საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 122
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 03/03/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 3, 31/03/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 10/08/2000
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
122
03/03/1998
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 3, 31/03/1998
000000000.00(0).000.000000
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/03/1998 - 23/05/1999)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №122

1998 წლის 3 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების შესახებ

 

„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონის თანახმად:

1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 26 ივლისის №484 ბრძანებულება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №142 ბრძანებულება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“.

ე. შევარდნაძე

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულება

თავი I.

ზოგადი დებულებანი, სამინისტროს ძირითადი ფუნქციები, ამოცანები, უფლებები

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო (შემდგომში - სამინისტრო) არის სამთავრობო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს უცხოეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს საგარეო ურთიერთობათა სახელმწიფოებრივ მართვას.

2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.

3. სამინისტრო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, სხვა ნორმატიული აქტებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით და ამ დებულებით.

4. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სამინისტროს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდებით, შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, ანგარიშები საქართველოს ხაზინაში და საზღვარგარეთ საბანკო დაწესებულებებში.

სამინისტროს იურიდიული მისამართია: თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. №4;

5. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. 

მუხლი 2. სამინისტროს ძირითადი ფუნქციები

სამინისტროს ძირითადი ფუნქციებია:

ა) საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული საგარეო-პოლიტიკური კურსის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებათა შესაბამისად;

ბ) საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიისა და პრიორიტეტების შესახებ წინადადებათა შემუშავება საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენად;

გ) საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სუვერენიტეტის, უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის, სხვა სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად თანამიმდევრული ღონისძიებების განხორციელება;

დ) საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების შემდგომი გაფართოების ხელშეწყობა;

ე) საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროსთან ერთად საზღვარგარეთული ინვესტიციებისა და კრედიტების მოსაზიდად მიზანმიმართული ღონისძიებების განხორციელება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამით განსაზღვრული ამოცანების შესაბამისად;

ვ) საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებითა და ევრაზიის დერეფნის შექმნის მიზნით აზიის, ამიერკავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შესაბამისი პოლიტიკის გასატარებლად წინადადებების შემუშავება;

ზ) საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა;

თ) უცხოეთის სახელმწიფოებთან საქართველოს დიპლომატიური და საკონსულო, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობათა უზრუნველყოფა;

ი) შესაბამისი უწყებების წინადადებების გათვალისწინებით საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების გაფორმების მიზანშეწონილობის განსაზღვრა, მათი მომზადების კოორდინაცია და ხელმოწერილი დოკუმენტების დეპოზიტარის ფუნქციის შესრულება;

კ) საერთაშორისო ასპარეზზე აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა დაწესებულების კოორდინირებული მოქმედების გეგმების შემუშავება და განხორციელება ერთიანი საგარეო კურსის გატარების უზრუნველსაყოფად.

მუხლი 3. სამინისტროს ამოცანები

სამინისტროს ამოცანებია:

ა) ორმხრივ, მრავალმხრივ ურთიერთობათა და საერთაშორისო პრობლემების მთლიანი კომპლექსის შესახებ არსებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შეიმუშაოს და საქართველოს პრეზიდენტს დადგენილი წესით წარუდგინოს მასალები, წინადადებები და რეკომენდაციები საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს ურთიერთობათა საკითხებზე;

ბ) შეიმუშაოს და საქართველოს პრეზიდენტს დადგენილი წესით წარუდგინოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტები, წინადადებები ხელშეკრულებათა დადების, შესრულების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ; მოლაპარაკება აწარმოოს უცხოეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

გ) განახორციელოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესრულების საერთო ზედამხედველობა, სისტემატურად გააანალიზოს და საქართველოს პრეზიდენტის დადგენილი წესით წარუდგინოს წინადადებები საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო-სამართლებრივ ვალდებულებებთან შესაბამისობის მიზნით;

დ) მოამზადოს და დადგენილი წესით წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს საკანონმდებლო ინიციატივით საქართველოს პარლამენტში შესატანი კანონპროექტები, წინადადებები საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ; შეიმუშაოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტები საგარეო-პოლიტიკური საქმიანობის საკითხებთან დაკავშირებით;

ე) მონაწილეობა მიიღოს საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების უზრუნველსაყოფად შესაბამისი პოლიტიკისა და აგრეთვე უცხოეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური და ფინანსური, სამეცნიერო-ტექნიკური, კულტურული და სხვა კავშირურთიერთობების გაფართოების მიზნით კონკრეტულ ღონისძიებათა შემუშავებაში;

ვ) განახორციელოს ღონისძიებები, რათა საქართველომ, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრმა, საერთო-ევროპული პროცესისა და სხვა რეგიონალური მექანიზმების მონაწილე ქვეყანამ, ჯეროვანი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო მშვიდობის, გლობალური და რეგიონალური უშიშროების განმტკიცების საქმეში;

ზ) უზრუნველყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, სხვა საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების, კონფერენციების, ფორუმების საქმიანობაში, გლობალური და რეგიონალური საერთაშორისო პრობლემების გადაწყვეტაში საქართველოს, როგორც მსოფლიო თანამეგობრობის წევრის, მონაწილეობის კოორდინაცია;

თ) ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული და სულიერი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, ქვეყნის ერთიანი საინფორმაციო სივრცის შექმნას;

ი) მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი და მაღალი დონის სახელმწიფოთაშორისო ღონისძიებების მოწყობისას დიპლომატიური პროტოკოლის წესების დაცვის უზრუნველყოფაში; კონტროლი გაუწიოს დიპლომატიური და საკონსულო პრივილეგიებისა და იმუნიტეტის დაცვის მდგომარეობას;

კ) უზრუნველყოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რეგისტრაცია და აღრიცხვის ერთიანი სახელმწიფო სისტემის ფუნქციონირება;

ლ) განახორციელოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს საგარეო პოლიტიკის საარქივო მასალების დედნების (მათი დამოწმებული პირების, თარგმანების ოფიციალური პირების) მუდმივი შენახვა, სამინისტროს არქივში არსებული მუდმივად შესანახი დოკუმენტების აღრიცხვა და გამოყენება;

მ) განახორციელოს სამინისტროს ცენტრალური აპარატის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, საქართველოში სამინისტროს წარმომადგენლობების, დაქვემდებარებული ორგანიზაციების ერთიანი საკადრო პოლიტიკა; განსაზღვროს მათი დაკომპლექტების, კადრების როტაციის წესები, ორგანიზაცია გაუწიოს დიპლომატიური სამსახურის კადრების მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას;

ნ) უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ საკონსულო მუშაობის ორგანიზაცია;

ო) ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობისა და კონტაქტების განვითარებას;

პ) უზრუნველყოს დიპლომატიურ-საკურიერო კავშირი;

ჟ) ხელი შეუწყოს საქართველოს საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნას;

რ) ითანამშრომლოს საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებთან, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან, საზოგადოებრივ გაერთიანებებთან;

ს)უზრუნველყოს ცენტრალური აპარატის, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოებისა და დაქვემდებარებული ორგანიზაციების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობები; საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს წინადადებები ორგანიზაციულ, საფინანსო და მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;

ტ) საქართველოს ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ აწარმოოს საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოებისა და დაქვემდებარებული ორგანიზაციების ობიექტების კაპიტალური მშენებლობა და რეკონსტრუქცია;

უ) ცენტრალიზებულად დააფინანსოს და მატერიალურ-ტექნიკურად უზრუნველყოს საზღვარგარეთ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები; ააშენოს ოფისები და საცხოვრებელი ბინები სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების თანამშრომლებისათვის;

ფ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.

მუხლი 4. სამინისტროს უფლებები

1. სამინისტროს უფლებებია:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფოს სახელით გამართოს მოლაპარაკება უცხო ქვეყნების სახელმწიფო ორგანოებთან, საგარეო-პოლიტიკურ უწყებებთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და საკონსულო დაწესებულებებთან. აწარმოოს მათთან მიმოწერა;

ბ) საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან, აგრეთვე, საწარმოებისაგან, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისაგან, განურჩევლად მათი ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა, თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების გადასაწყვეტად მიიღოს საჭირო დოკუმენტები, დადგენილი წესით გამოსცეს საცნობარო და სხვა მასალები; ინფორმაცია მიაწოდოს აღნიშნულ ორგანოებს, საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს;

გ) კონტროლი გაუწიოს რამდენად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო-სამართლებრივ ნორმებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტები;

დ) საქართველოს პრეზიდენტს განსახილველად წარუდგინოს წინადადებები საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიური სამსახურის საკითხებზე საკანონმდებლო აქტების პროექტთა შემუშავების შესახებ;

ე) საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს წინადადებები საქართველოს ტერიტორიაზე სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ;

ვ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომელთა შესრულება სავალდებულოა საერთაშორისო კონტაქტების განხორციელებისას აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოებისათვის, მმართველობის ადგილობრივი ორგანოებისათვის, აგრეთვე, საწარმოებისათვის, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის, განურჩევლად მათი ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა;

ზ) დადგენილი წესით გამოსცეს თავისი საქმიანობის ამსახველი ჟურნალები, ბიულეტენები და სხვა ნაბეჭდი მასალები.

2. საქართველოს საგარეო პოლიტიკის საკითხებზე მეცნიერულად დასაბუთებული წინადადებების შემუშავების მიზნით სამინისტროში შესაძლებელია შეიქმნას სამეცნიერო, საკონსულტაციო, მეთოდური და საექსპერტო საბჭოები. საბჭოების შემადგენლობასა და მათ დებულებებს ამტკიცებს მინისტრი. საბჭოების საქმიანობას ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოფს სამინისტროს ცენტრალური აპარატი.

თავი II.

სამინისტროს ხელმძღვანელობა, ხელმძღვანელთა უფლებები და მოვალეობები

მუხლი 5. სამინისტროს ხელმძღვანელობა

1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი. მინისტრს საქართველოს პარლამენტთან შეთანხმებით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი მინისტრს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ოთხი მოადგილე. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონით ან საქართველოს პრეზიდენტის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.

5. მინისტრის არყოფნისას მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინირებას უწევს სამსახურების ურთიერთობებს.

მუხლი 6. მინისტრის უფლებები და მოვალეობები

მინისტრი:

ა) მეთაურობს სამინისტროს და აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და დაქვემდებარებული ორგანიზაციების დებულებებს (წესდებებს); კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა უფლებამოსილებას ორგანიზაციული, საკადრო, ფინანსური, საწარმოო-სამეურნეო და სხვა საკითხების გადასაწყვეტად;

გ) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე გასცემს უფლებამოსილებას საქართველოს სახელით მოლაპარაკებების გამართვისა და საერთაშორისო ხელშეკრულებათა ხელმოწერის შესახებ;

დ) ადასტურებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ სარატიფიკაციო სიგელს;

ე) ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების, ტერიტორიული ორგანოებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა საკანონმდებლო აქტებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე, მინისტრის ბრძანებებს;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების, ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების თანამშრომლებს, სამინისტროს საშტატო ნუსხით, გათვალისწინებულ სხვა საჯარო მოსამსახურეებს;

ზ) შეაქვს წინადადება საქართველოს პრეზიდენტთან სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში - დამატებითი ბიუჯეტის პროექტის შესახებ; იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების თაობაზე და პასუხს აგებს ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის;

თ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების ხარჯთა ნუსხებს; ახორციელებს მათი შესრულების კონტროლს და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;

ი) პასუხისმგებელია ბრძანების კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის;

კ) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები საზღვარგარეთის სახელმწიფოებში საქართველოს ელჩებისა და საერთაშორისო (სახელმწიფოთაშორისი, სამთავრობათაშორისო, რეგიონალური) ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენელთა დანიშვნის ან გამოწვევის შესახებ, საქართველოს სახელმწიფო და სამთავრობო დელეგაციების ხელმძღვანელებისა და მათი წევრების დანიშვნის ან გათავისუფლების თაობაზე;

ლ) უფლებამოსილია წარმოადგენდეს საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე, საქართველოს სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;

მ) წარმოადგენს სამინისტროს (ან ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობას) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;

ნ) განსაზღვრავს მინისტრის მოადგილეებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობას სამინიტროს საქმიანობის ცალკეულ მიმართულებათა მართვისათვის;

ო) დადგენილი წესით ამტკიცებს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს;

პ) ამტკიცებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საშტატო ნუსხას მუშაკების შრომის ანაზღაურების დადგენილი ფონდისა და საშტატო რიცხოვნობის ფარგლებში, აგრეთვე მათი ფუნქციონირების ხარჯების ნუსხას გამოყოფილ საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში;

ჟ) დადგენილი წესით ანიჭებს დიპლომატიური რანგებს ატაშედან უფროსი მრჩევლის ჩათვლით, აგრეთვე შუამდგომლობს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის დიპლომატიური რანგების მინიჭების შესახებ;

რ) დადგენილი წესით წარადგენს მუშაკებს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და საქართველოს საპატიო წოდებათა მისანიჭებლად;

ს) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაწყვეტს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის, მათი ხელმძღვანელების თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხებს; დადგენილი წესით ამოწმებს სამეურნეო საქმიანობას;

ტ) წყვეტს სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს, ტერიტორიულ ორგანოებსა და დაქვემდებარებულ ორგანიზაციებს შორის;

უ) ახორციელებს სხვა უფლებებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესით;

ფ) სამინისტროს საქმიანობის შესახებ ანგარიშს აბარებს საქართველოს პრეზიდენტს;

ქ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს;

ღ) პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი III.

სამინისტროს სისტემა და სტრუქტურა

მუხლი 7. საგარეო-პოლიტიკური სტრუქტურა

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების საგარეო-პოლიტიკური საქმიანობის ერთიან სისტემას წარმოადგენენ: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს სახელმწიფო კანცელარია, რომელთა ფუნქციაში შედის საერთაშორისო ასპარეზზე აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოს კოორდინირებული მოქმედების გეგმების შემუშავება და განხორციელება.

მუხლი 8. სამინისტროს სისტემა

სამინისტროს სისტემაში შედის:

ა) - ცენტრალური აპარატი;

- მინისტრის სამდივნო;

დეპარტამენტები: აღმასრულებელი სამდივნოსი; ევროპისა და ამერიკის ქვეყნების; დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების; აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების; საერთაშორისო ორგანიზაციების; სამხედრო-პოლიტიკურისა; საერთაშორისო-ეკონომიკურ ურთიერთობათა; საერთაშორისო-სამართლებრივი; საგარეო-პოლიტიკური ინფორმაციისა და საზოგადოებასთან კავშირის; საკონსულო; კადრებთან მუშაობის; დიპლომატიური პროტოკოლის; საფინანსო-სავალუტო და ქონების მართვის; კულტურის, ჰუმანიტარულ და პარტნიორულ ურთიერთობათა; მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის;

- საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრი;

ბ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები - საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები, საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებთან არსებული საქართველოს წარმომადგენლობები;

გ) ტერიტორიული ორგანოები - სამინისტროს წარმომადგენლობები საქართველოს ტერიტორიაზე;

დ) სამინისტროს დაქვემდებარებული დაწესებულებები და ორგანიზაციები (შემდგომში - დაქვემდებარებული ორგანიზაციები), რომლებიც შექმნილია სამინისტროს საქმიანობის უზრუნველსაყოფად.

მუხლი 9. მინისტრის სამდივნო

1. მინისტრის სამდივნო სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში და მინისტრის დავალებით უფლებამოსილია სამინისტროს დეპარტამენტებისაგან, სამინისტროს დიპლომატიური წარმომადგენლობებისაგან და სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციებისაგან გამოითხოვოს ყველა საჭირო დოკუმენტი, მასალა და ინფორმაცია.

2. მინისტრის სამდივნო ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების ოპერატიულ ინფორმირებას მინისტრის მიერ სიტყვიერი ან დოკუმენტის სახით მიღებული იმ გადაწყვეტილებების თაობაზე, რომელთა ასახვაც არ ხდება მინისტრის ბრძანებებში.

3. მინისტრის სამდივნოს ამოცანებია:

ა) მინისტრის სამუშაო გრაფიკის (ყოველთვიური, ყოველკვირეული და ყოველდღიური) შედგენა და შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ბ) მინისტრის მისაღების მუშაობის ორგანიზება;

გ) მინისტრის მიერ მოქალაქეთა მიღების ორგანიზება;

დ) მინისტრის ფოსტის დამუშავება და აღმასრულებელი სამდივნოს დეპარტამენტის საშუალებით დავალებების შემსრულებლებისათვის მიწოდება;

ე) მინისტრის მიერ სხვადასხვა რანგის სტუმრების მიღების ორგანიზება;

ვ) მინისტრის სიტყვიერი (ზეპირი) დავალებების აღრიცხვა და მათი შესრულების კონტროლი; მინისტრისათვის საინფორმაციო-ანალიზური მასალის სისტემატიზება და წარდგენა;

ზ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სპეციალურ საკითხებზე მუშაობის კოორდინირება;

თ) მთავრობისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებისათვის საჭირო ანოტაციების, საცნობარო და ანალიზური მასალის მომზადება;

ი) მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი კომისიების სხდომების მომზადება და ოქმების შედგენა, კომისიების გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლი;

კ) მინისტრის მონაწილეობით შექმნილი კომისიებისთვის საჭირო მასალების მომზადება;

ლ) მინისტრის საზღვარგარეთ ოფიციალური ვიზიტების ორგანიზაციული მომზადება.

მუხლი 10. აღმასრულებელი სამდივნოს დეპარტამენტი

1. აღმასრულებელი სამდივნოს დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც უზრუნველყოფს სამინიტროს შიდა სამსახურის მართვას.

2. აღმასრულებელი სამდივნოს დეპარტამენტი პასუხისმგებელია სამინისტროში საქმისწარმოების, საორგანიზაციო მუშაობის დაგეგმვის, სამინისტროს შიდა ღონისძიებათა (თათბირები, სხდომები) ორგანიზების, გამართვისა და ოქმების შედგენისათვის, ტექნიკური სამსახურების ზოგადი საორგანიზაციო საკითხების მოწესრიგებისათვის.

3. აღმასრულებელი სამდივნოს დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) მაღალპროფესიული, საკადრო საგარეო-პოლიტიკური სამსახურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;

ბ) ბრძანებების მომზადება მინისტრისათვის ხელმოსაწერად;

გ) სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებების, გადაწყვეტილებებისა და დავალებების, მინისტრისა და მისი მოადგილეების დავალებების შესრულების კონტროლი;

დ) სამინისტროს სისტემის მუშაკთა ყოველწლიური შეკრების გამართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ე) საორგანიზაციო მუშაობის გაუმჯობესების, ეფექტიანობის ამაღლებისა და სტრუქტურული სრულყოფის მიზნით, სამინისტროს შიდა საორგანიზაციო საქმიანობის სისტემატური კონტროლი და სამინისტროს ქვედანაყოფებთან ერთობლივად შემუშავებული წინადადებების წარდგენა ხელმძღვანელობისათვის;

ა) სამინისტროდან გასაგზავნი, ქვედანაყოფებში უცხო ენაზე მომზადებული დოკუმენტების თარგმანის შემოწმება და ვიზირება;

ზ) სამინისტროსათვის დაკისრებული ამოცანების ეფექტიანად შესრულების უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროს ქვედანაყოფებისა და საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა;

თ) საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს წარმომადგენლობების დიპლომატიურ-ელექტრონული ფოსტით, სატელექსო, საფაქსო და სატელეგრაფო კავშირებით შეუფერხებელი სარგებლობის უზრუნველყოფა;

ი) კადრების დეპარტამენტთან ერთად ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან სისტემატური სამუშაო შეხვედრების მოწყობა.

მუხლი 11. ევროპისა და ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტი

1. ევროპისა და ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, ამ ქვეყნების საგარეო პოლიტიკის მიმართულებების შესწავლის საფუძველზე ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს ევროპისა და ამერიკის ქვეყნების მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და კორექტირების შესახებ.

2. ევროპისა და ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის ამოცანებია:

ა)ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მუშაობის კოორდინაცია;

ბ) საქართველოში აკრედიტებულ ევროპისა და ამერიკის ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან აქტიური თანამშრომლობა;

გ) ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის წარმომადგენლების, აგრეთვე ევროპისა და ამერიკის ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურებისა და მთავრობათა წარმომადგენლების საქართველოში ოფიციალურ ვიზიტებთან დაკავშირებით დოკუმენტების (ანალიზური ცნობები, სასაუბროები, ვიზიტის შედეგები, ანგარიშები) მომზადება;

დ) ხელმძღვანელობის მითითებების შესაბამისად, სამინისტროს სხვა ქვედანაყოფების მიერ იმ კონკრეტულ დავალებათა შესრულების კოორდინაცია, რომლებიც ევროპისა და ამერიკის ქვეყნებთან ურთიერთობათა სფეროს განეკუთვნება.

მუხლი 12. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა) (დსთ) დეპარტამენტი

1. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც ხელს უწყობს სამინისტროს ხელმძღვანელობას სათანადო დონეზე განახორციელოს დსთ-ს წევრ ქვეყნებთან და დსთ-ს საწესდებო ორგანოებთან საგარეო-პოლიტიკური ურთიერთობები.

2. დსთ-ს დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) სისტემატურად ადევნოს თვალყური, შეისწავლოს და გააანალიზოს მთლიანად თანამეგობრობაში და დსთ-ს წევრ ცალკეულ სახელმწიფოებში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები, საგარეო და საშინაო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს სათანადოდ დასაბუთებული წინადადებები, დასკვნები, ცნობები, საინფორმაციო მასალები დსთ-ს აღმასრულებელ სამდივნოსთან, სხვა საწესდებო ორგანოებთან და დსთ-ს წევრ სახელმწიფოებთან კავშირურთიერთობის განხორციელებისას საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ, სტრატეგიისა და ტაქტიკის საკითხების თაობაზე;

ბ) სამინისტროს სხვა ქვედანაყოფებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს დსთ-ს საწესდებო ორგანოებში განსახილველად მომზადებული მრავალმხრივი, აგრეთვე დსთ-ს წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივი ხელშეკრულებების, შეთანხმებების, კონვენციების, დეკლარაციებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების შემუშავებაში, მოამზადოს წინადადებები, რეკომენდაციები და დასკვნები ამ პროექტებთან დაკავშირებით;

გ) კოორდინაცია გაუწიოს დსთ-ს სახელმწიფოებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობას, აწარმოოს მათთან სამსახურებრივი მიმოწერა, გაეცნოს პერიოდულად ადგილებზე მათ საქმიანობას, იზრუნოს მათი მუშაობის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად;

დ) აქტიურად ითანამშრომლოს საქართველოში მოქმედ დსთ-ს წევრი სახელმწიფოების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, ამ სახელმწიფოების საგარეო საქმეთა სამინისტროების შესაბამის ქვედანაყოფებთან და დსთ-ს საწესდებო ორგანოებთან;

ე) ხელმძღვანელობის მითითებების შესაბამისად კოორდინაცია გაუწიოს სამინისტროს სხვა ქვედანაყოფების მიერ იმ კონკრეტულ დავალებათა შესრულებას, რომლებიც დსთ-ს წევრ ქვეყნებს ან დსთ-ს წევრი ქვეყნების მრავალმხრივ ურთიერთობათა სფეროებს განეკუთვნება.

მუხლი 13. აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტი

1. აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც სისტემატურად აწარმოებს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების საგარეო და საშინაო პოლიტიკური ვითარების ანალიზს.

2. აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) ამ ქვეყნების მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება;

ბ)აღნიშნულ რეგიონში არსებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მუშაობის კოორდინაცია;

გ) საქართველოში აკრედიტებულ აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ინტენსიური თანამშრომლობა და სისტემატური კონსულტაციები.

მუხლი 14. საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი

1. საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც უშუალოდ წარმართავს მუშაობას გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან, ევროკავშირის სტრუქტურებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საგარეო-პოლიტიკური ურთიერთობების მიმართულებით და ამ მხრივ უზრუნველყოფს სამინისტროს ხელმძღვანელობას სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად.

2. საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) საერთაშორისო ორგანიზაციებთან არსებულ საქართველოს წარმომადგენლობებთან და საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებთან და მისიებთან მჭიდროდ თანამშრომლობა; სათანადო ინსტრუქციების შემუშავება, ინფორმაციის გაცვლა;

ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქართველოს სხვა უწყებებისა და ორგანიზაციების ურთიერთობების კოორდინირება საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოს მიერ საერთაშორისი ასპარეზზე უფრო ფართო და მიზანმიმართული ღონისძიებების განსახორციელებლად სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

გ) საქართველოს ძირითადი პოლიტიკური პრიორიტეტებიდან, გაეროსა და ეუთოსთან ურთიერთობების საკვანძო მიმართულებებიდან გამომდინარე, აფხაზეთისა და ქართულ-ოსური კონფლიქტების მოწესრიგებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა და ამ მიმართულებით. სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია.

მუხლი 15. სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტი

1.სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომლის მუშაობის მიმართულებები მოიცავს სამხედრო-პოლიტიკური საკითხების ფართო სპექტრს და ამ სფეროში სამინისტროს საქმიანობისა და თანამშრომლობის კოორდინაციას.

2. სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) ნატო-სთან („პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში) და ევროატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოსთან საქართველოს აქტიური მონაწილეობისათვის მიზანმიმართული საქმიანობის განხორციელება;

ბ) განიარაღებისა და შეიარაღების კონტროლის საკითხებზე და ამ სფეროში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად წინადადებებისა და მოსაზრებების შემუშავება;

გ) სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში დსთ-ს წევრ და სხვა ქვეყნებთან როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ საფუძველზე მჭიდროდ თანამშრომლობა.

მუხლი 16. საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტი

1. საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომლის ძირითადი ფუნქცია უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან (გაერო და მისი ეკონომიკური და საფინანსო ორგანიზაციები, ევროკავშირი, ეუთო, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი და სხვ.) საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების კოორდინაცია, ორმხრივი, რეგიონალური და მრავალმხრივი თანამშრომლობის საფუძველზე საქართველოს საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის რეალიზაციის უზრუნველყოფა და ერთიანი კურსის გატარება, საერთაშორისო-ეკონომიკურ ხელშეკრულებათა და მიღწეულ შეთანხმებათა შესრულების კოორდინაცია და კონტროლი.

2. საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) ორმხრივ, მრავალმხრივ და გლობალურ საკითხებზე არსებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე საქართველოს საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკისა და პრიორიტეტების შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

ბ) საზღვარგარეთის სახელმწიფოთა მთავრობებთან, საერთაშორისო ეკონომიკურ და საფინანსო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების გამართვა;

გ) საქართველოს საგარეოპოლიტიკური პრიორიტეტების გათვალისწინებით და საექსპერტო დასკვნების საფუძველზე საერთაშორისო ხელშეკრულებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმართვა;

დ) საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებელი კანონპროექტების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ წინადადებების მომზადება და სათანადო ორგანოებში წარდგენა;

ე) უცხოეთის სახელმწიფოებთან, საერთაშორისო ეკონომიკურ და საფინანსო ორგანიზაციებთან სავაჭრო-ეკონომიკური, ფინანსური და სამეცნიერო-ტექნიკური კავშირების გაფართოების მიზნით კონკრეტულ ღონისძიებათა შემუშავებაში მონაწილეობა;

ვ) საერთაშორისო და რეგიონალურ საინტეგრაციო პროცესებში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება და განსახორციელებელი ღონისძიებების კოორდინაცია, საერთაშორისო ეკონომიკური და საფინანსო, აგრეთვე რეგიონალური ორგანიზაციების (ევროკავშირი, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობა - BSEC, დსთ, ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო კორიდორი - TRACECA და სხვ.), საერთაშორისო კონფერენციებისა და ფორუმების საქმიანობაში მონაწილეობა;

ზ) სამინისტროს მონაწილეობით საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების საკითხებზე შექმნილი ერთობლივი კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების საქმიანობის კოორდინირება.

მუხლი 17. საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტი

1. საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომლის მუშაობის ძირითადი მიმართულებაა საქართველოს საგარეო-პოლიტიკური საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა.

2. საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებისა და სხვა საერთაშორისო-სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

ბ) საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა უწყებების საქმიანობის კოორდინაცია;

გ) საქართველოს სახელით დადებული ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების აღრიცხვა და სისტემატიზაცია;

დ) საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების საერთო ზედამხედველობა;

ე) საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო ხელშეკრულებების ნორმებთან შესაბამისობის თაობაზე წინადადებების წარდგენა;

ვ) საერთაშორისო ხელშეკრულებებთან დაკავშირებით მოლაპარაკების წარმოება;

ზ) საერთაშორისო-სამართლებრივ საკითხებზე მოწყობილ სემინარებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობა.

3. საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში.

მუხლი 18. საგარეო-პოლიტიკური ინფორმაციისა და საზოგადოებასთან კავშირის დეპარტამენტი
1. საგარეო-პოლიტიკური ინფორმაციისა და საზოგადოებასთან კავშირის დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს სამინისტროს ხელმძღვანელობას სათანადო დონეზე განახორციელოს საგარეო პოლიტიკა და საზოგადოებასთან კავშირი.

2. საგარეო-პოლიტიკური ინფორმაციისა და საზოგადოებასთან კავშირის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების სისტემატური მეთვალყურეობა;

ბ) საქართველოს საელჩოებისათვის სისტემატურად ინფორმაციის მიწოდება;

გ) საქართველოს საელჩოების პრეს-ატაშატის მუშაობის კოორდინაცია;

დ) სამინისტროს საინფორმაციო ნაკადების, სამინისტროს საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების კოორდინაცია;

ე) მომხმარებლისათვის ორიენტირებული ფორმით სისტემატიზაციისათვის ინფორმაციის დამუშავება;

ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით და სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინირებით საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული კურსისა და პრიორიტეტების შესახებ წინადადებების, რეკომენდაციებისა და საინფორმაციო-ანალიზური მასალების მომზადება;

ზ) სამინისტროს შიდა მოხმარებისა და ღია საინფორმაციო ბეჭდვითი გამოცემების დამუშავება;

თ) საჭიროებისამებრ და სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, მოპოვებული ინფორმაციის სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;

ი) უცხო სახელმწიფოთა სამთავრობო დელეგაციების წარმომადგენელთა და პოლიტიკური მოღვაწეების საქართველოში და უცხოეთში საქართველოს დელეგაციების ვიზიტების შესახებ პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მომზადება და გამართვა;

კ) საქართველოში აკრედიტებული საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებისა და უცხოეთის საინფორმაციო სააგენტოებისათვის საგარეო-პოლიტიკურ სფეროში ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლებისა და სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

მუხლი 19. საკონსულო დეპარტამენტი

1. საკონსულო დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს საგარეო კავშირურთიერთობების საკონსულო უზრუნველყოფას.

2. საკონსულო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოს საკონსულო მომსახურების გაუმჯობესების პრაქტიკული გზების ძიება;

ბ) საქართველოს საკონსულო პოლიტიკის სფეროში წინადადებების შემუშავება;

გ) საქართველოს, მისი მოქალაქეებისა და იურიდიული პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა საზღვარგარეთ;

დ) საქართველოს საკონსულო ურთიერთობათა გაღრმავება სხვა ქვეყნებთან, მათთან სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის განმტკიცება;

ე) საკონსულო საკითხებთან დაკავშირებული კონვენციებისა და საერთაშორისო შეთანხმებების პროექტთა შემუშავება, შეთანხმება და მოლაპარაკებათა წარმოება;

ვ) საკონსულო სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კონცეპტუალური წინადადებების შემუშავება;

ზ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან საქართველოს სავიზო ურთიერთობების შესწავლა და ამ ურთიერთობათა განვითარებისა და სრულყოფისათვის წინადადებების შემუშავება;

თ) საკონსულო საქმიანობასთან დაკავშირებული იმ შეთანხმებების პირობების შესრულების კონტროლი, რომელთა მონაწილეც საქართველოა;

ი) საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებების გახსნის შესახებ წინადადებების შემუშავება;

კ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებში არსებულ საქართველოს საკონსულო სამსახურების საქმიანობისადმი საერთო ხელმძღვანელობის განხორციელება;

ლ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ სასაზღვრო საკონტროლო-გამშვებ პუნქტებში საკონსულო-სავიზო სამსახურების გახსნასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ამ სამსახურების საქმიანობის კონტროლი;

მ) საქართველოს საპატიო კონსულთა ინსტიტუტის საკონსულო პრაქტიკაში დანერგვასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა;

ნ) ადგილსამყოფელ სახელმწიფოებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმოება;

ო) საზღვარგარეთის სახელმწიფოებში არსებული საქართველოს საკონსულო სამსახურების სისტემატური უზრუნველყოფა საქართველოს ნორმატიული აქტებით და მათი განუხრელი დაცვის კონტროლი;

პ) საქართველოსა და საზღვარგარეთის სახელმწიფოებში არსებული საქართველოს საკონსულო სამსახურების მიერ საკონსულო ტარიფების შესახებ წინადადებების შემუშავება, საკონსულო ტარიფებით გათვალისწინებული მოსაკრებლის აღებასთან დაკავშირებით ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება და მისი კონტროლი;

ჟ) საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების გაცემა;

რ) საზღვარგარეთ დროებით და მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისათვის პირადობის, რეგისტრაციის მოწმობებისა და პასპორტების გაცემა;

ს) საზღვარგარეთის სახელმწიფოებში არსებული საქართველოს საკონსულო სამსახურების მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის პირადობის, რეგისტრაციის მოწმობებისა და პასპორტების გაცემისათვის შესაბამისი საორგანიზაციო სამუშაოების განხორციელება და მათი გაცემის სისწორისადმი სისტემატური კონტროლის დაწესება;

ტ) საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქის პირადობის, რეგისტრაციის მოწმობისა და პასპორტის გაცემისათვის საჭირო დოკუმენტაციის სათანადო დამუშავება, მისი შესაბამის ორგანოებთან შეთანხმება და საზღვარგარეთ არსებული საქართველოს საკონსულო დაწესებულებებისათვის დროული მიწოდება;

უ) საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებების მიერ საქართველოს მოქალაქის სამშობლოში დასაბრუნებელი მოწმობების გაცემასთან დაკავშირებით შესაბამის ორგანოებთან სათანადო სამუშაოების ოპერატიული განხორციელება, მოწმობების გაცემისადმი კონტროლის დაწესება;

ფ) საქართველოს საკონსულო სამსახურების მიერ საქართველოს ვიზების გაცემის სისწორისა და სავიზო ბარათების აღრიცხვიანობისადმი მკაცრი კონტროლის დაწესება; მრავალჯერადი ვიზების გაცემასთან დაკავშირებული საკითხების კომპეტენტურ ორგანოებთან შეთანხმება;

ქ) საკონსულო მოსაკრებლებისა და საკონსულო საქმიანობასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების აკრეფა აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციების მომზადება, აგრეთვე ამ სფეროში ნაცვალგების პრინციპის დასაცავად შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

ღ) საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით სავიზო ეტიკეტების დახვეწა და დამზადება;

ყ) საკონსულო ლეგალიზაციის განხორციელება და მასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით სამართლებრივი ბაზის სრულყოფა;

შ) საბუთების გამოთხოვასთან დაკავშირებული საქმიანობის სრულყოფა, ამ სფეროში ერთიანი მექანიზმის ჩამოყალიბებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

მუხლი 20. კადრებთან მუშაობის დეპარტამენტი

1. კადრებთან მუშაობის დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც უზრუნველყოფს სამინისტროს ერთიანი საკადრო პოლიტიკის განხორციელებას.

2. კადრებთან მუშაობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) საკადრო საკითხებთან დაკავშირებით წინადადებათა მომზადება, თანამშრომელთა შერჩევა და მათი კანდიდატურების ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ბ) დიპლომატიური რანგების მინიჭების წესის განუხრელად დაცვის უზრუნველყოფა;

გ) დიპლომატიური კადრების როტაციის გეგმის შემუშავება და მისი თანმიმდევრული განხორციელება;

დ) დიპლომატიური სამსახურისთვის კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ერთიანი სისტემის შექმნა;

ე) სამინისტროს საკადრო რეზერვის შექმნა.

მუხლი 21. დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი

1. დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს საქართველოში უმაღლესი დონის სახელმწიფო და სამთავრობო დელეგაციების ვიზიტების მომზადებაში.

2. დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) საზღვარგარეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების, მათი მოადგილეების, ელჩების საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისა და მათი წარმომადგენლების, აგრეთვე, საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს მაღალი დონის დელეგაციების, საგარეო საქმეთა მინისტრის, მისი მოადგილეების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება;

ბ) საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური, საერთაშორისო მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების თანამშრომლების რეგისტრაციისა და აკრედიტაციის წარმოება;

გ) დიპლომატიური, საერთაშორისო მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების საქართველოს ტერიტორიაზე ფუნქციონირების საკითხების განხილვა და გადაწყვეტა, უცხოელი დიპლომატების იმუნიტეტებისა და პრივილეგიების დაცვის კონტროლი;

დ) საქართველოს პრეზიდენტისათვის საზღვარგარეთის სახელმწიფოთა ელჩების მიერ რწმუნების სიგელის გადაცემის ცერემონიის გამართვის ორგანიზება;

ე) საქართველოს ელჩის დანიშვნისათვის აგრემანის მოთხოვნა და საქართველოს ელჩისთვის რწმუნების სიგელის დამზადების უზრუნველყოფა;

ვ) საქართველოს ეროვნულ დღესასწაულებთან დაკავშირებულ ღონისძიებებში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობის უზრუნველყოფა;

ზ) საჭიროების მიხედვით დიპლომატიური, საერთაშორისო მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე წამოჭრილი სხვადასხვა ოპერატიული პრობლემების გადაწყვეტა.

მუხლი 22. საფინანსო-სავალუტო და ქონების მართვის დეპარტამენტი

1. საფინანსო-სავალუტო და ქონების მართვის დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომლის მუშაობის ძირითადი მიმართულებაა სამინისტროს სისტემის ფინანსური უზრუნველყოფა და საზღვარგარეთ სამინისტროს ქონების მართვის ორგანიზაცია.

2. საფინანსო-სავალუტო და ქონების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს ბიუჯეტის ფორმირება და მისი შეთანხმება ფინანსთა სამინისტროსთან;

ბ) სამინისტროს ახლადგახსნილი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისთვის ხარჯთა ნუსხების მომზადება და არსებული წესის მიხედვით მათი შეთანხმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ზემდგომ ორგანოებთან;

გ) სამინისტროს საზღვარგარეთ არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საფინანსო-საბიუჯეტო დისციპლინისათვის თვალყურის დევნება;

დ) შესაბამისი სამუშაოების განხორციელება საზღვარგარეთ სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების გახსნასა და მოწყობასთან დაკავშირებით ხარჯთა ნუსხის შედგენისა და სხვა საფინანსო-ეკონომიკური საკითხების გადასაწყვეტად;

ე) საფინანსო და საბუღალტრო ანგარიშების მიღება სამინისტროს საზღვარგარეთ არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისაგან და ფინანსთა სამინისტროსათვის ნაერთი დოკუმენტების წარდგენა;

ვ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი დანიშნულებით ხარჯვის კონტროლის განხორციელება;

ზ) ბრძანებების, ინსტრუქციებისა და დებულებების მომზადება სამინისტროს საზღვარგარეთ არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის თაობაზე და მათი დასამტკიცებლად წარდგენა;

თ) უფლებამოსილების ფარგლებში მოლაპარაკების წარმოება შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, ფირმებსა და სხვა ქვეყნის კომპანიებთან სამინისტროს საზღვარგარეთ არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისთვის შენობებისა და მიწის ნაკვეთების შესყიდვის ან იჯარით აღების, აგრეთვე მშენებლობისა და სარემონტო სამუშაოების შესრულების შესახებ;

ი) საზღვარგარეთ სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების წინადადებათა გათვალისწინებით კაპიტალური მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და რემონტის, უძრავი ქონების შეძენის, საპროექტო საძიებო სამუშაოების პერსპექტიული და მიმდინარე გეგმების პროექტების შემუშავება;

კ) თბილისის მერიასა და დაინტერესებულ სამინისტროებთან ერთად უცხოეთის სახელმწიფოებთან ნაცვალგების საფუძველზე მიწის ნაკვეთების, შენობა-ნაგებობების გადაცემისა და ახალი ობიექტების მშენებლობის შესახებ სამთავრობათაშორისო შეთანხმებათა პროექტების მომზადება;

ლ) დადგენილ ვადებში იმ შეთანხმებების, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების შესრულების უზრუნველყოფა, რომელთა საკითხებიც დეპარტამენტის კომპეტენციას განეკუთვნება;

მ) კაპიტალური მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის გეგმების შესრულების მიზნით სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისათვის კონტროლისა და პრაქტიკული დახმარების გაწევა;

ნ) სამინისტროს ობიექტების დაპროექტების, მშენებლობის, რეკონსტრუქციის, კაპიტალური რემონტისა და ექსპლუატაციისათვის დაფინანსების წყაროებისა და წლიურ ასიგნებათა მოცულობების განსაზღვრის თაობაზე წინადადებების მომზადება, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროში სახარჯთაღრიცხვო განაცხადების განხილვასა და შეთანხმებებში მონაწილეობა;

ო) საპროექტო ორგანიზაციებთან ერთად საპროექტო დავალებების დამუშავება, საპროექტო დოკუმენტაციის ხარისხიანი და დროული გამოშვების ზედამხედველობა;

პ) მშენებლობისა და რეკონსტრუქციის საპროექტო დავალებებისა და ესკიზური პროექტების სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის განსახილველად მომზადება მათი შემდგომი განხილვისა და დამტკიცების მიზნით;

ჟ) საზღვარგარეთ სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების განაცხადით ადგილსამყოფელ ქვეყანაში შენობათა და ნაგებობათა საინჟინრო გამოკვლევების ორგანიზაცია, ამ მიზნით გამოყოფილი სახსრების ფარგლებში;

რ) საზღვარგარეთ ასაშენებელი საქართველოს ობიექტების პროექტების ექსპერტიზა, მათი შეთანხმება დაინტერესებულ უწყებებთან და დაწესებულებებთან და შესაბამისი წინადადებების მომზადება სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის განსახილველად;

ს) სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დახურვის შემთხვევაში უძრავი ქონების კონსერვაციასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება;

ტ)წინადადებების მომზადება საზღვარგარეთ სამინისტროს მშენებლობა დამთავრებული, რეკონსტრუირებული და კაპიტალურად შეკეთებული ობიექტების მიმღები სახელმწიფო და სამუშაო კომისიების საქმიანობის ორგანიზებისათვის;

უ) სამინისტროს საერთაშორისო-სამართლებრივ დეპარტამენტთან ერთად საზღვარგარეთის მიწის ნაკვეთების, შენობა-ნაგებობებისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის, გამოყენებისა და გასხვისების შესახებ წინადადებების მომზადება;

ფ) სამინისტროს ობიექტების კაპიტალური მშენებლობისა და რეკონსტრუქციის წლიური და კვარტალური გეგმების პროექტების შედგენა და მათი დაცვა შესაბამის სამინისტროებსა და უწყებებში;

ქ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკის სამინიტროში, აგრეთვე ბანკში, სამინისტროს ობიექტების დაპროექტების, მშენებლობის, რემონტისა და ექსპლუატაციისათვის დაფინანსების გახსნისათვის აუცილებელი სამუშაოების განხორციელება;

ღ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად ტექნიკური და ფინანსური კონტროლის განხორციელება საზღვარგარეთ სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ობიექტების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და რემონტისადმი.

მუხლი 23. კულტურის, ჰუმანიტარულ და პარტნიორულ ურთიერთობათა დეპარტამენტი

1. კულტურის, ჰუმანიტარულ და პარტნიორულ ურთიერთობათა დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომლის მუშაობის ძირითადი მიმართულებაა თავისი კომპეტენციის ფარგლებში კულტურის, ჰუმანიტარულ და პარტნიორულ ურთიერთობათა სფეროში საქართველოს საგარეო ურთიერთობების კოორდინაცია.

2. კულტურის, ჰუმანიტარულ და პარტნიორულ ურთიერთობათა დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთიანი სტრატეგიის შემუშავება და თანამშრომლობის გააქტიურება საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნებთან და საქართველოს უახლოეს მეზობლებთან;

ბ) საზღვარგარეთ საქართველოს დღეების მოწყობაში, კონფერენციების, გამოფენების, სემინარების გამართვაში სამინისტროს საზღვარგარეთ არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საქართველოს შესაბამისი სამინისტროების მუშაობის კოორდინაცია ქართული კულტურის, მეცნიერების, ინტელექტუალური და სამრეწველო-სამეურნეო პოტენციალის უკეთ წარმოჩენის მიზნით;

გ) საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე სპეციალისტების სტაჟირებისათვის, შემოქმედებითი ახალგაზრდობის მივლინებისათვის ხელშეწყობა საზღვარგარეთის ქვეყნების სამეცნიერო, სასწავლო დაწესებულებებსა და ხელოვნების ცენტრებში;

დ) საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებთან უცხოეთის სხვადასხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დასახულ პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით მიზანმიმართული მუშაობა და სისტემატური კონსულტაციები;

ე) იმ ღონისძიებათა გატარება და კოორდინაცია, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს გაწევრიანებას საერთაშორისო ორგანიზაციებში;

ვ) კულტურის, განათლების, მეცნიერების, ჯანმრთელობის დაცვის, ტურიზმის, სპორტის და პარტნიორული ურთიერთობების სფეროებში ხელშეკრულებების, შეთანხმებების, დეკლარაციების და სხვა დოკუმენტების პროექტების შემუშავება და განსახილველად მომზადება, შესაბამის სამინისტროებთან ერთად აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით წინადადებების, რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება;

ზ) სამინისტროს საზღვარგარეთ არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების სხვადასხვა ქალაქებსა და რეგიონებს შორის პარტნიორული ურთიერთობების დამყარების კოორდინაცია;

თ) ქართულ სათვისტომოებთან, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებულ ქართულ-უცხოურ საზოგადოებებთან ურთიერთობა;

ი) ჰუმანიტარულ დარგში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო, საქმიანი კავშირურთიერთობების დამყარება.

მუხლი 24. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი

1. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომლის უშუალო მოვალეობაა სამინისტროს აპარატის, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და დაქვემდებარებული ორგანიზაციებისათვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნის უზრუნველყოფა.

2. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი ძირითადი ამოცანებია:

ა) ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება:

ბ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

გ) შენობა-ნაგებობების მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების სამუშაოთა ორგანიზება და მათი ტექნიკური ზედამხედველობა:

დ) სამინისტროს მიერ შექმნილი სახაზინო საწარმოების მუშაობის ორგანიზება;

ე) სამინისტროს აპარატის თანამშრომლების საზღვარგარეთ ოფიციალური ვიზიტებისა და მივლინებების უზრუნველყოფა;

ვ) სამინისტროში სტუმართა სამეურნეო უზრუნველყოფა, ხარჯთაღრიცხვის შედგენა და გაფორმება;

ზ) სამინისტროს შენობის ექსპლუატაციის უზრუნველყოფა;

თ) სამინისტროსათვის საჭირო სხვადასხვა მასალების სტამბური წესით ბეჭდვის უზრუნველყოფა.

მუხლი 25. საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრი

1. სამინისტროს სტრუქტურაში ფუნქციონირებს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრი, რომელიც სახელშეკრულებო საფუძველზე შექმნილი სამეცნიერო-საკონსულტაციო ორგანოა.

2. ცენტრის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს მინისტრის მიერ დამტკიცებული კომისია მინისტრის მოადგილის თავმჯდომარეობით.

3. საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნებისა და პრიორიტეტების შესაბამისად ანალიზური მასალებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ბ) სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციებისა და სემინარების მოწყობა;

გ) უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ანალოგიურ სტრუქტურებთან თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტების შემუშავება, სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული მივლინებების ორგანიზება;

დ) საერთაშორისო თემატიკასთან დაკავშირებული საინფორმაციო ბანკის შექმნა; თავისი უფლებამოსილების ფარგლებში წინადადებების შემუშავება სამეცნიერო პროდუქციის შექმნის მიმართულებებისა და კონცეფციების შესახებ;

ე) სამინისტრო სახელით მეცნიერ-სპეციალისტებთან ხელშეკრულებების გაფორმება;

ვ) სამინისტროს სახელით დაკვეთების მიღება სხვადასხვა სახის სამეცნიერო მასალების მოსამზადებლად.

4. ცენტრი თავის საქმიანობას ახორციელებს სამინისტროს ბიუჯეტის სპეციალური მუხლით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში.

თავი IV.

სამსახურებრივი ზედამხედველობა, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესი

მუხლი 26. სამსახურებრივი ზედამხედველობა

1. მინისტრი კანონით დადგენილი წესით სამსახურებრივ ზედამხედველობას უწევს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, სამინისტროს მმართველობაში არსებულ საქვეუწყებო დაწესებულებებს, ტერიტორიულ ორგანოებსა და დაქვემდებარებულ ორგანიზაციებს.

2. მინისტრი სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.

3. მინისტრს უფლება აქვს სამინისტროს თანამდებობის პირების მოქმედების სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს პირველ მოადგილეს.

მუხლი 27. სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.