საარჩევნო უბნის შექმნის დამატებითი ვადისა და ამ საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ღონისძიებების განსაზღვრის თაობაზე

საარჩევნო უბნის შექმნის დამატებითი ვადისა და ამ საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ღონისძიებების განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 44/2024
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 14/09/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016758
44/2024
14/09/2024
ვებგვერდი, 16/09/2024
010190020.15.008.016758
საარჩევნო უბნის შექმნის დამატებითი ვადისა და ამ საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ღონისძიებების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია  – 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №44/2024

2024 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

საარჩევნო უბნის შექმნის დამატებითი ვადისა და ამ საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ღონისძიებების განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (შემდგომში – საარჩევნო კოდექსი) 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საარჩევნო უბნების შექმნის ბოლო ვადაა საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების წლის პირველი ივლისი (2024 წლის პირველი ივლისი), ამავე პუნქტის თანახმად, საარჩევნო უბნები იქმნება არანაკლებ 20 და არაუმეტეს 1500 ამომრჩევლისათვის, გარდა 763 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საარჩევნო კოდექსის 763 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, იმ საარჩევნო უბანზე, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება, ამომრჩეველთა რაოდენობა 3 000-ს არ უნდა აღემატებოდეს.

საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ცესკოს მიერ ამომრჩეველთა ერთიანი სიის და ამ სიის მონაცემთა ელექტრონული ბაზის განახლების მიზნით, ამავე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული დაწესებულებები წელიწადში ოთხჯერ – ყოველი წლის პირველ თებერვალს, პირველ მაისს, 15 ივლისსა და პირველ ნოემბერს ცესკოს გადასცემენ მათ ხელთ არსებულ განახლებულ ან ახალ მონაცემებს. ამავე მუხლის 61 პუნქტის თანახმად, ცესკოს უფლება აქვს, ამომრჩეველთა ერთიანი სიის და ამ სიის მონაცემთა ელექტრონული ბაზის განახლების მიზნით, საჭიროებისამებრ, გამოითხოვოს და მოთხოვნიდან 3 დღის ვადაში მიიღოს მონაცემები საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებში მითითებული დაწესებულებებიდან საარჩევნო უფლების მქონე პირთა შესახებ, ხოლო იმავე პუნქტის „ვ” და „ზ” ქვეპუნქტებში მითითებული დაწესებულებებიდან − საარჩევნო უფლების არმქონე პირთა შესახებ.

ცესკოსთვის მოწოდებული 2024 წლის 12 სექტემბრის განახლებული/ახალი მონაცემების დამუშავების შემდეგ დადგინდა, რომ ერთ საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზარდა და სულ მცირე 300-ით აჭარბებს საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა კანონით დადგენილ მაქსიმალურ რაოდენობას.

აღნიშნულმა გარემოებამ შესაძლოა ამ საარჩევნო უბანზე გამოიწვიოს კენჭისყრის დღის პროცედურების მნიშვნელოვანი შეფერხებებით განხორციელება, რის გამოც შესაძლოა შეუძლებელი გახდეს ამ უბანზე, ამომრჩეველთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობის გამო, საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების შესრულება, შესაბამისად:

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:


მუხლი 1
№79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 38-ე დღისა (2024 წლის 18 სექტემბერი) დამატებით შექმნას ახალი საარჩევნო უბანი. 
მუხლი 2
დამატებითი საარჩევნო უბნის შექმნის თაობაზე საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების გათვალიწინებით, საოლქო საარჩევნო კომისია აცხადებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და ხელმძღვანელი პირების შესარჩევ კონკურსს. კონკურსის გამოცხადებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში მთავრდება კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა საოლქო საარჩევნო კომისიაში. საარჩევნო უბნის შექმნის თაობაზე შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ განკარგულების მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესების გათვალისწინებით, შესაბამის პარტიებს ეძლევათ უფლება დანიშნონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები.
მუხლი 3
საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის ვადის ამოწურვიდან 2 დღის ვადაში, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით, საოლქო საარჩევნო კომისია ირჩევს საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებსა და 5 წევრს.
მუხლი 4
საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა/წევრთა არჩევის პროცედურები და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის №30/2021 დადგენილებით.
მუხლი 5
ამ დადგენილების საფუძველზე შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისია ფუნქციონირებას იწყებს და მის წევრთა/ხელმძღვანელ პირთა უფლებამოსილებები იწყება არჩევნების დღემდე 30-ე დღიდან, ხოლო შრომის ანაზღაურება განისაზღვრება „2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და ხელმძღვანელი პირების შრომის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ” ცესკოს 2024 წლის 27 აგვისტოს №87/2024 განკარგულების შესაბამისად.
მუხლი 6
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 7
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი