„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 მაისის N25-28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 მაისის N25-28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 44-75
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/09/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 280080000.35.101.017254
44-75
13/09/2024
ვებგვერდი, 16/09/2024
280080000.35.101.017254
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 მაისის N25-28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №44-75

2024 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 მაისის №25-28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 მაისის №25-28 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 22/05/2023; სარეგისტრაციო კოდი: 280080000.35.101.017094) და დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1):“

ა) მე-3 მუხლის:

ა.ა)  პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11..უსახლკარო პირად რეგისტრაციის განაცხადს სამსახური უგზავნის ა(ა)იპ-ს განსახილველად.“;

ა.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უსახლკარო პირად რეგისტრაციისათვის პირი უნდა აკმაყოფილებდეს ყველა შემდეგ პირობას:

ა) რეგისტრირებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში;

ბ) არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი;

გ) არ გააჩნია საბინაო ხარჯების უზრუნველსაყოფად საჭირო შემოსავალი;

დ) მის სახელზე არ არის რეგისტრირებული უძრავი ქონება;

ე) ამ დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული განაცხადის ფორმის შევსებისას მონიშვნის ფორმით უნდა გამოხატოს თანხმობა თავშესაფრით სარგებლობასთან დაკავშირებით;

ვ) განაცხადის ფორმის შევსებისას პირი არის სრულწლოვანი.“;

ბ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. უსახლკაროდ რეგისტრირებული ოჯახების საცხოვრისით უზრუნველყოფის პროცედურა

1. უსახლკაროდ რეგისტრირებული და ქულამინიჭებული ოჯახების შესახებ ინფორმაცია ეგზავნება ა(ა)იპ-ს და გამგეობებს (უსახლკარო ოჯახების რეგისტრაციის მისამართის მიხედვით).

2. ა(ა)იპ-ისათვის და გამგეობებისათვის მიწოდებული ოჯახების საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობა განისაზღვრება ქულის მიხედვით (რაც უფრო მაღალია ქულა, მით უფრო პრიორიტეტულია ოჯახის საცხოვრისით დაკმაყოფილება).

3. სამსახურის მიერ ქულამინიჭებულ ოჯახებს გამგეობა უკავშირდება რიგითობის მიხედვით და განუმარტავს, რომ მათ აქვთ საცხოვრისის მოძიების შესაძლებლობა. აღნიშნული პროცედურისათვის განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის ამოწურვის შემთხვევაშიც, დაკავშირება მოხდება სიაში მყოფ მომდევნო ოჯახთან. იგივე მიდგომა ვრცელდება უკვე არსებულ სოციალურ საცხოვრისებში ფართის გამოთავისუფლების შემთხვევებზეც, ქულათა სრული დამთხვევისას, ოჯახთან დაკავშირება მოხდება უსახლკარო ოჯახის სტატუსის მინიჭების თარიღით, იმ შემთხვევაში კი, თუ სტატუსის მინიჭების თარიღიც იგივეა, განაცხადის შემოტანის თარიღით.

4. ოჯახის მიერ ფართის მოძიების შემდგომ გამგეობა აგროვებს ფართის შესახებ სრულ დოკუმენტაციას (მათ შორის, მოძიებული ფართის საკადასტრო კოდს, ფოტოებს, მესაკუთრის მონაცემებს, მდებარეობს თუ არა საცხოვრებელი/ბინა  ავარიულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში და ა.შ.) და აგზავნის სააგენტოში შუამდგომლობით კონკრეტული ოჯახისთვის ფართის შეძენის თაობაზე.

5. ოჯახის წევრთა განსხვავებულ იურიდიულ მისამართებზე რეგისტრაციისას, ოჯახისთვის საცხოვრისის შეთავაზების უფლებამოსილება განეკუთვნება იმ გამგეობას, რომლის ტერიტორიაზეც ოჯახის უფრო მეტი წევრია რეგისტრირებული, ხოლო თანაბარი რაოდენობის რეგისტრაციისას, იმ გამგეობას, რომელსაც იმ ეტაპისთვის ნაკლები ბინა აქვს შეძენილი.

6. დოკუმენტაციის გავლის შემდგომ სააგენტოს მიერ ფართი შესაფასებლად იგზავნება ბიუროში.

7. ბიუროს დასკვნის წარმოდგენის შემდგომ, მოწმდება ფართის, ბიუროს მიერ დადგენილი საბაზრო ღირებულებისა და მესაკუთრის მიერ განსაზღვრული ნასყიდობის საფასურის შესაბამისობა მთავრობის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებებით გათვალისწინებულ კრიტერიუმებთან და შესაბამისობის შემთხვევაში, მზადდება საკითხი მთავრობის სხდომაზე გასატანად.

8. მთავრობის განკარგულების გამოცემის შემდგომ უძრავი ნივთის მესაკუთრესთან ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება.

9. ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად შეძენილი ფართის მესაკუთრედ რეგისტრირდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი.

10. აღნიშნულის შემდგომ სააგენტო გამოსცემს ბრძანებას შეძენილი ფართის ა(ა)იპ-ისათვის გადაცემის შესახებ, რომლის თაობაზეც აცნობებს სამსახურს.

11. ა(ა)იპ აწვდის ინფორმაციას სამსახურს კონკრეტული ოჯახისთვის გამოთავისუფლებული ფართის შეთავაზების თაობაზე.

12. გამგეობა აწვდის ინფორმაციას სამსახურს უსახლკარო სტატუსის მქონე  ოჯახისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით, კონკრეტული ფართის შეძენის თაობაზე.

13. სააგენტოდან გადმოგზავნილი სააგენტოს უფროსის ბრძანებისა და გამგეობის ინფორმაციის საფუძველზე ან ა(ა)იპ-ის შუამდგომლობის საფუძველზე ოჯახის საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს (განკარგულების სახით) მთავრობა.

14. უსახლკარო ოჯახის საცხოვრისით უზრუნველყოფა ხდება ფართის ოპტიმალური გადანაწილების პრინციპის საფუძველზე. ერთ ადამიანზე გასათვალისწინებელი საორიენტაციო საცხოვრებელი ფართი შეადგენს 6 (ექვსი) კვადრატულ მეტრს.

15. ოჯახის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაცია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის არ წარმოშობს უსახლკარო ოჯახის საცხოვრისით რაიმე კონკრეტულ ვადაში აუცილებელი დაკმაყოფილების ვალდებულებას. უსახლკარო ოჯახად რეგისტრირებული ოჯახის საცხოვრისით დაკმაყოფილება მოხდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რესურსების შესაბამისად.

16. ის ოჯახები, რომლებიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით დაკმაყოფილდებიან საცხოვრისით, აფორმებენ შესაბამის ხელშეკრულებას ა(ა)იპ-თან  3 (სამი) წლის ვადით.“;

გ) მერვე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

„მუხლი 81. უსახლკარო ოჯახის სტატუსის გაუქმების წინაპირობები და პროცედურები

1. ოჯახის მიერ საცხოვრისით უზრუნველყოფის შეთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ოჯახს უუქმდება სტატუსი და ოჯახის განაცხადი განმეორებით არ განიხილება მომდევნო 2 (ორი) წლის განმავლობაში. 

2. საცხოვრისით სარგებლობის პირობები განისაზღვრება უსახლკარო ოჯახსა და ა(ა)იპ-ს  შორის დადებული ხელშეკრულებით, ასევე „სოციალური საცხოვრისის მართვის სამოქმედო ინსტრუქციით“, რომლის დარღვევა შეიძლება გახდეს საცხოვრისით სარგებლობის შეწყვეტის საფუძველი.

3. ა(ა)იპ-ის ფარგლებში დაკომპლექტებული გუნდი, საცხოვრისში მცხოვრები ოჯახების გადამოწმებისა და მათი ცხოვრების ფაქტის დადასტურების მიზნით, ახორციელებს ვიზიტს საცხოვრისში არანაკლებ ყოველი 45 კალენდარული დღის განმავლობაში.

4. ა(ა)იპ-ის ფარგლებში დაკომპლექტებული გუნდი, მინიმუმ 3 (სამი) თვის განმავლობაში საცხოვრისში ოჯახის არცხოვრების ფაქტის (ცხოვრების ფაქტის დადასტურებად არ განიხილება ოჯახის წევრთა მიერ საცხოვრისში ერთჯერადი ვიზიტები ან მათი მხრიდან საცხოვრისის გამოყენება ნივთების განთავსება/შენახვის მიზნით, გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევები, როცა განმცხადებლის მიერ შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენით დასტურდება ოჯახის წევრთა მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემთხვევების, მესამე პირის მიერ დაფინანსებულ სასწავლო პროგრამებსა და კურსებში ჩართვის და სხვა სასწავლო-შემოქმედებითი მიზნით) დადასტურების შესახებ ინფორმაციას, ოქმისა და ვიდეოჩანაწერის სახით, აწვდის სამსახურს,  რომლის საფუძველზეც მზადდება მთავრობის განკარგულება უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახსა და ა(ა)იპ-ს შორის დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

5. უსახლკარო სტატუსის მქონე ოჯახსა და ა(ა)იპ-ს შორის დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ სამსახური გამოსცემს ბრძანებას, ოჯახისათვის უსახლკარო სტატუსის გაუქმების შესახებ.

6. კომისია საჭიროებისამებრ ან ყოველ 3 წელიწადში ერთხელ ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა უსახლკაროდ რეგისტრირებული ოჯახი ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის კრიტერიუმებს და გასცემს რეკომენდაციას უსახლკაროდ რეგისტრირებული ოჯახისათვის ხელშეკრულების 3 (სამი) წლის ვადით გაგრძელების ან შეწყვეტის შესახებ, რის საფუძველზეც გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა.

7. შემოწმების შედეგად კომისიის მიერ უარყოფითი რეკომენდაციის გაცემისა და მთავრობის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, სამსახური გამოსცემს ბრძანებას უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

8. კომისია ახალი გარემოების გამოვლენისას უფლებამოსილია ოჯახს გაუუქმოს უსახლკარო ოჯახის სტატუსი.

9. სამსახური უზრუნველყოფს უსახლკარო ოჯახად რეგისტრირებული ოჯახის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას გამგეობებისთვის.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე