დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსების ან სხვა ადგილას განსახლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 17 აგვისტოს №62 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 68 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/09/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/09/2024 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017496 |
|
„თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსების ან სხვა ადგილას განსახლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 17 აგვისტოს №62 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსების ან სხვა ადგილას განსახლების წესის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 17 აგვისტოს №62 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 18/08/2023, 140130000.22.034.017390) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში ან სხვა ადგილას დროებით განთავსების, მიმღები ცენტრის დატოვების წესის და მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტის საფუძვლების დამტკიცების შესახებ“. 2. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 251 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3024-რს კანონის მე-2 მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:“. 3. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 დამტკიცდეს თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში ან სხვა ადგილას დროებით განთავსების, მიმღები ცენტრის დატოვების წესი და მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტის საფუძვლები.“. 4. პირველი მუხლით დამტკიცებული წესის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში ან სხვა ადგილას დროებით განთავსების, მიმღები ცენტრის დატოვების წესი და მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტის საფუძვლები“; ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში ან სხვა ადგილას დროებით განთავსების, მიმღები ცენტრის დატოვების წესი და მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტის საფუძვლები (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მიგრაციის დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) დროებითი განთავსების სამმართველოს თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში (განყოფილება) (შემდგომ – მიმღები ცენტრი) თავშესაფრის მაძიებელთა დროებითი განთავსების წესს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე, სხვა ადგილას განსახლების წესსა და მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტის საფუძვლებს.“; გ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. მიმღებ ცენტრში განთავსება 1. მიმღები ცენტრი წარმოადგენს სამინისტროს მიერ თავშესაფრის მაძიებელთათვის გამოყოფილ ღია ტიპის დროებითი განთავსების ადგილს. 2. მიმღებ ცენტრში პირის განთავსების ვადა დამოკიდებულია სამინისტროს მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის, ხოლო სპეციფიკური საჭიროების მქონე პირის შემთხვევაში – სასამართლოს მიერ მისი საქმის განხილვის ვადაზე. 3. თავშესაფრის მაძიებელს აქვს მიმღებ ცენტრში განთავსების მოთხოვნის უფლება, რასთან დაკავშირებითაც იგი დეპარტამენტში წარადგენს განცხადებას (დანართი №1). დეპარტამენტის საერთაშორისო დაცვის საკითხთა სამმართველო ახორციელებს განცხადებაში მითითებული გარემოებების შეფასებას და დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს დასაბუთებულ პოზიციას თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. 4. თავშესაფრის მაძიებელს შესაძლებელია უარი ეთქვას მიმღებ ცენტრში განთავსებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი: ა) მიმღებ ცენტრში არ არის სათანადო თავისუფალი საცხოვრებელი ფართი; ბ) თავშესაფრის მაძიებელს გააჩნია საკმარისი ფინანსური რესურსი ან/და საქართველოში ფლობს /განკარგავს უძრავ ქონებას; გ) თავშესაფრის მაძიებელმა საერთაშორისო დაცვა არ მოითხოვა გონივრულად მოსალოდნელ ვადაში; დ) ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, მიმღებ ცენტრში განთავსების უფლებით სარგებლობის შესახებ პირის განმეორებით მიმართვის შემთხვევაში, თუ მან ვერ შეძლო მიმღებ ცენტრში განმეორებით განთავსების საჭიროების ან/და შეცვლილი გარემოების დასაბუთება; ე) თავშესაფრის მაძიებელს მიმღებ ცენტრში განთავსების უფლება შეუწყდა ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ვ) სახეზეა ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებული გარემოება და არსებობს თავშესაფრის მაძიებლის სხვა ადგილას განსახლების შესაძლებლობა. 5. მიმღებ ცენტრში განთავსების ან განთავსებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიიღება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული განცხადების დეპარტამენტში რეგისტრაციიდან ერთი სამუშაო დღის ვადაში. თავშესაფრის მაძიებლის განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მას გადაეცემა გადაწყვეტილება მიმღებ ცენტრში განთავსების შესახებ. თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განთავსებაზე უარის თქმის შესახებ. 6. თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია, მიმღებ ცენტრში განთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში გაემგზავროს მითითებულ ადგილზე. თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში გამოუცხადებლობა წარმოადგენს განთავსების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების საფუძველს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამოუცხადებლობა გამოწვეულია საპატიო მიზეზით, რაც დასტურდება თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დასაბუთებით, მათ შორის, დოკუმენტ(ებ)ით. თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში ტრანსპორტირებას, საჭიროების შემთხვევაში, ერთჯერადად უზრუნველყოფს დეპარტამენტი. 7. სპეციფიკური საჭიროების მქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნისთანავე, მის მიერ მიმღებ ცენტრში განთავსებისა და ტრანსპორტირების მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო უზრუნველყოფს მის ტრანსპორტირებასა და მიმღებ ცენტრში განთავსებას, მიმღებ ცენტრში ამ პირის მისაღებად შესაბამისი პირობების არსებობის გათვალისწინებით.“; დ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პირისა და მისი პირადი ნივთების დათვალიერებას ახორციელებს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომ − დაცვის პოლიცია) იმავე სქესის მოსამსახურე. თავშესაფრის მაძიებლის მიერ დათვალიერებაზე უარის თქმა წარმოადგენს მიმღებ ცენტრში განთავსების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.“; ე) მე-5 მუხლის: ე.ა) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მიმღებ ცენტრში განთავსებულ პირს ეკრძალება სხვა განთავსებული პირის საცხოვრებელ ფართში თანხმობის გარეშე შესვლა, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა (გადაუდებელი პირველადი დახმარების აღმოჩენა ან სხვა უკიდურესი აუცილებლობა). 5. თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია დაიცვას პირადი ჰიგიენა, სუფთად და მოწესრიგებულად იქონიოს საწოლი და საცხოვრებელი ფართი.“; ე.ბ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმირების მიზნით მიმღები ცენტრის უფროსი, ახდენს შესაბამის რეაგირებას. 9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მიმღები ცენტრის უფროსი ან ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომელი, შესაბამისი რეაგირებისთვის, დაუყოვნებლივ მიმართავს სამინისტროს შესაბამის დანაყოფს.“; ვ) მე-6 მუხლის: ვ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თავშესაფრის მაძიებლისათვის მიმღებ ცენტრში ცხოვრება უფასოა. მიმღებ ცენტრში განთავსებისას, ამ წესის დანართი №7-ით განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად, მას ერთჯერადად გადაეცემა პირველადი მოხმარების საგნები (დანართი №8), ასევე, ჰიგიენური საშუალებები და კვების პაკეტი (დანართი №9). შესაძლებელია, სპეციფიკური საჭიროების მქონე პირი უზრუნველყოფილ იქნეს №9 დანართით განსაზღვრულისგან განსხვავებული რაოდენობის საკვები პროდუქტებით.“; ვ.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია არასაპატიო მიზეზით არ მიატოვოს არასრულწლოვანი შვილ(ებ)ი. აღნიშნული ქმედების ჩადენა განიხილება, როგორც მიმღები ცენტრის წესების დარღვევა. დასაშვებია არასრულწლოვანი შვილის დატოვება მიმღებ ცენტრში განთავსებული სხვა თავშესაფრის მაძიებლის მეთვალყურეობის ქვეშ, აღნიშნულის შესახებ არასრულწლოვნის მშობლისა და დამტოვებელი პირის წერილობითი შეთანხმების/თანხმობის არსებობის შემთხვევაში. თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე აცნობოს ცენტრის უფროსს.“; ზ) მე-7 − მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. მიმღებ ცენტრში ვიდეომონიტორინგის განხორციელება 1. მიმღებ ცენტრში განთავსებულ პირთა/მოსამსახურეთა უსაფრთხოების, საკუთრებისა და სხვა კანონიერი ინტერესების დაცვის, სამართალდარღვევის პრევენციისა და დროული აღკვეთის, აგრეთვე, მიმღები ცენტრის მუშაობასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ხორციელდება მიმღები ცენტრის საერთო საცხოვრებელი სივრცის ვიდეომონიტორინგი, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში ვიდეომონიტორინგის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 6 ოქტომბრის №77 ბრძანებით დადგენილი წესით. 2. ვიდეომონიტორინგის შედეგად მიღებული პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი, მათ შორის, მონაცემთა შენახვისა და დაარქივების ვადები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. მუხლი 8. მიმღებ ცენტრში შესვლის/გასვლის კონტროლი 1. მიმღებ ცენტრში ყოველი შესვლის დროს დაცვის პოლიციის თანამშრომლების მიერ ხდება განთავსებული პირისა და მისი პირადი ნივთების ზედაპირული დათვალიერება. 2. მიმღებ ცენტრში განთავსებულ თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს, თავისუფლად შევიდეს და დატოვოს მიმღები ცენტრი 07:00 საათიდან 23:00 საათამდე პერიოდში. განთავსებულ პირთა ცენტრში ყოველდღიურ შესვლას/გასვლას დაცვის პოლიციის უფლებამოსილი მოსამსახურე აღნიშნავს სპეციალურ ჟურნალში. სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ნივთების აღმოჩენის შემთხვევაში, დაცვის პოლიციის მოსამსახურე აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ დანაყოფს. 3. დაცვის პოლიციის მოსამსახურე ყოველდღიურად ახდენს მიმღებ ცენტრში განთავსებულ პირთა რაოდენობის შემოწმებას (დანართი №10). მიმღებ ცენტრში 23:00 საათამდე დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, განთავსებული პირი ვალდებულია წინასწარ შეატყობინოს მიმღები ცენტრის უფლებამოსილ მოსამსახურეს გასვლის მიზნის/მიზეზის და სავარაუდო ადგილსამყოფლის შესახებ. წინასწარი შეტყობინების გარეშე მიმღები ცენტრის დატოვების შემთხვევაში, მიმღებ ცენტრში განთავსებული პირი ვალდებულია გასვლის მიზანი/მიზეზი და ადგილსამყოფელი დაბრუნებისთანავე აცნობოს მიმღები ცენტრის უფლებამოსილ მოსამსახურეს (მისი ადგილზე ყოფნის შემთხვევაში) ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ დაცვის პოლიციის მოსამსახურეს. 4. მიმღებ ცენტრში განთავსებულ პირს ეკრძალება მიმღები ცენტრის თვის განმავლობაში ჯამში 5 დღეზე მეტი ვადით დატოვება, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა (ავადმყოფობა, დაკავება ან მისგან დამოუკიდებელი სხვა ობიექტური მიზეზი). 5. მიმღებ ცენტრში დაუბრკოლებლად, დღის ნებისმიერ მონაკვეთში შესვლის უფლება აქვთ: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს; ბ) სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) მოსამსახურეებს; გ) დეპარტამენტის დირექტორსა და დირექტორის მოადგილეებს; დ) დეპარტამენტის ხარისხის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამსახურის მოსამსახურეებს; ე) დეპარტამენტის დროებითი განთავსების სამმართველოს მოსამსახურეებს, დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამსახური) სამედიცინო მომსახურების განყოფილების მოსამსახურეებს ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამის წარმომადგენელს; ვ) დეპარტამენტის საერთაშორისო დაცვის საკითხთა სამმართველოს მოსამსახურეებს; ზ) საქართველოს სახალხო დამცველს, ასევე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს, სახალხო დამცველის მიერ გაცემული შესაბამისი რწმუნებით; თ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეებს; ი) გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობას. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულ პირებზე არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პიროვნების და პირადი ნივთების ზედაპირული დათვალიერების წესი. 7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირების გარდა, მიმღებ ცენტრში სხვა პირთა შესვლა დასაშვებია მხოლოდ დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით. მუხლი 9. მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტა 1. თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტის საფუძველია: ა) საერთაშორისო დაცვის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება; ბ) სპეციფიკური საჭიროების მქონე პირის შემთხვევაში საერთაშორისო დაცვის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა; გ) განთავსებული პირის წერილობითი განცხადება; დ) ამ წესის მოთხოვნების უხეში ან/და განმეორებით დარღვევა; ე) დეპარტამენტის დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ვ) სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა. 2. ამ წესის მოთხოვნების უხეშ დარღვევად განიხილება: ა) არასაპატიო მიზეზით მცირეწლოვანი ბავშვის უმეთვალყურეოდ დატოვება; ბ) მიმღები ცენტრის მაცხოვრებლებისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება; გ) მიმღები ცენტრის ქონებისა და ინფრასტრუქტურის განზრახ დაზიანება; დ) პირის სხვა იმგვარი ქცევა, რომელიც შეუძლებელს ხდის პირის თანაცხოვრებას სხვა განთავსებულებთან. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თავშესაფრის მაძიებელს მიმღებ ცენტრში ყოფნის უფლება უწყდება წერილობითი გაფრთხილების გარეშე. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევების გარდა ამ წესის სხვა მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, მიმღები ცენტრის უფროსი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – შესაბამისი უფლების მქონე მოსამსახურე, თავშესაფრის მაძიებელს აძლევს წერილობით გაფრთხილებას (დანართი №11) ან იმ შემთხვევაში, თუ დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, შეუძლებელია წერილობითი გაფრთხილების მიცემა, ცენტრის უფროსი მიმართავს დეპარტამენტის დირექტორს პირის დაუყოვნებლივ გასახლების თაობაზე. ამ წესის მოთხოვნის განმეორებითი დარღვევა წარმოადგენს თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტის საფუძველს. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, მიმღებ ცენტრში განთავსების უფლებით სარგებლობის შესახებ პირის განმეორებით მიმართვის შემთხვევაში, იგი ვალდებულია დაასაბუთოს მიმღებ ცენტრში განმეორებით განთავსების საჭიროება. 6. მიმღებ ცენტრში თავშესაფრის მაძიებლისათვის განთავსების უფლების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის დირექტორი. 7. პირს უფლება აქვს, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებიდან 1 თვის განმავლობაში დარჩეს მიმღებ ცენტრში. ამ ვადის გასვლის შემდეგ პირი ვალდებულია დატოვოს მიმღები ცენტრი. 8. მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება განთავსდება სამინისტროს ვებგვერდზე და გადაწყვეტილება ჩაბარებულად მიიჩნევა ამ გადაწყვეტილების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების დღის მომდევნო დღიდან. აღნიშნული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია დატოვოს მიმღები ცენტრი. 9. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმღებ ცენტრში განთავსებული პირის მიერ მიმღები ცენტრის დატოვება ხორციელდება იძულების ღონისძიებების გამოყენებით, სასამართლოსთვის მიმართვისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სააღსრულებო წარმოების გარეშე. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დეპარტამენტის დროებითი განთავსების სამმართველო უფლებამოსილია, განთავსებულ პირს პროპორციული ძალის გამოყენებით დაატოვებინოს მიმღები ცენტრი. იძულების ღონისძიება ხორციელდება დეპარტამენტის დირექტორის ბრძანების საფუძველზე, დეპარტამენტის ხარისხის უზრუნველყოფის და მონიტორინგის სამსახურის თანდასწრებით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 11. თავშესაფრის მაძიებლისთვის/მიმღებ ცენტრში განთავსებული პირისთვის მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას. 12. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ განთავსებული პირი უარს განაცხადებს პირადი ნივთების წაღებაზე ან მიმღებ ცენტრს დატოვებს პირადი ნივთების გარეშე, მიმღები ცენტრის მოსამსახურე, დეპარტამენტის ხარისხის უზრუნველყოფის და მონიტორინგის სამსახურის თანდასწრებით, უზრუნველყოფს მისი პირადი ნივთების აღწერას და დალუქვას, რაზეც დგება შესაბამისი ოქმი. დალუქული პირადი ნივთები მას გადაეცემა მიმღები ცენტრის დატოვების შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ განთავსებული პირი უარს განაცხადებს პირადი ნივთების წაღებაზე, დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სამმართველოს შესაბამისი მოსამსახურეები და დეპარტამენტის ხარისხის უზრუნველყოფის და მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელი. დალუქული ნივთები ინახება მიმღებ ცენტრში 2 წლის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ ეს ნივთები ნადგურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“. 5. დანართი №2 და დანართი №3 ამოღებულ იქნეს. 6. დანართი №1, დანართი №6, დანართი №8, დანართი №9 და დანართი №11 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები