დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4456-XVIმს-Xმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 17/09/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/10/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360090000.05.001.102372 |
|
„რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 06.07.2023, სარეგისტრაციო კოდი: 360090000.05.001.020968) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ1“ ქვეპუნქტი: „ფ1) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევა;“. 2. 69-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი: „რ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები და ამ მომსახურების საფასურის ოდენობები.“. 3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 691 მუხლი: „მუხლი 691. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების, ამ საქმიანობის ინსპექტირების, იძულებითი ზომების გამოყენების, აგრეთვე რადიოაქტიური მასალის ექსპორტის/იმპორტის/ტრანზიტის ნებართვისა და ბირთვული მასალის ექსპორტის/იმპორტის შემთხვევაში შესაბამისი ნებართვის გაცემის დროებითი, 2026 წლის 1 იანვრამდე მოქმედი წესი 1. ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას ვალდებულია შეასრულოს შემდეგი სალიცენზიო პირობები: ა) უზრუნველყოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოება, ფიზიკური დაცვა და ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნა; ბ) თანამედროვე ტექნიკური და სამეცნიერო დონის გათვალისწინებით, სისტემატურად შეაფასოს რადიაციული დაცვა, ბირთვული უსაფრთხოება და დაცულობა და პრაქტიკაში დანერგოს ამ შეფასების შედეგები; გ) დაუყოვნებლივ გამოიკვლიოს ნებისმიერი დარღვევა, მიიღოს ზომები მის აღმოსაფხვრელად და დარღვევის განმეორების თავიდან ასაცილებლად; დასხივების დასაშვები დონის გადაჭარბების შემთხვევაში ჩაატაროს მოკვლევა და მისი შედეგები წერილობით აცნობოს მარეგულირებელ ორგანოს; დ) მარეგულირებელ ორგანოს წერილობით შეატყობინოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების ან ამ საქმიანობის გაფართოების შესახებ და წარუდგინოს აღნიშნულ ცვლილებასთან/გაფართოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და განახლებული რადიაციული დაცვის პროგრამა; ე) მაიონებელი გამოსხივების წყაროსთან მოპყრობის ყველა ეტაპზე შეასრულოს იმ რადიაციული დაცვის პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებები, რომელიც მოიცავს ხარისხის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის პროგრამებს და რეაგირების გეგმას; ვ) დაიცვას ადმინისტრაციული და ტექნოლოგიური პირობებით განსაზღვრული გაზომვების ჩატარებისა და გამზომი ხელსაწყოების უნიფიცირების მოთხოვნები; ზ) მიიღოს მაიონებელი გამოსხივების მხოლოდ ისეთი წყარო, რომელსაც თან ახლავს შესაბამისი დოკუმენტაცია, აქვს ნიშნული და რომელიც მოთავსებულია სათანადო მარკირების მქონე შეფუთვაში − დამცავ კონტეინერში; თ) მაიონებელი გამოსხივების წყაროსა და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მუშაობის უფლება მიანიჭოს მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც აქვთ სპეციალური პროფესიული ცოდნა, აკმაყოფილებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირობებს და შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისთვის სამედიცინო უკუჩვენება არ აქვთ; ი) მარეგულირებელ ორგანოს დაუყოვნებლივ შეატყობინოს ტექნოლოგიურ პროცესში მომხდარი გადახრის, აგრეთვე ფიზიკური დაცვის პირობების ან/და ავარიებისთვის მზადყოფნის პირობების დარღვევის შესახებ, რომლებიც მნიშვნელოვანია რადიაციული დაცვისთვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობისთვის; კ) უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში იმ საკითხებზე, რომლებიც სახელმწიფო ან კომერციული საიდუმლოება არ არის; ლ) უზრუნველყოს მარეგულირებელი ორგანოს მიერ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების შეუფერხებლად განხორციელებისთვის საჭირო პირობების არსებობა; მ) ორგანიზება გაუწიოს პერსონალის ჯანმრთელობის ყოველწლიურ პროფესიულ შემოწმებას და დააფინანსოს იგი, ხოლო შემოწმების უარყოფითი შედეგების დადგენისას უზრუნველყოს შესაბამისი პერსონალის სხვა პროფილის სამუშაოზე გადაყვანა; ნ) მოამზადოს და შესაბამის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით გადასცეს ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი რადიოაქტიური მასალა, რადიოაქტიური წყარო და რადიოაქტიური ნარჩენების საცავში ან რადიოაქტიური ნარჩენების შესანახში განსათავსებელი რადიოაქტიური ნარჩენები; ო) უზრუნველყოს ბირთვულ და რადიაციულ ობიექტზე მყოფ და ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რადიაციული დაცვა; პ) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფის მოთხოვნის შესრულების უწყვეტი კონტროლის განსახორციელებლად რადიაციული დაცვისთვის პასუხისმგებელ პირად დანიშნოს შესაბამისი ცოდნის მქონე პირი, ხოლო მაღალი რადიაციული რისკის მქონე ობიექტზე შექმნას რადიაციული უსაფრთხოების სამსახური; ჟ) უზრუნველყოს რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში შესაბამის საკითხებზე პერსონალის სპეციალური პროფესიული სწავლება და მისთვის რეგულარული ტრენინგების ჩატარება; რ) ბირთვული მასალისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროს გადაცემა ან გაყიდვა განახორციელოს მხოლოდ შესაბამისი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემდეგ; ს) აღრიცხოს მაიონებელი გამოსხივების წყაროები, ბირთვული მასალები და წარმოქმნილი რადიოაქტიური ნარჩენები, აგრეთვე პერსონალის (მათ შორის, დაქირავებულ პირთა) პროფესიული დასხივების დოზები და ინვენტარიზაციის შედეგები ყოველწლიურად აცნობოს მარეგულირებელ ორგანოს; ტ) მაღალი რადიაციული რისკის მქონე ობიექტისთვის შეიმუშაოს დეკომისიის გეგმა. ამ მიზნით ლიცენზიის მფლობელმა უნდა განახორციელოს აღნიშნული ობიექტის სათანადო გამოკვლევა და მონიტორინგი და უნდა უზრუნველყოს მარეგულირებელი ორგანოსთვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნა; უ) შეასრულოს მარეგულირებელი ორგანოს მიერ ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების, რადიაციული უსაფრთხოებისა და ფიზიკური დაცვის უზრუნველსაყოფად დადგენილი ყველა მოთხოვნა; ფ) მაღალი რადიაციული რისკის მქონე საქმიანობის განხორციელებისას მარეგულირებელი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში შეაფასოს ამ საქმიანობის უსაფრთხოება და შესაბამისი ანგარიში წარუდგინოს მარეგულირებელ ორგანოს; ქ) უზრუნველყოს ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება; ღ) მარეგულირებელ ორგანოს ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე, წარუდგინოს ანგარიში სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიას საანგარიშგებო პერიოდის დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში მიიღებს. 2. მარეგულირებელი ორგანო ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირებას ახორციელებს „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის ბრძანების შესაბამისად. 3. მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია მიავლინოს ინსპექტორი ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის ან იმ საქმიანობის/სამუშაოს განხორციელების ადგილზე, რომლის ინსპექტირების აუცილებლობაც დადგინდება. 4. მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირება და ამ საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებსა და სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის დასადგენად აუცილებელი ყველა ღონისძიება. 5. ინსპექტორისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ბირთვული და რადიაციული ობიექტის ნებისმიერი უბანი, სადაც ხორციელდება ბირთვული და რადიაციული საქმიანობა, რათა: ა) მან რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის პირობების სათანადო მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად ჩაატაროს აუცილებელი ინსტრუმენტული გაზომვები და მიიღოს საჭირო ინფორმაცია; ბ) იგი დარწმუნდეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაში; გ) მან დაადგინოს ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნის ხარისხი და ამ სიტუაციის დროს ჩატარებული სალიკვიდაციო სამუშაოების დამტკიცებულ გეგმასთან შესაბამისობა; დ) იგი გაესაუბროს იმ პერსონალს, რომლისგანაც მოსალოდნელია ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირებისთვის სასარგებლო ინფორმაციის მიღება. 6. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირება ხორციელდება: ა) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის უსაფრთხოების პირობების შესაფასებლად; ბ) ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას; გ) ლიცენზიის გაუქმებისას; დ) ლიცენზიის ფარგლებში კონკრეტული სახის საქმიანობის განხორციელების უფლების გაუქმებისას. 7. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირება შესაძლებელია იყოს გეგმური და არაგეგმური, კერძოდ: ა) გეგმური ინსპექტირება ხორციელდება მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ინსპექტირების წლიური პროგრამის მიხედვით. გეგმური ინსპექტირების განხორციელებამდე მარეგულირებელი ორგანო ლიცენზიის მფლობელს ან მის უფლებამოსილ თანამშრომელს ატყობინებს ინსპექტირების განხორციელების შესახებ; ბ) აუცილებლობის შემთხვევაში, მათ შორის, არალიცენზირებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელებისას, ინსპექტირება შეიძლება განხორციელდეს ინსპექტირების წლიური პროგრამით დადგენილი გრაფიკის გაუთვალისწინებლად (არაგეგმური ინსპექტირება). 8. მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს კომპლექსური ინსპექტირება მარეგულირებელი ორგანოს თანამშრომლებისა და სხვა, მოწვეული სპეციალისტების მონაწილეობით. 9. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირება შეიძლება განხორციელდეს ლიცენზიის მფლობელის წინასწარი გაფრთხილების გარეშე. 10. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების შედეგები აისახება შესაბამისი საქმიანობის/სამუშაოს განხორციელების ადგილზე გაფორმებულ ინსპექტირების აქტში. ლიცენზიის მფლობელისთვის დაკისრებული საჯარიმო სანქცია ფიქსირდება შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში. 11. მარეგულირებელი ორგანო ახორციელებს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების შედეგების რეგისტრაციას, დოკუმენტირებასა და შეფასებას, ამის საფუძველზე შეიმუშავებს დასკვნას და მას ლიცენზიის მფლობელს წარუდგენს. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ამ დასკვნის მოთხოვნები დადგენილ ვადაში შეასრულოს. 12. საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელის მიმართ გამოიყენება კანონით დადგენილი იძულებითი ზომები. 13. არაავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელებისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 14. მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს, რომლის საქმიანობამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მოსახლეობას ან/და დააბინძუროს გარემო, დაუდგინოს დამატებითი პირობები ან/და გაუუქმოს ლიცენზია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. 15. თუ რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში რეგულირების ობიექტის საქმიანობა რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის პირობების დარღვევით ხორციელდება ან/და თუ ამ საქმიანობის განხორციელებით შეიძლება მყისიერი და უშუალო საფრთხე შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, გარემოს ან შესაბამის მტკიცებულებებს, ინსპექტორს უფლება აქვს, დროებით შეაჩეროს რეგულირების ობიექტის საქმიანობა ამ ნაწილში (საჭიროების შემთხვევაში დალუქოს ეს ობიექტი, დანადგარი, აგრეგატი, მოწყობილობა) და ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს მარეგულირებელ ორგანოს. 16. ინსპექტორს უფლება აქვს, ლიცენზიის მფლობელს მოსთხოვოს, არ დაუშვას სამუშაოზე ის პერსონალი, რომელიც არ შეესაბამება ამ სამუშაოსთვის დადგენილ მოთხოვნებს. 17. რეგულირების ობიექტის საქმიანობის შეჩერების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ამ ობიექტზე მის მიერ განხორციელებული და შეჩერებული საქმიანობის შედეგად დარჩენილი რადიოაქტიური მასალის ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფის ვალდებულებისგან არ თავისუფლდება. 18. იძულებითი ზომების გამოყენების მიზნით ინსპექტორი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების მასალების, მათ შორის, ინსტრუმენტული გაზომვების, შესაბამისი ტესტირების შედეგების, ლიცენზიის მფლობელის ახსნა-განმარტებებისა და სხვა ინფორმაციის საფუძველზე ადგენს სათანადო ოქმს. 19. ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტის ან ექსპორტის ნებართვის მისაღებად ამ ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს გამცემისა და მიმღების ლიცენზიების ასლების წარდგენა საჭირო არ არის. 20. რადიოაქტიური მასალის ექსპორტის ნებართვის გასაცემად საჭიროა: ა) რადიოაქტიური მასალის გამგზავნი მხარის შეტყობინება მისი გაგზავნის თაობაზე; ბ) რადიოაქტიური მასალის მიმღები მხარის გარანტია მის მიღებაზე; გ) რადიოაქტიური მასალის გადამზიდავი ორგანიზაციის შესაბამისი ლიცენზიის ასლი; დ) გადასაზიდი რადიოაქტიური მასალისა და დამცავი კონტეინერის მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია; ე) რადიოაქტიური მასალის გადაზიდვისას უსაფრთხოებისა და ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფა. 21. ბირთვული მასალის ექსპორტის შემთხვევაში შესაბამისი ნებართვის გასაცემად დამატებით საჭიროა: ა) ბირთვული მასალის მიმღები და გამცემი მხარეების მიერ ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიების შესრულება; ბ) ბირთვული მასალის ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიების შესაბამისად გადაზიდვა. 22. რადიოაქტიური მასალის იმპორტის ნებართვის გასაცემად საჭიროა: ა) რადიოაქტიური მასალის მიმღები მხარის ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზია; ბ) გადასაზიდი რადიოაქტიური მასალისა და დამცავი კონტეინერის მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია; გ) რადიოაქტიური მასალის გადაზიდვისას ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფა. 23. ბირთვული მასალის იმპორტის შემთხვევაში შესაბამისი ნებართვის გაცემისას დამატებით საჭიროა: ა) ბირთვული მასალის მიმღები მხარის მიერ ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიების (საერთაშორისო ვალდებულებების) შესრულება; ბ) ბირთვული მასალის ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიების (საერთაშორისო ვალდებულებების) შესაბამისად გადაზიდვა. 24. რადიოაქტიური მასალის ტრანზიტის ნებართვის გასაცემად საჭიროა: ა) რადიოაქტიური მასალის დანიშნულების პუნქტის შესახებ ინფორმაცია; ბ) რადიოაქტიური მასალის მიმღები მხარის გარანტია მის მიღებაზე; გ) რადიოაქტიური მასალის გადამზიდავის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა; დ) რადიოაქტიური მასალის გამგზავნ და მიმღებ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების ასლი; ე) გადასაზიდი რადიოაქტიური მასალისა და დამცავი კონტეინერის მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია; ვ) რადიოაქტიური მასალის გადაზიდვისას ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 17 სექტემბერი 2024 წ. N4456-XVIმს-Xმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები