უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ

უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 156/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 27/09/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018574
156/ნ
27/09/2024
ვებგვერდი, 30/09/2024
430210000.22.022.018574
უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №156/ნ

2024 წლის 27 სექტმებერი

ქ. თბილისი

 

უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს2“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების წესი“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი



დანართი
 

უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების წესი


მუხლი 1. მიზანი და რეგულირების სფერო

1. უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების წესის (შემდგომ – წესი) მიზანია სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხის გასაუმჯობესებლად გამოყენებულ იქნეს უცხო ქვეყნის მოქალაქე მასწავლებლების საერთაშორისო გამოცდილება, მათი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოელ მოწვეულ მასწავლებლად დასაქმების გზით. 

2. ეს წესი არეგულირებს უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების წესსა და პირობებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ა) უცხოელი მოწვეული მასწავლებელი − უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლის მასწავლებლობის უფლება აღიარებულია ამ წესის საფუძველზე და რომელიც, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართვის გარეშე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასწავლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ან გაუთვალისწინებელ საგანს და რომელსაც აქვს შესაბამისი საგნის სწავლებისთვის საჭირო კომპეტენცია ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;

ბ) განმცხადებელი – უცხო ქვეყნის მოქალაქე ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების მიზნით მიმართავს სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს (შემდგომ – ცენტრი).

მუხლი 3. განცხადების წარდგენა უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების მიზნით

1. განმცხადებელი უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების მიზნით, განცხადებით მიმართავს ცენტრს.

2. განცხადების ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და შესაბამის სფეროში (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში რა საგნის სწავლებაც სურს) მუშაობის პრაქტიკული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (სანოტარო წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად);

გ) უცხო ქვეყნის მოქალაქის წერილობითი თანხმობა (სანოტარო წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად) მისი უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის აღიარების მიზნით წარდგენასთან დაკავშირებით (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ცენტრისთვის განცხადებით მიმართვის შემთხვევაში).

მუხლი 4. დამატებითი დოკუმენტის წარდგენა და განცხადების განუხილველად დატოვება

1. ცენტრი 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ წესის მე-3 მუხლის  მოთხოვნებთან.

2. თუ განმცხადებელი ცენტრს არ წარუდგენს ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს, რაც აუცილებელია უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, ცენტრი განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი.

3. დამატებითი დოკუმენტის წარდგენის განსაზღვრული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ცენტრი უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის წარდგენის ვადა.

4. დამატებითი დოკუმენტის წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.

5. განცხადების განხილვის ვადის დინება განახლდება შესაბამისი დოკუმენტის  წარდგენისთანავე.

6. თუ განსაზღვრულ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს, ცენტრი უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

მუხლი 5. გადაწყვეტილების მიღება უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების შესახებ

1. განცხადებას უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების შესახებ ცენტრი განიხილავს აღნიშნული განცხადების ცენტრში რეგისტრაციიდან ერთი თვის ვადაში.

2. უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების თაობაზე წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით ცენტრი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების შესახებ;

ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ;

გ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, როდესაც ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტებიდან დასტურდება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ან გაუთვალისწინებელი იმ საგნის სწავლებისთვის საჭირო კომპეტენცია, რომლის სწავლებაც სურს ან/და შესაბამის სფეროში (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში რა საგნის სწავლებაც სურს) მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, როდესაც ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტებიდან არ დასტურდება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ან გაუთვალისწინებელი საგნის სწავლებისთვის საჭირო კომპეტენცია და შესაბამის სფეროში (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში რა საგნის სწავლებაც სურს) მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება გამოიცემა ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტით.

6. ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაცნობის მიზნით უნდა გაეგზავნოს განმცხადებელს განცხადებაში მის მიერ მითითებულ მისამართზე ან ელექტრონულ ფოსტაზე.

მუხლი 6. უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარებასთან დაკავშირებით  ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება

უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარებასთან დაკავშირებით  ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.