რომელთა ჯამური მოხმარებული ნომინალური თერმული სიმძლავრე 20 მეგავატზე მეტია

ნახშირორჟანგი

მინერალური ზეთის დამუშავება

ნახშირორჟანგი

კოქსის წარმოება

ნახშირორჟანგი

ლითონური   მადნის (სულფიდური   მადნის   ჩათვლით) გამოწვა ან აგლომერირება, მათ შორის პელეტიზაცია

ნახშირორჟანგი

თუჯის ან ფოლადის წარმოება (პირველადი ან მეორეული დნობა), უწყვეტი ჩამოსხმის ჩათვლით, რომლის წარმადობა საათში 2.5 ტონას აღემატება

ნახშირორჟანგი

შავი ლითონების (მათ შორის, ფეროშენადნობების) წარმოება ან დამუშავება რომელთა ჯამური მოხმარებული ნომინალური თერმული სიმძლავრე 20 მეგავატზე მეტია. დამუშავება მოიცავს, მათ შორის, ცხელი გლინვის დგანებს, გამათბობლებს, გამოწრთობის ღუმელებს, სამჭედლოებს, სამსხმელო საამქროებს, დანაფარებს და ფერჭერას

ნახშირორჟანგი

პირველადი ალუმინის წარმოება

ნახშირორჟანგი და პერფტორნახშირბადები

მეორადი   ალუმინის   წარმოება, რომლის ჯამური   მოხმარებული ნომინალური თერმული სიმძლავრე 20 მეგავატზე მეტია

ნახშირორჟანგი

ფერადი ლითონების წარმოება ან გადამუშავება, მათ შორის შენადნობის წარმოება, გადამუშავება, სამსხმელო საამქრო და ა.შ. სადაც წვის ერთეულების ჯამური მოხმარებული ნომინალური თერმული სიმძლავრე (მათ შორის საწვავის, როგორც აღმდგენი აგენტების) 20 მეგავატზე მეტია

ნახშირორჟანგი

ცემენტის კლინკერის წარმოება მბრუნავ გამოწვის ღუმელებში, რომელთა საწარმოო სიმძლავრე დღე-ღამეში 500 ტონას, ან სხვა ღუმელში, რომლის საწარმოო სიმძლავრე    დღე-ღამეში 50 ტონას აღემატება

ნახშირორჟანგი

კირის წარმოება ან დოლომიტის   ან მაგნიუმის   კალციაცია მბრუნავ გამოწვის ღუმელებში ან სხვა ღუმელში, რომელთა წარმოების სიმძლავრე დღე-ღამეში 50 ტონას აღემატება

ნახშირორჟანგი

მინის (მათ   შორის, მინის   ბოჭკოს) წარმოება, სადაც   გამოდნობის სიმძლავრე დღე-ღამეში 20 ტონას აღემატება

ნახშირორჟანგი

კერამიკული (კერძოდ, კრამიტის, აგურის, ცეცხლგამძლე აგურის, ფილის, კერამიკული ნაკეთობის ან ფაიფურის) პროდუქციის წარმოება გამოწვით, სადაც საწარმოო სიმძლავრე დღე-ღამეში 75 ტონას აღემატება

ნახშირორჟანგი

მინერალური ბამბის საიზოლაციო მასალის წარმოება მინის, ქვის (ქანების) ან წიდის გამოყენებით, სადაც გამოდნობის სიმძლავრე დღე- ღამეში 20 ტონას აღემატება

ნახშირორჟანგი

თაბაშირის გამოშრობა ან კალციაცია, ან თაბაშირმუყაოს ფილებისა და თაბაშირის სხვა პროდუქციის წარმოება, სადაც წვის ერთეულების ჯამური   მოხმარებული   ნომინალური   თერმული   სიმძლავრე 20 მეგავატზე მეტია

ნახშირორჟანგი

მერქნიდან ან სხვა ბოჭკოვანი მასალებიდან ცელულოზას წარმოება

ნახშირორჟანგი

ქაღალდის  ან  მუყაოს  წარმოება, დღე-ღამეში   20   ტონაზე   მეტი წარმადობით

ნახშირორჟანგი

ნახშირბადის შავის წარმოება, რომელიც ითვალისწინებს ისეთი ორგანული ნივთიერებების დანახშირებას, როგორებიც არის ნავთობპროდუქტები, მჟავე გუდრონი, კრეკინგის ქარხნის და ნავთობის გადამუშავების ნარჩენები, სადაც წვის ერთეულების ჯამური მოხმარებული ნომინალური თერმული სიმძლავრე  20 მეგავატზე მეტია

ნახშირორჟანგი

აზოტმჟავის წარმოება

ნახშირორჟანგი და აზოტის ოქსიდი

ადიპინის მჟავის წარმოება

ნახშირორჟანგი და აზოტის ოქსიდი

გლიოქსალის და გლიკოსილის მჟავის წარმოება

ნახშირორჟანგი და აზოტის ოქსიდი

ამიაკის წარმოება

ნახშირორჟანგი

(bulk) ორგანული ქიმიური ნივთიერებების წარმოება კრეკინგის, კატალიზური კრეკინგის, ნაწილობრივი ან სრული დაჟანგვის ან მსგავი პროცესების მეშვეობით, რომლის წარმოების სიმძლავრე დღე-ღამეში 100 ტონაზე მეტია.

ნახშირორჟანგი

წყალბადის, სინთეზის გაზის წარმოება კატალიზური კრეკინგის ან ნაწილობრივი დაჟანგვის მეშვეობით, რომლის წარმოების სიმძლავრე დღე-ღამეში 25 ტონაზე მეტია

ნახშირორჟანგი

ნატრიუმის   კარბონატის (Na2CO3)   და   ნატრიუმის   ბიკარბონატის

(NaHCO3) წარმოება

ნახშირორჟანგი

ნახშირბადის დიოქსიდის (CO2) ნაკადების დაჭერა ამ კანონით გათვალისწინებული ობიექტებიდან, გეოლოგიური დასაწყობების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, გარდა ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული საქმიანობისა, რომელიც შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობით რეგულირდება

ნახშირორჟანგი

სათბურის გაზების გადაზიდვა/ტრანსპორტირება გეოლოგიური დასაწყობებისთვის განკუთვნილი მილების მეშვეობით დასაწყობების ტერიტორიაზე ნახშირბადი დიოქდის (CO2) გეოლოგიური დასაწყობება

ნახშირორჟანგი

საავიაციო საქმიანობები

ყველა ფრენა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არსებული აეროდრომიდან აფრინდება ან დაფრინდება

მოთხოვნები არ გავრცელდება:

ა) ფრენებზე, რომლებიც სრულდება     ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სხვა სახელმწიფოს მმართველი მონარქისა და მისი ოჯახის წევრების, სახელმწიფოს მეთაურების, მთავრობის მეთაურებისა და მინისტრების ტრანსპორტირებისთვის, სადაც ეს დასაბუთებულია შესაბამისი სტატუსის მაჩვენებლით ფრენის გეგმაში;

ბ) სამხედრო ფრენები, რომლებიც შესრულებულია სამხედრო თვითმფრინავით და საბაჟო და საპოლიციო კონტროლის ამოცანებისთვის ფრენები;

გ) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ ავტორიზებული ფრენები, რომელიც დაკავშირებულია საძებნ-სამაშველო საქმიანობასთან, ხანძარსაწინააღმდეგო, ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად ფრენები;

დ) ნებისმიერი ფრენა, რომელიც შესრულებულია მხოლოდ ვიზუალური ფრენის წესებით, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-2 დანართის მოთხოვნების შესაბამისად;

ე) ფრენები, რომლებიც სრულდება აეროდრომზე, საიდანაც თვითმფრინავი აფრინდა და რომლის დროსაც არ განხორციელებულა შუალედური დაშვება;

 

 

ვ) სასწავლო ფრენები, რომლებიც შესრულებულია მხოლოდ ლიცენზიის ან სერტიფიცირების მისაღებად ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობის შემთხვევაში, როდესაც ეს დასაბუთებულია ფრენის გეგმაში შესაბამისი შენიშვნით, რომ ფრენა არ ემსახურება მგზავრების გადაყვანას და/ან ტვირთის გადაზიდვას ან თვითმფრინავის დაყენებას ან გადაყვანას;

ზ) ფრენები, რომლებიც შესრულებულია მხოლოდ სამეცნიერო კვლევითი მიზნით ან საჰაერო ხომალდის ან საჰაერო თუ სახმელეთო მოწყობილობის შემოწმების, გამოცდის ან სერტიფიცირების მიზნით;

თ) ფრენები, რომლებსაც ასრულებენ საჰაერო ხომალდები, რომელთა დამოწმებული მაქსიმალური საფრენი მასა 5 700 კგ-ზე ნაკლებია; ფრენები, რომლებზეც     ვრცელდება     ამ     კანონით     დადგენილი მოთხოვნები, შესრულებული კომერციული საჰაერო ტრანსპორტის ოპერატორის მიერ, რომლის ფრენებსაც 10 000 ტონაზე ნაკლები წლიური გაფრქვევა აქვს.

 

 

511  მუხლი ასევე განსაზღვრავს იმ ინფორმაციის ჩამონათვალს, რომელიც უნდა დაერთოს ავტორიზაციის მისაღებად წარდგენილ  განცხადებასა და ავტორიზაციის გაცემაზე ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესს. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებული იქნება შესაბამის ორგანოს შეატყობინოს ნებისმიერი დაგეგმილი ცვლილების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საქმიანობის საწარმოო ტექნოლოგიის განსხვავებული ტექნოლოგიით შეცვლას ან/და ექსპლუატაციის პირობების შეცვლას, მათ შორის წარმადობის გაზრდას ან შემცირებას და რომელიც გავლენას მოახდენს სათბურის გაზების გაფრქვევაზე. საჭიროების შემთხვევაში, ცვლილება უნდა შევიდეს ავტორიზაციაში. ასევე უფლებამოსილი ორგანო განაახლებს ავტორიზაციას დანადგარის ოპერატორის ვინაობის ცვლილებისას. სათბურის გაზების გაფრქვევის მონიტორინგის გეგმის დამტკიცებამდე, ავტორიზაციის გამცემ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს უფლება ექნება შექმნას საექსპერტო კომისია ან მოიწვიოს ექსპერტი.

საქმიანობის განმახორციელებელი ასევე ვალდებული იქნება აწარმოოს სათბურის გაზების გაფრქვევების მონიტორინგი, მონიტორინგის გეგმის საფუძველზე, რომლის შინაარსი, შემუშავებისა და დამტკიცების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. კანონის 512  მუხლი განსაზღვრავს  სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევის შესახებ ანგარიშგებასა და დამოწმებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებული იქნება ავტორიზაციის გამცემ ორგანოს ყოველი წლის არაუგვიანეს 31 მარტისა წარუდგინოს სათბურის გაზების წლიური გაფრქვევის შესახებ ანგარიში, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს ევროპული აკრედიტაციის თანამშრომლობის ასოციაციის (The European co-operation for Accreditation (EA)) მრავალმხრივი აღიარების შეთანხმების ხელმომწერი ქვეყნის, აკრედიტაციის ორგანოს აკრედიტაციის მქონე შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ. დამმოწმებელი სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების წლიური გაფრქვევის შესახებ ანგარიშის დამოწმებას/ვერიფიკაციას მოახდენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ, მისი აზრით, წარმოდგენილი ანგარიში არ შეიცავს არსებითად არასწორ ინფორმაციას საქმიანობის განმახორციელებლისათვის დამტკიცებული გეგმით განსაზღვრული საერთო გაფრქვევების შესახებ.

სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევის მონიტორინგთან და ანგარიშგებასთან, ასევე სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევის ანგარიშების დამოწმებასთან დაკავშირებული მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. აღსანიშნავია, რომ სათბურის გაზების დაბალი გაფრქვევის მქონე საქმიანობის განმახორციელებლის შემთხვევაში, დადგენილება გაითვალისწინებს შედარებით მარტივ მონიტორინგის ვალდებულებას, მაგალითად, როგორიც არის გამარტივებული მონიტორინგის  გეგმის შედგენა.

კანონის პროექტის მე-2 მუხლის თანახმად,  ამ კანონის ამოქმედებამდე  „სათბურის გაზების მონიტორინგისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საქმიანობები საჭიროებს სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევაზე ავტორიზაციის მიღებას 2026 წლის 1 აპრილამდე. მე-3 მუხლში განსაზღვრულია ის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ჩამონათვალი,  რომლებიც  საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 31 მარტამდე უნდა მიიღოს.  

ა.დ)   კანონპროექტის   კავშირი   სამთავრობო   პროგრამასთან   და   შესაბამის   სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):

ასეთი არ არსებობს.

ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:

კანონი, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება, რათა საჭიროა არსებობდეს საკანონმდებლო საფუძველი, რომ კანონის სრულად ამოქმედებამდე მიღებულ/გამოცემულ იქნეს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. კანონის პირველი მუხლის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2026 წლის 1 იანვრიდან. აღნიშნული თარიღი განსაზღვრულია იმ საფუძვლით, რომ  სათბურის გაზების მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების სისტემის ამოქმედებამდე კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც ხვდებიან MRV რეგულაციების მოქმედების სფეროში სჭირდებათ საკმარისი დრო ახალ რეგულაციებთან ადაპტირებისთვის/მომავალი საქმიანობის შესაბამისი დაგეგმვისთვის. ასევე, აუცილებელია გარკვეული მოსამზადებელი ღონისძიებების განხორციელება, როგორიც არის შესაბამისი უწყებების ინსტიტუციური გაძლიერება. ამასთან, ეს თარიღი ასევე თავსებადია კომისიის   2018   წლის   19   დეკემბრის   განმახორციელებელი   რეგულაცია   (EU)   2018/2066-სთან, რომლის მე-3 მუხლის 64-ე ქვეპუნქტის თანახმადაც, MRV რეგულაციებთან შესაბამისობაში მოსაყვანად ხელშემკვრელ მხარეებს განსაზღვრული აქვთ გარდამავალი პერიოდი 2026 წლის 1 იანვრამდე. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.

ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):

კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.

) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება მოხდება  სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან. საჭირო თანხები გათვალისწინებული უნდა იქნეს  სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს და სსდ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი წლების ბიუჯეტებში.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,   ვინაიდან პროექტი ითვალისწინებს სსიპ – გარემოს ეროვნულ სააგენტოში და სსდ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ჯამში 15 საშტატო ერთეულის დამატებას საიდანაც საშემოსავლო გადასახადის სახით ბიუჯეტში ყოველწლიურად შევა დაახლოებით 89 505 ლარი.

კანონპროექტს ასევე გავლენა ექნება  სსიპ – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის შემოსავლებზე ვინაიდან, აკრედიტაცია ფასიანი იქნება. ფინანსური გავლენა დამოკიდებული იქნება აკრედიტებული პირების რაოდენობაზე და აკრედიტაციის ღირებულებაზე რაც დღეისათვის დადგენილი არ არის. აკრედიტაციის ღირებულება (საფასური) დადგენილი უნდა იყოს 2027 წლის 1 იანვრამდე სსიპ – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული „მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2023 წლის 7 აგვისტო N289 დადგენილებაში განხორციელებული შესაბამისი ცვლილებით.

ვინაიდან, სსიპ – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის საკუთარი შემოსავლები აღემატება 1 000 000 ლარს ის  სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებით იხდის შემოსავლის 10%-ს. შესაბამისად, აკრედიტაციის ცენტრის შემოსავლების გაზრდის პროპორციულად გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხაც.

კანონპროექტი  არ მოახდენს გავლენას ავტონომიური რესპუბლიკის     რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

კანონპროექტის მოახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ახალი ფუნქციის განსახორციელებლად დასჭირდება ახალი სტრუქტურული ერთეული 5 შტატით. რისთვისაც საჭირო იქნება დამატებითი ფინანსური რესურსები:  2025 წელს – 172,368 ლარი (ხელფასი) და სამეურნეო (ავეჯის, ტექნიკის და სხვა ხარჯები) ხარჯი 18,900 ლარი,  2026 წელს – 172,368 ლარი (ხელფასი)  და შემდგომი წლები, ყოველწლიურად – 172,368 ლარი (ხელფასები). მიმდინარე წელს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების ხელფასების დაფინანსება ხორციელდება საკუთარი შემოსავლებიდან, ხოლო 2025 წლიდან იგეგმება  ეტაპობრივად სახელმწიფო ბიუჯეტზე გადასვლა. შესაბამისად ხელფასების დაფინანსება განხორციელდება ან სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან ან სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კანონპროექტის მოთხოვნების შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი იქნება სსდ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. მისთვის დამატებით საჭირო  იქნება 10 ახალი საშტატო ერთეული (თანამშრომელი).  რისთვისაც საჭირო იქნება:  2025 წელს – 275,160 ლარი (ხელფასი) და 27,000 ლარი სამეურნეო ხარჯი (ავეჯის, ტექნიკის და სხვა ხარჯები) სულ 302,160 ლარი, 2026 წელს და შემდგომი წლებში კი  ყოველწლიურად – 275,160 ლარი (ხელფასები).

ასევე საჭირო იქნება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ 15 საშტატო ერთეულზე საპენსიო ფონდის თანხის გამოყოფა 2%-ის ოდენობით, რაც ჯამში წელიწადში 8 950 ლარი იქნება.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო საავიაციო საქმიანობებისთვის სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევაზე ავტორიზაციის გაცემას განახორციელებს სააგენტოს არსებული ფინანსური და ადამიანური რესურსის გამოყენებით დამატებითი ხარჯების გარეშე. შესაბამისად, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯის ნაწილზე.

ასევე სსიპ – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრისთვის ახალი საქმიანობის დამატება არ იქნება დაკავშირებული დამატებით ხარჯებთან, ვინაიდან ეს განხორციელდება ცენტრის არსებული ფინანსური და ადამიანური რესურსის ფარგლებში.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:

კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს;

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:

კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს საქმიანობის განმახორციელებელთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. არსებული მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიაზე ოპერირებს 46 იურიდიული პირი, რომელთა საქმიანობა მოექცევა კანონპოროექტის რეგულირების ქვეშ (საქმიანობის სახეები მითითებულია ა.გ პუნქტში). შესაბამისად მათ ექნებათ გარკვეული ხარჯები კერძოდ,  მონიტორინგისა და ანგარიშგების განხორციელება დაკავშირებული იქნება დამატებით ხარჯებთან, როგორიც არის გამოყენებული საწვავის ან მასალის ნიმუშების აღება, აკრედიტებული ლაბორატორიების გამოყენება, საკონსულტაციო კომპანიის დაქირავება (საჭიროების შემთხვევაში). ამ ეტაპზე საქართველოს ბაზარზე არ არსებობს შესაბამისი აკრედიტებული პირი რომელიც განახორციელებს ზემოაღნიშნული ანგარიშის დამოწმების მომსახურებას, შესაბამისად ფინანსური გავლენა დამოკიდებული იქნება აკრედიტებული პირის მიერ განსაზღვრულ ტარიფის ოდენობაზე.

 კანონპროექტს  ასევე ფინანსური გავლენა ექნება იმ პირებზე, რომლებმაც უნდა გაიარონ აკრედიტაცია.  ფინანსური გავლენა  დამოკიდებული იქნება აკრედიტაციის   ღირებულებაზე, რომელიც დადგენილი უნდა იქნეს 2027 წლის 1 იანვრამდე სსიპ – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული „მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2023 წლის 7 აგვისტო №289 დადგენილებაში განხორციელებული შესაბამისი ცვლილებით. რაც შეეხება ავტორიზაციის მოპოვებას ეს უფასოა და ხარჯებთან დაკავშირებული არ არის.

კანონპროექტს დადებითი გავლენა ექნება იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც დასაქმდებიან ზემოაღნიშნულ 15 საშტატო ერთეულზე. ისინი ჯამში ხელფასის სახით წელიწადში მიიღებენ 447 528 ლარს;

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:

 კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.

1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:

კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე;

2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება:

კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე;

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს;

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:

კანონის პროექტის მიღებით შესრულდება საქართველოს მიერ ენერგეტიკული გაერთიანების წინაშე ნაკისრი ვალდებულებები;

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. კანონპროექტი გამომდინარეობს ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-10 მუხლიდან, რომლის თანახმადაც, თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა განახორციელოს ენერგეტიკის შესახებ გაერთიანების კანონმდებლობის იმპლემენტაცია I დანართში განსაზღვრული ზომების იმპლემენტაციის განრიგის შესაბამისად. I დანართით განსაზღვრულია საკანონმდებლო დაახლოება 2003 წლის 13 ოქტომბრის 2003/87/EC დირექტივასთან „კავშირში სათბურის გაზების გაფრქვევის ნებართვით ვაჭრობის სისტემის შექმნის შესახებ და რომელსაც ცვლილება შეაქვს საბჭოს 96/61/EC დირექტივაში“, რომელიც ინკორპორირებული და ადაპტირებულია ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს მიერ 2022 წლის 15 დეკემბერის No 2022/05/MC-EnC გადაწყვეტილებით „ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების I დანართში ცვლილების შეტანისა და ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობაში (acquis communautaire)  (EU) 2018/2066 განმახორციელებელი რეგულაციის, (EU) 2018/2067 განმახორციელებელი რეგულაციისა და 2003/87/EC დირექტივის დამატების შესახებ“.

გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა  და  ევროპის  ატომური  ენერგიის  გაერთიანებას  და  მათ  წევრ  სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:

2003 წლის 13 ოქტომბრის 2003/87/EC დირექტივა „კავშირში სათბურის გაზების გაფრქვევის ნებართვით ვაჭრობის სისტემის შექმნის შესახებ და რომელსაც ცვლილება შეაქვს საბჭოს 96/61/EC დირექტივაში“, რომელიც ინკორპორირებული და ადაპტირებულია:

ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს მიერ 2022 წლის 15 დეკემბრის No 2022/05/MC-EnC გადაწყვეტილებით „ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების I დანართში ცვლილების შეტანისა და ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობაში (acquis communautaire)  (EU) 2018/2066 განმახორციელებელი რეგულაციის, (EU) 2018/2067 განმახორციელებელი რეგულაციისა და 2003/87/EC დირექტივის დამატების შესახებ“;

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს;

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

კანონპროექტი წარედგინა ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს განხილვის მიზნით. კანონპროექტი შეფასდა დადებითად.

დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდამჭერი პროექტის მეორე ფაზის (AA Facility) ფარგლებში, იტალიელი ექსპერტის მიერ მომზადდა ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის მიმოხილვა. კანონპროექტის მომზადებისას აღებული იქნა სლოვენიის გამოცდილება, სადაც სლოვენიის გარემოს, კლიმატისა და ენერგეტიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი გარემოს სააგენტო პასუხისმგებელია სათბურის გაზების გაფრქვევის ნებართვის გაცემაზე, მონიტორინგის გეგმისა და მონიტორინგის ანგარიშის დამტკიცებაზე. აღნიშნული სააგენტო ასევე გასცემს ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვებს, ხოლო სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტროს სისტემაში შემავალი დამოუკიდებელი ინსპექტორატი. გარდა ამისა, სამრეწველო და ავიაციის სექტორში ორი სხვადასხვა ავტორიზაციის/ნებართვის ორგანო გვხვდება საბერძნეთში;

ე) კანონპროექტის ავტორი:

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:

საქართველოს მთავრობა.